English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლია თოდლაძემამუკა ხუსკივაძე
ადამიანკაპიტალის გაზომვის კონცეპტუალური ასპექტები

     
 
XXI საუკუნის ჰიპერკონკურენტული გლობალური ეკონომიკა ინოვაციების, ტექნოლოგიების, პროდუქტიულობის, ახალი ცოდნისა და უნარების ეპოქა გახდა, რომელიც ორიენტირებულია მდგრად და ინკლუზიურ ზრდაზე.  ადამიანკაპიტალი კი ფუნდამენტური ფაქტორია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად. ადამიანკაპიტალის კონცეფცია რა თქმა უნდა ახალი არაა. დიდი ხანია ადამიანი აღიარებულია სახელმწიფოს სიმდიდრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად. ეკონომიკური ზრდის თანამედროვე თეორიები აღიარებენ ადამიანკაპიტალს ფიზიკურ კაპიტალთან ერთად, როგორც ეკონომიკური ზრდის  ამხსნელ ცვლადს. მისი ფორმირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, ინერციულია და განიცდის მრავალი ფაქტორის ზემოქმედებას, რისი გაზომვაც კი  ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.  პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენებს დაემატა რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი  ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სხვა პრობლემები, რამაც გლობალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები სიმწვავით შეეხო მსოფლიოს ყველა ქვეყანას. სტატიაში  გაანალიზებულია ადამიანკაპიტალის გაზომვის როგორც თეორიული კონცეფციები,  ასევე მასთან დაკავშირებული პრობლემები,  გადმოცემულია  აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP)  ქვეყნების  ადამიანკაპიტალის დინამიკის ემპირიული ანალიზი და გამოტანილია შესაბამისი დასკვნები.

საკვანძო სიტყვები: ადამიანკაპიტალი,  ადამიანკაპიტალის ინდექსი, ადამიანის განვითარების ინდექსი, სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე, PISA.

 

 

 

შესავალი

 

 ნებისმიერი ქვეყნისათვის, ეკონომიკის განვითარების რა ეტაპზეც  უნდა იყოს ის, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. საზოგადოების განვითარების დღევანდელი ეტაპისათვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადად ზრდა. სულ უფრო მეტი ქვეყნისათვის ხდება პრიორიტეტული ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა. დღეისათვის მრავალი ქვეყნის განვითარების სტრატეგია ფოკუსირებულია მდგრად და ინკლუზიურ ზრდაზე, რისი მიღწევაც შეუძლებელია ადამიანკაპიტალის წვლილის გარეშე (Totladze, 2020).

ადამიანკაპიტალი მოიცავს რა ადამიანების ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და მოტივაციას,  გააჩნია ეკონომიკური ღირებულება. იგი შედგება ცოდნის, უნარების და ჯანმრთელობისაგან, რაც ადამიანებს  საშუალებას აძლევს, მოახდინონ საკუთარი თავის, როგორც საზოგადოების პროდუქტიული წევრის, რეალიზაცია. ანუ, ადამიანკაპიტალის ფორმირება გულისხმობს იმ ადამიანების რაოდენობის ზრდის პროცესს, რომელთაც გააჩნიათ უნარ-ჩვევები, კარგი ჯანმრთელობა, განათლება და გამოცდილება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისთვის.

XX  საუკუნის შუახანებში, ნობელის პრემიის ლაურეატის თეოდორ შულცის მიერ პრაქტიკულად თავიდან იქნა შემოტანილი ადამიანკაპიტალის კონცეფცია. მის პარალელურად გერი ბეკერმა და აიკობ მინსერმა  განავითარეს ეს კონცეფცია.

 

ადამიანკაპიტალის გაზომვის მეთოდოლოგია

 

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკაში წარმოიქმნება ხოლმე ადამიანკაპიტალის გაზომვის პრობლემები. ახალი ციფრული ეპოქა მოითხოვს გაზომვის ახალ მიდგომებს, ვინაიდან ითვლება, რომ  ტრადიციული საზომები სრულყოფილად ვერ ასახავს რეალობას. ხდება ახალი მახასიათებლების, ინდექსების შემუშავება, აგრეთვე არსებული მიდგომების  გაუმჯობესება და სრულყოფა. ეს ეხება ადამიანკაპიტალსაც - მისი გაზომვა არც თუ ადვილი საკითხია (თოთლაძე ლ.,  ხუსკივაძე მ., 2019). მკვლევარები ცდილობენ სრულყონ არსებული მიდგომები და ასევე შეიმუშაონ კომპლექსური საზომი, ვინაიდან ადამიანკაპიტალი მრავალგანზომილებიანი სიდიდეა და შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი ყველა ასპექტის გათვალისწინება. საზომები, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენებოდა (როგორიცაა სკოლის წლები, მოსწავლეთა წილი სასკოლო ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში),  აღარაა სრულყოფილი საზომი. აუცილებელია კოგნიტური უნარების გაზომვა და გათვალისწინება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ალტერნატიული საზომები.

თანამედროვე ეტაპზე ადამიანკაპიტალის გაზომვისათვის  ძირითადად განიხილება ორი მიდგომა. ერთი ეყრდნობა ინდიკატორების მიხედვით ამ მაჩვენებლის შეფასებას. მეორე კი დაფუძნებულია ადამიანკაპიტალის მონეტარული ასპექტების ასახვაზე (როგორც იმ დანახარჯების მიხედვით, რომელიც მიმართულია ადამიანკაპიტალის განვითარებაზე, ასევე შემოსავლებზე, რომელთა ზრდაზეც შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანისეულმა კაპიტალმა)(იხ ნახ. 1 ).

 

ადამიანკაპიტალის გაზომვის მეთოდების კლასიფიკაცია

 

ნახ. 1. 

 

წყარო:ავტორებისეული მოდიფიცირებული კლასიფიკაციაზე   Gang Liu, Barbara M. Fraumeni, 2016 დაყრდნობით.

ინდიკატორებზე დაფუძნებული მიდგომა ფართოდაა გავრცელებული რიგი მიზეზის გამო. ინდიკატორები ცხად, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ადამიანკაპიტალის შესახებ და შესაძლებელია გამოყენებული იყოს ქვეყნებს შორის შედარებისთვისაც.

ადამიანის განვითარების ინდექსი.  გაეროს მიერ შემუშავებული ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მახასიათებელია. მისი გაანგარიშება ემყარება სამ მაჩვენებელს: სიცოცხლის მოსალოდნელი  ხანგრძლივობა, მოსახლეობის განათლების დონე (რომელიც ითვალისწინებს სწავლის ხანგრძლივობას) და ცხოვრების დონე (რომელიც განისაზღვრება როგორც  მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მთლიანი სამამულო პროდუქტი). აღნიშნული ინდიკატორი რეგულარულად გაიანგარიშება და ქვეყნდება 1990 წლიდან.

თავდაპირველად თითოეული მაჩვენებელი ნორმალიზდება  შემდეგნაირად:

                              (1)

ხოლო შემდგომ, თითოეული გაანგარიშებული ინდექსის  საფუძველზე გამოითვლება მათი საშუალო გეომეტრიული:

                                                                              (2)

სადაც  ადამიანის განვითარების ინდექსია (HDI), Iჯ  - სიცოცხლის ხანგრძლივობის ინდიკატორი,   Iგ - განათლების დონის ინდიკატორი, ხოლო   Iშ  -  მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მსპ.

2017 წლიდან მსოფლიო ბანკის პროექტის - „ადამიანკაპიტალი“  ფარგლებში,   გამოქვეყნდა  მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ახალი საზომი - ადამიანკაპიტალის ინდექსი, რაც ფართოდ ცნობილი ადამიანის განვითარების ინდექსისგან განსხვავებით, უმეტესწილად ფოკუსირებულია მომავალი თაობის მწარმოებლურობასა და პროდუქტიულობაზე. ეს ინდექსი საშუალებას იძლევა რაოდენობრივად შევაფასოთ ჯანდაცვისა და განათლების წვლილი მომავალი თაობის შემოსავლების დონესა და მწარმოებლურობაში. ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ის იმის განსაზღვრისათვის, თუ შემოსავლების რა ნაწილს კარგავენ ადამიანკაპიტალის დეფიციტის გამო. რამდენად შეუძლიათ აინაზღაურონ ეს დანაკარგები და სწრაფი მოქმედების შედეგად  მიიღონ მოგება.

მსოფლიო ბანკის ამ პროექტის მიზანსაც სწორედ ადამიანკაპიტალის განვითარებისათვის  საზოგადოების ძალისხმევის მობილიზაცია წარმოადგენს. კვლევის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ ადამიანკაპიტალი ძირითად ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველსაყოფად. 

ადამიანკაპიტალის ინდექსი მოიცავს ხუთ მაჩვენებელს:

  1. 5 წლამდე ასაკის ბავშვთა  გადარჩენის ალბათობა
  2. ზრდასრულთა გადარჩენის ალბათობა
  3. ბავშვთა სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა
  4. სწავლის ხარისხი (ერთიანი გამოცდების შედეგები ჰარმონიზდება  ქვეყნებს შორის შედარების თვალსაზრისით)
  5. იმ ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც არ აქვთ ჩამორჩენა განვითარებაში.

ინდექსი ზომავს, რამდენად უახლოვდებიან ქვეყნები ზღვრულ დონეს, რომელიც მოიცავს იდეალურ ჯანმრთელობასა და სრულფასოვან განათლებას დღეს დაბადებული ბავშვისთვის.

ინდექსი აღწერს ქვეყნის მდგომარეობას მუშაკთა მომავალი თაობების მწარმოებლურობის თვალსაზრისით და ამ პროექტში ჩართული ქვეყნებისათვის. გაიანგარიშება არამხოლოდ თავად ინდექსი, არამედ განისაზღვრება პრიორიტეტები ადამიანკაპიტალის ზრდის უზრუნველსაყოფად.  ინდექსი იღებს მნიშვნელობებს 0-დან 1-მდე. თუ, ვთქვათ, ინდექსის მნიშვნელობა  ტოლია 0,5-ის  - ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები და მთლიანად ქვეყანა კარგავს თავისი მომავალი ეკონომიკური პოტენციალის ნახევარს. ამ გაანგარიშების შედეგების ექსტრაპოლაცია 50 - წლიან პერიოდზე კი ნიშნავს მასშტაბურ ეკონომიკურ დანაკარგებს - მსპ-ის ზრდის წლიური ტემპის 1,4%-ით შემცირებას. ქვეყნისათვის, სადაც ახალშობილი უზრუნველყოფილია იდეალური განათლებისა და ჯანდაცვის მიღებით, ეს მაჩვენებელი იქნება 1-ის ტოლი (Pelinescu E. 2015).     

       ადამიანკაპიტალის საზომად იყენებენ აგრეთვე ისეთ მაჩვენებლებს,  რაც აკავშირებს ადამიანკაპიტალს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და ინოვაციებთან                               (მაგ. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები, ციტირების ინდექსები, პატენტების რაოდენობა და ა.შ.)(Izushi H., Huggins R., 2004).

XXI საუკუნეში, სწორედ კოგნიტურ უნარებზე აქცენტების გამო, შემუშავდა ახალი ინდიკატორები, როგორიცაა  PISA და PIAAC. PISA OECD მიერ განხორციელებული კვლევაა -  ესაა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის შეფასება, რომელიც ემყარება 15 წლის მოზარდთა მიღწევებს მათმატიკაში და წიგნიერებაში. მეთოდოლოგიური აპარატი  ნობელიანტ პოლ რომერს უკავშირდება.კვლევა ხორციელდება 2000 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. ბოლო კვლევა ჩატარდა 2018 წელს, ხოლო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2019 წლის ბოლოს. PIAAC  ასევე OECD პროექტია, რომელიც ზრდასრულთა კომპეტენციების შეფასებას წარმოადგენს. ეს კვლევა ემყარება 16-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს - წიგნიერების, პრობლემების გადაჭრის უნარების შესახებ. კვლევა ტარდება 10 წელიწადში ერთხელ, 40 მონაწილე ქვეყნისათვის. პირველი ციკლი მოიცავდა 2011-2018 წლებს, მეორე ციკლი დაიწყო 2018 წელს, ხოლო შედეგები ცნობილი გახდება 2024 წლისათვის.

რაც შეეხება მონეტარულ საზომებს, განიხილება ორი მიდგომა:  დანახარჯების მიხედვით და შემოსავლების მიხედვით.  დანახარჯების მიხედვით ადამიანკაპიტალის გაზომვა ეფუძნება ინვესტიციების გაზომვას (იმ ინვესტიციებისა, რომელიც მიმართულია ადამიანკაპიტალის განვითარებისაკენ). შემოსავლებზე დაფუძნებული მიდგომა ზომავს ადამიანკაპიტალს იმ ანაზღაურების მიხედვით, რომელსაც ინდივიდი იღებს შრომის ბაზრიდან განათლებაში ინვესტიციის განხორციელების შედეგად.  ამ მიდგომიდან გამომდინარე, ადამიანკაპიტალი შესაძლოა გაიზომოს უკუგების მიხედვით და ემყარება დაშვებას, რომ სხვაობა ანაზღაურებაში დამოკიდებულია განათლებაზე, გამოცდილებაზე. უაღრესად საინტერესოა მინსერის კონცეფცია. მისი ემპირიული ანალიზი ემყარებოდა ადამიანკაპიტალის როლის შეფასებას ხელფასის ფორმირებაში. თავდაპირველ მოდელში ხელფასი დამოკიდებული იყო სკოლაში განათლების წლებზე, შემდგომ კი მან მოდელი სრულყო. უნდა აღინიშნოს, რომ „მინსერის ფუნქცია“ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თეორიულ/ემპირიულ მიდგომად ეკონომიკის ისტორიაში (Hanushek E. A., & Wößmann L. 2010).

იაკობ მინსერის (Mincer, 1997)  მიერ აგებული მოდელის მიხედვით, მუშაკთა შემოსავლების ლოგარითმი მათი განათლების ხანგრძლივობის ფუნქციაა. ანუ განათლების ყოველი დამატებითი წელი შემოსავლებს ზრდის გარკვეული პროცენტით - შემოსავლის ნორმით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს მიდგომა იძლევა ადამიანკაპიტალის გაზომვის საშუალებას კოგნიტური ასპექტების გათვალისწინებით (მოდელში ახალი ცვლადის  - გამოცდილების ჩართვით).  მინსერის გაფართოებულ მოდელს აქვს სახე:

                                         (3)

Y - არის  i მუშაკის საათობრივი ხელფასი;  E  -  გამოცდილება, S  -  განათლების მისაღებად წლების რაოდენობა, C -კოგნიტური უნარები. აღნიშნული მოდელის გამოყენებით საერთაშორისო კვლევები 139 ქვეყნის ემპირიული მომაცემების საფუძველზე დაადასტურა ამ მიდგომის სიცოცხლისუნარიანობა.

 

ადამიანკაპიტალის ინდიკატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

 

საინტერესოა კვლევის თეორიულ ნაწილში განხილული მაჩვენებლებისა და ინდიკატორების ანალიზი საქართველოში ადამიანკაპიტალის შეფასებისათვის. ამ მიზნით ემპირიულ ნაწილში განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) სტატისტიკურ მონაცემებსაც, რაც შედარებისა და საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებასაც მოგვცემს (სტატისტიკური მონაცემები მოპოვებულია მსოფლიო ბანკის (http://databank.worldbank.org/data), გაეროს (http://hdr.undp.org/en/content/human-development-index-hdi), იუნესკოს (http://data.uis.unesco.org) ბაზებიდან. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლის დინამიკა წარმოდგენილი გვაქვს სამწლიანი პერიოდისათვის. დინამიკის ბოლო წლად აღებულია 2019 წელი, ვინაიდან  რადიკალური ცვლილებები, რაც რა თქმა უნდა ასახვას ჰპოვებს ადამიანკაპიტალის ფორმირების პროცესზე, უკავშირდება პანდემიის ზეგავლენას.

მიუხედავად განსხვავებულობისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მსგავსი პრობლემები აქვთ. გლობალიზაციის  შესაბამისად ყველა ქვეყანამ დაიწყო ღონისძიებების გატარება ეკონომიკური მდგომარეობის, შრომის ბაზრის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა სურათი საერთოა -   მიუხედავად იმისა, რომ შრომისუნარიან მოსახლეობას კარგი განათლება აქვს, დასაქმების დონე დაბალია. ყველა ქვეყანაში დისბალანსია განათლების მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. უმაღლესი განათლების, თეორიული ცოდნის მქონე კადრების სიჭარბეა, თუმცა მოთხოვნა მაღალია პროფესიული განათლების მქონე კადრებზე. მაგალითად, ბელორუსსა და უკრაინაში შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%-ს აქვს უმაღლესი განათლება, ასევე მაღალია ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის, ხოლო პროფესიული განათლების მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია საერთოევროპულზე. ყველაზე დაბალი იგი საქართველოსა და აზერბაიჯანშია და შეადგენს შესაბამისად 8,8% და 14,5% (Arjen Deij (2021).  

ზემოთაღნიშნულის შესაბამისია ადამიანკაპიტალის ინდექსის დინამიკაც(იხ. ნახაზი 2). სამწლიანი პერიოდში მახასიათებელი არც ერთი ქვეყნისთვის არ გაუმჯობესებულია, უფრო მეტიც, ყველა შემთხვევაში შემცირდა (თუ არ ჩავთვლით ბელარუსს, რომლისთვისაც მხოლოდ 2019 წლის მონაცემი არსებობს და იგი ყველაზე მაღალია). 

 

ადამიანკაპიტალის ინდექსი HCI აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

 ნახაზი  2.

 

წყარო:  ავტორებისეული გაანგარიშებები  http://databank.worldbank.org/dataმონაცემების საფუძველზე

აღნიშნული მონაცემების მიხედვით თუ განვიხილავთ რანჟირებული ცხრილს, საქართველოს მეორე პოზიცია უკავია და ჩამორჩება მხოლოდ ბელარუსს.

 

HCIრანჟირებული ცხრილი

                           ნახაზი  3.

ქვეყანა

2019

რანგი

ბელარუსი

0,82

1

საქართველო

0,81

2

უკრაინა

0,78

3

სომხეთი

0,77

4

აზერბაიჯანი

0,76

5

მოლდოვა

0,75

6

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  ავტორებისეული გაანგარიშებები  http://databank.worldbank.org/dataმონაცემების საფუძველზე

 

ადამიანის  განვითარების ინდექსი. ადამიანკაპიტალის ინდექსისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ეს ინდექსი ნაკლებია საერთოევროპულ მაჩვენებელზე, ჯგუფში ლიდერ ადგილზე კვლავ ბელორუსია,  ბოლო 2019 წლის მიხედვით, რანჟირებული ცხრილი საქართველოსთვის ყველაზე მცირეა. აქაც არ იკვეთება გაუმჯობესების დინამიკა.

ადამიანის განვითარების ინდექსი HDIაღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

ნახაზი 4.

 

წყარო:  ავტორებისეული გაანგარიშებები http://hdr.undp.org/en/content/human-development-index-hdiმონაცემების საფუძველზე

 

HDIრანჟირებული ცხრილი

ნახაზი 5.

ქვეყანა

2019

რანგი

ბელარუსი

0,7

1

უკრაინა

0,63

2

აზერბაიჯანი

0,58

3

მოლდოვა

0,58

4

სომხეთი

0,58

5

საქართველო

0,57

6

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანკაპიტალის გაზომვის ერთ-ერთი მიდგომა ემყარება მის შეფასებას დანახარჯების მიხედვით. ამ მეთოდის გამოყენებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რომელი დანახარჯები განიხილება ინვესტიციების როლში. აქაც განიხილება ორი მიდგომა: ერთის  მიხედვით ესაა დანახარჯები, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისათვის,  ხოლო მეორის მიხედვით კი დანახარჯები, მიმართული ფორმალურ განათლებაზე - (HCI Human Capital Investment), დანახარჯები კვლევებსა და განვითარებაზე და ა.შ).   ჩვენ განვიხილავთ  სახელმწიფო დანახარჯებს განათლებაზე მსპ-თან პროცენტული მიმართებით (რაც ყველაზე უფრო გავრცელებულია)  (იხ. ნახ. #6).

 ამ თვალსაზრისით  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 5,44%-ით, პირველ ადგილზე უკრაინაა, საქართველოს არც თუ სახარბიელო პოზიცია აქვს  3,81%, ხოლო სიის ბოლო ადგილს სომხეთი იკავებს 2,56%-ით (აღსანიშნავია, რომ დანახარჯების მოცულობით ევროკავშირის  ლიდერია შვედეთი 6,9%-ით, ხოლო ბოლო პოზიციას კი ირლანდია იკავებს 3,1%-ით).

 

სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე მსპ-სთან მიმართებით(%) 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

 

ნახაზი 6.

 

წყარო:  ავტორებისეული გაანგარიშებები  http://databank.worldbank.org/dataმონაცემების საფუძველზე

 

განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯების (მსპ-სთან მიმართებით %)   მიხედვით რანჟირებული ცხრილი   აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

ნახაზი 7.

ქვეყანა

2019

რანგი

უკრაინა

5,44

1

ბელარუსი

4,96

2

მოლდოვა

4,7

3

საქართველო

3,81

4

აზერბაიჯანი

2,68

5

სომხეთი

2,56

6

 

 

 

 

 

 

 

 

აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ  არასაკმარისი თანხები მიემართება პროფესიულ განათლებაზე (მაგალითად საქართველოში იგი შეადგენს  განათლებაზე გაწეული მთლიანი დანახარჯების 2,8%-ს). მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლების უზრუნველყოფაც. ევროკავშირისთვის ეტალონურად ითვლება უწყვეტი განათლების სისტემაში შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-ის ჩართვა, მაშირ როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 1%-ია. უწყვეტი განათლების სისტემა უკეთაა განვითარებული ბელარუსში, სადაც 2016-2020 წლებში უწყვეტი განათლების პროგრამებში ჩართული იყო შრომისუნარიანი მოსახლეობის 15% (Arjen Deij, 2021).

საინტერესოა აგრეთვე ახალი მახასიათებლის - PISA - მნიშვნელობების ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის. მონაცემები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.  ინდექსი აფასებს მოზარდთა შესაძლებლობებს მათემატიკაში, მეცნიერებასა და წიგნიერებაში.  სამწუხაროდ, PISA შეფასების მიხედვითაცსაქართველოს არც თუ სახარბიელო ადგილი უკავია, ამ ინდექსის ცალკეულ კომპონენტთა გასაშუალებული სიდიდე 387-ის ტოლია საქართველოსთვის და ის ქვეყანათა ჯგუფში ბოლო ადგილზეა.  

PISA აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

ნახაზი 8 

 ქვეყანა

Reading

Math

Science

რანგი

 აზერბაიჯანი

420

398

389

4

ბელარუსი

472

471

474

1

მოლდოვა

421

428

424

3

საქართველო

398

383

380

5

სომხეთი

მონაცემები არ არის

უკრაინა

453

469

466

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  ავტორებისეული გაანგარიშებები  http://data.uis.unesco.orgმონაცემების საფუძველზე

 

2012-2013 წლებში მსოფლიო ბანკის მიერ უკრაინას, სომხეთსა და საქართველოში ზრდასრულთა წიგნიერების შეფასებისათვის ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით,  საკმაოდ დაბალია გამოკითხულთა ტექნიკური კომპეტენციები, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უმაღლეს განათლებაში დიდი ყურადღება ეთმობა ცოდნის დაგროვებას და სავარაუდოდ არ იძლევა არაკოგნიტური უნარების განვითარების შესაძლებლობას. (Arjen Deij 2021).  

დასკვნა

ზემოთ განხილული ინდიკატორებისა და მახასიათებლების  მნიშვნელობების ანალიზის საფუძველზე ცალსახად იკვეთება შემდეგი: რაც უფრო მაღალია სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე, მით უფრო მაღალია PISA. სურათი იგივეა როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. ანალოგიური დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ  HCI-სა  და  HDI-თან დაკავშირებით.

საქართველოს არასახარბიელო პოზიციები იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას: ქვეყანაში როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების თვალსაზრისით, საკმაოდ პრობლემატური მდგომარეობაა  და საჭიროებს სახელმწიფოს აქტიურ მხარდაჭერას.   აუცილებელია ეფექტიანი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც  ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას (განსაკუთრებით ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე), კვალიფიციური კადრების მოზიდვას სკოლებში, მეცნიერების მხარდაჭერას, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვას, გლობალური ტექნოლოგიური ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას. მოსახლეობის განათლების მაღალი დონე მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე მოთხოვნის განვითარების წინაპირობაა და ინოვაციური პროდუქტებისა და პროცესების შექმნას ასტიმულირებს. 

არსებული მდგომარეობის სიმწვავე დაკავშირებულია აგრეთვე მიგრაციული პროცესების ზრდასა და შობადობის შემცირებასთანაც. თუმცა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ზრდა და ონლაინპლატფორმებზე მუშაობის საშუალება შესაძლებელია გახდეს კიდეც მიგრაციის ალტერნატივა.

რაც შეეხება ადამიანკაპიტალზე პანდემიის ზეგავლენის შეფასებას, დღეს არსებული სურათით  გაზრდილია სიკვდილიანობა  (რაც უკავშირდება ინფექციის გავრცელებას); გაზრდილია სახელმწიფო დანახარჯები (რაც უკავშირდება ვირუსის გავრცელების შეჩერებას). ცხადია, ადგილი აქვს პანდემიის ტრანსმისიას ეკონომიკურ წონასწორობაზე (მოთხოვნისა და მიწოდებაზე ზეგავლენის საშუალებით). ამავდროულად აღსანიშნავია ის ეფექტებიც, რაც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პოზიტიური შედეგი - ესაა  გაციფრულების აქსელერაცია. ვინაიდან ადამიანკაპიტალის ფორმირებისა და აკუმულაციის პროცესი არც თუ მოკლევადიანია, ვფიქრობთ,  ზემოქმედების რაოდენობრივი შეფასება  შესაძლებელი იქნება გარკვეული დროის გასვლის შემდგომ (გასათვალისწინებელია დროითი ლაგი).

 

 

ლიტერატურა:

 

  • თოთლაძე ლ., ვეშაპელი გ. (2021) ციფრული ტრანფორმაციის შრომასა და შრომის ბაზარზე ზეგავლენის საკითხისათვის“.  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები“   მასალათა კრებული, თბილისი; http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2021%20konf.pdf
  • თოთლაძე ლ.,  ხუსკივაძე მ. (2019). ადამიან-კაპიტალი და მისი გაზომვის მიდგომები. თსუ IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” მასალები. თსუ გამომცემლობა,  https://tsu.ge/assets/media/files/7/konf%20IV19.pdf;
  • Arjen Deij (2021). Policies for human capital development: Eastern Partnership - An ETF Torino Process Assessment. TRP assessment report. Available at:  https://www.etf.europa.eu/en/publications-and-resources/publications/policies-human-capital-development-eastern-partnership-etf ;
    • Acemoglu D., Johnson S., Robinson J. A., & Yared P. (2005). From Education to Democracy? The American Economic Review, 95(2), 44-99. https://doi.org/10.1257/000282805774669916;
    • Appiah E. N. The Effect of Education Expenditure on Per Capita GDP in Developing Countries.  International Journal of Economics and Finance; Vol. 9, No. 10; 2017.  https://doi.org/10.5539/ijef.v9n10p136;
    • Hanushek E. A., & Wößmann L. (2010). Education and Economic Growth. In P. Peterson E., Baker & B. McGaw (Eds.), International Encyclopedia of Education (Vol. 2, pp. 245-252). https://doi.org/10.1016/B978-0-08-044894-7.01227-6;
    • Izushi H., Huggins R., (2004) Empirical Analysis of Human Capital Development and Economic Growth in European Regions, Cedefop Reference Series, 54, Office for Official Publications of the European Communities;
    • Mankiw G. N. (2007). Principles of microeconomics (4th ed.). Mason, USA: Thomson South-Western Publisher;
    • Mincer J. (1974). Schooling, Experience, and Earnings. Nat. Bur. of Economic Research, New York;
    • Pelinescu E. (2015) The Impact of Human Capital on Economic Growth. Procedia Economics and Finance 22 ( 2015 ) 184 – 190 Available online at www.sciencedirect.com;
    • Romer P. M. (1990). Endogenous Technological Change. The Journal of Political Economy, 98(5), S71-S102. https://doi.org/10.1086/261725;
    • Totladze L. (2020)  Government Expenditure on Education and R&D as a Factor of Homan Capital  and it’s   Impact  on Economic Growth.  International Scientific-Analytical per-reviewed journal “Ekonomisti” #2 2020.  ISSN 1987-6890  https://doi.org/10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.02.TOTLADZE;  

 

 

 

 References: