English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ გულნაზი ერქომაიშვილი
მრეწველობის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში

 

სტატიაში გადმოცემულია მრეწველობის დარგის როლი და მნიშვნელობა,  გაანალიზებულია სამრეწველო წარმოების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში, ნაჩვენებია სამრეწველო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი, შეფასებულია სამრეწველო პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტების საქმიანობის შედეგები, განხილულია დარგში პანდემიის პერიოდში შექმნილი გამოწვევები.    სტატისტიკური მონაცემების ანალიზით ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში მრეწველობის განვითარების დონე და მისი საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ დაბალია.

    კვლევის მიზანია მრეწველობის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი ეფექტიანი განხორციელების გზების ძიება.  

    სტატიაში გაკეთებულია დასკვნა, რომ  მრეწველობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ქვეყანამ უნდა აირჩიოს ტექნოლოგიურ განვითარებასა და საექსპორტო პოტენციალის  მაქსიმალურ  ზრდაზე ორიენტირებული  მოდელი. სახელმწიფოში უნდა შემუშავდეს სამრეწველო პოლიტიკა, რომელიც  საშუალებას მოგვცემს გამოყენებული იქნეს ინოვაციური მიდგომები მრეწველობის პრიორიტეტული დარგებისადმი. აუცილებელია სამრეწველო პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა: ინოვაციები და ტექნოლოგიები, განათლება და უნარების ფორმირება, საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირება, მრეწველობის პრიორიტეტული დარგების მხარდამჭერი მექანიზმის შემუშავება, კონკურენტუნარიანობა და კონკურენციის დაცვა. 

    სამრეწველო სექტორის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ, გარკვეული დადებითი შედეგები სახეზეა, როგორც დასაქმების, ასევე საწარმოთა განვითარების თვალსაზრისით.  

     მრეწველობის დარგში გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე შემუშავებულია აქტიური სამრეწველო პოლიტიკის განხორციელების რეკომენდაციები მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში.

    საკვანძო სიტყვები: მრეწველობა, მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა, სამრეწველო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი, სამრეწველო პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტები.

შესავალი

      მრეწველობა ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას, შრომითი რესურსების დასაქმებას,  სიღარიბის დაძლევას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანი ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა. მრეწველობა წარმოადგენს ინოვაციის, მწარმოებლურობისა და ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას, ის იდენტიფიცირებულია, როგორც წამყვანი სექტორი  მწარმოებლურობითი ტრანსფორმაციის პროცესში (Roncolato L., Kucera D. 2013). მრეწველობა ქმნის მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ეფექტის საშუალებით, სხვა სექტორებთან კავშირებით და შემოსავლის მასტიმულირებელი ეფექტით ( Lavopa A., Szirmai A. 2012). მრეწველობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის მოდერნიზებაში, მრეწველობაში ფუნქციონირებადი ფირმები მიდრეკილია ინოვაციებისა და კვლევისადმი და, შესაბამისად, მწარმოებლურობის ზრდა აქ უფრო მაღალია, ვიდრე ეკონომიკის სხვა სექტორებში (სამრეწველო და საწარმოო პოლიტიკა, 2018).

      მრეწველობა მრავალი დარგისგან შედგება, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან საბოლოო პროდუქტის მიხედვით.      მრეწველობის ტრადიციულ მიმართულებებთან  (მანქანათმშენებლობა, ავიამშენებლობა,  მეტალურგია, ენერგეტიკა, ნავთობის მრეწველობა, სამთო-მოპოვებითი,  ქიმიური, კვების, მსუბუქი, საფეიქრო, ტყავ-საგალანტერიო და სამკერვალო მრეწველობა და სხვ.) ერთად ბოლო პერიოდში მსოფლიოში აღინიშნება ახალი დარგების სწრაფი ზრდა და მათი ხვედრითი წილის მნიშვნელოვანი ამაღლება მთლიან სამამულო პროდუქციასა და დასაქმებაში. ეს დარგებია: გამოთვლითი ტექნიკა და საკონტროლო მოწყობილობები, კავშირგაბმულობის მოწყობილობები, ხელსაწყოთმშენებლობა, მათ - შორის სამედიცინო, პლასტმასის და სინთეზური რეზინის წარმოების ახალი დარგები.

       შესაბამისად, 2006 წლის ოქტომბერში მიღებული იქნა ევროკავშირის გადაწყვეტილება სტატისტიკურ საკლასიფიკაციო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მისი გადამუშავება განპირობებული იყო მსოფლიოში ტექნოლოგიების და საერთაშორისო ნორმების განვითარებითა და ცვლილებებით.

   ეკონომიკური საქმიანობის სახეობის ეროვნული სტატისტიკური კლასიფიკატორი შემუშავებულია ევროკავშირის სტატისტიკური ეკონომიკური საქმეების კლასიფიკატორის NACE Rev. 2 Statistical classification of economic activities in the European Community-ის ბაზაზე, დამტკიცებული და შემოღებულია სამოქმედოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მიერ 2016 წლის  28 ივლისის #10 დადგენილებით საქართველოს კანონით „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ~, მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყოფილია სამრეწველო სექტორი (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი, 2016).

საქართველოში ამჟამად მოქმედი  კლასიფიკაციით მრეწველობაში შედის:

  • სამთომომპოვებელი მრეწველობა (B);
  • დამამუშავებელი მრეწველობა (C);
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (D);
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების სამუშაოები (E).

  

 

 

სამრეწველო წარმოების  თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში

 

     საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან, დაკავშირებით საბჭოთა ეკონომიკიდან მემკვიდრეობით მიღებული სამრეწველო ინდუსტრია, თითქმის მთლიანად მოიშალა. 1990-1994 წლებში, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის წარმოება  ხუთჯერ, ხოლო  სამუშაო ადგილების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 1995). სამრეწველო  პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზრებზე. შეწყდა მანქანების, მოწყობილობების, ხელსაწყოების, ელეტრომანქანების, სატრანსპორტო საშუალებების, მსუბუქი  და ნაწილობრივ კვების მრეწველობის პროდუქციის გამოშვება. შესაბამისად, დაეცა სამრეწველო წარმოების დონე,  შემცირდა მთლიან სამამულო  პროდუქტში მრეწველობის ხვედრითი წილი, მოიშალა სამეურნეო კავშირები. ყოველივე ამან  ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია გამოიწვია.

საბჭოთა პერიოდში მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა, განვითარების პრიორიტეტები, მასშტაბები განისაზღვრებოდა ერთიანი საკავშირო სახალხო მეურნეობის კომპლექსის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, არ არსებობდა  ცალკეული რესპუბლიკების სამრეწველო პოლიტიკა.

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მრეწველობის წინაშე მდგარი უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანების დროულად გადაჭრისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მიერ 1999 წელს  შემუშავდა: საქართველოს სამრეწველო კონცეფცია და „2000-2005 წლებში საქართველოს სამრეწველო საწარმოების განვითარების სტრატეგიული პროგრამები“.  თუმცა, მან დიდი გავლენა ვერ მოახდინა სამრეწველო სექტორის რეაბილიტაციაზე.

2003-2012 წლებში მთლიან სამამულო პროდუქტში მრეწველობის წილი შემცირდა.  (იხ. დიაგრამა 1).

 

 

მრეწველობისწილი მსპ-ში 2003-2012წწ.(%)

 

             დიაგრამა 1


წყარო
: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ბიზნეს სექტორი.

 

 

                        

მრეწველობისწილი მსპ-ში 2016-2020 წწ. (%)

 ცხრილი 1    

 

 

2016

2017

2018

2019

2020

მრეწველობა

(B+C+D+E)

სულ

მათ შორის:

 

 

13.0

 

 

14.2

 

 

14.7

 

 

14.6

 

 

15.5

სამთომომპოვებელი მრეწველობა (B )

1.2

1.2.

1.2

1.4

1.9

დამამუშავებელი მრეწველობა(C)

8.8

9.9

10.2

10.1

10.7

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (D)

2.1

2.2

2.5

2.3

2.3

წყალმომარაგება;კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების  სამუშაოები (E)

0.9

0.9

0.8

0.8

0.6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს ეროვნული ანგარიშები, 2020.

 

    2016 წლიდან დაწყებული  მთლიან სამამულო პროდუქტში მრეწველობის წილი იზრდება, თუმცა ნაკლებია წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით (იხ. ცხრილი 1).

   ყოველწლიურად იზრდება მრეწველობის მიერ გამოშვებული პროდუქციის წილი ეკონომიკური საქმიანობის სახეობების მიხედვით. 2018 წელს მრეწველობაში გამოშვებული პროდუქციის წილი  მსპ-ში 28,4% იყო,  2019 წელს -27.9%, ხოლო 2020 წელს -30%. რაც შეეხება დასაქმებულთა რიცხოვნობას, 2018 წელს მრეწველობაში დასაქმებული იყო 17,9%, 2019 წელს -17,2%, 2020 წელს - 18,5% (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021).

 

 

მრეწველობის ძირითადი მაჩვენებლები    2014-2022 წწ.

 ცხრილი 2             

 

 

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

2021

2022

ბრუნვა, მლრდ  ლარი

9.0

9.6

10.6

12.4

13.5

15.0

15.9

6.3

6.2

გამოშვებული პროდუქცია

მლრდ ლარი

8.2

8.6

9.2

10.8

11.9

13.2

13.9

5.1

4.7

დასაქმებულთა რაოდენობა

ათასი კაცი

115.5

123.4

125.9

130.7

131.0

130.0

129.8

129.3

129.0

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურიშრომის ანაზღაურება,  ლარი

794.9

861.1

876.4

960.4

1030.1

1121.6

1196.4

1535.5

1397

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური/მრეწველობა

 

    2020 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა სამრეწველო პროდუქციის ბრუნვა და გამოშვებული პროდუქცია (იხ. ცხრილი 2).  პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ორივე მაჩვენებელზე.  2022 წელს 2020 წელთან შედარებით ბრუნვა, 2,6 -ჯერ, ხოლო გამოშვება 2.9-ჯერ შემცირდა.  დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო წლებში უმნიშვნელოდ გაიზარდა, პანდემიის პერიოდში დიდი ცვლილება არ მომხდარა.   შრომის ანაზღაურება 2022 წელს 2014 წელთან შედარებით 1.9-ჯერ გაიზარდა, პანდემიის შემდგომ პერიოდში უმნიშვნელოდ  გაიზარდა.

    მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მძიმე მრეწველობას. მათ შორის: ფოლადის, მარგანეცის, ფეროშენადნობების, ცემენტის, მატარებლის ვაგონების, თვითმფრინავის ნაწილებისა და სხვა მეტალ-შემცველი პროდუქციის წარმოებას. ძირითადი მიზეზი ამ დარგების შენარჩუნებისა არის ქვეყანაში არსებული შესაბამისი ბუნებრივი წიაღისეული და საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ტექნიკურ-ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციას, აწარმოებს ქარხნები, რომლებიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის პერიოდში. ქარხნებს გააჩნიათ კარგად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ასევე, რიგ შემთხვევაში, კლასტერულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული (მაგ. ჭიათურის მარგანეცის, ზესტაფონის ფეროშენადნობისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შემთხვევაში). გარდა ამისა, არსებული სამრეწველო ობიექტები სარგებლობენ ფარდობითი უპირატესობით იაფფასიანი ელექტროენერგიისა და ადგილობრივ წიაღისეულზე დამოკიდებულების გამო.

    მრეწველობაში ყველაზე დიდი ქვესექტორია დამამუშავებელი მრეწველობა, რომლის წილი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა (2018 წ. – 18,4%, 2019 წ.- 18.4%, 2020 წ. -20%).  უმნიშვნელოდ გაიზარდა სამთომომპოვებელი მრეწველობის წილიც (2018 წ. – 1.2%, 2019 წ. – 1.4%, 2020 წ. – 1.9%). შემდეგ მოდის ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, რომლის წილი შემცირების ტენდენციით ხასიათდება (2018 წ.- 2.3%, 2019 წ. – 2.1%, 2020 წ. – 2,1%). შემცირების ტენდენციით ხასიათდება ასევე  წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების სამუშაოები (2018 წ.- 0.7%, 2019 წ. – 0.7%, 2020 წ. – 0,6%) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021).

საქართველოს მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურაში წარმოებული პროდუქციის  მიხედვით  ყოველთვის პრიორიტეტული იყო და არის კვების მრეწველობა, რაც განპირობებულია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის  ხელსაყრელი, მრავალფეროვანი ნიადაგობრივ - ბუნებრივი პირობებითა და ეკოლოგიური სისუფთავით, რომელიც  მსოფლიოში პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.  საქართველოს სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობას, თუ მას სათანადო ყურადღება მიექცევა,  შეუძლია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების - ხორცის, რძის ნაწარმის, ბოსტნეულის, ხილის და უამრავი სხვა პროდუქტის წარმოება, რაც ტრადიციულ, უნიკალურ ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან, მტკნარ და მინერალურ წყლებთან ერთად,  ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. საქართველოში მრეწველობის დარგებიდან განვითარების ყველაზე მეტი შესაძლებლობები და პერსპექტივები სწორედ კვების მრეწველობას გააჩნია (არევაძე ნ., ბიბილაშვილი ნ. 2017).

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის გაანვითარება, ხშირად, მთლიანად ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას იწვევს.

    სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში მრეწველობის განვითარების დონე და მისი საექსპორტო პოტენციალი კვლავ დაბალია. ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, მცირეა მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალ ბაზრებზე შეღწევისა და დამკვიდრების მაჩვენებლები. ამის შედეგია დასაქმების ზრდის ძალზე დაბალი ტემპი.

    სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 2017 წელს 51,02%-ს,  2018 წელს - 44,3%-ს, 2019 წელს - 39,5%-ს, ხოლო 2020 წელს - 43,7%-ს შეადგენდა.  2020 წელს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 9 დასახელების პროდუქცია სამრეწველოა, კერძოდ, სპილენძის მადნები და კონცენტრატები (23,3%), მსუბუქი ავტომობილები (12,1%), ფეროშენადნობები (7.4%), ღვინო (6.3%), სპირტიანი სასმელები (4,0%), მინერალური წყლები (3,5%), სამკურნალო საშუალებები (3,0%), ოქრო (2,9%), აზოტოვანი სასუქები (2,2%)(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021).

   სამრეწველო პროდუქციის იმპორტის წილი 2017 წელს 14,4%-ს,  2018 წელს -15%-ს, 2019 წელს -13,2%-ს, 2020 წელს  კი 13,4%-ს შეადგენდა. 2020 წელს უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში 9 დასახელების პროდუქცია სამრეწველოა, კერძოდ, სპილენძის მადნები და კონცენტრატები (7,2%), მსუბუქი ავტომობილები (7,2%), ნავთობი და ნავთობპროდუქტები (6,2%),სამკურნალო საშუალებები (4,1%), ნავთობის აირები (3,9%), სატელეფონო აპარატები (2,0%), სიგარეტები (1,1%), სატვირთო ავტომობილები (0,9%), ახალი საბურავები (0,8%) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021).

 

სამრეწველო პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტების  საქმიანობის შედეგები საქართველოში

 

     მრეწველობის განვითარებაში სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას არსებითი როლი ეკისრება. 2012 წლიდან საქართველოში შეიქმნა  ინსტიტუტები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს  მრეწველობის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.   დღემდე საქართველოს მთავრობა არაერთ პროგრამას ახორციელებს ამ მიმართულებით.  ასეთებია:  „აწარმოე საქართველოში“, „საპარტნიორო ფონდი~, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო,  „სტარტაპ საქართველო“.

      სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“,  2014 წლიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის, არსებულის გაფართოების, გადაიარაღების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით. COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე,  გაფართოვდა მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით არსებული პროგრამები. 2020 წელს სააგენტოს ბიუჯეტი 57.5 მლნ ლარიდან 477 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღებას. კომპონენტის ფარგლებში, 2014-2020 წლებში, სულ დაფინანსებულია 539 ახალი პროექტი. ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 1,06 მლრდ ლარი, დასაქმდა 17 307 ადამიანი (სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, 2021).

   მეორე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტრუმენტს ინდუსტრიული პოლიტიკის განვითარების მხრივ, საინვესტიციო სახელმწიფო ფონდი „საპარტნიორო ფონდი~ წარმოადგენს. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ თანაინვესტირებული პროექტებიდან აღსანიშნავია:  სამშენებლო მასალების ქარხანა, რომელშიც ფონდი შესულია 2,3 მლნ დოლარის თანაინვესიტიციით (რაც ასევე მოიცავს მიწას), ძირითადად ეს ქარხანა იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული.  საავიაციო ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომლის ღირებულება 85 მლნ დოლარია და ინვესტირებაში საპარტნიორო ფონდის წილი 40 მლნ დოლარია. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზეა  ორიენტირებული. რუსთავში სამშენებლო მასალების, ე.წ. სენდვიჩ პანელების საწარმო კომპანია აწარმოებს კედლისა და სახურავების სენდვიჩ პანელებს, პროექტის ღირებულება 6 მლნ დოლარია. მიმდინარე პროექტებია:  კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობა, რომლის ღირებულება 3,2 მლნ დოლარია, სამეგრელოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა, რომლის ღირებულება                            2,6 მლნ  დოლარია. ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება. საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს, შემდეგ იგეგმება ექსპორტზე გასვლა (საპარტნიორო ფონდი, 2022).

       მესამე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი  ინდუსტრიული განვითარების ჯგუფია, რომელიც  2014 წელს შეიქმნა და ის ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მისი მიზანია ინდუსტრიული განვითარების პროექტების შექმნა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაცია და ბიზნესგეგმების მომზადება, ინდუსტრიული პოლიტიკისთვის წინადადებების მომზადება. დღეისათვის ინდუსტრიული ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი ისეთი შინაარსის პროექტებზე, როგორიცაა: მოსაპირკეთებელი ბუნებრივი ქვებისა და კერამიკული ფილების წარმოება,    რძის ფხვნილის წარმოება, სამკერვალო და ტექსტილის საწარმოები, ეთერზეთების საწარმოები, მუყაოს ყუთები, ფოლადის კვადრატული მილები და ასანთის საწარმოების შექმნა (საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, 2022).

ქვეყნის  კონკურენტული  უპირატესობის  განმაპირობებელია მეცნიერებატევადი  და ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოებაში მიღწეული წარმატებები. ქვეყანაში 2014 წელს შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო                                                                                                                                   ახორციელებს სხვადასხავა პროგრამას, მაგალითად: მცირე საგრანტო პროგრამა 15 000 ლარის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპების შექმნისა და განვითარებისათვის; თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. დაფინანსება მიმდინარეობს ორი მიმართულებით:                                   1. თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, მაქსიმუმ 90%-იანი თანადაფინანსებით (მაქსიმუმ 100 000 ლარი); 2. თანადაფინანსების გრანტები ინოვაციების მიმართულებით  მინიმუმ 50%-იანი თანადაფინანსებით (მაქსიმუმ 650 000 ლარი);   3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას. პროგრამის ფარგლებში, პირველი ნაკადის მიღება გამოცხადდა 2020 წლის ნოემბერში და თავდაპირველად 500-ზე მეტი IT სპეციალისტი გადამზადდა. მათმა უმრავლესობამ (70%) წარმატებით ჩააბარა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, 2021).

    პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტი გულისხმობს ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის, ან მომსახურების (ინოვაციური იდეა) დანერგვის ფინანსურ ხელშეწყობას (სტარტაპ საქართველო, 2021).

         სამრეწველო სექტორის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ, გარკვეული დადებითი შედეგები სახეზეა, როგორც დასაქმების, ასევე საწარმოთა განვითარების თვალსაზრისით.  პანდემიამ სამრეწველო საწარმოები და შესაბამისად სახელმწიფოც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიაზე რეაგირების მიმართულებით მთავრობამ განახორციელა რიგი ღონისძიება, მაგალითად, საგადასახადო სუბსიდირების სახით, რამაც საწარმოებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ ლიკვიდურობა.

 

დასკვნები და რეკომენდაციები

       მრეწველობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე  ქვეყანამ უნდა აირჩიოს ტექნოლოგიურ განვითარებასა და საექსპორტო პოტენციალის  მაქსიმალურ  ზრდაზე ორიენტირებული  მოდელი. საქართველოს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

       სახელმწიფოში უნდა შემუშავდეს სამრეწველო პოლიტიკა, რაც მოგვცემს საშუალებას გამოყენებული იქნეს ინოვაციური მიდგომები მრეწველობის პრიორიტეტული დარგებისადმი. კერძოდ, სამრეწველო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები: ინოვაციები და ტექნოლოგიები, განათლება და უნარების ფორმირება, ვაჭრობა, მიზნობრივი დარგების მხარდამჭერი მექანიზმის შემუშავება, კონკურენტუნარიანობა და კონკურენციის დაცვა.    

      მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია აქტიური სამრეწველო პოლიტიკის გატარება, კერძოდ:

  • ხელისუფლების მხრიდან მრეწველობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფა
  • განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გადამამუშავებელი მრეწველობის იმ დარგებზე, რისი წარმოების პოტენციალიც საქართველოს გააჩნია
  • მეცნიერებატევადი დარგების განვითარების მხარდაჭერა
  • ინვესტორებისათვის, რომლებიც სამრეწველო წარმოებაში დააბანდებენ თანხებს, გარკვეული შეღავათების დაწესება
  • სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის პარტნიორობა, რაც გამოიხატება ბიუროკრატიასთან, კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლით, მეწარმეებისათვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნით
  • ქვეყანაში უნდა განხორციელდეს განათლებას - მეცნიერებას - წარმოებას შორის კოორდინაცია. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებს, რომელსაც არ მოეთხოვება მოკლევადიან პერიოდში წმინდა კომერციული უკუგება, მეცნიერება უნდა გადაიქცეს რეალურ მწარმოებლურ ძალად
  • განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გაფართოებას; საექსპორტო ბაზრებზე შესვლის ბარიერების გადალახვას. 

 

ლიტერატურა:

 

  • არევაძე ნ., ბიბილაშვილი ნ. (2017). საქართველოს კვების მრეწველობის განვითარების ზოგიერთი ასპექტი. თბილისი.
  • ერქომაიშვილი გ. (2004). მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი საქართველოში. თბილისი, თსუ გამომცემლობა.
  • თვალჭრელიძე ა.,  სილაგაძე ა.,  ქეშელაშვილი გ.,  გეგია დ. (2011). საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“.
  • მინდიაშვილი შ. (2020). საქართველოს მრეწველობის ისტორიული განვითარება და თანამედროვე მდგომარეობის კვლევა, საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენციის   მასალების კრებული „თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები“, თბილისი.
  • სამრეწველო და საწარმოო პოლიტიკა (2018). ევროკავშირი საქართველოსთვის. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. თბილისი
  • საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი პროგრამა ,,სტრატეგია-2020’’. საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები. (2016). საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
  • საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი (2016). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბილისი.
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2021). www.geostat.ge
  • საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები (2016). ფრიდრიხ ებერტის ფონდი. თბილისი.
  • საპარტნიორო ფონდი  http://www.fund.ge/geo/who_we_are/4
  • საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი http://www.economy.ge/uploads/proeqtebi/industrial_development_ group/Investment_projects_presentation_-_FINAL_DRAFT.pdf
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო /ბოლო ნახვა 22.12.2021/
  • სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.  წლიური ანგარიში 2020. http://www.enterprisegeorgia.gov.ge/uploads/files/publications/606ea449f3169-Annual-Report-2020.pdf
  • სტარტაპ საქართველო (2021). http://startup.gov.ge/geo/program, / ბოლო ნახვა 22.12.2021/
  • ჩომახიძე დ. (2013). სამრეწველო პოლიტიკის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ასპექტები,  საქართველოს ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის კრებული, ტ. 11, გამომცემლობა „სიახლე“, თბილისი.

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/77/mretsveloba

https://tradingeconomics.com/georgia/industrial-production

 

References:

  • Arevadze N., Bibilashvili N. (2017). Sakartvelos kvebis mrewvelobis zogierti aspekti.  [Some Aspects of Development of Georgian Food Industry] in Georgian
  • Erkomaishvili G. (2004). Mewarmeobis formirebisa da ganvitarebis taviseburebani Sakartveloshi.M[Peculiarities of Formation and Development of Entrepreneurship in Georgia] in Georgian
  • Tvalchrelidze A., Silagadze A., Keshelashvili G., Gegia D. (2011). Sakartvelos socialur-ekonomikuri ganvitarebis programa [Program of Socio-Economic Development of Georgia] in Georgian
  •  Mindiashvili Sh. (2020). Sakartvelos mrewvelobis istoriuli ganvitareba da tanamedrove mdgomareobis kvleva. [Historical Development of Georgian Industry and Research of the Ccurrent Situation] in Georgian
  • Samrewvelo da sawarmoo politika (2018). [Industrial and Production Policy]  (in Georgian)
  • Sakartvelos industriuli politikis gamowvevebi, 2020 (2016).  [Challenges of Industrial Policy of Georgia, 2020] in Georgian
  • Sakartvelos inovaciebisa da teqnologiebis  saagento. [Innovation and Technology Agency of Georgia]/Last seen 22.12.2021
  • Sakartvelos erovnuli klasifikatori. Statistikis erovnuli samsaxuri (2016). [National Classifier of Georgia National Statistical Service of Georgia]
  • Sakartvelos statistikis erovnuli samsaxuri (2021), [National Statistical Service of Georgia] www.geostat.ge
  • Sakartvelos industriuli politikis gamowvevebi Fridrix Ebertis Fondi (2016).  [Challenges of Georgia's Industrial Policy] in Georgian
  • Sapartnioro Fondi [Partnership fund] http://www.fund.ge/geo/who_we_are/4
  • Sakartvelos industriuli ganvitarebis jgufi  [ Industrial Development Group of Georgia]         in Georgian http://www.economy.ge/uploads/proeqtebi/industrial_development_ group/Investment_projects_presentation_-_FINAL_DRAFT.pdf
  • Saagento  “Awarmoe Sakartveloshi”, wliuri angarishi 2020 .[Produce in Georgia" Agency. Annual Report 2020] in Georgian http://www.enterprisegeorgia.gov.ge/uploads/files/publications/606ea449f3169-Annual-Report-2020.pdf
  • Startap Sakartvelo (2021). [Startup Georgia.] in Georgian

 http://startup.gov.ge/geo/program, / Last seen 22.12.2021/

  • Chomakhidze D. (2013). Samrewvelo politikis konceptualuri da metodologiuri aspektebi. [Conceptual and Methodological Aspects of Industrial Policy] in Georgian
  • Roncolato, L.; Kucera, D. (2013). Structural Drivers of Productivity and Employment Growth: a Decomposition Analysis for 81 Countries, in Cambridge Journal of Economics, doi: 10.1093/cje/bet044.  
  • Lavopa, A.; Szirmai, A. (2012). Industrialization, Employment and Poverty, UNU-MERIT Working Paper, No. 81 (Maastricht, United Nations University, Maastricht Economic and Social Research Institute on Innovation and Technology).  

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/77/mretsveloba

https://tradingeconomics.com/georgia/industrial-production