English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ მალხაზ ჩიქობავანაზირა კაკულიათეა ლაზარაშვილი
თანამედროვე მონეტარული თეორიის შესახებ

 

სამეცნიერო პუბლიკაციებში მონეტარული ურთიერთობების პრობლემებზე, თანამედროვე მონეტარული თეორია განმარტებულია, როგორც შეხედულებათა სისტემა, რაც ჩამოყალიბებულია ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკელი და ავსტრალიელი ეკონომისტების ჯგუფის, ძირითადად, უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. თანამედროვე მონეტარული თეორიის განვითარებისა და პოპულარიზაციის მთავარ სტიმულად იქცა ამერიკული ეკონომიკის ისეთი პრობლემების დაძლევის მეცნიერული კონცეფციის შექმნის აუცილებლობა, როგორიცაა უზარმაზარი სახელმწიფო ვალის დაგროვება, ქრონიკული ბიუჯეტის დეფიციტი და უმუშევრობის მაღალი დონე. აღნიშნული თეორია გვთავაზობს ამ პრობლემების უნივერსალურ გადაწყვეტას.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მონეტარული თეორია შეიცავს პარადოქსულ დასკვნებსაც, მისი შესწავლა აუცილებელია. საქმე ისაა, რომ თანამედროვე მონეტარული თეორიის შემუშავებისას ფართოდ გამოიყენებოდა ანალიზის საბალანსო და ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები. სწორედ მათი გამოყენების შედეგების თავისებურმა ინტერპრეტაციამ მიიყვანა თანამედროვე მონეტარული თეორიის ავტორები არაორდინარულ დასკვნbებამდე.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია თანამედროვე მონეტარული თეორიის შედარებითი ანალიზი ჩარტალიზმთან, მარქსისტულ თეორიასა და კეინზიანურ მიმდინარეობასთან. ნაჩვენებია, თუ რამდენად ძალუძს აღნიშნულ თეორიას თანამედროვე გლობალურ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება; სტატიაში გაანალიზებულია ასევე თანამედროვე მონეტარული თეორიის ძლიერი და სუსტი მხარეები.

საკვანძო სიტყვები: თანამედროვე მონეტარული თეორია, ჩარტალიზმი, ფულის მარქსისტული თეორია, კეინზიანური თეორია, ნეოკლასიკური თეორია, მეინსტრიმული მიმდინარეობა, ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული თეორია, სახელმწიფოს მონეტარული სუვერენიტეტი, სახელმწიფო ვალი, ინფლაცია, გარანტირებული დასაქმება.

 

შესავალი

1990-იან წლებში თანამოაზრე-პოსტკეინზიანელთა შემადგენლობა გაერთიანდა სამეცნიერო სკოლაში, რამაც გამოიწვია თანამედროვე მონეტარული თეორიის (Modern Monetary Theory – MMT) შექმნა და პოპულარიზაცია. მის მომხრეთა რიცხვში შედიან, უპირატესად, ამერიკელი და ავსტრალიელი ეკონომისტები. აშშ-ში მას წარმოადგენენ უ. მოსლერი, რომელიც კანზას-სიტის მისურის უნივერსიტეტთან არსებული სრული დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის ცენტრის თანადამფუძნებელია; რ. რეი, ბარდ-კოლეჯთან არსებული ლევის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ს. კელტონი, სტოუნ-ბრუკის ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი; პ. ჩერნევა - ბარდ-კოლეჯიდან. მათ ემხრობა პროფესორი ჯ. გელბრეიტი ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტიდან (გამოჩენილი ეკონომისტის, ჯონ კენეტ გელბრეიტის შვილი). თეორიის მომხრეთა რიცხვს ავსტრალიაში მიეკუთვნებიან ეკონომიკის პროფესორები უ. მიტჩელი და მ. უოტსი. ამერიკელი ეკონომისტები წარმოადგენენ ერთი ალმა მატერის - კანზას-სიტის მისურის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. ავსტრალიაში თანამედროვე მონეტარული თეორია ვითარდება მიტჩელისა და მისი სტუდენტების მიერ ნიუკასლის უნივერსიტეტიდან. ამგვარად, თანამედროვე მონეტარული თეორია მხარდაჭერილია ეკონომისტების რეგიონული ჯგუფების მიერ, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი წამყვან აკადემიურ დაწესებულებებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან (Моисеев, С. Р., 2019).  

ნებისმიერი ეკონომიკური თეორიის პოპულარიზაციის გასაღები ფართო საზოგადოების წინაშე მისი წარდგენაა. ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი    პ. სამუელსონი თავისი სახელმძღვანელოს - „ეკონომიკსის“ წინასიტყვაობაში წერდა: „ჩემთვის სულ ერთია, ვინ წერს ქვეყნის კანონებს, თუკი მე შემიძლია დავწერო ეკონომიკის სახელმძღვანელო“ (Samuelson, 1990, P. 4). თანამედროვე მონეტარული თეორიის მომხრეები გავიდნენ საგანმანათლებლო სივრცეში, რათა მოიცვან მომავალი თაობის ეკონომისტები. 2019 წელს ბრიტანულმა გამოცემამ “Macmillan” გამოსცა პირველი სახელმძღვანელო თანამედროვე მონეტარულ თეორიაში მიტჩელის, რეისა და უოტსის ავტორობით. თავიანთ ნაწარმოებს ავტორები უწოდებენ რევოლუციურ ახალ სახელმძღვანელოს, რაც სტუდენტებს კრიტიკულად განაწყობს მაკროეკონომიკაში დამკვიდრებული დოგმების მიმართ (Mitchell et al. 2019).

თანამედროვე მონეტარული თეორიის თანახმად, სახელმწიფოს შეუძლია დააფინანსოს საბიუჯეტო ხარჯები ფულის ემისიის ხარჯზე სრული დასაქმების მისაღწევად ინფლაციის პროვოცირების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მონეტარული თეორიის დასახელებაში ფიგურირებს სიტყვა „თანამედროვე“, ეს არ შეიძლება ითქვას მის ძირითად პოსტულატებზე. ფულის ემისიაზე მონოპოლიის პირობებში სახელმწიფოს რომ შეუძლია იძულებით დააწესოს ფულის ღირებულება, დიდი ხანია ცნობილია. თანამედროვე მონეტარული თეორიის ავტორების აზრით, მათი თეორია მომდინარეობს გერმანელი ეკონომისტის გ. კნაპის (1842-1926) იდეებიდან, რომელიც „ახალი ისტორიული სკოლის“ წარმომადგენელი იყო. 1905 წელს გამოსულ ნაშრომში - „ფულის სახელმწიფო თეორია“, მან აღნიშნა, რომ მეტალიზმისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც ფულის ღირებულება განისაზღვრება ძვირადღირებული ლითონის ფასეულობით, სახელმწიფოს შეუძლია ადმინისტრაციულად განსაზღვროს ფულის ღირებულება კანონის ძალით (Knapp, 1905). კნაპის იდეები ჩამოყალიბებულ იქნა ფულის ჩარტალურ თეორიაში, ანუ ჩარტალიზმში (chartalism). ზოგადად აღიარებულია, რომ სახელწოდება - „თანამედროვე მონეტარული თეორია“ შემოთავაზებულია ავსტრალიელი პროფესორის  უილიამ მიტჩელის მიერ. ადრე კი მისი მომხრეები თავიანთ შეხედულებებს ხშირად „ნეოჩარტალიზმს“ უწოდებდნენ. 

თანამედროვე მონეტარული თეორიას საფუძვლად უდევს შემდეგი ამოსავალი დებულებები:

  • ფულად ემისიაზე მონოპოლია ეკუთვნის მთავრობას, ხოლო ქაღალდის ფულის სუბსტიტუტები არ არსებობს
  • მთავრობას შეუძლია გამოუშვას სახელმწიფო ობლიგაციები, აგრეთვე დაფაროს ისინი ფულის ემისიის ხარჯზე. შედეგად, სახელმწიფო ვალის დეფოლტი შეუძლებელია
  • სახელმწიფო ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს ბიუჯეტის დეფიციტის საემისიო დაფინანსებით
  • ინფლაციის აჩქარება ხდება სახელმწიფო ხარჯების ზრდის შემთხვევაში სრული დასაქმების პირობებში
  • ინფლაციაზე კონტროლი შენარჩუნებულია არა მონეტარული, არამედ ფისკალური პოლიტიკის წყალობით -  გადასახადების ზრდითა და სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებით (Mitchell et al. 2019).

თანამედროვე მონეტარული თეორია აღწერს დახურულ ეკონომიკას, სადაც არ არსებობს საგარეო ვაჭრობა, კაპიტალის ტრანსსასაზღვრო მოძრაობა და ვალუტის კურსის რყევების პრობლემები. ცენტრალურ ბანკს ჩამორთმეული აქვს დამოუკიდებლობა და მოქმედებს, როგორც მთავრობის აგენტი, რომელიც აფინანსებს მის ხარჯებს. ინფლაციური მოლოდინები და განუსაზღვრელობის ფაქტორები, რასაც შეეძლო სამომხმარებლო ფასების ზრდის დაჩქარება, არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტი ქრონიკულად დაუბალანსებელია, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება ხორციელდება ფასების დონის სამართავად და არა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად. ხელისუფლებას ფართო გაგებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ჩათვლით, გააჩნია გრძელვადიანი პრიორიტეტები, ის თავს არიდებს პოპულიზმს და სარფიან მოკლევადიან გადაწყვეტილებებს, ემხრობა დროში თანმიმდევრულ პოლიტიკას და სარგებლობს ნდობითა და რეპუტაციით. სახელმწიფო დანახარჯები ეფექტიანია და იწვევს შრომის მწარმოებლურობის ამაღლებას. ერთობლივი მოთხოვნის მართვა სრულად ემყარება ფისკალურ პოლიტიკას.

ჩერნევამ შემოგვთავაზა თანამედროვე მონეტარული თეორიის პირველი მათემატიკური მოდელი. მის ნაშრომში განიხილება ფულად ემისიაზე სახელმწიფო მონოპოლია და ფასების დონის მართვის ხელისუფლების შესაძლებლობა ფისკალური პოლიტიკით. ისტორიული მაგალითის ჭრილით ჩერნევას მოჰყავს ევროპული კოლონიები აფრიკაში, სადაც ფულზე მოთხოვნა პრიმიტიულ ეკონომიკაში განისაზღვრებოდა გადასახადების გადახდის ვალდებულებით მეტროპოლიების ვალუტაში. დახურული ეკონომიკის მარტივ სტრუქტურულ მოდელში ნაჩვენებია სახელმწიფო, რომელიც აწესებს გადასახადებს, აბსოლუტური მონოპოლისტია ფულის ემისიის თვალსაზრისით და გავლენას ახდენს სასაქონლო ფასებზე. ჩერნევას დასკვნით, ხელისუფლებას საგადასახადო განაკვეთების რეგულირებით შეუძლია ერთდროულად მხარი დაუჭიროს ფასების სტაბილურობას და უზრუნველყოს სრული დასაქმება (Tcherneva, 2002).

მთლიანობაში, თანამედროვე მონეტარული თეორიისათვის დამახასიათებელია თავისებური მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი. პირველი, სახელმწიფო სექტორის შემადგენლობაში კონსოლიდირებულია ფინანსთა სამინისტრო (ფისკალური ხელისუფლება) და ცენტრალური ბანკი (მონეტარული ხელისუფლება). ისინი განიხილებიან, როგორც ერთიანი ინსტიტუციური სექტორი. მეორე, შემოღებულია განსხვავება ე.წ. „ვერტიკალურ ტრანზაქციებს“ (სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებს) შორის, აგრეთვე „ჰორიზონტალურ ტრანსაქციებს“ (არასახელმწიფო სექტორს - ბანკებს, შინამეურნეობებსა და ფირმებს) შორის. ქრონიკული უმუშევრობა განიხილება სუსტი ვერტიკალური ტრანზაქციების პროდუქტად. სახელმწიფო ვალის გაფართოებით მთავრობამ უნდა შექმნას წმინდა ფინანსური აქტივების საკმარისი მოცულობა არასახელმწიფო სექტორისთვის. მესამე, სუვერენულ ეკონომიკაში, სადაც მთავრობა ახდენს სახელმწიფო ვალის ემისიას ეროვნულ ვალუტაში, ითვლება, რომ მთავრობის დეფოლტი შეუძლებელია, ხოლო ინვესტორების შეზღუდვა არავითარ როლს არ თამაშობს. საბოლოოდ, მეოთხე, სახელმწიფო ინვესტიციების გაფართოების ტრადიციულ კეინზიანურ პოლიტიკას არ ძალუძს უზრუნველყოს სრული დასაქმება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა ინფლაციის საწინააღმდეგო მექანიზმის არარსებობის გამო (Nesiba, 2013. გვ. 48).

 

ჩარტალიზმი, მარქსიზმი და თანამედროვე მონეტარული თეორია

თანამედროვე მონეტარული თეორია ეფუძნება ჩარტალიზმის იდეებს. გეორგ ფრიდრიხ კნაპმა (Georg Friedrich Knapp), გერმანელმა ეკონომისტმა შემოიღო ტერმინი - „ჩარტალიზმი“ თავის წიგნში „ფულის სახელმწიფო თეორია“, რომელიც გამოქვეყნდა გერმანიაში 1905 წელს. სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან - charta, რაც ნიშნავს ტოკენს ან ბილეთს. ჩარტალიზმის მტკიცებით ფული გაჩნდა არა როგორც ბარტერის პრობლემის სპონტანური გადაჭრა, არამედ როგორც ვალის რაოდენობრივად გამოხატვის საშუალება და როცა სახელმწიფო შეეცადა გაეკონტროლებინა ეკონომიკური საქმიანობა.  

ჩარტალიზმი ამტკიცებს, რომ საქონლის საყოველთაო გაცვლა ისტორიულად წარმოიშვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა სახელმწიფომ შეძლო შეექმნა თავისი სუვერენული ვალუტის გამოყენების საჭიროება მოსახლეობის გადასახადებით დაბეგვრით. ჩარტალისტისთვის ფულის უნარი, იმოქმედოს როგორც კრედიტის ან ვალის გადახდის საანგარიშო ერთეული, ემყარება სუვერენისადმი ნდობას და მის უნარს, გაავრცელოს თავისი ნება მოსახლეობაზე. ფულის, როგორც კრედიტის ან ვალის გადახდის საანგარიშო ერთეულის გამოყენება უსწრებს ეკონომიკის გამოჩენას, რომელიც ემყარება საქონლის საყოველთაო გაცვლას. ამიტომ, ჩარტალისტები ამტკიცებენ, რომ ფული გაჩნდა, როგორც საანგარიშო ერთეული ვალიდან და არა გაცვლიდან. კეინზს ძალიან მოსწონდა ჩარტალიზმი, მაგრამ ის აშკარად ეწინააღმდეგებოდა მარქსის იმ შეხედულებას, რომ არ შეიძლება ფულის ბუნების გაგება საქონლის გაცვლის გაგების გარეშე (Roberts M., 2019).

არის თუ არა ჩარტალიზმი, თანამედროვე მონეტარული თეორია და ფულის მარქსისტული თეორია თავსებადი? ავსებენ თუ არა ისინი ერთმანეთს? მათ შორის რომელია არამართებული? ამაზე მოკლე პასუხი იქნება შემდეგი:

  • ფული წინ უსწრებს კაპიტალიზმს, მაგრამ მისი გაჩენის მიზეზი სახელმწიფოს არ უკავშირდება
  • სახელმწიფოს შეუძლია შექმნას ფული, მაგრამ მას არ შეუძლია გააკონტროლოს მისი ღირებულება, ამიტომ, ნდობა ფულის მიმართ შეიძლება გაქრეს
  • მკაცრი ჩარტალისტური პოზიცია შეუთავსებელია ფულის მარქსისტულ თეორიასთან, თუმცა ფულის თანამედროვე თეორიაში არსებობს ზოგიერთი თავისებურება, რაც მას ავსებს.

თანამედროვე მონეტარული თეორია და ფულის მარქსისტული თეორია მსგავსია იმით, რომ ორივე არის ფულის ენდოგენური თეორია, ორივე უარყოფს ფულის რაოდენობრივ თეორიას, კერძოდ იმას, რომ ინფლაცია თუ დეფლაცია დამოკიდებულია ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებზე გასცენ თუ არა კრედიტები. პირიქით, ფულზე მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას: ე.ი. ბანკები გასცემენ სესხებს, რომლის შედეგად იქმნება ვალი და დეპოზიტები ამ სესხების გადასახდელად, და არა პირიქით. ამ თვალსაზრისით, როგორც თანამედროვე მონეტარული თეორია, ისე მარქსისტული თეორია აღიარებს, რომ ფული კი არ წარმოადგენს რომელიღაც საბურველს რეალურ ეკონომიკაზე, არამედ თანამედროვე (კაპიტალისტური) ეკონომიკა წარმოადგენს ყოველმხრივ ფულად ეკონომიკას (Roberts M., 2019).

მარქსი და თანამედროვე მონეტარული თეორიის მიმდევრები თანხმდებიან იმაში, რომ ფულის რაოდენობრივი თეორია, რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა მილტონ ფრიდმანისა და სხვების მიერ და დომინირებდა მთავრობების ეკონომიკურ პოლიტიკაში ადრეულ 1980-იან წლებში, მცდარია. კაპიტალიზმის დროს მთავრობასა avaფულის მიწოდების გაკონტროლების მცდელობით. ამას ადასტურებს ეკონომიკის სტიმულირების მიზნით მსხვილი ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული „რაოდენობრივი შერბილების“ (QE) პროგრამების სამწუხარო ისტორია. 2008 წლის კრიზისის დაწყებიდან ცენტრალური ბანკების ბალანსები გაიბერა, მაგრამ რეალური მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდა არ დაფიქსირებულა.

თუმცა, ფულის მარქსისტული თეორია განსხვავდება თანამედროვე მონეტარული თეორიისგან ერთი მნიშვნელოვანი ასპექტით: კაპიტალიზმი ფულადი ეკონომიკური სისტემაა, კაპიტალისტები იწყებენ ინვესტირებას წარმოებაში ფულადი და სასაქონლო კაპიტალით, რაც, თავის მხრივ, სამუშაო ძალის დანახარჯებისა (და მისი ექსპლუატაციის) წყალობით ქმნის ახალ ღირებულებას, რომელიც რეალიზდება, როგორც ფულადი კაპიტალის კიდევ მეტი რაოდენობა. ამიტომ, ფულად კაპიტალზე მოთხოვნა წარმოშობს მოთხოვნას კრედიტზე. ბანკები ქმნიან ფულს ანუ კრედიტს, როგორც კაპიტალისტური დაგროვების პროცესის ნაწილს, ფინანსური კაპიტალი კაპიტალისტური წარმოების განუყოფელი ნაწილია. კეინზიანელთათვის ფულზე მოთხოვნა განისაზღვრება ინდივიდუალური აგენტების ირაციონალური საწყისით („ცხოველური ინსტიქტით“), ხოლო თანამედროვე მონეტარული თეორიის მიმდევართათვის - სახელმწიფო ვალით. ამის საპირისპიროდ, ფულის მარქსისტული თეორია ამტკიცებს, რომ ფულზე მოთხოვნა და, შესაბამისად, მისი ფასი დამოკიდებულია კაპიტალის დაგროვების ტემპსა და კაპიტალისტურ მოხმარებაზე

 

 

 

მონეტარული თეორია ისტორიულ ჭრილით

 

განვიხილოთ თუ რა წინააღმდეგობაა თანამედროვე მონეტარულ თეორიას, მის ჩარტალისტურ საწყისებსა და ფულის მარქსისტულ თეორიას შორის. მარქსის ფულადი თეორია სპეციფიკურია წარმოების კაპიტალისტური წესისათვის მაშინ, როცა თანამედროვე მონეტარული თეორია და ჩარტალიზმი არაისტორიულია. მარქსის მიხედვით, კაპიტალიზმის დროს ფული წარმოადგენს ღირებულებას და, შესაბამისად, ზედმეტ ღირებულებას. სქემაში - ფ-ს ... ს’-ფ’ - ფ (ფული) შეიძლება გაიცვალოს ს-ზე (საქონელზე) იმიტომ, რომ ფ წარმოადგენს ს-ს, ხოლო ფ’ წარმოადგენს ს’-ს. ფული ვერ შეძლებდა შესაძლებელი გაეხადა გაცვლა, გაცვლის უნარი იმთავითვე რომ არ ყოფილიყო თანდაყოლილი სასაქონლო წარმოებისათვის, ის რომ არ ყოფილიყო საზოგადოებრივად აუცილებელი აბსტრაქტული შრომის და, შესაბამისად, ღირებულების გამოხატულება. ამ შემთხვევაში ფული არ წარმოიშვება გაცვლის პროცესში, არამედ საცვლელი ღირებულების ან საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დროის ფულადი გამოხატულებაა. 

მარქსის თეორია აანალიზებს ფულის ფუნქციას კაპიტალისტურ სასაქონლო ეკონომიკაში. ეს ისტორიულად სპეციფიკური თეორიაა და არა ფულის საყოველთაო თეორია ისტორიის ნებისმიერი მომენტისათვის, და არა ფულის თეორია კაპიტალიზმამდელ ეკონომიკებში. ასე რომ, თუ მართალია ის, რომ ფული ისტორიაში პირველად გაჩნდა, როგორც გადასახადებისა და ვალების გადახდის აღრიცხვის ერთეული (როგორც ამტკიცებენ ჩარტალისტები და კეინზი), ეს არ ეწინააღმდეგება ფულის მარქსისტულ თეორიას კაპიტალიზმის დროს (Roberts M., 2019).

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალზე საეჭვოა ის, რომ ისტორიულად საელმწიფო ვალი იყოს ფულის გაჩენის მიზეზი. მარქსი ამტკიცებს, რომ ფული წარმოიშვება ბუნებრივი გზით, როცა სასაქონლო წარმოება ხდება სულ უფრო საყოველთაო. სახელმწიფო უბრალოდ ამტკიცებს ფულის ფორმას, მაგრამ ის მას არ იგონებს.

კლასიკურ ჩარტალიზმში კნაპი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები ისტორიულად აწესებდნენ საანგარიშო ერთეულს და ამ განსაკუთრებული ფორმით გადასახადების გადახდის მოთხოვნით, უზრუნველყოფდნენ იმას, რომ  ეს ფორმა მიმოქცევაში ყოფილიყო, როგორც გადახდის საშუალება. გადასახადის თითოეული გადამხდელი იძულებული იყო მოეპოვებინა თვითნებურად დაწესებული ფული და ამგვარად ჩართულიყო ფულად გაცვლაში. იოზეფ შუმპეტერმა უარყო ეს მიდგომა. მისი აზრით: „კნაპს რომ უბრალოდ ემტკიცებინა, - სახელმწიფოს შეუძლია გამოაცხადოს ნებისმიერი საგანი, სავალო ხელწერილი თუ ტოკენი (ნიშნის მატარებელი) კანონიერ საგადახდო საშუალებად და განცხადებას იმის შესახებ, რომ გარკვეული ტოკენი თუ ბილეთი მიღებული იქნება გადასახადების გადახდის დროს, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამ ტოკენისა თუ ბილეთისათვის გარკვეული ღირებულების მინიჭებას, მაშინ ის იტყოდა სიმართლეს, მაგრამ საკმაოდ ბანალურს. თუ ის განაცხადებდა, რომ სახელმწიფოს ასეთი ქმედება ანიჭებს ღირებულებას ამ ტოკენსა თუ ბილეთს, მაშინ ეს იქნება საინტერესო, მაგრამ მცდარი განცხადება“ (History of Economic Analysis, 1954).  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩარტალიზმი ან ბანალურია და ჭეშმარიტი, ან საინტერესოა, მაგრამ არამართებული.

მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმის დროს ფული ასრულებს ღირებულების საზომის, გაცვლის საშუალებისა და „ფული როგორც ფული“-ს ფუნქციას, რაც თავის თავში მოიცავს ვალზე გადახდებს. ღირებულების საზომი ფუნქცია გამომდინარეობს მარქსის ღირებულების შრომითი თეორიიდან და ესაა მთავარი განსხვავება ჩარტალისტებისა და თანამედროვე მონეტარული თეორიისგან, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ღირებულების თეორია და, შესაბამისად, არც ზედმეტი ღირებულების თეორია.

ფაქტობრივად, თანამედროვე მონეტარული თეორიის მიმდევრები უგულებელყოფენ ღირებულებას, როგორც ფულის საფუძველს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობებში. თანამედროვე მონეტარული თეორია, საბოლოო ჯამში,  შეიძლება დავიყვანოთ თეორიამდე, რომელიც ამართლებს შეუზღუდავ სახელმწიფო დანახარჯებს სრული დასაქმების მხარდასაჭერად და/ან აღსადგენად. სწორედ ამაში გამოიხატება მისი ამოცანა და სხვა არაფერში. სწორედ ამიტომ არის ის ასე მიმზიდველი მემარცხენეებისათვის. მაგრამ თანამედროვე მონეტარული თეორიის ეს აშკარა მისია მალავს ბევრად უფრო სერიოზულ დაბრკოლებას რეალური ცვლილებებისთვის.

თანამედროვე მონეტარული თეორია არაფერს ამბობს კაპიტალისტურ დაგროვებაში ასეთი კატაკლიზმების მიზეზებზე, გარდა იმისა, რომ მთავრობას შეუძლია თავიდან აირიდოს ეკონომიკაში მკვეთრი აღმავლობები და ვარდნები, თუ გონივრულად გამოიყენებს სახელმწიფო დანახარჯებს კაპიტალისტური დაგროვების პროცესში. ასე რომ, მას არ გააჩნია რეცეპტები საზოგადოებრივი სტრუქტურის რადიკალური ცვლილებებისათვის.

მარქსისტული ახსნა ყველაზე ამომწურავია, ვინაიდან მასში ფული და კრედიტი წარმოადგენს წარმოების კაპიტალისტური წესის გაგების განუყოფელ ნაწილს. ის გვიჩვენებს, რომ ფული არ წარმოადგენს მთავარ პრობლემას და რომ არასაკმარისია უბრალოდ ფინანსებში გასარკვევად. ის ასევე გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რატომაა გამოუსადეგარი კეინზიანური გადაწყვეტილებები ეკონომიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად (Roberts M., 2020).

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე მონეტარული თეორია ჩარტალიზმის პირმშოა. ამ უკანასკნელის მტკიცებით, ისტორიულად ფული შექმნა სახელმწიფომ და ის არ გაჩენილა ბარტერული ვაჭრობის განვითარების შედეგად (როგორც ამას ამტკიცებს თანამედროვე მეინსტრიმული ეკონომიკური თეორია) და არც ბაზრებისა და სასაქონლო წარმოების განვითარების შედეგად (მარქსისტული შეხედულებით).

თანამედროვე მონეტარული თეორია გვარწმუნებს იმაში, რომ ფულის ფასს სწორედ სახელმწიფო ადგენს და არა კაპიტალისტური საბაზრო ურთიერთობები. თანამედროვე მონეტარული თეორიის წამყვანი მომხრე რენდალ რეი (Randall Wray) აცხადებს, რომ ფული იძენს ღირებულებას არა საქონელგაცვლიდან, „არამედ სახელმწიფოს სურვილიდან მიიღოს ის ანაზღაურების სახით“. ჩარტალიზმის ფუძემდებლის კნაპის (Knapp) აზრით „ფული - კანონის პირმშოა“ და „საგადახდო საშუალებების დასახელება ღირებულების ახალ ერთეულთან შესაბამისად - ესაა ხელისუფლებების თავისუფალი ნების აქტი“. ამიტომ, თანამედროვე მონეტარული სისტემა - „ესაა ადმინისტრაციული ფენომენი“ და სხვა არაფერი.

კეინზი მხარს უჭერდა ამ შეხედულებას. ნაშრომში „ტრაქტატი ფულის შესახებ“, იგი წერს: „ჩარტალისტური, ანუ სახელმწიფო ფული გაჩნდა მაშინ, როცა სახელმწიფომ უფლება მოიპოვა განეცხადებინა, ანგარიშსწორების რომელი ერთეული უნდა ჩათვლილიყო ფულად მოცემულ მომენტში“ (Кейнс, 1993). თანამედროვე მონეტარული თეორია და კეინზი ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ ფული სახელმწიფოს პროდუქტია, რამდენადაც სახელმწიფო ადგენს საანგარიშო ერთეულს ყველა ტრანზაქციისათვის.

მაგრამ, საანგარიშო ერთეულის დადგენა (მაგალითად, დოლარის ან ევროსი) - ეს სულაც არაა ის, რომ დადგინდეს ტრანზაქციის ღირებულება, ანუ ღირებულების საზომი. თანამედროვე მონეტარული თეორია მხარს უჭერს ფულის ენდოგენურ თეორიას. ფული იქმნება მაშინ, როცა მეწარმეები ახდენენ ინვესტირებას, ხოლო შინამეურნეობები მათ ხარჯავენ, აგრეთვე მაშინ, როცა მათ ბანკები აკრედიტებენ ამ მიზნებისათვის. ბანკები ქმნიან სესხებს და ამგვარად - ფულს (სახელმწიფოს მიერ გამოშვებულს). მსესხებლები მას დეპოზიტზე დებენ და შემდეგ გადასახადებს უბრუნებენ სახელმწიფოს. თანამედროვე მონეტარული თეორიის თანახმად, ბანკები ქმნიან სესხებს და შემდეგ გადასახადები აუქმებენ დეპოზიტებს - სწორედ ამ თანმიმდევრობით. მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე მონეტარული თეორია უბრალოდ აღწერს საბანკო სისტემის პრინციპებს. ეს არის ის, რაზეც თავად თანამედროვე მონეტარული თეორიის მხარდამჭერები ამბობენ: „ჩვენ უბრალოდ ვამბობთ იმას, როგორ არის სინამდვილეში“.

მაგრამ, თანამედროვე მონეტარული თეორია უფრო შორს მიდის. ის ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ქმნის ფულს, რათა შემდეგ მიიღოს ის გადასახადების სახით. სახელმწიფოს შეუძლია აიძულოს მოქალაქეები გადაიხადონ გადასახადები და დააწესოს საგადახდო საშუალება, რომელიც გამოდგება ფულის სახით. ამგვარად, ფული - სახელმწიფოს პროდუქტია. თანამედროვე მონეტარული თეორიის თანახმად, მიმოქცევის ციკლი ასე გამოიყურება: სახელმწიფო ფული - არასახელმწიფო სუბიექტები - გადასახადები - სახელმწიფო ფული. სახელმწიფო ფულს უშვებს კერძო სექტორში, შემდეგ კი გადასახადების მეშვეობით უკან იბრუნებს. ჩვენგან - ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, თანამედროვე მონეტარული თეორია ამტკიცებს, რომ ფულის გამოშვება და გადასახადების ამოღება არა ალტერნატივა, არამედ ქმედებებია, რაც უბრალოდ ხდება ერთი ციკლის სხვადასხვა დროს. ამიტომ, როცა მთავრობა უშვებს ბიუჯეტის დეფიციტს და მეტს ხარჯავს, ვიდრე ღებულობს გადასახადებს, ეს ნიშნავს იმას, რომ არასახელმწიფო სექტორში რჩება ნამეტი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს ინვესტიციებსა და დამატებითი სამუშაო ძალის დაქირავებაზე. ამიტომ, ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება დაფინანსდეს ფულის გამოშვებით. გადასახადები საჭიროა არა სახელმწიფო დანახარჯების დასაფინანსებლად, არამედ ფულზე მოთხოვნის შესაქმნელად (გადასახადების გადასახდელად!).

თანამედროვე მონეტარული თეორია სიტუაციას გვიხატავს ისე, რომ მთელი პროცესი იწყება და სრულდება მთავრობის მიერ, როცა სინამდვილეში ის იწყება კაპიტალისტურ სისტემაში, რომელიც მოიცავს საბანკო სისტემასაც. გადასახადებს არ შეუძლია ფულის მოსპობა, რადგანაც გადასახადები ლოგიკურად აიკრიფება კერძო სექტორის გარკვეული დანახარჯების შემდეგ. გადასახადები იკრიფება, როცა კერძო სექტორი ხარჯავს ფულს და მთავრობა შეწყვეტს ამ გადასახადების გამოყენებას რესურსების მობილიზაციისათვის. კერძო შემოსავლები და დანახარჯები წინ უსწრებს გადასახადებს.

ჩერნევა წერს: „ჩარტალისტები ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ფული წარმოაგენს საზოგადოებრივ მონოპოლიას, მთავრობას აქვს პირდაპირი საშუალება მისი ღირებულების დასადგენად. გავიხსენოთ, რომ კნაპის თვალსაზრისით გადახდები ვალუტაში ზომავს ღირებულების ერთეულის გარკვეულ რაოდენობას. მაგალითად, თუ მთავრობას სჭირდება ადამიანმა ერთი საათი იმუშაოს ფულადი ბაზის ერთეულის მისაღებად, მაშინ ასეთი ფულადი ერთეული დაჯდება ზუსტად ერთი საათის სამუშაო. როგორც ვალუტის გამოშვების მონოპოლისტს, სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს ვალუტის ღირებულება იმ პირობების განსაზღვრით, როცა იქმნება ფულადი ბაზა“ (Tcherneva P., 2005).

„ჩარტალისტები გვთავაზობენ სრული დასაქმების პოლიტიკას, რომლის დროსაც სახელმწიფო გარედან ადგენს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფასს [ფულის ფასს], რაც, თავის მხრივ, ყველა სხვა ფასისთვის ღუზის როლს თამაშობს... ეს წინადადება ეფუძნება იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ მთავრობა არ შეიძლება წააწყდეს ოპერაციულ ფისკალურ შეზღუდვებს, რომ უმუშევრობა არის ვალუტის გამოშვების შეზღუდვის შედეგი და რომ მთავრობას შეუძლია გარედან დააწესოს ფასები“ (Tcherneva P., 2005).

ორთოდოქსი კეინზიანელი კალენ როში (Cullen Roche) აღნიშნავს: „თანამედროვე მონეტარული თეორია ხელახლა იგონებს ველოსიპედს, როცა ამტკიცებს, რომ მთავრობის (იგულისხმება დანარჩენი საზოგადოებაც) გამო სამსახურს ვერ იშოვით... თანამედროვე მონეტარული თეორია ერთმანეთში ურევს მიზეზსა და შედეგს“ (Roche Cullen, 2019).

როში აგრძელებს: „მართებული დამოკიდებულება ისაა, რომ კერძო რესურსები წინ უსწრებს გადასახადებს. კერძო სექტორის გარეშე, რომელიც ახდენს შემოსავლების გენერირებას, სახელმწიფოს მიერ შექმნილ აქტივებში არაფერია განსაკუთრებული და ეს აქტივები ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით არ შეიძლება ფასეული დარჩეს. ჩვენ ვქმნით აქტივებს, როცა ვაწარმოებთ საქონელსა და მომსახურებას ან ვაფართოვებთ ჩვენი აქტივების ღირებულებას ვალდებულებებთან შედარებით საწარმოო გამოშვების დახმარებით. აბსოლუტურად ულოგიკო და უგუნურების ზღვარს გაცილებული იქნება ვამტკიცოდ, რომ შესაძლებელია „აქტივების“ ბეჭდვა ჰაერიდან. სახელმწიფო ვალი - ეს, ლოგიკურად, საზოგადოების ვალდებულებაა, რომელიც მას ქმნის. აგრეგირებული სახელმწიფო ვალი - ეს ვალდებულებაა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ უნდა აანაზღაუროს საწარმოო გამოშვებით“ (Roche C., 2019).

ეკონომისტი სტეფანი კელტონი (Stephanie Kelton) მხარს უჭერს თანამედროვე მონეტარულ თეორიას, მას მრავალი მომხრე ჰყავს. ის ამტკიცებს, რომ მთავრობას ეკონომიკაში საწარმოო რესურსების სრულად გამოყენების მისაღწევად შეუძლია გაზარდოს დანახარჯები ნებისმიერ საჭირო დონემდე ფულის გამოშვებით, რადგანაც ასეთი დანახარჯები „საკუთარ თავს აფინანსებს“ (Smialek J., 2022).

ფულის მარქსისტული თეორია ემხრობა ფულისადმი ენდოგენურ მიდგომას იმ აზრით, რომ ფული შეიძლება გვევლინებოდეს გაცვლის საშუალებად და დაგროვების საშუალებად მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიკის კაპიტალისტური სექტორი ქმნის მასზე მოთხოვნას. ბანკები გასცემენ კრედიტებს და ქმნიან დეპოზიტებს და არა პირიქით. სინამდვილეში, ფულის მარქსისტული თეორია ენდოგენურად უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე თანამედროვე მონეტარული თეორია, რადგანაც ამტკიცებს დაგროვების კაპიტალისტურ პროცესის პრიმატს (ბანკებსა და ბაზრებთან ერთად) ფულის ღირებულების განსაზღვრაში, და არა სახელმწიფოს „გარე“ როლის პრიმატს. 

სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი სურვილისამებრ დაადგინოს ფულის ღირებულება ძალზე მარტივი მიზეზის გამო. კაპიტალისტურ ეკონომიკაში დომინირებს არა სახელმწიფო, არამედ მას მართავენ კაპიტალისტური კომპანიები, ბანკები და სხვა ინსტიტუტები. ისინი ღებულობენ გადაწყვეტილებას მომგებიანობაზე დაყრდნობით. შედეგად, ისინი ენდოგენურად ანიჭებენ საქონელსა და ფულს ღირებულებას. მარქსის ღირებულების კანონის მიხედვით, ღირებულება მერყეობს საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დროის გარშემო, რომელიც დახარჯულია საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე, ანუ, დამოკიდებულია საშუალო მწარმოებლურობისა და შრომის ინტენსივობის ტექნოლოგიებზე. სახელმწიფოს არ ძალუძს ამ რეალობის იგნორირება ან გადალახვა.

ეს კი რეალობაა. მოვიყვანოთ ზოგიერთი ემპირიული მტკიცებულება, რაც, სხვათა შორის, თანამედროვე მონეტარული თეორიის მომხრეებს არ მოჰყავთ. სახელმწიფო დანახარჯები თანამედროვე ეკონომიკებში, განსაკუთრებით იქ, სადაც პოპულარულია თანამედროვე მონეტარული თეორია, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, შეადგენს GDP-ის დაახლოებით 30-50%-ს. სახელმწიფო ინვესტიციები იკავებს GDP-ის მხოლოდ 3-5%-ს. ეს შევადაროთ კაპიტალისტური სექტორის ინვესტიციებს, რომლებიც ტოლია GDP-ის 15-25%-ის და შინამეურნეობათა დანახარჯებს, რომელიც GDP-ის 55-70%-ია. სახელმწიფო ობლიგაციების რაოდენობა, რასაც ფლობენ რეზიდენტები, შეადგენს აქტივების წმინდა ღირებულების მხოლოდ 4%-ს.

სახელმწიფო დანახარჯებსა და უმუშევრობას შორის მცირედი ემპირიული ანალიზის შედეგი გვიჩვენებს სრულიად საწინააღმდეგოს! საფრანგეთში სახელმწიფო დანახარჯები შეადგენს GDP-ის 55%-ს, იაპონიაში - 39%-ს, ხოლო აშშ-ში - 38%-ს. ამ ქვეყნებიდან  უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე საფრანგეთშია - 9%, იაპონიაში - 2,4%, აშშ-ში - 4%. ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში უფრო მაღალი უმუშევრობის დონე შეიმჩნევა იქ, სადაც უფრო დიდია სახელმწიფო დანახარჯები. ეს კი გვიჩვენებს, რომ უმუშევრობაზე რაღაც სხვა მოქმედებს და არა სახელმწიფო დანახარჯების უკმარისობა(იხ. დიაგრამა 1).

 

მთავრობის დანახარჯები მთლიანი სამამულო პროდუქტისა და უმუშევრობის დონის მიმართ OECD ეკონომიკებში (%)

 

დიაგრამა 1.

წყარო:[1]  https://thenextrecession.wordpress.com/2019/02/03/mmt-2-the-tricks-of-circulation/

 

ამიტომ, სახელმწიფოს მიერ ვალუტის გამოშვება ძნელად თუ შეიძლება იყოს ეკონომიკისა და დასაქმების მთავარი მამოძრავებელი ძალა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მონეტარული თეორიის დამცველები ხანდახან ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს არის პრობლემა - უბრალოდ მიეცით საშუალება სახელმწიფოს დახარჯოს ფული, განსაკუთრებით ინვესტიციებზე, რომელიც ფინანსდება „ფულის გამოშვებით“ და მაშინ სახელმწიფო გარედან გადალახავს კაპიტალისტური დაგროვების ვარდნას. მაგრამ ასეთი პასუხი დაუყოვნებლივ წარმოშობს სხვა თემას, რომელსაც თანამედროვე მონეტარული თეორიის მხარდამჭერები ფრთხილად უვლიან გვერდს. კარგია თუ ცუდი, მაინც თანამედროვე ეკონომიკას მართავს კაპიტალისტური სექტორი და არა სახელმწიფო ფული.

შეესაბამება თუ არა რეალობას თანამედროვე მონეტარული თეორიის განცხადება იმაზე, რომ თანამედროვე ეკონომიკაში უმუშევრობის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკოსები არ მიჰყვებიან თანამედროვე მონეტარულ თეორიას და ამიტომ, მთავრობებს ნება უნდა დავრთოთ ფულის ემისიით დახარჯონ იმდენი, რამდენიც აუცილებელია? კეინზი და მარქსი, რა თქმა უნდა, განსხვავებულად ხედავდნენ ამას. კეინზი ამტკიცებდა, რომ უმუშევრობა ჩნდება იმიტომ, რომ კაპიტალისტები არასაკმარისად ახორციელებენ ინვესტიციებს. იგივე თქვა მარქსმა და აღნიშნა, რომ შრომის სარეზერვო არმია დაგროვების პროცესში მუდმივი კაპიტალის ზრდის შედეგია. მარქსი და კეინზი სხვადასხვანაირად ხსნიდნენ ინვესტიციებში რყევების მიზეზებს. მარქსი მიზეზს ხედავდა მომგებიანობაში, კეინზი - „ირაციონალურ საწყისში“ (“animal spirits”) და „ბიზნესის დარწმუნებულობაში“. მაგრამ, ორივე თვლიდა, რომ პრობლემა კაპიტალიზმის შიგნითაა, კერძოდ, კეინზის აზრით - ფინანსურ სექტორში, მარქსის აზრით - თავად კაპიტალიზმში. ამათგან განსხვავებით, თანამედროვე მონეტარული თეორიის მტკიცებით, პრობლემა ისაა, რომ მთავრობას არ აძლევენ ვალუტის ემისისიის ზრდის უფლებას!

მაგრამ, შესაძლოა, თანამედროვე მონეტარული თეორიის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა ის იყოს, რომ მიმოქცევის ციკლში ის არ გამოყოფს კაპიტალისტურ სექტორს, არამედ აჩვენებს მხოლოდ სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებს. ის არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რატომ განიცდის თანამედროვე ეკონომიკა რეგულარულად ვარდნებს წარმოებასა და ინვესტიციებში. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე მონეტარული თეორიას იგივე პოზიცია აქვს, როგორც კეინზს. მიზეზი შეიძლება იყოს „ეფექტიანი მოთხოვნის“ უკმარისობა ან „ირაციონალური საწყისი“ (“animal spirits”), რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების თანამედროვე კაპიტალისტური წესის, როგორც ასეთის, წინააღმდეგობებთან. თანამედროვე მონეტარული თეორიის მომხრეები იკავებენ იმავე პოზიციას, როგორსაც ორთოდოქსული კეინზიანელი პოლ კრუგმანი: „რაც უნდა იყოს დეპრესიის მიზეზი, მთავარია მისგან თავის დაღწევა სახელმწიფო ხარჯებით“ (Krugman and depression economics, 2012). კრუგმანის მიხედვით, დეპრესიის დაძლევა ობლიგაციების გამოშვებით დაფინანსებული რაციონალური დანახარჯებითაა შესაძლებელი, თანამედროვე მონეტარული თეორიის მიხედვით - დანახარჯების დახმარებით, რომლებიც პირდაპირ დაფინანსებულია ფულის ბეჭდვით.

მეცნიერებამ უნდა დაადგინოს მიზეზები, რათა აირჩიოს საუკეთესო საშუალება შედეგების თავიდან ასაცილებლად. იმედი იმისა, რომ სახელმწიფო ხარჯები პანაცეაა, ძნელად შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერებად. სინამდვილეში, მარქსისტულმა ეკონომიკამ დიდი სამუშაო შეასრულა იმის დასამტკიცებლად, რომ განმეორებადი კრიზისების ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი კაპიტალის უკუგების შემცირებაა და არა მოთხოვნის უკმარისობა ან თუნდაც ეკონომია საზოგადოებრივ დანახარჯებზე. აქედან გამომდინარე, საჭიროა მონეტარული ეკონომიკის სრულად შეცვლა, რომელიც უმიზნებს მოგების მიღებას.

თანამედროვე მონეტარული თეორია მიიჩნევს, რომ ის ფულის ენდოგენური თეორიაა, მაგრამ, რეალურად ის ეგზოგენურია და ეფუძნება სახელმწიფოს მიერ ფულის გამოშვებას. ის ამტკიცებს, რომ სრული დასაქმების მისაღწევად, სახელმწიფო დანახარჯები შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერ საჭირო დონემდე ფულის გამოშვებით საწარმოო აქტივობის გაუთვალისწინებლად ეკონომიკის არასახელმწიფო სექტორში და განსაკუთრებით, კაპიტალისტური სექტორის მომგებიანობის გაუთვალისწინებლად. მართლაც, თანამედროვე მონეტარული თეორიის თანახმად, შესაძლებელია კაპიტალიზმის გადარჩენა და ჰარმონიული ზრდისა და სრული დასაქმების მიღწევა „მიმოქცევის ხრიკების“ წყალობით. თანამედროვე მონეტარული თეორია უგულებელყოფს ან მალავს სამუშაო ძალის მოგების მიზნით ექსპლუატაციის საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ფუნდამენტური ცვლილებების ნაცვლად ის ცდილობს მოგვყიდოს „ყველა დაავადებისგან განკურნების საშუალება“.

დიდი დეპრესიის შემდეგ, მემარცხენე ეკონომისტები ცდილობდნენ გაებათილებინათ ნეოლიბერალური მეინსტრიმული ეკონომიკური თეორიები, რომელთა მოწოდება იყო დაბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიღწევა და დიდი სახელმწიფო ვალის შემცირება. მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა, რომელიც მომდინარეობს ნეოლიბერალური შეხედულებებიდან, ნიშნავს სოციალური შემწეობებისა და სახელმწიფო მომსახურების შემცირებას, რეალური ხელფასის სტაგნაციას და უმუშევრობის ზრდას. ბუნებრივია, რომ დღის წესრიგში დადგა ამ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც მთლიანად საზოგადოებას აკისრებს ბანკების ბანკროტობითა და კაპიტალიზმის კრახით გამოწვეულ დანაკარგებს (წყარო: https://thenextrecession.wordpress.com/2019/02/05/mmt-3-a-backstop-to-capitalism/).

სტანდარტული ალტერნატივა მომდინარეობს ტრადიციული კეინზიანელობისგან, რომლის მიხედვით, სახელმწიფო დანახარჯების გაფართოებას (წლიური ბიუჯეტების დეფიციტის ზრდით) შეუძლია გაზარდოს ეფექტიანი მოთხოვნა კაპიტალისტურ ეკონომიკაში, შექმნას სამუშაო ადგილები და აამაღლოს ხელფასი. სწორედ აქ შემოდის მოქმედებაში თანამედროვე მონეტარული თეორია, რომლის წამყვანი ანალიტიკოსის - რენდალ რეის აზრით, თანამედროვე მონეტარულ თეორიას შემოაქვს მონეტარული რეგულირების კეინზიანურ პოლიტიკაში თეორიული არგუმენტი, რომელიც აცხადებს, რომ „სუვერენულ მთავრობას არ შეუძლია ამოწუროს თავისი საკუთარი ვალუტა“. იმის გამო, რომ არსებობს სახელმწიფო მონოპოლია საანგარიშო ერთეულის ფიქსირებაზე (დოლარი, ევრო ან პესო), მას შეუძლია შექმნას იმდენი ფული, რამდენიც მას სჭირდება, გაანაწილოს ეს ფული არასახელმწიფო სუბიექტებს შორის და, ამგვარად, აამაღლოს მოთხოვნა და უზრუნველყოს სამუშაო ადგილები და შემოსავლების ზრდა. როგორც სტეფანი კელტონი - თანამედროვე მონეტარული თეორიის წამყვანი ექსპერტი და ბერნი სანდერსის მრჩეველი აცხადებს, „ვალუტის ემიტენტი ვერასოდეს ვერ ამოწურავს ფულს, რადგანაც მას ყოველთვის შეუძლია დაბეჭდოს ... მეტი დოლარები, პესოები, რუბლები, იენები და ა. შ.“ (Wray L. R., 2015).

ამგვარად, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტებით მართვა (და სახელმწიფო სექტორის ვალის ზრდა) პრობლემას არ წარმოადგენს. რადგანაც კაპიტალისტურ ეკონომიკაში თითქმის ყოველთვის აქვს ადგილი უმუშევრობასა და რესურსების არასაკმარისად გამოყენებას, ყოველთვის არსებობს მოთხოვნის ამაღლების შესაძლებლობა, თანაც, არამხოლოდ დროებით, ვიდრე კაპიტალისტური სექტორი, კვლავ არ გაჯანსაღდება (როგორც კეინზიანური პოლიტიკითაა ნაგულისხმევი), არამედ მუდმივად. ეს ძალზე მიმზიდველად ჟღერს მემარცხენე პოლიტიკოსებისათვის (Wray L. Randall, 2015). ასეთია შეუზღუდავი სახელმწიფო დანახარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის თეორიული დასაბუთება სრული დასაქმების მისაღწევად, ეკონომიკის კაპიტალისტური სექტორის უსიამოვნო ასპექტებზე შეხების გარეშე. ყველაფერი, რაც პოლიტიკოსებს და მთავრობებს სჭირდებათ, არის იმის აღიარება, რომ სახელმწიფოს არ შეიძლება ფული ამოეწუროს.

საკვანძო მნიშვნელობის პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე მონეტარული თეორიის წინაპირობაზე - ესაა „დასაქმების სამთავრობო გარანტიები“. ყველასთვის განარანტირებულად იარსებებს სამუშაო, თუ მათ სურთ ან ექნებათ ამის საჭიროება; მთავრობა მათ დაიქირავებს პროექტებზე; ან გადაიხდის მათთვის, რათა მათ მიიღონ სამუშაო. ადამიანთა უმრავლესობა მუშაობს კაპიტალისტურ კომპანიებში ან მთავრობაში, მაგრამ უმუშევრობა რჩება და შეიძლება მოიცვას სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ, მთავრობა უნდა იყოს „ბოლო ინსტანციის დამსაქმებელი“. ის არ ჩაანაცვლებს კაპიტალისტურ კომპანიებს, სამაგიეროდ დაასაქმებს სამუშაო ასაკის იმ ადამიანებს, რომელთა გამოყენება კერძო კაპიტალმა ვერ შეძლო. როგორც რენდალ რეი აცხადებს: „მე უბრალოდ ავამოქმედებდი ბუფერულ პროგრამას შრომისათვის“. ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი უწოდებს სამთავრობო ყავარჯნებს კაპიტალიზმისათვის.

დასაქმების გარანტია ყველასათვის მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ იქნება სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი მინიმუმით (ხელფასი, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება). პირიქით, სამუშაო, რომელიც შემოთავაზებულია დასაქმების გარანტიის მიხედვით, იძლევა მხოლოდ მინიმალურ ხელფასს, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნილებას „არ უწევდეს კონკურენციას ხელფასის სტრუქტურას ეკონომიკის კერძო სექტორში“. სხვა სიტყვებით, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Amazon და Walmart, ან მცირე საცალო და გასართობი საწარმოები, უწინდებურად შეძლებენ თავიანთი მუშაკებისთვის ძალზე დაბალი ხელფასის გადახდას (ანუ, თითქმის მინიმალურის) გარანტირებული დასაქმების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას, რადგანაც დასაქმების გარანტიის მიხედვით სამუშაო ანაზღაურდება კიდევ უფრო დაბალი სიდიდით.

ამგვარად, გარანტირებული დასაქმება გვევლინება, როგორც ყავარჯნები კერძო სექტორისათვის და არა მისი ფუნქციების შემცვლელი. აი რას ფიქრობს ამის თაობაზე უილიამ მიტჩელი: „მთავრობა იყენებს სამუშაო ადგილების ბუფერულ მარაგებს მუშაკების დასაქმებისათვის, რომელთაც არ შეუძლიათ კერძო სექტორში სამუშაოს პოვნა. ფული ფართოვდება (მცირდება), როცა მცირდება (ფართოვდება) კერძო სექტორის აქტიურობა. გარანტირებული დასაქმება ასრულებს შთანთქმის ამ ფუნქციას, რათა მოხდეს დანახარჯების მინიმიზაცია, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ნაკადებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა მუდმივად შთანთქავს კერძო სექტორიდან იძულებით გამოდევნილ მუშაკებს. „ბუფერული მარაგის“ მუშაკებს აუნაზღაურდებათ ხელფასი, რომელიც ეკონომიკაში მინიმალური ხელფასის დონითაა განსაზღვრული“.

გარკვეული აზრით, ეს გვაგონებს უპირობო საბაზისო შემოსავლის იდეას. ეს უკანასკნელი აგრეთვე წარმოადგენს თავისებურ ყავარჯნებს კაპიტალიზმისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების ძირითად შემოსავალს მაშინაც კი, როცა ისინი არ მუშაობენ. დასაქმების გარანტია გვთავაზობს მინიმალურ ხელფასს, თუ თქვენ გსურთ მუშაობა. მაგრამ, ერთიც და მეორეც საფრთხეს არ წარმოადგენს ხელფასის კაპიტალისტური სტრუქტურისათვის ან კაპიტალის გადაწყვეტილებაზე იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იქნეს დაქირავებული და როგორი პირობებით. როგორც მიტჩელი აღნიშნავს: „იმისათვის, რათა არ დაირღვეს ხელფასის სტრუქტურა კერძო სექტორში და უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა დასაქმების გარანტიისა სტაბილურ ინფლაციასთან, ხელფასის დონე გარანტირებულ დასაქმებაში უკეთესია დაწესდეს მინიმალური ხელფასის დონეზე“.

ბუნებრივია, ეს გვახსენებს რუზველტის 1930-იანი წლების ახალ კურსს. რუზველტისეული საზოგადოებრივი მართვით, მრავალი უმუშევარი იქნა გაგზავნილი ფართო სპექტრის საზოგადოებრივი სამუშაოების პროექტების სამუშაოებზე, რომელიც დაფინანსებული იყო მთავრობის მიერ ხიდების, აეროპორტების, ჯებირების, საფოსტო განყოფილებების, საავადმყოფოებისა და ასობით ათასი მილი გზების მშენებლობებზე. ყველაფერი ეს კეთდებოდა ძალზე მოკრძალებული ანაზღაურებით. გადაჭრა თუ არა ამან ძალზე მაღალი უმუშევრობის პრობლემა დიდი დეპრესიის დროს? 1933 წელს უმუშევრობის დონე იყო 25%, ხოლო 1938 წელს - 19%, ასე რომ, ზემოაღნიშნული პოლიტიკა ვერ ჩაითვლება წარმატებულად. თანამედროვე მონეტარული თეორიის მიმდევრები იტყვიან, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ რუზველტი აგრძელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების მცდელობას და მას არ აუმოქმედებია ბიუჯეტის მუდმივი დეფიციტი.

გარანტირებული დასაქმების პროგრამა ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შეთავაზებას მხოლოდ მინიმალური ხელფასით. ეს ასევე გვაგონებს ყბადაღებულ „ჰარცის შრომით რეფორმებს“ გერმანიაში 2000-იანი წლების დასაწყისში, რომელმაც შექმნა პროგრამები უმუშევართათვის მინიმალური ხელფასით. უმუშევრობის დონე შემცირდა, მაგრამ რეალური ხელფასი დარჩა უწინდელ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა ყველაზე დაბალ დონეზეა 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, მშრომელი გერმანელების დაახლოებით 9,7% კვლავ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რაც თვეში 940 ევროიან (ან უფრო ნაკლებ) შემოსავალს გულისხმობს. მართლაც, დასაქმებული ღარიბების ეს მაჩვენებელი ევროსტატის მიხედვით აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს - 9,5%-ს (იხ.დიაგრამა 2).

 

რეალური ხელფასი გერმანიაში და მთლიანი სამამულო პროდუქტი

მოსახლეობის ერთ სულზე

 

დიაგრამა 2. 

წყარო: https://www.thelocal.de/20170511/how-labour-reforms-minimum-wage/

 

თანამედროვე მონეტარული თეორიის მიერ ინსპირირებული შეუჩერებელი სახელმწიფო დანახარჯების პრობლემა ინფლაციაა. სახელმწიფოს შეუძლია გააკონტროლოს და გამოუშვას ვალუტა, მთავრობასაც არასოდეს არ ამოეწურება ის, მაგრამ კაპიტალისტური სექტორი აკონტროლებს ტექნოლოგიებს, სამუშაო ძალის შრომის პირობებს, კვალიფიკაციის დონეს და ექსპლოატაციის ინტენსივობას. სხვა სიტყვებით, შრომის მწარმოებლურობა (რეალური ღირებულება) არ იმყოფება სახელმწიფოს კონტროლქვეშ, მიუხედავად მის ხელთ არსებული დოლარის ბეჭდვის სრული მონოპოლიისა. ამგვარად, ეკონომიკა შეზღუდულია სამუშაო ძალის მწარმოებლურობითა და ზომით, მაშ შემდეგ, რაც ის სრულად ამოქმედდება. თუ მთავრობა გააგრძელებს ფულის ემისიას, როცა უკვე შეუძლებელი იქნება წარმოების შემდგომი გაფართოება, მაშინ ამას მოჰყვება სანედლეულო საქონლისა და/ან სპეკულაციური ფინანსური აქტივების ფასების მკვეთრი ზრდა.

თანამედროვე მონეტარული თეორიის მიმდევრებს მშვენივრად მოეხსენებათ ამ პრობლემის შესახებ. უილიამ მიტჩელი ამტკიცებს: „როცა კერძო სექტორის აქტივობის დონე ისეთია, რომ ხელფასზე ფასების ზეწოლა ფორმირდება, როგორც ინფლაციური ეპიზოდის წინასწარმაუწყებელი, მთავრობას შეუძლია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის (სასურველია ფისკალური პოლიტიკა) პარამეტრებით მანიპულირება, კერძო სექტორის მოთხოვნის დონის შესამცირებლად“. სხვა სიტყვებით, მთავრობა შეამცირებს დანახარჯებს ან გაზრდის გადასახადებს და/ან საპროცენტო განაკვეთებს მეინსტრიმის ტრადიციულ სტილში. როგორც რენდალ რეი ამტკიცებს: „გადაწყვეტილების მიზანია, თავიდან ავიცილოთ დამატებითი დანახარჯები, როგორც კი მიღწეული იქნება სრული დასაქმება. ზედმიწევნით უნდა  დაიგეგმოს დანახარჯები  ჯერ კიდევ სრულ დასაქმებამდე, რათა ავიცილოთ ვიწრო ადგილები“ (Mitchell W., 2020).

ამგვარად, ჩვენ ვუბრუნდებით მაკრო დონეზე ტრადიციულ კეინზიანურ მართვას, რომელმაც 1970-იან წლებში სრული კრახი განიცადა, როცა კაპიტალისტური ეკონომიკები განიცდიდნენ სტაგფლაციას, ანუ, ინფლაციისა და უმუშევრობის ერთდროულად ზრდას. ამის მიზეზი იყო ის, რომ ინფლაცია და დასაქმება კაპიტალისტურ ეკონომიკაში არ იმყოფება სახელმწიფოს კონტროლქვეშ, არამედ დამოკიდებულია კაპიტალზე შემოსავლიანობასა და კაპიტალისტების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. თანამედროვე მონეტარული თეორია გთავაზობს კაპიტალისტური ინვესტიციებისა და დასაქმების მხოლოდ მხარდაჭერას და არა ალტერნატივას (Robers M., 2017).

თუ არსებობს ინფლაცია ქვეყნის შიგნით, რომელიც ზღუდავს ექსპორტს ქვეყნისათვის, თანამედროვე მონეტარული თეორიის მიმდევრები გვთავაზობენ მცურავ სავალუტო კურსს. ასე რომ, არავითარი კონტროლი კაპიტალზე და არავითარი ჩარევა სავალუტო ბაზრებში. რენდალ რეი აცხადებს: „დოლარს ცურვის საშუალება უნდა მივცეთ“. ეს შეიძლება ნორმალური იყოს აშშ-ისათვის, რომლის ვალუტა წარმოადგენს საერთაშორისო სარეზერვო ვალუტას და მხარდაჭერილი უნდა იყოს უცხოური სახელმწიფოებისა და კომპანიების მიერ ბიზნესის კეთებისთვის. მაგრამ ეს არ ვრცელდება მცირე კაპიტალისტურ ეკონომიკებზე, განსაკუთრებით ე.წ. განვითარებად ეკონომიკებზე. თუ ინფლაცია ძალას იკრეფს სრული დასაქმების შენარჩუნების მიზნით მთავრობის მიერ ფულის შეუჩერებელი ემისიის გამო, მაშინ, როცა კაპიტალისტური წარმოება პარალიზებულია, შედეგი იქნება ჰიპერინფლაცია. და თუ ეს ვალუტები ცურავს ყოველგვარი კონტროლის გარეშე, მაშინ ვალუტების ღირებულება დაეცემა, როგორც ეს მოხდა თურქეთში, არგენტინაში, ვენესუელაში და ა.შ

დასკვნა

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამედროვე მონეტარული თეორია არის ძირითადად აშშ/ავსტრალიაზე ორიენტირებული თეორია და გვთავაზობს პოლიტიკურ რეცეპტებს, რაც არ გამოიყენება მსოფლიოს ეკონომიკის უმეტესობისთვის - ისევე როგორც კეინზიანური თეორია და პოლიტიკა. სახელმწიფოს შეუძლია გააკონტროლოს თავისი ვალუტის გამოშვება, მაგრამ ის ვერ შეძლებს გააკონტროლოს მისი ღირებულება სხვა ვალუტებთან ან ოქროსთან, მსოფლიო ფულთან მიმართებით. თუ ვალუტის მფლობელები ან პოტენციური მყიდველები დაკარგავენ ნდობას მისი ღირებულების მიმართ, მაშინ მისი ღირებულება ჩამოიშლება, რაც გამოიწვევს ინფლაციის ზრდას.

მემარცხენე პოლიტიკური ლიდერები გამოდიან მკაცრი ეკონომიის - მეინსტრიმის პოლიტიკის წინააღმდეგ. მაგრამ მათ არ სურთ პოლიტიკა, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის კაპიტალისტურ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათთვის ეს არის ძალიან სარისკო და არარეალისტური (Robers M., 2017). ამიტომ ურჩევნიათ პოლიტიკა, რომელსაც, მათი აზრით, შეუძლია შემოაბრუნოს მკაცრი ეკონომია კაპიტალიზმისათვის საფრთხის გარეშე, განსხვავებით კეინზის დეფიციტური დაფინანსებისგან. თანამედროვე მონეტარული თეორია გვთავაზობს მუდმივი დეფიციტური დაფინანსების ახალ თეორიულ დასაბუთებას - სახელმწიფო აკონტროლებს ფულს, როგორც საანგარიშო ერთეულს და ამიტომ არ არსებობს შეზღუდვები სახელმწიფო დანახარჯებზე, ხოლო სახელმწიფო ვალის ზრდაზე არაფერია სანერვიულო. ერთადერთი შეზღუდვა წარმოიქმნება მაშინ, როცა რესურსები ამოიწურება, რა დროსაც შეიძლება დაიწყოს ინფლაცია. მაშინ დგება გადასახადებით დაბეგვრის დრო.

ამრიგად, თანამედროვე მონეტარული თეორია მოქმედებს, როგორც კაპიტალიზმის ყავარჯენი - სახელმწიფო არის ბოლო ინსტანციის, მაგრამ არა მთავარი დამსაქმებელი. ის მოწოდებულია, მოახდინოს კაპიტალისტური წარმოების წარუმატებლობების კომპენსაცია (გამოსწორება) და არა მისი ჩანაცვლება.

 

 

 

ლიტერატურა:

 

 

 

References:

 



[1] შენიშვნა: ჰორიზონტალური ღერძი გვიჩვენებს სახელმწიფო დანახარჯების წილს GDP-ში, ხოლო ვერტიკალური - უმუშევრობის დონეს. ტრენდის ხაზი გვიჩვენებს, რომ უფრო მაღალი სახელმწიფო დანახარჯები კორელაციაშია უმუშევრობის უფრო მაღალ დონესთან.