English / ქართული /








Journal number 2 ∘ Erekle Pirveli
Sectoral Analysis of the Economic Model of Georgia

This paper aims to study the efficiency of the economic model of Georgia through investigating its sectoral development. This is the first study that analyzes annual financial statements of more than 500 large private sector entities of Georgia. The financial data have been officially withdrawn from the Supervision Service, and descriptive data (firm category, identification code, and the sphere of operation) have been automatically downloaded from the official website of the Supervision Service (www.reportal.ge) using artificial intelligence techniques.

The investigated sample entities operate in one of the following four areas: manufacturing, retail, services and finance. The author looks at this information in terms of the number, size and profitability of the entities. The results show that the smallest number of entities (19%) operates within the manufacturing sector. This already raises the doubt that Georgia’s economic model is rather inefficient. By looking at the size of the entities, the work further detects that the financial sector stands for the largest sector. The difference between the size of the finance sector players and those within the other sectors is so evident that this may only strengthen the above risen doubt on wrong economic pattern of development. In terms of profitability, it is further revealed that trade and service sectors are the leading ones. In other words, there are fewer and smaller sized entities operating within the manufacturing sector, which are likely to be less focused on high-tech production and thus are earning relatively lower income margins.

It is recommended that the government agencies prioritize the growth of enterprise involvement within the manufacturing sector, which may potentially serve as a basis to move towards the introduction of knowledge-based, high-tech manufacturing paths in the medium- and long-term perspective.

Keywords: Georgia; economic model; sectoral analysis; sectoral efficiency; real industry; economic growth.

JEL Codes: C30, C31, D58

საქართველოს ეკონომიკური მოდელის დარგობრივი ანალიზი

ავტორი მადლობას უხდის აკადემიკოს ლადო პაპავას კვლევის განმავლობაში გაწეული რეკომენდაციებისთვის.

კვლევის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მოდელის დარგობრივი შესწავლა. ჩვენ გავაანალიზეთ საქართველოს კერძო სექტორის 531 მსხვილი საწარმო, რომლებიც შემდეგ ოთხ დარგში ოპერირებენ: წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება და ფინანსები. დაკვირვების ობიექტის შესწავლა მოხდა საწარმოთა რაოდენობის, სიდიდისა და მომგებიანობის ჭრილში თითოეული დარგის მიხედვით.

შედეგები გვიჩვენებს, რომ წარმოების სფეროში საწარმოთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა (19%) ფუნქციონირებს. აღნიშნული აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ არასწორი ეკონომიკური მოდელის შედეგად ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის ეფექტს. საწარმოთა ზომაზე დაკვირვებით, ასევე, ვიგებთ, რომ ყველაზე დიდი ფინანსური სექტორია. სიდიდეში სხვაობა ფინანსების სექტორის საწარმოებსა და სხვა დარგის საწარმოებს შორის იმდენად თვალშისაცემია, რომ ის ეკონომიკის არასწორი მიმართულებით განვითარების კიდევ ერთი სამწუხარო მანიშნებელია. მომგებიანობის მხრივ კი ვაჭრობისა და მომსახურების დარგები ლიდერობენ. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ წარმოების სექტორში ნაკლები რაოდენობისა და მომცრო ზომის საწარმოები არიან ჩართულნი, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე ნაკლებად ორიენტირების ფონზე, ასევე შედარებით დაბალ შემოსავლებს იღებენ.

რეკომენდებულია წარმოების სექტორში საწარმოთა ჩართულობის ზრდის სტიმულირება, რაც შესაძლოა ცოდნაზე დაფუძნებული, მაღალტექნოლოგიური წარმოების საფუძველი გახდეს.

საკვანძო სიტყვები: საქართველო; ეკონომიკური მოდელი; დარგობრივი ანალიზი; სექტორული ანალიზი; რეალური ინდუსტრია; ეკონომიკის ზრდა.

JEL Codes: C30, C31, D58

შესავალი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული ზომიერი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული ზრდა მთლიან სამამულო პროდუქტში (GDP) (პაპავა ვ., სილაგაძე ა. 2019) დიდწილად მიღწეულია შემდეგ დარგებში:  საფინანსო საქმიანობა, ვაჭრობა და მომსახურება. ქვეყანას კი რეალური, ანუ საქონლისა და მომსახურების წარმოებით მიღებული ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება.

ქვეყნის GDP-ის წარმოების შესახებ აქამდე არსებული ცოდნა, ძირითადად, მაკროეკონომიკურ მონაცემებზეა დაყრდნობილი. საქსტატის წლიური მონაცემებით  2018 წელს ქვეყნის GDP-ის 24,8% შეიქმნა მრეწველობის, 12,9% – მშენებლობის, 12,4% – ვაჭრობის, 9,2% – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ხოლო 6,8% კი – სოფლის მეურნეობის დარგში (საქსტატი, 2019). სტატისტიკის სამსახურის მოცემული მაჩვენებლები ქვეყნის (და არა ფირმის) დონეზე არსებულ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი. მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე დაყრდნობით  შეგვიძლია დავინახოთ, თუ რომელი დარგი რა რაოდენობის GDP-ს ქმნის. თუმცა, აღნიშნული სურათი არ არის სრული. ასეთ შემთხვევაში, არ ჩანს თითოეულ დარგში რამდენი და რა სიდიდის საწარმოა ჩართული. შესაბამისად, რთულია დავასკვნათ, თუ რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მცდელობაა წინამდებარე კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში ამოვიღეთ კერძო სექტორის 500-ზე მეტი საწარმოს ფინანსური ინფორმაცია, რათა დაგვედგინა, თუ რომელ დარგში რა რაოდენობის, სიდიდისა და მომგებიანობის საწარმო ფუნქციონირებს.

დაკვირვება განხორციელდა იმ საწარმოების წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 20 იანვრამდე დროით ინტერვალში ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (ზედამხედველობის სამსახურს) კანონის მოთხოვნის ფარგლებში თავიანთი 2017 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებები წარუდგინეს. ფინანსური ანგარიშგებები ოფიციალურად გამოთხოვილ იქნა ზედამხედველობის სამსახურიდან, ხოლო აღწერილობითი მონაცემები (საწარმოს კატეგორია, საიდენტიფიკაციო კოდი და საქმიანობის სფერო) ScrapeStorm-ისა და Link Klipper-ის ტექნიკების გამოყენებით, ავტომატურად გადმოწერილ იქნა ‘რეპორტალის’ ვებსაიტიდან. მოცემული ოთხი დარგი შესწავლილია შემდეგი პარამეტრების მიხედვით: საწარმოთა რაოდენობა, საწარმოს სიდიდე (აქტივების მოცულობა) და მომგებიანობა (ამონაგები აქტივებზე). სხვადასხვა ფილტრაციის  შემდეგ, დაკვირვების ობიექტი 531 ბიზნეს ერთეულით განსაზღვრა.

შედეგები გვიჩვენებს, რომ თითოეული მსხვილი დარგი – მატერიალური წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება და ფინანსები, წარმოდგენილია 100-ზე მეტი საწარმოთი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოების სფეროში საწარმოთა ყველაზე ნაკლები (19%) რაოდენობა ფუნქციონირებს. აღნიშნული კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ არგუმენტს, თუ რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის ეფექტს. საწარმოთა ზომაზე დაკვირვებით, ასევე, ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი ფინანსური სექტორია. სიდიდეში განსხვავება ფინანსების სექტორის საწარმოებსა და სხვა დარგის საწარმოებს შორის იმდენად, თვალშისაცემია, რომ აღნიშული ეკონომიკის არასწორი მიმართულებით განვითრების კიდევ ერთი მანიშნებელია. ცნობილია, რომ გაცემული სესხების ზრდა GDP-ის ზრდაში აისახება, თუმცა, რეალობაში იზრდება მოსახლეობის ვალი, რომელიც, კაპიტალის ბაზრების არ არსებობის პირობებში, და იმ პირობებში რომ ადგილობრივი ბანკები უცხოეთიდან შედარებით იაფად იღებენ კრედიტებს, საქართველოში კი შედარებით ძვირად გასცემენ, ქვეყნისთვის არც თუ სახარბიელო სიტუაციის მომასწავებელია.

მომგებიანობით, კი ვაჭრობისა და მომსახურების დარგები, სხვა დარგებთან შედარებით, საშუალოდ უფრო მომგებიანია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ წარმოებაში ჩაბმული ფირმები არ აწარმოებენ მაღალტექნოლოგიურ და შესაბამისად მაღალ მომგებიან მქონე პროდუქციას.

საბოლოოდ, ფირმის დონის ინფორმაციაზე დაკვირვება, ამტკიცებს იმ აზრს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არაეფექტიანი მიმართულებით ვითარდება. სამთავრობო უწყებებისთვის აპრიორი უნდა იყოს მატერიალური წარმოების სექტორში საწარმოთა ჩართულობის ზრდის სტიმულირება, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს ცოდნაზე დაფუძნებული, მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვისაკენ გადავინაცვლოთ.

სტატიის მომდევნო ნაწილი ეძღვნება პრობლემის თეორიული საფუძვლების წარმოჩენას. მესამე ნაწილში გაანალიზებულია დაკვირვების ობიექტის შერჩევა და აღწერილია შესაბამისი მეთოდიკა. მეოთხე ნაწილში კვლევის შედეგებია ასახული. ხოლო, ბოლო ნაწილში მოცემულია დასკვნა.

თეორიული საფუძვლები

საქართველო მცირე და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაა. ჩვენი GDP-ი 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ერთ სულზე 4722 აშშ დოლარია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა შედარებით ზომიერი ტემპებით იზრდება, თუმცა, ზრდა, მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება (პაპავა ვ. 2018b)

დღეს ეკონომისტები თანხმდებიან, რომ GDP სრული სიზუსტით ვერ ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას (Stiglitz.20092010). მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობაზე, და კონკრეტულად ინციდენტის მონაწილე(ებ)ზე უარყოფითად აისახება, დაშავებული ადამიანების მკურნალობისა და დაზიანებული ავტომობილ(ებ)ის შეკეთებაზე გაწეული ხარჯის შედეგად ზრდის GDP-ს. ასევე, GDP-ში დაითვლება კომპონენტები (მაგალითად, ე. წ. პირობითი იჯარა, რომელიც აღნიშნავს იმ  თანხის რაოდენობას, რასაც მფლობელი მიიღებდა საკუთრების/ფართის გაქირავების შემთხვევაში), რაც უსაფუძვლოდ “ბერავს” ქვეყნის GDP-ს.

თუ კი სხვაობა GDP-ისა და მოსახლეობის რეალურ კეთილდღეობას შორის მნიშვნელოვნად დიდია (როგორც საქართველოში),  მიზეზი იქნებ სხვაგანაც ვეძიოთ – შესაძლოა ქვეყნის მიერ არჩეულ ეკონომიკური განვითარების მოდელში იყოს პრობლემა.

ხელისუფლების ფუნქციაა ეკონომიკური განვითარების სწორი მოდელის/სტრატეგიის შერჩევა და შემუშავება, შემდეგ კი, იმ დარგების მიმართ მეტი სტიმული (მაგალითად, საგადასახადო შეღავათების გზით) გაუჩინოს უცხოელ თუ ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს, რაც ქვეყანას უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნაში დაეხმარება. ამისათვის კი საჭიროა იმის გაანალიზება, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს კერძო სექტორის სხვადასხვა დარგში. აღნიშნული დაგვეხმარება გავიგოთ თუ რომელ დარგში რა რაოდენობის, სიდიდისა და მოგების მქონე საწარმოები საქმიანობენ და თუ ფაქტობრივად რომელი დარგია ქვეყნისთვის პრიორიტეტული (პაპავა ვ. 2014, 2017, 2018a)

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული ზრდა GDP-ში დიდ-წილად განპირობებულია ისეთი დარგების მიერ, როგორებიცაა საფინანსო საქმიანობა – 9,1%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 13,4%, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 13,4% და ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება – 13,%, ასევე სასტუმროები და რესტორნები – 10,9%  (საქსტატი, 2019). კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ დარგები ოთხ მსხვილ მიმართულებად დავყავით:

მატერიალური წარმოება პრაქტიკულად ეკონომიკის რეალური სექტორია, ანუ GDP-ის ნაწილი, რაც რეალურად იწარმოება. მატერიალური წარმოება აღნიშნული ოთხი მიმართულებიდან ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია.

სწორედ მატერიალური წარმოების განუვითარებლობის გამო გვაქვს ეკონომიკის მომხმარებლური მოდელი, როდესაც ქვეყანა იმაზე მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს. აღნიშნულს უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებითა და აღებული კრედიტებით ვახერხებთ. აუცილებელია გადავიდეთ ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურ მოდელზე, რომელშიც სულ უფრო მეტი ადამიანი იქნება უშუალოდ ჩართული წარმოებაში. ეს მიდგომა ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში შემუშავებულ საქართველოს განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგია – „საქართველო 2020“-ში (საქართველოს მთავრობა, 2014) იქნა პრიორიტეტულად გამოცხადებული, რომელიც, სამწუხაროდ, მთავრობამ მალევე დაივიწყა.

დღეს განვითარებული ქვეყნები, მასობრივად ცდილობენ ცოდნაზე დაფუძნებული, მაღალტექნოლოგიური ეკონომიკების შექმნას. ეს მოდელი საქართველოს ეკონომიკისთვისაც პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს. მაღალტექნოლოგიური პროდუქტის წარმოებამდე, კი აუცილებელია ზოგადად მატერიალური წარმოება, როგორც ასეთი, განვავითაროთ. ევოლუციის თეორიის თანახმად, განვითარების გზაზე საჭიროა ყველა ნაბიჯის გავლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფეხურის გამოტოვებას ვერ მივყავართ ევოლუციამდე. ეს შესაძლოა ქვეყნის მაგალითზე (და კერძოდ ქვეყნის ეკონომიკის მაგალითზეც განვაზოგადოთ), რადგანაც ინსტიტუციური განვითარების თეორიის თანახმად, ორგანიზმებისა და ინსტიტუციების ევოლუცია ერთსა და იმავე ძირეულ პრინციპებზეა დამყარებული (Glaeser, 2004). ისევე როგორც მასლოუს იერარქიის თეორიაში – ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია წინა საფეხურის მიღწევისა და გადალახვის გარეშე (Maslow, 1943), ასევე, სავარაუდოა, რომ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებამდე, ჩვენი საზოგადოება ზოგადად წარმოების კულტურას უნდა მიეჩვიოს.

ვაჭრობა, როგორც წესი, სხვისი ნაწარმოები საქონლის ან მომსახურების ყიდვა და შემდეგ უფრო ძვირად გა(და)ყიდვაა. სხვა სიტყვებით, რეალური ღირებულება ამ პროდუქტისა მწარმოებელმა უკვე შექმნა, რომელსაც ყიდულობენ, რათა უფრო ძვირად გაყიდონ. შესაბამისად, დამატებული ღირებულება ამ პროდუქტზე მცირე ოდენობით იზრდება.

მომსახურება მნიშვნელოვანი დარგია. არაერთი წარმატებული ქვეყნა სწორედ მომსახურების სექტორზეა მნიშვნელოვნად დაფუძნებული. საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია მომსახურების სფერო, რომლის აშკარად გამორჩეული დარგი ტურიზმია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსისა და იმპორტულ საქონელზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულების პირობებში, ტურიზმის ზრდა დიდწილად იმ ქვეყნების ეკონომიკების ზრდას ემსახურება, საიდანაც ხორციელდება საქართველოში იმპორტი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტირებული საქონლისგან შედგება, და მხოლოდ 20%-ია ადგილობრივი წარმოების. ტურისტსაც პრაქტიკულად იგივე კალათას ვთავაზობთ. მის მიერ დახარჯული თანხის 80% კი იმპორტისთვისაა საჭირო (papava v. 2018a). რესტორნებსა და ტურიზმზე ორიენტირებულ ქვეყანაში, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მაღალკვალიფიციური და ინტელექტუალი ადამიანების საჭიროება ნაკლებია. შესაბამისად, სტიმულირდება მათი უცხოეთში გადინება (პაპავა ვ. 2018a, 2018b).

ფინანსები ასევე მნიშვნელოვანი დარგია, რადგანაც მისი გამართული საქმიანობა აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ფინანსების დარგი საქართველოში განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის. როგორც ცნობილია, ფინანსები GDP-ს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გაცემული სესხი ზრდის GDP-ის, მაგრამ, ფაქტობრივად, მოსახლეობის ვალი იზრდება. საქართველოში, კაპიტალის ბაზრების არ არსებობის პირობებში, ფინანსური საქმიანობის 95%-ს ბანკები გასწევენ (MBG, 2009; Pirveli E. 2015; NBG, 2018). ბანკები, რომლებიც თავიანთ საკრედიტო რესურსს ევროპულ ბაზრებზე აღებული დაბალპროცენტიანი სესხით ივსებენ, ხოლო საქართველოში, კაპიტალის ბაზრების არქონის პირობებში, შედარებით ძვირად გასცემენ. პაპავას განმარტებით, „საქართველო ჩამოყალიბდა „ფინანსურ მილად“, როცა საზღვარგარეთიდან შემოტანილი საკრედიტო რესურსი გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ იმპორტული საქონლის მოხმარებისთვის. ... ინტენსიურად მოიხმარება ის, რაც ქვეყანაში არ იწარმოება, თანაც იმ შემოსავლის ხარჯზე, რაც ჩვენთან არ შექმნილა“ (პაპავა ვ. 2018c).

როგორც წესი, ცოდნა საქართველოს ეკონომიკის სექტორული ანალიზის შესახებ ან სტატისტიკის სამსახურის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ეყრდნობა (NBG 2017; 2018; 2018), ან რეიტინგებს – რომელ დარგში რომელი ფირმაა ყველაზე დიდი, ყველაზე მომგებიანი და სხვა (კვინტრაძე, 2018; Forbes.ge 2019, 2019b). ფირმის დონეზე არსებული ინფორმაციის შესწავლა კი საშუალებას მოგვცემს დარგობრივი უპირატესობები უფრო დეტალურად და ზუსტად იქნეს გამოაშკარავებული.

მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შესაძლებელია დავინახოთ, თუ რომელი დარგი რა ოდენობის GDP-ს ქმნის. აღნიშნული უკვე გვიქმნის წარმოდგენას, თუ რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, აღნიშნული სურათი არა არის სრული, რადგან არ ჩანს თუ თითოეულ დარგში რა რაოდენობისა და რა სიდიდის კომპანიაა ჩართული. არ არის საკმარისი იმის ცოდნა თუ ამა თუ იმ დარგში GDP-ის რა ნაწილი იქმნება. აუცილებელია გავარკვიოთ, რამდენი და რა სიდიდის ფირმები ქმნიან GDP-ს რა ნაწილს. მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება შესაძლებელი გავაკეთოთ სწორი დასკვნა, თუ რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. სწორედ ამის გარკვევის მცდელობაა წინამდებარე კვლევა.

დაკვირვების ობიექტი და მეთოდოლოგია

შესწავლის ობიექტის შერჩევა

ჩვენ შევისწავლეთ იმ საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებები, რომლებმაც 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 20 იანვრამდე (მონაცემების ამოღების თარიღი) დროით ინტერვალში, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს კანონის მოთხოვნის ფარგლებში თავიანთი 2017 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებები წარუდგინეს. ფინანსური ანგარიშგებები ოფიციალურად გამოთხოვილ იქნა ზედამხედველობის სამსახურიდან, ხოლო აღწერილობითი მონაცემები (ფირმის კატეგორია, საიდენტიფიკაციო კოდი და საქმიანობის სფერო) ScrapeStorm-ისა და Link Klipper-ის ტექნიკების გამოყენებით, ავტომატურად გადმოწერილ იქნა ‘რეპორტალის’ ვებ-გვერდიდან. მატერიალური წარმოების, ვაჭრობის, მომსახურებისა და ფინანსების დარგები შესწავლილია შემდეგი პარამეტრების მიხედვით: საწარმოთა რაოდენობა, საწარმოს სიდიდე (აქტივების მოცულობა) და მომგებიანობა (ამონაგები აქტივებზე).

სანამ დაკვირვების ობიექტისა და შედეგების ანალიზზე გადავალთ, იბადება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიანი და სანდოა აღნიშნული ინფორმაცია  და რამდენად შეიძლება მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასაბუთებული დასკვნების გამოტანა.  ყურადსაღებია საწარმოთა ზომის (აქტივების სიდიდის მიხედვით) გაზომვის პრობლემა. აქტივების გაზომვას ახლავს ტექნიკური ხარვეზები, რადგან საწარმოთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ონლაინ რეჟიმში ტექნიკურად მცდარად შეიყვანა საკუთარი ფინანსური ინფორმაციის ზომის ერთეული (კერძოდ, გამოქვეყნება ხდება ერთეულ თუ ათასეულ ლარში). აღნიშნული ავტომატურად გულისხმობს იმ ფაქტსაც, რომ ტექნიკური ხარვეზის მქონე ანგარიშგებები არ/ვერ დააფიქსირა სამინისტრომ, რის გამოც მოხდა მათი ონლაინ განთავსება. სავარაუდოა, რომ მარეგულირებლის მხრიდან აღნიშნულ ფაქტორს დიდი ყურადღება არ დაეთმო. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ კომპანიის აქტივების ოდენობა 4,482 მლნ ლარია. შეყვანილი ინფორმაციის მიხედვით კი კომპანია აფიქსირებს, რომ მის მიერ შეყვანილი მონაცემები მოცემულია 1000 (და არა 1) ლარში, რაც კომპანიას 4,482 მლრდ ლარის აქტივების მქონე საწარმოდ აქცევს და რეიტინგის 10 დიდ ფირმაშიც კი ხვდება. მსგავსი ხარვეზები ფიქსირდება სხვა კომპანიების შემთხვევაშიც. ის, რომ პრობლემა მნიშვნელოვანია, ამაზე მეტყველებს აქტივების ზომის მიხედვით საწარმოთა დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით. შედეგების თანახმად, დარღვეული იყო ტენდენცია, რომ საჯარო დაინტერესებისა და I კატეგორიის საწარმოები უნდა ყოფილიყვნენ უფრო დიდები, ვიდრე II კატეგორიის საწარმოები; ეს უკანასკნელნი კი უფრო დიდები, ვიდრე III კატეგორიის საწარმოები; დაბოლოს, III კატეგორიის საწარმოები – უფრო მსხვილები, ვიდრე IV კატეგორიის საწარმოები. შედეგების თანახმად, ყველაზე მსხვილ კატეგორიად წარმოდგენილი იყო III კატეგორია, რაც მიუთითებდა, რომ მათ მასშტაბის აღმნიშვნელი ტექნიკური ხარვეზები ყველაზე გავრცელებული სწორედ ამ კატეგორიის საწარმოებში იყო.

აღნიშნული  ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ერთ-ერთი მიდგომა შესაძლოა ყოფილიყო ობიექტის გაფილტვრა კატეგორიების ზომების მიხედვით, რაც კანონის მიხედვითაა გათვალისწინებული:

  • გამოგვერიცხა საწარმო, თუკი ის მიეკუთვნებოდა I კატეგორიას, თუმცა, მისი აქტივები იყო 50 მლნ ლარზე ნაკლები;
  • გამოგვერიცხა საწარმო, თუკი ის მიეკუთვნებოდა II კატეგორიას, თუმცა, მისი აქტივები იყო 50 მლნ ლარზე მეტი ან 10 მლნ ლარზე ნაკლები;
  • გამოგვერიცხა საწარმო, თუკი ის მიეკუთვნებოდა III კატეგორიას, თუმცა მისი აქტივები იყო 10 მლნ ლარზე მეტი ან 1 მლნ ლარზე ნაკლები;
  • გამოგვერიცხა საწარმო, თუკი ის მიეკუთვნებოდა IV კატეგორიას, თუმცა, მისი აქტივები იყო 1 მლნ ლარზე მეტი

საყურადღებოა, რომ აღნიშნულ მიდგომას გააჩნია რამდენიმე ხარვეზი:  ა) დაკვირვების ობიექტი მცირდებოდა საგრძნობლად (130 დაკვირვებით); ბ) პრობლემა კვლავ დარჩებოდა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (ე. წ. სდპ-ების[1]) მიმართ, რომელთაც არ აქვთ ზომითი შეზღუდვები I, II, III და IV კატეგორიის საწარმოების მსგავსად;  გ) პრობლემის ალბათობა დარჩებოდა I და IV კატეგორიის საწარმოებისთვის, რადგანაც მათი სიდიდე(ზომა) შემოსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხრიდან; დ) კატეგორიის შესაბამისად აქტივების ზომის მიხედვით ფილტრაციის დაწესება, ერთი-ერთში სიზუსტით არ ასახავს საწარმოთა ზომით კატეგორიებს, რადგანაც საწარმო შესაძლოა აკმაყოფილებდეს სხვა ორ კრიტერიუმს – შემოსავლების ბრუნვისა და დასაქმებულთა ოდენობის მიხედვით – და, შესაბამისად, აქტივების ზომა შესაძლოა არ იყოს კატეგორიაზე მიკუთვნების გადამწყვეტი ფაქტორი. ანუ, აღნიშნულის გამო გამორიცხული 130 საწარმოს გარდა, სხვა საწარმოებსაც ექნებოდათ მასშტაბის პრობლემა. თანაც, გამორიცხული 130 საწარმოდან ნაწილი უმიზეზოდ იქნებოდა დაკვირვების ობიექტიდან ჩამოშორებული (Type I და Type II errors).

სკალირების საკითხი პრობლემატურია აქტივების ზომის განსაზღვრის მაჩვენებლის მიმართ, მაგრამ არ წარმოადგენს სირთულეს მომგებიანობის (აქტივებზე ამონაგების) მხრივ. ეს განპირობებულია იმით, რომ მომგებიანობის მაჩვენებლის განსაზღვრა არის მნიშვნელისა და მრიცხველის ფარდობა. შესაბამისად, ზომის ერთეულში მოცემული ნებისმიერი პოტენციური ცდომილება მოცემულია როგორც მნიშვნელში, ასევე მრიცხველში, რაც საბოლოოდ, ფარდობის შედეგად აბალანსებს ერთმანეთს და პრობლემა ავტომატურად აღმოიფხვრება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს ესაჭიროება დამატებითი სიფრთხილე აქტივების სიდიდის გაზომვასთან მიმართებით.

უშუალოდ გავაანალიზეთ ყველა ის საწარმო  და ცალ-ცალკე გადავამოწმეთ  ფინანსურ ანგარიშგებებში მათი ინფორმაციის მასშტაბი, რომლებიც ამ მხრივ საეჭვოდ მივიჩნიეთ: ფირმები, რომელთა აქტივების მნიშვნელობა იყო 9 ან 10 ნიშნა და  მითითებული იყო 1000 ლარიანი გამოქვეყნების მასშტაბი და ასევე ფირმები, რომელთა აქტივების მნიშვნელობა იყო 5 ან 6 – ნიშნა და მითითებული იყო 1 ლარიანი გამოქვეყნების მასშტაბი. შედეგად, გამოვლინდა 60 შეცდომა, რაც დაკვირვების ობიექტის 7,8%-ია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, და ლოგიკის ფარგლებში ჩაჯდა (იხ.დიაგრამა 1).

აქტივების ზომის სიდიდე

დიაგრამა 1

ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, შეგვიძლია გადავიდეთ, დაკვირვების საბოლოო ობიექტის შერჩევის პროცესის ახსნაზე. ცხრილი 1 გვიჩვენებს დაკვირვების ობიექტის შერჩევის პროცესს. ჯამში, ინფორმაციის ორი წყაროს გაერთიანების შედეგად მიღებული 768 საწარმოდან, ფილტრაციის შედეგად, საბოლოო დაკვირვებია ობიექტია 531. საიდენტიფიკაციო კოდისა და ფისკალური წლის ინფორმაციის არ ქონის გამო, გამოირიცხა 39 საწარმო; საჭირო ფინანსური ინფორმაციის – 2016 და 2017 წლების მთლიანი აქტივები, 2016 და 2017 წლების კაპიტალი და 2018 წლის წმინდა მოგება – არ ქონის გამო, გამოირიცხა 82 საწარმო; 2017 წლის ინფორმაციის არ ქონის გამო, გამოირიცხა 28 საწარმო (საწარმოები რომელთაც გააჩნდათ 2016 წლის ინფორმაცია); საქმიანობის სფეროსა და კატეგორიის ინფორმაციის, არ ქონის გამო გამოირიცხა 80 საწარმო; რაოდენობის სიმწირის გამო, დაკვირვების ობიექტიდან გამოირიცხა სოფლის მეურნეობაში  მოქმედი 8 საწარმო.

დაკვირვების ობიექტის შერჩევა

ცხრილი 1

 

წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ

საწარმოთა კლასიფიკაცია სექტორებად მოხდა Standard Industrial Classification (SIC)-ის კლასიფიკაციის მიხედვით. საწარმოებმა, სასოფლო-სამეურნეო სექტორის 8 საწარმოს გაფილტვრის შემდეგ, თავი მოიყარა შემდეგ 4 მსხვილ დარგში: მატერიალური წარმოება – მოიცავს გადამუშავებას, მშენებლობას და მრეწველობას, ვაჭრობას.  მომსახურება – მოიცავს ტრანსპორტსა და კომუნიკაციას, ფინანსები – დაკვირვებათა 92%-ს „დიდი“ საწარმოები (I და II კატეგორიისა და საჯარო დაინტერესების პირები) წარმოადგენენ. აღნიშნული ლოგიკურიცაა, რადგან რეფორმის პირველ წელს ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროება სავალდებულო იყო სწორედ I და II კატეგორიისა და საჯარო დაინტერესების საწარმოთათვის; ხოლო III და II კატეგორიის საწარმოების მცირე ნაწილმა ნებაყოფლობით წარადგინა საკუთარი ანგარიშგება. დაკვირვებათა 57%-ს წარმოადგენს II კატეგორიის საწარმოები; 20%-ს – სდპ-ები; ხოლო 14%-ს – ჳ კატეგორიის საწარმოები

მეთოდოლოგია

მოცემული კვლევის მიზანია, ფირმის დონის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააანალიზოს თუ რა რაოდენობის ფირმა რომელ დარგში ოპერირებს, რა სიდიდისაა და რამდენად მომგებიანია. აღნიშნული საშუალებას იძლევა გავარკვიოთ სხვადასხვა დარგში მოქმედ საწარმოებს რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის მთლიან სამამულო პროდუქტში და თუ რამდენად სწორი და ეფექტიანი მიმართულებით მუშაობს ქვეყნის ეკონომიკური მოდელი. ამ მიზნის მისაღწევად, წინამდებარე კვლევაში გაკეთდა დარგობრივი ანალიზი სამი მაჩვენებლის ჭრილით:  საწარმოთა რაოდენობა ე.ი. რამდენი საწარმო ოპერირებს ამათუიმ დარგში; სიდიდე, დაითვლება აქტივების ზომით, კერძოდ კი 2016 და 2017 წლების მთლიანი აქტივების საშუალო არითმეტიკულით; დამომგებიანობა, ე.ი. დაითვლება საწარმოთა 2017 წლის წმინდა მოგების ფარდობით აქტივების ზომასთან, რომელიც თავის მხრივ, დათვლილია, როგორც 2016 და 2017 წლების მთლიანი აქტივების საშუალო სიდიდე.

კვლევის შედეგები

დიაგრამა 2 გვიჩვენებს დაკვირვების ობიექტის 531 საწარმოს განაწილებას დარგების მიხედვით. როგორც ვხედავთ, თითოეულ დარგს გააჩნია 100-ზე მეტი დაკვირვება, რაც  მნიშვნელოვანი წინაპირობაა სტატისტიკურად საიმედო დასკვნების გამოსატანად. ყველაზე მსხვილი დარგია მომსახურება (საწარმოთა 33%); შემდეგ, ვაჭრობა (26%), ფინანსები (22%) დაბოლოს მატერიალური წარმოება (19%). დიაგრამაზე ჩანს, რომ წარმოების სექტორში დასაქმებული საწარმოების რაოდენობა ყველაზე მცირეა.

საწარმოთა განაწილება დარგების მიხედვით

დიაგრამა 2

 

წყარო: დიაგრამა შედგენილია ავტორის მიერ

ცხრილი 2 გვიჩვენებს 10 ყველაზე მსხვილი საწარმოს რეიტინგსა და კატეგორიას, საქმიანობის სფეროს, აქტივების ზომას და ამონაგებს აქტივებზე. სამწუხაროდ, როგორც  მოსალოდნელი იყო, 10 ყველაზე მსხვილი საწარმოდან 7 ფინანსების დარგს წარმოადგენს, და შვიდივე არის ბანკი. ეს არის ზემოაღნიშნული არაეფექტიანი ეკონომიკური მოდელის ქონის მანიშნებელი. დარჩენილი  3 საწარმოდან,  2 მომსახურების სფეროს მოთამაშეა,  1  კი - ვაჭრობის. მნიშვნელოვნად ლიდერობენ საქართველოს ბანკი და თიბისი-ბანკი 11,2 და 10,9 მლრდ ლარის აქტივებით; 2,9 მლრდ ლარით მოსდევს საპარტნიორო ფონდი; შემდეგ – ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი ქართუ და ბაზისბანკი. მეცხრე და მეათე პოზიციებზეა მაგთიკომი (906 მლნ ლარი) და “სოკარ ჯორჯია” გაზი (850 მლნ ლარი). შვიდივე ბანკი სდპ-ა, I კატეგორიის საწარმოა მაგთი და “სოკარ ჯორჯია”, ხოლო საპარტნიორო ფონდი, აქტივების მნიშვნელოვანი სიდიდის მიუხედავად, მიეკუთვნება მეორე კატეგორიას, რადგან შემოსავლების ოდენობა და დასაქმებულთა რაოდენობა შედარებით მცირეა, კომპანიას აქვს უარყოფითი მოგება. ამონაგები აქტივებზე მაღალია მაგთისა და “სოკარ ჯორჯიაში”.

10 ყველაზე დიდი საწარმოს რეიტინგი

2016 და 2017 წლების აქტივების  საშუალო სიდიდე (მლნ ლარი)

ცხრილი 2

 

წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ

დიაგრამა 3 გვიჩვენებს დარგობრივი ანალიზის შედეგებს საწარმოთა სიდიდის მიხედვით. როგორც ირკვევა, ცხრილში 2  მოცემულია ტენდენცია – ფინანსების დარგის მოთამაშეები ლიდერობენ სიდიდის მხრივ, სიმართლეა არამხოლოდ რეიტინგით        10 ყველაზე დიდი საწარმოს შემთხვევაში, არამედ მთლიანად დარგობრივი ანალიზის შემთხვევაშიც. დიაგრამა 3-დან ჩანს, რომ ფინანსების დარგში (სხვა ყველა დარგთან შედარებით), მნიშვნელოვნად დიდი საწარმოები საქმიანობენ. ქართული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული მოსალოდნელი შედეგია. თუმცა, ჩვენ გვსურს ყურადღება მოცემული სხვაობის მასშტაბებზე გავამახვილოთ. შედეგების თანახმად, ფინანსების დარგში მოქმედი საწარმო საშუალოდ 5,5-ჯერ, 4-ჯერ და 3,5-ჯერ უფრო დიდია მთლიანი აქტივების მხრივ, ვიდრე ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების დარგში მოქმედი საწარმო, რაც თვალშისაცემია. საშუალოდ ყველაზე მცირე ზომის საწარმოები ვაჭრობისა და მატერიალური წარმოების დარგში ოპერირებენ. აქტივების ზომის მიხედვით საწარმოთა ანალიზი ეხმიანება აზრს, რომ საქართველოს ეკონომიკა არც თუ ეფექტიანი და ჯანსაღი მიმართულებით მუშაობს. ფინანსური სექტორის გადამეტებულად დომინანტურ პოზიცია არ უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელთა პრიორიტეტი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ გაცემული სესხების ზრდა მსპ–ის ზრდაში აისახება, აღნიშნული ზრდის მოსახლეობის ვალს, რომელიც, კაპიტალის ბაზრების არ არსებობისა და ადგილობრივი ბანკების მიერ უცხოეთიდან შედარებით იაფად მიღებული კრედიტის, საქართველოში უფრო ძვირად გაცემის პირობებით, ქვეყნისთვის არც თუ სახარბიელო სიტუაციის მომასწავებელია.

დარგობრივი ანალიზი

2016 და 2017 წლების აქტივების  საშუალოსიდიდე (მლნ ლარი)

დიაგრამა 3

 

წყარო: დიაგრამა შედგენილია ავტორის მიერ

ცხრილი 3 გვიჩვენებს 10 ყველაზე მომგებიანი საწარმოს რეიტინგს, ის ასევე გვაწვდის ინფორმაციას ყველაზე მომგებიანი 10 საწარმოს კატეგორიის, საქმიანობის სფეროსა და აქტივების ზომის შესახებ. 10 ყველაზე მომგებიან საწარმოდან, პირველ შვიდეულს, მინიმუმ აქტივების სიდიდის რაოდენობის მოგება გააჩნიათ – მათი ამონაგები აქტივებზე 100%-ზე მაღალია. საყურადღებოა, რომ მოცემული 10 საწარმოდან, არცერთი არ წარმოადგენს ან საჯარო დაინტერესების პირს ან პირველი კატეგორიის საწარმოს, რაც მიუთითებს, რომ ყველაზე მომგებიანი ფირმები არ არიან ზომით გამორჩეულად დიდები. როგორც ვხედავთ, 10 ყველაზე მომგებიანი საწარმოდან 7 მომსახურების სფეროში ოპერირებს.

10 ყველაზე მომგებიანი საწარმოს რეიტინგი

ამონაგები აქტივებზე (2017 წლის წმინდა მოგების ფარდობა 2016 და 2017 წლების აქტივების საშუალოსთან)

ცხრილი 3

 

წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ

დიაგრამა 4 გვიჩვენებს სექტორულ ანალიზს მომგებიანობის მხრივ. როგორც ვხედავთ, ყველაზე მომგებიანი ვაჭრობის სექტორია (საშუალოდ ამონაგები აქტივებზე 13%), შემდეგ კი – მომსახურების სექტორი (9%). მომგებიანობით,  ფაქტობრივად, ბოლო (თუკი არ ჩავთვლით ფინანსურ სექტორს) პოზიციაზეა მატერიალური წარმოების დარგი, რომელშიც საშუალო მომგებიანობა 7%-ია. ვაფიქსირებთ ფაქტობრივად, ბოლო პოზიციას, რადგან ფინანსური სექტორი, საკუთარი ბალანსის სტრუქტურიდან გამომდინარე, არარაციონალურია აქტივებზე ამონაგებით შეფასდეს და შედარდეს სხვა დარგებს. ფინანსური ინსტიტუტების შემთხვევაში, ამონაგები ხშირად იზომება არა როგორც ამონაგები აქტივებზე, არამედ – ამონაგები კაპიტალზე, ან უფრო ზუსტად  – როგორც ამონაგები საოპერაციო აქტივებთან შეფარდებით [2].

მომგებიანობის დარგობრივი ანალიზი

ამონაგები აქტივებზე (2017 წლის წმინდა მოგების ფარდობა 2016 და 2017 წლების აქტივების საშუალოსთან)

დაიგრამა 4

 

                                                                       წყარო: დიაგრამა შედგენილია ავტორის მიერ

დასკვნა

წინამდებარე კვლევის მიზნიდან გამომდინარე, შევისწავლეთ, თუ რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა არსებულ ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ გავაანალიზეთ საქართველოს კერძო სექტორის 531 საწარმო, რომლებიც ოპერირებენ შემდეგ ოთხ სექტორში: მატერიალური წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება და ფინანსები. დაკვირვების ობიექტის 90%-ზე მეტი წარმოადგენს I და II კატეგორიის საწარმოს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.

შედეგები გვიჩვენებს, რომ თითოეული მსხვილი დარგი – მატერიალური წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება და ფინანსები, წარმოდგენილია 100-ზე მეტი საწარმოთი. აღსანიშნავია, რომ მატერიალური წარმოების სფეროში საწარმოთა ყველაზე ნაკლები (19%) ერთეული ფუნქციონირებს. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ არგუმენტს, თუ რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის ეფექტს.

საწარმოთა ზომაზე დაკვირვებით, ასევე, ირკვევა, რომ ყველაზე დიდი ფინანსური სექტორია. სიდიდეში სხვაობა ფინანსების სექტორის კომპანიებსა და სხვა დარგის კომპანიებს შორის იმდენად თვალშისაცემია, რომ აღნიშული ფაქტი, ეკონომიკის არასწორი მიმართულებით განვითრების კიდევ ერთი მანიშნებელია. ცნობილია, გაცემული სესხების ზრდა მსპ–ის ზრდაში აისახება, თუმცა, რეალობაში იზრდება მოსახლეობის ვალი, რომელიც, კაპიტალის ბაზრების არ არსებობისა და ადგილობრივი ბანკების უცხოეთიდან შედარებით იაფად მიღებული კრედიტების, საქართველოში  უფრო ძვირად გაცემის პირობებში, ქვეყნისთვის სიტუაცია სახარბიელო იყოს.

მომგებიანობის მხრივ კი, ფაქტია, რომ ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებია საშუალოდ ყველაზე წარმატებული. აღნიშნული, ხაზს უსვამს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია მეტი რაოდენობისა და სიდიდის საწარმოთა ოპერირება წარმოების, ანუ რეალური ეკონომიკის სექტორში.

დაბოლოს, ფირმის დონის ინფორმაციაზე დაკვირვება განამტკიცებს იმ აზრს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არაეფექტიანი მიმართულებით ვითარდება. სამთავრობო უწყებებისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს მატერიალური წარმოების სექტორში კომპანიათა ჩართულობის ზრდის წახალისება, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას საშუალებას მისცემს ცოდნასა და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური მოდელის ფუნქციონირება უზრუნველყოს.

ლიტერატურა:

  • Forbes.ge (2019a). საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია. https://forbes.ge/news/6055/reitingi-saqarTvelos-100-umsxvilesi-kompania.
  • Forbes.ge (2019b). საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები, https://forbes.ge/news/6323/saqarTvelos-yvelaze-Semosavliani-kompaniebi.
  • ჯეოსტატი  (2019). საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (2018 წლის IV კვარტალი, წინასწარი), https://www.geostat.ge/media/19445/Mtliani-shid-produqti-2018-cliuri-%28geo%29.pdf.
  • Glaeser E. L., La Porta R., Lopez-de-Silanes F., & Shleifer, A. (2004). Do Institutions Cause Growth? Journal of Economic Growth, 9(3), 271-303.
  • საქართველოს მთავრობა (2014). საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტარატეგია საქართველო 2020 https://napr.gov.ge/source/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%
  • 83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/ViewFile.pdf
  • კვინტრაძე ნ. (2018). საქართველოს უმსხვილესი კომპანიები - ტოპ 20, https://forbes.ge/news/3411/saqarTvelos-umsxvilesi-kompaniebi.
  • საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ (2016).
  • Maslow A. H. (1943). A theory of human motivation. Psychological review, 50(4), 370.
  • NBG, N. B. o. G. (2009). Annual Report 2009,  https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2009/annual_report_eng_web.pdf.
  • NBG, N. B. o. G. (2017). Annual Report 2017, https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2018/eng_annual_2017.pdf.
  • NBG, N. B. o. G. (2018). Annual Report 2018.
  • Papava V. (2014). Georgia's Economy: The Search for a Development Model. Problems of Economic Transition, 57(3), 83-94.
  • Papava V. (2017). Georgia's Economy: from optimism to primitivism, https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/75-expert-opinion-eng.pdf.
  • Papava V. (2018a). Georgia’s economic model: the “consumer paradox” and the “tourist trap”, https://dspace.tsu.ge/handle/123456789/465?locale-attribute=en.Papava V. (2018b). Why the Population of Georgia does not Perceive Economic Growth Positively, https://
  • www.gfsis.org/blog/view/888.
  • პაპავა ვ. (2018). საქართველოს ეკონომიკა „ტურისტულ ხაფანგში“, https://www.gfsis.org/ge/blog/view/854.
  • პაპავა ვ., სილაგაძე ა. (2019). ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის – “Gross Domestic Product”-ის ქართული სახელწოდების შესახებ. ჟურნალი "ეკონომიკა და ბიზნესი",  N2
  • Pirveli E. (2015). Financial Statement Quality: First Evidence from the Georgian Stock Exchange: Shaker Verlag.
  • პირველი ე., შუღლიაშვილი თ., მაჭავარიანი ნ. (2020) მოლოდინის რეჟიმში საქართველოს ეკონომიკური მოდელის ემპირიული ანალიზი კოვიდ-19-ის პირობებში. Forbes Georgia.
  • Pirveli E., Shugliashvili T. & Machavariani N. (forthcoming b). Rethinking Economic Policy of Georgia in the Times of COVID-19.
  • Stiglitz J. E., Sen A., & Fitoussi, J.-P. (2009). Report by the Commission on the Measurement of Economic Performance and Social Progress, Paris, INSEE, https://ec.europa.eu/eurostat/documents/118025/118123/Fitoussi+Commission+report.Stiglitz J. E., Sen A., & Fitoussi, J.-P. (2010). Mismeasuring our lives: Why GDP doesn't Add up: The New Press.

References:


[1]  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს 2016 წლის კანონის თანახმად (Law, 2016), საზოგადოებრივი დაინტერესების პირი განსაზღვრულია როგორც ანგარიშვალდებული იურიდიული პირი, რომლის ფინანსური საქმიანობის მიმართაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან არსებობს გამორჩეულად დიდი ინტერესი. სდპ-ები არიან საწარმოები, რომლებიც ოპერირებენ საბანკო, მიკროსაფინანსო, სადაზღვევო, საპენსიო, საინვესტიციო ან საკრედიტო მიმართულებით და/ან რომელთა ფასიანი ქაღალდებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.

[2]  ფინანსური სექტორის სხვა სექტორებთან შედარება ნაკლებად აპრობირებული მიდგომაა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, რაც განპირობებულია იმით, რომ ბალანსისა და კაპიტალის სტრუქტურა, ისევე როგორც ფინანსური წარმატების განმაპირობებელი მაკროეკონომიკური პარამეტრები (მაგალითად, მოთხოვნა) ფინანსურ და სხვა სექტორებს შორის იმდენად განსხვავებულია, რომ მათი შედარება ადეკვატური დასკვნის გამოტანაში ვერ დაგვეხმარება. ფინანსურ მოთამაშეებს (მაგალითად, ბანკებს) აქვთ ბალანსის ანგარიშების უნიკალური კლასები, რომლებიც სხვა კომპანიებს არ აქვთ: სესხები მომხმარებლებზე, დეპოზიტები ცენტრალურ ბანკში, სესხები ცენტრალური ბანკიდან, მომხმარებლების დეპოზიტები და სხვ. ბანკები იყენებენ ბევრად უფრო მეტ სესხს ვიდრე სხვა ბიზნესები და გამოიმუშავებენ სხვაობას აქტივებით გამომუშავებულ საპროცენტო შემოსავალსა და მოზიდულ სახსრებზე (დეპოზიტებზე) გაწეულ ხარჯებს შორის. შემოსავლის წყარო და მთავარი საოპერაციო საქმიანობა ბანკისთვის არის მისი სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები. მომხმარებლები განათავსებენ ფულს ბანკში, რაშიც იღებენ საპროცენტო შემოსავალს. ბანკი შემდეგ ამ თანხებს უფრო ძვირად გაასესხებს კლიენტებზე და საპროცენტო განაკვეთის სხვაობით იღებენ მოგებას.e