English / ქართული /








Journal number 2 ∘ Teimuraz Beridze
Economic Growth: Qualitative and Quantitative Determinants (Methogological Aspects)

Economic development looks at a wider range than Gross Domestic Product (GDP) per capita. Economic      development mostly is concerned with how people are actually affected. It looks at their actual living standards and social conditions.

Measures of Economic development will look at: Real income per head – GDP per capita; Levels of literacy and education standards; Levels of health care (e.g. number of doctors per 1.000 population); Quality and availability of housing; Levels of environmental standards; Levels of infrastructure (transport, communication); Levels of corruption; Educational standards and labor productivity; Labor mobility; Flow of Foreign aid & Foreign investment; Level of savings & investment; etc.

Additionally is given official statistics on Georgian Case concerning subject of study.Particularly on the GDP trends (Economic Growth), Employment and Unemployment, Informal Employment, Shadow Economy (or Non-Observed Economy); External Trade and it’s Role for National Currency Stability; Natural Resources (Pollution & etc); Regional Factors for Economic Growth (Advantages in Trade).

Keywords: Economic growth, economic development,transitional economy, transformations economics, factor analysis of economy, quantitaive and qualitative determinants of economy; Covid-19 influence on economy.   

JEL Codes: F43, O10, O11, O12 

ეკონომიკური ზრდა: თვისებრივი და რაოდენობრივი განსაზღვრულობა (მეთოდოლოგიური ასპექტი)

სტატიაში განხილულია ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური განვითარების ფენომენი, შედარებითი ანალიზის საფუძველზე დახასიათებულია მათ შორის ერთიანობა და განსხვავება.  ყურადღება გამახვილებულია  ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური განვითარების სოციალურ შედეგებზე, რაც წარმოადგენს ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პრიორიტეტულ მიზანს. ეკონომიკის სტრუქტურის ოპტიმიზაცია მიჩნეულია  ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობაში უთანაბროების დაძლევის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. მოცემულია გარდამავალი ეკონომიკის (transitional, transformation economics) კვლევის მეთოდოლოგიური ასპექტების ანალიზი, დამახასიათებელი ნიშნები და რაოდენობრივი მახასიათებლები. განსაკუთრებული მნიშვნელობა გამახვილებულია ეკონომიკის სტრუქტურის ოპტიმიზაციაზე, რომელ დარგებს უნდა მიექცეს უპირატესი ყურადღება. მოცემულია „კორონავირუსის - COVID-19“ ეკონომიკაზე გავლენის ზოგიერთი ასპექტის ანალიზი. კერძოდ, გამახვილებულია ყურადღება წარმოებასა და მოხმარებას შორის გაწყვეტაზე, რომლის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება, გარდამავალი ეკონომიკა, ეკონომიკის ფაქტორული ანალიზი,ეკონომიკის რაოდენობრივი მახასიათებლები. 

შესავალი

თანამედროვე ეკონომიკა წარმოადგენს საკმაოდ რთულ, მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ერთეულების (სახელმწიფოები, ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, ტრანსნაციონალური კომპანიები, ფირმები, საოჯახო მეურნეობები, ინდივიდუუმები) სისტემას (ასევე გამოიყენება ტერმინები – მსოფლიო ეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა).ამ სისტემამ XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე შეიძინა სრულიად ახალი თვისებრიობა _ გლობალური შინაარსი, რომელიც საკუთრივ ეკონომიკის გარდა, მოიცავს _ პოლიტიკას, სოციუმს, კულტურას, რელიგიას, განათლებასა და ა.შ. საზოგადოებრივი ცხოვრების ეს კომპონენტები საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ასევე, ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მათ შინაარსს. უფრო მეტიც, ზოგიერთი ეკონომისტი და სოციოლოგი აღნიშნავს, რომ კვლევის ღირებული შედეგების მიღწევა შეიძლება მხოლოდ გარკვეული დარგების კვეთის წერტილებში.  აქედან გამომდინარე აუცილებელია ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარება (interdisciplinary studies) - ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამართალი, სოციოლოგია, პოლიტოლოგია (ვ.პაპავა, 2018, გვ.21). ამის გარდა, სოციალისტური სისტემის დაშლამ და სრულიად ახალი ფენომენის _ გარდამავალი ქვეყნების, გარდამავალი ეკონომიკების (“transitional countries", “transitional economies”) წარმოქმნამ ახალი შინაარსი შესძინა გლობალიზაციის პროცესს. ამ ქვეყნების წარმოჩენამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია ეკონომიკური ზრდა (economic growth) და ეკონომიკური განვითარება (economic development) ერთმანეთთან. რა განსხვავებაა ეკონომიკურ ზრდასა დ აეკონომიკურ განვითარებას შორის? რომელი მაჩვენებლებით ხდება მათი შეფასება? შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეკონომიკური განვითარების მოდელი გარდამავალი ქვეყნების  ეკონომიკების  ანალიზისას, თუ ის მხოლოდ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი?

ამავე  დროს,  დღეს  უკვე  გლობალიზაციას ემუქრება ისეთი ფენომენი, როგორიც არის კორონავირუსი- COVID – 19, რამაც გამოიწვია ქვეყნების იზოლაცია, რაც ეკონომიკური კრიზისის დადგომის შესძლებლობას ჰქმნის. უფრო მეტიც, ბრუნვაში შემოვიდა ტერმინი – კორონომიკა (coronomics) (ვ. პაპავა, ვ. ჭარაია, 2020). მართებულად თვლიან, რომ ქვეყნები დღეს დგანან სპეციფიკური კრიზისის წინაშე. მთავარი ჩვენი აზრით, მდგომარეობს შემდეგში: დარღვეულია კავშირი ორ მთავარ ეკონომიკურ სუბიექტს შორის - მწარმობელი და მომხმარებელი, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე პასუხი მოითხოვს საკმაოდ ვრცელ და სიღრმისეულ გამოკვლევას. წარმოდგენილ სტატიაში ჩვენ მხოლოდ კვლევის რამდენიმე მიმართულებას შევეხებით (და ისიც საკითხის დასმის წესით). 

ეკონომიკური ზრდის ფენომენი

ეკონომიკური ზრდის ფენომენი არ არის ახალი საკითხი ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში. ადამიანების სამეურნეო საქმიანობის დასაბამიდან ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იდგა ერთი მთავარი მიზეზის გამო: ეკონომიკური ზრდის შედეგი აისახება ქვეყნის განვითარებასა და ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლებაში, ხოლო ზრდის განმაპირობელი ფაქტორები მუდმივად წარმოადგენს პოლიტიკოსთა და მეცნიერ-ეკონომისტთა კვლევის ობიექტს. ეკონომიკური ზრდის საკითხებს იკვლევდნენ ეკონომიკური თეორიის იდეოლოგიურად საპირისპირო ბანაკების წარმომადგენლები:  XIX საუკუნეში – კ. მარქსი (აღწარმოების თეორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული საკითხის კვლევაში) და XX საუკუნეში - ეკონომიკური ზრდის თეორიის ცნობილი წარმომადგენლები (ჯ. კეინზი, რ. ჰაროდი, ე. დომარი, ჯ. რობინსონი და ა.შ.), რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ ეროვნული შემოსავლის ზრდის მნიშვნელობაზე მხოლოდ ფაქტორის  – კაპიტალის დაგროვების ნორმის გათვალისწინებით. უ. როსტოუ ამ ფენომენს უკავშირებს საზოგადოების სტადიურ განვითარებას, ხოლო მოგვიანებით, ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელის ავტორი ჯ. მიდი ყურადღებას ამახვილებს მის ყველა ფაქტორზე (კაპიტალი, დანაზოგი, სამუშაო ძალა, ინვესტიციები) და თვლის, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ზრდას ექნება სტაბილური და მდგრადი ხასიათი. ნიშანდობლივი მოსაზრებები ეკონომიკურ ზრდაზე მოცემულია ნობელიანტ საიმონ კუზნეცის ნაშრომებში, სადაც ის ამახვილებს ყურადღებას ფაქტორთა  კომბინაციის ოპტიმიზაციაზე (Папава В., 2020).

აღნიშნული პრობლემის ყველა მკვლევარი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს: რა არის ეკონომიკური ზრდა? რა განაპირობებს მას და როგორ გაიზომება ის? ცნობილია, რომ ყველა ამ საკითხზე პასუხი გაცემულია მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოებში (Karl E. Case, Ray C. Fair. 2007), (კახნიაშვილი ჯ.1996). მაგრამ, ჩვენი აზრით, რჩება საკითხების გარკვეული წრე, რომელიც, ჯერ კიდევ, საჭიროებს ახსნას და განვითარებას.

ცნობილია რომ, ეკონომისტები ეკონომიკურ ზრდას ძირითადად აფასებენ მთლიანი შიგა პროდუქტის დინამიკით. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს მაჩვენებელი სრულად ვერ ასახავს ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან არ აჩვენებს ქვეყნის ცხოვრების ხარისხს და განაწილებითი ურთიერთობების ეფექტს, ამავე დროს მოიცავს საფინანსო შუამავლობის ოპერაციების მოცულობებს, რაც არ ასახავს ზრდას ეკონომიკის რეალურ სექტორში. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ეკონომისტები იყენებენ სხვა მაჩვენებლებსაც _ მთლიანი ეროვნული შემოსავალი; წმინდა ეროვნული შემოსავალი; პირადი შემოსავალი; წმინდა პირადი შემოსავალი, ანუ განკარგვადი შემოსავალი. გასათვალისწინებელია, აგრეთვე მთლიანი შიგა პროდუქტის შექმნის სოციალური შემადგენლებიც.

რა განსაზღვრავს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდას? პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია – ქვეყანაში მწარმოებლურობის დონე(productivity) (უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო ორი ათწლეული საერთოდ არ გაიანგარიშება საქართველოში სტატისტიკური ორგანოების მიერ). როგორია მისი დეტერმინანტები? ესენია: ფიზიკური კაპიტალი (physical capital) (მოწყობილობები და შენობები, რაც გამოიყენება საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის), ადამიანისეული  კაპიტალი (human capital)[1],  ბუნებრივი რესურსები (natural resources)[2],  ტექნოლოგიური ცოდნა  (technological knowledge)[3]. თანამედროვე ეკონომიკაში ეს ფაქტორი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, საქართველოსთვის კი ეს ფაქტორი უკიდურესად მნიშვნელოანია. ამიტომ მთავრობის პოლიტიკა უნდა იქნეს მიმართული ტექნოლოგიების იმპორტზე.  აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკაში არ მომხდარა საწარმოო ბაზის განახლება და რეალურად რთულია მსჯელობა ინდუსტრიული ბაზის ზრდაზე, რაც ყველა სხვა დარგის ზრდის საფუძველია.

წარმოების ყველა ფაქტორი მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ, ბუნებრივია, არა თანაბრად (ყველას არ გააჩნია ერთი და იგივე წონა), ვინაიდან ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამა თუ იმ ფაქტორის გამოყენების უპირატესობა, რაც საგარეო ვაჭრობაში მას უპირატესობებს აძლევს. ბუნებრივია, რაც უფრო ოპტიმალური იქნება ამ ფაქტორთა კომბინაცია, მით უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა და მისი სტაბილურობა (საბჭოურ პერიოდში ეკონომისტ-მათემატიკოსთა მიერ შემუშავებულიც კი იყო ე.წ. ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების სისტემა).

როგორია ამ თვალსაზრისით მდგომარეობა თანამედროვე საქართველოში? სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საქართველოში ყველა ეს დეტერმინანტი (ფაქტორი) პრაქტიკულად სულ უფრო და უფრო ქვეითდება! აქცენტი აღებულია ერთ ან ორ დარგზე, მსჯელობა უნდა იყოს ოპტიმალურ დარგობრივ სტრუქტურაზე. პასუხი არ არის მარტივი, ალბათ, აქ გამოყენებული უნდა იქნეს მოდელი - დანახარჯები-გამოშვება და ასევე რიგი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

განვიხილოთ საქართველოში ფუნქციონერებადი ფიზიკური კაპიტალი, ის ძირითადად გაცვეთილია, ამორტიზებულია, არ ხდება მისი შეცვლა ან გადაიარაღება (რომელიც, როგორც წესი, ყოველი 20-25 წელიწადში უნდა ხდებოდეს), არადა, თანამედროვე ეკონომიკის საფუძველს სამრეწველო დანადგარები და საწარმოო ხაზები წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით გადასახედია ქვეყნის საიმპორტო პოლიტიკა. უარი უნდა ითქვას მომხმარებლური ეკონომიკის მოდელზე. ცნობილია, რომ დღესდღეობით  მის სტრუქტურაში 80%–ს წარმოადგენს სამომხმარებლო საქონელი (მათ  შორის ძირითადი კვების პროდუქტია). ამით კი საქართველო ხელს უწყობს უცხო ქვეყნების  ეკონომიკების განვითარებას, ზრდის მოთხოვნას მათ ბაზრებზე

რაც შეეხება ადამიანის კაპიტალს (huamn capital),  – მილიონზე მეტი ადამიანი (ძირითადად 25-50 წლის ასაკში) გასულია ქვეყნიდან (2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად 3,7 მლნ ადამიანია, აქედან ეკონომიკურად აქტიური 75% – ია. 2019 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა – სამუშაო ძალა, შეადგენს 1.911.2 ათას კაცს). ხოლო განათლება (განსაკუთრებით, საინჟინრო-ტექნიკური) არასახარბიელო მდგომარეობაშია. გადასახედია პროფესიათა და სპეციალობათა სისტემა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით სპეციალისტთა მომზადებაც.

ბუნებრივი რესურსები (natural resources) – ქვეყანაში დარღვეულია ეკოლოგიური ბალანსი (სამწუხაროდ ჩვენთან არ არსებობს ეკოლოგიური ბალანსის სტატისტიკა), მაშინ როდესაც ეკოსისტემა სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს უწყობს არამხოლოდ საზოგადოების ჯანდაცვას, არამედ ეკონომიკის ზრდას.

რაც შეეხება მშპ–ის ორნიშნა ზრდას (1996-1997 და 2004 წლებში), ის გამოწვეული იყო მხოლოდ ე.წ. მკვეთრი ზრდის ეფექტით (გრეგორი მენქიუს ტერმინოლოგიით), ვინაიდან წინა წლების ბაზა (benchmark) დაბალია და ეკონომიკის აღდგენითი ზრდით (რუსი ეკონომისტის ე. გაიდარის ტერმინოლოგიით).

და კიდევ ერთი, „ჩრდილოვანი“ ეკონომიკის (სტატისტიკოსები მას უწოდებენ „არადაკვივერბად“ ეკონომიკას, რაც ჩვენი აზრით, სწორია, ვინადან მასში შედის ყველა საქმიანობა, რომელიც ვერ ხვდება ფინანსისტთა თვალსაწიერში, მაგალითად შინამეურნეობაში საქმიანობით შექმნილი ღირებულება და სხვ.)

სწორედ რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა იქნეს შემუშავებული ქვეყნის  შესაბამისი (pro tanto - ლათინური შესატყვისი) ეკონომიკური პოლიტიკა.

ეკონომიკური განვითარების არსი და მაჩვენებლები

ეკონომიკური განვითარება  შედარებით ახალი ცნებაა და გაცილებით ფართოა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ის ასახულია სახელმძღვანელოებში და ისწავლება მსოფლიოს მრავალ უმაღლეს სასწავლებელში. (Hayami, Godo 2002.) ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური განვითარება. ერთი შეხედვით, საკითხის ამდაგვარად დაყენება ტავტოლოგიაა, მაგრამ უფრო სიღრმისეული შესწავლისას დავინახავთ პრინციპულ განსხვავებას მათ შორის, რაც ეკონომიკის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მხარეებს შორის განსხვავებიდან გამომდინარეობს. პირველი გულისხმობს ეკონომიკის განვითარებას მისი საწარმოო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით, ხოლო მეორე აქცენტს აკეთებს ეკონომიკის განვითარების სოციალურ შედეგებზე. რ.დორნბუში და ს.ფიშერი თვლიან, რომ ეკონომიკურ განვითარებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ის მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს... და მისი განვითარების დონე განისაზღვრება არამარტო მშპ-ის რეალური დონით მოსახლეობის ერთ სულზე,  არამედ ისეთი მაჩვენებლებითაც, როგორიცაა ჯანმრთლობის მდგომარეობა, განათლება და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს კი შესაბამისობაშია გაეროს სტატისტიკური კომისიის მიერ შემუშავებული ადამიანის განვითარების ინდექსთან.  ამ თვალსაზრისით, გარკვეულწილად, ეკონომიკური განვითარების მოდელი არის „სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური“ მოდელის გაგრძელება, რასაც ადგილი აქვს დასავლეთ გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში XX საუკუნის მეორე ნახევრიდან.

ცნობილია, რომ ეკონომიკური ზრდა (economic growth)  ფასდება მშპ–ის (მათ შორის მოსახლეობის ერთ სულზე) რეალური გამოშვების მაჩვენებლით, ხოლო ეკონომიკური განვითარება (economic development) ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ის უფრო სოციალურად ორიენტირებულია და ასახავს ქვეყნის განვითარების მრავალ შრეს.

ეკონომიკური განვითარება აჩვენებს თუ რა ეფექტი მოაქვს ეკონომიკურ ზრდას უშუალოდ მოსახლეობისათვის, როგორ იზრდება ქვეყანაში ცხოვრების დონე და შესაბამისად ის გაიზომება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა: რეალური შემოსავალი (მშპ) მოსახლეობის ერთ სულზე; განათლების დონე; ჯანდაცვის დონე (მაგალითად, ექიმთა რაოდენობა 1000 კაცზე); ეკოლოგიის სტანდარტების დაცულობა. ამასთან, ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს: ინფრასტრუქტურის (ტრანსპორტი, კომუნიკაციები) დონე; მომსახურების სექტორის ეფექტიანობა;[4] კორუფციის დაბალი დონე; შრომის მწარმოებლურობა; სამუშაო ძალის მობილობა; უცხოური ინვესტიციებისა და დახმარების ნაკადები; დანაზოგების და ინვესტიციების დონე და ა.შ.

ახლა განვიხილოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა განვითარების გარეშე:

1. ეკონომიკური ზრდის შედეგები აისახება მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობის მდგომარეობაზე. მაგალითად, ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ადგილი აქვს მშპ-ს ზრდას. შეიძლება ამ შემთხვევაში ფირმის შემოსავალი მკვეთრად იზრდებოდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სიკეთე თანაბრად აისახება მთელ მოსახლეობაზე. ამ პრობლემის აქტუალურობას ხაზს უსვამს ამერიკელი ეკონომისტი  “The Economy should serve the people. We do not have to accept “market” outcomes. There is no “invisible hand” guiding us toward equilibrium. All economies are always controlled – the only questions are by whom and for whom. Our economy (U.S. Economy – T.B.) has increasingly become controlled by and for the top one percent, or really – by and for one-tenth of one percent” . (Randel L. Weay , 2017, 111)  - ეკონომიკა უნდა იყოს ხალხის სამსახურში. ჩვენ ვერ ვიღებთ საბაზრო ეკონომიკის შედეგებს. არ არსებობს „უხილავი ხელი“, რომელსაც მივყავართ წონასწორობისაკენ. ყველა ეკონომიკები კონტროლდებიან - საკითხავია, ვისგან და ვისთვის. აშშ–ის ეკონომიკა გახდა კონტროლირებადი მოსახლეობის 1%–ის მიერ, რეალობაში კი 1%–ის მეათედის მიერ.

2კორუფციაფულის გათეთრება (corruption, money laundering). ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს მშპ-ის მაღალი დონე, მაგრამ მისი ზრდის ეფექტი აისახებოდეს მხოლოდ ოლიგარქების და პოლიტიკოსების საბანკო ანგარიშებზე. ამასთან დაკავშირებით აქტუალურია საკითხი, როგორ გავზომოთ კორუფციის დონე საქართველოში. სამართლებრივი სტატისტიკა იძლევა კორუფციაში დანაშაულთა მხოლოდ მშრალ სტატისტიკას, რაც არის  მედლის მხოლოდ ერთი მხარე, ბევრად უფრო აქტუალურია საკითხი, თუ რა ზიანი მოაქვს ქვეყნისათვის კორუფციას, კერძოდ, საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემაში (Shevardnadze K., Chechelashvili R., Chocheli V., Khaduri N., Papava V. 2000) და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას? ცალკე საკითხია - ფულის გათეთრება, როდესაც ფულადი მასა არ ემსახურება სამეურნეო ბრუნვას და ატარებს მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ფინანსურ ინტერესებს.

3. ეკოლოგიური პრობლემები (ecological problems). ტოქსიკური ქიმიური პროდუქტების (და სხვა მავნე პროდუქტების) წარმოება ზრდის მშპ-ს, მაგრამ მათი წარმოების არასწორი რეგულირებით შეიძლება ზიანი მივაყენოთ გარემოს და ჯანდაცვას, რაც ბევრად უფრო ძვირი უჯდება საზოგადოებას, და, საერთოდ, ქვეყანას;

4. ეკონომიკის გადატვირთულობა (overburdened of economy)  აქცენტის აღებამ მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტექნიკურ-ეკონომიკურ მხარეზე, ანუ სოციალური მაჩვენებლების არგათვალისწინებამ, შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკაში რესურსების გადახარჯვა, რაც, ასევე, მიუღებელია სტაბილური განვითარებისათვის;

5. წარმოებული პროდუქციის გამოყენების არასათანადო დონეერთი შეხედვით, ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს ძალზედ აქტუალური საკითხია და დაკავშირებულია, ერთი მხრივ, განაწილებითი ურთიერთობების ეფექტიანობასთან და, მეორე მხრივ, რესურესების არაადეკვატურ ალოკაციასთან(განაწილებასთან).

6. ხარჯები შეიარაღებაზებიუჯეტში ხარჯების ოპტიმალური დაგეგმვა და მათი გაწევა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის (საქართველოსათვის ბოლო წლებში ეს ძალზედ აქტუალური იყო, ვინაიდან შეიარაღებაზე ხარჯების ზრდამ მნიშვნელოვანწილად შეამცირა სოციალური ხარჯები).აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს (1892 წ.) გერმანელმა ეკონომისტმა ადოლფ ვაგნერმა აღწერა ტენდენცია ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის ზრდისა: სახელმწიფო ხარჯები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ეროვნული წარმოება. აქედან გამომდინარე მშპ–ის ზრდა იწვევს სახელმწიფო ხარჯების დაჩქარებულ ზრდას, ხოლო დემილიტარიზაცია  გვევლინება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური დინამიკის ფაქტორი.

7. ეკონომიკური ზრდის რეგიონული ფაქტორი (Regional factor of economic growth). რეგიონული ეკონომიკა (სივრცობრივი ეკონომიკა, regional economics, spatial economics). დღეს, როდესაც ცნობილი (ალბათ ნაკლებად ცნობილი) მიზეზების გამო (მხედველობაში მაქვს კორონოვირუსი) ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს მნიშვნელოვანი რისკები ახასიათებს. დარღვეულია კავშირი წარმოებასა და მოხმარებას შორის. უფრო მეტიც ეკონომიკური კავშირების რღვევას ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისამდე და ამ კავშირების აღდგენა მოკლევადიან პერიოდში რთული იქნება. ჩვენი აზრით, ამ სიტუაციაში წინა პლანზე გამოდის ეკონომიკის აღდგენის და შემდგომი ზრდის რეგიონული ფაქტორი, ვინაიდან გლობალური ეკონომიკა შესძლებს დაუბრუნდეს ძველ პოზიციებს, უკეთეს შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში.

დაბოლოს, შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას: შეიძლება თუ არა ეკონომიკური განვითარების მოდელის გამოყენება ტრანსფორმაციული (პოსტკომუნისტური) ეკონომიკების ანალიზისას ან მათი სამომავლო განვითარებისათვის?

ჩვენი აზრით, აღნიშნული მოდელის გამოყენება თანამედროვე ეტაპზე მიზანშეწონილია იმ თვალსაზრისით, რომ პირველი, გასული წლების ეკონომიკურმა რეფორმებმა, ფაქტობრივად, მოშალეს ქვეყნის სოციალური ორიენტაცია და მიზნად გაიხადეს მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური ზრდა. მეორე, კორონომიკის ფენომენის გავლენა ეკონომიკაზე. ამიტომ, აუცილებელია ამ მოდელის გამოყენება. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იქნეს არსებული ჩამორჩენის დაძლევისაკენ ამ მიმართულებით.

ლიტერატურა:

  • პაპავა ვ., ჭარაია. ვ.(2020). კორონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა. ექსპერტის აზრი. #136. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი;
  • პაპავა ვ. (2018). ეკონომიკური მეცნიერების  კრიზისი და ახალი პარადიგმის ძიებისათვის. გლობალიზაცია და ბიზნესი. სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში: თეორია და პრაქტიკა.
  • მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი, 2018.
  • მექვაბიშვილი ე.(2018). ეკონომიკური კრიზისების თეორია თუ ეკონომიკური თეორიის კრიზისი. გლობალიზაცია და ბიზნესი. სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. ევროპის უნივერსიტეტი. თბილისი.
  • შევარდნაძე კ., ჩეჩელაშვილი კ., ჩოხელი ვ., ხადური ნ., პაპვა ვ. (2000. საგადასახადო კორუფციის ინდექსები. თბილისი, გამომცემლობა შპს კომპანია “იმპერიალი“.
  • Karl E. Case, Ray C. Fair. (2007). Principles of Economics. Eighth Edition. Pearson Prentice Hall.
  • კახნიაშვილი ჯ. (1996).  მაკროეკონომიკა. თბილისი, გამომცემლობა „სიახლე“.
  • Hayami Y. and Godo Y. (2002.) Development Economics. From the Poverty to the Wealth of Nations. Third Edition.
  • Alwis A. de. “Coronomics – Plan for Your Eggs and the Basket!”. Daily FT, 2020, February, 25 www.ft.lk/columns/Coronomics-%E2%80%/93-Plan your eggs-and-the-basket-/4-695109
  • Colander D. (2005). The making of an economic redux. Journal of Economic Perspectives.Vol. 19.
  • L. Randel Weay (2017). Trumponomics: Causes and Perspectives.  N.Y.USA p.111; http: //paecon.net/PAEReview/issue78/Wray78pdf
  • Дорнбуш Р., Фишер С. (1997) Макроэкономика/ Пер. с англ. – М.: Изд-во МГУ; ИНФРА, 1997.
  • Ольсевич Ю.Я. (2011). Фундаментальная неопределенность рынка и концепции современного кризиса.  Москва. Институт экономики РАН.
  • Папава В. (2020). Об экономическом росте в посткоммунистических странах Восточной Европы// Экономика и математические методы, 2020, том 56, N1.
  • Стиглиц Дж. (2003). Глобализация: тревожные тенденции/ Пер. с англ. М.: Мысль, 2003.
  • Шумпетер Й. (1995) Капитализм, социализм и демократия. Пер. с англ. Москва. Экономика.
  • Murrell P. Can. (1991). Neoclassical Economics Underpin the Economic Reform of the Centrally Planned Economics // Journal of Economic Perspectives 5(4) .
  • Galbraith J. K. The Affluent Society. A Mariner Book. Hougton Mifflin Company. Boston . New York.
  • Simon Kuznets. (1992). Prize Lecture to the memory of Alfred Nobel. December 11, . From Nobel Lectures, Economics 1969-1980, Editor Assar Lindbeck, World Scientific Publishing Co., Singapore,.

References:   

  • Papava V., Charaia V. (2020). koronomikuri krizisi da sakartvelos ekonomikis zogierti gamotsveva [Coronomics Crisis and Challenges for Economics.     Expert Opinion. #136. Georgian Foundation for Strategic and International  Relations   Studies.] in Georgian.
  • Papava V. (2018) ekonomikuri metsnierebis  krizisi da akhali paradigmis dziebisatvis. [“The Crisis of Economics and for search of the New Paradigm”. Scientific-practical Journal. Actual Problems of Economy and Business in Modern Globalization: Theory and Practice.] in Georgian.
  • Mekvabishvili E. (2018). globalizatsiis epokis pinansuri krizisebi da sakartvelos ekonomika. [The Financial Crisis of the Globalization Era and the Economy of Georgia. Tbilisi, 2018.] in Georgian.
  • Meqvabishvili  E. (2018). ekonomikuri krizisebis teoria tu ekonomikuri teoriis krizisi. [Economic Crisis Theory or Economic Theory Crisis? Scientific-Practical Journal. Actual Problems of Economy and Business in Modern Globalization: Theory and Practice.] in Georgian.
  • Shevardnadze K., Chechelashvili R., Chocheli V., Khaduri N., Papava V.  (2000)   sagadasakhado koruptsiis indeksebi. [Indexes of Tax Corruption. Tbilisi, Publisher “Company Imperial Ltd.”] in Georgian.
  • Karl E. Case, Ray C. Fair. Principles of Economics. Eighth Edition. Pearson Prentice Hall. 2007. P.543-698;
  • Kakhniashvili J. (1996) makroekonomika. [Macroekonomics. Tbilisi, “siaxle”, pp.210-277 .] in georgian
  • Alwis A. de. “Coronomics – Plan for Your Eggs and the Basket!”. Daily FT, 2020, February, 25 www.ft.lk/columns/Coronomics-%E2%80%/93-Plan your eggs-and-the-basket-/4-695109
  • Colander D. (2005). The making of an economic redux. Journal of Economic Perspectives.Vol. 19, # 1, pp.175-198;
  • Randel L. Weay(2017)Trumponomics: Causes and Perspectives.  N.Y.USA pp.111; http: //paecon.net/PAEReview/issue78/Wray78pdf
  • Dornbush P., Fisher C. (1997) Макроэкономика [Macroeconomics Trans. from English - M.: Publishing House of Moscow State University; INFRA, 1997. pp. 719.] in Russian.
  • Olsevich I. (2011) Fundamentalnaya neopredelennost rynka i kontseptsii sovremennogo krizisa.  [Fundamental market uncertainty and modern crisis concepts. Moscow. Institute of Economics, RAS. - pp. 47.] in Russian.
  • Papava V.  (2020) Ob ekonomicheskom roste v postkommunisticheskikh        stranakh Vostochnoy Yevropy . [On Economic Growth in the Post-Communist Countries of Eastern Europe // Economics and Mathematical Methods, 2020, Volume 56, # 1, pp. 34-43.] in Russian.
  • Stiglitz Joseph Eugene (2003)  Globalizatsiya: trevozhnyye tendentsii
  • Hayami Y. and Godo Y. (2002.) Development Economics. From the Poverty to the Wealth of Nations. Third Edition. [Globalization: Alarming Trends.  Transl. from English pp. 300.]
  • Schumpeter J. (1995) Kapitalizm, sotsializm i demokratiya. [Capitalism,            Socialism and Democracy. transl.. from English    Moscow. Economics.]
  • Murrell P. Can Neoclassical Economics Underpin the Economic Reform of the Centrally Planned Economics // Journal of Economic Perspectives 5(4) (1991). pp.59-76;
  • Galbraith John Kenneth. The Affluent Society. A Mariner Book. Hougton Mifflin Company. Boston . New York. pp.276
  • Simon Kuznets-Prize Lecture to the memory of Alfred Nobel. December 11, 1971. From Nobel Lectures, Economics 1969-1980, Editor Assar Lindbeck, World Scientific Publishing Co., Singapore,1992.

[1] ცოდნა და უნარი, რომელსაც ადამიანი,  განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით იძენს.

[2] საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული მასალა, რომელსაც ბუნება გვაძლევს.

[3] უახლესი ტექნიკისა და „ნოუ-ჰაუს“ დანერგვა.

[4] ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია რ. ასათიანის მონოგრაფიული გამოკვლევა: მომსახურება და საბაზრო სისტემა. თბილისი, `თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1993.