English / ქართული /








Journal number 1 ∘ Simon GelashviliMerab KhmaladzeZamira Shonia
Reproductive Disposition of Georgian Students and Youth

After the collapse of the Soviet Union, in Georgia, as in the other former Soviet republics, a general crisis erupted that covered all aspects of life, including demographic relations. The birth rate has fallen sharply, meeting only the needs of short-lived reproduction. In 2018, about two times fewer babies were born than in 1990. Under such a regime of population reproduction, the generation of parents would have been replaced by a smaller number of children. There were years when the natural growth of the Georgian population was zero. Today, the demographic situation is slightly improved, but it takes many years to achieve the desired situation. The generation of parents is replaced by the generation of children in equal numbers. But such a regime of population reproduction is unacceptable for Georgia, whose population declined sharply in the post-Soviet period, from 1992 to 2018 (from 5.5 million to 3.7 million, or 32.7%). This is an alarming situation and such a decline in population has not occurred in any post-Soviet country.

Throughout Georgia, student demographic sentiment surveys were first conducted at the Tbilisi State University, Department of Economic and Social Statistics in 2019, within the framework of the targeted research project of the Faculty of Economics and Business - "Student Demographic Mood of Georgia". The obtained data were processed and the corresponding indices were calculated using SPSS software.

The reproductive mood of students and youth, that is, the attitude towards childbearing and its study, is an important condition for predicting Georgia’s demographic future. Our study gave some encouraging results, namely: students named 3 children as the desired number of children in the family and 2.8 expected. Both of these points fully support the expanded reproduction mode of the population, of course, if realized in the future.

Keywords: Demographic disposition, reproductive disposition, Birth rate; birth stimulating factors, birth preventing factors.

JEL Codes: J10, J11, J12, J13

საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის რეპროდუქციული განწყობა

სტატია მომზადდა თსუეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2019

წლის საგრანტო კვლევითი პროექტ „საქართველოს სტუდენტი

ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობის“ ფარგლებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, შეიქმნა  საყოველთაო კრიზისი, რომელმაც მოიცვა ცხოვრების ყველა მხარე და, მათ შორის, დემოგრაფიული ურთიერთობები. უკიდურესად შემცირდა შობადობის დონე, რომელიც აკმაყოფილებდა მოსახლეობის მხოლოდ შეკვეცილი აღწარმოების მოთხოვნებს. 2018 წელს, 1990 წელთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები ბავშვი დაიბადა. მოსახლეობის აღწარმოების ასეთი რეჟიმის პირობებში მშობლების თაობა შვილების უფრო ნაკლები რიცხოვნობით იცვლებოდა. იყო წლები, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება ნულის ტოლი იყო. დღეისათვის დემოგრაფიული სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა, თუმცა, სასურველი მდგომარეობის მიღწევას მრავალი წელი ესაჭიროება. მშობელთა თაობას თანაბარი რიცხოვნობით ცვლის შვილების თაობა, მაგრამ მოსახლეობის აღწარმოების ასეთი რეჟიმი მიუღებელია საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობის რიცხოვნობაც პოსტსაბჭოთა პერიოდში, ანუ 1992-2018 წლებში კატასტროფულად შემცირდა (5,5 მლნ-დან 3,7 მლნ-მდე, ანუ 32.7 %-ით). ეს საგანგაშო მდგომარეობაა და მოსახლეობის რიცხოვნობის ასეთი შემცირება არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მომხდარა.

საქართველოს მასშტაბით, სტუდენტთა დემოგრაფიული განწყობის კვლევა პირველად ჩატარდა თსუ-ს  ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრაზე 2019 წელს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში -  „საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობა“. მიღებული მონაცემების დამუშავება და სათანადო მაჩვენებლების გაანგარიშება განხორციელდა კომპიუტერული პროგრამა  SPSS-ის  გამოყენებით.       

 სტუდენტი ახალგაზრდობის რეპროდუქციული განწყობა, ანუ დამოკიდებულება შვილიანობის მიმართ და მისი შესწავლა, მნიშვნელოვანი პირობაა საქართველოს დემოგრაფიული მომავლის პროგნოზირებისთვის. ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დამაიმედებელი შედეგები მოგვცა, კერძოდ: სტუდენტებმა ოჯახში ბავშვთა  სასურველ რიცხვად  დაასახელა 3 ბავშვი, ხოლო მოსალოდნელად - 2,8. ორივე რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმს, რა თქმა უნდა, მომავალში მისი რეალიზების შემთხვევაში.

 საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული განწყობა, რეპროდუქციული განწყობა, შობადობა, შობადობის მასტიმულირებელი ფაქტორები, შობადობის შემაფერხებელი ფაქტორები.

კვლევის ისტორი

ადამიანების ნებისმიერი განწყობა ყალიბდება გარემო სოციუმის გავლენით. განწყობა, გარკვეული გარემო სიტუაციების ზეგავლენით, რეალიზდება ადამიანის თუ ადამიანების ქცევაში. 

          დემოგრაფიული განწყობის და დემოგრაფიული ქცევის თეორია დიმიტრი უზნაძის განწყობის და ქცევის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას ეყრდნობა, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1940 წელს სახელმძღვანელოში - „ზოგადი ფსიქოლოგია“, აღნიშნული სახელმძღვანელო კიდევ გამოიცა 2006 წელს (უზნაძე დ., 2006).

          გამომდინარე დ. უზნაძის ფსიქოლოგიის თეორიიდან, ნებისმიერი დემოგრაფიული შემთხვევის, ფაქტის განხორციელება ადამიანის მიერ განპირობებულია გარკვეული გარემოებებით და რეალიზდება გააზრებულად, შეგნებულად. დ. უზნაძემდე, კავშირს გარემოებებსა და ცოცხალ ორგანიზმებს შორის, ხსნიდნენ მარტივად, ორი წევრით: გარემო - ქცევა. დ. უზნაძის თეორიით,  გარემოს და ქცევას შორის არსებობს  განწყობა, რასაც აყალიბებს გარემო, ხოლო განწყობა ზემოქმედებს ქცევაზე.

          ყოველივე ცოცხალი, აღნიშნავდა დ. უზნაძე, ჩართულია მიზეზ-შედეგთა უწყვეტ ჯაჭვში და იმისათვის, რომ მასში რაიმე მოვლენის გაიგო, უთუოდ მისი მიზეზი უნდა გამონახო. ერთი სიტყვით, ყველაფერი მიზეზით არის განსაზღვრული. ყოველი ცოცხალი არსებისათვის, მეტად თუ ნაკლებად რთული ორგანიზმისათვის, ძირითადში მიზანშეწონილი ქცევაა დამახასიათებელი. ჩვენი პრობლემა, შესაბამისად, არის გავარკვიოთ როგორაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმის, როგორც მატერიის ერთ-ერთი ფორმის ქცევა, უდავოდ მიზეზობრივად იყოს განსაზღვრული, მაგრამ იმავე დროს მიზანშეწონილობითაც ხასიათდებოდეს. უდავოა, ქცევის ეს ნიშანი, მიზანშეწონილი ხასიათი, ცოცხალი ორგანიზმის რომელიღაც განსაკუთრებით სპეციფიკური თავისებურებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

          ცოცხალ ორგანიზმს, აღნიშნავს დ. უზნაძე, ის გარემოება ახასიათებს, რომ იგი ყოველთვის რაიმე მოთხოვნილების მატარებელია. ყოველ ცოცხალ ორგანიზმს ორი თავისებურება აქვს: მიზანშეწონილი ქცევა და მოთხოვნილება. ცოცხალი ორგანიზმი იკმაყოფილებს მოთხოვნილებას.

          ქცევას წინ უსწრებს სუბიექტის სპეციფიკური მდგომარეობა - განწყობა. რეპროდუქციული განწყობა არის ადამიანის მზადყოფნა ფსიქოფიზიკური აქტივობისათვის, მიმართული ,,ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილებისაკენ. რეპროდუქციული განწყობა წინ უსწრებს რეპროდუქციულ ქცევას, წარმოადგენს გარკვეული სახის მზადყოფნას და განსაზღვრავს რეპროდუქციული ქცევის მიმდინარეობას [წულაძე, 2005, გვ. 233-234].    სანამ ცოცხალი არსება ზოგადად რაიმე მნიშვნელოვან საქციელს ჩაიდენდეს, იგი უკვე მანამდეა მოტივირებული, რომ მან სწორედ ეს ქცევა უნდა ჩაიდინოს. სხვანაირად: სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული. ამის შემდეგ დ. უზნაძე განმარტავს, რომ განწყობა არის სპეციფიკური მდგომარეობა, რომელიც ჩნდება სუბიექტში მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტური სიტუაციის ზეგავლენის შედეგად. განწყობის როლი ადამიანის ქცევის პროცესში ძალიან დიდია. მაგრამ ის უდიდესი მიღწევები, რომელიც ადამიანს აქვს მოპოვებული, განწყობის უშუალო გავლენით მაინც არ აიხსნება. ადამიანის სპეციფიკური თავისებურება და იმავე დროს მისი უდიდესი მონაპოვარი სწორედ ისაა, რომ მას ძალა შესწევს, თავის ქცევა განწყობის უშუალო ბატონობას ხელიდან გამოგლიჯოს, რათა იგი ცნობიერების აქტივობით გაშუალებულ განწყობას დაუმორჩილოს: ცნობიერება ადამიანის ქცევის უსპეციფიკურესი ფაქტორია.

          დემოგრაფიული ქცევა დაკავშირებულია ნებელობასთან. ნებელობა, აღნიშნავს დ. უზნაძე, არის ადამიანის ქცევა, რომელიც დამოკიდებულია მის ნებაზე. ნებელობა მხოლოდ იმას ეხება, რის შესრულებაც ჩვენ ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო, რაც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, ის ნებელობის საგანს არასდროს არ შეადგენს. ნამდვილს, ნებისმიერ ქცევას, დასძენს დ. უზნაძე, ყოველთვის თან ახლავს ერთგვარი განცდა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, რომ ამის შესრულება ჩვენ ხელთაა. ეს განცდა დამახასიათებელია ნებელობის პროცესისათვის.

    დემოგრაფიული განწყობა არის ადამიანების შეხედულებების, დამოკიდებულებების კომპლექსი დემოგრაფიული პროცესების მიმართ, რომელიც დეტალურად განხილულია მ. ხმალაძის სახელმძღვანელოში (ხმალაძე, 2009, გვ. 283-301). დემოგრაფიული განწყობა იყოფა რამდენიმე მიმართულებით: რეპროდუქციული განწყობა - დამოკიდებულება ოჯახში შვილიანობის მიმართ, თვითშენახვითი ქცევა - თვითშენახვითი განწყობა - დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, მიგრაციული განწყობა და ქორწინებითი განწყობა.

 შვილიანობა ახალგაზრდობის პრეროგატივაა, ხოლო ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაწილია სტუდენტობა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წელს სტუდენტთა რიცხოვნობამ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეადგინა 151,2 ათასი, მათ შორის  3,5 ათასი (2,3%) - დოქტორანტია. ამავე წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა 19 სახელმწიფო და 55 ავტორიზებული კერძო უმაღლესი სასწავლებელი (www.geostat.ge). 

      2018-2019 სასწავლო წელს დაირღვა სტუდენტთა გენდერული ბალანსი. თუ 2000-2001 სასწავლო წელს კაცები შეადგენდნენ 53,0%-ს, 2018-2019 წელს ის 48,7%-მდე შემცირდა. თუ განვიხილავთ სტუდენტთა ასაკობრივ შემადგენლობას, აღმოჩნდება, რომ მათგან ყოველი მესამე, ანუ 31,4% არის 20 წლამდე ასაკის, 58,6% - 20-24 წლის, 7,9% - 25-29 წლის, 2,1% - 30 წლის და მეტი.

      საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული და, მათ შორის, რეპროდუქციული განწყობის შესწავლას არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ პ. გუგუშვილის, ლ. ჩიქავას, მ. ტუხაშვილის, ა. თოთაძის, ვ. ლორთქიფანიძის, გ. წულაძის, თ. ზუბიაშვილის, ე. მენაბდიშვილის,  გ. მელაძის, ზ. გოქაძის, რ. გაჩეჩილაძის, მ. შელიას, შ. წიკლაურის, თ. ღამბაშიძის, მ. ბექაიას,  ზ. ცხოვრებაძის, ლ. ჭყონიას, მ. ჭიპაშვილის დამსახურება. მაგრამ, მათგან მხოლოდ ზ. გოქაძის საკანდიდატო დისერტაცია ეძღვნება კონკრეტულად ახალგაზრდობის პრობლემებს (გოქაძე, 1993). აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, მან გამოკითხა ქალაქ თბილისის ქართული და რუსული სკოლების სხვადასხვა ეროვნების ორივე სქესის 6-17 წლის ასაკის მოსწავლეები.

     უშუალოდ სტუდენტი ახალგაზრდობის რეპროდუქციული განწყობა შეისწავლეს          პ. გუგუშვილმა, ნ. მენაბდიშვილმა და დემოგრაფიის და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 2004-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით შესრულებული პროექტით - „სტუდენტის ახალგაზრდობის დემოგრაფიული ქცევა“, რომლის სამეცნიერო ხლმძღვანელიც იყო მ. ხმალაძე. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამივე ნაშრომი შესრულდა თბილისის მაგალითზე. მომდევნო წლებში ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობის შესახებ რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია გამოჩნდა (მაგალითად, მ. შელიას, შ. წიკლაურის და სხვათა ავტორობით).

  პირველი, ვინც შეასრულა სტუდენტი - ახალგაზრდობის რეპროდუქციული განწყობის და ქცევის დემოსოციოლოგიური კვლევა, იყო აკადემიკოსი პ. გუგუშვილი. მან ნახევარი საუკუნის წინათ, ანუ 1970-იანი წლების დასაწყისში, შეისწავლა სტუდენტთა შეხედულებები ოჯახში ბავშვთა საშუალო რიცხვის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა პ. გუგუშვილის მონოგრაფიაში - ,,საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები“. აღნიშნული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოჯახში ბავშვთა იდეალურ რიცხვად მიიჩნია: ორი ბავშვი - სტუდენტთა 7,1%-მა, 3 ბავშვი - 34,2%-მა, 4 ბავშვი - 49,4%-მა, 5 და მეტი ბავშვი - 9,3%-მა [გუგუშვილი, 1973, გვ. 116].

კვლევის შედეგები

 საქართველოს მასშტაბით, სტუდენტთა დემოგრაფიული განწყობის კვლევა პირველად ჩატარდა 2019 წელს თსუ-ს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრაზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში - „საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობა“. შესაბამისი კითხვარები დაიგზავნა და შევსებული ანკეტები მიღებული იქნა ელექტრონულად. ასევე, მიღებული მონაცემების დამუშავება და სათანადო მაჩვენებლების გაანგარიშება       მოხდა პროგრამა SPSS-ის გამოყენებით.

აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებულ იქნა 2307 შევსებული კითხვარი, რომელთაგან 1572, ანუ 68.1%  იყო ქალი, ხოლო 735 (31.9%) - კაცი. აღნიშნული რიცხოვნობა სრულად პასუხობს შერჩევითი სტატისტიკური დაკვირვების წინაშე წაყენებულ მეთოდოლოგიურ მოთხოვნებს, მათ შორის რეპრეზენტატივობას, რომლის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო 2552 შევსებული ანკეტა.

           მიღებული სტატისტიკური მონაცემები დამუშავდა სტუდენტთა რეპროდუქციულ განწყობაზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით. შობადობის მოსალოდნელი დონის პროგნოზირებისათვის გამოკვლევის ანკეტა მოიცავდა კითხვას ოჯახში ბავშვთა  სასურველი და დაგეგმილი (მოსალოდნელი) რიცხვის შესახებ. მიღებული პასუხების კრებსითი მონაცემები წარმოდგენილია ცხრილში 1.

სტუდენტთა შეხედულებები ბავშვთა სასურველი და მოსალოდნელი რიცხვის შესახებ

ცხრილი 1

 

 

ბავშვების რიცხვი

პროცენტულად

სასურველი

მოსალოდნელი

სასურველი

მოსალოდნელი

ერთი

105

125

4,3

5,2

ორი

625

618

25,7

25,5

სამი

1027

1140

42,3

47,1

ოთხი

440

360

18,2

14,9

ხუთი და მეტი

160

115

6,6

4,6

არცერთი

65

64

2,9

2,7

სულ

2422

2422

100,0

100,0

            საქართველოს მოსახლეობის და, საერთოდ, აღწარმოებისთვის ორ-შვილიანი ოჯახი უზრუნველყოფს მოსახლეობის მარტივ აღწარმოებას, ხოლო ორზე მეტი - გაფართოებულს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს დემოგრაფიული მომავალი უიმედოდ არ გამოიყურება. ორი და სამი შვილი სასურველად დაასახელა გამოკითხულმა 69,8%-მა, ხოლო მოსალოდნელად - 72,6%-მა. ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა საშუალო სასურველი რიცხვი სამის, ხოლო მოსალოდნელი - 2,8-ის ტოლია.  სხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევა განსხვავებულ შედეგებს იძლევა. მაგალითად, ა. თოთაძის გამოკვლევით, ახალგაზრდა კაცების 86,7%-ს და ქალების 94,7%-ს სურს სამი შვილის ყოლა [თოთაძე, 2014, გვ. 214]. ნ. მენაბდიშვილის გამოკვლევით კი, ოჯახში ბავშვთა სასურველი რიცხვი სტუდენტი ქალებისათვის არის 2,5, სტუდენტი კაცებისათვის კი - 2,7 (მენაბდიშვილი, 2004, 10).

          საერთოდ, ოჯახში მეტი შვილი უნდათ კაცებს, ვიდრე ქალებს. საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მიერ 2004-2005 წლებში ჩატარებული გამოკვლევით, კაცებისათვის ოჯახში ბავშვების საშუალო სასურველი რიცხვი შეადგენდა 2,6-ს, ხოლო მოსალოდნელი - 2,44-ს. ქალებისათვის აღნიშნული მაჩვენებლები, შესაბამისად შეადგენდა, 2,6 და 2,4 (სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ქცევა, 2005, 65).

            გამოკვლევით დადგინდა რეპროდუქციულ განწყობასა და შობადობის დონეზე მოქმედი როგორც შემაფერხებელი, ასევე მასტიმულირებელი ფაქტორების გავლენა. თითოეულ ფაქტორს, მნიშვნელობის მიხედვით, მიენიჭა 1-დან 5-მდე ქულა.                                                                                   

ბავშვთა ყოლის ხელშემშლელი ფაქტორები

ცხრილი 2 

ფაქტორები

ქულები პროცენტებით

სულ

1

2

3

4

5

სწავლა

10,5

13,6

20,7

19,8

35,4

100

შემოსავალი

6,4

6,4

7,6

18,9

60,7

100

ჯანმრთელობა

6,1

6,1

5,7

17,9

64,2

100

ბინა

5,6

7,0

12,4

25,0

50,0

100

სკოლამდელი დაწესებულებების უკმარისობა

16,6

19,0

28,9

16,5

19,0

100

კარიერა

10,2

15,3

24,8

25,9

23,8

100

გადატვირთული სამუშაო გრაფიკი

7,9

12,4

19,1

25,6

35,0

100

პესიმისტური განწყობა მომავლისადმი

11,4

13,2

16,7

22,1

36,6

100

 

            ბავშვის ყოლის ხელშემშლელი ფაქტორები გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობის მიერ 4 და 5 ქულით შეფასდა. ყველაზე უფრო ხელშემშლელ ფაქტორებად დასახელდა შემოსავალი, ჯანმრთელობა და ბინა.

            საინტერესო სურათი მივიღეთ იმის მიხედვით, თუ როგორი ვარიაციაა ქულებს შორის თითოეული ხელშემშლელი ფაქტორის მიხედვით, რომელიც  შევაფასეთ ვარიაციის წრფივი კოეფიციენტით. შეხედულებათა განსხვავებებში ყველაზე მაღალი ვარიაციით ხასიათდება ჯანმრთელობა - 88,4%, შემდეგ მოდის შემოსავალი - 80,4%, ბინა - 70%, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი - 41,2%, სწავლა - 32,2%, კარიერა - 29,0%.  ყველაზე ნაკლები განსხვავებები დაფიქსირდა სკოლამდელი დაწესებულებების უკმარისობაზე შეხედულებებში - 17,8%.  როგორც აღმოჩნდა, სტუდენტთა შეხედულებები შობადობის შემზღუდველ ფაქტორებზე რადიკალურად განსხვავებულია. ამიტომ, საჭიროა მათი გათვალისწინება  შესაბამისი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებისას.  ამასთანავე, გამოკითხულთა მხოლოდ 61,0%-მა აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოხმარება უარყოფითად იმოქმედებს შობადობაზე. შესაბამისად, სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი (39,0%) თვლის, რომ ნარკოტიკების მოხმარება უარყოფითად არ იმოქმედებს შობადობაზე, რაც უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტია. აღნიშნული მდგომარეობა საჭიროებს  მთლიანად საზოგადოების სერიოზულ დაფიქრებას.

         რაც შეეხება შობადობის მასტიმულირებელ ფაქტორებს, შეფასებები შემდეგნაირად განაწილდა (იხ. ცხრილი 3).

ბავშვების ყოლის მასტიმულირებელი ფაქტორები

ცხრილი 3 

ფაქტორები

ქულები პროცენტებში

სულ

1

2

3

4

5

სწავლის დასრულება

9,3

7,3

12,8

14,8

55,8

100

დასაქმება

5,4

6,7

7,1

14,4

66,4

100

მშობლების დახმარება

10,9

16,5

24,7

23,4

24,5

100

შემოსავალი

5,6

4,9

6,0

18,6

64,9

100

ჯანმრთელობის მდგომარეობა

6,9

4,3

2,8

12,9

73,1

100

საბინაო პირობები

6,7

5,1

7,6

21,3

59,3

100

სკოლამდელი დაწესებულების ხელმისაწვდომობა

12,5

15,2

20,6

22,9

28,8

100

კარიერა

8,6

10,5

19,3

24,1

37,5

100

 

            მასტიმულირებელი ფაქტორებიდან, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე დაბალი შეფასება მიეცა მშობლების დახმარებას და სკოლამდელი დაწესებულებების ხელმისაწვდომობას. დანარჩენ ფაქტორებს, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის მდგომარეობას, დასაქმებას და შემოსავლებს, მიეცა ყველაზე მაღალი (5 ქულა) შეფასება. შეხედულებათა ვარიაცია, რანჟირებული კლებადობის მიხედვით, შემდეგნაირია: დასაქმება - 92,8%, შემოსავალი - 89,8%, საბინაო პირობები - 81,2%, სწავლის დასრულება -  71,6%, კარიერა - 43,2%, მშობლების დახმარება - 25,2%, სკოლამდელი დაწესებულებების  ხელმისაწვდომობა - 5%.

            საქართველოს სტუდენტობას ორიენტაცია აღებული აქვს სამშვილიან ოჯახზე და მათი დაახლოებით 70% შობადობის ყველა დადებით ფაქტორს განიხილავს სამ შვილთან მიმართებით. მეორე ადგილზეა ორშვილიანი ოჯახი. ამასთანავე, არ შეიძლება შეშფოთება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ სტუდენტების 2,7% არცერთი შვილის გაჩენას არ გეგმავს. ჩვენმა გამოკვლევამ გაითვალისწინა იმ გარემოცვის შესწავლაც, რაც ზემოქმედებს რეპროდუქციული განწყობის ფორმირებაზე. აღსანიშნავია, რომ შვილის ყოლაზე ოჯახის

წევრის გავლენა დააფიქსირა გამოკითხულთა 95,0%-მა,  შემდეგ მოდის მოძღვარი - 68,6%, დემოგრაფიული პოლიტიკა - 68,6%, მეგობრის აზრი - 68,8% და მედიის გავლენა - 69,1%.

            როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, შვილიანობა მცირდება თაობიდან თაობაში. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობის როგორც აბსოლუტური, ასევე შეფარდებითი მაჩვენებლებიც. საქართველოში 2018 წელს, 1990 წელთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები ბავშვი დაიბადა (თოთაძე, 2018, 5).

           აღნიშნული გამოკვლევით, სტუდენტების პაპა-ბებიების ერთ ოჯახს ჰყავდა 3,8 შვილი, ხოლო მშობლების ერთ ოჯახს - 3,3. დაახლოებით ანალოგიური შედეგები მიიღო ვ. ლორთქიფანიძემ. მისი გამოკვლევით, გამოკითხულ დაუქორწინებელთა საშუალო სასურველი შვილების რიცხვმა შეადგინა 3,2, ხოლო შვილების საშუალო ფაქტობრივი რაოდენობა, რომლებიც ჰყავდათ გამოკითხულთა მშობლებს, შეადგენდა 4,8 (ლორთქიფანიძე,  1998. 178).

დასკვნა

დემოგრაფიული პროცესების სტატისტიკური შესწავლა და სათანადო მაჩვენებლების გაანგარიშება პასუხს გვაძლევს კითხვაზე - რამდენი?, მაგრამ ზუსტად ვერ პასუხობს კითხვაზე, თუ როგორ მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ფაქტორები ადამიანების რეპროდუქციულ განწყობაზე. აღნიშნული საკითხი შეისწავლება შერჩევითი დემო-სოციოლოგიურ-სტატისტიკური კვლევებით. სტუდენტების მიერ დასახელებული ბავშვების როგორც სასურველი (3), ასევე მოსალოდნელი რიცხვი (2,8) სრულიად საკმარისია მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოებისათვის. მისი რეალიზება საშუალოდ 2,15-ის ფარგლებშიც კი აკმაყოფილებს მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმს, თუმცა, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში ეს არ მომხდარა.

დღეისათვის საქართველოს მოსახლეობა ხასიათდება მარტივი აღწარმოების რეჟიმით. როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, შვილიანობა მცირდება თაობიდან თაობაში. ასევე დადგინდა რეპროდუქციულ განწყობასა და შობადობის დონეზე მოქმედი როგორც შემაფერხებელი, ასევე მასტიმულირებელი ფაქტორები. გამოკითხულმა სტუდენტებმა

შვილიანობის ყველაზე უფრო ხელშემშლელ ფაქტორებად დაასახელეს: შემოსავალი, ჯანმრთელობა და ბინა. იმავდროულად, სამი შვილის მასტიმულირებელი ფაქტორებიდან

აღნიშნეს: კარიერა, შემოსავალი, მშობლების დახმარება, ბინა და ჯანმრთელობა.

ლიტერატურა:

  • გოქაძე ზ. (1993). რეპროდუქციული ორიენტაციების ფორმირების თავისებურებანი (თბილისის მაგალითზე). საკანდიდატო დისერტაცია.
  • გუგუშვილი პ. (1973). საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები. გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი.
  • თოთაძე ა.  (2018). საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. გამომცემლობა „პრინტავენიუ“, თბილისი.
  • თოთაძე ა.  (2014). რას ფიქრობენ ახალგაზრდები. გამომცემლობა „პრინტავენიუ“.
  • ლორთქიფანიძე ვ.  (1998). ისტორიული მესხეთი. დემოგრაფიული განვითარების პრობლემები. გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი.
  • მენაბდიშვილი ნ. (2004). სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ორიენტაციები (თბილისის მაგალითზე). საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი.
  • სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ქცევა. (2005).  კვლევის დანართი 2, 3. ხელნაწერის უფლებით.
  • უზნაძე დ.(2006). ზოგადი ფსიქოლოგია.  გამომცემლობა თსუ, თბილისი.
  • შელია მ.(2015). სტუდენტთა დამოკიდებულება კონფლიქტზე ოჯახში. დემოგრაფიის და სოციოლოგიის პრობლემები, შრომების კრებული.
  • წიკლაური შ. (2015). განათლების მიღწეული დონის გავლენა ქორწინებით ქცევაზე. დემოგრაფიის და სოციოლოგიის პრობლემები, შრომების კრებული.
  • წულაძე გ. (2005). დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი. მე-2 გამოცემა. გამომცემლობა „პოლიგრაფი“.
  • ხმალაძე მ. (2009). დემოგრაფია. გამომცემლობა „მერიდიანი“.
  • www.geostat.ge

References:

  • Gokadze Z. (1993). reproduktsiuli orientatsiebis pormirebis taviseburebani (tbilisis magalitze). [Peculiarities of Formation of Reproductive Orientations (The case of Tbilisi).] Candidate Dissertation. (in Georgian)
  • Gugushvili P. (1973). sakartvelos ssr mosakhleobis aghtsarmoebis sakitkhebi. [Population Reproduction Issues of Georgian SSR.] Tbilisi, Publishing House “Mecniereba”. (in Georgian)
  • Totadze A. (2018). sakartvelos demograpiuli ganvitarebis programa. [Georgia’s Demographic Development Program.] Tbilisi, Publishing House “Printaveniu”. (in Georgian)
  • Totadze A. (2014). ras pikroben akhalgazrdebi. [What Do Young People Think?]  Tbilisi, Publishing House “Printaveniu”. (in Georgian)
  • Lortkipanidze V. (1998). istoriuli meskheti. demograpiuli ganvitarebis problemebi.  [Historical Meskheti. Problems of Demographic Development.] Tbilisi, Publishing House “Mecniereba”. (in Georgian)
  • Menabdishvili N. (2004). studenti akhalgazrdobis demograpiuli orientatsiebi (tbilisis magalitze). [Demographic Orientations of Students and Youth (The case of Tbilisi).] Synopsis of the thesis. Candidate Dissertation. Candidate's dissertation Autoreferencing. (in Georgian)
  • Studenti akhalgazrdobis demograpiuli ktseva. (2005). [Demographic Behavior of Students and Youth. (2005).] Annex 2, 3. With the right of the manuscript. (in Georgian)
  • Uznadze D. (2006). zogadi psikologia. [General Psychology.] Iv.javakhishvili Tbilisi State University Publishing House. (in Georgian)
  •  Shelia M. (2015). studentta damokidebuleba konpliktze  ojakhshi. [Students Attitudes toward Conflict in the Family.] Problems of Demography and Sociology, Proceedings. (in Georgian).
  •  Tsiklauri Sh. (2015). ganatlebis mightseuli donis gavlena kortsinebit ktsevaze.  [Influence of Educational Attainment on Marital Behavior.] Problems of Demography and Sociology, Proceedings. (in Georgian)
  •  Tsuladze C. (2005). demograpiis mokle entsiklopediuri leksikoni. [Short Encyclopedia Dictionary of Demography.] 2nd edition. Publishing house “Polygraph.” (in Georgian)
  • Khmaladze M. (2009). Demografia. [Demography.]   Publishing House “Meridiani” (in Georgian)
  • www.geostat.ge