English / ქართული /








Journal number 1 ∘ Paata KoguashviliJoseph Archvadze
The Subsistence Minimum in Georgia and the Necessity for Determining Its Optimal Level

Subsistence minimum is a kind of social reference, social standard of living used for fixing the amount of the wages, pensions, stipends, allowances and other social benefits. The full value of subsistence minimum consists of the cost of food products (the so-called “food basket”) required for a healthy and productive life of an able-bodied person as well as the minimum costs of non-food consumer products and services (at market prices).

The population of Georgia has been malnourished for years, unable to purchase and consume relatively expensive products (meat, milk and dairy products, fish, fruits, vegetables) in accordance with the real physiological standards, and satisfied food demands mostly by cheaper products, such as bread, which represents almost half the ration of food, while in the developed countries, the share of bread in the ration is only 12-15%. Because of all this, for years, the population has been suffering from protein deficiency, as well as lack of vitamins and microelements.

With this in mind, one of the pressing problems that lie ahead in Georgia to addressed in the near future is to improve the food ration of the population and to ensure its pacing factor - food security. Its solution is a major socio-economic challenge. It implies the country's ability to provide the basic foodstuffs to its population through indigenous resource production. Without this, not only the possibility of providing food to the population at the subsistence level will be called into question, but this also will increase the government's motivation and "temptation" to revise these norms downwards in order to show the de-facto situation better than it is, as it once did in 2003. In particular, the Order No. 111 of the Minister of Labor, Health and Social Protection from May 8, 2003, approved norms that lagged significantly behind both internationally recognized and pre-existing standards: for example, the meat consumption rate of 80g/day is 2.5 times lower than internationally recognized norm (200 g/day), the rate of milk and dairy products consumption decreased by 4.5 times (!) - from 960 grams to 215 grams, the vegetable consumption rate was halved - from 370 grams to 182 grams, sugar consumption rate decreased from 100 grams to 55 grams, while the rate of consumption of cheaper products, such as bread, which already exceeded significantly the international standard (200 g/day), increased from 350 grams to 400 grams per day (!).

As a result of this methodological manipulation, the minimum amount of food that the population consumed was considered to be a physiological norm. The alarming situation of food security violations has been “resolved” in such a simple way, without utilizing budgetary resources and taking appropriate measures. As a result, in accordance with the so-called “norms”, the food consumption situation of our population looked “not so bad” visually (!). However, these standards lag significantly behind both internationally recognized and pre-existing standards fall far short of those recognized by international standards, including those recommended in the US: 3.2 times lower for meat, 3 times lower for dairy products, 2.3 times lower for fruits, and 2 times lower for vegetables.

Because of this, the contents of essential nutrients of proteins, fats and carbohydrates in the human diet also decreased significantly in Georgia.

In general, this farce was done to reduce the cost of the food basket, in order to minimize as much as possible this huge difference between the actual basket and pensions, benefits and other allowances (and unfortunately, it still exists). Through this measure, the government attempted to close the gap between supply and consumption of food and create a visual image that is close to normal.

Despite this decline, the amount of food resources currently existing in Georgia (except for eggs) is significantly lower not only in comparison with optimal, but also as compared to critical. The fact that agro-food products imported to Georgia in 2011-2019 worth more than US$ 11.0 billion (92.5% of the country's GDP in 2019) indicates serious decline in the agrarian sector and insufficient level of the country's food security (consisting of four key components, such as - Providing the population with:

1. Adequate quantities of food stocks;

2. Nutritious and balanced food; 3. Safe food; 4. Affordable food).

The current subsistence minimum is unrealistic - it creates a false picture of the adequacy of the amount of food consumed by the population, as well as it gives off the illusion that its food ration (which is completely out of real physiological norms) is normal. As a result, focusing on them increases the risk for people to become a victim of various severe diseases.

With this in mind, the existing methodology for calculating living wage calculation the subsistence minimum requires urgent modification, and in order to determine a real subsistence minimum, it is necessary:

1. To restore and adhere to the actual physiological norms established for the population of Georgia, harmonized with international standards;

2. To use the actual cost of food to be taken into account in current prices, when defining the food basket based on these norms. The most optimistic calculations resulted in 13.5% discount rate for bargain with, but in practice, it should not actually exceed 2-3%.

3. In the subsistence minimum, the share of food basket should not be 70% (which is completely unacceptable), but only 50%, and the ratio of food and other costs in the subsistence minimum should be not 70/30, but 50/50. If the proportion of calories recommended by nutritionists is observed in terms of vegetable and animal origins (40/60, instead of the current 60/40), this will increase considerably the cost of per 1,000 kcal: calories of animal origin cost 5-6 times as much, than calories of vegetable origin (for example, the latest data on this difference for bread and beef have been confirmed by 13-fold increase in favor of beef), and this difference is even greater from to year.  By changing the proportions in favor of animal origin calories, the food component of the subsistence minimum will increase further, which will eventually give us the subsistence minimum worth almost GEL 520 (I believe that this proposal should be acceptable and accessible to the authorities for the first step).

In order to translate the subsistence minimum into reality, it will be necessary to implement actively the social programs at the State level, generate new jobs, increase salaries, pensions, tax benefits and so on, which will boost people’s income generation, raise their purchasing power and access to food, basic necessities and various services.

Keywords:  Cost of living, standard of living, food Security, grocery cart.

JEL Codes: H55, Q18, Q19

საარსებო  მინიმუმი საქართველოში  და მისი ოპტიმალური დონის განსაზღვრის აუცილებლობა აუცილებლობა

საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურორიენტირს, ცხოვრებისდონისსოციალურსტანდარტს. საქართველოსმოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიწლებისგანმავლობაშიარასრულფასოვნადიკვებება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოშიუახლოესმომავალშიგადასაჭრელიპრობლემებიდანუპირველესს სწორედ მოსახლეობის კვების რაციონის გაუმჯობესება და მისი განმსაზღვრელი პირობის - სურსათით უზრუნველყოფაწარმოადგენს. მოცემულ სტატიაში სწორედ ამ თვალსაზრისით განიხილება საარსებო დონის მინიმუმის საკითხი და შემოთავაზებულია მისი ცვლილების აუცილებლობა.

საკვანძო სიტყვები: საარსებო მინიმუმი, ცხოვრებისდონე,  სასურსათო უშიშროება,  სურსათით უზრუნველყოფა,სასურსათოკალათა.

შესავალი

საარსებო მინიმუმი, მისი კომპონენტების რაოდენობრივი პარამეტრები და ფაქტობრივი დაკმაყოფილების დონე ახასიათებს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ფაქტობრივ მდგომარეობას და განეკუთვნება ფუნდამენტურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემათა კატეგორიას.

აღნიშნული ინდიკატორი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარების ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება შრომისუნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა (ე.წ სასურსათო კალათა) და ასევე, პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა და მომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისგან (საბაზრო ფასებით).

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991 წ.) დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებება, რაც დაბალი სოციალურ-ეკონომიკური პირობებითაა გამოწვეული, ვერ ახერხებს რეალური ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად შედარებით ძვირადღირებული პროდუქციის: ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, ხილის, ბოსტნეულის შესყიდვა-მოხმარებას და ძირითადად   იაფფასიანი პროდუქტით – პურით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე, რაც რაციონის თითქმის ნახევარს შეადგენს მაშინ,  როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი რაციონში მხოლოდ 12-15%-ია. ყოველივე ამის გამო, მოსახლეობა წლების განმავლობაში განიცდის ცილოვან დეფიციტს, ვიტამინებისა და მიკრო ელემენტების ნაკლებობას, რაც მთელ რიგ პათოლოგიურ დაავადებას იწვევს და რაზეც ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს. საყურადღებოა ისიც, რომ მეცნიერების დასკვნებით, დაავადებათა 55% გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. ამასთან, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლების დროს  მდგომარეობა გაცილებით უარესი  იყო: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 45% იყო ღარიბი და 35% - ღატაკი, ანუ - 1,3 მლნ ადამიანი. 2016 წლისთვის 13%-მა ანუ 500 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღატაკე,22%, ანუ 800 ათასი ადამიანი იმავე დონეზე დარჩა; იმავდროულად, ღარიბებიდან  9% გადავიდა საშუალო ფენაში, რამაც  საბოლოოდ 18% შეადგინა, თუმცა, ეს უკანასკნელი ჯერ მაინც ძალიან მცირეა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ის 60-65%–ს შეადგენს (საქსტატი, 2018). საქართველო ისევ რჩება ღარიბი ქვეყნების რიგებში.

საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმის

განსაზღვრის არსებითი ხარვეზები 

         საქართველოში, უახლოეს მომავალში გადასაჭრელი პრობლემებიდან, უპირველესს სწორედ მოსახლეობის კვების რაციონის გაუმჯობესება და მისი განმსაზღვრელი პირობის - სურსათით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. მასში მოიაზრება ქვეყნის უნარი (შესაძლებლობა) უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა ძირითადი საკვები პროდუქტებით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. ამის გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არათუ საარსებო მინიმუმის დონეზე მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, არამედ გაიზრდება ხელისუფლების მოტივაცია და „ცდუნება“ გადასინჯოს ეს ნორმები შემცირების მიმართულებით        დე-ფაქტო მდგომარეობის უკეთ წარმოჩენის მიზნით, როგორც ეს ერთხელ უკვე განხორციელდა 2003 წელს.

         2003 წლის თებერვალში, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის არასრულფასოვანი კვება NATO-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის კომიტეტმა საგანგაშოდ მიიჩნია და მიიღო ქმედითი ზომები, თავისი მოვალეობისა და შესაძლებლობის  ფარგლებში, მისი გამოსწორებისთვის. სხვადასხვა დონორი ქვეყნის მხარდაჭერით,  საქართველოს  მოეწოდა  ჰუმანიტარული სურსათი, გადმოირიცხა თანხები სოციალური პროგრამების      განსახორციელებლად, ხოლო ქვეყნის  ხელისუფლებას მიეთითა ღონისძიებების გატარების ფორმატისა და წესის შესახებ.

 სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ, იმავე წლის მაისში, ყოველგვარი საბიუჯეტო ხარჯების გაღებისა და  სოციალური დახმარების ღონისძიებების გატარების გარეშე, „იპოვა გამოსავალი“ და რეალური  სურათის დაფარვის მიზნით „კორექტივები“ შეიტანა საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებულ  საქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილ ფიზიოლოგიურ ნორმებში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2003 წლის 8 მაისის ბრძანებით, სურსათის კალორიულობა - 2300 კკალ დამტკიცდა „ნორმად“. ამ ბრძანების თანახმად, ხორცის მოხმარების მაჩვენებელი 80 გრ/დღ 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ (!) - 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის განახევრდა - 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შემცირდა 100 გრამიდან 55 გრამამდე, ხოლო იაფფასიანი პროდუქტის - პურის მოხმარების ნორმა        350 გრამიდან, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საერთაშორისო სტანდარტს (200 გრ/დღ) და მისი მაღალი ყუათიანობის გამო (100 გრ პური იძლევა 220 კკალ, ხორცი კი ორჯერ ნაკლებს, თანაც პური დიდად იაფია ხორცზე) გაზარდა 400 გრამამდე დღეში (!).

ამგვარი მეთოდოლოგიური მანიპულაციის შედეგად, ფიზიოლოგიურ ნორმად ჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდენობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა და მოხმარების მაჩვენებელიც ახალ „ნორმებს“ დაუახლოვდა, ზოგიერთი პროდუქტისთვის გადააჭარბა კიდეც (რძე და რძის ნაწარმი). ასე მარტივად „მოგვარდა“ სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა, ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის და სათანადო ღონისძიებების გატარების გარეშე. შედეგად - ამ ე.წ. „ნორმების“ მიხედვით, ვიზუალურად ჩვენი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მდგომარეობა „არც თუ ისე სავალალოდ“ გამოჩნდა (!) (კოღუაშვილი,  2014).

უნდა აღინიშნოს, რომ უსახსრობის გამო,  პურის დღიური მოხმარება  650-700 გრ–მდეც (საკვები რაციონის 60–65%–მდე) კი ადის, რაც განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 4-5-ჯერ და მეტად აღემატება. მეორე მხრივ, ხორცის მოხმარება (საშუალოდ) მოსახლეობის კვების რაციონში, გამოხატული კალორიებში, 3-5%-ს არ აღემატება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის კი -      1%-ს. აღნიშნული მანიპულაციის ჩატარების შედეგად, საკვებ რაციონში ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების: ცილების, ცხიმებისა და  ნახშირწყლების შემცველობაც მნიშვნელოვნად შეკვეცილია, უაღრესად დაბალია სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილოვანი საკვების მოხმარება. ცილოვანთა დეფიციტი კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით - ბავშვების, მოზარდებისა და ხანდაზმულებისთვის. კერძოდ, ცილა უნდა იყოს 100-120 გრ/დღეში, ფაქტობრივად კი, ნორმით დადგენილია 72 გრ/დღ, ცხიმი, შესაბამისად -  90–100 გრ/დღ და  72.2 გრ/დღ, ნახშირწყლები - 400–450 გრ/დღ და 334·3 გრ/დღ. თანაც, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ზემოხსენებული ბრძანებით, „რეკომენდებული“ ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 2300 კკალ/დღ, რაც სრულიად შეუსაბამოა FAO-ს მიერ დადგენილ ნორმებთან, რომლის თანახმად 2500 კკალ-ზე დაბალი მაჩვენებელი არასრულფასოვან კვებად ითვლება და იგი დასაშვებია  მხოლოდ ქვეყნის საგანგებო მდგომარეობის დროს, თანაც  ხანმოკლე პერიოდით.

ასეთი დისბალანსი საკვებ რაციონში, ბუნებრივია, იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და ნეგატიურად აისახება მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბავშვთა სიკვდილიანობა, რითაც საქართველოს „მოწინავე“ ადგილი უჭირავს ევროპაში.

სურსათი სრულფასოვანია, თუ ის საკმარისი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ინგრედიენტებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს. ამიტომ, ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას შეუქმნას ისეთი სოციალური პირობები, რომ მან შეძლოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რაოდენობის დაბალანსებული საკვების შეძენა-მოხმარება (კოღუაშვილი, 2014).

       აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ საარსებო მინიმუმის განგარიშების წესში იყო კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება: შემცირებული საარსებო მინიმუმის მეტი დამაჯერებლობისათვის, შემოტანილ იქნა ე.წ „შევაჭრების კოეფიციენტი“, რომლის მიხედვითაც შევაჭრების შედეგად გამყიდველი მყიდველს თავდაპირველად დასახელებულ ფასთან შედარებით 13.5%-ით იაფად უთმობდა (?!). რეალურად, არავითარი შევაჭრება სასურსათო პროდუქციაზე (განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობისათვის) არ არსებობს და არ უნდა ჩაითვალოს მართებულად მისი გათვალისწინება. ე.წ „შევაჭრების კოეფიციენტზე“ მეტად გასათვალისწინებელია ის, რომ სასურსათო პროდუქციის დიდ უმრავლესობას გააჩნია დანაკარგები საკვებად გამოყენებამდე მექანიკური თუ თერმული დამუშავების პროცესში, ამიტომ უპრიანი და მართებულიც იქნება ამ დანაკარგების გათვალისწინება, რაც ზემოხსენებული შემცირების ნაცვლად, პირიქით,  გაზრდის სასურსათო კალათის ღირებულებას.

  მთლიანობაში, აღნიშნული ფარსი განხორციელებული იქნა სასურსათო კალათის ღირებულების შესამცირებლად, რათა რაც შეიძლება მეტად შემცირებულიყო ის უზარმაზარი განსხვავება, რაც რეალურ  კალათასა და პენსიებს, შემწეობებსა და არსებობისათვის საჭირო სხვა თანხებს შორის არსებობდა (რაც სამწუხაროდ, დღესაც არსებობს). ამ ღონისძიებით ხელისუფლება შეეცადა დაეფარა სურსათის მოთხოვნა-მოხმარებას შორის არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა და შეექმნა ნორმალურ  მდგომარეობასთან მიახლოებული ვიზუალური სურათი.  

თუ რამდენად ამახინჯებს დღეს მოქმედი მეთოდიკა რეალობას, ამის დემონსტრირებას შევეცდებით 2019 წლის სექტემბრის თვის მიხედვით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის მაგალითზე. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2019 წლის სექტემბერში, ოფიციალური სტატისტიკით, 189.9 ლარია (არჩვაძე, 2019).

მოქმედი მეთოდოლოგიით, ამ თანხის 70% მოდის სურსათზე, ანუ საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი შეადგენს 132.93 ლარს (=189.9*0.7). მაგრამ 132.93 ლარი გაანგარიშებულია ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტის“ გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც გამყიდველის მიერ თავდაპირველად დასახელებულ ფასთან შედარებით რეალიზაციის ფასი 13,5%-ით დაბალია (თოდრაძე, 2019).

აღნიშნული პროპორცია მეტ-ნაკლებად მისაღები იყო 15-20 წლის წინ. მას შემდეგ გაიზარდა სპეციალიზებული სავაჭრო ქსელების და ობიექტების რაოდენობა, სადაც საქონელი იყიდება ფიქსირებული ფასებით (იქ შევაჭრება - გამორიცხულია). თვით აგრარულ ბაზრობებზეც კი იშვიათად წააწყდებით ფასების ამ მასშტაბით დაკლების შემთხვევას. შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა საქონელბრუნვაში იმ საქონლისა და მომსახურების წილი (შესაბამის სახეობათა ჩამონათვალი), სადაც ჯერ კიდევ ადგილი აქვს შევაჭრების საფუძველზე ფასდაკლების  პრაქტიკას. ამიტომ, 13,5%-ანი ფასდაკლება - ეს სრული ანაქრონიზმია და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ხსენებული „შევაჭრების კოეფიციენტი“ 5%-ზე მეტი არ უნდა იყოს (რეალურად კი, 2-3%-მდეა).

ამ გარემოების გათვალისწინებით, შევაჭრების კოეფიციენტის 5%-მდე შემცირების შემთხვევაში, საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი უნდა გაიზარდოს 11%-ით (=0,95: 0,865). შესაბამისად, სასურსათო კომპონენტის ღირებულება იქნება არა 132,3 ლარი, არამედ - 132,93 * 1.11 =  145,99 ლარი. 

თუ დაცული იქნება დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული პროპორცია კალორიების მცენარეული და ცხოველური წარმომავლობის მიხედვით (40/60-ზე, ნაცვლად ამჟამინდელი 60/40-ისა), ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ყოველი 1000 კკალ-ის ღირებულებას: ცხოველური წარმომავლობის კალორიები მცენარეული წარმომავლობის კალორიებზე 5-6-ჯერ უფრო ძვირი ჯდება (მაგალითად, პურისა და საქონლის ხორცის მიხედვით ეს სხვაობა საქონლის ხორცის „სასარგებლოდ“, ბოლო მონაცემებით, უკვე 13-ჯერადია) და ეს სხვაობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. პროპორციების ცხოველური წარმომავლობის კალორიების სასარგებლოდ შეცვლით საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი კიდევ უფრო გაიზრდება - არანაკლებ 30,8%-ით. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი იქნება  190,86 ლარი (= 145,99 * 1,308).

          საარსებო მინიმუმში სასურსათო კომპონენტის წილი უნდა შემცირდეს 70%-დან 50%-მდე.  ამჟამად,  ყველაზე დაბალშემოსავლიან, პირველ დეცილურ ჯგუფშიც კი, სურსათზე ხარჯების წილი ასეთი შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში უკვე ჩამოსცდა 50%-იან ზღვარს, მაღალშემოსავლიანებში კი იგი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით  შეადგენს 381,92 ლარს  - ამჟამინდელთან შედარებით 2-ჯერ (101,1%-ით) მეტს.

            სამწუხაროდ, დღემდე სასურსათო კალათას და მისგან გამომდინარე საარსებო მინიმუმს 2003 წელს მიღებული ფორმით - მცდარი და შინააარსობრივად დანაშაულებრივი მეთოდიკით ანგარიშობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე აღიარა, რომ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არარეალურია და შეცვლას ექვემდებარება, თუმცა, ჯერჯერობით ის ფორმალურად ისევ შენარჩუნებულია (საქ.კანონი, 1997). ამის შედეგად იქმნება მცდარი სურათი მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობის შესახებ, რაც მოსახლეობაში ქმნის ილუზიას, რომ მისი საკვები რაციონი (რომელიც სრულიად აცდენილია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს) ნორმალურია და ფაქტობრივად ისინი სხვადასხვა მძიმე დაავადებების მსხვერპლნი ხდებიან. 

        ასევე არარეალური, დაბალი მაჩვენებლები დგინდება ქვეყანაში საჭირო სასურსათო პროდუქციის  რაოდენობის შესახებ, რაც ხელშემშლელ გარემოებას ქმნის აგრარული სფეროს სხვადასხვა  სექტორში. დღეისთვის აღნიშნული პრობლემისადმი ქვეყანაში დამკვიდრებული დამოკიდებულება და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი მახასიათებლების არსებული პარამეტრები, არამარტო საფრთხეს უქმნის ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის გამოკვებას, არამედ პრაქტიკულად გამორიცხავს ქვეყნის შემდგომ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში და მთლიანობაში საფრთხის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების პერსპექტივას.

საქართველოსთვის ამ პრობლემის აქტუალურობას აძლიერებს საერთაშორისო სასურსათო ბაზარზე ჩამოყალიბებული ტენდენციები, სურსათზე ფასების ზრდის დინამიკა, ეროვნული სასურსათო ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის მნიშვნელოვანი დეფიციტი, რომელიც არსებითად დიდი ოდენობის სურსათის იმპორტითაა განპირობებული (მარტო 2018 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1358,8 მლნ აშშ დოლარის სასურსათო პროდუქცია, ხოლო ექსპორტმა 959,3 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიანად, 2010 წლის შემდეგ პერიოდში საქართველოში იმპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის  ღირებულებამ  შესაბამისი პერიოდისა და პროფილის ექსპორტს 4.5 მლრდ  დოლარით გადააჭარბა).

მართალია, ეროვნული სასურსათო უშიშროება დაფუძნებულია საკუთარი წარმოების ძირითადი პროდუქტებით მოსახლეობის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს სურსათის იმპორტზე საერთოდ უარის თქმას, რომლის გადიდება, როგორც წესი, იწვევს ადგილობრივი წარმოების გაჩანაგებას და სურსათით თვითუზრუნველყოფის დონის შემცირებას. ამიტომაა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნები ხელმძღვანელობენ რა კონკურენტული უპირატესობის კანონის მოთხოვნებით, დასაშვებად მიიჩნევენ სამამულო ბაზარზე სურსათის იმპორტს 15-20%-ის ფარგლებში. ამ პირობებში არც ეკონომიკური სარგებლის მიღების შანსი იკარგება და არც კონკურენცია სუსტდება სამამულო საქონელმწარმოებელთა შორის. ამასთან, საფრთხე არ ემუქრება არც ეკონომიკურ და არც სასურსათო დამოუკიდებლობას.

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების  ძირითადი კომპონენტები და რეალური საარსებო მინიმუმის დაწესების აუცილებლობა

 

ქვეყნის სასურსათო უშიშროების (უსაფრთხოების) დაცვა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის სტაბილურ უზრუნველყოფას საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით, ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველ სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას. სახელმწიფო რეგულირების ფორმისა და მეთოდის განსაზღვრისას, უპირატესობა უნდა მიეცეს იმ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ორგანიზაციულ ღონისძიებებს, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს წარმოების ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საბოლოო ანგარიშით, კი, ქვეყნის სურსათით თვითუზრუნველყოფას. ამ ფონზე, საარსებო მინიმუმის  სასურსათო კომპონენტების საორიენტაციო (ზღვრული) მაჩვენებლების შემცირება ეკონომიკისთვის (პირველ რიგში, აგროსასურსათო  სექტორისთვის),  აგრეთვე ხელისუფლებისთვის აგრარული, სასურსათო უსაფრთხოებისა და ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის არასწორი, მცდარი იმპულსების მიცემის საფუძველი გახდა.

ზოგადად, სასურსათო უსაფრთხოების ქვეშ 4 ძირითადი კომპონენტი უნდა მოვიაზროთ:

1.       მოსახლეობის უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობის სურსათით. ეს მიიღწევა როგორც ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის წარმოებით (თვითუზრუნველყოფა), ასევე არასაკმარისი პროდუქციის იმპორტით;

2.       მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულფასოვანი და დაბალანსებული სურსათით. მოსახლეობისათვის შეთავაზებული სურსათი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ხარისხოვანი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ სასურსათო პროდუქტის მიღებას ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად. ეს ნიშნავს სხვადასხვა სურსათის იმ რაოდენობით მოხმარებას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაბალანსებულ მომარაგებას საჭირო ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით.

3.       მოსახლეობის უზრუნველყოფა უვნებელი სურსათით. შესაძლოა სურსათი რაოდენობრივად იყოს საკმარისი  და დაცული იყოს მისი მოხმარების ბალანსი, მაგრამ შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს და მიკრობიოლოგიურ დამბინძურებლებს (რადიონუკლიდები, მძიმე ლითონები, პესტიციდების, ნიტრატების ნარჩენები, სხვადასხვა ნეგატიური მოქმედების მიკრობები, ბაქტერიები და სხვ.).

4.       მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სურსათით. სურსათზე უნდა არსებობდეს როგორც ფიზიკური, ასევე მატერიალური ხელმისაწვდომობა. პირველში იგულისხმება ის, რომ საჭირო სურსათი ქვეყნის ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი (კოღუაშვილი, 2016).

ფიზიკური ხელმისაწვდომობის არსებობისას, უკვე წინა პლანზე გამოდის სურსათზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, ანუ მომხმარებელს არამარტო სურვილი, არამედ მისი შეძენის საშუალებაც უნდა გააჩნდეს. დღეისთვის ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის 72% არასრულყოფილად იკვებება. ეს პრობლემა ყველაზე აქტუალურია სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საქმეში. დღეისთვის, სიღარიბის პროფილს ქვეყანაში სწორედ სურსათისა და დაბალანსებული კვებისადმი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფინანსური ხელმისაწვდომობის დაბალი დონე განსაზღვრავს.

რა მდგომარეობაშია სასურსათო პროდუქციის წარმოება საქართველოში და რამდენად ხორციელდება მოსახლეობის თვითუზრუნველყოფა სურსათით?

ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ სურსათის  წარმოება 1990 წლიდან დღემდე ქვეყანაში 2-ჯერ და მეტადაა შემცირებული, ხოლო ეროვნული მეურნეობის ყველა დარგს შორის სოფლის მეურნეობას ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. – მისი     საშუალოწლიური მატება 2011-2018 წლებში მხოლოდ 1,9% იყო, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში ეროვნული ეკონომიკა (ქვეყნის მსპ (სილაგაძე, პაპავა, 2019)). ყოველწლიურად საშუალოდ 4,6%-ით იზრდებოდა.

ქვემოთ მყვანილი ცხრილი კარგად წარმოაჩენს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დინამიკას ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისა და კვების ხარისხის დონეზე.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 1988-2018 წლებში (ათასი ტონა)

  ცხრილი 1

 

პროდუქციის სახე

1988

2018

%%-ით 1988 წ--თან შედარებით

მარცვლეული

714.0

363.7

50,9

კარტოფილი

326.0

237.5

72,9

ბოსტნეულ-ბაღჩეული

641.0

212.4

33,1

ხილი

658.0

188.2

28,6

ყურძენი

620.0

259.9

41,9

ციტრუსები

437.0

66.3

15,2

ჩაი

459.7

1.7

0,4

ხორცი

172.0

72.6

42,2

რძე

730.5

555.3

76,0

კვერცხი (მლნ ცალი)

890.0

634.8

71,3

მატყლი

6.8

1.9

27,9

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ათასი სული)

1548.0

878.9

56,8

ღორი (ათასი სული)

1099.2

163.2

14,8

ცხვარი (ათასი სული)

1894.0

869.4

45,9

            წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განვლილ წლებში ფაქტობრივად შეწყდა ისეთი სტრატეგიული ნედლეულის წარმოება, როგორიცაა ჩაი და თამბაქო (ეს უკანასკნელი სურსათს არ მიეკუთვნება, მაგრამ მემცენარეობის ეს დარგი უმნიშვნელოვანესი იყო როგორც ადგილობრივი საწარმოებისთვის, ასევე თამბაქოს ნედლეული წარმატებით გამოიყენებოდა ექსპორტისათვის).

ადგილობრივი წარმოების შემცირების პარალელურად, ქვეყანაში შემოდის ისეთი სასურსათო პროდუქციაც რომლის ძირითადი მწარმოებელი თვით საქართველო უნდა იყოს (კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული, ხილი). მაგ., 2018 წელს კარტოფილის იმპორტი, 2010 წელთან შედარებით, 4.1-ჯერ გაიზარდა (2.9 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა). მთლიანად, მხოლოდ 2011-2019 წლებში საქართველოში იმპორტირებულია 11.0 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც ქვეყნის 2019 წლის მსპ-ის 92.5%-ია. 

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში გარდაუვალი სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების ან შედარებით იოლად დაძლევის მიზნით, დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და შეძლებისდაგვარად, მოახერხოს სურსათით თვითუზრუნველყოფა.

ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს სასურსათოო უსაფრთხოების სტრატეგიის ოფიციალური პარამეტრების გაცნობა (იხ. ცხრილი 2).

აგრარული პროდუქციის ქვეყნისათვის ოპტიმალური, კრიტიკული და რეალური პარამეტრები (2018 წლის მდგომარეობით)

ცხრილი 2

 

პროდუქციის სახე

 

ათასი ტონა

ოპტიმალური

დღეს

არსებული

კრიტიკული

მარცვლეული

1300

220,7

750-800

კარტოფილი

450

228,8

250

ბოსტნეული

600

175,7

200-252

ხილი და კენკრა

580

180

300-330

მცენარეული ცხიმები

35

8,0

15-20

შაქარი

170

50

100-110

ხორცი (ცოცხალი წონით,

2018 წლის მონაცემებით)

150

72,6

85-90

ძროხის რძე (2018 წლის მონაცემებით)

990

555

550-570

კვერცხი, მლნ ცალი (2018

წლის მონაცემებით)

610

635

330-350

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

საქართველოში დღეისათვის არსებული სურსათის რესურსების მოცულობა (კვერცხის გამოკლებით) არა მარტო ოპტიმალურს, არამედ კრიტიკულსაც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

         უნდა აღინიშნოს, რომ ცხრილში მოყვანილი „ოპტიმალური” პარამეტრები შეესაბამება ახალ „რეკომენდებულ“ ნორმებს, რომელიც სპეციალურად მნიშვნელოვნადაა შემცირებული საარსებო მინიმუმის გაიაფების მიზნით. ამის გამო ეს ნორმები, როგორც უკვე აღინიშნა, საგრძნობლად  ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ რეკომენდებულ ნორმებს. მაგალითად, „ახალი ფიზიოლოგიური ნორმების“ აშშ–ს მოქალაქეებისათვის დადგენილ ნორმებთან შედარებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს საშუალო ასაკის შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31–50 წ.) განსაზღვრული ნორმები ბევრად ჩამორჩება არამარტო იგივე კატეგორიის აშშ-ს მოქალაქისთვის რეკომენდებულ ნორმებს (კერძოდ, ხორცზე - 3.2-ჯერ, რძის პროდუქტებზე - 3-ჯერ, ხილზე - 2,3-ჯერ, ბოსტნეულზე - 2–ჯერ), არამედ მნიშვნელოვნად ნაკლებია 4 წლის ბავშვის ნორმებზედაც კი, რასაც აბსურდამდე მივყავართ. მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საქართველოს უნდა გაგვეზარდა ხორცის წლიური მოხმარება თითქმის 80 თასი ტონით, ხოლო რძისა და რძის პროდუქტებისა (რძეზე გადაანგარიშებით)  -  440 ათასი ტონით.

   ნუთუ უხერხულობას არ უქმნის სტატისტიკის სამსახურს ის ფაქტი, რომ „ახალ  ფიზიოლოგიურ ნორმებზე“ დაყრდნობით მათ მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ სასურსათო  ბალანსებში იმის გამო,  რომ არარეალური „ახალი ნორმების“ საფუძველზე უწევთ სურსათის თითოეული სახეობისთვის ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მინიშნება, არასწორ, ცრუ  ინფორმაციას აქვეყნებენ? ამის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს, ქვეყნისთვის  ბევრად ნაკლებია საჭირო სურსათის ესა თუ ის სახეობა, ვიდრე რეალურად გვჭირდება. მაგალითად, 2018 წლის სასურსათო ბალანსებში ხორცით თვითუზრუნველყოფა მითითებულია 67% და თითქოს  ქვეყნის მოსახლეობისთვის საჭიროა 108 ათასი ტ/წ, მაშინ როცა რეალური თვითუზრუნველყოფა  27%–ია და საჭიროა 270 ათასი ტ/წ, რძე და რძის პროდუქტები თითქოს საჭიროა 290 ათასი ტ/წ და   რეალურად კი - 1,3 მილიონი ტ/წ და ა.შ.

საჭიროა აღინიშნოს, რომ 2009 წლის შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს მწირი ინფორმაციაც კი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარებისა და მისი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, რადგან 2010 წლიდან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაუქმებულ იქნა მასთან არსებული „სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორია“ და ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს არანაირი კვლევა და სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება სასურსათო უსაფრთხოების თემატიკაზე.

საზოგადოების სასურსათო პრობლემა ზოგადად ორასპექტოვანია - ფიზიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური. ფიზიოლოგიურში იგულისხმება სასურსათო დეფიციტი და მისი უვარგისობა. ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ მოხმარებული სურსათი ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღადგენს მის მიერ ცხოველმყოფელობის პროცესში დახარჯულ ენერგიას, რაც გამოხატულებას პოულობს შიმშილში და იწვევს ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვას. რაც შეეხება სასურსათო უზრუნველყოფის დარღვევის სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტს (მხედველობაში გვაქვს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც სამუდამოდ ან დროებით დაკარგა სამუშაო და ნაკლებ მყიდველ-უნარიანი გახდა, რომ უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნილება საკვებზე), მას გლობალური უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლია. როდესაც ანალოგიური შემთხვევა მასობრივ ხასიათს იღებს, საქმე გვაქვს სახელმწიფოს მძიმე ზოგადეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც შესაძლოა სოციალურ აფეთქებაშიც გადაიზარდოს.

სასურსათო „თვითუზრუნველყოფა“ გულისხმობს კვების ძირითადი პროდუქტებით ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას ადგილობრივი წარმოების ხარჯზე. ამ შემთხვევაში ზუსტად არ არის განსაზღვრული სამამულო წარმოების ის მინიმუმი, რომელიც საკმარისია სასურსათო უშიშროების შესანარჩუნებლად. სხვადასხვა მოსაზრებით, ეს მონაცემი 80-85 %-ის ფარგლებში მერყეობს (ქვედა ზღვარია 60%), აღნიშნული მაჩვენებელი არის პირობითი ორიენტირი, თორემ თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, მდგომარეობას ყველაზე უკეთ ასახავს დევიზი - „დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა აწარმოოს იმდენი სურსათი, რამდენის საშუალებასაც მისი ბიოგეოპოტენციალი იძლევა“.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ვასკვნით:    

1.         ამჟამად საქართველოში მოქმედი საარსებო მინიმუმი არარეალურია - იგი ქმნის მცდარ სურათს მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობაზე, ილუზიას, რომ მისი საკვები რაციონი, რომელიც სრულიად აცდენილია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს, ნორმალურია. შედეგად, მათზე ორიენტირება მოსახლეობის სხვადასხვა მძიმე დაავადების მსხვერპლად გახდომის რისკს ზრდის.

2.       საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათას უნდა დაეთმოს არა 70% (რაც ყოველად მიუღებელია), არამედ 50% და სასურსათო მინიმუმში საკვები პროდუქტებისა და სხვა  ხარჯების თანაფარდობა უნდა იყოს არა 70/30-ზე,  არამედ - 50/50-ზე, რაც საბოლოოდ მოგვცემს დაახლოებით 520 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს.

3.       ბევრი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, უმჯობესი იქნებოდა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება 30/70-ზე ყოფილიყო, მაგრამ ეს მოგვცემდა საარსებო მინიმუმის ისეთ ღირებულებას, რომელიც ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნისთვის  მიუწვდომელია.

4.       მიგვაჩნია, რომ რეალური საარსებო მინიმუმის დადგენისათვის საჭიროა: ა) აღვადგინოთ და დავეყრდნოთ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებულ, საქართველოს მოსახლეობისთვის დადგენილ რეალურ ფიზიოლოგიურ  ნორმებს; ბ) ამ ნორმების საფუძველზე სასურსათო კალათის შედგენისას გამოვიყენოთ დღევანდელი ფასების გათვალისწინებით სურსათზე გასაწევი რეალური ხარჯების  მაჩვენებელი.

5.         რეალობის ადეკვატური ღირებულების საარსებო მინიმუმის ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა სოციალური პროგრამების აქტიური განხორციელება სახელმწიფოებრივ დონეზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების, პენსიების, შემწეობების მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და სხვა. ეს გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მათ მყიდველობით უნარს, ხელმისაწვდომობას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურების სხვადასხვა სფეროზე.

6.       გადაუდებელი და ამასთან უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს გარდაქმნა მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნად, ადეკვატური აგრარული სექტორით. შემდეგ ეტაპზე - კი პოსტინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად - მეცნიერებატევადი სამრეწველო და მაღალი ხარისხის ბიოაგროპროდუქცია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს სასურსათო და ზოგადად, ეკონომიკური უშიშროებაც, რის საფუძველზე დადგინდება რეალური საარსებო მინიმუმი და განხორციელდება მოსახლეობის ცალკეული ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფების მონიტორინგი.

7.       საჭიროდ მიგვაჩნია აღდგეს „სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორია“ ან მსგავსი სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს ადეკვატურ კვლევას და სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებას სასურსათო უსაფრთხოების თემატიკაზე.

 

ლიტერატურა:

  • არჩვაძე ი. (2019). ხელისუფლება „ხელს იბანს“ იმ უმნიშვნელოვანესი ინდიკატორის გაანგარიშებაზე, რომელზეც ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფო.
  • თოდრაძე გ. (2019). „საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს.
  • კოღუაშვილი პ.(2016). საქართველომ კვების ეროვნული პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. ჟურნ. ბიზნეს-ინჟინერინგი, N3-4, გვ.14.
  • კოღუაშვილი პ. (2014).  საარსებო მინიმუმის კვეცა მოსახლეობის მკვლელობაა. ჟურნ. „ახალი ეკონომისტი“, N2,  გვ. 26.
  • კოღუაშვილი პ. (2014). ქართველთა კვების სისტემა და ხასიათი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულო კონფერენციის „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ შრომების კრებული. ბათუმი,  გვ.  275.
  • როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? - 3.07.2019
  • საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ”. 1997.
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://geostat.ge
  • https://commersant.ge/ge/post/xelisufleba-xels-ibans-im-umnishvnelovanesi-indikatoris-gaangarishebaze-romelzec-orientirebuli-unda-iyos-saxelmwifo
  • https://commersant.ge/ge/post/saqstati-saarsebo-minimumis-gaangarishebis-metodologiis-gadaxedvas-ar-gamoricxavs
  • http://loi.ge/media/pdf/eko-2014-2.pdf
  • https://drive.google.com/file/d/0B3PZSQNPT43STVJMbm5lRWphclE/view
  • https://imedinews.ge/ge/theme/416/rogor-itvlian-saarsebo-minimums
  • https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29824?publication=7
  • http://geostat.ge

 

References: