English / ქართული /








Journal number 4 ∘ Ushangi Samadashvili
Sustainability and the Role of SMEs in Contemporary Economics Georgia

The document clarifies what is meant by "small and medium-sized businesses," because in the modern world economy, including Georgia, there is no single definition of SMEs, which causes some confusion. A comparative analysis of the parameters of SMEs in Georgia and the corresponding indicators in the EU with the old and new methodology is given. It was shown that the essence and importance of small business lies in its functions, the priority of which in terms of relevance varies in time and space. It chronologically analyzes the transition of Georgia from a market economy to a transitional SME.

Keywords: Small, medium and large business, old and new methodology, pottery, Applied, periodic period.

JEL Codes: M20, M21, M22

მცირე და საშუალო ბიზნესის არსი და როლი თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში

ნაშრომში დაზუსტებულია  კონკრეტულად რა იგულისხმება „მცირე და საშუალო ბიზნესის ქვეშ“, რადგანაც თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, მათ შორის  საქართველოშიც, არ არსებობს მცირე და საშუალო საწარმოების უნიფიცირებული განმარტება, რაც გარკვეულ გაუგებრობებს ბადებს. მოცემულია საქართველოში მცირე და საშუალო  საწარმოების პარამეტრების და ევროკავშირში შესაბამისი მაჩვენებლების  შედარებითი ანალიზი ძველი და ახალი მეთოდოლოგიით. ნაჩვენებია, რომ მცირე ბიზნესის არსი და მნიშვნელობა ვლინდება მის ფუნქციებში, რომელთა პრიორიტეტულობა, აქტუალურობიდან გამომდინარე, დროსა და სივრცეში იცვლება. ქრონოლოგიურად არის გაანალიზებული საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოშობა-განვითარების პერიპეტიები.

საკვანძო სიტყვები: მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, ძველი და ახალი მეთოდოლოგია, ცნება, განმარტება, გარდამავალი პერიოდი.

შესავალი

ყოველ დისციპლინას აქვს საკუთარი ცნებითი აპარატი (ინსტრუმენტარიუმი), რომლის მეშვეობითაც შეიცნობა ობიექტური სინამდვილე, ანუ საკუთარი შესწავლის საგანი. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ბიზნესის საფუძვლებია. ისმის კითხვა - რისთვის გვჭირდება ბიზნესის საფუძვლების  ცნებების ცოდნა? - როგორც ხელოსნისაგან არ უნდა ველოდეთ სასურველ სამეურნეო შედეგს, როდესაც იგი შრომის იარაღებს (ინსტრუმენტებს) ინსტრუქციის შეუსაბამოდ იყენებს, ისე ბიზნესის მკვლევარისგან ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე სასიკეთო ცნებების (ინსტრუმენტების), მაგალითად, „მცირე და საშუალო ბიზნესის“  უზუსტოდ გამოყენების შემთხვევაში. ცნებითი აპარატის  კარგი ცოდნა გვეხმარება არა მხოლოდ ეკონომიკური სინამდვილის სწორად შეცნობასა და ბიზნესის ენაზე ზუსტად მეტყველებაში, არამედ ბიზნესის წარმატება-წარუმატებლობის მიზეზთა გამოვლენაშიც. მაგალითად, იმის გარკვევაში, ფირმის გაკოტრების მიზეზი ცუდი ბიზნეს-იდეაა (მეწარმეა), თუ არაკვალიფიციური და მოუქნელი ხელმძღვანელობა (მენეჯერი).        

მცირე და საშუალო ბიზნესის თანამედროვე გაგება  და გენეზისი

ყოფითი ცნობიერების დონეზე მცირე ბიზნესში მოიაზრება საუბნო მაღაზია, პურის საცხობი, სასადილო, სილამაზის სალონი  და სხვა, ხოლო მსხვილ ბიზნესში კი-ისეთი გიგანტები, როგორიცაა ჯენერალ ელექტრიკი (აშშ); როიალ დათჩი (დიდი ბრიტანეთი-დანია); კოკა-კოლა (აშშ),  ნიპონ ტელეგრაფი (იაპონია), ექსონი (აშშ),  “გაზპრომი”   (რუსეთი) და სხვა.

  “მსხვილი ბიზნესი” ძირითადად ეკონომიკური ცნებაა.  აღნიშნულის გამო, როგორც მსოფლიო, ისე ქართული კანონმდებლობა არ გამოაცალკავებს ცნებას - “მსხვილი ბიზნესი”. ისე როგორც მსხვილ, საშუალო ბიზნესსაც არა აქვს განსაკუთრებული სამრთლებრივი სტატუსი. მას უჭირავს შუალედური პოზიცია ეკონომიკის სხვადასხვა პოლუსზე მყოფ მცირე და მსხვილ ბიზნესს, ასევე, მცირე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. „მსხვილისა“ და „საშუალოსაგან“ განსხვავებით კი, მცირე ბიზნესი განისაზღვრება, როგორც ეკონომიკურად, ისე იურიდიულად.

სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, მათ შორის  საქართველოშიც, არ არსებობს მცირე და საშუალო საწარმოების უნიფიცირებული განმარტება, რაც გარკვეულ გაუგებრობებს ბადებს. ასე, მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და შემოსავლების სამსახური მცირე ბიზნესს განსხვავებულად განსაზღვრავენ. კერძოდ, მცირე საწარმო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით, უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღიარებული მცირე მეწარმის სტატუსი (ამას უფრო კონკრეტულად ქვემოთ ვიხილავთ).

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მცირე საწარმოებში მოიაზრება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები. სწორედ ამიტომ ისმის კითხვა - როგორ გამოიყურება საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო  საწარმოების პარამეტრები ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით? - დღეისათვის ევროკომისია მიკრო,  მცირე,  საშუალო და მსხვილ საწარმოებს განსაზღვრავს 2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი კრიტერიუმების მიხედვით. ევროკომისიის მიხედვით მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების კლასიფიცირებულია  შემდეგნაირად  (იხ ცხრილი 1).

ევროკომისიის მიხედვით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კლასიფიკაცია

ცხრილი №1

 

წყარო: Гурьянов П., Критерии определения размеров малого и среднего бизнеса. №10, 2011, с.4.

ცხრილიდან გამომდინარე,  ევროკომისიის მიხედვით, მიკრო საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კაცს, ხოლო მაქსიმალური წლიური ბრუნვა 2 მლნ ევროს. შესაბამისად, მცირე საწარმოში - 49 კაცს და - 10 მლნ ევროს; საშუალოში კი - 249 კაცს და - 50 მილიონ ევროს;  მსხვილ საწარმოში კი დასაქმებულთა რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 250 კაცს,  ხოლო მაქსიმალური წლიური ბრუნვა - 50 მლნ ევროს (Гурьянов 2011, c.4).

ცნობილია, რომ საქართველოში 2017 წლამდე საწარმოთა ზომა განისაზღვრებოდა 2002 წელს შემუშავებული  მეთოდოლოგიით, რომელიც ემყარებოდა  საწარმოთა ბრუნვასა და დასაქმებულთა საშუალო წლიურ რაოდენობას. შესაბამისად,  მსხვილ საწარმოებს განეკუთვნებოდა საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა აღემატებოდა 100 კაცს და საშუალოწლიური ბრუნვის მოცულობა - 1.5 მლნ ლარს; საშუალო ზომის საწარმოებში შედიოდა ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა მერყეობდა 20-დან 100 კაცამდე, ხოლო საშუალოწლიური ბრუნვის მოცულობა – 0.5 მლნ ლარიდან 1.5 მლნ ლარამდე; მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნებოდა ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა არ აღემატებოდა 20 დასაქმებულს და საშუალოწლიური ბრუნვის მოცულობა 0.5 მლნ ლარს.

დინამიკურმა სამეუნეო პრაქტიკამ და საქართველოს ევროკავშირზე ორიენტაციამ  გვიჩვენა, რომ საქსტატის მიერ 2002 წელს დადგენილი ნორმები (500,000 ლარის ქვემოთ - მცირე, 500,000-დან 1,500,000-მდე - საშუალო და 1,500,000 ზევით მსხვილი), აღარ შეესაბამებოდა თანამედროვე ეკონომიკური განვითარების რეალობას და, მითუმეტეს, ევროპის ქვეყნებში დადგენილ მცირე და საშუალო ბიზნესის განმსაზღვრელ ნორმებს. სწორედ ამიტომ მცირე და საშუალო საწარმოთა განმარტების განახლების  პრიორიტეტული ღონისძიების ფარგლებში „საქსტატის“ მიერ განხორციელდა მცირე და საშუალო საწარმოთა არსებული განმარტების ანალიზი და შესწავლილი იქნა საერთაშორისო პრაქტიკა. საერთაშორისო გამოცდილების შესწავლამ აჩვენა, რომ საწარმოთა ზომის განსაზღვრისას სხვადასხვა კრიტერიუმი გამოიყენება, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია საწარმოთა ზომის განსაზღვრა დასაქმებულ პირთა რაოდენობისა  და  ბრუნვის მოცულობის მაჩვენებლის მიხედვით. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის ანალიზისა და „ევროსტატის“ კრიტერიუმების გათვალისწინებით, „საქსტატის“ მიერ შემუშავდა რეკომენდაცია მცირე და საშუალო საწარმოთა განმარტების განახლებისთვის  დასაქმებულთა რაოდენობისა და  საწარმოთა საქონელბრუნვის მოცულობის გათვალისწინებით, მაგრამ განსხვავებული ზღვრული ოდენობით.  ამასთან, ბრუნვის მაჩვენებლის კრიტერიუმის გამოყენების შემთხვევაში, დიაპაზონის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა მყიდველობითი უნარის პარიტეტი (2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2016 ).

ყოველივე აღნიშნულის  საფუძველზე, საქართველოში  2017 წლის აპრილიდან განახლდა მცირე და საშუალო საწარმოთა განმარტება და დაუახლოვდა ევროსტატის განმარტებას. საქსტატის განახლებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, საწარმოების ზომის მიხედვით დაყოფის  კრიტერიუმები ასე გამოიყურება (იხ. ცხრილი2).                                                                                                        

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კლასიფიკაცია საქსტატის მიხედვით

 ცხრილი 2

 

 წყარო: საქსტატი

ცხრილიდან გამომდინარე, საქსტატის  ახალი  მეთოდოლოგიით მსხვილ საწარმოებში მოიაზრება  საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს და საშუალო  წლიური ბრუნვის მოცულობა 60 მლნ ლარს; საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა მერყეობს 50-დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალოწლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე;  მცირე ზომისაა საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალოწლიური ბრუნვის მოცულობა 12 მლნ ლარს.

როგორც ჩანს, საქსტატის მეთოდოლოგია ითვალისწინებს დასაქმებულთა რაოდენობასა და ბრუნვის მოცულობას,  თუმცა გაზრდილია მათი ზღვრული ოდენობები.  კერძოდ, მცირე საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის ზღვარი 2.5-ჯერ, ხოლო  წლიური ბრუნვის მოცულობის ზღვარი - 24-ჯერ. საშუალო საწარმოში, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე წლიური ბრუნვის მოცულობის ზღვარი  გაზრდილია  5-ჯერ;  მსხვილ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის ზღვარი 2.5-ჯერ,   წლიური ბრუნვის მოცულობის ზღვარი კი,  40-ჯერაა გაზრდილი.

  ამგვარი განსაზღვრება მნიშვნელოვანია ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებისთვის, რომლის მიზანია  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ვფიქრობთ, კვლევების ჩატარებისას გაურკვევლობების გამორიცხვისათვის, მიკრო ბიზნესის პარამეტრებიც უნდა დაუახლოვდეს ევროსტატის პარამეტრებს. შესაბამისად, ცვლილება უნდა  შევიდეს  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის მიხედვით მეწარმეებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა გრანტებზე, ვინაიდან კომპანიები (მათ შორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ინდ. მეწარმე და ა.შ.) არ შეიძლება იყვნენ გრანტის ბენეფიციარები, რაც ქმნის დაბრკოლებას ალტერნატიული დაფინანსების ხელმისაწვდომობისათვის. აღნიშნული შეზღუდვა, ასევე, პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს ან/და დონორი ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით და ზღუდავს კომპანიებში ინოვაციების და კვლევისა და განვითარების  შესაძლებლობებს.

 საქსტატის მეთოდოლოგიის პარალელურად,  მეწარმეობის ლეგალიზაციისა და გააქტიურობისათვის  2018 წლის  პირველი ივლისიდან  ამოქმედდა მცირე ბიზნესის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რის  შედეგადაც მცირე ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდა ხუთჯერ - 5%-იდან 1%-მდე, ხოლო  მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა გაიზარდა ხუთჯერ   − 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე. მცირე მეწარმენი 1%-იან ბრუნვის  გადასახადს გადაიხდიან თვის ბოლოს  და არა წინასწარ, ე. წ. საავანსო რეჟიმით.  მეწარმეები უზრუნველყოფილი არიან, აგრეთვე, გამარტივებული  საგადასახადო აღრიცხვით, რათა  მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯი.

2018 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, მცირე ბიზნესის სტატუსი და შესაბამისად 1%-იანი დაბეგვრის რეჟიმი აქვს 68 ათასამდე გადამხდელს. თუმცა, საშუალო ბიზნესი ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია, რადგან ის ექვემდებარება ჩვეულებრივ დაბეგვრას. მიგვაჩნია, რომ რადგან მსხვილი საწარმოებისათვის გათვალისწინებული რეინვესტირებული მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების რეჟიმით, ანუ  ე.წ ესტონური მოდელით, ვერ ისარგებლეს მცირე მეწარმეებმა, მთავრობის მხრიდან ინიცირებული ამგვარი რეფორმა დროული და ლოგიკური იყო. ვფიქრობთ, ეს სიახლე გაზრდის რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, გააფართოებს ოფიციალურ მეწარმეთა ბაზას, რადგანაც დასაწყისშივე ძალიან ბევრ, დაახლოებით 120 ათასამდე მეწარმეს შეეხება და შემდგომ, შესაძლოა მათი რაოდენობა 150-200 ათასმდე გაიზარდოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინიც მოახდენენ თავისი საქმიანობის რეგისტრაცია-ლეგალიზაციას, ვინც დღეს „ჩრდილშია“.

მეწარმე ფიზიკური პირი უფლებამოსილია, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რომელიც გასცემს  მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. მცირე ბიზნესის სტატუსის მეწარმე ფიზიკური პირი ითვლება მცირედ და სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით იმ შემთხვევაში,  თუ მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება  500 000 ლარს. ამასთან, მცირე მეწარმე გადაცდება თუ არა წლიური   ერთობლივი შემოსავალის   100 000 ლარიან ზღვარს, იხდის   დღგ-ს, მაგრამ 500 000 ლარამდე წლიური ბრუნვის შემთვევაში, განსხვავებით ადრე მოქმედი საკანონმდებლო ნორმისაგან, ინარჩუნებს  მცირე ბიზნესის  მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსს და  იხდის შეღავათიან 1%-იან ფიქსირებულ გადასახადს.  500 000 ლარზე ზევით წლიური ერთობლივი შემოსავალის შემთვევაში კი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება  3%-ით. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური  პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირებისთვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.  მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა. თუმცა, საქსტატის კლასიფიკაციით,  12 მლნ ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში,  მცირე ბიზნესად რჩება. ე.ი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით განსაზღვრული მცირე საწარმო უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღიარებული მცირე მეწარმის სტატუსი. ამან, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისა და შეფასებისას, შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული გაუგებრობები.

შესაბამისად, რომელიმე პროგრამის განსხვავებული კლასიფიკაციით შეფასებისას ვღებულობთ სრულიად განსხვავებულ შედეგებს, რაც ართულებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისთვის სწორი პოლიტიკის შემუშავებას. აღნიშნულის თავიდან აცილებისათვის  საჭიროა  მცირე მეწარმის სტატუსის განმსაზღვრელი ზღვრების გადახედვა, რადგან სახეზეა დიდი განსხვავება სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ საწარმოს ზომებსა (ზედა ზღვარი: 12 მლნ ლარი) და დაბეგვრის მიზნებისთვის განსაზღვრულ საწარმოს ზომებს შორის (ზედა ზღვარი: 500 ათასი ლარი). შესაბამისად, რეალურად ნაკლები საწარმო სარგებლობს ამ სტატუსით მაშინ, როცა საწარმო რომელიც არ სარგებლობს შეღავათიანი დაბეგვრის სისტემით მაინც მცირე საწარმოს კატეგორიაში ხვდება სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით, რადგან ამას ემატება ის საწარმოები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 500 ათას ლარს და ნაკლებია 12 მლნ ლარზე.

ამგვარად, მცირე   ბიზნესს  საქსტატის და შემოსავლების სამსახური განსხვავებულად განსაზღვრავს. საქსტატის მიერ განხორციელებული ცვლილება ბიზნესის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში  თავსებადია ევროკავშირის მეთოდოლოგიასთან.  თუმცა, შემოსავლების სამსახური არ მიჰყვება ამ ცვლილებას, რაც მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებას ქვეყანაში მნიშვნელოვნად აფერხებს. სწორედ ამიტომ, რეფორმის ფარგლებში აუცილებელია საგადასახადო და სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენებული მცირე და საშუალო ბიზნესის განსხვავებული განმარტებების  შესაბამისობაში მოყვანა, უნიფიცირება.

 სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მცირე მეწარმის სტატუსის  შემოღებას სიკეთეებთან ერთად, შესაძლებელია მოჰყვეს  საბიუჯეტო და სხვა სახის უარყოფითი ეფექტიც. სახელმწიფო ბიუჯეტს  დაახლოებით 40 მლნ ლარი დააკლდება. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება გამოვლინდნენ ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ და რამაც შესაძლოა დამატებით შეამციროს საგადასახადო შემოსავლები საშემოსავლო გადასახადის ჭრილით, რეალობა მდგომარეობს შემდეგში: მომსახურების სფეროში, მაგ: სამშენებლო ბიზნესში, სარემონტო მომსახურებაზე  დასაქმებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მცირე ბიზნესის მეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი, რაც არ შედის აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალში, ხოლო დამქირავებელი (ამ შემთხვევაში სამშენებლო კომპანია) აღარ დაბეგრავს საშემოსავლო გადასახადით, ანუ ნაცვლად 20%-ისა (საშემოსავლო გადასახადი) დაიბეგრებიან 1%-ით (მცირე ბიზნესის სტატუსი).  აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს არის საკმაოდ დიდი რისკი იმისა, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს უფრო ნაკლები შემოსავლები საშემოსავლო გადასახადის ჭრილით, ვინემ დაგეგმილია (ბუკია,  2019).

ხაზგასასმელია ისიც, რომ ევროკრიტერიუმებზე გადასვლამ ავტომატურად გაზარდა მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, ხოლო საშუალო  და  მსხვილი საწარმოებისა - შეამცირა. ამჟამად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 70% მხოლოდ 350 მსხვილი საწარმოს გადასახადებით ყალიბდება. დანარჩენი 30% კი, მცირე ბიზნესის საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით,  მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. გამოდის, რომ მთელი ქვეყანა 350 მსხვილი მეწარმის ამარაა დარჩენილი, რომელთაც ნებისმიერი პირადი უკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყონ, გადაუკეტონ მას საარსებო ფინანსური წყარო და  „ხალხს ქვეყანა თავზე დაამხონ“. ამგვარად, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, მეწარმეთა თანაბარ პირობებში ჩაყენებისათვის, მცირე საგადასახადო ტვირთისა  და ეკონომიკის ლეგალიზაციისათვის, მიზაშეწონილია მცირე საგადასახადო შეღავათები და საგადასახადო ტვირთის არა რამდენიმე ასეულ, არამედ რამდენიმე ათეულობით ათას  მეწარმეზე გადანაწილება.

საქართველოში მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების,  რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის, რეგიონში თანამედროვე ბიზნეს-პრაქტიკის დამკვიდრების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, გამომუშავებული შემოსავლების რეგიონებშივე ათვისების, რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციისა და რეგიონის მკვიდრთა  მიგრაციის  შემცირების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში  შეტანილი    ცვლილებებით 2011 წელს  ამოქმედდა მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა.

აღნიშნული პროგრამა გამიზნულია რეგიონებში როგორც საკუთარი ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.   კონკრეტულად,  ფინანსური დახმარების გაწევის გზით (ფინანსური მხარდაჭერა: ერთ მეწარმეზე  მაქს. 5,000 ლარი; ორ მეწარმეზე  მაქს. 10,000 ლარი; მეწარმეთა ჯგუფზე  მაქს 15,000 ლარი. თანამონაწილეობა: მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 20%) რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტის (პროფესიუნალური ბიზნესკონსალტინგი, ბიზნესუნარების ტრენინგი, ბიზნესგეგმების მიღება,  ინდივიდუალური კონსულტაციები) არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

მიკრომეწარმის სტატუსის მოსაპოვებლად, ფიზიკური პირი უფლებამოსილია მიმართოს შემოსავლების სამსახურს, თუ იგი აკმაყოფილებს სამ მოთხოვნას:

1.      საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად და არ ჰყავს დაქირავებული მუშა-ხელი;

2.      მისი ერთობლივი შემოსავალი 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატება 30.000 ლარს;

3.      მისი საქმიანობა არ ხვდება მთავრობის N 415-ე დადგენილებით ჩამოთვლილ აკრძალული საქმიანობათა სიაში.

მიკრომეწარმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირს, რაც  განაპირობებს მის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით ყოფნას, კერძოდ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს და სარეგისტრაციო გადასახდელს.

2018 წლის 20 აგვისტოდან პროგრამა ახალი პირობებით განახლდა. ცვლილებების შესაბამისად, საგრანტო თანხა ერთ მეწარმე სუბიექტზე 20 000 ლარამდე გაიზარდა და ასევე შესაძლებელია არსებული, 2015-2017 წლებში დაფინანსებული ბენეფიციარების (სტარტაპების) განმეორებით დაფინანსება. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც – პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 %-ით მაშინ, როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ  20%-ით. როგორც ითქვა, ასევე,  გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს. 

  2015-2018 წლის მონაცემებით, სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მიკრო ბიზნესთან დაკავშირებით მხარდაჭერილია 6 212  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს  61 მლნ ლარზე მეტს, ამასთანავე, თანადაფინანსების სახით გაიცა  46.9 მლნ ლარი, ხოლო სულ  დაფინანსებულია 9,384  ბენეფიციარი. შევნიშავთ, რომ აღნიშნულ პროგრამაზე  რეგისტრაცია წელიწადში ერთხელ ცხადდება  (თავისუფლება, 2018, 33).

სამეურნეო პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონით მინიჭებული პრივილეგიების შესანარჩუნებლად მიკრომეწარმე ზოგჯერ იძულებულია ან საერთოდ არ გამოიყენოს დაქირავებული შრომა, ან დაასაქმოს ოჯახის წევრები, ან არალეგალურად დაასაქმოს ადამიანები. შემოსავლის ზედა ზღვარიც საკმაოდ დაბალია - თვეში საშუალოდ 2500 ლარის შემოსავალი მეწარმისთვის, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, ადვილი მისაღწევია. სტიმული, რომ მეწარმემ არ გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, ამცირებს მუშაკთა დაქირავებით  წარმოების გაფართოებისა და წლიური  შემოსავლების გაზრდის სურვილს. ეს მაშინ, როდესაც უცხოელმა ბიზნესმენმა, მაგალითად, აშშ-ში საკუთარი საქმე რომ წამოიწყოს, სხვა მოთხოვნებთან ერთად სულ ცოტა ადგილობრივი 5-6 კაცი მაინც უნდა დაასაქმოს. თვით „სტრატეგიაშიც“ ხაზგასმულია, რომ მცირე და საშუალო საწარმოები ერთ-ერთი მთავარი ძალაა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და აქ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა პრიორიტეტულია, ანუ შეღავათები არ უნდა აფერხებდეს ბიზნესის ზრდა-განვითარებას, ბრუნვის ზრდასა და მუშაკთა ოფიციალურად დაქირავებას.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოების ზომების მიხედვით კლასიფიკაციის კრიტერიუმები  სპეციფიკურია, ჩვენ ვემხრობით შემდეგ თვალსაზრისს:  საწარმო მიეკუთვნება მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს კონკრეტულ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტების კლასიფიკაციის კრიტერიუმებს. ამასთან, კრიტერიუმების ზღვრები ეფუძნება ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის და კომპანიების განვითარების მაჩვენებლებს  და შესაბამისობაშია სტატისტიკის წარმოების ევროპულ კრიტერიუმებთან.

ამგვარად, მცირე ბიზნესი არის მცირე საწარმოების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს  საქართველოში გამოყენებულ მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტების კლასიფიკაციის კრიტერიუმებს, ზღვრებს და რომელსაც შედარებით მცირე კაპიტალდაბანდებებით შეუძლია სწრაფად გაზარდოს ეკონომიკაში საქონელმწარმობელთა რაოდენობა და ოპერატიულად დააკმაყოფილოს საქონელსა და მოსახურებაზე  გაზრდილი მოთხოვნილება. სწორედ ამიტომ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და მისი განვითარების ყველაზე რეალური და ეფექტიანი საშუალებაა მცირე ბიზნესის განვითარება. თუმცა, მცირე ბიზნესის განსაზღვრების ცოდნა სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მის შესახებ გვაქვს სრულყოფილი ცოდნა. ამისათვის უნდა ვიცოდეთ ისიც, თუ როგორ წარმოიშვა მცირე ბიზნესი, რა გზები გამოიარა და როგორ მოვიდა დღევანდლამდე. ამ მიმართებით საჭიროა გაკეთდეს მოკლე ისტორიული ექსკურსი მცირე მეწარმეობის განვითარებაში.

პირველი წერილობითი ცნობები მცირე ბიზნესზე 4000 წლის წინანდელია. აქედან იღებს სათავეს მეწარმეობა, რომელიც დღეს მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. მცირე ბიზნესი გვხვდება თითქმის ყველა უძველეს კულტურაში.  ამ საქმეში გამოირჩეოდნენ არაბები, ბაბილონელები, ეგვიპტელები,  ბერძნები, ფინიკიელები და რომაელები. მაშინდელი პროდუქცია და მომსახურება  ხშირად უხარისხო  და დაუდევრად შესრულებული იყო. ამის გამო  მომხმარებელი არც თუ იშვიათად მოტყუებული რჩებოდა. ამიტომ მცირე საწარმოებს უყურებდნენ სიძულვილით (Сирополись 1997, 16).

ტერმინი - „მცირე ბიზნესი“, პირველად აშშ-ში გამოიყენეს 1953 წელს მიღებულ კანონში „მცირე ბიზნესის შესახებ“.  მცირე ბიზნესი ბიზნესის სტრუქტურული შემადგენელი  ნაწილია. სხვათა შორის, ისტორიულად, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაშიც სწორედ მცირე ბიზნესმა შეიტანა  დიდი წვლილი. როგორც ცნობილია, მცირე ბიზნესი ჩაისახა და განვითარდა აშშ-ში, რაც ევროპიდან ემიგრაციის დიდ ტალღასთან იყო დაკავშირებული. აუთვისებელ ტერიტორიებზე ემიგრანტებს სჭირდებოდათ საქონელი და მომსახურება. ასე გაჩნდა პირველი ოჯახური ფურნეები, სახელოსნოები, მაღაზიები, სასადილოები, სამრეცხაოები და სხვა. ამიტომ,  შემთხვევითი სულაც არ არის, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ საქართველოში  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე მეწარმეობას, ანუ მცირე ბიზნესს.

მცირე და საშუალო ბიზნესის  მნიშვნელობა

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, სახელმწიფოს ეფექტიანი მხარდაჭერით,   მცირე და საშუალო ბიზნესი იძენს განსაკუთრებულ  სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას:

1. მცირე და საშუალო ბიზნესის სოციალური მნიშვნელობა განპირობებულია მცირე საწარმოში დაქირავებულ მუშაკთა მეტი რაოდენობით, რაც საბაზრო ეკონომიკის ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებრივი მახასიათებელია. 2. განვითარებული საბაზრო მეურნეობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური  მნიშვნელობა  გამოიხატება  იმით, რომ საწარმოთა უმეტესი  ნაწილი მოქმედებს ეკონომიკის ამ სექტორში, უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას, ამ სექტორშია კონცენტრირებული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და  წარმოებული   მსპ-ს (მთლიანი სამამულო პროდუქტი) (პაპავა, სილაგაძე, 2019) მნიშვნელოვანი წილი.

3. მცირე და საშუალო ბიზნესის  პოლიტიკური მნიშვნელობა ვლინდება იმით, რომ ის არის საშუალო კლასის ფორმირების  საფუძველი, რაც  ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტად გვევლინება.

  ხაზგასასმელია, რომ მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) ფუნქციები დროისა და სივრცის მიხედვით იცვლება. მსს განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის. მისი როლი არ განისაზღვრება მხოლოდ საბაზრო სისტემის განვითარებითა და მისი მექანიზმის სრულყოფით. საქართველოსა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისათვის პირველი რიგის ამოცანაა თვით ამ საბაზრო სისტემის საფუძვლების შექმნა, რაც მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბებით იწყება. მათი მეშვეობით მიიღწევა დიდი ზომის საწარმოების რესტრუქტუირება, ბაზართან ადაპტირება და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეკონომიკური ტრანსფორმაციის შედეგად წარმოქმილი ჭარბი სამუშაო ძალის დასაქმება, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წონასწორობა (გობეჯიშვილი,  2013, 4).

  ამრიგად, სავსებით ნათელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის ფორმირება-ფუნქციონირება-განვითარებისთვის. უფრო კონკრეტულად, თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში მცირე საწარმოები, თავიანთი მრავალფეროვანი ფუნქციით, ხელს უწყობენ:

1.      გაუმართლებლად გამსხვილებული საწარმოების დეკონცენტრაციას, მონოპოლიების დემონოპოლიზაციას, პრივატიზებას და ამ გზით დამოუკიდებელ საქონელმწარმოებელთა გამრავლებას, ანუ საბაზრო - კონკურენტულ ურთიერთობაზე გადასვლას. ეს ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალური იყო საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის დასაწყისში. ეს მაშინ, როცა უმსხვილესი თანამედროვე კორპორაციები - IBM, MacDonald's, Microsoft და სხვები, სწორედ რომ, მცირე ზომის საწარმოებიდან არიან ამოზრდილი. აშშ-ში გავრცელებულია გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც  „ამერიკული ეკონომიკის ხერხემალს დიდი კორპორაციები წარმოადგენენ,  მის კუნთებს კი მცირე ფირმები ქმნიან“ (Edward  1963, 1,2);

2.      მომხმარებლებთან უშუალო კონტაქტის გამო, მოთხოვნილებისადმი  ოპერატიულ რეაგირებას და მის შესაბამისად საქონლის, მომსახურების, ტექნოლოგიის, მართვის ფორმების, ეკონომიკური სტრუქტურის და ა. შ.  გარდაქმნას, ანუ   საზოგადოების ბაზრის მოთხოვნებისაკენ შემოტრიალებას და სტაბილიზაციას;

3.      ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების ხელშეწყობასა და უმუშევრობის დონის შემცირებას;

4.      მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის (სტუდენტები, მოსწავლეეები, დიასახლისები, შრომისუნარშეზღუდულები, პენსიონერები და სხვა) სრული და არასრული სამუშაო დღით  შრომით საქმიანობაში ჩართვას და ინკლიუზიურ ეკონომიკურ ზრდას;

5.      ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა საზოგადოებასთან რეინტეგრაციას, რესოციალიზაციას და დეკრიმინალიზაციას;

6.      მსხვილთან შედარებით ნაკლები კაპიტალითა და რესურსებით  საქმის დაწყებას და წარმოების განვითარებას;

7.      კერძო ინიციატივისა და  ინოვაციური საქმიანობის  გამოვლენისათვის ფართო ასპარეზის შექმნას. სიახლის გამოცდას, სწრაფ დანერგვას  და  ახალი საქონლის გამოშვებაზე გადასვლას;

8.      ადგილობრივი წარმოებით არაგონივრული იმპორტის ჩანაცვლებას, ექსპორტის წახალისებასა და ინტერნაციონალიზაციას;

9.      მსხვილი კომპანიების ლოგისტიკაში და დისტრიბუციაში მომსახურებას,  ანუ ბიზნესქსელის შექმნას;

10.    ხელისუფლების ადგილობრივი თვითმართვის ორგანოებისათვის სამეურნეო საფუძვლების განმტკიცებას და თვითუზრუნველყოფადი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რადგანაც ისინი, უპირატესად, ადგილობრივი რესურსებით და ადგილობრივი ბაზრისთვის საქმიანობენ;

11.    ქვეყანაში საშუალო კლასის ფორმირებას, რომელიც არის ეკონომიკური უსაფრთხოების, სიღარიბის დაძლევისა და პოლიტიკური სტაბილურობის   გარანტი;

12.    ემანსიპაციისა გამო ქალთა ჩაბმას მცირე ბიზნესში, ანუ ბიზნესვუმენთა მომრავლებით ინკლიუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას;

13.    ცენტრსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობისა და  შემოსავლებრივი უთანაბრობის შერბილებას;

14.    საქმის წამოწყების და პროფილის  შეცვლის  სიიოლეს;

15.    მოქნილ მენეჯმენტს, ტრადიციულ გემოვნებასა და სტანდარტებთან იოლად შეგუებას; 

16.    ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას და ხარჯების შემცირებას.  შემოსავლების მხრივ მცირე ბიზნესის განვითარება ქმნის ახალ საგადასახადო ბაზას, რაც ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების სახით აისახება. ხარჯვით ნაწილში მცირე ბიზნესის განვითარება ზრდის ამ სფეროში დასაქმებულთა შემოსავლებს, რაც ამცირებს ბიუჯეტიდან შესაბამის სოციალურ ტრანსფერების გამოყოფის შესაძლებლობას.

სწორედ ჩამოთვლილი  უპირატესობების გამოა, რომ აშშ-ს მხოლოდ მრეწველობაში მოქმედებს 3 მლნ მცირე საწარმო. ისინი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით ნახევარს აწარმოებენ. ის, რომ იაპონია თავისი ეკონომიკური განვითარების დონით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, მცირე და საშუალო საწარმოებს უნდა უმადლოდეს. იქ საყოველთაოდ ცნობილი მსხვილი კონცერნები, ეროვნული ეკონომიკის აისბერგების მხოლოდ მწვერვალებს წარმოადგენენ, საფუძველი კი მცირე და საშუალო საწარმოებია. მათზე მოდის რეალიზებული სამრეწველო პროდუქციის დაახლოებით 53%, საბითუმო ვაჭრობის 60% და საცალო ვაჭრობის 80%-ზე მეტი.

შევნიშნავთ, რომ ჩამოთვლილი  ფუნქციების პრიორიტეტულობა, აქტუალურობიდან გამომდინარე, დროსა და სივრცეში იცვლება. მცირე ბიზნესი განსაკუთრებით აქტუალური იყო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, როცა სრულყოფილი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკას აშენებდნენ. მცირე ბიზნესის ფუნქციონირება აქტუალურია მბრძანებლურიდან საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის, ამ სისტემის განმტკიცებისა და განვითარების  პროცესში.

ხაზგასასმელია, რომ მცირე ბიზნესს აქვს გარკვეული სუსტი მხარეებიც:

  • წარუმატებლობის მაღალი მაჩვენებელი. მცირე ფირმები უფრო სწრაფად ჩნდებიან, მაგრამ ასევე სწრაფად კოტრდებიან. გაეროს მონაცემებით, არსებობის ერთი წლის შემდეგ, ახლადშექმნილი მცირე და საშუალო საწარმოების დაახლოებით 50% რჩება მოქმედი სუბიექტების რიცხვში, 3 წლის შემდეგ - 7-8%, ხოლო 5 წლის შემდეგ - არა უმეტეს 3%-ისა. ამავე დროს,  მათი საერთო რიცხვი, როგორც წესი, იზრდება ან უცვლელი რჩება, რადგან ლიკვიდირებული  საწარმოების ადგილზე მუდმივად იქმნება ახალი საწარმოები (Зарубежный опыт,www.giac.ru).
  • აღნიშნული წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი საწარმოს შექმნის სიადვილე და ცუდი მართვაა. რადგან მცირე ბიზნესში ხშირად შემთხვევითი, სათანადოდ მოუმზადებელი  ადამიანები ხვდებიან, ფაქტობრივად, მათ  საკუთარი საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება ბევრად ეიოლებათ, ვიდრე თავისუფალი  სამუშაო ადგილის შექმნა.
  • საქმიანობის წარმართვის გამოუცდელობა. ხშირად მცირე საწარმოები განიცდიან წარუმატებლობას იმის გამო, რომ ვერ ართმევენ თავს გაზრდილ  მოთხოვნებს მმართველობაში. ერთია - ათმუშაკიანი მაღაზიის მართვა და სრულიად განსხვავებული რამაა-ასკაციანი მაღაზიის ხელმძღვანელობა. ათმუშაკიანი მაღაზიის შემთხვევაში მეწარმენი ახორციელებენ ვიზუალურ კონტროლს მათ განკარგულებაში არსებულ ყველაზე და ყველაფერზე. მაგრამ, როგორც კი იზრდება საწარმო ასკაციან კოლექტივამდე, საჭირო ხდება მეწარმეთა გადასვლა საქმის დაგეგმვისა და კონტროლის შედარებით რთულ სისტემაზე. სამწუხაროდ, ხშირად მმართველ გუნდს არ ჰყოფნის კომპეტენცია, გამოავლინოს და დაიქირავოს, საწარმოს გადარჩენისა და განვითარებისათვის აუცილებელი ტალანტის მქონე ადამიანები. მათგან განსხვავებით მსხვილი კორპორაციის პრეზიდენტები უფრო ხშირად პროფესიონალი ხელმძღვანელები არიან. ისინი ოსტატურად ფლობენ რა მართვის საუკეთესო და თანამედროვე საშუალებებს, უნარიანად დირიჟორობენ ათობით მცოდნე ადამიანის ტალანტს კომპანიის პრობლემების გადაჭრისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის;
  • ბიზნესპარტნიორებისაგან ნდობის შედარებით ნაკლები ხარისხი;
  • ფინანსებზე, საკრედიტო რესურსებისადმი  შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
  •  საგადასახადო კანონმდებლობის სუსტი ცოდნა;
  • მწირი ფინანსების გამო კვალიფიციური ბუღალტრის დაქირავების შეუძლებლობა;
  • კაპიტალდაბანდების დაკარგვის მაღალი რისკი;
  • კანონებში ხშირი და სწრაფი  ცვლილებების გამო, მათი დროული გაცნობის სიძნელე;
  • მასში ეროვნულ უმცირესობათა სუსტი წარმომადგენლობა;
  • საზოგადოებაში წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი და სხვა.

 

ხაზგასასმელია, რომ მცირე ბიზნესი, თუმც ძირითად როლს ასრულებდა ცივილიზაციურ პროცესში, ის არასოდეს დაუფლებია საზოგადოებრივ ცნობიერებას. ახლა კი სულ უფრო ხდება მცირე ბიზნესის აღიარება ეკონომიკის შემოქმედებით ძალად.  მცირე ბიზნესი თანამედროვე საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოშიც,  ყურადღების ცენტრშია. ამ მიმართებით,  აღსანიშნავია ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში სხვადასხვა ავტორის  (ო. გოგიაშვილი, ე. გობეჯიშვილი, ე. კაკულია, ა. ქიმაძე და სხვა)  მიერ მოცემული  მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების ეტაპების საინტერესო  ინტერპრეტაცია. თუმცა, ყველა მათგანში  გაბატონებულია შეხედულება, რომ საქართველოში ლეგალური მცირე ბიზნესის ფორმირება დაიწყო XXI საუკუნის 90-იანი წლებიდან, ანუ გარდამავალი პერიოდის დასაწყისიდან, რაც, ვფიქრობ, გარკვეული უზუსტობაა.

თანამედროვე საქართველოში ლეგალური მცირე ბიზნესის აღორძინება-ფორმირების პროცესის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ „პერესტროიკის“ პერიოდში  გვხვდება ინდივიდუალური შრომითი საქმიანობისა („სსრ კავშირის კანონი ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის შესახებ“ გაზ. „კომუნისტი“, 1987წ. 1 მაისი.) და კოოპერატიული საქმიანობის  („სსრ კავშირის კანონი საბჭოთა კავშირში კოოპერაციის შესახებ“ თბ; „საბჭოთა საქართველო“, 1989წ.) ლეგიტიმაციის სახით.  საბჭოთა საქართველოს იმდროინდელმა მოსახლეობამ ლეგალური ბიზნესის სიკეთე და მადლი პირველად იგრძნო სწორედ ამ ფორმებითა და იჯარით, რომელიც ბიუროკრატიული მარწუხებისაგან თავის დაღწევისა და სამეურენეო დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ხორციელდებოდა (სამადაშვილი,  1995,  20).

მეორე ეტაპი დაიწყო 1991 წლიდან და გაგრძელდა 2004 წლამდე. ამ პერიდში მიღებული იქნა კანონი „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ (1991), „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ (1991), „მეწარმეთა შესახებ“ (1994), „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ“ (1999) და სხვ. ამ ეტაპზე მცირე ბიზნესი მოგვევლინა პრივატული (კერძო) ეკონომიკის ფორმირებისა   და მბრძანებლურიდან საბაზრო ეკოინომიკაზე გადასვლის უმთავრეს ინსტრუმენტად პრივატიზებული და ახლადჩამოყალიბებული საწარმოების სახით;

მესამე  ეტაპი  მოიცავს 2004-2012 წლებს. ამ პერიდში სახელმწიფომ აქცენტი გააკეთა ლიბერალური ეკონომიკური კურსის გატარებაზე, რის გამოც 2006 წლიდან გააუქმა კანონი „მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის შესახებ“ და ერთნაირ დაბეგვრის რეჟიმში მოაქცია ყველა ზომის საწარმო, რამაც მცირე ბიზნესის განვითარება, საერთოდ, და განსაკუთრებით რეგიონებში, საგრძნობლად შეაფერხა.  ის, რომ ყველა საწარმო უნდა იყოს თანაბარ პირობებში, როგორც რეგულირების, ასევე საგადასახადო თვალსაზრისით, არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ–ერთი ფუნდამენტური პრინციპი.  ამასთან, ყველა საფუძველი არსებობს ითქვას,  რომ რეგულირება და დაბეგვრა უნდა იყოს დისკრიმინაციული მცირე ბიზნესის სასარგებლოდ და სახელმწიფომ უნდა აღმოფხვრას ყველა ის გადახრა, რომელიც აფერხებს მის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საზიანოა ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირის მტკიცება, რომ ყველა ზომის საწარმო უნდა  დაექვემდებაროს ერთიდაიგივე წესებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ამ მოსაზრებას, თუმცა, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, მცირე ბიზნესი წარმატებით ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც საღი აზრი დომინირებს ტრადიციულ ეკონომიკურ აზროვნებაზე   (Горфинкель 2009, 336 ).

მეოთხე  ეტაპი  დაიწყო 20012 წლიდან და გრძელდება დღემდე. ამ პერიოდში  განვითარებული ქვეყნების გამოცდილების, ევროკაშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებისა და „ევროპის მცირე ბიზნესის აქტის“ პრინციპების  გათვალისწინებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შემუშავდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის. სტრატეგია მოიცავს რამდენიმე ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას და მათი  განხორციელების შესაბამის ღონისძიებებს. მათ შორისაა: საკანონმდებლო, ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კონკურენტული ადამიანური რესურსების განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო აქტიურობა და მათი ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციებისა და კვლევების ხელშეწყობა. ყოველივე ამის შესაბამისად,  საქართველოს  მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით,  მრავალი პროგრამა წამოიწყო მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.                     

დასკვნა

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, მათ შორის  საქართველოშიც, არ არსებობს მცირე და საშუალო საწარმოების უნიფიცირებული განმარტება, რაც გაუგებრობას იწვევს. სწორედ ამიტომ ვემხრობით შემდეგ თვალსაზრისს:  საწარმო მიეკუთვნება მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს იმ შემთხვევაში, თუკი იგი აკმაყოფილებს კონკრეტულ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტების კლასიფიკაციის კრიტერიუმებს. ამასთან, კრიტერიუმების ზღვრები დაფუძნებულია ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის და კომპანიების განვითარების მაჩვენებლებს  და შესაბამისობაშია სტატისტიკის წარმოების ევროპულ კრიტერიუმებთან.

მცირე ბიზნესის არსი და მნიშვნელობა ვლინდება მის ფუნქციებში, რომელთა პრიორიტეტულობა, აქტუალურობიდან გამომდინარე, დროსა და სივრცეში იცვლება. მცირე ბიზნესი განსაკუთრებით აქტუალური იყო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, როცა სრულყოფილი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკას აშენებდნენ. მცირე ბიზნესის მშენებლობა აქტუალურია მბრძანებლურიდან საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის, ამ სისტემის განმტკიცებისა და განვითარების  პროცესში.

საზიანოა ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ზომის საწარმო უნდა  დაექვემდებაროს ერთი და იგივე წესებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ამ მოსაზრებას, თუმცა, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, მცირე ბიზნესი წარმატებით ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც საღი აზრი დომინირებს ტრადიციულ ეკონომიკურ აზროვნებაზე.

გაბატონებული შეხედულება, რომ საქართველოში ლეგალური მცირე ბიზნესის ფორმირება დაიწყო 90-იანი წლებიდან, გარკვეული უზუსტობაა. ეს იმიტომ, რომ თანამედროვე საქართველოში ლეგალური მცირე ბიზნესის აღორძინება-ფორმირების პროცესის პირველ ეტაპი ჯერ კიდევ „პერესტროიკის“ პერიოდში გვხვდება ინდივიდუალური შრომითი საქმიანობისა და კოოპერატივების ლეგიტიმაციის სახით. საბჭოთა საქართველოს იმდროინდელმა მოსახლეობამ ლეგალური ბიზნესის სიკეთე და მადლი პირველად იგრძნო სწორედ ამ ფორმებითა და იჯარით, რომელიც ბიუროკრატიული მარწუხებისაგან თავის დაღწევისა და სამეურენეო დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ხორციელდებოდა.                     

  ლიტერატურა:

  • ბუკია ი. (2019). მცირე ბიზნესის ხელშემწყობი საგადასახდო პოლიტიკა საქართველოში. ჟურნალი “ეკონომიკა და ბიზნესი” № 1.
  • გობეჯიშვილი ე. (2013). საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის სახელმწიფო რეგულირების სრულყოფის მიმართულებები. თბილისი.
  • თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018–2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში. სექტემბერი, 2018.
  • სამადაშვილი უ. (1995). სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და კერძო მეწარმეობის განვითარება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში (საქართველოს მაგალითზე).  სადისერტაციო მაცნე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
  • საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. 2016.
  •  Горфинкель В.Я. (2009). «Малый бизнес»: учебное пособие – М.: КНОРУС.
  • Гурьянов П. (2011). Критерии определения размеров малого и среднего бизнеса. №10.
  • Сирополись М.К. (1997). Управление малым бизнесом. Руководство для предпринимателей. Пер. с англ. М.: Дело  16.
  • „Сущность, роль и значение малого бизнеса“, гуманитарно-правовой портал, www.psyera.ru, http://psyera.ru/6579/sushchnost-rol-i-znachenie-malogo-biznesa
  • http://eugeorgia.info/ka/ - Europe for Georgia /ბოლო ნახვა 19 აგვისტო, 2019/.
  • http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka. mikro da mcire metsarmeobisxelshetsyobis-programa  /ბოლო ნახვა 12 აგვისტო, 2019/

 References:

  • Bukia I. (2019). „mtsire biznesis khelshemtsqobi sagadasakhado politika sakartveloshi. jurnali “Ekonomika da Biznesi”, №1 [Small Business Taxation Policy in Georgia. Journ. “Economics and Business” No. 1] (in Georgian).
  • Gogiashvili O. (2013). mtsire da sashualo biznesis problemebi da mati gadachris gzebi sakartveloshi. Kutaisi.  [The Main Problems and its Solving Ways of SMEs in Georgia]. (in Georgian).
  • Gobejishvili E. (2013). “sakartveloshi mtsire da sashualo metsarmeobis sakhelmtsipo regulirebis srulqopis mimartulebebi”. Tbilisi. [Directions for Improvement of State Regulation of Small and Medium Entrepreneurship in Georgia. Tbilisi]. (in Georgian).
  • “tavisupleba, scrapi ganvitareba, ketildgheobis angarishi samtavrobo programis 2018-2020ww. gankhortsielebis shesakheb”. 09.2018. [Freedom, Rapid Development, Prosperity Report on the Implementation of the Government Program for 2018-2020. September, 2018.]  (in Georgian).
  • Kakulia E. (2018). “mtsire biznesis pormireba-ganvitareba sakartveloshi”. „ekonomisti“ № 1. [Formation and Development of Small Business in Georgia. “The Economist”, No. 1].  (in Georgian).
  • Samadashvili U. (1995). “sakhelmtsipo sacarmoebis privatizeba da kerdzo metsarmeobis ganvitareba sabazro ekonomikaze gardamaval periodshi” (sakartvelos magalitze). sadisertatsio matsne Tb. [Privatization of State-owned Enterprises and the Development of Private Entrepreneurship in Transition to a Market Economy (Georgia's Example). Dissertation for the Degree of Doctor of Economics. Tb.]. (in Georgian).
  • Kimadze A. (2017). “mtsire da sashualo biznesis sakanonmdeblo da institutsiuri mkhardachera sakartveloshi”. [Legislative and Institutional Support for SMEs in Georgia. P. 439]. (in Georgian).
  • “sakartvelos mtsire da sashualo metsarmeobis ganvitarebis strategiis 2016-2017 ww. samokmedo gegmis shesrulebis angarishi”. 2016.  [Report on the Implementation of the 2016-2017 Action Plan for Small and Medium Entrepreneurship Development of Georgia. 2016].  (in Georgian)
  • Gorfinkel V. Ia. (2009). "Malyi biznes": uchebnik  M .: KNORUS, 336 s. ["Small Business": a training manual - M .: KNORUS, 336s.].  (in Russian)
  • Gurianov P. (2011). Kriterii opredelenia razmerov malogo i srednego biznesa, №10. [Criteria for Determining the Size of Small and Medium-Sized Businesses, N10. (in Russian).
  • Syropolis M.K. (1997). Upravlenie malim biznesom. Rukobodstvo dlia predprinimatlei. Per. S Angliiskogo, M., Delo 16.  [Small Business Management. Guide for entrepreneurs. Transl. from English]. (in Russian)
  • “Sushnost, rol I znachenie malogo biznesa”. Gumanitarno-pavovoi portal. [The Essence, Role and Importance of Small Business “, humanitarian-law portal] (in Russian).
  • http://psyera.ru/6579/sushchnost-rol-i-znachenie-malogo-biznesa
  • http://eugeorgia.info/ka/ - Europe for Georgia l /last visit 19 august, 2019/
  • mikro da mcire metsarmeobisxelshetsyobis-programa

           http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka /last visit 12 august, 2019/.