English / ქართული /








Journal number 2 ∘ Giga KikoriaSima GachechiladzeSalome Pataridze
Distance Education and E-learning in Georgia

Distance learning method in many countries is getting more and more popular. The advantage of this method is due to several factors, namely: less time spent on time and financial resources, flexibility and availability of the course, freedom of choice and mobility.

The modern education system seeks to develop technological progress that is irreversible. The needs of students and pupils are rapidly changing with time, which requires modification of the education system. The distance learning method in most of the universities of Georgia does not exist or is not actively used. Although some universities have a base that can help students get an electronic knowledge, they are less informed about it. Most of the courses on the bases of the Universities do not provide the opportunity to obtain the certificate, which shows a low level of development of distance learning.

This article focuses on the development of distance education, the situation in the world and in Georgia and the attitude of the public towards this issue, which, in turn, is based on the findings of the survey conducted by authors in December-January, 2018-2019.

In addition, the article presents the authors’ opinions, conclusions and recommendations concerning the implementation of distance learning activities in Georgia.

Keywords: Education system, distance education, E-learning, educational finance, information sources.

JEL Codes: I20; I21; I22.

References:

  • www.edu.aris.ge
  • Chen A. S. (2016). Online Education and Its Effective Practice: A Research Review. Glassboro, NJ, USA: Journal of Information Technology Education: Research.
  • Dickinson K. (2018). www.weforum.org. https://www.weforum.org/agenda/2018/10/7-habits-of-the-best-self-directed-learners
  • M. Samir Abou El-Seoud, I. A.-E.-K. (2013). E-Learning and Students’ Motivation: A Research Study on the Effect of E-Learning on. Emerging Technologies in Learning.
  • www.onlineschoolscenter.com. (n.d.). https://www.onlineschoolscenter.com/history-of-online-education/
  • www.onlineschoolscenter.com. (2012). https://www.onlineschoolscenter.com/history-of-online-education/
  • Gognadze T. (2018). Distance Learning in Education System: Essence, Importance, Perspectives. Ekonomika da Bisnesi, V. XI N 3 (in Georgian).
  • Sarishvili S. (2016). At what stage is e-learning in Georgia. http://www.edu.aris.ge (in Georgian)
  • Law of Georgia on General Education. (2005). https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=76

 დისტანციური განათლება და ელექტრონული სწავლება საქართველოში

დისტანციური სწავლება საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ მეთოდის უპირატესობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: დროითი და ფინანსური რესურსების ნაკლები დანახარჯები, კურსის მოქნილობა და ხელმისაწვდომობა, არჩევანის თავისუფლება, მობილურობა და სხვა.

თანამედროვე განათლების სისტემა ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც შეუქცევადი პროცესია. მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალგაზრდობის მოთხოვნილებები დროსთან ერთად სწრაფად იცვლება, რაც საჭიროებს განათლების სისტემის მოდიფიკაციას.

დისტანციური სწავლების მეთოდი საქართველოს უნივერსიტეტების უმეტესობაში არ არსებობს, ან აქტიურად არ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უნივერსიტეტი ფლობს ბაზას, რისი მეშვეობითაც სტუდენტებს შუეძლიათ ელექტრონულად ცოდნის მიღება, ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულები ამის შესახებ. უნივერსიტეტების ბაზაზე არსებული კურსების უმეტესობა არ იძლევა სერთიფიკატის აღების შესაძლებლობას, რაც დისტანციური სწავლების განვითარების დაბალ დონეზე მეტყველებს.

წინამდებარე სტატიაში განხილულია დისტანციური განათლების განვითარების სფეროები, მსოფლიოსა და საქართველოში არსებული სიტუაცია და ნაჩვენებია საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ავტორების მიერ ჩატარებული 2018-2019 წლის დეკემბერ-იანვრის კვლევის შედეგებს.

აღნიშნულთან ერთად, განხილული პრობლემის სფეროში არსებული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, წარმოდგენილია ავტორების მოსაზრებები, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოში დისტანციური განათლების განვითარების ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

საკვანძო სიტყვები: განათლების სისტემა, დისტანციური განათლება, ელექტრონული სწავლება, განათლებაზე გაწეული ხარჯები, ინფორმაციის მიღების წყაროები.

დისტანციური განათლების ევოლუცია მსოფლიოში

დისტანციური განათლება სათავეს იღებს XX საუკუნის მიწურულიდან. საწყის ეტაპზე ის მოიცავდა მხოლოდ ტექსტური შეტყობინებებით ინფორმაციის გაცვლას, ყოველგვარი ვიზუალიზაციის გარეშე, რაც ნაკლებად ეფექტური იყო. მოგვიანებით, უნივერსალური ვებგვერდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ცოდნის მიღება ვიდეოგაკვეთილების საშულებით (Chen, 2016) .

ქვემოთ ცხრილიში (1) მოცემულია ონლაინგანათლების ევოლუცია აშშ-ს მაგალითზე  1892-2012 წწ.

ონლაინგანათლების ევოლუცია აშშ-ში

ცხრილი 1

1892 წელი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პირველი დაუსწრებელი კურსები

1922 წელი

პენსილვანიის სახელმწიფო კოლეჯი რადიომაუწყებლის საშუალებით გადმოსცემს რამდენიმე სასწავლო კურსს

1953 წელი

ჰიუსტონის უნივერსიტეტის პირველი სატელევიზიო კურსი.

1965 წელი

უისკონსინის უნივერსიტეტი იწყებს სატელეფონო სასწავლო პროგრამას ფიზიკოსებისთვის

1976 წელი

ქოსტლაინის საკომუნიკაციო კოლეჯი ხდება პირველი „ვირტუალური კოლეჯი“, რომელიც მაუწყებლობს ყველა ონლაინკურსით

1980-იანი წლები

სხვადასხვა ონლაინპროგრამები ჩნდება აშშ-ში, რომელიც უზრუნველჰყოფს პერსონალურ წვდომას

1989 წელი

დაარსდა ფენიქსის უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ის მასშტაბით ხდება ერთ-ერთი პოპულარული ონლაინსკოლა

1997 წელი

შეიქმნა ინტერაქტიული სასწავლო ქსელი და ჩაეშვა პირველი ელექტრონული პლატფორმა რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში

2000-იანი წლები

უნივერსიტეტების უმეტესობა სილაბუსში ამატებს ონლაინკურსებს, რომელიც იძლევა კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს

2006 წელი

კომპანია Apple მომხმარებელს სთავაზობს ფასიანი კურსების ფართო არჩევანს

2012 წელი

დაფუძნდა ორი მსხვილი ონლაინპლატფორმა, Udacity და EdX, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მასობრივ ონლაინსასწავლო კურსებს

ცხრილი შედგენილია www.worldwidelearn.com მასალაზე დაყრდნობით (Getting Connected: A Brief History of Online Education, 2012)

ამჟამად უკვე მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაიაროს სრული ონლაინ-კურსი და მიიღოს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტები - პრინსტონი, სტენფორდი, პენსილვანია, კალიფორნია და მიჩიგანი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს უფასო ონლაინ-კურსებით, რომელიც ორიენტირებულია სასერთიფიკატო სისტემაზე (Chen, 2016).

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ე.წ „სწავლის მაძიებლები“, კომპიუტერული ბაზის მეშვეობით, უფრო მარტივად იღებენ საჭირო ინფორმაციას ნაკლები დროის დანაკარგებით (M. Samir Abou El-Seoud, 2013). გარდა ამისა, თანამედროვე სამყაროში თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ცოდნა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ეს ცნობილი ადამიანების ცხოვრებისეული მაგალითებიდან ვიცით (Dickinson, 2018).

დიდი პოპულარობით სარგებლობს აგრეთვე მსოფლიოში ცნობილი ონლაინ-სასწავლო პლატფორმები, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია ცხრილში N2. 

მსოფლიოში ცნობილი ონლაინ-სასწავლო პლატფორმები

ცხრილი 2

სახელი

სპონსორი/დამფუძნებელი

დაარსებისწელი

გადასახადი

Coursera

პრინსტონი, სტენფორდი, პენსილვანია, კალიფორნია და მიჩიგანის უნივერსიტეტები.

2011

კერძო

EdX

ჰარვარდის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები.

2012

არაკომერციული

Khan Academy

სალმან ხანი

2007

არაკომერციული

TED-Ed

„სეფლინგის ფონდი“

1984

პირადი, არაკომერციული

Udemy

ერენ ბალი

2010

უფასო/ფასიანი

DataCamp

დიტერ მესმეიკერი, ჯონათან კორნელიუსი, მარტინ ტუვისენი

2014

უფასო/ფასიანი

Udacity

სებასტიან ტრუნი, დევიდ სტივენსი, მაიკ სოკოლსკი

2011

ფასიანი

Codecademy

ზაჩ სიმსი, რაიან ბუბინსკი

2011

უფასო/ფასიანი

ცხრილი შედგენილია Online Education and Its Effective Practice: A Research Review სტატიაზე დაყრდნობით.

დისტანციური განათლება საქართველოს რეალობაში

საქართველოში ელექტრონული სწავლების მეთოდს დაახლოებით 10 წლის ისტორია აქვს. ელექტრონული სწავლების დანერგვა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანა  პროექტში - „ელექტრონული სწავლება კავკასიაში“ ჩაერთო (სარიშვილი, 2016).

კერძოდ, 2011 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ შევიდა ცვლილება, რომელიც გულისხმობდა სტანდარტული განათლების პარალელურად დისტანციურად განათლების მიღებას. მეთოდი რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში დაინერგა და დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.  ამჟამად კი უკვე კანონში მოცემულია ტერმინი „დისტანციური სწავლების“  განმარტება (საქართველოს კანონი განათლების შესახებ, 2005).

ზემოთ განხილული ონლაინ-პლატფორმებიდან საქართველოში უკვე არსებობს Khan Academy-ის ქართული ვერსიაც, რომელიც ხელმისაწვდომია Youtube არხზე. ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაიაროს სასკოლო და საუნივერსიტეტო საგნების ეკვივალენტური მასალა. საიტი ორიენტირებულია როგორც მოსწავლეებზე, აგრეთვე სტუდენტებზეც.  მომხმარებლები აქტიურად იყენებენ ისეთ საიტებს, როგორიცაა lingwing.com და skills.ge.

გარდა ამისა, დღეს საქართველოს უნივერსიტეტებში - თსუ, ილიაუნი, თავისუფალი უნივერსიტეტი, აისეტი და სხვები - ფუნქციონირებს რამდენიმე ელექტრონული სწავლების პორტალი, კერძოდ, MOODLE, E-Learning, E-Courses.tsu.ge, რომელსაც აქტიურად იყენებენ სწავლის  პროცესში (გოგნაძე, 2018).

ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც გამოიყენა ელექტრონული სწავლების მეთოდი, იყო თსუ (ტასის-ტემპუსის პროექტი „უმაღლესი  ლიბერალური განათლების ცენტრი” ეკონომიკის ფაკულტეტზე (International Liberal Higher Educational Centre – ilhec.ge-1999-2002 წ.წ.).  2009 წლიდან კი დაიწყო ფუნქციონირება E-Learning-მა და  E-Courses.tsu.ge-მ (სარიშვილი, 2016).

დისტანციური განათლების როლი და დონე საქართველოში ჯერჯერობით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა იგრძნოს მისი მნიშვნელობა და ამ მეთოდით მიღებული განათლება იყოს არა მეორეხარისხოვანი, არამედ ნებისმიერ აკრედიტებულ სასწავლებელში/უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასთან გათანაბრებული.

მართალია, ელექტრონული სწავლების პრაქტიკა 10-წლიან პერიოდს ითვლის, თუმცა, ვფიქრობთ, ამ მეთოდის ნაკლი არის ის, რომ ელექტრონული ფორმით მიღებული განათლების აღიარება დღემდე არ ხდება კრედიტების მინიჭებით.

კვლევის შედეგები

2018-2019 წლის დეკემბერ-იანვრის კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ გაგვერკვია  რამდენად იყენებენ ონლაინ სასწვლო პლატფორმებს სტუდენტები.

ჩატარდა ონლაინ-გამოკითხვა. სამიზნე აუდიტორიად ძირითადად შეირჩა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, რადგან უმეტესად, სწორედ ამ სეგმენტს აქვს დროითი რესურსი კონცენტრირდეს მხოლოდ სწავლაზე და ტრადიციული მეთოდების პარალელურად ეძიოს დამატებითი ელექტრონული წყაროები.  

კვლევისთვის შეირჩა რაოდენობრივი მეთოდი. სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავდა კითხვარი, რომელიც ონლაინ-ფორმით მიეწოდა სამიზნე სეგმენტს. კითხვარი მოიცავდა ინფორმაციას რესპონდენტების დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. კითხვარის ამ ფორმით შევეცადეთ გამოგვევლინა ელექტრონული რესურსების გამოყენების სიხშირე, სასწავლო პროგრამების მიმართულება და საქართველოში პოპულარული ვებგვერდები.

მართალია, კვლევის არეალი იყო საკმაოდ მწირი, კერძოდ შეადგინა 104 რესპონდენტი, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია მივიღეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევა არ მოგვცემს მონაცემების მთლიან ერთობლიობაზე განზოგადების საშუალებას,  ვინაიდან შერჩევის კრიტერიუმი ძირითადად მოიცავდა მხოლოდ საახლობლო-სანაცნობო წრეს, უმეტეს შემთხვევაში სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და მცირე რაოდენობით, უფროსი ასაკის მოსახლეობას.

კვლევაში ჩართული რესპონდენტების უმეტესი ნაწილი მიეკუთვნებოდა 18-დან 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ვინაიდან სწორედ ისინი იწყებენ სიახლეების ძიებას, სურთ რაღაც ახალი ისწავლონ და საკუთარი თავი გამოსცადონ სხვადასხვა სფეროში, ვიდრე ერთი კონკრეტული საქმით დაკავდნენ და იპოვონ სასურველი პროფესია, ან დამკვიდრდნენ კონკრეტულ დარგში.

დისტანციური განათლების გამოყენების პრაქტიკა მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. კერძოდ, გამოკითხული ქალების 72% მიმართავს განათლების მიღების დროს დისტანციურ მეთოდებს, ხოლო მამაკაცების მხოლოდ 28% ინტერესდება მსგავსი პრაქტიკით. 

გამოკითხული რესპონდენტების 59.4% აცხადებს, რომ უსარგებლია დისტანციური სწავლებით, 41.6% კი აფიქსირებს უარყოფით პასუხს.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური განათლების პრაქტიკის უქონლობის რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა. კერძოდ:

  • საკმარისი ინტერესის არქონა;
  • საწყისი მცდელობის შემდეგ მეთოდის მიმართ ნაკლები ინტერესი;
  • მეთოდის გამოყენების საჭიროების არ არსებობა.

დისტანციური განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროდ ჩვენ რამდენიმე სავარუდო პასუხი გვქონდა დაფიქსირებული. ძირითადი წყაროების პროცენტული განაწილება მოცემულია დიაგრამაზე (1)*.

ინფორმაციის მიღების წყარო, %

დიაგრამა 1

 

*  ეს და მომდევნო დიაგრამები შედგენილია ავტორების გამოთვლების მიხედვით.

ინფორმაციის გავრცელების პირველი სამი წყარო აღმოჩნდა ყველაზე პროდუქტიული. შესაბამისად, საზოგადოებაში დისტანციური განათლების ცნობადობის ამაღლებისთვის სწორედ მათი გამოყენება მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

რაც შეეხება ელექტრონული სწავლების ვებგვერდების გამოყენების პროცენტულობას, გვაქვს შემდეგი გადანაწილება  (დიაგარამა 2).

ვებგვერდის გამოყენება

დიაგრამა 2

 რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს youtube.com-ს, როგორც დისტანციური სწავლების ერთ-ერთ საშუალებას. პროცენტულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ენის შემსწავლელ ონლაინ-საიტებზე. ასევე საინტერესოა skills.ge-ს გამოყენების მაღალი პროცენტულობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე რესპონდენტებთან გვაქვს საქმე.

Youtube.com-ის გამოყენების მაღალი პროცენტულობა გამოწვეულია იმით, რომ ის საყოველთაოდ ცნობილი საიტია, რომლითაც შეიძლება ისწავლო როგორც მნიშვნელოვანი, ასევე სახალისო, გასართობი, თავშესაქცევი ­­­­­­­­­­. ეს ხსნის იმასაც, რომ რესპონდენტები დისტანციურ სწავლებად არ აღიქვამენ მხოლოდ სწავლების შაბლონურ, დამკვიდრებულ მეთოდებს.

მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება იყოს უწყვეტი პროცესი. ამისთვის საჭიროა გავზარდოთ აუდიტორია, რომელიც აქტიურად დაინტერესდება განათლების მიღების ამ მეთოდით.

დისტანციური განათლების გამოყენების სიხშირე წარმოდგენილია დიაგრამა 3-ზე:

დისტანციურად განათლების მიღების სიხშირე %

დიაგრამა 3

 დიაგრამაზე ჩანს, რომ გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი იშვიათად იყენებს დისტანციური განათლების მეთოდს, რაც სამწუხაროა. ვფიქრობთ, ახალგაზრდების უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული დისტანციური სწავლების უპირატესობა ან არ სჭირდება ის.

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტები, ძირითადად, ზოგადი ცოდნის მისაღებად იყენებენ დისტანციურ მეთოდებს. ამას ადასტურებს გამოკითხულთა უმრავლესობა. დანარჩენ შემთხვევაში ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულება:

ცოდნის მიღების ძირიღადი მიმართულებები %

დიაგრამა 4 

ესეც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დისტანციური განათლება ჯერ კიდევ არ მოიაზრება სწავლების ტრადიციული მეთოდის ეკვივალენტურად.

კითხვარი რესპონდენტებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ გაემიჯნათ დისტანციური განათლების უპირატესობები და ნაკლოვანებები. გამოკითხულთა 50% და მეტი, დისტანციური განათლების სამ ძირითად დადებით მახასიათებელზე მიანიშნებს: დროის ეკონომია, ფინანსური ხელმისაწვდომობა და მოხერხებულობა.        

აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის შედარებით მცირე ნაწილი მიანიშნებს ნაკლოვან მხარეებზე. კერძოდ, ერთ-ერთი ძირითადი უარყოფითი ფაქტორი, რომელსაც მაღალი წონა აქვს, არის ლექტორთან კომუნიკაციის არარსებობა. ასევე, ხელშესახები წონა აქვს სტუდენტური ცხოვრების არქონის და ნაკლები აღქმა/რეპუტაციის ცვლადებს.

გამოკითხული სტუდენტების 55% დისტანციური განათლების შეწყვეტის 5 ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორს გამოჰყოფს: დროის უკმარისობა, კურსის უინტერესო ხასიათი, ინტერესის გაქრობა, შეუსაბამო კურსი, სიზარმაცე.

საინტერესოა, ახალგაზრდების დამოკიდებულება მომავალში დისტანციური განათლების პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ ვეკითხებოდით მათ - გააკეთებდნენ თუ არა არჩევანს დისტანციურ განათლებაზე, საქართველოს განათლების სისტემაში რომ მოქმედებდეს დისტანციური სწავლების კურსი ბაკალავრი/მაგისტრატურა/დოქტორანტურაში. რესპონდენტების უმრავლესობამ (65.5%), დადებითი პასუხი დააფიქსირა. 35%-ის ნეგატიური პასუხი კი გამყარებულია სწორედ იმ არგუმენტებით, რაზეც უკვე მივანიშნეთ ზემოთ, უარყოფით ფაქტორებზე მსჯელობის დროს.

კითხვარის ბოლო ნაწილი, ალბათ, მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტია, რომ ნათლად ვაჩვენოთ საკითხის პრობლემატურობა საქართველოში და ანალიზის საშუალებით გავაკეთოთ დასკვნა და სამომავლო პროგნოზები.

დიაგრამა 5-ზე რესპოდენტებმა 1-დან 5 ქულამდე სკალით შეაფასეს საქართველოში არსებული ონალინკურსების ხარისხი. პროცენტები შემდეგნაირად განაწილდა:

ონლაინკურსების ხარისხით კმაყოფილება

დიაგრამა 5

 

 დიაგრამიდან ჩანს, რომ უმეტესწილად, საშუალო შეფასება (3 ქულა) ფიქსირდება, თუმცა, მაღალია 4 და 5 ქულის წილიც. მთლიანობაში, არსებული კურსებით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 23% (დაფიქსირებულია 1 და 2 ქულა), ხოლო დანარჩენები - ან ნაწილობრივ ან მთლიანად კმაყოფილია (დაფიქსირებულია 3, 4, 5 ქულა). როგორც ჩანს, სწავლების აღნიშნული ფორმით კმაყოფილების დონე საშუალოზე ნაკლებია. ბუნებრივია, ეს მესიჯი გულისხმობს, რომ საქართველოში დისტანციური განათლების მიღებისთვის არასაკმარისი საფუძველია შექმნილი და სტუდენტებიც არ არიან მზად, რომ სწავლის პროცესში გამოიყენონ ძირითადად ეს მეთოდი.

დასკვნა

კვლევის შედეგად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ დისტანციური სწავლების  პრობლემების შესახებ. პირველია, ონლაინსწავლების ცნობადობის დონე საზოგადოებაში, ნდობა მის მიმართ და აღიარებულობა როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჯერჯერობით არ არსებობს დისტანციური სწავლების ისეთი ბაზა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ტრადიციულ სწავლებასთან ერთად, მიიღონ ცოდნა, რომელიც თანხვედრაში იქნება საგანმანათლებლო სისტემასთან.

სტუდენტები მიუთითებენ ინფორმაციის წყაროებზე, საიდანაც გებულობენ დისტანციური განათლების შესახებ. ინტერნეტია ის ძირითადი გზამკვლევი, რომლის მეშვეობითაც ამა თუ იმ ცნობილი ვებგვერდის შესახებ მოცემულია ინფორმაცია. რეკლამა ჯერჯერობით არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს დისტანციური განათლების პოპულარიზაციაში, რაც ვფიქრობთ, ამ მეთოდის ნაკლებ ცნობადობაზე მიუთითებს.

საქართველოში, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე ვებგვერდია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს სასერთიფიკატო კურსებს, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და საჭიროა მისი მასობრივად დანერგვა უნივერსიტეტებშიც, რათა სტუდენტებმა აქტიურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

ელექტრონული სწავლება მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც სწავლის პარალელურად უწევთ მუშაობა, მაშინ როცა დღესდღეობით, ბევრი სტუდენტი სამუშაოს გარეშე ვერ ახერხებს სწავლის დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, დისტანციური სწავლება ხელს შეუწყობს ალტერნატიული გზების ძიებას და სტუდენტი შეძლებს შეღავათიანი ფასებით და დროის მოკლე მონაკვეთში ისწავლოს მისთვის სასურველი საგანი. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები ასახელებდნენ ისეთ უარყოფით ფაქტორებს როგორიცაა ლექტორთან კომუნიკაციის არარსებობა, ვფიქრობთ, ის უპირატესობები, რაც სწავლების ამ ფორმას გააჩნია, ბევრად ეფექტიანი და შედეგის მომცემი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ელექტრონული სწავლების მეთოდი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ამ მხრივ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. უფრო მეტიც, ზოგიერთ და თანაც საკმაოდ მაღალი დონის უნივერსიტეტში, სწავლების ეს მეთოდი არათუ დანერგილი ან ხელმისაწვდომია, არამედ მის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ არიან. ამ ვითარებას კი არსებული კანონმდებლობაც ამწვავებს, რომელიც დღეის მდგომარეობით, არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.

აუცილებელია გატარდეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რეფორმები, რის საფუძველზეც შევძლებთ, ფინანსების დაზოგვის და მოხერხებულობის ფონზე მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ გამართული ელექტრონულ სისტემა. ბუნებრივია, რეფორმის დანერგვას თან მოსდევს ბევრი სირთულე, თუმცა, ეს მეთოდი აპრობირებულია ბევრ ქვეყნაში და დადებითი შედეგიც არ აყოვნებს. ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში  დისტანციური უნივერსიტეტებიც ფუნქციონირებს. ბევრი მათგანი დისტანციურ სწავლებას სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევს, ვინაიდან ამ მომსახურების ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს იგივე ხარისხი საზღვარგარეთ სწავლის გარეშე.

მთავარია, სწორად გავიაზროთ დისტანციური განათლების როლი და გონივრულად დავნერგოთ ის. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ეფექტიანი შედეგის მიღება ტექნოლოგიების ეპოქაში, რითაც საზოგადოება დაეუფლება ხარისხიან ცოდნას ნებისმიერი ადგილიდან.

ლიტერატურა:

  • გოგნაძე, თ. (2018). დისტანციური სწავლება განათლების სისტემაში: არსი, მნიშვნელობა. ეკონომიკა და ბიზნესი, ტ. XI N 3, გვ. 109-121.
  • სარიშვილი, ს. (2016). რა ეტაპზეა ელექტრონული სწავლება საქართველოში. Retrieved from http://www.edu.aris.ge
  • საქართველოს კანონი განათლების შესახებ. (2005). https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=76
  • www.edu.aris.ge
  • Chen, A. S. (2016). Online Education and Its Effective Practice: A Research Review. Glassboro, NJ, USA: Journal of Information Technology Education: Research.
  • Dickinson, K. (2018). www.weforum.org. Retrieved from https://www.weforum.org/agenda/2018/10/7-habits-of-the-best-self-directed-learners
  • M. Samir Abou El-Seoud, I. A.-E.-K. (2013). E-Learning and Students’ Motivation: A Research Study on the Effect of E-Learning on. Emerging Technologies in Learning.
  • www.onlineschoolscenter.com. (n.d.). https://www.onlineschoolscenter.com/history-of-online-education/
  • www.onlineschoolscenter.com. (2012). https://www.onlineschoolscenter.com/history-of-online-education/