English / ქართული /








Journal number 2 ∘ Ana Polodashvili
Hazelnut Production in Georgia and Its Export Potential in the EU Market

Georgia is a traditional producer country of hazelnuts. The advantages of Georgian hazelnut are: Favorable location in the Black Sea Region and low producers’ costs, but lack of modern technologies, low productivity and quality incompliance with international standards, can be considered as the main disadvantages of Georgian hazelnut. Climate conditions of our country provide good possibilities for hazelnut production. In Georgia, during the 2006-2017 years, almost 28 thousand tons of hazelnuts were produced on average. In the 2016-2017 season, hazelnut production was obviously reduced, which is connected with the appearance of Asian pest in the country. In the 2017-2018 season, world hazelnut kernel basis production accounted for 490,000 metric tones. Turkey is the leading producing country, adding up to 73% of the world share, followed by Italy, Azerbaijan and Georgia with 9, 5 and 3% respectively. Georgia is one of the biggest exporter countries in the EU market. The largest amount of Georgian hazelnut is exported to Germany and Italy. The main suppliers in these countries and therefore, competitors of Georgia, are: Turkey, Azerbaijan and Italy. Hazelnut selling average price for entrepreneurs in Georgia is lower than in competitive countries, but only a low price of Georgian hazelnut can’t be a guarantee of entry into the EU market. Products should satisfy the requirements of food safety, be consistent with the standards and be quality. First of all, Georgian hazelnut must be able to satisfy the above-mentioned requirements. Despite the fact, that Georgia currently is not a big player in the global hazelnut industry, it has a high potential to be one of the leader exporters.

Keywords: Georgian hazelnut, hazelnut production, hazelnut exports to the EU, hazelnut world market, competition in hazelnut market.

JEL Codes: D20, D24, D29

References:

  • Chavleishvili M, “Consumer Market for Georgian Hazelnut and the Strategy to Improve Its Competitiveness”, World Academy of Science, Engineering and Technology. International Journal of Social, Behavioral, Educational, Economic, Business and Industrial Engineering,  2015, Vol:9, No:5, pg. 1479-1482
  • http://nfa.gov.ge/ge/informacia/aziuri-farosana
  • http://www.agrokavkaz.ge/dargebi
  • http://www.comtrade.un.org
  • http://www.fao.org
  • http://www.geostat.ge
  • http://www.rs.ge
  • http://www.stv.ge/
  • International Nuts&Dried Fruit. (2017/2018). Statistical Yearbook.
  • Kharaishvili E,  Chavleishvili M, Natsvaladze M. (2014).  Trends and Prospects for the Development of Georgian Wine Market, World Academy of Science, Engineering and Technology // International Journal of Social, Management, Economics and Business Engineering, Vol: 8 No: 10, pg. 3259-3263.
  • Kharaishvili E, Chavleishvili M. (2008). Hazelnut Business Development Possibilities and Perspectives in Georgia, Agroinfo, (supported by USAID), N1.

 თხილის წარმოება საქართველოში და მისი  საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე

 თხილი საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო კულტურაა, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას თხილის მსოფლიო უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიოდეს.                                         

კვლევის მიზანია საქართველოში თხილის წარმოებისა და ექსპორტირების შესაძლებლობების, ასევე მასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები: საქართველოს რეგიონების მიხედვით თხილის საწარმოო პოტენციალის გაცნობა, ქართული თხილის საერთაშორისო ბაზრებზე შესაღწევად არსებული შესაძლებლობების, უპირატესობებისა და სირთულეების განსაზღვრა, ევროკავშირის თხილის ბაზარზე საქართველოს, როგორც თხილის მწარმოებლი და ექსპორტიორი ქვეყნის როლის გამოკვეთა.                                                                                                          

კვლევის ემპირიული ბაზაა მეცნიერთა ნაშრომები, ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს სტატისტიკური მონაცემები, სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსები.                

საკვანძო სიტყვები:  ქართული თხილის ბაზარი, თხილის წარმოება, თხილის ექსპორტი ევროკავშირში, თხილის მსოფლიო ბაზარი, კონკურენცია თხილის ბაზარზე.

თხილის წარმოების დინამიკა რეგიონების მიხედვით

თხილი ტრადიციულ წამყვან კულტურას წარმოადგენს საქართველოში, რადგან კლიმატური პირობები თხილის გავრცელების არეალს არ ზღუდავს. თხილის მოყვანა დიდ ინვესტიციებს არ საჭიროებს და ნაკლებად შრომა-ინტენსიურია. (Kharaishvili, Chavleishvili 2008, 20-21). ხეხილის ბაღთან, ციტრუსოვან კულტურებთან და ვენახთან შედარებით 1 ჰა თხილის ბაღის გაშენებას და შემდგომ წლებში მის მოვლას ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება.                   

ეროვნული საკვები პროდუქტების წარმოებას ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი კონკურენტუნარიანი სექტორების განვითარება, რომლებიც შეძლებენ უზრუნველყონ როგორც სასურსათო უსაფრთხოება, ასევე გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და მოკლევადიან პერიოდში უზრუნველყონ მოგების მიღება (Kharaishvili, Chavleishvili, Natsvaladze 2014, 3259-3263).

თხილის სამრეწველო ტიპის ბაღები საქართველოში ძირითადად წარმოდგენილია აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში, სადაც ჯიშური შედგენილობა მეტ-ნაკლებად ცვალებადია. საქართველოში განსხვავებულია თხილის ბაღების საშუალო მოსავლიანობა რეგიონების მიხედვით (მიროტაძე და სხვ., 2015, 11). (იხ. ცხრილი 1).

საქართველოს რეგიონებში თხილის საშუალო მოსავლიანობა (ტ/ჰა)

  ცხრილი 1

რეგიონი

მოსავლიანობა

მოსავალი სამრეწველო ბაღებში ტ/ჰა

განსხვავების მიზეზი

სამეგრელო

1,5-1,8

2,0-2,5

ჭარბი ტენი, ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება

გურია

1,3-1,6

1,7-2,0

ნარგაობის ასაკი

იმერეთი

1,5-1,7

1,8-2,0

ტენის ნაკლებობა

აჭარა

1,3-1,5

1,5-2,0

დაბალი აგროფონი

კახეთი

1,9-2,3

2,5-3,0

ნიადაგის მაღალი ნაყოფიერება

თხილის ყველაზე მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა კახეთის რეგიონი (1,9 - 2,3 ტ.), რაც ნიადაგის შედარებით მაღალი ნაყოფიერებითაა განპირობებული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ამ მხრივ აჭარაშია (1,3 - 1,5 ტ.).

მეორე ცხრილში  წარმოდგენილია საქართველოში თხილის წარმოების მაჩვენებლები 2006-2017 წლებში, საიდანაც ჩანს, რომ მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია 2013 წელს - 39,7 ათასი ტონა, ხოლო მინიმალური მაჩვენებელი იყო 2008 წელს - 18,7 ათასი ტონა.

საქართველოში თხილის წარმოების მაჩვენებლები 2006-2017 წლებში (ათასი ტ)

ცხრილი 2

წელი

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

საქართველო

23.5

21.2

18.7

21.8

28.8

31.1

24.7

39.7

33.8

35.3

29.5

21.4

იმერეთი

3.2

3.2

3.9

3.2

2.4

4.8

3.4

5.6

3.2

4.2

3.4

2.8

სამეგრელო-ზემო სვანეთი

13.5

12

9.3

11.4

20.8

15.8

11.8

20.5

20.7

18.8

15.3

7.3

გურია

5.7

4.5

4.2

3.7

3.7

6.8

5.9

9.0

6.2

6.2

7.2

6.4

დანარჩენი საქართველო

1.1

1.5

1.3

3.5

1.9

3.7

3.5

4.6

3.6

6.1

3.4

4.9

თხილის წარმოების და დამზადების უმსხვილეს რეგიონად ითვლება სამეგრელო-ზემო სვანეთი. ამ რეგიონში 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში მთლიანად წარმოებული თხილის 52%-ზე მეტი მოდიოდა, 2017 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 34% შეადგინა. მთლიანი წარმოების მოცულობა 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 8 ტ-ით არის შემცირებული, თუმცა, ეს შემცირება სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე მოდის. დანარჩენ რეგიონებში კი წარმოების მოცულობა უმნიშვნელოდაა შეცვლილი. აქ ასევე გასათვალისწინებელია აფხაზეთიდან აღრიცხვის გარეშე გადმოტანილი თხილის  საკმაოდ დიდი მოცულობა. 

2016 წლიდან, თხილის მოსავლის მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზი საქართველოში აზიური ფაროსანას შემოსევა გახდა. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა და 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის არსებითი კლება გამოიწვია.                                                     

2019 წელს, „თხილის მოსავლის გადარჩენის“ მასშტაბური პროექტი დაიწყო. კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 200-მდე სოფელში, ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ მიაწვდის. პროგრამის ფარგლებში, თხილის მოვლის ყველა ეტაპზე, მოხდება ფერმერებისთვის აგრონომების რეკომენდაციის გაწევა და საჭირო შხამ-ქიმიკატებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახალ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ,,ფერეროსა” და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

თხილის მსოფლიო ბაზრის ზოგადი მიმოხილვა და

 ქართული თხილის საექსპორტო შესაძლებლობები 

თხილის მსოფლიო წარმოების ლიდერია თურქეთი, რომელიც სტაბილურად აწარმოებს 360 ათას ტონამდე თხილის გულს, რაც მსოფლიო წარმოების 73%-ია. მსოფლიოში მეორე პოზიციას იკავებს იტალია - 42 300 ტ-ით, რაც მსოფლიო წარმოების 9%-ს  შეადგენს.

როგორც დიაგრამიდან (1) ჩანს, საქართველოში წარმოებული თხილი მსოფლიო წარმოების 3%-ია, რაც ქვეყნისათვის საკმაოდ სერიოზული მიღწევაა, თუ საქართველოს ტერიტორიას და მოსახლეობის რაოდენობას თხილის სხვა მწარმოებელი ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარებთ:

ქვეყნების წილობრივი მაჩვენებლები  თხილის გულის მსოფლიო წარმოებაში 2017-2018 წლებში (ათასი ტ) [8, 26]

 დიაგრამა 1.

 

საქართველო მსოფლიოში თხილის რიგით მეოთხე მწარმოებელია თურქეთის, იტალიისა და აზერბაიჯანის შემდეგ. მას მოსდევს  ჩილე, ა.შ.შ, ესპანეთი და სხვა ქვეყნები.                                                                                                 

საქართველოსათვის თხილის ექსპორტი შემოსავლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 2018 წელს მთლიანად ექსპორტირებულ იქნა 57 მლნ 265 ათასი დოლარის ღირებულების თხილი. მთლიანად თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა თავის მაქსიმუმს 2014 წელს მიაღწია და 183 მლნ 349 ათასი დოლარი შეადგინა. 2018 წელს კი, ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმალურია.

საქართველოს თხილის საექსპორტო ბაზრების გაფართოების კარგი პოტენციალი აქვს. მაგალითისათვის, თხილის უდიდესი სამომხმარებლო  იაპონური კომპანია - Japanese Tokyo Nuts, ცდილობს მოიძიოს თხილის სხვა მიმწოდებლები (თურქეთისა და აშშ-ს გარდა) და დაინტერესებულია ქართული თხილით. ასევე, საკმაოდ დიდია რუსეთის თხილის ბაზარი, რომელიც მთლიანად თხილის იმპორტზეა დამოკიდებული. ქართული თხილით დაინტერესებულია ამერიკული კომპანიებიც, მაგრამ ზოგიერთი ქართველი მეწარმე ამერიკულ ბაზარს საეჭვოდ მიიჩნევს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დიდი დრო და გადახდის მოუქნელი სისტემა, მაშინ, როდესაც თხილის ბიზნესის მომგებიანობა სწორედ ფულის სწრაფ ბრუნვაზეა დამოკიდებული (Chavleishvili 2015, 1479-1482).

თხილის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი შენახვისუნარიანობით, ორი წლის განმავლობაში არ კარგავს სასაქონლო მაჩვენებლებს, კვებით ღირებულებას, ტრანსპორტაბელურია.  თხილის კულტურა, თავისი ეკონომიკური მნიშვნელობით და საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დიდ ინტერესს იწვევს.                                                              

საინტერესოა ქართული თხილის ექსპორტი მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით (იხ. დიაგრამა 2). საქართველოდან ძირითადად ხდება ნაჭუჭგაცლილი თხილის (თხილის გულის) გატანა, შესაბამისად, კვლევისათვის მნიშვნელოვანია  განვიხილოთ სწორედ თხილის გულის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით და უგულებელვყოთ ნაჭუჭიანი თხილის ექსპორტი.    

ქართული ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი მსოფლიოში 2018 წელს (ტ) [11]

დიაგრამა 2

 

 ქართული თხილისათვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრებია: იტალია - 31%-იანი წილით, რუსეთი - საექსპორტო ბაზრის 14%-იანი წილით, მესამე პოზიციაზეა გერმანია - 13%-ით.

საქართველოს საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის თხილის ბაზარზე

სხვა სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან შედარებით, თხილის ექსპორტირება უფრო მარტივია – პროდუქცია გადამუშავების და შენახვის ტექნოლოგიის ზუსტი დაცვის პირობებში, არ არის მალფუჭებადი და არ სჭირდება განსაკუთრებული დანახარჯები (მიროტაძე და სხვ., 2015, 5).

ევროპასთან სიახლოვემ და სატრანსპორტო კავშირების განვითარებამ როგორც ევროპასთან, ასევე სხვა რეგიონებთან, საქართველო მიმზიდველი გახადა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ზოგადად - აგროპროდუქტების ექსპორტის მხრივ. საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა, შრომის ლიბერალური ბაზარი, შემცირებული ფიქსირებული გადასახადები და გამარტივებული საგადასახადო პოლიტიკა, რაც ექსპორტიორთათვის ხელსაყრელი ფაქტორებია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების შედეგად,  საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის კარგი შესაძლებლობები აქვს (Kharaishvili, Erkomaishvili, Chavleishvili 2015, 3833).

ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან როგორც თხილის ექსპორტიორები, ასევე იმპორტიორები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015-2017 წლებში ევროკავშირში თხილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ჩილე და აშშ.  თურქეთი მსოფლიო თხილის ბაზრის ლიდერია, როგორც დიაგრამა 3-დან ჩანს, თურქეთი  ევროკავშირშიც პირველობას ინარჩუნებს და  2015-2017 წლების მონაცემებით, საშუალოდ, 92 ათას 811 ტონა თხილის ექსპორტს ახორციელებს.

ევროკავშირში ნაჭუჭგაცლილი და ნაჭუჭგაუცლელი  თხილის იმპორტის მაჩვენებლები  უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნებიდან  2015-2017 წლებში (ტ)

დიაგრამა 3

 

 საქართველო თხილის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია ევროკავშირის ქვეყნებში. 2015-2017 წლების მონაცემებით, ყველაზე მეტი ოდენობის თხილის ექსპორტი განხორციელდა 2016 წელს - 20 ათას ტონაზე მეტი, ხოლო მომდევნო - 2017 წელს მკვეთრად - 9 ათას 341 ტ-მდე, თითქმის 54%-ით შემცირდა (2018 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი).         

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებია: გერმანია და იტალია (Kharaishvili,  Chavleishvili, Natsvaladze 2014, 28).

 ამასთანავე, საქართველოსთვისაც ევროკავშირში თხილის უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები სწორედ ეს ქვეყნებია. საინტერესოა საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესწავლა ამ ქვეყნების ბაზარზე. ანალიზისათვის განვიხილოთ ის ქვეყნები, რომლებიც იტალიასა და  გერმანიაში თხილის უმსხვილეს ექსპორტიორებად და შესაბამისად, საქართველოს კონკურენტებად გვევლინებიან.

თხილის იმპორტის მაჩვენებლები  იტალიაში  უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნებიდან 2015-2017 წლებში (ტ)

დიაგრამა 4

 

დიაგრამა 4-დან ჩანს, რომ თხილის ექსპორტის უპირობო კონკურენტი იტალიაში თურქეთია, საქართველო და ჩილე დაახლოებით თანაბარი მოცულობის თხილის ექსპორტს ახორციელებენ, ხოლო აზერბაიჯანიდან იტალიაში ნაკლები თხილი გადის, ვიდრე საქართველოდან. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან თხილის ექსპორტი იტალიაში თითქმის ორჯერ არის შემცირებული, რაც გამოწვეულია არამხოლოდ საკუთრივ ექსპორტის, არამედ ზოგადად საქართველოში წარმოებული თხილის  მოცულობის შემცირებით.

გერმანიაში თხილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, იტალია, საქართველო და აზერბაიჯანი. როგორც დიაგრამა 4 გვიჩვენებს, თურქეთი ამ ბაზარზეც, ისევე როგორც იტალიაში, უკონკურენტო ლიდერია. საშუალოდ მას გერმანიაში 39 ათას 393 ტონა თხილი შეაქვს.                                                       

თურქეთსა და იტალიასთან შედარებით, ცხადია, ბაზრის შედარებით მცირე წილს ფლობენ საქართველო და აზერბაიჯანი. საქართველომ 2015 წელს გერმანიაში 5 ათას 624 ტ-ზე მეტი თხილის ექსპორტი განახორციელა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და 6 ათას 922 ტ შეადგინა. 2017 წელს კი მკვეთრად, 2 ათას 745 ტონამდე შემცირდა, რაც 2016 წელთან შედარებით, 60%-იანი კლებაა  (Kharaishvili, Erkomaishvili, Chavleishvili  3833-3837).

თხილის იმპორტის მაჩვენებლები გერმანიაში უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების მიერ 2015-2017 წლებში (ტ)

დიაგრამა 5

 

ანალიზი გვიჩვენებს, რომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებზე საქართველოს ძირითადი კონკურენტებია: თურქეთი, ჩილე, აზერბაიჯანი და  იტალია. მათ შორის ცხადია, რომ იტალიისა და მით უფრო თურქეთისათვის კონკურენციის გაწევას საქართველო ვერ შეძლებს. როგორც წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის, ასევე მათ მიერ წარმოებული თხილის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე.

საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და ევროკავშირის ბაზარზე საექსპორტო შესაძლებლობების ანალიზისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია თხილის ფასების ფორმირება. საქართველო თხილის წარმოებისა და ექსპორტის მხრივ კონკურენტუნარიანი სწორედ წარმოების დაბალი ფასით შეიძლება იყოს, რადგან  თხილის ხარისხითა და სტანდარტებთან შესაბამისობის მხრივ, ის სხვა კონკურენტ ქვეყნებს საკმაოდ ჩამორჩება. ეს განსაკუთრებით შეეხება იტალიასა და თურქეთს, რომელთა გამორიცხვის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის კონკურენტებად ევროკავშირის „მთავარ იმპორტიორთა“ ბაზარზე მხოლოდ აზერბაიჯანი და ჩილე შეიძლება ჩავთვალოთ. გაეროს მონაცემებით, იტალია და გერმანია თხილს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, ფაქტობრივად, ერთნაირ ფასად შეისყიდიან, მაშინ როდესაც იტალიის მიერ ჩილედან შესყიდული თხილის ფასი საქართველოდან იმპორტირებული თხილის ფასს საშუალოდ 67%-ით აღემატება. შესაბამისად, როგორც წარმოების მოცულობით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში საიმპორტო ფასებით, საქართველოს რეალურ კონკურენტად აზერბაიჯანი გვევლინება.

საქართველოს შეუძლია აზერბაიჯანს კონკურენცია გაუწიოს წარმოების დაბალი ფასით, რადგან ათი წლის მონაცემებით (2007-2016 წწ.)  საქართველოში მეწარმისათვის თხილის სარეალიზაციო საშუალო ფასი - კგ. 2,08 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში - 2, 261 დოლარი. თუმცა, ეს უპირატესობა არ ნიშნავს იმას, რომ ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე მხოლოდ მისი დაბალი ფასის გამო გაიყიდება. ევროკავშირის ბაზრისათვის განკუთვნილი პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის, უვნებლობისა და სხვა მოთხოვნებს.                     

თხილის ბაზრის ანალიზის შედეგად, შესაძლებელია შევაფასოთ ქართული თხილის როგორც ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე მისი შესაძლებლობები და განვსაზღვროთ მოსალოდნელი საფრთხეები:

                ძლიერი მხარეები

  • თხილის კონკურენტული (დაბალი) ფასი
  • ხელსაყრელი მდებარეობა-შავი ზღვის რეგიონში ყველაზე შესაფერისი რეგიონი თხილის წარმოებისთვის
  • თხილის კულტივირების მრავალწლოვანი ტრადიცია

 

სუსტი მხარეები

  • გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის ნაკლებობა
  • მოძველებული მოწყობილობები
  • მცირე პროდუქტიულობა (თხილის მოსავლიანობა საკმაოდ ჩამორჩება მსოფლიო მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელს)
  • დაბალი ხარისხი, არასტაბილური მიწოდება, ნაკლები ცნობადობა
  • მიმწოდებელთა მცირე რაოდენობა
  • დარგის განვითარებისთვის საჭირო კაპიტალის სიმცირე

 

შესაძლებლობები

  • შემოსავლის ზრდა წარმოებისა და ხარისხის საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების საშუალებით
  • წარმოების ზრდის მიზნით ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება
  • მზარდი მოთხოვნა ქართულ თხილზე  საერთაშორისო ბაზრებისგან
  • საერთაშორისო საკონდიტრო საწარმოების მოთხოვნა თხილზე
  • ფერმერთა თანამშრომლობა პროდუქციის დიდი რაოდენობით წარმოების/გაყიდვის მიზნით
  • არსებული ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყანასთან

საფრთხეები

  • კონკურენცია თხილის ბაზრის ლიდერის და ჩვენი მეზობლის- თურქეთის მხრიდან
  • კონკურენცია სხვა ქვეყნების მხრიდან,რომლებსაც შეუძლიათ თხილზე უფრო კონკურენტ -უნარიანი  ფასის დაწესება
  • გლობალურ ბაზრებზე შეღწევის ხელისშემშლელი  ბარიერები

დასკვნა და წინადადებები

საქართველოში, მრავალწლიან კულტურათა შორის, თხილის წარმოებისა და ექსპორტირების მაღალი პოტენციალი არსებობს. ქვეყნის მრავალ კუთხეში ბუნებრივი პირობები ხელს უწყობს მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილის წარმოებას.                                                                                          

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი თხილის დეფიციტი შეინიშნება. მიუხედავად ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებისა, საქართველოში თხილის მოსავლიანობა ერთობ დაბალია. ამის დასაძლევად აუცილებელია  წარმოების ახალი ტექნოლოგიები, რაც ბევრ ქვეყანაში დანერგილია და მაღალეფექტიანად გამოიყენება. ამასთან, თხილნარის გაშენებისას აუცილებელია ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, უნარები  და  გამოცდილება. საქართველოს ყველა რეგიონისათვის დადგენილია დარაიონებული ჯიშები. არარეკომენდირებული ჯიშებით ბაღის გაშენება თხილის პროდუქტიულობის დაქვეითებასა და ხარისხის გაუარესებას იწვევს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში  რესურსები არაეფექტიანად გამოიყენება.                                       

საექსპორტო პოტენციალის ასამაღლებლად აუცილებელია დაკმაყოფილდეს თხილზე არსებული მსოფლიო სტანდარტები. დღეისათვის ქართული თხილის ხარისხი ჩამორჩება მსოფლიო მოთხოვნებს, რისტვისაც საჭიროა ქართველმა მწარმოებლებმა უზრუნველყონ სტანდარტებთან შესაბამისობა და საგარეო ბაზრებს მაღალი ხარისხის თხილი შესთავაზონ.       

საქართველოში თხილის ბიზნესს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ აუცილებელია რიგი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა: სანერგე მეურნეობების აღორძინება, სხვადასხვა სახის მცირე და საშუალო გადამამუშავებელი საწარმოების ჩამოყალიბება, უკვე არსებული თხილის გადამამუშავებელი საწარმოების მოდერნიზება, ექსპორტის განვითარების მხარდაჭერა და მასზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნა.

ლიტერატურა:

  • მიროტაძე ნ., მიროტაძე მ., ხარხელაური ნ., მიქაძე ნ., კვეზერელი შ., გონგლაძე შ. (2015). თხილის ბაღის გაშენება-მოვლა და პირველადი გადამუშავება. თბილისი, UNDP Georgia.
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2018). საქართველოს სოფლის მეურნეობა - 2017, სტატისტიკური პუბლიკაცია. http://geostat.ge/cms/site_images/_files
  • Chavleishvili M. “Consumer Market for Georgian Hazelnut and the Strategy to Improve Its Competitiveness”, World Academy of Science, Engineering and Technology. International Journal of Social, Behavioral, Educational, Economic, Business and Industrial Engineering,  2015, Vol:9, No:5, pg. 1479-1482.
  • http://nfa.gov.ge/ge/informacia/aziuri-farosana
  • http://www.agrokavkaz.ge/dargebi
  • http://www.comtrade.un.org
  • http://www.fao.org
  • http://www.geostat.ge
  • http://www.rs.ge
  • http://www.stv.ge/
  • International Nuts&Dried Fruit. (2017/2018). Statistical Yearbook.
  • Kharaishvili E.,  Chavleishvili M., Natsvaladze M. (2014).  Trends and Prospects for the Development of Georgian Wine Market, World Academy of Science, Engineering and Technology . International Journal of Social, Management, Economics and Business Engineering, Vol: 8 No: 10, pg. 3259-3263.
  • Kharaishvili E., Chavleishvili M. (2008). Hazelnut Business Development Possibilities and Perspectives in Georgia, Agroinfo, (supported by USAID), N1.
  • Kharaishvili E., Erkomaishvili G., Chavleishvili M. (2015).  Problems Faced by the Agricultural Sector and Agribusiness Development Strategy in Georgia . World Academy of Science, Engineering and Technology. International Journal of Social, Behavioral, Educational, Economic, Business and Industrial Engineering, Vol:9, No:11, pg. 3833-38.