English / ქართული /








Journal number 2 ∘ Giorgi Shikhashvili
Fundamental Sources for Synergistic Understanding of Socio-Economic and Managerial Activities

Nowadays in Georgia it is very urgent to study the socio-economic development issues of the country and to set the ways to solve the problem based on the mutual understanding of synergistic, or in other words theological and secular positions.

 The aim of the work is to promote the study of such issues in Georgia, as well as relevant sources and develop appropriate conclusions and recommendations for elaboration of a synergistic concept of socio-economic development of the country.

  Pursuant to the purpose, the fundamental documents for synergistic development sphere are reviewed in this article: constitutional agreement (concordat) between the State of Georgia and Autocephalous Orthodox Church of Georgia; The Canon Law; Charter of Petritsoni Monastery by Grigol Bakurianisdze; Management Regulation of Autocephalous Orthodox Church of Georgia.

 The relationship between the state of Georgian and the apostolic autocephalous Orthodox Church of Georgia is determined by constitutional agreement (concordat),

 In terms of synergistic, theoretical-methodological and social point of view, the most important article in this agreement is 1.1, and pursuant to the above mentioned article "the state and the Church confirm their readiness to cooperate with the principle of mutual independence, for the benefit of the country's population."

 The content of the Concordat confirms the necessity and possibility of synergistic understanding of the public life, and represents the most important theoretical-methodological cornerstone for the development of the country.

 It creates the best precondition for the development of a synergistic, truly national concept of socio-economic development of Georgia,

 Among the ecclesiastical law sources, the distinguished  place is given to the Canon Law, which is determined as a mandatory code for the World Orthodox Church.

The Canon Law discusses and regulates social, political, economic, agricultural, managerial, cultural, ecological, moral and other spheres of social life among other spiritual moments, that are very important and urgent  in both secular and ecclesiastical points of view.

The Canon Law and economic-governing doctrine reflected in it, represent the historical basis and pattern of harmonious, synergistic mutual agreement of the aspirations of the church and the secular authorities as well,

 "Petritsoni Charter" by Grigol Bakurianisdze belongs to the XI century’s magnificent legal, economic-managing and agricultural production organization legal code.

This statute and the same statutes established on the basis of it have been used and are still being used by Christian monasteries in their activities, both in Georgia and abroad.

The Charter of Petritsoni Monastery represents an exemplary  ecclesiastical economic-management legal act, that can serve as the basis for not only ecclesiastical – monastery, but also secular economic-managing synergic activity.

The Management Regulation of the Autocephalous Orthodox Church of Georgia is based on the activities of the Georgian Church. In addition, due to the divine origin and purpose, its basic provisions and principles can be successfully used in the secular social and economic-management synergistic activities.

In the article, the author’s main opinions are formed in terms of  synergistic conclusions, paradigms and recommendations:

       ● The main paradigm of Christian-synergistic socio-economic and managerial activity is: " to gain   valuables (including money, property, wealth) in the truth (in the dignity of the divine) and use it in kindness way will provide a universal, synergistic, genuine, harmonious well-being of the whole community and paves the way to the kingdom of heaven; "

             ●The socio-economic and governance wisdom, paradigms and principles in the documents

 studied    in this article  as well as  in the whole Christian doctrine should be used to create a relevant synergistic concept;

       ● For  the purpose of the divine, synergistic socio-economic development of Georgia, the State, Church, Scientists and stakeholders of the society should jointly develop a qualitative- principal new, synergistic concept of the socio-economic development and well-being of the country, based on which the appropriate model, strategy, program will be created  and the relevant effective projects will be implemented.

Keywords: Synergistic understanding of socio-economic development, fundamental sources for synergistic understanding, constitutional agreement, Canon Law, Charter of Petritsoni Monastery; management regulation of the Georgian Orthodox Church, paradigm of synergistic economy and management, concept of synergistic socio-economic development.

JEL Codes: R10, R11, R12

References:

  • Canon Law. In the Book: Georgian Church Calendar. Tbilisi, 1987 (in Georgian).

Charter of Grigol Bakurianistze Petritsoni monastery. In the Book: Georgica. Byzantine writers about Georgia. Vol.V. The texts were published in Georgian translations and added explanations by S. Kaukhchishvili. Tbilisi, 1963 (in Georgian).

  • Chavchavadze I. Learn about the habits of people.Writings, vol. IV, Tbilisi, 1955 (in Georgian).
  • Constitution of Georgia (in Georgian). http://www.parliament.ge/ge/kanonmdebloba/constitution-of-georgia-68 (in Georgian) (Last visit - 27.04.19).
  • Javakhishvili Iv. Georgia's cultural situation in the twelfth century. State and social problems. Science. Writing. Art. Writings, vol. II, Tbilisi, 1983 (in Georgian).
  • Javakhishvili Iv.History of Georgian Law (Book First). General reports. Writings, vol. VI, Tbilisi, 1982 (in Georgian).
  • The Bible. Publishing house of Georgian Patriarchate.Tbilisi, 1989 (in Georgian).
  • The Constitutional Agreement between the State of Georgia and the Apostolic Autocephalous Orthodox Church of Georgia. Newspaper  “Sapatriarqos uckebani”, 2002, # 42 (in Georgian).
  • The Management Regulation of The Autocephalous Orthodox Church of Georgia. Mtskheta, Svetitskhoveli, 1995 (in Georgian).

          ფუძემდებლური წყაროები სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი საქმიანობის სინერგიული გააზრებისათვის

დღევანდელ საქართველოში უაღრესად აქტუალურია ქვეყნის სოციალურ­-ეკონომიკური განვითარების საკითხების კვლევა და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა სინერგიული, ანუ თეოლოგიური და საერო პოზიციების ურთიერთშეხამებული გააზრების საფუძველზე. ნაშრომის მიზანია, საქართველოში ასეთი საკითხების კვლევების გაფართოების ხელშეწყობა, შესაბამისი წყაროების შესწავლა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება ქვეყნის სოციალურ­-ეკონომიკური განვითარების სინერგიული კონცეფციის შემუშავებისათვის.

მიზნიდან გამომდინარე, სტატიაში განხილულია სინერგიული განვითარების სფეროს ფუძემდებლური დოკუმენტები: კონსტიტუციური  შეთანხმება (კონკორდატი) საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის; დიდი სჯულის კანონი; გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის მონასტრის წესდება; საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-­გამგეობის დებულება.

სტატიის ბოლოს ჩამოყალიბებულია ავტორისეული დასკვნები, პარადიგმა და რეკომენდაციები სოციალურ­-ეკონომიკური განვითარების სინერგიული კონცეფციის შემუშავებისათვის.

საკვანძო სიტყვები: სოციალურ­-ეკონომიკური განვითარების სინერგიული გააზრება, ფუძემდებლური წყაროები სინერგიული გააზრებისათვის, კონსტიტუციური შეთანხმება, დიდი სჯულის კანონი, პეტრიწონის მონასტრის წესდება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-­გამგეობის დებულება, სინერგიული ეკონომიკისა და მართვის პარადიგმა, სინერგიული სოციალურ­-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია.

დღევანდელ საქართველოში, ბოლო პერიოდში არსებული (და ჩვენი აზრით, პერსპექტივაშიც დიდი ალბათობით მოსალოდნელი) მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიული მდგომარეობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მკვეთრი, ხშირად სუბიექტურ-ბოლშევიკურად აგრესიული სეკულარიზაცია-ლიბერალიზაციის პირობებში, უაღრესად აქტუალურია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების კვლევა და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა სინერგიული, ანუ თეოლოგიური და საერო პოზიციების ურთიერთშეხამებული გააზრების საფუძველზე.

გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს მეცნიერული კვლევებისა და სოციალურ-ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობისადმი რელიგიურ-ეკლესიური (ქრისტიანული) და საერო (ობიექტური, არააგრესიულ-სეკულარული)მიდგომების სინერგიულ ჰარმონიზებას.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მართვის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაგმატულ-გამოყენებითი საკითხების კვლევას არასათანადო ყურადღება ეთმობა.

ძალზე მცირეა ამ სფეროს კვლევასთან დაკავშირებული მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები. აქედან გამომდინარე, როგორც შედეგი, თითქმის არ არსებობს ლიტერატურა, რომელიც ეხება ამ მნიშვნელოვან პრობლემატიკას.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია:

• ხელი შევუწყოთ საქართველში სოციალურ-ეკონომიკური განვითარე- ბის სინერგიულ გააზრებასა და შესაბამისი, ჭეშმარიტად ეროვნული კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების კვლევების გაფართოებას;

• საქართველოში არსებულ ფუძემდებლურ, ამ სფეროსათვის უმთავრეს თეორიულ-მეთოდოლოგიურ წყაროებში ასახული შესაბამისი თემატიკის შესწავლისა და მათში მნიშვნელოვანი პარადიგმების გამოვლენის საფუძველზე,

ავტორისეული სათანადო პარადიგმების, დასკვნების და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას. აღნიშნული საკითხები ასეთი რაკურსით და ერთობლივად პირველადაა განხილული ქართულ სამეცნიერო-ეკონომიკურ-საერო ლიტერატურაში.

სტატიაში შესწავლილია ისეთი უმნიშვნელოვანესი, ფუძემდებლური დოკუმენტები, როგორიცაა:

1. კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის;

2. დიდი სჯულის კანონი;

3. გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის მონასტრის წესდება;

4. საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება.

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ
მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლში, რწმენისა და აღმსარებლოის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან (საქართველოს კონსტიტუცია).

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით (კონკორდატით), რომელსაც საზეიმოდ მოეწერა ხელი 2002 წლის 14 ოქტომბერს წმინდა ქალაქ მცხეთაში (კონსტიტუციური შეთანხმება 2002).

კონკორდატი, კონსტიტუციის შემდეგ, ყველაზე მაღალი რანგის დოკუმენტია, რითაც ქართული სახელმწიფო აღიარებს, რომ ეკლესია ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიულად არსებული განსაკუთრებული ფუნქციისა და მნიშვნელობის მქონე სამართალსუბიექტია.

სინერგიული, თეორიულ-მეთოდოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით, ამ ხელშეკრულებაში უმთავრესია მუხლი 1.1, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.

ხელშეკრულებაში სინერგიული პოზიციებიდან ასახულია, აგრეთვე, ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა:
• ეკლესიის იურიდიული სტატუსი (მუხლი 1.3);

• საეკლესიო ჯვრისწერის და სამოქალაქო ქორწინების სტატუსი (მუხლი 3);

• მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხი (მუხლი 4.3);

• განათლების საკითხები (მუხლი 5);

• საკუთრებითი, ქონებრივი, სამეწარმეო, საფინანსო, საქველმოქმედო, საინვესტიციო, საგრანტო, საშემოსავლო და საგადასახადო    ურთიერთობები (მუხლები 6.1 - 6.6);

• საეკლესიო ნაგებობების და საეკლესიო საგანძურის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხები (მუხლები 7.1 -7.2; 8.1-8.2; 9.1-9.2);

• XIX-XX საუკუნეებში ეკლესიისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის საკითხი (მუხლები 11.1-11.2).

მიზანშეწონილად მიგვაჩნია შინაარსობრივად განვიხილოთ შეთანხმების ის პუნქტები, რომლებიც ეხება სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ, ქონებრივ, მმართველობით და საგანმანათლებლო საკითხებს.

მუხლი 1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ეკლესიას, სპეციალური უფლებამოსილების გარეშე, წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

კონკორდატის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

მუხლი 3. სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.

მუხლი 4. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. სახელმწიფო, ეკლესიასთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის (კაპელანის) ინსტიტუტის შექმნას. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

მუხლი 5. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

სახელმწიფო და ეკლესია, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

მუხლი 6. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

მუხლი 7. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. აღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

მუხლი 8. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). აღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

მუხლი 9. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

მუხლი 11. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. სახელმწიფო, როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე. მთლიანობაში, კონკორდატის შინაარსი გვიდასტურებს საზოგადოებრივი ცხოვრების თეოლოგიურ-საერო (სინერგიული) გააზრების აუცილებლობას, შესაძლებლობას და წარმოგვიდგება ქვეყნის განვითარების ფუძემდებლური წყაროები სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს თეორიულ-მეთოდოლოგიურ ქვაკუთხედად. ის ქმნის საუკეთესო წანამძღვარს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სინერგიული, ჭეშმარიტად ეროვნული კონცეფციის შემუშავებისათვის, რომლის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ბიბლიური სწავლებიდან გამომდინარე სამერთიანი პარადიგმები: ,,მამული, ენა, სარწმუნოება“, ,წარსული, აწმყო, მომავალი“ (წმ. ილია მართალი - ილია ჭავჭავაძე) და „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე).

კონსტიტუციური შეთანხმება საფუძველს უყრის იმ დიდი საქმის განხორციელებას, რაც ევალებათ ქართველი ერის, მთელი საქართველოს მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოსა და ეკლესიას. ის წარმოადგენს ერთგვარ პროგრამას, რასაც უნდა დაეფუძნოს მათი საქმიანობა. სამეურნეო-მმართველობითი თემატიკა დიდი სჯულის კანონში თანამედროვე საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამეურნეო-მმართველობითი საქმიანობის ყოველმხრივი, სინერგიული განვითარება როგორც საერო, ასევე საეკლესიო სფეროებში. ეკლესიის და სახელმწიფოს მატერიალური და ფინანსური სიძლიერე უზრუნველყოფს ერის სულიერ და სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას. სათანადო სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური და მმართველობითი ღონისძიებების შედეგად საქართველოს შეუძლია მიაღწიოს ასეთ მიზანს.

აუცილებელია საზოგადოებრივი განვითარების სულიერ-ხორციელი და სამეურნეო-სამართლებრივი საწყისების სინერგიული ჰარმონიზაცია, რაზეც ბევრს ფიქრობდა და წერდა წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე). მას მიაჩნდა, რომ საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი კანონმდებლობისა და მეურნეობის მეშვეობით, რომელიც ისტორიისა და ცხოვრების ღვიძლი შვილია და მთლიანად ადგილობრივი ცხოვრებიდან გამომდინარეობს (ჭავჭავაძე 1955, 191-194).

ბიბლიური მოძღვრებით ნასაზრდოები და საეკლესიო სამართალზე დაფუძნებული სამეურნეო-მმართველობითი საქმიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების ის სფეროა, რომელიც ისტორიულად აწესრიგებდა და მომავალშიც უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს ჰარმონიულ, სინერგიულ განვითარებას.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ისტორიულად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო ყოფა-ცხოვრების ძლიერ ფაქტორად ითვლებოდა, ერის მთელ აზროვნებაზე დიდი გავლენა ჰქონდა და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. ამდენად, საეკლესიო სამეურნეო-მმართველობითი სამართლის ცოდნა ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მკვლევარისათვის აუცილებლად საჭიროა. ქართული სამართლის უძველესი ძეგლებიც საეკლესიო კანონმდებლობის ძეგლებია და წყაროების განხილვა მათგანვე უნდა იწყებოდეს. ქართული საეკლესიო სამართლის შეცულობა დამოქმედების არეალი წმინდა საეკლესიო მოწესრიგების სფეროს სცილდებოდა და საერთო-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენდა (ჯავახიშვილი 1982, 23).

საეკლესიო სამართლის წყაროებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია დიდი სჯულის კანონს, რომელიც დადგენილია როგორც სავალდებულო კოდექსი მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიისათვის. მისი მთავარი ღირსებაა ის, რომ ის შინაარსით და ქრონოლოგიურად, სინერგიულ სისტემაში არის მოყვანილი, შეიცავს სამოქალაქო კანონმდებლობასაც და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამართლის ძეგლების ნაკვეთებსაც, მათ შორის, რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერას (დიდი სჯულის კანონი 1987, 121-553).

ბიზანტიაში IV-IX საუკუნეებში ჩამოყალიბდა საეკლესიო კანონიკური კრებული, რომელიც კონსტანტინოპოლის 920 წლის საეკლესიო კრებამ დაამტკიცა საეკლესიო სამართლის ძირითად კოდექსად. ამ ძეგლის ქართულად თარგმანს, შესრულებულს XI ს. მიწურულს არსენ იყალთოელის მიერ, ეწოდა „დიდი სჯულის კანონი“.

დიდი სჯულის კანონი სულიერ მომენტებთან ერთად განიხილავს და არეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო, მმართველობით, კულტურულ, ეკოლოგიურ, ზნეობრივ და სხვა სფეროებს, რომლებიც ფრიად მნიშვნელოვანი და აქტუალურია როგორც საერო, ასევე ეკლესიური თვალსაზრისით.

კერძოდ, დიდი სჯულის კანონში სინერგიული პოზიციებიდან განხილული და დარეგულირებულია სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შრომა; სიმდიდრე; ქონების მართვა; შემოსავლის მართვა; იერარქია და სუბორდინაცია; კადრების მართვა; ეკონომოსი; სოფლის მეურნეობა; მექრთამეობა; ვახში; მომხვეჭელობა; უზნეო ბიზნესი; სიწმინდეთა ხელყოფა; ქრისტეს უარყოფა ყოფითი პრობლემების მიზეზით; საერო და სასულიერო საქმეთა შეთავსება; ბრალდების წაყენება; სასამართლო; მოწყალება; მოკრძალებულად ცხოვრება და სხვა.

ადამიანის ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ფიზიკური, არის შრომა. შრომის ხარისხზეა დამოკიდებული ყოველგვარი საქმის წარმატება. თავისუფალი ნება, შემოქმედებითი უნარის საშუალებით, ადამიანმა უნდა გამოხატოს შრომით, ხოლო შედეგად მიიღოს თავისი შრომის კეთილი ნაყოფი, რაც ცათა სასუფეველში დამკვიდრების წინაპირობაა. ამასთან, თავად შრომა აუცილებელია როგორც ჩვენი საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების საჭიროებათა დაკმაყოფილებისათვის.

ბიბლიური მოძღვრება გვასწავლის: „თუ ვინმეს არ სურს მუშაობა, მაშინ ნურცა ჭამს“ (ბიბლია 1989, 1117); „ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან“ (ბიბლია 1989, 572); „შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!“ (ბიბლია 1989, 556); „კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ ფუძემდებლური წყაროები სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი საქმიანობის მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა“ (ბიბლია 1989, 590).

აღნიშნული ბიბლიური პარადიგმებიდან ნათლად ჩანს, რომ პატიოსანი შრომით მოპოვებული სიმდიდრე ღვთის წყალობაა. ეს სიბრძნე
ღანგრაში შეკრებილ წმიდა მამათა კანონებშიც არის ასახული: პატივი უნდა ვცეთ სიმდიდრეს, „რომელიც სიმართლით არის შეძენილი და სიკეთისათვის იხარჯება“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 194).
ამ ღვთაებრივი სიბრძნიდან გამომდინარე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ქრისტიანულ-სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი საქმიანობის უმთავრესი, ჩვენეული პარადიგმა: „ფასეულობათა (მათ შორის – ფულის, ქონების, სიმდიდრის) სიმართლით (ღვთივდადგენილი ზნეობით) მოპოვება და სიკეთეში გამოყენება უზრუნველყოფს მთელი საზოგადოების (სახელმწიფოს, ერის) ამქვეყნიურ, სინერგიულ, ჭეშმარიტ, ჰარმონიულ კეთილდღეობას და გზას გვიკაფავს ზეციური სასუფევლისაკენ“.

ეკლესია წარმოადგენს ღმერთის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას. ეკლესიის მისიაა ის, რომ ღმერთსა და სახელმწიფოსთან სინერგიული თანამშრომლობით უზრუნველყოს ყოველი ადამიანისთვის მიწიერი, ამქვეყნიური კეთილდღეობა და მარადიული სიცოცხლე ზეციურ სასუფეველში.

ასეთი უზენაესი მიზნის მისაღწევად ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა შეიმუშავონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის თვისებრივ-პრინციპულად ახალი, სინერგიული კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნება სათანადო მოდელი, სტრატეგია, პროგრამები და გახორციელდება შესაბამისი შედეგიანი პროექტები.

დიდი სჯულის კანონში დასმული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია დადგენილი კანონებისა და დასახული საქმიანობის იერარქიული მართვითა და შესაბამისი სუბორდინაციის უპირობო დაცვით. იერარქია არის ღვთივდადგენილი ის მძლავრი იარაღი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ორგანიზაციული მართვა, მართვის ორგანოების კომპეტენტურად დაკომპლექტება და საქმიანობის ეფექტიანი წარმართვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ეკლესიური მართვის უმთავრესი პარადიგმა გადმოცემულია სარდიკიის კრების კანონებში (მუხლი 14): „ეპისკოპოსს ევალება, რომ გულწრფელად უყვარდეს და გულითადად წყალობდეს თავის მსახურებს, ასევე მსახურნიც ერთგულად უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას ეპისკოპოსის წინაშე“(დიდი სჯულის კანონი 1987, 230-231).

დიდი სჯულის კანონი საეკლესიო ქონების მართვა-განკარგვას ეპისკოპოსს მნიშვნელოვან მოვალეობად და იერარქიულ უფლებამოსილებად უწესებს: ყოველი ეპისკოპოსი „იმას უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისთვის და მისთვის დაქვემდებარებული სოფლებისათვის“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 166); ეპისკოპოსი „უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ნივთებზე და განაგებდეს მათ, როგორც ღვთის ზედამხედველობისქვეშ მყოფთ. მაგრამ მას არა აქვს ნება, რომ მიიხვეჭოს რამე მათგან, ან თავის ნათესავებს აჩუქოს ღვთის საუნჯე“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 167); ამასთან, „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს ნუ გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რადგან იგია, ვისაც აბარია ერი ღვთისა და ვისაც მოეკითხება პასუხი მათი სულებისათვის“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 167); „ვბრძანებთ, რომ ეპისკოპოსს უნდა ჰქონდეს ძალაუფლება საეკლესიო ნივთებზე, რადგანაც თუ მას ჩაბარებული აქვს ადამიანების პატიოსანი სულები, რამდენად უფრო ნივთებზე შეიძლება ამისი დაშვება, რათა თავისი ძალაუფლებით განაგოს მან ყველაფერი და მღვდლებისა და დიაკვნების მიერ ღვთის შიშითა და სრული მოწიწებით უნაწილდებოდეს მთხოვნელებს“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 167). ეკონომოსი (საეკლესიო ეკონომიკური საქმიანობის მმართველი) ეპარქიის აუცილებელი საკადრო ერთეულია. ეკონომოსი უნდა ჰყავდეს ყველა ეპისკოპოსს, მონასტერს და ეკლესიას.

ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონებით დადგენილია: „როგორც გავიგეთ, ზოგ ეკლესიაში ეპისკოპოსები მართავენ საეკლესიო ქონებასა და საქმეს ეკონომოსის გარეშე. მივიჩნევთ, რომ ყველა ეკლესიას, რომელსაც ეპისკოპოსი ჰყავს, უნდა ჰყავდეს ეკონომოსიც, არჩეული სასულიერო პირთაგან, რომელიც უნდა განაგებდეს საეკლესიო საქმეებს ეპისკოპოსთან შეთანხმებით, რათა საეკლესიო ქონება მოწმის გარეშე არ იყოს დახარჯული და განაწილებული. ეს აღკვეთს საეკლესიო ქონების გაბნევას, რაც გამოიწვევდა სამღვდელოების გაკიცხვა-დაგმობას. ვინც ასე არ მოიქცევა, იგი საღვთო კანონთა მიერ დაისჯება“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 222).

ნიკეის VII მსოფლიო კრება ადგენს: „საეპისკოპოსოებში და მონასტრებში აუცილებლად უნდა იყოს ეკონომოსი. ვინაიდან ვალად გვაწევს ყველა საღვთო კანონის შესრულება, უცვლელედ უნდა დავიცვათ აგრეთვე კანონიც, რომელიც ამბობს, რომ ეკონომოსის ყოფნა ყოველ ეკლესიაში არის საჭირო“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 356).

დიდი სჯულის კანონი მკაცრად კიცხავს ადამიანებს, რომლებიც მექრთამეობა-მომხვეჭელობის საქმეში, ვახშის აღებასა და სიწმინდეთა ხელყოფაში არიან შემჩნეულნი და მხილებულნი. ლაოდიკიის კრების კანონებში წერია: „სამღვდელო პირმა არ უნდა გაასესხოს სარგებლით ფული და არ უნდა აიღოს ვახში და აღნადგინები“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 204); ასევე, კართაგენის ადგილობრივი კრების კანონებიც ადასტურებენ: „მიგვაჩნია, რომ თუ სასულიერო პირი ვინმეს ასესხებს ფულს, თუ ახსოვს, რამდენი მისცა, იმდენივე უნდა მიიღოს უკან. იგივე ითქმის ნივთზეც“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 243).

მატერიალური ფასეულობები, ქონება და ფინანსები სჭირდება ეკლესიას, რათა სააქაოში იარსებოს ადამიანთა საიქიოსთვის მომზადების მიზნით. უფრო მეტიც, საეკლესიო თუ არასაეკლესიო ქონების ხელყოფა ღვთის რისხვის გამომწვევია, ხოლო ქველმოქმედება და მოწყალება – ნეტარების დამ­ფუძემდებლური წყაროები სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი საქმიანობის დამკვიდრების გარანტიაა, რადგან დაწერილია „ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (ბიბლია 1989, 962). ამასთან, ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონებში ვკითხულობთ: „თითოეული ეკლესიის კუთვნილი სახნავ-სათესი ადგილისა და სოფლის შემოსავალი მტკიცედ და უცვლელად უნდა ჰქონდეს ამ ეკლესიის მპყრობელ ეპისკოპოსს. და მით უმეტეს მაშინ, თუ ოცდაათი წლის განმავლობაში დავის გარეშე ფლობდნენ და განაგებდნენ მათ“ (დიდი სჯულის კანონი 1987, 220).

დიდი სჯულის კანონი არაერთხელ ეხება სასოფლო-სამეურნეო და, კერძოდ მიწათსარგებლობის საკითხებს და მიწის რაციონალურ მოვლა-პატრონობას უმკაცრესად გვიდგენს.

დიდი სჯულის კანონი და მასში ასახული სამეურნეო-მმართველობითი სწავლება საეკლესიო და საერო ხელისუფალთა მისწრაფებების ჰარმონიული, სინერგიული ურთიერთშეხამების ისტორიულ საფუძველს და ნიმუშს წარმოადგენს, რისი აღორძინებაც აუცილებელია თანამედროვე პირობებში, რათა საქართველომ აღიდგინოს დავითისა და თამარის დროინდელი დიდება და კეთილდღეობა.

იმ დიდებულ ხანასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ „შორს გამჭვრეტელმა გეგმიანმა სახელმწიფოებრივმა აღმშენებლობამ საქართველო ძლიერ და სახელგანთქმულ სახელმწიფოდ აქცია, რომლის გავლენა მაშინდელი მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობაში კარგად იყო საგრძნობი“ (ჯავახიშვილი 1983, 384).

დავითისა და თამარის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში დიდად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა, მ. შ., მეცხოველეობა, საშინაო და საგარეო ვაჭრობა. საქართველოდან გაჰქონდათ: ბამბა, მალემსრბოლი ცხენები და ჯორები, საუკეთესო ხარისხის მატყლი, ოქროქსოვილები, აბრეშუმი, ტანისამოსი, ხალიჩები, ქურქები, ნავთი, სინდიყი (ვერცხლისწყალი) და სხვ. ტრანსპორტად გამოიყენებდნენ აქლემებსა და გემებს. თავისი სიძლიერის პერიოდში, საქართველო, ინტენსიური მეურნეობის და ფართო აღებ-მიცემობის წყალობით, ფინანსურად მდიდარი ქვეყანა იყო. მისი ყოველწლიური სახელმწიფო სალაროს შემოსავალი 3,750 მლნ ოქროს მანეთს უდრიდა (ამავე ხანაში მცირე აზიის შემოსავალი იყო 2,475 მლნ ოქროს მანეთი, არაბეთის ერაყის – 2,250 მლნ ოქროს მანეთი, ფარსის – 2,154 მლნ ოქროს მანეთი, ინგლისის – 4,000 მლნ. ოქროს ფრანკი, საფრანგეთის – 3,000 მლნ. ოქროს ფრანკი) (ჯავახიშვილი 1983, 392).

გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის მონასტრის წესდება

XI საუკუნის ბრწყინვალე იურიდიულ, სამეურნეო-მმართველობით და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციის ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება გრიგოლ ბაკურიანისძის „პეტრიწონის წესდება“ (პეტრიწონის მონასტრის წესდება 1963, 83-301). ის დაწერილია 1084 წელს. თვით პეტრიწო­ნის მონასტერიც დაარსებულია XI საუკუნის ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ 1083 წელს ბიზანტიაში, ახლანდელ ბულგარეთის ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც ამჟამად არის სოფელი ბაჩკოვო, ქალაქ ფილიპოპოლის (პლოვდივის) მახლობლად, როდოპის მთის კალთებზე.

დაარსებიდან მეორე წელსვე გრიგოლ ბაკურიანისძემ შეუდგინა სავანეს ტიპიკონი, ანუ წესდება, რომელიც შედგება 33 დასათაურებული თავისაგან. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია წესდების პირველი სამი თავი:

• I თავში გადმოცემულია პეტრიწონის სავანის დაარსების მიზანი და ამოცანები; აღნუსხულია, თუ რა მამულები, რა სოფლები და რა განძი ეძლევა ამ სავანეს შესაწირავის სახით მისი პირადი, გრიგოლის, ქონებიდან და მისი ძმის, აბაზის, მემკვიდრეობიდან;

• II თავი – იმის შესახებაა, თუ რა შესაწირავნი შესწირეს ამ წმიდა ეკლესიას გრიგოლმა და მისმა ძმამ მათი უძრავი და მოძრავი ქონებიდან;

• III თავში – აღნიშნულია იმის შესახებ, რომ ეს მამულები გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადებისაგან. ეს შეღავათები დამტკიცებულია სათანადო ოქრობეჭდებით.

შემდეგ თავებში ჩამოყალიბებულია ისეთი მნიშვნელოვანი სამეურნეო-მმართველობითი საკითხები, როგორიცაა:

თავი V: შესახებ წინამძღვრისა თუ როგორ უნდა ამოირჩიონ ის მონაზონთა უფროსად.

თავი XIV: შესახებ მონაზონთა ხელთსაქმისა და შრომისა და რომ მუშაობის დროს საჭიროა გულდასმით გალობა.

თავი XV: იმის შესახებ, რომ ძმები არ უნდა გავიდნენ მონასტრის გარეთ წინამძღვართა ნებართვის გარეშე.

თავი XVIII: იმის შესახებ, რომ მონასტერი თავისუფალი იყოს დამაარსებლის ნათესავების მხრით რაიმე უფლების გამოცხადებისაგან და ზიანისაგან და ყველა დანარჩენი ყოველგვარი სახის მასში არსებული გამოსაღებისაგან.

თავი XIX: იმის შესახებ, თუ წინამძღვარი მონასტრისა ან სხვა ვინმე ან მონასტრის მსახურებაში მონაწილეთაგანი რამეს იცრუებს, ან უწყალოდ გაფლანგავს მის ქონებას, არათუ გადადგნენ ისინი, არამედ დევნილ იქმნენ და საბოლოოდ გაძევებულ იქმნენ.

თავი XXI: ბრძანება ძმების მიმართ, გაცემული დამაარსებლის ხსოვნისათვის და მისი ახლობლების სახსენებლად და რომ ძმებმა აღაპი შეასრულონ და მათ ფული დაურიგდეს დამაარსებლის ხსოვნის დღეს, აგრეთვე ღარიბთა მიმართ მოხდეს უხვი ქველმოქმედება.

თავი XXVI: იმის შესახებ, რომ იკონომოსი და დანარჩენი მსახურნი ანგარიშს აბარებენ წინამძღვარს, ხოლო წინამძღვარი ანგარიშს აბარებს ძმათა საზოგადოებას.

თავი XXVIII: იმის შესახებ, რომ მონასტრის შიგნით იყოს მოხუცთა თავშესაფარი და შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა მოასვენონ მონასტერში მყოფი მოხუცები ჯეროვნად და ნუგეშინისცემით.

თავი XXIX: შესახებ მონასტრის დამაარსებლის მიერ აშენებულ სამი სასტუმროსი: ერთი სტენიმახისა, მარმარისა და პრილონგისა, და თუ როგორ განიწესნეს ისინი დამაარსებლის მიერ.

თავი XXXII: იმის შესახებ, რომ წინამძღვარი არ აძლევს მონასტრის ქონებას ვინმეს ძმათაგანს ან სხვას ამათ გარდა, არც რომ მონასტრის ქონებათაგან რამე გაიყიდოს.

თავი XXXIII: იმის შესახებ, რომ სიფრთხილით უნდა მოვუაროთ მონასტრის ტიპიკონის წიგნს, და ურყევად და შეურყვნელად დავიცვათ რაც მასში სწერია.

ტიპიკონის იმ ნაწილებში, სადაც სავანის მამულების მოვლაზეა აღნიშნული, მოცემულია მდიდარი ცნობები ეკონომიკური ისტორიისათვის, საეკლესიო ეკონომიკის მართვის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ამ წესდებას და მის საფუძველზე შექმნილ, ანალოგიურ წესდებებს უწინაც და ახლაც იყენენებენ თავის საქმიანობაში ქრისტიანული მონასტრები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

მთლიანობაში, პეტრიწონის მონასტრის წესდება წარმოადგენს სანიმუშო საეკლესიო სამეურნეო-მმართველობით სამართლებლივ აქტს, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს არამხოლოდ საეკლესიო-სამონასტრო, არამედ საერო სამეურნეო-მმართველობით სინერგიულ საქმიანობასაც.

საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური
ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება

დღევანდელ პირობებში საქართველოს ეკლესია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების საფუძველზე, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს წმ. ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში (საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება 1995).

განვიხილოთ დებულებაში ასახული ძირითადი სინერგიული სოციალურ- ეკონომიკური და მმართველობით საკითხები.

საქართველოს ეკლესია იყოფა ეპარქიებად, სამთავარხუცესოებებად და სამრევლოებად.

საქართველოს ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან, დამოუკიდებელია და ახორციელებს მასთან ურთიერთობას საეკლესიო კანონების, სახელმწიფო კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.

საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, ხოლო კრებებს შორის პერიოდშიუმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი შესაბამისი საშუალებებით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სახელმწიფოში და მთელ მსოფლიოში მომხდარი მოვლენებისა და წამოჭრილი პრობლემების შესახებ; საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს მმართველი მღვდელმთავრების პენსიაში გასვლის შესახებ; განაწესებს საეკლესიო ჯილდოებს.

წმ. სინოდი აგრეთვე ზრუნავს: საეკლესიო კანონების კრებულების, სასულიერო და საერო სასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოების, საღვთისმეტყველო ლიტერატურისა და პერიოდიკის გამოცემისათვის; სასულიერო განათლების სრულყოფისათვის; სასულიერო პირთა და ეკლესიის საერო თანამშრომელთა პენსიით უზრუნველყოფისათვის; საეკლესიო საგანძურის აღრიცხვის, დაცვისა და შევსებისათვის.

საეკლესიო ფინანსები და ქონება

საქართველოს ეკლესია უზრუნველყოფს თავის მატერიალურ მოთხოვნილებებს თვითდაფინანსების საფუძველზე. მისი ფინანსები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფილობითი შემოწირულობით, საეკლესიო წესების აღსრულების შემოწირულობით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციით და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით.

ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი საპატრიარქოში იქმნება ეპარქიების, სტავროპიგიალური (უშუალოდ პატრიარქს დაქვემდებარებული) მონასტრებისა და სხვა საეკლესიო-სამეურნეო დაწესებულებების მიერ გადარიცხული ფულადი სახსრებით, რომლის პროცენტულ რაოდენობას განსაზღვრავს წმ. სინოდი.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განმკარგავნი არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმ. სინოდი.

საპატრიარქოს განყოფილებების და დაწესებულებების დაფინანსება ხდება საერთო-საეკლესიო სახსრებიდან, გარდა იმ განყოფილებებისა, რომ­ლებსაც შესწევთ თვითდაფინანსების უნარი.

ეპარქიის ბიუჯეტი იქმნება სამრევლოების, მონასტრებისა და საეპარქიო-სამეურნეო დაწესებულებების შემოსავლიდან წმ. სინოდის მიერ დადგენილი პროცენტის გადარიცხვით.

საერთო-საეპარქიო ფულადი სახსრების განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის მმართველი მღვდელმთავარი, რომელიც აწარმოებს საეკლესიო დანიშნულებით გაცემული თანხის აღრიცხვას.

სამრევლოების ფულადი სახსრები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფლობითი შემოწირულობების და საპატრიარქოდან გაცემული სანთლის, საეკლესიო ლიტერატურის და სხვა ნივთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისგან.

სამრევლოს ფულადი სახსრების განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის სამრევლოს წინამძღვარი და სამრევლო საბჭო.

მონასტრების ფულადი სახსრები იქმნება ისევე, როგორც სამრევლოებისა. მათი განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის მონასტრის წინამძღვარი.

სასულიერო სასწავლებლების დაფინანსება ხდება იმ ეპარქიის საერთო-საეკლესიო ფულადი სახსრებიდან, სადაც მდებარეობს ეს სასწავლებელი და სასწავლებლის დაქვემდებარებაში მყოფი სამეურნეო დაწესებულებების შემოსავლიდან.

სასულიერო სასწავლებლების ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს ეპარქიის მღვდელმთავარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით. სასულიერო სასწავლებლის ფულადი სახსრების განმკარგავი ბიუჯეტის ფარგლებში არის რექტორი და პედსაბჭო.

საეკლესიო თანხები ინახება ბანკში შესაბამისი საეკლესიო დაწესებულების სახელზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმიდა სინოდი ახდენენ საერთო-საეკლესიო და საეპარქიო ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას, რისთვისაც მათ მიერ იქმნება სპეციალური სინოდალური კომისია.

საქართველოს საპატრიარქოსა და სტავროპიგიალური მონასტრების ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას ახდენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დანიშნული კომისია.

ეპარქიის სამრევლოების, მონასტრებისა და დაწესებულებების ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას ახდენს კათოლიკოს-პატრიარქის ან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მიერ დანიშნული სარევიზიო კომისია.

საქართველოს ეკლესიის ეპარქიებს, მონასტრებს, სამრევლოებს, საეკლესიო დაწესებულებებს, სასულიერო სასწავლებლებს, საეკლესიო-სამეურნეო დაწესებულებებს უფლება აქვთ ფლობდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს, აიღონ არენდით, ააშენონ და შეიძინონ შენობა-ნაგებობები და სხვა.

კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აქვთ უფლება ქადაგებისათვის ისარგებლონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სხვა.

საეკლესიო ქონების მართვა და განკარგვა ხდება საეკლესიო კანონების, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის და „საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების“ თანახმად.

საქართველოს საპატრიარქოსა და ეპარქიების ბიუჯეტში შემოსავლებიდან გადასარიცხ პროცენტს ადგენს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი. ეპარქიების, მონასტრების, სამრევლოებისა და სხვა საეკლესიო დაწესებულებების ფულადი სახსრები მღვდელმთავრებისა და წინამძღვრების მიერ მხოლოდ საეკლესიო მიზნებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული.

საქართველოს ეკლესიის მთელ კანონიკურ ტერიტორიაზე სანთლების, საეკლესიო ლიტერატურისა თუ სხვა ნივთების რეალიზაცია ხდება საპატრიარქოს მიერ დადგენილი ფასების მიხედვით.

მთლიანობაში, ისევე როგორც საეკლესიო სამართლის სხვა დოკუმენტები, საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაც საფუძვლად უდევს საქართველოს ეკლესიის საქმიანობას. ამასთან, ღვთივსულიერი წარმომავლობისა და დანიშნულების გამო, მისი ძირითადი დებულებები და პრინციპები წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საერო სამეურნეო-მმართველობით სინერგიულ საქმიანობაში.

სტატიაში ასახული საკითხების განხილვის შედეგად შესაძლებლად მიგვაჩნია დასკვნების, პარადიგმების და რეკომენდაციების სახით ჩამოვაყალიბოთ შემდეგი მოსაზრებები:

• ქრისტიანულ-სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი საქმიანობის უმთავრესი პარადიგმაა: „ფასეულობათა (მათ შორის – ფულის, ქონების, სიმდიდრის) სიმართლით (ღვთივდადგენილი ზნეობით) მოპოვება და სიკეთეში გამოყენება უზრუნველყოფს მთელი საზოგადოების (სახელმწიფოს, ერის) ამქვეყნიურ, სინერგიულ, ჭეშმარიტ, ჰარმონიულ კეთილდღეობას და გზას გვიკაფავს ზეციური სასუფევლისაკენ“;

• სტატიაში განხილული ფუძემდებლური დოკუმენტები წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ღვთივსულიერი, სინერგიული ურთიერთობის მარეგულირებელ სოციალურ-სამეურნეო-სამართლებრივი და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს, რომელთა არსობრივ შესწავლა-გამოყენებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს კეთილდღეობისათვის;

• სტატიაში შესწავლილ დოკუმენტებსა,და მთლიანად ქრისტიანულ მოძღვრებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი სიბრძნე, პარადიგმები და პრინციპები უნდა გამოიყენებოდეს შესაბამისი სინერგიული კონცეფციის შესაქმნელად;

• საქართველოს ღვთივსულიერი, სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სახელმწიფომ, ეკლესიამ, მეცნიერებმა და საზოგადოების ყველა დაინტერესებულმა მხარემ ერთობლივად უნდა შეიმუშავონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის თვისებრივ-პრინციპულად ახალი, სინერგიული კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნება სათანადო მოდელი, სტრატეგია, პროგრამები და გახორციელდება შესაბამისი შედეგიანი პროექტები;

• ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის სინერგიული კონცეფციის შემუშავების მოსამზადებელ ეტაპზე საჭიროა:

 თეოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი კვლევის მეთოდების კომბინაცია; საზოგადოების ყოვლისმომცველი თეოლოგიურ-ეთიკური ანალიზის ჩატარება;

 სინერგიული ურთიერთქმედების თეოლოგიური და თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების გამოვლენა, დადგენა და მკაფიო ჩამოყალიბება;

 საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორიული ასპექტების სიღრმისეული გააზრება;

 სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მართვის ტრადიციული და თანამედროვე ფორმების ჰარმონიული კომბინაციის, ეკონომიკისა და თეოლოგიური პრინციპების ურთიერთშეხამების სახელმწიფო რეგულირება;

 სინერგიულ განვითარებაზე გადასვლის ამოცანების, მიმართულებებისა და ეტაპების განსაზღვრა;

 სინერგიული განვითარებაზე გადასვლის სახელმწიფო მართვის ორგანიზება, განვითარების სამართლებრივი, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა.

ლიტერატურა:


• ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. თბილისი, 1989.

• გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის მონასტრის წესდება. წიგნში: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. 5. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1963.

• დიდი სჯულის კანონი. წიგნში: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი, 1987.

• კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2002, No42.

• საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. მცხეთა, სვეტიცხოველი, 1995.

• საქართველოს კონსტიტუცია http://www.parliament.ge/ge/kanonmdebloba/ constitution-of-georgia-68 (ბოლო ნახვა - 27.04.19).
• ჭავჭავაძე ი. ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ. თხზ., ტ. 4, თბილისი, 1955.

• ჯავახიშვილი ივ საქართველოს კულტურული ვითარება მეთორმეტე საუკუნეში. სახელმწიფოებრივი და სოციალური პრობლემები. მეცნიერება. მწერლობა. ხელოვნება. თხზ., ტ. 2, თბილისი, 1983.

• ჯავახიშვილი ივ. ქართული სამართლის ისტორია (წიგნი პირველი). ზოგადი ცნობები. თხზ. ტ. 6, თბილისი, 1982.