English / ქართული /








Journal number 2 ∘ Paata KoguashviliDavid Mamukelashvili
Agricultural Cooperative Development Experience in Different Countries of the World

The existence of an efficient system of agricultural cooperatives in EU countries is related to the continuous process of long-term development. The cataclysmic changes in socio-economic formation in this process did not take place, as it happened in the countries of Eastern Europe or the former Soviet Union.

In the period of crisis, agricultural cooperatives were used by the states as the means of agriculture regulation. In the period of the acute food crisis after the Second World War, many states identified the agricultural cooperative process as the most effective means of the quantitative growth of agricultural production and it was going with active state support. During the same crisis, an active propaganda campaign by the state agencies led to a rise in the number of cooperatives and intensification of their economic capabilities.

Today, a perfect system of agricultural cooperatives operates in many countries around the world.

The legal basis of the Italian cooperative system is primarily Article 45 of the Constitution adopted by the Republic in 1947, and the objectives of cooperation are formulated in the Italian Civil Code.

As exemplified by the case of the development experience of the five hundred-year-old sectoral and community cooperative of the Italian Cooperative Movement, the process of agricultural cooperation took an important place in socio-economic development of Spain, England, France, Germany, Netherlands and other countries.

The legal basis of the cooperative system in Spain is Article 129.2 of the Spanish Constitution (1978). The main factor in the success of Spanish reforms is the development of cooperatives in agriculture. It is worth mentioning that 60% of agro-food sector is produced by cooperatives.

The process of co-operation in France is based on general legal regulations (mostly the law on cooperation). The state considers cooperation as the third sector of the economy. The existing 24000 agricultural cooperatives will provide 1 million jobs and their annual overall financial turnover exceeds 300 billion euros.

 Co-operative activities in Germany are based on the Federal Law on "Commercial and Economic Partnership" (1889). Germany is considered to be the home of credit cooperatives. Today, the Raffaisean Union unites country’s cooperative and cooperative banks. 80% of farmers, 75% of businessmen and 60% of artisans, the number of which is 14 million people are the members of cooperative banks.

 Producers of many US leading brands, especially fruit juices and dairy products, are cooperatives. They produce 78% of milk, 17% of fruits and vegetables. Most importantly, in the United States, labor productivity in cooperative enterprises is 1.5 times higher than in individual enterprises.

As a result of the adoption of the Agricultural Cooperative Act in Japan in 1947, and by the Japanese Emperor's Order, the Government implemented a new agrarian policy throughout the country. As a result, the entire rural population was automatically involved in the cooperative system. 91% of Japanese farmers currently are members of agricultural cooperatives.

Keywords: Cooperative system, social function, legal regulations, credit cooperatives, pseudo-cooperatives, hierarchical structure.

JEL Codes: Q10, Q13, Q18

References:

  • Koguashvili P., (2015). - Rural Development in Europe - From 1970 to Present. Electronic Textbook (Editor and Translator Prof. P. Koghuashvili). GTU (in Georgian);
  • Koguashvili P., Mamukelashvili D., (2018). Some Topical Issues of Agro-Cooperative Policy,    "Economics" N12 (in Georgian);
  • Koguashvili P., Mamukelashvili D., (2019) - Cooperative Intra-enterprise Relations - The Basis for Agricultural Cooperatives Viability. "Economika da Biznesi”, T.XI, N1. P. 71-77 (in Georgian);
  • Mamukelashvili D., (2019) – Spain – Evolution, Regulation and Support for Agricultural Cooperatives, Agronews.ge, 08.02 (in Georgian);
  • Mamukelashvili D., (2019). Agricultural Cooperation in European Countries, Agronews.ge, 06.02 (in Georgian).                                                                                                                                                                            სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების  გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში                           

 წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა  სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებად კოოპერაციულ საწყისებზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების ხელშეწყობა მიიჩნიეს (კოღუაშვილი, მამუკელაშვილი 2018). ამიტომ ამ ქვეყნებში კოოპერაციის პროცესი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მაორგანიზებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში საზოგადოებას და ხელისუფლებას ადეკვატურად ჰქონდათ გააზრებული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში კოოპერატივების მისია.

საკვანძო სიტყვები: კოოპერაციული სისტემა, კოოპერაციის სოციალური ფუნქცია, სამართლებრივი რეგულაციები, საკრედიტო კოოპერატივები, ფსევდო- კოოპერატივები, იერარქიული სტრუქტურა.

 ეკონომიკური საქმიანობის კოოპერაციული ფორმის აღმოცენება განპირობებული იყო ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ობიექტური მოთხოვნებით. კოოპერაციული უთიერთობების ინტენსიური განვითარება დაიწყო XIX საუკუნის შუა პერიოდიდან და განპირობებული იყო  განვითარებულ ფულად-სასაქონლო ურთიერთობების გზაზე მდგარი ჩამორჩენილი სასოფლო-სამეურნეო სისტემისა და სუსტი ეკონომიკური პოტენციალის მქონე  წვრილი და საშუალო გლეხური მეურნეობების   სასაქონლო ბაზრებთან, განვითარებულ წარმოების საშუალებებთან და საკრედიტო რესურსებთან სტაბილური კავშირების დამყარების აუცილებლობით. კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმების და გარდაქმნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კოოპერაცია უაღრესად დიდ როლს თამაშობს  კრიზისების დაძლევის, სოციალური პრობლემების მოგვარების, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ქმედითუნარიანობის ამაღლების საკითხებში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდანვე მის შემადგენლობაში  შედიოდა კოოპერაციის საკითხების შემსწავლელი ეკონომიკური საბჭო, რომელმაც მის პირველივე რეზოლუციებში - „მიწის რეფორმა“ (1951წ) და „დაბალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება“ (1954წ),  კოოპერაციას მიანიჭა განსაკუთრებული როლი როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ქვეყნების მთლიანი ეკონომიკური სისტემის  განვითარების საკითხში. კოოპერაციის მხარდამჭერი სპეციალური კომისია არსებობს ევროპარლამენტშიც.

ევროკავშირის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ეფექტიანი სისტემის არსებობა ხანგრძლივი განვითარების უწყვეტ პროცესს უკავშირდება. ამ პროცესში სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის კატაკლიზმურ ცვლილებებს პრაქტიკულად ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოხდა.

 იტალიის კოოპერაციული სისტემის სამართლებრივ საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის 1947 წელს მიღებული კონსტიტუციის 45-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია: „რესპუბლიკა აღიარებს კოოპერაციის სოციალურ ფუნქციას, რომელიც ეფუძნება ურთიერთდახმარებას და არ ისახავს მიზნად სპეკულაციურ მიზნებს“  უფრო დაწვრილებით კოოპერაციის მიზნები ჩამოყალიბებულია იტალიის სამოქალაქო კოდექსში, სადაც მითითებულია, რომ კოოპერაციის მიზანია  მისი წევრებისათვის უკეთესი მომსახურეობისა და სამუშაო პირობების შექმნა, ვიდრე ეს შეუძლია თავისუფალ ბაზარს (მამუკელაშვილი 2019).

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის პირველი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი გამოსცა იტალიის ხელისუფლებამ  XIX საუკუნის 30-იან წლებში, რომელიც ითვალისწინებდა „ეგალიტარიზმის" (გათანაბრების) პრინციპს: კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს საპაიო ფონდში შეჰქონდა თანაბარი პაი და ერთი პაის ღირებულება განისაზღვრებოდა 100 ფულადი ერთეულით. მისი მიზანი იყო წვრილი მეპაიეების ინტერესების და უფლებების დაცვა მსხვილი მეპაიეების წინაშე.

1892 წელს სახელმწიფომ შექმნა „იტალიის აგრარული კოოპერატივების ფედერაცია“, რომელმაც მთელი ქვეყნის კოოპერატივები მოაქცია ერთ სისტემაში. ამ ორგანიზაციაში გაერთიანდა იტალიის ყველა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა წევრიც გახდა 600 000-ზე მეტი კომლი.

დღეს იტალიაში კოოპერატივების მეშვეობით წყდება არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური საკითხებიც: შეღავათიანი ჯანდაცვა, განათლება, კოოპერატივის წევრთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვა. სოფლებში გლეხები ცხოვრობენ თითქმის ქალაქის შესაბამისი კომფორტით, სადაც კოოპერატივები უზრუნველყოფენ მეპაიეების მაღალ შემოსავლებს, პენსიებს, სტიპენდიებს კოოპერატივის მიერ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტებისთვის.  კოოპერატივები ამზადებენ კადრებს სოფლისთვის საჭირო ყველა სპეციალობაში,  აგრონომებით, ვეტერინარებით და საინჟინრო სპეციალობებით დაწყებული, სკოლის პედაგოგების, სამედიცინო პერსონალის და კულტურის მუშაკების ჩათვლით. ყველა სამუშაო ადგილის დაკავება ხდება კონკურსის საფუძველზე. კოოპერატივი  მის წევრებს უზრუნველყოფს  საბინაო კრედიტით 20-25 წლის ვადით.

იტალიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციულმა მოძრაობამ ხუთი საუკუნის მანძილზე დააგროვა მდიდარი გამოცდილება როგორც დარგობრივი, ასევე სათემო კოოპერაციის განვითარების კუთხით. იტალიის მაგალითზე სოფლის მეურნეობის კოოპერაციის პროცესმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ესპანეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ჰოლანდიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ესპანეთში, ისევე როგორც იტალიაში, კოოპერაციული სისტემის სამართლებრივ საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ესპანეთის კონსტიტუციის (1978წ.) 129.2 მუხლი: „სახელმწიფო ორგანოებმა ეფექტიანად უნდა დასახონ წარმოებაში მონაწილეობის სხვადასხვა ფორმა და ხელი შეუწყონ  კოოპერატივების ჩამოყალიბებას არსებული კანონმდებლობის საფუძველზე“.

 ესპანეთში აგროსასურსათო კოოპერატივების რაოდენობა მიმდინარე პერიოდში შეადგენს  3.380-ს, სადაც გაწევრიანებულია 1 მლნ-მდე ფერმერი; გრძელვადიანი და მოკლევადიანი კონტრაქტებით დასაქმებულია 96 ათასი ადამიანი; კოოპერატივების  წლიური საქონელბრუნვა შეადგენს დაახლოებით 26 მლრდ. ევროს, საიდანაც ექსპორტის მოცულობა  27%-ია. დღეს ესპანეთის მთლიანი საქონელბრუნვის 47% ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ, რომელთაგან 36% ახორციელებს ექსპორტს. ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ერთი კოოპერატივიდან 1 მლრდ ევრო. (კოღუაშვილი, მამუკელაშვილი 2019).

 ესპანეთის რეფორმების წარმატების მთავარი მიზეზს სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების განვითარება წარმოადგენს. (მამუკელაშვილი 2019). აგროსასურსათო სექტორის პროდუქციის 60%-ს კოოპერატივები აწარმოებენ. ესპანეთი მთელ რიგ სფეროში: ღვინო, ხილ-ბოსტნეული, ზეთის ხილის წარმოება და სხვა  პირველ ადგილზეა ევროპაში. “სოფლის მეურნეობის საკრედიტო ბანკი“, რომლის აქტიური მოქმედების პერიოდი იყო 30 წელი, ფუნქციონირებდა XX საუკუნის 50 - იანი წლებიდან 80 - იან წლებამდე. ამ პერიოდში არსებობდა სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრები. 1978 წლიდან სახელმწიფო აღარ მართავდა ამ სფეროს. შეიქმნა კოოპერატივების ასოციაციები, საკრედიტო კოოპერატივები, კოოპერატივების საკრედიტო განყოფილებები. კოოპერატივებს გაუჩნდა საკუთარი ხმა მთავრობის და ქვეყნის წინაშე.

ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ ესპანეთმა დაიწყო სტანდარტების შემუშავება და სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო დახმარების ხაზის შექმნა. აღნიშნული პროცესი შემდეგ სტრატეგიულ ღონისძიებებს მოიცავს:

  • წარმოების დაგეგმვაზე ორიენტირებული ღონისძიებები;
  • კვლევებსა და ექსპერიმენტულ წარმოებაზე მიმართული აქტივობა;
  • ტრენინგებსა და მრჩეველთა მომსახურებებზე მიმართული ღონისძიებები;
  • გარემოსდაცვითი ღონისძიებები;
  • სხვა ღონისძიებები, ქმედებები, ინვესტიციები და ხარჯების კონცეფციები.

ესპანეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა და განვითარების სტრატეგიები არსებობს ცალკეული რეგიონების მიხედვით.

მაგალითად, ვალენსიის რეგიონისსოფლის მეურნეობის, გარემოს, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა XX საუკუნის 80-იან წლებში შეიმუშავა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის და პოპულარიზაციის პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

  1. ვალენსიის აგრარული კოოპერატივების ინსტიტუტის (ICAV) ღონისძიებები (1984-1994);
  2. კოოპერატივების მხარდაჭერა (ეტაპი I    1994-2004);
  3. კოოპერატივების მხარდაჭერა (ეტაპი II   2004-2011);
  4. მომარაგება და კოოპერატივების კონცენტრაციის (გამსხვილების) ღონისძიებები (2011-2015);
  5. აგრარული პროდუქტების საწარმოები და მიწოდების კონცენტრაციის ღონისძიებები 2015-2017).

ვალენსიის აგრარული კოოპერატივების ინსტიტუტის (ICAV) ფუნქციები (1984-1994):

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა წარმოების, მარკეტინგის და სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტების კუთხით;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და აგრარული კვლევების განხორციელება და კვლევების შედეგების გავრცელება კოოპერაციულ გაერთიანებებში;
  • სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო დარგობრივი განათლების უზრუნველყოფა და ფერმერებისა და გლეხებისათვის ტრენინგების ჩატარება კოოპერაციის საკითხებში;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ესპანეთის და ვალენსიის მთავრობის აგრარული პოლიტიკის და სამოქმედო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება ვალენსიის რეგიონში აგრარული კოოპერაციული ორგანიზაციების დასახმარებლად.

1995 წელს  დამტკიცდა ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ,,გენერალური გეგმა’’ (1995-2000 წწ.). აღნიშნული გეგმის ძირითადი ამოცანები იყო:

  • კოოპერაციული საწარმოების რესტრუქტურიზაცია, რათა მიეღოთ ისეთი საწარმოო და სადისტრიბუციო სტრუქტურები, რომელთა ეკონომიკური მასშტაბის ეტაპობრივი კონცენტრაციის გზით გააუმჯობესებდნენ საკუთარ გავლენებს ბაზრის სეგმენტებზე. ასევე კოოპერატივებს შეექმნათ კოოპერაციული გაერთიანებები მომარაგებისა და ბაზრის სეგმენტებზე მაღალი კონცენტრაციის მისაღწევად;
  • კოოპერაციული საწარმოების ხელშეწყობა იმ დარგებსა და საწარმოებში, სადაც კოოპერაციული საქმიანობა სუსტად იყო განვითარებული;
  • კოოპერატივების ფინანსური სტრუქტურების გაძლიერება, განსაკუთრებით იმ კოოპერატივებში, რომელთაც ჰქონდათ საკრედიტო განყოფილებები;
  • კოოპერატივების წევრების, მმართველი საბჭოების და მენეჯერებისთვის  ტრენინგის სათანადო დონის უზრუნველყოფა;
  • ჩარჩოხელშეკრულებების საშუალებით ისეთი აქტივობის განსახორციელებლად, როგორიცაა: ტრენინგი, რეკლამა, კოოპერატივებში სამუშაოს კოორდინირება და სხვა. ვალენსიის მთავრობიდან დახმარება მიიღო ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაციამ.

 

 2015 წლის 16 მაისს, ვალენსიის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება N15, რომლითაც განისაზღვრა სუბსიდიების გაცემის მარეგულირებელი ბაზა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრაციისათვის ვალენსიის რეგიონში.

აღნიშნული ბრძანების მიზანი იყო კვების ინდუსტრიასა და ვაჭრობის სფეროში კოოპერატივების პოზიციების გაძლიერება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე კოოპერატივების გამსხვილების და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობით.

ვალენსიის რეგიონში სამთავრობო დახმარების სპექტრი იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და მოიცავდა ყველა შესაბამის სფეროსა და ღონისძიებას: განვითარების გეგმების შემუშავება, საინვესტიციო ანალიზი, ბაზრის კვლევისა და მართვის სისტემები, მიწის იჯარა, ტრენინგი,  კაპიტალიზაცია, კომერციალიზაცია, კონსოლიდაცია,  საჭირო სპეციალისტების დაქირავება, დივერსიფიკაცია, ინტეგრაცია, ახალგაზრდების სწავლება და დასაქმება, ვალდებულებათა სტრუქტურირება, დაფინანსება, პროპაგანდა, ინფორმაციის გენერირება- გავრცელება, სტრუქტურული მოდერნიზაცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების კონვერსია ახალ სახეობებზე, ადაპტირება ახალი ტენდენციებზე და ტექნოლოგიებზე.

კოოპერატივების წევრების ცოდნის ამაღლების კუთხით კარგ მაგალითს წარმოადგენს ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაციის მიერ ATRIAS-ის  (ინტეგრირებული მიდგომა სოოფლის მეურნეობაში) ქსელის შექმნასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისიებები.

XX საუკუნის 70-იან წლებში გარემოსდაცვითი მიდგომების შესახებ ცნობიერება საზოგადოებაში სულ უფრო წინ მიდიოდა და პესტიციდების და სასუქების არასწორი გამოყენების შედეგად მიღებული ზიანის შესახებ უფრო ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, დადგა საჭიროება სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიონალიზმის დონის ამაღლებისა, რომლის მიზანი იყო პროფესიონალი კადრების მომზადების სისტემის შექმნა, რომელიც ფერმერებს დაეხმარებოდა უსაფრთხო პროდუქციის წარმოებაში.

მაშინდელ პერიოდში ესპანეთში ფერმერული მეურნეობები ჯერ კიდევ არ იყვნენ მომგებიანი და არ ჰქონდათ შესაძლებლობა აენაზღაურებინათ ტრენინგებისა და მომსახურებების საფასური. ამიტომ, აღნიშნული სისტემის შექმნისთვის აუცილებელი იყო ადმინისტრაციის მხარდაჭერა.

1993 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა პირველი განკარგულება ATRIAS-ის შესახებ, სადაც  გამოკვეთილი იყო შემდეგი მიმართულებები:

  • ინტეგრირებული კონტროლი ტექნოლოგიების და ფიტოსანიტარული პროდუქტების რაციონალურ გამოყენებაზე;
  • სპეციალიზებული პერსონალის ტრენინგები და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა;
  • ფერმერების ჯგუფების წახალისება ინტეგრირებული ფიტოსანიტარული მიდგომის (ATRIAS) განხორციელებაში.

მინისტრის ბრძანებულების თანახმად, ATRIAS-ის ფორმირება მინიმუმ 10 ადამიანს შეეძლო, მინიმალური ფართობი კი დარგის მიხედვით დგინდებოდა. უფრო მეტიც, მთავრობა ანაზღაურებდა მათ მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალის ხელფასს მთლიანად ან ნაწილობრივ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

სპეციალისტები აღნიშნული გუნდის მთავარი საყრდენები გახდნენ ისევე, როგორც აგრო-სასურსათო სისტემისა, იმიტომ რომ ისინი პირველადი წარმოების სფეროს ბაზრებთან აკავშირებდნენ. რეგულაციები მუდმივად ვითარდება და შემდეგ კონტრიბუციას ცნობს: სასურსათო უსაფრთხოება, ხარისხი, მიკვლევადობა, ფიტოსანიტარული პროდუქციის მდგრადი გამოყენება და ა.შ.

მთავრობამ მხარი დაუჭირა ATRIAS-ს მოძრაობას ტრენინგებისთვის ნორმატიული ჩარჩოს დაწესებით, რომლის ფარგლებშიც მოხდა ტრენინგის აღიარება, რაც უმთავრესი იყო სპეციალისტისთვის, რათა გამხდარიყო ATRIAS-ის ლიდერი.

1989 წლიდან 2010 წლამდე, ვალენსიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაციამ მარცვლეულის წარმოების ინტეგრირებული კურსის პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტი სპეციალისტი გადაამზადა. 2010 წელს ფედერაციამ მოახდინა ონლაინ კურსის პრეზენტაცია, ხოლო 2016 წლისთვის გადამზადდა 197 პროფესიონალი.

ტრენინგი ვერ იქნებოდა წარმოდგენილი 1 საგნის შესწავლით, რადგან სპეციალისტმა უნდა მიიღოს მუდმივი და განგრძობითი ტრენინგი, ისე, რომ მას ჰქონდეს წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე, პროდუქტსა და სახეობებზე, რათა მან ეფექტიანად და მდგრადად შეძლოს მუშაობა. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა სპეციალისტების ქსელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ, შეუძლიათ ინოვაციების შესახებ ცოდნის გავრცელების კუთხით თანამშრომლობა და ასევე იქნებიან მუდმივი გადამზადების პროცესის მონაწილეები.

ATRIAS-ის ქსელის დაფუძნების საშუალებით და სპეციალისტების ფუნდამენტური როლის მეშვეობით, შემდეგი მიღწევები გახდა ხელმისაწვდომი:

  • პირველადი წარმოების ტექნიკით აღჭურვამ ბევრად გააუმჯობესა და გაზარდა ფერმების კომპეტენტურობა;
  • სპეციალისტებმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ფერმერების გადამზადებაში;
  • ქსელმა საფუძველი ჩაუყარა უსაფრთხო და მაღალი ხარისხის წარმოების მოდელის შექმნას, რაც საჭირო ინსტრუმენტია მოთხოვნილი ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ევროკავშირების რეგულაციებთან შესაბამისობით;
  • ფერმერებმა შეძლეს და თავი გაართვეს რეგულაციებს პესტიციდების პროდუქტების წარმოებიდან ამოღებასთან დაკავშირებით;
  • დაბინძურება მცენარეთა დაცვის პროდუქტების და სასუქების გაურკვეველი გამოყენებით მნიშვნელოვანდ შემცირდა, რასაც მოჰყვა შემდგომი გაუმჯობესება გარემოს დაცვით და მომხმარებელთა ჯანდაცვის კუთხით;
  • ფერმერების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ ინტეგრირებულ წარმოებაში ორგანული ფერმერული მეურნეობის სტანდარტების დაცვით, გაიზარდა. ამჟამად ვალენსიაში მსგავსი მიდგომით 32 000 ჰა მიწის ნაკვეთი მუშავდება.
  • ATRIAS-ში შემავალი ფერმერები სარგებელს ნახულობდნენ ევროკავშირის ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით, რადგან ის აკმაყოფილებდა მოთხოვნილი ხარისხის სტანდარტების უმეტესობას. 2004-2010 წლებში ATRIAS-ში ჩართულმა ფერმერებმა ევროკავშირის სუბსიდიები მიიღეს 1 ჰა-ზე 150-დან 430€ -მდე, ფართობზე მოყვანილი მარცვლეულის სახეობების მიხედვით.

ესპანეთში კოოპერატივი აღიარებულია როგორც „განსაკუთრებული” საწარმო, რადგან ის სოციალური ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, სადაც  გადაწყვეტილებათა მიღება და მოგების განაწილება, სხვა სამეწარმეო ფორმებისგან განსხვავებით, არ ხდება შენატანი კაპიტალის მიხედვით. კოოპერატივის  ეთიკის საფუძველია პრინციპები, ღირებულებები, პასუხისმგებლობა და საქმიანობის სოციალური შედეგები. ეკონომიური მართვის  ძირითადი პრინციპი - რენტაბელობა მისთვის წარმოადგენს მიზანს იმდენად,  რამდენადაც ის იძლევა მისი წევრების ეკონომიკური და სოციალური განვითარების  საშუალებას. ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კოოპერატივიზაციის სტრატეგიული ხედვა და მისიაა: „სტიმული უნდა მივცეთ კოოპერატივის მომგებიანი, კონკურენტუნარიანი, მაღალპროფესიონალური, დამატებითი ღირებულების შემქმნელი, მზარდი მასშტაბების ბიზნეს - მოდელის შექმნას, რომელიც გახდება ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადობის გარანტი“.

საფრანგეთში  კოოპერაციის პროცესს საფუძვლად უდევს საერთო სამართლებრივი რეგულაციები (ძირითადად კანონით კოოპერაციის შესახებ) განსხვავებული ტიპის კოოპერატივების სამართლებრივ რეგულაციებთან ერთად. კოოპერაციას სახელმწიფო განიხილავს როგორც ეკონომიკის მესამე სექტორს, რომლის შესახებ მიღებულია ათზე მეტი კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რაც ხუთი წიგნის სახით  თავმოყრილია საფრანგეთის აგრარულ კოდექსში. საფრანგეთში არსებობს სოციალური ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ქმნის პირობებს ქვეყანაში კოოპერაციის განვითარებისათვის, მაგრამ არ ერევა მათ სამეწარმეო საქმიანობაში. აქ არსებული 24000 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უზრუნველყოფს 1 მლნ სამუშაო ადგილს და  მათი წლიური საერთო ფინანსური ბრუნვა აღემატება 300 მლრდ ევროს.

საფრანგეთში პირველი საკრედიტო კოოპერატივები -  „სასოფლო საკრედიტო სალაროები“,  შეიქმნა XIX საუკუნის 60-იან წლებში. 1884 წელს მიღებულ იქნა კანონი - „კრედი აგრიკოლის“ სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, რომლის  მფარველისა და სპონსორის ფუნქცია თავის თავზე აიღო საფრანგეთის ხელისუფლებამ. 1960 წელს „კრედი აგრიკოლმა“ გამოისყიდა თავისი წილი სახელმწიფოსაგან და განთავისუფლდა სამთავრობო დაწესებულების სტატუსისაგან. მიუხედავად ამისა, იგი  განაგრძობდა სახელმწიფოსაგან შეღავათიანი კრედიტების მიღებას.

1968 წელს „კრედი აგრიკოლის“ წევრობის უფლება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებთან ერთად, მიიღეს სხვა კატეგორიის მეწარმეებმა. დღეს „კრედი აგრიკოლი“ ემსახურება თოთხმეტ მლნ კლიენტს, რომელთაგან მხოლოდ 600 ათასი არის ჩართული აგრარულ საქმიანობაში. 1988 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის დეკრეტით მას შეუწყდა სახელმწიფო დაფინანსება და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად.

„კრედი აგრიკოლის“ სისტემა წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო კრედიტის ეროვნული ფედერაციის სახით, რომელიც, თავის მხრივ, შედის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და ურთიერთდახმარების ეროვნული კონფედერაციის შემადგენლობაში. საფრანგეთში კოოპერაციული საექტორის მხარდაჭერა და რეგულირება სახელმწიფოს მიერ  გაცილებით დიდია, რაც მიუღებელია ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. ეს ძირითადად ხდება იმის გამო, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფსევდოკოოპერატივების მიერ   საგადასახადო და სხვა შეღავათებით სარგებლობა.

გერმანიისკოოპერაციული სისტემის მაგალითი მნიშვნელოვანია როგორც  ვერტიკალური კოოპერაციული სისტემის ფორმირების, ასევე კოოპერაციული საფინანსო ინსტიტუტების განვითარების კუთხით. გერმანიაში კოოპერაციული საქმიანობა დაფუძნებულია ქვეყნის ფედერალურ კანონზე -  „კომერციული და სამეურნეო ამხანაგობების” შესახებ (1889 წ). გერმანია ითვლება საკრედიტო კოოპერატივების სამშობლოდ. სწორედ აქ XIX საუკუნის 50-60-იან წლებში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო და საკრედიტო კოოპერატივების მასობრივი გავრცელება. ამ მოძრაობის ფუძემდებლად ითვლება ფრიდრიხ ვილჰელმ რაიფაიზენი, რომელმაც 1876 წელს შექმნა პირველი „გერმანიის ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო სალარო“.  მიმდინარე პერიოდში რაიფაიზენის კავშირი აერთიანებს ყველა სასოფლო-სამეურნეო, სახელოსნოს, მომსახურების და საკრედიტო კოოპერატივებს და კოოპერაციულ ბანკებს გერმანიის მთელ ტერიტორიაზე. ფერმერთა 80%, ბიზნესმენთა 75% და ხელოსნების 60%, რომელთა რაოდენობა  შეადგენს 14 მლნ-ს, არიან კოოპერაციული  ბანკების წევრები.

გერმანიაში კოოპერაციული სისტემა წარმოდგენილია სამსაფეხურიანი იერარქიით. პირველ, ანუ ადგილობრივ დონეზე არსებობს სოფლის საწარმოო, მომსახურების, საკრედიტო და კომერციული კოოპერატივები. პრინციპით - „ერთიანობა ძლიერების საფუძველია’’ პირველადმა კოოპერატივებმა, თავიანთი სპეციალიზაციის მიხედვით, დააფუძნეს 33 რეგიონული ცენტრალური კოოპერატივი, რომელთა საქმიანობა გაძლიერებულია სპეციალური ინსტიტუტებით. ცენტრალური კოოპერატივები აგვარებენ იმ პრობლემებს, რასაც ვერ უმკლავდება პირველადი კოოპერატივები. შენახვის, გადამუშავების და რეალიზაციის თანამედროვე პოტენციალის გამოყენებით, ისინი აერთიანებენ მოთხოვნისა და მიწოდების მოცულობებს, რათა შექმნან შესაძლებლობა, შევიდნენ ბაზრის სეგმენტებზე დიდი მოცულობის საქონლის პარტიებით.   რეგიონულმა ცენტრალურმა კოოპერატივებმა შექმნეს  შესაბამისი ინსტიტუტები ფედერალური დონეზე.

უკვე  XIX საუკუნის 70-იანი  წლებიდან, გერმანიის კოოპერაციული სისტემის ყველა სფეროში მოხდა  სტრუქტურული ცვლილებები. იმისათვის, რომ კოოპერატივებს გაეძლიერებინათ  თავიანთი პოზიცია გამძაფრებულ კონკურენციაში, ყველგან, სადაც გამოიკვეთა აქტუალურობა, შეიქმნა კოოპერატივების გაერთიანებები და კავშირები. ამის შედეგად გაფართოვდა კოოპერატივების შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი პროდუქტიულობა.  თუ 1950 წელს გერმანიაში არსებობდა 26000-ზე მეტი კოოპერატივი, გატარებული პოლიტიკის შედეგად  მათი რაოდენობა შემცირდა 7000-მდე. სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულმა პოზიტიურმა შედეგებმა მოსახლეობაში გაზარდა ნდობა კოოპერატივების მიმართ და კოოპერატივების  წევრთა საერთო რაოდენობა იმავე პერიოდში 4.4 მლნ-დან გაიზარდა 16 მლნ-მდე. სტრუქტურულმა ცვლილებებმა საკრედიტო კოოპერატივების რიცხვი შეამცირა 12000-დან 2250-მდე (მათ შორის 560 საკრედიტო კოოპერატივი საწარმოო და კომერციული ფუნქციებით). ამავდროულად, საკრედიტო კოოპერატივების წევრთა რაოდენობა გაიზარდა ოთხჯერ და 14.6 მლნ შეადგინა.

გერმანული კოოპერატივების რაიფაიზენის კავშირი: (DGRV) - შეიქმნა გერმანული  კოოპერაციული სისტემის რეფორმირების შემდეგ 1972 წელს. ის მუშაობს ყველა  საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია გერმანულ კოოპერაციულ სისტემასთან: იცავს და ლობირებს კოოპერატივების ინტერესებს სამეწარმეო საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკასთან მიმართებით, ეწევა კონსულტაციებს ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია კოოპერატივების უფლებებთან, განათლების სისტემასთან, ორგანიზაციულ მოწყობასთან, მონაცემების დამუშავებასთან და სხვა.

დღეისათვის ყველა მეხუთე გერმანელი არის კოოპერატივის წევრი ან სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობაშია  კოოპერატივებთან. გერმანიაში უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გაკოტრდა 20 000 სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტრუქტურა, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა არცერთი კოოპერატივი.

ჩრდილოეთ ევროპის  ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების დონე უაღრესად მაღალია. აქ კოოპერაცია განვითარდა უპირველესად მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით, რაც ამ ჯგუფის ქვეყნებში აგრარული წარმოების საფუძველს წარმოადგენს.

დანიასა  დაფინეთში  კოოპერატივები აწარმოებენ და არელიზებენ რძისა და რძის პროდუქტების 80%-ს, ხოლო შვეციასა  და  ნორვეგიაში  - 90%-ს. ამ ქვეყნებში კოოპერატივების საშუალებით ხდება ცოცხალი პირუტყვის 80%-სა და კვერცხის 65-70%-ის რეალიზაცია. ფინეთში კოოპერაციული გაერთიანების სტატუსს განსაზღვრავს კანონი „კოოპერაციული გაერთიანებების შესახებ“ (1954 წ). მსგავსი კანონი მოქმედებს შვედეთშიც. ამ ქვეყნებში კოოპერაციულ გაერთიანებებში ძირითადად მოიაზრება ორგანიზაციები, სადაც წევრთა რაოდენობა და კაპიტალი წინასწარ არ არის განსაზღვრული. ეს გაერთიანებები შექმნილია წევრთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ვალდებულნი არიან გამოიყენონ ამ ორგანიზაციის მომსახურება.

ბელგიაში კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი ბაზარზე შეადგენს: რძე 50%, ხილი და ბოსტნეული 70-90%, ხორცი 20-30%.  

ევროპის ქვეყნებში კოოპერაციის აქტიური მხარდაჭერით გაიზარდა წარმოების მასშტაბები იმდენად, რომ შეიქმნა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჭარბწარმოების პრობლემა. ამიტომ ბოლო წლებში განხორციელდა სახელმწიფო დაფინანსების პრინციპების გარკვეული ცვლილება, რაც გამოიხატება იმით, რომ კოოპერატივები ძირითადად იღებენ მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას და შეღავათიან კრედიტებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის.

გარდა ევროპის ქვეყნებისა, კოოპერაციული სისტემების განვითარების მდიდარი გამოცდილება არსებობს აშშ-ში, იაპონიაში, ისრაელსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკის კოოპერაციულმა ლიგამ სტიმული მისცა კოოპერაციული მოძრაობის განვითარებას აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე. ლიგამ გააჩაღა ინტენსიური განმარტებითი და სააგიტაციო საქმიანობა, რასაც მოჰყვა სხვადასხვა კოოპერაციული გაერთიანების აღმოცენება. აშშ-ში მოქმედებს განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახის კოოპერატივებისათვის, დიფერენცირებული ნორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპებისა და დარგობრივი კუთვნილების მიხედვით. 

დღეისათვის აშშ-ში ფუნქციონირებს 30000 კოოპერატივი, რომელთა აქტივები 3 ტრლნ აშშ დოლარს აღემატება.  მათი ყოველწლიური შემოსავლები 500 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც  ხელფასის სახით გაიცემა 25 მილიარდი აშშ დოლარი. აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად, კოოპერატივი შეიძლება იყოს როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო ფუნქციის მატარებელი. არასამეწარმეო კოოპერატივების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან ხდება შეღავათიანი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკით. 

აგროკოოპერატივების რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 3000-ს, მაგრამ ისინი მოიცავენ ამერიკული ფერმების უმრავლესობას და წარმოადგენენ მომარაგება-გასაღების ან მწარმოებელ კოოპერატივებს, ხოლო ზოგჯერ - ამ ორის კომბინაციას. აშშ-ს კოოპერაციულ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომარაგება-გასაღების კოოპერატივები, რომლებმაც თანდათანობით შეითავსეს წარმოების ფუნქციაც.

აშშ-ს ბევრი წამყვანი ბრენდი, განსაკუთრებით ხილის წვენის და რძის პროდუქტების მწარმოებლები - კოოპერატივებია, რომლებიც  აწარმოებენ რძის    78%-ს,  ხილის და ბოსტნეულის - 17%-ს, მარცვლეულის - 59% -ს, მათ შორის ლობიოს და ბარდას. გაყიდვების მოცულობების გაფართოებამ გამოიწვია კოოპერატივების გააქტიურება საწარმოო სექტორში.  ნედლეულის გადამუშავების  21 კოოპერაციული გაერთიანება შევიდა აშშ-ს კვების მრეწველობის 100 წამყვანი კომპანის რიცხვში. რძის მწარმოებელი კოოპერატივები აწარმოებს ქვეყანაში წარმოებული მშრალი რძის     87%-ს,  კარაქის - 64%-ს და  ყველის - 47%. ისინი საკმაოდ დიდი კორპორაციებია, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან  მართვის მეთოდითა და მოგების განაწილებით. აშშ-ში შრომისმწარმოებლურობა კოოპერაციულ საწარმოებში  1,5-ჯერ მაღალია ინდივიდუალურ საწარმოებთან შედარებით.  

მნიშვნელოვანი განვითარება კოოპერაციამ აშშ-ში, განსაკუთრებით საკრედიტო სფეროში დაიწყო, როდესაც 1916 წელს აშშ-ს კონგრესის ინიციატივით შეიქმნა „ფერმერთა საკრედიტო სისტემა“, რომლის საბანკო სტრუქტურები შექმნილია სახელმწიფო სახსრებით. საკრედიტო კოოპერაცია ვითარდებოდა სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრებით სახელმწიფოს პირდაპირი და ირიბი ჩარევისა და რეგულირების საფუძველზე.  

„ფერმერთა საკრედიტო სისტემის“ სამართლებრივ საფუძველს სხვადასხვა დროს წარმოადგენდა აშშ-ს სხვადასხვა კანონი: „ფერმერული კრედიტის შესახებ ფედერალური კანონი“ (1916 წ.), „კანონი სასოფლო-სამეურნეო კრედიტის შესახებ“ (1923 წ.), „კანონი სასოფლო-სამეურნეო მარკეტინგის შესახებ“ (1929 წ.), „კანონი ფერმერული კრედიტის შესახებ“ (1933 წ.), „კანონი ფერმერული იპოთეკის შესახებ“ (1934 წ.), „კანონი ფერმერული კრედიტის შესახებ“ (1971 წ.), „კანონი სასოფლო-სამეურნეო კრედიტის შესახებ“ (1987 წ.), „კანონი ფერმერთა საკრედიტო სისტემების შესახებ“ (1996 წ.). სამართლებრივ საფუძვლებს საკრედიტო კავშირების საქმიანობის შესახებ განსაზღვრავს აშშ-ს კანონი „კანონი საკრედიტო კავშირების შესახებ“ (1934წ.). „ფერმერთა საკრედიტო სისტემების“ წევრები - ფერმერები და კოოპერატივები ხელმძღვანელობენ მას მათ მიერ არჩეული დირექტორთა საბჭოს მეშვეობით. „ფერმერთა საკრედიტო სისტემის“ შემადგენელია 7 კოოპერაციული ბანკი, და 232 ადგილობრივი ასოციაცია (ფონდი).

იაპონიაშიკოოპერაციულმა სისტემამ გამოავლინა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა. 1947 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ  კანონის მიღების შედეგად   და იაპონიის იმპერატორის განკარგულებით, სოფლის მთელი მოსახლეობა ავტომატურად ჩართული აღმოჩნდა კოოპერაციულ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც მთავრობამ მოახდინა ახალი აგრარული პოლიტიკის გატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე პერიოდში იაპონელი ფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში.

იაპონიაში მოქმედებს განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახის კოოპერატივებისათვის. ამ მოდელის საფუძველს წარმოადგენს დიფერენცირებული ნორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპებისა და დარგობრივი კუთვნილების მიხედვით.  შესაბამისად, განსხვავებულია სამართლებრივი რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სამომხმარებლო კოოპერატივებისათვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს წარმოადგენენ ფერმერთა გაერთიანებები, რომლებიც შექმნილია წარმოების, მარკეტინგის, საწარმოო საშუალებების შესყიდვის, კონსულტაციების გაწევის, საკრედიტო და სადაზღვევო მიზნებისთვის.  (იაპონიის კანონი „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ 1947 წ).

იაპონიის კოოპერაციულ სისტემას გააჩნია იერარქიული სტრუქტურა. ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს სრულიად იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ფედერაციის ცენტრალური საბჭო, ამავე დონეზე არსებობს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობის კოოპერაციული ცენტრალური ბანკი და სრულიად იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია სამედიცინო მომსახურების კუთხით. შესაბამისი ორგანიზაციები არსებობს ცალკეული პრეფექტურების დონეზე (47 პრეფექტურა).

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, პრეფექტურებთან ერთად, ადგენენ ადგილობრივი დარგების განვითარების გეგმებს იაპონიის მთავრობის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად. არსებობს საკითხები, სადაც პრეფექტურების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია, მაგრამ ზოგიერთ საკითხებთან მიმართებით, მაგალითად, როგორიცაა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმების შემუშავება, მათი ფუნქციები პრაქტიკულად გაერთიანებულია. გეგმები მოიცავს ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებას აგროეკოლოგიური პირობების დაცვის გათვალისწინებით და ტექნიკურ-ტექნოლოგიური ხასიათის დეტალებს. მათ განხორციელებას აკონტროლებს  სახელმწიფო.

კრიზისების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო იყენებდა როგორც სოფლის მეურნეობის რეგულირების საშუალებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში, სადაც შეიქმნა მწვავე სასურსათო კრიზისი, სახელმწიფომ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი განსაზღვრა როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობრივი ზრდის ყველაზე ეფექტიანი საშუალება და, შესაბამისად, ამ ქვეყნებში ის აქტიური სახელმწიფო მხარდაჭერით წარიმართა. სახელმწიფო ორგანოებმა განახორციელეს აქტიური პროპაგანდისტული კამპანია  კოოპერატივების შესაქმნელად, რამაც გამოიწვია კოოპერატივების რაოდენობის ზრდა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება. კამპანია ჩატარდა ომის შემდგომი მძიმე და გაჭიანურებული კრიზისის დროს, როდესაც მილიონობით ფერმერული მეურნეობა იყო განადგურების ზღვარზე. ამ რთულ პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობდნენ კოოპერატივების საქმიანობას.

დასკვნა

წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის განვითარების ანალიზი ნათელს ხდის, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სოფლის მეურნეობის შემადგენელ არცერთ დარგს არ შესწევს ძალა, ძლიერი კოოპერციული სისტემის გარეშე, წარმატებით გაუმკლავდეს სხვადასხვა სახის პრობლემას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს კოოპერაციული პროცესების მხარდაჭერის მოტივს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ კოოპერაციული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის გამოცდილება, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ლიტერატურა:

  • კოღუაშვილი პ.  მამუკელაშვილი დ. (2018)  აგროკოპერატიული პოლიტიკის ზოგიერთი აქტუალური საკითხი,  „ეკონომიკა“ N12;
  • კოღუაშვილი პ.  მამუკელაშვილი დ. (2019)  -  კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ. XI, N1. გვ. 71-7;
  • კოღუაშვილი პ. (2015). - სოფლის განვითარება ევროპაში - 1970 წლიდან დღემდე. ელექტრონული სახელმძღვანელო (რედაქტორი და მთარგმნელი პროფ. პ. კოღუაშვილი). სტუ;
  • მამუკელაშვილი  დ.   (2019) - ესპანეთი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ევოლუცია, რეგულაცია და მხარდაჭერა, Agronews.ge, 08.02;
  • მამუკელაშვილი დ. (2019).  სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია ევროპის ქვეყნებში, Agronews.ge, 06.02;