English / ქართული /








Journal number 2 ∘ Khatuna Berishvili
The Issues of the Development of Business Ethics

Sustainable process of business ethics institutionalization, both in theory and real economy, is deepening. It is established as scientific discipline and management demand. Within last two decades, despite impressive development, business ethics seems to us as not yet established “academic discipline", especially in Europe, with its sustainable traditions.

As soon as a new millennium came, both in academic and business environment, grows minimum requirement for specialists trained in “business ethics", which possess an ability to elaborate and use new analytical approaches to settle actual problems of internaonal and naonal level; the problems, which are characteristic for our global unification. Within companies and consciousness of separate managers, institutionalization of such decision-making is necessary, which can contribute to development of really “ethical" policy of organizations, processes and practices.

Finally, “business ethics" can be considered to be “ethics for satisfying society demands", through which separate businessmen and in general entire business enlargement global system positively contribute to establishment of “moral commonwealth" and, in its turn, “moral commonwealth" may promote establishment of rule of such social life, which could be reasonable and civilized, could serve to development of peaceful and prosperous global unification, triumph of humanism worldwide.

Keywords: Business Ethics,  Historical and Religious Grounds, Ethical Management, Philosophical Sciences, Morality, Business and Society, Moral Society, Triumph of Humanism.

JEL Codes: M10, M14, M20

ბიზნესის ეთიკის საკითხებისადმი ინტერესი არ წყდება, უფრო მეტიც, მიმდინარე საუკუნის დასაწყისში მეცნიერული ინტერესი ბიზნესის ეთიკის წარმოშობის, განვითარების, მის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბების პრობლემების კვლევისადმი გაძლიერდა. ბიზნესის ეთიკის რელიგიურ-ისტორიული საფუძვლების შესწავლა გახდა მნიშვნელოვანი. ის მწვავე დისკუსია, რომელიც ბიზნესის ეთიკის საკითხებზე მეცნიერებს შორის მიმდინარეობდა XX საუკუნის 50-იანიდან 90-იან წლებამდე, ასახავს იმ დიდ ინტერესს ამ პრობლემისადმი, რომლითაც ამ პერიოდში ხასიათდებოდა სამეცნიერო საზოგადოება. ბიზნესის ეთიკის პრობლემატიკის მეცნიერული კვლევა კვლავაც აქტუალიზებულია, რადგანაც ის მიიჩნევა „ჰუმანური საზოგადოების“ ჩამოყალიბების ფილოსოფიურ საწყისად. ამ პრობლემების კვლევას ეძღვნება წარმოდგენილი სტატია, სადაც ისტორიულ-ქრონოლოგიური ჭრილით  განხილულია „ბიზნესის ეთიკის“ წარმოშობისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პრობლემები.

 საკვანძო სიტყვები: ბიზნესის ეთიკა, ისტორიულ-რელიგიური საფუძვლები, ეთიკური მართვა, ფილოსოფიური მეცნიერებები, მორალი, ბიზნესი და საზოგადოება, მორალური საზოგადოება, ჰუმანიზმის ტრიუმფი.

ბიზნესის ეთიკის წარმოშობის ისტორიულ-რელიგიური საფუძვლები

ბიზნესის ეთიკას გააჩნია თავისი ისტორიულ-რელიგიური საფუძვლები. ის ზოგადი წესები, რომლებიც ეხებოდა ვაჭრების, ხელოსნების, მიწათმოქმედების, მეზღვაურების ქცევას, მიდის ღრმად ათასწლეულებში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ისტორიის სათავეებთან. ცნობილია, რომ „მეფე ჰამურაბის კოდექსი“ მოიცავდა მრავალრიცხოვან მითითებას ეკონომიკური ცხოვრების წესის შესახებ, ასახავდა ბაბილონში ძვ. წ. VIII ს - ში გაბატონებულ ნორმებსა და ახდენდა მათ ფორმალიზებას. ვრცელ ინფორმაციას ეკონომიკაში ეთიკური მართვის შესახებ შეიცავს არისტოტელეს „ნიკომახის ეთიკა“, განსაკუთრებით კი მისი მეხუთე წიგნი [1].

დასავლეთის სამივე მონოთეისტური რელიგია მოიცავს ისეთ მოძღვრებას, რომელიც ეხება ეკონომიკური საქმიანობის ეთიკურ ასპექტებს. იუდაიზმში ეს, უპირველეს ყოვლისა, „გალაჰაა“ (სიტყვასიტყვით – „გზა“ ან „ბილიკი“), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ძველებრაულ ბიბლიაში. აღნიშნული მოძღვრება შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც თავისებური „კოდიფიცირებული ეთიკა“ ან „ლეგალიზებული მორალი“, რომელიც მდიდარია მითითებებით, „იუდეური ეკონომიკური ადამიანის“ შესახებ. „იმ ჟამს, როდესაც ადამიანი წარსდგება ზეციურის წინაშე უკანასკნელი განაჩენისთვის, მას ეკითხებიან: პატიოსნად აწარმოებდი შენს საქმეებს?“ - გვაუწყებს, მაგალითად, ბაბილონის თალმუდი [2]. მეცნიერების მიერ თამარის [3] და მოზეს პავას [4] წყალობით, მკითხველთა ფართო წრემ არამარტო აღმოაჩინა იუდეური წყაროების სიმდიდრე ბიზნესის ეთიკის სფეროში, არამედ გააცნობიერა მათი გამოყენების დროულობა დღევანდელ ცხოვრებაში.

ქრისტიანობამ ყველა მის მიმდინარეობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეთიკური ეკონომიკის თანამედროვე გაგებაში. სახარების ტექსტები, ეკლესიის მამებისა და შუასაუკუნოვანი სქოლასტების მოძღვრებები შეიცავს მცნებებს, რომლებიც ეხება იმ პრინციპებს, რომელთა დაცვა აუცილებელია საქმიანი ურთიერთობების სფეროში. თავის გამოკვლევაში დანიელ ვრენმა [5] შემოგვთავაზა დომინიკანელი ბერის იოჰანეს ნისლერის მიერ XV ს -ის შუა პერიოდში დაწერილი ტრაქტატის De Contractibus Mercatorium ანალიზი, სადაც ვრცლად არის წარმოდგენილი ბიზნესის ეთიკის დარგში პირველი გამოკვლევა - „ვაჭრების მორალური სახელმძღვანელო.“ რომის პაპების ენციკლიკები, ეპისკოპოსების გზავნილები და კათოლიციზმის სოციალური მოძღვრებების სხვა წყაროები  ხშირად მიმართავდნენ თანამედროვე ეკონომიკური ცხოვრების ისეთ საკვანძო პრობლემებს, როგორიცაა შრომის როლი, წარმოება და სიმდიდრის განაწილება პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებაში, გლობალური ეკონომიკური წესის მორალური ბუნება და სხვა.

პროტესტანტული თეოლოგები რეფორმაციის დაწყების პერიოდიდან იკვლევენ კაპიტალიზმის ეთიკურ ასპექტებს. მაქს ვებერი [6] თავის კლასიკურ ნაშრომში „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ ასაბუთებს, რომ პროტესტანტელი ღვთისმსახურების მოძღვრებებმა სული შთაბერეს კაპიტალიზმს. ამავდროულად ისინი აკრიტიკებენ კაპიტალისტური მომხვეჭელობის პარადოქსულ ზემოქმედებას საზოგადოების რელიგიურ და მორალურ საფუძვლებზე [7]. ასე მაგალითად, პროტესტანტელი თეოლოგები, ვალტერ რაუშენბახი [8] და რეინჰოლდ ნიბური [9] აკრიტიკებენ სამრეწველო კაპიტალიზმის მორალურ მხარეს.

ისლამის კანონების კრებული - „შარიათი“ გმობს „რიბას“ - დაუსაბუთებელ მოგებას, რომელიც მასში განიხილება, როგორც მევახშეობის პროცენტის ეკვივალენტი.მ. ბასიოუნი მიუთითებს წინასწარმეტყველის სიტყვებზე: „ყველაზე მართალი და პატიოსანი მოვაჭრე დგას წინასწარმეტყველის, მართლისა და წამებულის გვერდით“ [10], ბ. აჰმედს კი მიაჩნია, რომ „ისლამით ნებადართულია ნებისმიერი ვაჭრობა, თუ ის არ გულისხმობს უსამართლობას, უპატიოსნობას, არაეთიკურ მოქმედებებს, ისეთებს, როგორიცაა ვინმეს ხარჯზე გადაჭარბებული მოგების მიღება, ან ისეთი რამ, რაც აკრძალულია რელიგიით“, [11]. ძველებრაული ბიბლიისა და ქრისტიანული ქადაგებების მსგავსად, ყურანი გაჯერებულია აკრძალვებით, რომლებიც ეხება უპატიოსნო ეკონომიკურ საქმიანობას.

მდიდარი ისტორიულ-რელიგიური წარსულის მიუხედავად, „ბიზნესის ეთიკა“ წარმოიშვა და განვითარდა აშშ-ში, სადაც აკადემიური ინტერესი ბიზნესის ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების ეთიკისადმი, შეიმჩნევა XIX საუკუნის ბოლოდან, როდესაც ამერიკულმა ინდუსტრიულმა ეკონომიკამ დაიწყო თავისი თანამედროვე კორპორაციული ფორმის მიღება. ამ ადრეულ პერიოდში აქცენტი კეთდებოდა არა იმდენად იმაზე, რასაც დღეს შეიძლება ვუწოდოთ ბიზნესის ინდუსტრიული, ანუ პერსონალური ეთიკა, არამედ იმაზე, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი, როგორც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა.

1895 წელს American Journal of Sociology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „კერძო ბიზნესი და საზოგადოებრივი ნდობა“, ალბიონ სმოლი აღნიშნავდა, რომ „არა მარტო სახელმწიფო დაწესებულებები, არამედ კერძო ბიზნესი იმყოფება საზოგადოების ნდობით მფლობელობაში“ [12]. მეცნიერთა მცირე ნაწილი დაეთანხმა ბიზნესის პასუხისმგებლობის ასეთ ყოვლისმომცველ და სადავო განმარტებას, ხოლო ისინი, ვინც იზიარებდნენ კლასიკური ეკონომიკური თეორიის, ნეოკალვინიზმის, სოციალური დარვინიზმის, ლოკის პოლიტიკური ფილოსოფიის და ანტიეტატიზმის დებულებებს, არ ეთანხმებოდნენ ბიზნესისა და საზოგადოების ურთიერთობათა საკითხებზე სმოლის მიდგომებს. მიუხედავად ამისა, სმოლის ნაშრომმა წარმოაჩინა საზოგადოების ის შიში, რომელიც ახლდა გიგანტური კორპორაციების სწრაფად გავრცელებად ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გავლენას.

საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდში შექმნილი კალიფორნიის უნივერსიტეტის ქ. ბერკლის კომერციულ კოლეჯში სასწავლო კურსებს შორის ისწავლებოდა ფილოსოფიური მეცნიერებები: ისტორია და კომერციული ეთიკის პრინციპები“ [13]. ნიშანდობლივია ისიც, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ქ. ბერკლის კოლეჯმა მიიღო შემოწირულობა ერთ-ერთი მსხვილი უნივერსალური მაღაზიის მფლობელისაგან, ვაჭრობის მორალურ ასპექტებზე ლექციების კითხვის მატერიალური მხარდაჭერის მიზნით. ლექციები უნდა მოემზადებინათ მეცნიერებსა და საქმიან ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ახალი ეკონომიკური წესრიგის პირობებში ბიზნესის მორალური კანონების სხვადასხვა ასპექტებთან“ [14]. როგორც წესი, ეს ლექციები კონცენტრირებული იყო მეტაეთიკის პრობლემებზე, რომლებიც ეხებოდა ბიზნესის როლს საზოგადოებაში და მის სოციალურ პასუხისმგებლობას. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა ედგარ ჰერმანსის ნაშრომი ბიზნესის ეთიკა: მიმდინარე სტანდარტების კვლევა“ [15], რომელიც მიეძღვნა ბიზნესში ეთიკური კოდექსების მნიშვნელობას. კორპორაციების სოციალური პოლიტიკის დარგში თეორიის შემდგომ განვითარებაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა ადოლფ ბერლის [16] ნაშრომმა თანამედროვე კორპორაცია და კერძო საკუთრება. ა. ბერლიმ დოკუმენტურად დაასაბუთა საკუთრების (აქციონერების) გამოყოფა კონტროლისაგან (მენეჯმენტისაგან) თანამედროვე მსხვილ კორპორაციაში და ჩამოაყალიბა კორპორაციების სამართლებრივი და საზოგადოებრივი ნორმების საფუძველი.

 

1950-იან წლებში გამოჩნდა რამდენიმე ყურადსაღები ნაშრომი, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ადოლფ ბერლის წიგნები: "XX საუკუნის კაპიტალისტური რევოლუცია“ და „ძალაუფლება საკუთრების გარეშე: ახალი მიმართულება ამერიკულ პოლიტიკურ ეკონომიაში“[17], მარკუს ჩილდსის (Marques W. Childs) „ეთიკა ბიზნესის საზოგადოებაში“ [18]. 1960-იანი წლების დასაწყისიდან მრავალი ფაქტორი აძლიერებდა საქმიანი, აკადემიური და საზოგადოებრივი წრეების ინტერესს ისეთი ფართო და პრობლემური დარგისადმი, რომელიც ცნობილი იყო როგორც „ბიზნესი და საზოგადოება“ (Business and Society). ამ ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • საბაზრო კონკურენციის ეფექტიანობა, რაც განაპირობებს შერწყმისა და შთანთქმის შედეგად წარმოქმნილი სულ უფრო მსხვილი კომპანიების სწრაფ ზრდას;
  • 1960-იანი წლების მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის, რომელმაც ღრმად შეცვალა როგორც ფერადკანიანი, ასევე თეთრკანიანი ამერიკელების (განსაკუთრებით ქალების) სოციალური როლები და მოლოდინი;
  • ცივი ომი, რამაც განაპირობა სახელმწიფოს შერწყმა ბიზნესთან და ამ საფუძველზე გიგანტური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოშობა;
  • საოცარი ცვლილებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ტრანსპორტსა და კავშირის ტექნოლოგიებში, რის საფუძველზეც საზოგადოება გახდა ურთიერთდაკავშირებული და უფრო განათლებული.

1959 წელს გამოქვეყნდა რობერტ გორდონის გამოკვლევა „კორპორაცია თანამედროვე საზოგადოებაში“ [19] და ფრენსის პირსონის „ამერიკელი ბიზნესმენების განათლება“ [20]. ორივე ნაშრომში ხაზგასმული იყო, რომ მომავალი „პროფესიონალები“ ბიზნესის სფეროში ინფორმირებულ უნდა იქნენ „არასაბაზრო“ ან „გარე“ გარემოს ბუნების შესახებ, როგორც გორდონი და პირსონი აღნიშნავდნენ, „ფირმების გარე გარემოს ცვლილებები განაპირობებდა მმართველობისთვის ახალი ამოცანების გადაწყვეტას".

ბიზნესმენების სოციალური პასუხისმგებლობა ამჟამად უფრო დიდია და უფრო რთული, ვიდრე წინა პერიოდში. მენეჯერს ბიზნესში, განსაკუთრებით შედარებით მსხვილ ფირმებში, გააჩნია უდიდესი ძალაუფლება მოიტანოს სიკეთე ან ზიანი, საზოგადოებრივი აზრი საჭიროებს იმას, რომ ეს ძალაუფლება გამოყენებულ იქნეს მაღალი პასუხისმგებლობით, მაშინაც კი, თუ მიზნები, რაც მიღწეულ უნდა იქნეს, ყოველთვის არ არის ნათლად გამოკვეთილი ან განსაზღვრულია მხოლოდ მთლიანობაში. ამ ამოცანის გადასაჭრელად საჭიროა ადამიანები ფართო ცოდნით და მგრძნობიარე აღქმით, კარგად განვითარებული ფილოსოფიით და ეთიკური ფასეულობების სისტემით, აგრეთვე, სრული მზადყოფნით საკუთარ თავზე მიიღონ პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლების ფლობასთანნ [21] .

1950-იანი წლების ბოლოსთვის აშშ-ს ჰარვარდის, კოლუმბიის, კალიფორნიის (ქ. ბერკლის), კორნელის, კარნეგი - მელონისა და ჩრდილო - დასავლეთის უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლებმა დაიწყეს სავალდებულო კურსების შემოთავაზება. ასეთი იყო „ბიზნესი და საზოგადოება“. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კურსების რაოდენობა არ იყო დიდი, ხოლო დაინტერესებული სკოლების რიცხვი საკმაოდ შეზღუდული, მაინც დაედო საფუძველი ბიზნესის არასაბაზრო (სოციალური, პოლიტიკური და ეთიკური) გარემოს ანალიზის ჩართვას მენეჯმენტის საგანმანათლებლო პრობლემატიკაში.

1970-იან წლებში ბიზნესის ეთიკამ, როგორც მეცნიერულმა დისციპლინამ, რომელიც მოიცავს ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესებს, მიაღწია თავის „სრულწლოვანებას“. ამ პერიოდში ბიზნესის ეთიკა იქცა მეცნიერული კვლევების მნიშვნელოვან ობიექტად. ტოკიოს უნივერსიტეტის (მეიძის) პროფესორმა მიცუხო ნაკამურამ, 1990-იანი წლების დასაწყისში აწარმოებდა რა ლიტერატურის მიმოხილვას, დაადგინა, რომ 1950-1960-იანი წლების პერიოდში მხოლოდ აშშ-ში გამოქვეყნებულ იქნა თვრამეტი წიგნი, რომელიც დაკავშირებული იყო „ბიზნესის ეთიკის,“ აგრეთვე, „კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობის“ პრობლემატიკასთან. 1970-იან წლებში გამოქვეყნდა ორმოცდაათი ასეთი წიგნი [22].

1980-იანი წლებში ბიზნესის ეთიკა დამკვიდრდა როგორც სამეცნიერო დისციპლინა. ეთიკისადმი გაზრდილ ინტერესს ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა. მათგან პირველი გახდა ის, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე მოქმედი აკრედიტაციის სტანდარტები AACSB, უკვე ერთმნიშვნელოვნად მოითხოვდა „ეთიკური ხასიათის მოსაზრებების“, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებთან ერთად შესწავლას, როგორც ცოდნის ერთობლიობის ნაწილს, რომელსაც უნდა დაუფლებოდნენ ბიზნესის სკოლების სტუდენტები. მეორე ფაქტორად იქცა ფართო საზოგადოებრიობის მიერ ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს ეთიკური საფუძვლების ეროზიის სერიოზულობის გაცნობიერება, ბიზნესი (პოლიტიკასთან ერთად) განსაკუთრებით გამოყოფდა ამ სამწუხარო ტენდენციას. 1987 წლის 25 მაისის ჟურნალ „თაიმსის“ გარეკანზე გამოტანილი სტატიის სათაური სვამდა რიტორიკულ შეკითხვას - „მაშ, რა დაემართა ეთიკას?“, ხოლო თვით სტატიაში აღინიშნებოდა, რომ „სკანდალებითა და ფარისევლობით შეურაცხყოფილი ამერიკა ეძებს მორალურ საყრდენებს“[23].

რაც შეეხება აკადემიურ წრეებს, 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლებში სწრაფად იზრდებოდა უპირატესად ბიზნესის ეთიკის საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ორგანიზაციების, კონფერენციებისა და ჟურნალების რაოდენობა. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ბიზნესის, ეკონომიკისა და ეთიკის საერთაშორისო საზოგადოება (International Society of Business, Economics and Ethics), ბიზნესის ეთიკის ევროპული ასოციაცია (European Business Ethics Network), ბიზნესის ეთიკის საზოგადოება (Society for Business Ethics), აფინანსებდნენ საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას, რომლებზეც ბიზნესის ეთიკის პრობლემებს ეთმობოდა არსებითი ყურადღება. ბიზნესის ეთიკის დარგში მომუშავე მეცნიერთა საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც უპირატესად მოიცავდა ამერიკის, აზიის, დასავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ფილოსოფოსებს, მენეჯმენტის სპეციალისტებს, სამართალმცოდნეებსა და თეოლოგებს, გავრცელდა აკადემიურ წრეებსა და ზოგჯერ ბიზნესის პრაქტიკოსებზე. დაინტერესებული მხარეების ანალიზი, აგენტთა ურთიერთობების თეორია და სოციალური კონტრაქტის კონცეფციები,

„ქველმოქმედთა ეთიკა“, კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციების სოციალური საქმიანობა და სოციალური პოლიტიკა, აგრეთვე, საერთაშორისო ბიზნესის ეთიკა იქცნენ ამ პერიოდში განვითარებულ ძირითად კვლევის სფეროებად. XX ს. უკანასკნელ ათწლეულში კვლევები ბიზნესის ეთიკის დარგში ხასიათდებოდა თავისებურებებით:

  •   მკვეთრად გამოხატული გლობალური ორიენტაციით;
  • ინტერესით ეთიკური მოძღვრებებისადმი, რომლებიც ასახავდა რელიგიურ ტრადიციებს;
  • ანალიტიკური მიდგომების და კონცეპტუალური მოდელების შემუშავება, რომელიც მიმართული იყო როგორც ბიზნესის პოლიტიკისა და პრაქტი- კის მიმდინარე ეთიკური პრობლემების, ასევე XXI საუკუნის გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიკაში ჩართული მრავალი ეთიკური საკითხის კვლევისკენ;
  • ინფორმატიკისა და ბიზნესის სფეროებში რთული თანამედროვე ტექნო- ლოგიების განვითარებასთან ერთად წარმოქმნილი ეთიკური პრობლემების კვლევით.

ამ პერიოდში ბიზნესის ეთიკა დამკვიდრდა როგორც მეცნიერული დისციპლინა და მმართველობითი მოთხოვნილება. ბიზნესის ეთიკის ინსტიტუციონალიზაციის მდგრადი პროცესი როგორც თეორიაში, ასევე რეალურ ეკონომიკაში ღრმავდებოდა. მიუხედავად, ამისა, გ. ენდერლი თავის სტატიაში – “ბიზნეს-ეთიკა, როგორც აკადემიური დისციპლინა“ აღნიშნავს, რომ  "უკანასკნელ ორ ათწლეულში შთამბეჭდავი განვითარების მიუხედავად „ბიზნესის ეთიკა ჯერ კიდევ არ გვესახება ჩამოყალიბებულ აკადემიურ დისციპლინად“, განსაკუთრებით ევროპაში მისი მყარი ინტელექტუალური ტრადიციებით. თუმცა, დღევანდელ დღემდე „ბიზნესის ეთიკის“ კურსები მრავალ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში რჩება „სარისკო წამოწყებად“ მენეჯმენტის სასაწავლო გეგმებისთვის“[24].

ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად, როგორც აკადემიურ, ასევე ბიზნეს-გარემოში არსებობს “ბიზნესის ეთიკის“ დარგში მომზადებული სპეციალისტების რაოდენობის ზრდის საარსებო მოთხოვნილება, რომლებსაც შესწევთ უნარი შეიმუშაონ და გამოიყენონ ახალი ანალიტიკური მიდგომები საერთაშორისო და ეროვნული დონის აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, რაც დამახასიათებელია ჩვენი გლობალური გაერთიანებისთვის. ფირმების ჩარჩოებში და ცალკეული მენეჯერების შეგნებაში საჭიროა გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია, რაც თავის წვლილს შეიტანს ორგანიზაციათა ჭეშმარიტად „ეთიკური“ პოლიტიკის, პროცესებისა და პრაქტიკის განვითარებაში.

საბოლოო ანგარიშით, „ბიზნესის ეთიკა“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც „საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ეთიკა“, რომლის საშუალებითაც ცალკეულ ბიზნესმენებს და ზოგადად მთლიანად ბიზნესის გაფართოებად გლობალურ სისტემას შეაქვს პოზიტიური წვლილი „მორალური თანამეგობრობის“ ჩამოყალიბებაში, ხოლო, თავის მხრივ, „მორალურმა თანამეგობრობამ“, შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის დამყარებას, რომელიც იქნება გონივრული და ცივილიზებული, მოემსახურება მშვიდობიანი და აყვავებული გლობალური გაერთიანების განვითარების, მთელ მსოფლიოში ჰუმანიზმის ტრიუმფს.

ლიტერატურა

1. ქირთბაია მ. `ბიზნესის ეთიკა" . თბ., ნეკერი, 2004. 275 გვ.

2. Aristotele. Nicomachean Ethics. Book five. Englewood Cliffs, 1962. p.111-145.

3. Freeman R. E., Gilbert D. R., Jr. Corporate Strategy and the Search for Ethics, Englewood Cliffs, 1988. p.124.

4. Tamari M. With All Your Possessions: Jewish Ethics and Economic Life. New-York, 1987, p. 241.

5. Pava M. L. Business Ethics: A Jewish Perspective. New-York, 1997, p.65.

6. Wren D. A. Medieval or Modern? A Scholastic’s Wiew of Business Ethics, circa 1430// Journal of Business Ethics. 2000. N2, p.23-24.

7. Weber M. The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism. New-York, 1958, p.143Rauschenbusch W. The Righteousness of the Kingddom. c 1968, p. 231-232.

Niebuhr R. Moral Man and Immoral Society: a Study in Ethics and Politics. New-York, 1960. p. 301.Bassiouni M. Ch. Business Ethics in Islam//The Ethics of Business in a Global Economy/Edd. by P. M. Minus. Boston, 1993.p.121.

9. Ahmed B. Religious Beliefs Direct Business Conduct// Ethics in Economics. Council for Ethics in Economics. colimbus. 1996. 1-3. p.9.Small A. Private Business is a Public Trust//American Journal of Sociology. 1985. N1.

University of California. Announcement Concerning the college of commerce. 1898, June 11.Filene E. A. Morals in Business. Berkeley, 1935. p.232.

Heermance E. L. The Ethics of Business: A Study of Current Standards. New-York, 1926, p. 291.

12. Berle A. A. Power Without Property: A New Development in American Political Economy. New-York, 1959 p. 143.

Berle A. A. Power Without Property: A New Development in American Political Economy. New-York, 1959, p. 78.1Childs M. W., Cater D. Ethics is a Business Society. New-York, 1954, p.112.

14. The Corporation in Modern Society/ Ed. by E. S. Mason. Cambridge. 1959. p.543.

15. Pierson F. C. The Eduication of American Businessmen. New-York, 1959, p.412.The Corporation in Modern Society/ Ed. by E. S. Mason. Cambridge. 1959, p.311.

Nakamura M. Development of the Studdy of Business Ethics in the United States// Bulletin of the Faculty of Commerce. Meiji University. 1994a. Vol. 76.N1.Whar Ever Happenedd to Business Ethics?//Time. 1987. May 25.

17. Enderle G. Toward Business Ethics as an Academic Discipline//Business Ethics Quarterly. 1996. Vol. 6. Issue 1. P