English / ქართული /








Journal number 2 ∘ Zhana Tolordava
Business Education and Factor Formation of Knowledge Economics

Contemporary times are characterized by transition to the new innovative stage of development, which implies formation of the “society of knowledge". It’s main feature is an increased interest towards knowledge so far as it is knowledge that represents the main driving force for general increase in productive efficiency. In this regard especially interesting is opinion of the number of scholars about the innovative economics (A. Toffl er, F. Fukuyama, D. Bell, J. NaisbiƩ ), who consider that the majority of the developed countries ensure their global economic supremacy specifically through knowledge and innovative economics.

Notably, Georgia is not in possession of such natural resources that could enable its competitiveness globally but it is in possession of the significant workforce potenal, where the knowledge economics represent the best model of their efficient utilization. Knowledge economics based on human resources, on human knowledge and skills makes the country a competitive one at the global scale.

Keywords: Human Capital, Knowledge Economics, Innovative Economics, Workforce potential, Business Education, New Technologies, Interactive Teaching Methods; Expert Systems; Student’s Professional Identity.

JEL Codes: A20, D80, J24

თანამედროვე ეპოქა ხასიათდება განვითარების ახალ ინოვაციურ სტადიაზე გადასვლით, რომელიც გულისხმობს ცოდნის საზოგადოების ჩამოყალიბებას. მისი მთავარი თვისებაა ცოდნისადმი ინტერესის ზრდა, ვინაიდან სწორედ ცოდნა მოიაზრება მწარმოებლურობის საერთო ზრდის მნიშვნელოვან ძალად. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს მეცნიერთა (ე. ტოფლერი, ფ. ფუკუიამა, დ. ბელი, ჯ. ნეისბიტიდა სხვ.) აზრი ინოვაციური ეკონომიკის შესახებ, რომლის მიხედვითაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა უზრუნველყოფს თავის მსოფლიო ეკონომიკურ უპირატესობას სწორედ ცოდნისა და ინოვაციური ეკონომიკის ხარჯზე [5]. ასეთი ქვეყნებია დღეს აშშ, გერმანია, იაპონია, ავსტრალია, კანადა, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, ისრაელი და სხვ., რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ძალა - განვითარებული ვენჩურული ბიზნესი.

საკვანძო სიტყვები: ადამიან-კაპიტალი; ცოდნის ეკონომიკა; ინოვაციური ეკონომიკა; სამუშაო ძალის პოტენციალი; ახალი ტექნოლოგიები; სწავლების ინტერაქტიული მეთოდები; ექსპერტული სისტემები; სტუდენტების პროფესიული იდენტურობა.

ცოდნის ეკონომიკის ისტორიიდან

ტერმინი – „ცოდნის ეკონომიკა“ პირველად გამოიყენა ამერიკელმა მკვლევარმა ფრიც მახლუპმა, რომელმაც 1962 წელს გამოაქვეყნა შრომა –„ცოდნის წარმოება და განვითარება აშშ-ში“ („The Production and Distribution of Knowledge in the United States». 1962). ფ. მახლუპი ცოდნის ეკონომიკას ახასიათებდა როგორც „ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთ სექტორს, სადაც ცოდნის წარმოება, გადამუშავება და მართვა ხდება“ [1].

ეკონომიკის განვითარების კარდინალურად ახალ ეტაპზე გადასვლა დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა: თეორიული ცოდნის როლის ამაღლება, მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარება, მომსახურების სფეროს წილის უპირატესი ზრდა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი გავლენა.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი სოციოლოგი, ფუტუროლოგი, პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოების კონცეფციის ფუძემდებელი დენიელ ბელი წერდა: „თუ უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში მთავარი ფიგურა იყო მეწარმე, ბიზნესმენი, სამრეწველო წარმოების ხელმძღვანელი, დღეს „ახალ ხალხს" წარმოადგენენ მეცნიერები, მათემატიკოსები, ეკონომისტები და ახალი ინტელექტუალური ტექნოლოგიების სხვა წარმომადგენლებიო [2].

ეკონომისტების ხსენება ამ კონტექსტით ბუნებრივია, ვინაიდან ცოდნის ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში პროფესიონალ მეცნიერ-ეკონომისტებს დიდი როლი ენიჭება ახალ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოების კეთილდღეობას.

აღსანიშნავია, რომ ცოდნის ეკონომიკისა და ინოვაციური ეკონომიკის შესახებ არსებობს პოლემიკა – რიგი მკვლევარი ამ ორ ცნებას აიგივებს, ვინაიდან მათ შორის ბევრი რამ საერთოა და ურთიერთმჭიდრო კავშირია. თავისი ბუნებით ცოდნა სწრაფად განახლებადია და ახალ პროდუქტში (საქონელში) ან მომსახურებაში განხორციელებისას ქმნის ინოვაციებს.

ამასთან, მათ შორის პრინციპული და არსებითი განსხვავებაა, რაც გამოიხატება იმით, რომ ცოდნის ეკონომიკა არის პოსტინდუსტრიული, ინფორმაციული საზოგადოების განვითარების უმაღლესი ეტაპი და მისი სპეციფიკური თვისებაა ხელსაყრელი პირობების შექმნა ადამიანის ფაქტორის განვითარებისა და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში ადამიანის ინტელექტის, ცოდნის საფუძველზე ხდება ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ზრდა.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და სამეცნიერო კვლევებზე. ამ თვალსაზრისით ცოდნის ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკისა და სამეცნიერო-კვლევით სფეროსთან ურთიერთკავშირის დამყარებაზე, ხელს უწყობს სამეცნიერო იდეების სწრაფ რეალიზაციას ახალ ტექნიკასა და ტექნოლოგიებში, ახალი სახის პროდუქციის შექმნაში.

ზოგიერთი ავტორის შეხედულებით, ცოდნის ეკონომიკის ძირითადი თვისებები შემდეგია [3]:

1. ეკონომიკის სტრუქტურაში მომსახურების სფეროს მაღალი დონე, (მაგ. აშშ-ში ამ სფეროში დასაქმებულია სულ მომუშავეთა 75%);

2. დანახარჯების ზრდა განათლებასა და სამეცნიერო კვლევებზე; ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში განათლებასა და მეცნიერებაზე დანახარჯები მშპ-ის დაახლოებით 6,5%-ია;

3. პროგრესი ინფორმაციულ-კომუნიკაციურ სფეროში;

4. ქსელური ურთიერთობების განვითარება კორპორაციული და პერსონალური ქსელების სახით;

5. ეროვნული ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს ფუნდამენტური მეცნიერების, ტრანსფერის ტექნოლოგიების ცენტრებს, ვენჩურულ ფონდებს და ა.შ.;

6. განათლების სფეროს განვითარება, კონცეფციის – „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების“ რეალიზაციით;

7. სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების ინტერნაციონალიზაცია.

მოტანილი მიმართულებებიდან ჩანს, რომ ვითარდება ის სფეროები, რომლებიც ცოდნის ეკონომიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობებს აფართოებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი პროგრესი, მეცნიერებასა და განათლებაზე დანახარჯების ზრდა და ეროვნული ინოვაციური სისტემის აქტივიზაცია ხელს უწყობს ცოდნის ხელმისაწვდომობას, მის ფართო გავრცელებასა და გამოყენებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

საინტერესოა, ჩინეთის მიერ მიღებული სტრატეგია სახელწოდებით –„ცოდნის ეკონომიკის შემოსვლის ეპოქის ფონზე, სიახლეების ათვისების სახელმწიფო სისტემა“, რომლის ინიციატორი ჩინეთის საზოგადოებრივი მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი ლი ტეინი, ასე ახასიათებს ახალ ეკონომიკას: „ეკონომიკის ცოდნის სული სიახლებისადმი მუდმივ სწრაფვაშია, მისი სიძლიერის წყარო კი განათლებაა. თანამედროვე სამყაროში ქვეყნების სიმძლავრის კონკურენცია, საბოლოო ანგარიშით, არის ცოდნის დონეების კონკურენცია“ [4].

ამ მხრივ, ჩინეთის სტრატეგიის ძირითადი პუნქტებია:

- ცოდნის ეკონომიკის განვითარებაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება;

- მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;

- ფუნდამენტური კვლევების მნიშვნელოვანი ობიექტების დაფინანსების გარანტირება;

- საზოგადოებრივი განათლების და ინფორმაციული საქმიანობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

- მაღალრისკიანი სფეროებისთვის კაპიტალდაბანდებების მექანიზმის ამოქმედება და სიახლების შექმნისთვის კაპიტალის შემოდინების ხელშეწყობა;

- მაღალი ტექნოლოგიებს მწარმოებელი საწარმოების მხარდაჭერა და შეღავათიანი პირობების შექმნა;

- იმ პირთა წახალისება მიზნობრივი სახსრების გამოყოფის სახით, რომელთაც შეაქვთ წვლილი სიახლეების შექნაში;

- საავტორო უფლებების დაცვის, ცოდნის გავრცელებისა და სოციალუ- რი ეფექტების გაფართოების ხელშემწყობი საკანონმდებლო სისტემის შემუშავება.

როგორც აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებებიდან ჩანს, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს როლს, რომელიც ქმნის ღონისძიებათა სისტემას და სახავს სისტემის მიზანს, რომელიც მიმართულია განვითარების ახალი მექანიზმების შექმნაზე (ან სხვების მექანიზმების გადმოღებაზე). ყოველივე ეს ხელს უწყობს ეკონომიკის გლობალური ცოდნის ფორმირებას.

აკადემიკოს ვ. მაკაროვის კვლევების მიხედვით, ინვესტიციები ცოდნაში უკვე დიდი ხანია უფრო დიდ წილს იკავებს, ვიდრე ინვესტიციები ძირითად ფონდებში (4% და 2,2% – შესაბამისად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებისათვის 1990 წ. მონაცემებით). ამის ფაქტორია ის, რომ მსოფლიოში არსებული ცოდნის მოცულობის 90% შეიქმნა სწორედ ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასევე საწარმოების ინვესტიციები ინტელექტუალურ კაპიტალში, რაც უზრუნველყოფს შრომის მწარმოებლურობის ზრდის 20-30%-ს [5].

მკვლევარი ვ. ბასარია თავის საინტერესო ნაშრომში შემდეგ დასკვნებს აკეთებს: საქართველოში 2011 წელს განათლების საბიუჯეტო ხარჯების წილი მშპ-ში შეადგენდა 2,7%-ს, რაც ყველაზე დაბალია როგორც ევროკავშირის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში (სლოვაკეთი – 4,1%, მალტა – 6,9%, მოლდოვა – 8,6%, საქართველოზე ნაკლებია აზერბაიჯანში – 2,4%). ცოდნის ეკონომიკას, პირველ რიგში, ახასიათებს მეცნიერებასა და კვლევებზე გაწეული ხარჯების მუდმივი ზრდა, მოყვანილი ციფრები კი, ოპტიმისტურ პროგნოზს საქართველოსთვის არ იძლევა [6].

აქედან გამომდინარე, საჭიროა აღნიშნული პროცესის დაჩქარება, რასაც ის გარემოებაც მოითხოვს, რომ საქართველოს არ გააჩნია იმ დონის ბუნებრივი რესურსები, რომლითაც იგი შეძლებს კონკურირებას მსოფლიო არენაზე, მაგრამ, ის არის შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის რაციონალური გამოყენების საუკეთესო მოდელია ცოდნის ეკონომიკა.

ადამიანთა პოტენციალზე, ადამიანის ცოდნასა და უნარებზე დაფუძნებული ცოდნის ეკონომიკა კონკურენტუნარიანს ხდის ქვეყანას. ამის წინაპირობაა ცოდნის გამოყენების, გენერირებისა და გადაცემის ეფექტიანი სისტემის მიღწევა. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ასეთი სისტემის მეშვეობით შეიქმნა მაღალტექნოლოგიური პროდუქცია – ხოლო მის საფუძველზე – ახალი ტექნოლოგიები.

ბუნებრივია, ფირმები, რომლებიც იყენებენ მაღალ ტექნოლოგიებს, თავისი სიახლეებით ცნობილ პროდუქციით ფლობენ ბაზრის დიდ წილს და მისი გავრცელების გეოგრაფია გაცილებით მეტია, ვიდრე კონკურენტების. რაც უფრო სწრაფად ითვისებს ფირმა ახალ ტექნოლოგიებს, მით უფრო სწრაფად ხდება იგი ლიდერი, რაც მისი პროდუქციის რეალიზაციის საუკეთესო პირობაა. აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რამდენად საჭიროა ადამიან-კაპიტალის განვითარება-სრულყოფა და რა როლი ენიჭება ახალი ტექნოლოგიების შექმნა-დანერგვის დაჩქარების პროცესში მას.

ცოდნის ეკონომიკის პრინციპების სრულყოფისა და გავრცელებისათვის იქმნება შესაბამისი ინსტიტუტები. მსოფლიო მასშტაბით ეს არის ეკონომიკის ცოდნის გლობალური საბჭო (GKEC - Global Knowledge Economics Council), რომელიც შეიმუშავებს ტერმინებს და სტანდარტებს. ცოდნის ეკონომიკის ინსტიტუციონალიზაცია ხელს უწყობს მის მიმზიდველობას ინვესტორებისათვის.

ადამიან-კაპიტალის როლი ცოდნის ეკონომიკის ჩამოყალიბებაში

ცოდნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მხარეა სპეციალისტების, პერსონალის განათლების დონე. დღეს საქართველოში, ისევე როგორც პოსტ-საბჭოურ ყველა ქვეყანაში, სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტების დაფინანსების მკვეთრი შემცირების ფონზე, მომრავლდა კერძო უნივერსიტეტების რიცხვი. უმაღლესი საწავლებლების მომრავლება მეტყველებს განათლების პრესტიჟზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხევაში, იგი ხელს არ უწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას, პირიქით, მის დაქვეითებას იწვევს. ცხადია, რომ ის ქვეყნები, სადაც განათლების დონე დაბალია, განწირულნი არიან ჩამორჩნენ მსოფლიო ეკონომიკის ლიდერებს, ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადი ხდება.

ეროვნული ეკონომიკები, რომლებიც აღმოჩნდნენ ასეთ სიტუაციაში, მოწოდებული არიან გადალახონ სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენა, რისთვისაც უნდა შექმნან თანამედროვე ეფექტიანი ეკონომიკა. ახალი ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის ნომენკლატურის სწრაფ შეცვლაზე, ახალი ტექნოლოგიების, სიახლეების დანერგვაზე, რაც მაღალ მოთხოვნებს წაუყენებს მუშაკის განათლების დონეს, მის უნარს გადაერთოს ახალი ამოცანების გადაწყვეტაზე და ადვილად მოახდინოს რეაგირება ცვალებად სიტუაციასა და ინფორმაციულ გარემოში.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ რაც უფრო მაღალია მუშაკთა განათლების დონე, მით უფრო აქტიურად ხორციელდება ტექნოლოგიური პროგრესი და იზრდება ინოვაციების ათვისების უნარი საზოგადოების მიერ. ამ პირობებში წინა პლანზე გამოდის ადამიან-კაპიტალი, რომლის მეშვეობით ახალი იდეების, ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა ხდება და ბაზარზე წარმატებული კონკურენცია მიიღწევა.

ადამიან-კაპიტალი - ეს არის ცოდნა, უნარები, შემოქმედება, ადამიანის კრეატიული ნიჭი, მისი მორალური ფასეულობები, პროგნოზირების უნარი, შრომის კულტურა და მაღალი შემეცნებითი მოტივაცია, რაც მას მუდმივი იებისკენ უბიძგებს და გზას უხსნის აღმოჩენებს.

ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2012 წელს OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია) ექსპერტების მიერ ჩამოყალიბებულ იქნა ადამიან-კაპიტალის განვითარების კომპეტენციების სტრატეგიის თვალთაზრისით, საკვანძო მიმართულებები:

- აქტუალური უნარ-ჩვევების განვითარება (საჭირო კომპეტენციების ხარისხობრივი და რაოდენობრივი დონის მიღწევა დამსაქმებელთა მოთხოვნაზე ორიენტაციით);

- შრომის მიწოდების ზრდა/გაუმჯობესება (სამუშაოს ძებნის პროცესის გამარტივება, შრომის ნორმირებული პირობების დაცვის კონტროლი, საპენსიო ასაკის ამაღლება);

- უნარების ეფექტიანი გამოყენება [7].

აქტუალური უნარ-ჩვევების ნაწილში აქცენტი კეთდება სხვადასხვა კომპეტენციაზე მოთხოვნის მონიტორინგზე, რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებაზე, პრაქტიკაში ცოდნის გამოყენების მოტივაციაზე, განათლების ყველა დონეზე მისი ხარისხის შეფასებაზე, განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობაზე, დამსაქმებლების მოტივაციაზე თანამშრომლების დამატებით სწავლებაზე, „რბილი" მიგრაციული პოლიტიკის გატარებაზე და ა.შ.

უნარების გამოყენების ეფექტიანობის ზრდის (ამაღლების) თვალსაზრისით, OED ექსპერტების მიერ მიღებულ იქნა შემდეგი ზომები:

- კომპანიების მასტიმულირებელი ღონისძიებები, ანუ პერსონალის ჩართვა საკუთარ ბიზნეს-სტრატეგიებში;

- მიგრაციული ბარიერების შემამცირებელი ქმედებები;

- მაღალი დამატებული ღირებულების მქონე დარგების განვითარების ხელშეწყობა;

- თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობის სწავლება უნივერსიტეტებში.

ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი დაკავშირებულია კომპეტენციების დეფიციტის გადალახვასთან (აღმოფხვრასთან) მდგრადი ეკონომიკური ზრდის და განათლების ყველა დონეზე განვითარების მისაღწევად.

სწავლება ბიზნეს-განათლების სფეროში

განათლება ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის დადგენის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია. დღეს, ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში, მსოფლიოს სამრეწველო კორპორაციები განათლებასა და კადრების მომზადებას განიხილავენ როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინვესტიციებს ქვეყნის განვითარებისათვის. ბიზნეს-განათლება პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლი საქმიანობაა.

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა სწორედ სწავლების ახალი ტექნოლოგიების, პროგრესული მეთოდების შერჩევას, შემუშავებას და გამოყენებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ცენტრში პირველად საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებაში გამოყენებულ იქნა ჯერ ელექტროგამომთვლელი მანქანა, შემდეგ კი კომპიუტერული ტექნიკა იმიტაციური სათამაშო მოდელების კონსტრუირებისათვის.

ამ ცენტრის იმიტაციური მოდელები შესულია საერთაშორისო კატალოგებში და რეკომენდებულია დასანერგად, თვით ავტორი კი არის იმიტაციური მოდელირების მსოფლიო ასოციაციის ISAGA-ს წევრი, მოპოვებული აქვს ორი ვერცხლის ჯილდო ევროპაში და მრავალი დიპლომი და სიგელი.

ბიზნეს-სწავლებისთვის დამახასიათებელია მეცადინეობის მეთოთა სიმრავლე, რომლის მეშვეობით გადაიცემა არამარტო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები, არამედ მომავალი პროფესიული ბიზნეს-საქმიანობის რეალური გამოცდილებაც. ასეთებია: ინტერაქტიული მეთოდები, ანუ საქმიანი (სიმულაციური) თამაშები, კოგნიტიური მოდელები, კეისმეთოდი, ექსპერტული სისტემები და სხვ. ყველა ეს მეთოდი, რომელიც გამოიყენება აღნიშნული ცენტრის მიერ, სტუდენტებს უვითარებს ბიზნესის სფეროში აუცილებელ სოციალურ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: კომუნიკაციის ხელოვნება, გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილების მიღება, თავისთავზე რისკების აღება, ცვლილებებისადმი ადაპტირება ან მათი მართვა და სხვ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მეთოდებში კიდევ ერთ ასპექტს – სოციალიზაციისადმი სტუდენტის უნარის განვითარებას. სოციალიზაცია, რომლის არსია ადამიანის კონკრეტული საზოგადოებისადმი შეგუება ან მისი იგნორირება, ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი პირობაა.

ამგვარად, სწავლება ბიზნეს-განათლების სფეროში, ტრადიციულად მხოლოდ ბიზნესისა და მენეჯმენტის ცოდნის გადაცემის ფარგლებს არსებითად სცილდება და მისი დანიშნულებაა ადამიანში იმ თვისებების განვითარება, რომლებიც დაეხმარებიან მას პრაგმატული ამოცანების გადაწყვეტაში, რომელსაც იგი აწყდება სამეწარმეო საქმიანობასა და მენეჯერის კარიერაში.

ასეთ მიდგომას სწავლებისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად სპეციალისტების და კერძოდ - ეკონომისტების პროფესიონალიზმის ფორმირებაში. თანამედროვე პირობებში სტუდენტებისთვის მომავალი პროფესიული საქმიანობის საფუძვლების ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა საშუალებას აძლევს მათ იდენტიფიცირება მოახდინონ პროფესიულ გარემოსა და სოციუმთან. ეს პირდაპირ ეხმიანება ცოდნის ეკონომიკის სპეციალისტების აზრს მეწარმეობის პრაქტიკული ბლოკების შესწავლის თაობაზე უნივერსიტეტებში. სტუდენტების პროფესიული იდენტურობის პრობლემა მთლიანად საზოგადოების ინტერესებში შედის, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად ამოკლებს მომავალი სპეციალისტის პროფესიული ადაპტაციის პერიოდს.

ფსიქოლოგიაში იდენტურობის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის მკვლევარ ერიკ ერიკსონს, რომელიც თვლიდა, რომ იდენტურობის პროცესი არის „ცხოვრებისული გამოცდილების გარდაქმნა ინდივიდუალურ მე-ში“ დ,ა მისი აზრით, ამას გარკვეული მაორგანიზებელი ფუნქცია ენიჭება პიროვნების განვითარებაში [10]. დღეს, ცოდნის ეკონომიკის ჩამოყალიბების პირობებში, სტუდენტების პროფესიული იდენტურობის თემა ფართოდ არის გავრცელებული. პროფესიული მე-ს ჩამოყალიბება და მთლიანობაში მომავალი სპეციალისტის თავისი პროფესიული საქმიანობის ხედვა უკვე სტუდენტობიდან, ეხმარება ახალგაზრდებს სპეციალობის ათვისება-აღქმაში.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტ-ეკონომისტების პროფესიული იდენტურობის დადგენა შესაძლებელი გახდა სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების მეშვეობით. რეალობაში არსებული ობიექტის ანალოგ მოდელთან მუშაობა მათ საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ ობიექტის პარამეტრების გარდაქმნის სხვადასხვა კომბინაციას, სიტუაციების გაანალიზების შედეგად მოდელის სრულყოფის გზების დასახვას.

დიდ, მრავალფაქტორიან ხანგრძლივ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობისას სტუდენტები ეუფლებიან საწარმოს ფუნქციონირების ყველა ძირითად ასპექტს მმართველობითი პროცესების ჩათვლით.

რაც შეეხება მართვის პროცესს, სწორედ შესაბამისი თემატიკის საქმიან თამაშებში შესაძლებელი ხდება მენეჯმენტის საფუძვლების თეორიული ცოდნის განმტკიცება და მენეჯერის უფლება-მოვალეობების, კონკრეტული სიტუაციების იმიტაციით მისი პრაქტიკული საქმიანობის შესწავლა.

აღნიშნული მეთოდების დანიშნულებაა განუვითაროს სტუდენტებს მრავალმხრივი ცოდნა და უნარები, გამოუმუშაოს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო თვისებები, რაც ავლენს მათ პროფესიულ იდენტურობას და მომავალში ხელს შეუწყობს მათ პროფესიონალურ ზრდას.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, აქ პროფესიული მე-ს ხედვაში სტუდენტებისთვის დომინირებს საკუთარი თავის დანახვა ანალიტიკოსის, მკვლევარის, კონსულტანტის, მარკეტოლოგის, ბისნესმენის, მენეჯერის როლში [8].

იმავე მეთოდებით და პროექტებზე მუშაობით, ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ. „სწავლება ქმედებით", ამ მოდელში ბიზნეს-განათლების სიახლოვე რეალურ ბიზნესთან მისი დამახასიათებელი ნიშანია. ეს გამოიხატება იმით, რომ სწავლება ხორციელდება უშუალოდ საწარმოებშიც (Management Development), რითაც მიიღწევა ეფექტიანი უკუკავშირი ბიზნეს-სწავლების შედეგებთან.

ამ ასპექტით საინტერესოა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნის პროგრესულმა ძალებმა და ოპოზიციამაც კი დაუჭირა მხარი. მთავრობის დადგენილებით, სასწავლო დაწესებულებებისა და ბიზნეს-სტრუქტურების თანამშრომლობას სახელმწიფო დააფინანსებს. როგორც აღნიშნავდნენ ინგლისის პრესაში: „საზოგადოებას არ აქვს დრო ელოდოს ბიზნესში სპეციალისტების „მომწიფებას", ამიტომ საჭიროა მათი ბიზნესში უკვე სტუდენტობიდანვე ჩართვა“. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ბიზნესთან უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ხარჯზე [9].

აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა და გაგრძელებაა პირველი საერთაშორისო კონფერენცია (First International Conference on Business, X-Events, and Analytics), რომელიც გაიმართება ქალაქ ვენაში 2017 წლის ნოემბრის თვეში (სადაც მიწვეულია წინამდებარე სტატიის ავტორიც). ამ ღონისძიების მონაწილეები იქნებიან რეალური, ლეგალური ბიზნესის წარმატებული პროფესიონალი ბიზნესმენები და ბიზნესის, ეკონომიკის, მართვის, მათემატიკის, ლოგისტიკის და სტატისტიკის დარგის მსოფლიოს მეცნიერები. მათი ძირითადი ამოცანაა, რომ ამ ორ სტრუქტურას შორის შეიქმნას ქმედითი, საქმიანი ალიანსი იმისათვის, რომ ბიზნესის სფეროში ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, მიღწეული პრაქტიკული წარმატებების გაანალიზების საფუძველზე, შემუშავდეს თანამშრომლობის ისეთი ფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესში სპეციალისტების „მომწიფებას“ და თვისებრივად გაზრდის ადამიან-კაპიტალს.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდნის ეკონომიკის განვითარების უმთავრესი პირობაა ნიჭიერი ახალგაზრდების, სპეციალისტების მეცნიერებაში მოზიდვისთვის სტიმულების შექმნა, რაც შესაძლებელია უნივერსიტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე. აქ მთავარია სამეცნიერო კვლევები უკავშირდებოდეს ცოდნის ეკონომიკისა და ეკონომიკის განვითარების ინოვაციური ტენდენციების თემატიკას.

ლიტერატურა:

  1. Махлуп Ф. Производство и распространение знаний в США. - М.: Прогресс, 1996.
  2. Белл Дэниел. Грядущее постиндустриальное общество. Опыт социального прогнозирования. М., “Academia" 1999г., с. 251.
  3. Золотов А.В., Буреева Н.Н., Чепьюк О.Р.Современная экономика – экономика знаний. Понятие инновации. http://chaliev.ru/chaliev.php
  4. Ли Теин. «Размышления об экономике знаний» в книге «Поиски направлений реформы и политики открытости». Т.2. С. 503-510. Изд. Документации общественных наук, 2002.
  5. Макаров В. академик, директор ЦЭМИ РАН. Экономика знаний: уроки для России, 2004 http://www.logistics.ru/9/22/i20_3041.htm
  6.  ბასარია ვ. ცოდნა და ეკონომიკა. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“. N3 2016, გვ. 39.
  7. Кузнецова Т. Нархова А. Проблематика развития человеческого капитала в исследованиях ОЭСР https://oecdcentre.hse.ru/nletter6.1Информационно-координационный центр по взаимодействию с Организацией экономического сотрудничества и развития. 2016.
  8. Tolordava Zh. Development of the Professional Identity of the Economics Students through the Simulation Modeling Method. 10th edition of the International Conferences “Advances in Science, Innovation and Management” Romania 2017.
  9. ჟ. თოლორდავა. ბიზნესი და უმაღლესი განათლება. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი", 2009, №4.
  10. Эриксон Э.Идентичность: юность и кризис. М.: Прогресс, 1996.