English / ქართული /








Journal number 2 ∘ Giorgi Gaganidze
Services Export – An Important Factor for Economic Growth

In the article the author discusses the formation of the service export strategies and their management. Special interest is paid to the analysis of the export potential of service exports from Georgia. The author has also analyzed the contributing measures taken by the leaders in service export. There is also presented the most priority directions for the development of services export from Georgia.

Keywords: Service Export, Priority Directions of the Development of Service Export, Logistics Hub, Educational Service.

JEL Codes: O14, F10, F14

სტატიაში განხილულია მომსახურების საექსპორტო სტრატეგიების ფორმირებისა და მათი მენეჯმენტის საკითხები. განხილულია სხვადასხვა ბაზარზე საქართველოდან მომსახურების საექსპორტო პოტენციალი, გაანალიზებულია მომსახურების ექსპორტში ლიდერი ქვეყნების მიერ გატარებული ხელშემწყობი ღონისძიებები, ასევე - მომსახურების ექსპორტის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.

საკვანძო სიტყვები: მომსახურების ექსპორტი, საექსპორტო სტრატეგიები, მომსახურების ექსპორტის პრიორიტეტული მიმართულებები, ლოგისტიკური ჰაბი, საგანმანათლებლო მომსახურება.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, საქონლის საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი ყოველთვის წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოს მწვავე პრობლემას. ამ ამოცანის გადასაწყვეტად საზოგადოებაში ხშირად პოპულარული ხდებოდა რადიკალური მოსაზრებები იმპორტის შეზღუდვის შესახებ, იმპორტისა და ექსპორტის მუდმივი დაბალანსების შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას და ამოქმედებაზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) საქართველოს გაწევრიანებამ წერტილი დაუსვა ამ საკითხებზე მსჯელობას, რამდენადაც იმპორტის რაოდენობრივი ან სატარიფო შეზღუდვა ეწინააღმდეგება მსო-ს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. უფრო აქტუალურად იქნა მიჩნეული ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების ფორმირება, ასევე ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა იმპორტჩანაცვლების მექანიზმების ამუშავება. უნდა ითქვას, რომ ამ მსჯელობაში ძალიან ხშირად უყურადღებოდ რჩებოდა მომსახურებით ვაჭრობა. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა კი სწორედ მომსახურების სფეროს მკვეთრი განვითარებით ხასიათდება. ინდუსტრიული განვითარების საზოგადოება ჩანაცვლდა ახალი პოსტინდუსტრიული საზოგადოებით, სადაც წამყვანი ადგილი ეკონომიკაში სწორედ მომსახურების სფეროს უკავია. მომსახურების სფეროზე მსჯელობისას, ხშირად, მომსახურება დაჰყავთ ტურიზმზე ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე. ესენი რასაკვირველია, შედის მომსახურებაში, მაგრამ მომსახურება შეიცავს ნებისმიერ აქტივობას, რომელიც უკავშირდება საფინანსო, სავაჭრო, სატრანსპორტო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, საწარმოო ან ნებისმიერ სხვა საქმიანობას. მომსახურების სფეროს არასწორი ინტერპრეტაცია, ხშირად იწვევს არასწორი დასკვნების გამოტანას, კერძოდ მიიჩნევა, რომ მომსახურება ქმნის არამდგრად სამუშაო ადგილებს, ანუ სეზონურ სამუშაო ადგილებს. ცხადია, ტურიზმის ან მასთან დაკავშირებული აქტივობისათვის ეს სავსებით მართებულია. ამავდროულად, საფინანსო, სავაჭრო, სატრანსპორტო, სამედიცინო ან საგანმანათლებლო სფეროებში მომსახურება ქმნის სტანდარტულ, მდგრად სამუშაო ადგილებს. ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, როდესაც განვითარებადი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიწყო მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნისათვის საუკეთესო პირობების ძიება. მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, რაც მოითხოვს მის მაქსიმალურ პერსონალიზაციას, მდგრადი სამუშაო ადგილების ფორმირება მით უფრო რთულად გადასაწყვეტი ამოცანაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების მაღალი პერსონალიზაცია უნდა მივიჩნიოთ ობიექტურ რეალობად და სწორედ ამის გათვალისწინებით ვიფიქროთ ამ სფეროს განვითარებაზე. ასევე, ძალიან საინტერესოა მომსახურების სფეროს განვითარებისა და ზოგადად ეკონომიკური ზრდის, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ურთიერთმიმართების საკითხი. ამ მიმართულებით ჩატარებულია რამდენიმე საინტერესო კვლევა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად: „ამ სტატიაში წარმოდგენილი ეკონომეტრიკული ანალიზი აჩვენებს, რომ მომსახურების ექსპორტს აქვს პოზიტიური გავლენა მშპ ზრდაზე. თუმცა განვითარებად ქვეყნებში მომსახურების ექსპორტის პოზიტიური გავლენა მშპ-ზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს გავლენა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მოვლენის ახსნა შესაძლებელია იმ ფაქტით, რომ მომსახურების ექსპორტი განვითარებად ქვეყნებში ნაკლებად უკავშირდება დანარჩენ ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე ხშირად ისინი მთლიანად კონტროლდებიან უცხო ქვეყნების ეკონომიკური აგენტებით [1]. ეს მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა, ერთი მხრივ, სწორად გავიაზროთ მომსახურების ექსპორტის წამახალისებელი ღონისძიებების გატარებიდან მისაღები ეფექტის მოცულობა და ამ ეფექტის მიღების დრო, მეორე მხრივ კი, ხელი შევუწყოთ მომსახურების ცალკეული სეგმენტის უფრო ღრმა ინტეგრაციას ადგილობრივ ეკონომიკაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად მომსახურების ექსპორტის გამწევი კომპანია პოულობს საბაზრო ნიშას იქ, სადაც თავს იმკვიდრებს ერთი ან რამდენიმე აქტივობის უფრო ეფექტიანად შესრულებით, ვიდრე სხვა კონკურენტები, ხოლო დანარჩენი აქტივობა სრულდება ამ სფეროს ლიდერი კომპანიების მიერ. ასეთ დროს არცერთი ექსპორტიორი კომპანია არ გასწევს რისკს, რომ ამ პროცესში მონაწილე (მომწოდებელი, ხარისხის მასერტიფიცირებელი, შემავსებელი პროდუქციის ან მომსახურების გამწევი) აღიარებული უცხოური კომპანია ჩაანაცვლოს ადგილობრივი კომპანიით და ამით დარტყმის ქვეშ დააყენოს საკუთარი მომსახურების ექსპორტის საკითხი. მომსახურების გაწევის კომპლექსურობის საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია სახელმწიფოს აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე. მიზანშეწონილია მომსახურების სფეროში მოქმედი მსოფლიო ლიდერი კომპანიებისათვის შეიქმნას განსაკუთრებული პირობები, რათა მათ თავიანთი აქტივობის თუნდაც გარკვეული ნაწილი გადმოიტანონ საქართველოში.

ზოგადად დღემდე მიმდინარეობს კამათი ექსპორტისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირის საკითხებზე. “ექსპორტი განაპირობებს ზრდას" ჰიპოთეზის ასაკი ისეთივე ძველია, როგორც ადამ სმიტისა და დავიდ რიკარდოს მოსაზრებები ამ საკითხებზე" [2]. უნდა აღინიშნოს, რომ თეორიული და ემპირიული კვლევა სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა დროისათვის იძლევა განსხვავებულ შედეგებს. “კონსენსუსი ექსპორტის, როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის ჰიპოთეზის შესახებ მიღწეული არაა. ეს გამოწვეულია ექსპორტის განსხვავებული ემპირიული მონაცემებით" [3]. მიზანშეწონილია მოვიყვანოთ რამოდენიმე განსხვავებული მაგალითი, კერძოდ, “ინდოეთის ექსპორტი და მშპ კოინტეგრირებული არიან, და ხანგრძლივვადიან პერიოდში შემოსავლის დამოკიდებულება ექსპორტზე უფრო მაღალია, ვიდრე ექსპორტისა შემოსავალზე" [4]. თუმცა აღნიშნული თეზისი “ვერ დადასტურდა მექსიკისათვის პორფირიო დიასის რეჟიმის პერიოდში" [5]. ამდენად, აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ ამძაფრებს თეორიულ და პრაქტიკულ ინტერესს.

მიუხედავად    ყოველივე    აღნიშნულისა,    მომსახურების    ექსპორტის განვითარება უნდა მივიჩნიოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პრიორიტეტად, რომელიც უზრუნველყოფს საერთო ეკონომიკურ ზრდას, ქმნის მდგრად სამუშაო ადგილებს და საბოლოო ანგარიშით, პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

აუცილებელია ასევე შევეხოთ სტატიაში მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაციის სანდოობას. ამ მიზნით ავტორს მიზანშეწონილად მიაჩნია დაეყრდნოს ერთ აღიარებულ საინფორმაციო წყაროს, კერძოდ კი ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრის სტატისტიკურ ინფორმაციას. ამ მიდგომას აქვს ორი უპირატესობა: პირველი, ჩვენ ხელთ გვაქვს ერთიანი მეთოდოლოგიით მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია, რაც სხვადასხვა ეროვნულ საინ- ფორმაციო წყაროზე დაყრდნობისას პრობლემურია; მეორე, არსებობს შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდეს ეროვნული სტატისტიკური სამსახურების ინფორმაციით ან სარკისებური შედარებით. ამდენად, მაღალი ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია სანდოა.

მომსახურებისა და საქონლის ექსპორტის თანაფარდობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიზანშეწონილია გავეცნოთ საქართველოდან მომსახურების ექსპორტისა და საქონლის ექსპორტის მაჩვენებლებს. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს მათ როლზე ქვეყნის საგადამხდელო ბალანსში (იხ. ცხრილი 1).

მომსახურებისა და საქონლის ექსპორტი საქართველოდან (ათას აშშ დოლარში)

ცხრილი 1

 ზედაპირული ანალიზიც კი ადასტურებს, რომ მომსახურების საგარეო ვაჭრობაში მყარი დადებითი სალდო გვაქვს, ხოლო საქონლით ვაჭრობაში - ასევე მყარი, მაგრამ უარყოფითი. თუნდაც, ეს მოცემულობა მიანიშნებს მომსახურების ექსპორტის პრიორეტეტულად ზრდის აუცილებლობაზე. მიზანშეწონილია შეფასდეს მომსახურების ექსპორტის ზრდის:

ა) გეოგრაფიული ასპექტი (უკვე არსებული მომსახურების ექსპორტირება ახალ ბაზრებზე);

ბ) დარგობრივი ასპექტი (არსებულ მომსახურებას ემატება ახალი, მასთან დაუკავშირებული მომსახურება);

გ) კომპლექსურობის ასპექტი (უკვე არსებულ მომსახურებაში იმპორტირებული მდგენელის ჩანაცვლება ადგილობრივი ეკონომიკური აგენტების საქმიანობით). ასეთი მრავალგანზომილებიანი ანალიზის ჩასატარებლად, აუცილებელია გავაანალიზოთ მომსახურების ექსპორტში მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების წილი და მათი პრაქტიკული საქმიანობის ასპექტები (იხ.ცხრილი 3).

საინტერესოა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი დეფიციტი სასაქონლო ექსპორტში, აქვთ დადებითი სალდო მომსახურებით ვაჭრობაში, ხოლო ვისაც აქვს დადებითი ბალანსი სასაქონლო ვაჭრობაში, აქვს უარყოფითი - მომსახურებით ვაჭრობაში. ეს ტენდენცია ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, რის მიხედვითაც ახდენენ ეკონომიკური აქტივობის კოორდინაციას.

უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ ქვეყნების მომსახურების ექსპორტის სტრუქტურა, რომლებსაც აქვთ დადებითი სალდო მომსახურებით ვაჭრობაში. მომსახურების ექსპორტის სტრუქტურის განსაზღვრა ეყრდნობა საგადამხდელო ბალანსის მე-6 გამოცემაში მოცემულ მეთოდოლოგიას. მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ინფორმაციიდან და გაანგარიშებები გაკეთებულია 2015 წლისათვის.

აშშ-ს მომსახურების ექსპორტში 97,2% მოდის კომერციულ მომსახურებაზე, სადაც წამყვანი ადგილები უჭირავს: მოგზაურობას, სხვა ბიზნეს-მომსახურებას, ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის გადასახადებს, ფინანსურ მომსახურებას, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობას.

პრაქტიკულად, ანალოგიური ვითარებაა დიდი ბრიტანეთის მომსახურების ექსპორტში, სადაც კომერციულ მომსახურებაზე მოდის 98,8%, და აქაც იგივე ჯგუფებია წამყვანი. განსხვავება არის ლიდერ-ჯგუფში, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში არის ფინანსური მომსახურება. საფრანგეთის შემთხვევაში კი კომერციულ მომსახურებაზე მოდის მთელი მომსახურების ექსპორტის 99,7%. ალბათ, მაღალი სანდოობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მომსახურების ექსპორტში მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორების სტრუქტურა ასახავს მაღალგანვითარებული, პოსტინ-ინდუსტრიული ეკონომიკების თანამედროვე მდგომარეობას. აქცენტირება წარმოებიდან მომსახურებაზე მიმდინარეობდა ბოლო 50 წლის განმავლობაში და ასახავს ამ ქვეყნების რეალურ კონკურენტულ უპირატესობებს მომსახურების ექსპორტში.

განვითარებული ქვეყნების მომსახურების ექსპორტის ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას გამოვყოთ საქართველოს მომსახურების ექსპორტში პრიორიტეტული მიმართულებები. საქართველოს მომსახურების ექსპორტში, 2015 წლის მონაცემებით, წამყვანია: კომერციული მომსახურება, რომელზეც მოდის მთელი მომსახურების ექსპორტის 97,2%, თუმცა, მსგავსება მომსახურების ექსპორტის წამყვან ქვეყნებთან აქ მთავრდება. საქმე ისაა, რომ საქართველოს მომსახურების ექსპორტში ორი წამყვანი ჯგუფია - მოგზაურობა და ტრანსპორტი, რომლებზეც მოდის კომერციული მომსახურების 94,2%. მოგზაურობა (ტურიზმი) და ტრანსპორტი ემყარება საქართველოს ბუნებრივ უპირატესობებს. აუცილებელია ამ პოტენციალის მაქსიმალური განვითარება. აქ ძირითად მიმართულებებად ყალიბდება რამდენიმე პრიორიტეტი, კერძოდ ტურიზმის ხელშეწყობა წელიწადის ყველა დროში, სატრანსპორტო მომსახურების ინტენსიფიკაცია და ლოგისტიკური მომსახურების განვითარება. ტურისტულ მომსახურებაზე ამ პუბლიკაციაში არ ვიმსჯელებთ, საკითხის კომპლექსურობისა და მრავალფეროვნების გამო. ლოგისტიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით კი აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოყოფა. მსოფლიო გამოცდილების ანალიზი ადასტურებს, რომ ლოგისტიკური ცენტრები ყალიბდება, რამდენიმე სატრანსპორტო არხის გადაკვეთისას. როგორც წესი, ესაა სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო არხები. საზღვაო ტრანსპორტთან მიმართებით ხაზი უნდა გაესვას საქართველოში ღრმაწყლიანი პორტის შექმნის აუცილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ლოგისტიკური ჰაბის ეფექტიანობა დაბალი იქნება. ღრმა წყლიანი პორტის მშენებლობა საქართველოში გადაწყვეტილია და აუცილებელია მისი სხვა ხელშემწყობ ღონისძიებებზე ყურადღების კონცენტრაცია. კერძოდ, რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ცენტრის ფორმირებაში აუცილებელია თავისუფალი ეკონომიკური ზონების პრინციპების გამოყენება. აქვე ხაზი უნდა გაესვას უსაფრთხოების საკითხებს ასეთი რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციონირებისათვის. მიზანშეწონილია მისი უსაფრთხოების დაცვაზე საქართველომ მიაღწიოს შეთანხმებას ერთ ან რამდენიმე ქვეყანასთან, იდეალურ შემთხვევაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებდა ჩრდილოატლანტიკური გაერთიანება, ხოლო სანაცვლოდ წევრი ქვეყნების კომპანიებს ექნებოდათ შესაძლებლობა აწარმოონ ბიზნე-საქტივობა ყოველგვარი გადასახადების გარეშე. აუცილებელია უსაფრთხოების დაცვის სხვა ზომების განხილვაც. ასევე, ზუსტად უნდა განისაზღვროს თუ რა მიმართულებისა და რა ტიპის ტვირთებზე იქნება პირველ რიგში ზონა ორიენტირებული. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს აღმოსავლეთი-დასავლეთი და პირუკუ მიმართულება. ამავდროულად, უნდა გაანალიზდეს ყველა სხვა ალტერნატიული მარშრუტი და შეირჩეს ისეთი პირობები (ტვირთის მოძრაობისა და სატრანსპორტო დოკუმენტაციის გაფორმების ხარჯები, ტვირთების მოძრაობის დრო), რაც სწორედ ამ მიმართულებას გახდის ყველაზე უფრო კონკურენტუნარიანს. ასევე, უნდა განისაზღვროს ლოგისტიკური ჰაბის რა კონკრეტული ფუნქციები შესრულდება და ვინ იქნება ოპერატორი კომპანია. აუცილებელია ყველა შესაძლო ბერკეტის ერთდროული ამოქმედება, რათა მოხდეს ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით, ზონის ტერიტორიაზე შესაძლებელია გამონაკლისის სახით, დაშვებულ იქნეს საფინანსო ინსტიტუტებისათვის ყველაზე უფრო მოსახერხებელი საკანონმდებლო მოდელის გამოყენების შესაძლებლობა.

ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მომსახურების სხვა პერსპექტიული მიმართულებების განვითარება. მიზანშეწონილია ობიექტურად შეფასდეს საქართველოს კონკურენტული უპირატესობები და სწორედ ამაზე დაყრდნობით შემუშავდეს მომსახურების ექსპორტის კონკრეტული მიმართულებების განვითარების სტრატეგია. მომსახურების ექსპორტისა და მდგრადი სამუშაო ადგილების შეფასებისას, ცხადია, საფინანსო მომსახურება, საგანმანათლებლო მომსახურება, სხვა ბიზნეს-მომსახურება ქმნის მდგრად სამუშაო ადგილებს. ზემოჩათვლილი მიმართულებებიდან საქართველოს აშკარად აქვს გარკვეული კონკურენტული უპირატესობა საგანმანათლებლო მომსახურების მიმართულებით. რთულია საფინანსო მომსახურების ან სხვა ბიზნეს-მომსახურების განვითარება იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, და რომლის ფიზიკური უსაფრთხოება, სამწუხაროდ, დაცული არაა. ამდენად, ორიენტაცია საგანმათლებლო მომსახურების განვითარებაზე, ამ ეტაპზე რჩება უალტერნატივო პრიორიტეტად. ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებიდან შესაძლებელია რამდენიმე საერთო და სპეციფიკური ნაბიჯის გამოყოფა. პირველში იგულისხმება საქართველოს საერთო დაახლოება ევროპულ სივრცესთან, ხოლო სპეციფიკურიდან - ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რომლებიც აღიარებული იქნება ევროკავშირში. საგანმანათლებლო მომსახურების ანალიზი ადასტურებს, რომ საწყის ეტაპზე ამართლებს კონკრეტულ ქვეყნებზე მორგებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების ფორმირება. ვინაიდან საწყის ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში საგანმანათლებლო მომსახურების მიღების მსურველებში იქნებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, მნიშვნელოვანია განისაზღვროს გეოგრაფიული პრიორიტეტები. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წევრი ქვეყნებისათვის პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება რუსულ ენაზე. ასევე ცალკე უნდა გამოიყოს აზიის და აფრიკის რეგიონები. ცხადია, ამ უკანსკნელებისათვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს სასწავლო ვიზების მიღების გამარტივებას პრიორიტეტული ქვეყნების მოქალაქეებისათვის. ასევე აუცილებელია დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა, რაშიც აქტიურად უნდა იქნეს ჩართული საგანმანათლებლო მომსახურების გამწევი ორგანიზაციები.

ლიტერატურა:

  1. Alberto Gabriele, “Exports of Services, Export of Goods, and Economic Growth in Developing Countries", Journal of Economic Integration, Vol.21.No.2 (June 2006), pp.294-317.
  2. Richards D. (2001). Exports as Determinant of Long-Run Growth in Paraguay, 1966- 1996. Journal of Development Studies, 38(1): 128-146.
  3. Jin J.C. (2002). Exports and Growth: Is the Export-Led Growth Hypothesis Valid for Provincial Economies? Applied Economics, 34(1):63-76.
  4. Chandra R., 2003, Reinvesting Export-Led Growth in India Using a Multivariate Cointegration Framework., The Journal of Developing Area, vol.37, Number 1.
  5. Catao L (1998). Mexico and Export-Led Growth: The Porfirian Period Revisited. Cambridge Journal of Economics, XXII(1):59-78.
  6. http://www.intracen.org/itc/goals/Global-Goals-for-Sustainable-Development/