English / ქართული /








Journal number 2 ∘ Giorgi Khidesheli
Covid-19 and Challenges of the Tourism Industry in Georgia: The Outflow of Qualified Personnel

The Covid-19 pandemic has caused a global economic crisis. Restrictions imposed to stop the geographical spread of the virus have negatively affected the financial stability of tourism. Most of companies were forced to lay off workers or send them on unpaid leaves. Consequently, the process of labor force sectoral shift began. According to the Self-determination theory, people try to find stable jobs and fulfil needs of autonomy, connection and competence. Therefore, the tourism industry is no longer discussed as an attractive employer for the next few years. However, considering the tendencies of massive vaccination and the forecast of World Tourism Organization, gradual stabilization of crisis and revival of international travel are highly predictable.

It must be determined how the tourism business can cope with the emerging demand in the post-pandemic period without qualified employees. Therefore, the article aims to detect not only ongoing, but also post-crisis peculiarities of the tourism labor outflow. The research consists of the following stages: secondary data analysis, semi-structured in-depth interviews with 10 experienced tour guides and questionnaire survey of 96 tour guides.

The research showed that 61% of the tour guides found job in the service sector with the help of sector-transferable skills and foreign language proficiency. Currently they work as a call center operators, translators, teachers, customer service officers, etc. In contrast to the international practice, in Georgia the shift of the labor force occurred naturally without the positive interference of the government.

Although most of them have neutral attitudes towards working conditions and salary, 98% of currently employed guides have willingness to return to their favorite job at the earliest opportunity. The hypothesis: Georgian travel agencies will face problem of hiring qualified staff at the initial stage of tourism recovery, in the post-pandemic period – was not supported. The supply failure is not expected.

Keywords: Pandemic, Tourism Industry, Challenge, Labor Force, Outflow of Qualified Personnel

JEL Codes: J21, J61, L83, R23

References:

კოვიდ-19 და ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები საქართველოში: კვალიფიციური კადრების გადინება

Covid-19 პანდემიამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ვირუსის გეოგრაფიული გავრცელების შესაჩერებლად შემოღებულმა შეზღუდვებმა უარყოფითად იმოქმედა  ტურიზმის ინდუსტრიის ფინანსურ სტაბილურობაზე. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ტურისტული ბიზნესი იძულებული გახდა დასაქმებულთა დიდი ნაწილი დაეთხოვა ან უხელფასო შვებულებაში გაეშვა. შესაბამისად დაიწყო სამუშაო ძალის სექტორული გადანაცვლების პროცესი. ამასთან გვინდა გვჯეროდეს, რომ მასობრივი ვაქცინაციისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზის გათვალისწინებით შექმნილი კრიზისი ეტაპობრივად დასტაბილურდება და საერთაშორისო მიმოსვლა აღდგება. აუცილებელია დადგინდეს, თუ როგორ გაუმკლავდება სამუშაო ძალისგან დაცლილი ტურისტული ბიზნესი პოსტ-პანდემიურ პერიოდში გაჩენილ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სტატიის მიზანია წარმოაჩინოს ტურიზმის ინდუსტრიიდან კვალიფიციური კადრების გადინების პრობლემის როგორც მიმდინარე, ასევე პოსტკრიზისული თავისებურებები. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებული გიდების 61%-მა სერვისის მიწოდების უნარებისა და უცხო ენის ცოდნის დახმარებით კვლავ მომსახურების სფეროში დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, დასაქმებულთა 98% მზად არის ძველ საქმიანობას ტურიზმის ამოქმედებისთანავე დაუბრუნდეს. შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის აღორძინების საწყის ეტაპზე ტურისტული ბიზნესი დაიბრუნებს კვალიფიციურ კადრებს და ამ კუთხით სერვისის მიწოდების შეფერხება მოსალოდნელი არ არის.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, ტურიზმის ინდუსტრია, გამოწვევა, სამუშაო ძალა, კვალიფიციური კადრების გადინება.

JEL Codes: J21, J61, L83, R23

შესავალი

2020 წელს კოვიდ 19-ის გავრცელებამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. პანდემიის შესაჩერებლად მთავრობებმა ისეთი კომპლექსური ღონისძიებები გაატარეს როგორიცაა: საზღვრების ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა, საყოველთაო კარანტინის გამოცხადება და სხვა. ამ პოლიტიკამ მოთხოვნა-მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვის ჩამოშლა გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახა კერძო სექტორის ფინანსურ სტაბილურობაზე. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა კი ტურიზმის ინდუსტრიამ მიიღო.

ვირუსის გეოგრაფიული გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა რეგულაციებმა ადგილობრივი და სართაშორისო ტურიზმის დროებითი პარალიზება გამოწვია. ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, განთავსების საშუალებების, კვების ობიექტებისა და მსგავსი პროფილით მომუშავე სხვა ბიზნესის მომხმარებელთა რიცხვი კრიტიკულ მინიმუმამდე შემცირდა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი კომპანიები ფინანსური გამოწვევების გადალახვას ხარჯების ოპტიმიზაციით, თანამშრომლების დათხოვნითა თუ მათი ხელფასების შემცირებით ცდილობენ (Gössling, Scot, & Hall, 2020,    7-10). მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშის მიხედვით, 100-დან  120 მლნ–მდე სამუშაო ადგილი საფრთხის წინაშეა, მაშინ როცა 2019 წელს ტურიზმში დასაქმებულ მუშაკთა რიცხვი 330 მლნ–ს აღწევდა (United Nations 2020).

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებამ აჩვენა, რომ 2020 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები (428 მლნ დოლარი), წინა წლის მაჩვენებელთან (3.3 მლრდ დოლარი) შედარებით, დაახლოებით 87%-ით არის შემცირებული (GNTA, 2020). გარდა ამისა, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების ფინანსური რეზერვები ეტაპობრივად იწურება და ვეღარ უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას. პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ანგარიშის მიხედვით, კრიზისის პერიოდში ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმ 80%-ით შემცირდება (PMCG  2020, 31).

 2021 წლის 16 თებერვლის მონაცმებით მსოფლიოს 78 ქვეყანაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 176 მლნ დოზა უკვე ათვისებულია. ყოველდღიურად კი დაახლოებით 6 მლნ ადამიანი იცრება (Randall, Sam, Cannon, Tartar & Murray 2021). პარალელურად, საქართველოს მთავრობამ ვაქცინირებული მოგზაურებისთვის აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოხსნა და 1-ლი თებერვლიდან საჰაერო მიმოსვლაც აღადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მედია საშუალებები აქტიურად განიხილავენ და პოზიტიურადაც აფასებენ (Coffey 2021).

აღნიშნული ცხადყოფს, რომ ტურიზმის აღდგენის შანსები ეტაპობრივად იზრდება, თუმცა, კრიზისში მყოფი კერძო სექტორის მზაობა კვლავ განსახილველი საკითხია. ტურიზმის ინდუსტრია კვალიფიციური კადრების გადინების პრობლემის წინაშე დგას, რაც ტურიზმის აღორძინების საწყის ეტაპზე სერვისის ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს. ყოველივე ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე. 

კვლევის მეთოდოლოგია

სტატიის მიზანია დაადგინოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული სამუშაო ძალის სექტორული გადაადგილების გამომწვევი მიზეზები და ძირითადი ტენდენციები. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო პრაქტიკაზეც. შესაბამისად, კვლევის ამოცანები შემდეგნაირად განისაზღვრა: ა) პანდემიის პერიოდში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიიდან კვალიფიციური კადრების გადინების მიზეზების შესწავლა, ბ) ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნების მაგალითების განხილვა გ) საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების დაბრუნების პერსპექტივების გაანალიზება. სტატია პასუხს სცემს ორ ძირითად საკვლევ კითხვას:

  1. რა სახის ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებული პირები კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში?
  2. რა ფაქტორები ახდენს გავლენას ეკონომიკის სხვა სექტორებში სამუშაოდ გადასული პირების გადაწყვტილებაზე, პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ დაუბრუნდნენ ტურიზმის ინდუსტრიას?

კვლევის არეალის დაკონკრეტების მიზნით, ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებულ იმ გიდებზე, რომლებსაც მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცილება აქვთ. საკვლევ კითხვაში მოცემულ ტერმინში – „ტურისტული სააგენტო“, იგულისხმება კომპანია, რომელიც ქმნის ტურისტულ პაკეტს და ყიდის მას პირდაპირ მომხმარებელზე ან უცხოურ კომპანიაზე.

საკვლევი კითხვიდან გამომდინარე, ჰიპოთეზა შემდეგნაირად ფორმულირდა: პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების საწყის ეტაპზე ქართულ ტუროპერატორებს კვალიფიციური კადრების დაქირავების პრობლემა შეექმნებათ.

ტურიზმის ინდუსტრიაში სამუშაო ძალის სექტორული გადაადგილების პროცესის ასახსნელად გამოყენებულია თვითგანსაზღვრის თეორია (Self Determination Theory). ამ  თეორიის მიხედვით, დასაქმებულთა მოტივაციაზე ზემოქმედი ფაქტორებია:  თვითრეალიზების სურვილი, ფინანსური ავტონომიურობის აუცილებლობა და სანაცნობო წრის გაფართოების საჭიროება. გარდა ამისა, ინდივიდები იმ შემთხვევაში იცვლიან სამსახურს, თუ სამუშაო გარემო არასტაბილური ხდება და დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების რისკები იზრდება (Mitchell, Muysken & Welters 2010, 223-224). მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზის მიხედვით, საერთაშორისო ტურიზმი აღდგენას 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, ხოლო სრული რეაბილიტაციისთვის 4 წელი იქნება საჭირო (UNWTO, 2020). აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ინდუსტრიის შრომის ბაზარზე არასტაბილური ვითარება იქნება, რაც პოტენციური სამუშაო ძალის შემოდინების პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს. სამსახურის ხელმეორედ დაკარგვის რისკი და ცვალებადი შემოსავალი ინდივიდებს სხვა სექტორში დასაქმებისკენ უბიძგებს. თეორიის საფუძველზე კვლევაში გამოიყოფა ის ასპექტები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საბოლოო დასკვნების გამოსატანად.

ნაშრომში გამოყენებულია როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. განვითარებადი ქვეყნების ტურიზმის ინდუსტრიის შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციების შესასწავლად გაანალიზდა ათეულობით აკადემიური სტატია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეორადი წყაროების ანალიზი საძიებო კვლევის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ცალკე ყურადღება დაეთმო საქართველოში მოქმედი კვლევითი ცენტრების ანგარიშებს, რომლებიც ეროვნული ტურიზმის გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ. კვლევის მეორე ეტაპი პანდემიის დაწყებამდე ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებულ გიდებთან 10 სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარებას მოიცავს. საბოლოო ანგარიშით, შესაძლებელი გახდა კვლევის პრობლემის ზუსტი განსაზღვრა და ტურიზმის ინდუსტრიიდან წასული კვალიფიციური კადრების ქცევის მამოტივირებელი ფაქტორების გამოკვეთა. ასეთმა კომპლექსურმა თვისებრივმა კვლევამ საფუძველი შეამზადა რაოდენობრივი კვლევისთვის, რომლის ფარგლებშიც 96 გიდი ჰიპოთეზის შესამოწმებლად ანკეტირების მეთოდით გამოიკითხა. სტატიის ავტორის სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, გამოკითხვის ორივე ეტაპზე გამოყენებულია მოხერხებული შერჩევა (Convenience Sampling). დღეისათვის ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებული გიდების რაოდენობა სტატისტიკურად არ არის აღრიცხული და გენერალური ერთობლიობა უცნობია. თუმცა, ბიზნესცნობარში – „ბია“, რეგისტრირებულია 575 ისეთი ტურისტული კომპანია, რომელიც კლიენტებს გიდის მომსახურებას სთავაზობს. თუ ვივარაუდებთ, რომ საშუალოდ თითოეულ მათგანში 10 გიდია დასაქმებული, მაშინ გენერალური ერთობლიობა 5750-ს უტოლდება. 95%-იანი სანდოობის ინტერვალისა და ±10 პროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში, რეპრეზენტატული შედეგების მისაღებად რაოდენობრივ კვლევაში 96 რესპონდენტი უნდა მონაწილეობდეს.

საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა

კოვიდ 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ, როგორც საერთაშორისო, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე, ტურიზმის ინდუსტრიის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეაფერხა. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში მოვლენები ნეგატიური სცენარით წარიმართა. ტურისტული ბიზნესი არ აღმოჩნდა მზად გამკლავებოდა ხანგრძლივ ფინანსურ კრიზისს. შემოსავლისა და მოგების გარეშე დარჩენილი კომპანიები იძულებული გახდნენ მატერიალური და ადამიანური კაპიტალის შესანარჩუნებლად ამოწურვადი ფინანსური რეზერვები გამოეყენებინათ. გამოიკვეთა თანამშრომლების დათხოვნის, მათი უხელფასო შვებულებაში გაშვებისა და ხელფასების შემცირების ტენდენციები. საპასუხოდ, კვალიფიციურმა კადრებმა უფრო სტაბილურ ინდუსტრიებში იწყეს გადასვლა.  (Samarathunga, 2020, 4). გარდა ამისა, ტურიზმში დასაქმებულ პირებს განვითარებული აქვთ სერვისის მიწოდების ისეთი უნარები (Sector-transferable skills), რაც მომსახურების სფეროს ფუნქციონირებად ნაწილში გადანაცვლებას სავსებით შესაძლებელს ხდის (Martins, Riordan, & Dolnicar 2020, 1-4). ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა შიგა მიგრაცია. საყოფაცხოვრებო ხარჯების შემცირების მიზნით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წარმოშობის ადგილს დაუბრუნდა და რეგიონული ეკონომიკის ნაწილი გახდა (Dogra, 2020). თუმცა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მთავრობისა და კერძო სექტორის ძალისხმევით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე პირები მომიჯნავე პროფილის კომპანიებში დაასაქმეს. ასეთი პოლიტიკა მოქალაქეებისთვის ფინანსური წნეხის შემსუბუქებასა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ემსახურება (Wyman 2020, 12-13). ერთადერთი მიდგომა, რომელიც ტურიზმის სექტორიდან სამუშაო ძალის გადინებას კონცეპტუალურ დონეზე ეწინააღმდეგება, შემდეგნაირია: გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიონალი კადრების ხელახლა დაქირავება უფრო მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვიდრე მიმდინარე პერიოდში მათი საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა. სასურველია ყურადღება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტურიზმში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გამახვილდეს (Kaushal & Srivastava 2021, 4-7). ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ტურიზმი ეტაპობრივად კარგავს მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას. დღეისათვის არსებულ აკადემიურ ნაშრომებში ინდუსტრიიდან წასული კადრების გადაწყვეტილებაზე მოქმედი მამოტივირებელი ფაქტორები გაანალიზების გარეშეა დარჩენილი, რაც პოსტკრიზისული მოვლენების პროგნოზირებასა და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

კვლევის შედეგები

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოზეც მეტნაკლებად, თანაბარწილად აისახება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ქვეყანაში არსებული სიტუაციის სიღრმისეული შესწავლა და ძირითადი ტენდენციების გამოკვეთა. 2019 წელს ტურიზმის ინდუსტრიაში ოფიციალურად 77384 ადამიანი იყო დასაქმებული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ მონაცემში არ შედის თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც იმავე წელს სამუშაო ძალის 44%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ტურიზმი 100 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. კვლევების მიხედვით კი, პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მათი რიცხვი 80%-ით შემცირდება (PMCG, 2020, 8). სტატიაში შემდეგი აბზაცები ხსენებული ინდუსტრიიდან წასული კვალიფიციური კადრების ფინანსური გამოწვევების, ტურიზმისადმი დამოკიდებულებებისა და სამსახურებრივ გადაწყვეტილებებზე მოქმედი ფაქტორების შესწავლასა და გაანალიზებას ეთმობა.

სიღრმისეული ინტერვიუების შედეგებზე დაყრდნობით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაანალიზდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გიდების უმეტესობამ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმება ისეთი მამოტივირებელი ფაქტორების გათვალისწინებით არჩია როგორიცაა: მაღალი ანაზღაურება, მრავალფეროვანი სამუშაო გარემო, საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა და სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ინტერესი. თვითგანსაზღვრის თეორიის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, რესპოდენტებმა Covid 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში არამხოლოდ სამსახური და შემოსავალი, არამედ რეალიზებისა და სანაცნობო წრის გაფართოების შესაძლებლობაც დაკარგეს. თეორიაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია კვალიფიციური კადრების გადინებისა და მოკლევადიან პერსპექტივაში მათი უკან დაბრუნების პრობლემის წინაშე დგას.

თვისებრივი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მუდმივი შემოსავლის დაკარგვის, გართულებული დასაქმებისა და პროდუქტებზე ფასების ზრდის პირობებში, გიდების სოციალური კეთილდღეობა მეტ-ნაკლებად გაუარესდა. გარდა ამისა, ვერ განახორციელეს 2020 წლის გეგმები, მაგალითად, უძრავი ან მოძრავი ქონების შეძენა, დანაზოგის შექმნა, უმაღლესი განათლების მიღება, პროფესიული კურსების გავლა, მოგზაურობა და სხვა. რესპოდენტების ნაწილს მძიმედ აწევს ისეთი საბანკო ვალდებულებები, როგორებიცაა სესხი და განვადება. ის პირები, რომლებიც სხვა სექტორში დასაქმდნენ, შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ და შესაბამისად, ფინანსურად ოჯახის სხვა წევრებზე არიან დამოკიდებულნი. ასევე შეინიშნება რეგიონებში დროებითი მიგრაციის ტენდენციაც. 

სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შემდეგ ათივე გამოკითხულმა რესპონდენტმა სამსახურის ძიება დაიწყო, თუმცა, მხოლოდ მათმა ნაწილმა მიაღწია მიზანს. ამ უკანასკნელთა დასაქმების ხელშემწყობი ფაქტორი ძირითადად უცხო ენის ცოდნა იყო. დღეისათვის ხსენებული გიდები კლიენტთა მომსახურების ცენტრის ოპერატორებად, უცხო ენის პედაგოგებად და თარჯიმნებად მუშაობენ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა ბიზნესი წამოიყო და მისმა ინვესტიციამ დამაკმაყოფილებელი შედეგი გამოიღო. ყველა მათგანი თანხმდება, რომ ამჟამად ბევრად ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე. მათ კი, ვინც სამსახურის დაწყება ვერ მოახერხა, დრო და ენერგია სწავლის გაგრძელებასა და ისეთი ახალი პროფესიების ათვისებას დაუთმეს, რაც ციფრულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, კარგი ანაზღაურების მიღების მიზნით, სამი თვით საზღვარგარეთ დასაქმების პრეცენდენტიც ფიქსირდება. ამ რესპონდენტის აზრით - საქართველოში მთელი წლის მანძილზე მიზერულ ხელფასზე მუშაობის სანაცვლოდ, საზღვარგარეთ 3 თვით მუშაობა ურჩევნია. შეიძლება ითქვას, რომ კვალიფიციური კადრები, სერვისის მიწოდების უნარებიდან გამომდინარე (Sector-transferable skills), უმეტესწილად მომსახურების სექტორში საქმდებიან.

 ტურიზმის აღორძინების პერსპექტივებზე მსჯელობისას რესპონდენტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიტუაცია ეტაპობრივად დასტაბილურდება, თუმცა, საწყის ეტაპზე გიდები აქტიურად ვერ დასაქმდებიან, რაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს მათ შემოსავლებსა და კარიერულ გადაწყვეტილებებზე. რამდენიმე რესპოდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ინდუსტრია პანდემიის დაწყებამდეც საკმაოდ მოწყვლადი იყო და ამ ფაქტორს მათთვის ხელი არ შეუშლია გიდის პროფესიით მრავალი წლის მანძილზე ემუშავათ. აქედან გამომდინარე, მათ დამოკიდებულებებზე გავლენას არა კრიზისის რაობა, არამედ ფინანსური სტაბილურობის აუცილებლობა ახდენს. გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთმა პირმა აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი სხვა სექტორში გრძელვადიანი სამსახურის მოძებნაა.

მოყვანილი პოზიტიური დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, 9 რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ დაუბრუნდება ტურიზმს, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება. მთავარ მამოტივირებელ ფაქტორებად კი კარგ შემოსავალსა და საინტერესო სამუშაო გარემოს ასახელებენ. გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა სექტორში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაინაცვლებენ, თუ მაღალანაზღაურებად და შედარებით სტაბილურ სამსახურს მოძებნიან. 

სიღრმისეული ინტერვიუებიდან მიღებულმა შედეგებმა საფუძველი შეამზადა რაოდენობრივი კვლევისთვის. რეპრეზენტატულობის დაცვის მიზნით  სულ გამოიკითხა სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული 96 გიდი და თითოეულმა მათგანმა პირნათლად შეავსო მიღებული ანკეტა. რესპონდენტთა 84%-მა, ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ახალი სამსახურის დაწყება სცადა, თუმცა, დასახულ მიზანს მხოლოდ 75%-მა მიაღწია. საყურადღებოა, რომ გიდები კვლავ მომსახურების სფეროში დარჩნენ და დღეისათვის ისეთ სამსახურებრივ პოზიციებს იკავებენ როგორიცაა: პედაგოგი, კლიენტთა მომსახურების ოფიცერი, სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი, მთარგმნელი, მენეჯერი, ჟურნალისტი და სხვა. კვლევის შედეგების მიხედვით შევადგინეთ დასაქმებულ რესპონდენტთა სამსახურებრივი განაწილების დიაგრამა (იხ. დიაგრამა1).

დასაქმებულ რესპონდენტთა სამსახურეობრივი განაწილება                                                                                            დიაგრამა 1

 

მონაცემთა გაანალიზებით დადგინდა, რომ დასაქმებულ რესპონდენტთა ნაწილი ამჟამინდელ ანაზღაურებასა და სამუშაო გარემოს მეტ-ნაკლებად პოზიტიურად აფასებს (იხ. ცხრილი).

ანაზღაურებითა და სამუშაო გარემოთი კმაყოფილების დონე 

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე გიდებმა გარკვეული სახის სოციალურ და ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიეს. აღნიშნული ფაქტისა და თვითგანსაზღვრის თეორიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით ნაკლებ სავარაუდოა, რომ კვალიფიციურმა კადრებმა მოკლევადიან პერსპექტივაში ტურიზმის ინდუსტრიაში გადმოინაცვლონ. თუმცა რაოდენობრივი კვლევის მონაცემები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. დასაქმებულ რესპონდენტთა 97% მზად არის, ტურიზმის ამოქმედების შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდეს გიდის საქმიანობას. მოცემულ სიტუაციაში მათ გადაწყვეტილებას თანაბარი გავლენის მქონე ისეთი ფაქტორები განსაზღვრავს როგორიცაა: ანაზღაურება, სამუშაო გარემო, პროფესიული რეალიზების შესაძლებლობა, უცხო კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ინტერესი და საქართველოში მოგზაურობის სურვილი (იხ. დიაგრამა 2.).

სამსახურებრივ გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორების გავლენა (%)

დიაგრამა 2

საყურადღებოა, რომ დასაქმებულ რესპონდენტთა 3%-მა ტურიზმის ინდუსტრიაში დაბრუნებაზე უარი არაპროგნოზირებადი სიტუაციისა და თავიანთი კარიერული გეგმების ძირეული ცვლილებების გამო განაცხადეს.

კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა რესპონდენტთა მოლოდინები ტურიზმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. პირები, რომლებიც თანახმა არიან დაუბრუნდნენ გიდის საქმიანობას, გადაწყვეტილებას ტურიზმის ამოქმედებისთანავე (86%) ან ერთი ტურისტული სეზონის გასვლის შემდეგ (14%) მიიღებენ. საყურადღებოა, რომ ამ უკანასკნელთა 46% ამჟამინდელ სამსახურში მუშაობას შემდეგი 6 თვის, ხოლო 34% შემდეგი 1 წლის განმავლობაში აპირებს. დანარჩენ რესპონდენტებს კარიერული განვითარების შედარებით გრძელვადიანი გეგმები აქვთ. ზემოთ მოყვანილი ფაქტორების კომბინირებული გაანალიზებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამუშაოდ სხვა ინდუსტრიებში გადასული გიდების მოსაზრებით, ტურიზმი 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში ამოქმედდება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე.

დასკვნა

COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უმეტესობამ სამსახური დაკარგა და ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა, სერვისის მიწოდების უნარებისა (Sector-transferable skills) და უცხო ენის პროფესიონალურ დონეზე ფლობის შედეგად გიდების 61%-მა მალევე შეძლო სამსახურის დაწყება და მათი დიდი ნაწილი დღეისათვის სტაბილურ შემოსავალს იღებს. ერთი შეხედვით, ტურიზმი სამუშაო ძალის გარეშეა დარჩენილი, თუმცა, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მისი ამოქმედებისთანავე კვალიფიციური კადრები კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ პანდემიამდელ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ჰიპოთეზა - პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების საწყის ეტაპზე ქართულ ტუროპერატორებს კვალიფიციური კადრების დაქირავების პრობლემა შეექმნებათ - არ დასტურდება.

ტურიზმის ინდუსტრიის სამუშაო ძალის სექტორული გადანაცვლების მხრივ, საქართველოში ერთ-ერთი საერთაშორისო მოდელი მოქმედებს. ამ უკანასკნელის თანახმად მთელ რიგ ქვეყნებში მოქალაქეებისთვის ფინანსურის წნეხის შემსუბუქებისა და მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები მომიჯნავე სფეროებში მათ პროფესიებთან თავსებად პოზიციებზე გადაანაწილეს. განმასხვავებელი ფაქტორი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული საკითხი შრომითმა ბაზარმა ხელისუფლებისა და კერძო სექტორის შეთანხმებული მოქმედების გარეშე დაარეგულირა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ გიდების დიდი ნაწილი ტურიზმის ამოქმედებას 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში ვარაუდობს და მათი ამჟამინდელი სამსახურებრივი გეგმებიც სწორედ ამ პროგნოზებზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, მოვლენების პოზიტიური სცენარით წარმართვის შემთხვევაში, ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრები ეტაპობრივად დაბრუნდებიან. სასურველია ზემოთ ხსენებული პროცესი, საქართველოში ჩამოსული მოგზაურების რიცხვის ზრდის ფონზე წარიმართოს, რაც თავიდან აგვარიდებს სამუშაო ძალის გადაჭარბებული მიწოდებას და შესაბამისად გიდის ანაზღაურების მკვეთრ შემცირებას.

ამჟამად საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია, ფაქტობრივად, სრულიად გაჩერებულია და მრავალ გამოწვევას აწყდება, თუმცა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში კვალიფიციური კადრების მოძიება მათ რიცხვში არ შედის.

ლიტერატურა: