English / ქართული /








Journal number 2 ∘ Paata KoguashviliDavid Mamukelashvili
Economic Mechanism of Entrepreneurial Development of the Population in the Regions of Georgia

Based on the experience of both Georgian and different countries in coordinating and supporting financial mechanisms for the development of the cooperative sector, it is possible to clearly define the main: the task cannot be solved empirically without considering the theoretical and methodological aspects of the problems and preparing appropriate foundations which is related to the creation of conceptual foundations of organizational-economic and financial mechanisms of development, qualitative changes in the financial environment, improvement of the investment environment, capitalization of labor and material resources, and balancing the economic interests of the state and the private sector, which is most effectively possible with the active support of the development of the cooperative system of entrepreneurial activities.

Inadequate assessment of the importance of transformation in cooperative relations, insufficient understanding that the development of cooperation in the agricultural sector is the most important direction of state reforms and transformations; refraining from taking effective measures in this regard and sharing the rich experience of the countries with successful economies creates serious problems that negatively affect the effectiveness of rural and agricultural support measures, the effectiveness of investment capital, weakens the potential for efficient use of financial resources and make it virtually impossible to effectively use and capitalize assets.

 The purpose of the cooperative agro-credit system is to increase the efficiency of labor and material resources of its members. It is achieved through preferential and simplified lending terms, low interest rates and joint and joint liability. The experience of many developed economies proves that in a country like Georgia, it is practically impossible to succeed in the formation of this system without the support of the state. The introduction of progressive approaches focused on inclusive development in state support and regulation creates economic conditions for overcoming the obstacles that hinder the transformation of the agrarian sector into expanded systems of financial relations.

Keywords: Socio-economic situation, anti-crisis measures, agricultural cooperation, entrepreneurial activation, manufacturing industry, cooperative agro-credit system.

JEL Codes: L26, Q10, Q13, Q14      

References:

  • Papava V. (2018) “ratom ver aghikvams dadebitad sakartvelos mosakhleoba ekonomikur zrdas” [“Why the population of Georgia does not perceive economic growth positively.”  Georgian Foundation for Strategic and International Studies.] In Georgian
  • https://www.gfsis.org/ge/blog/view/888, 30.11.2018.
  • Papava V. (2009) sigharibis shemtsireba kerdzo sektoris ganvitarebis gzit [Poverty reduction through private sector development. Georgian Academy of Economic Sciences, Scientific works 7, Publishing Company "Novelty" 2009, p. 20 – 41.] In Georgian
  • CHAMARU DE ALWIS . The New Mechanism for the Performance Evaluation of Cooperatives, Advances in Finance and Accounting. April 2007;
  • Koguashvili P.,  Mamukelashvili D. (2019).  sasoplo-sameurneo kooperatsiis ganvitarebis gamotsdileba msoplios skhvadaskhva kveq’anashi [Agricultural Cooperative Development Trends in Different Countries of the World. “Economics and business” N 2.]  In Georgian 
  • Koguashvili P., Mamukelashvili D., Ramishvili B. (2019). kooperatsiuli shidasatsarmoo urtiertobebi -- sasoplo-sameurneo kooperativis sitsotskhlisunarianobis sapudzveli. [Cooperative Domestic Production Relationships – The Basis for Agricultural Cooperative Viability. “Economics and Business” N1. pp.70-81.] In Georgian
  • Rosenquist B. (2016) Potential Assessment Report of the Agricultural Cooperatives Development Agency, EU Neighborhood Partnership Program for Agriculture and Rural Development (ENPARD), Europe Aid / 136454 / DH / SER / GE. January 2016.

საქართველოს რეგიონებში  მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური მექანიზმი

ნაშრომში განხილულია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების  ძირითადი მოტივები, წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და გაძლიერებული მიგრაციის გამომწვევი მიზეზების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციული მოწყობის ანალიზი. საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და წარმატებული ქვეყნების გამოცდილების ანალიზით დასაბუთებულია, რომ მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე უკეთ შესაძლებელია კოოპერაციული სექტორის აქტიური მხარდაჭერით, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის რეგიონებში გასატარებელ რეფორმებზე და კოოპერაციის მრავალმხრივი ფორმების გამოყენებით მოგვცემს მოსახლეობის მასობრივი დასაქმების და ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიური ზრდის საშუალებას. დასაბუთებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განსაკუთრებული და შეუცვლელი მნიშვნელობა სოფლად სიღარიბის დაძლევის, მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურების და ჯანსაღი საშუალო ფენის ფორმირების რთული პროცესის განხორციელებაში. ახლებურადაა გააზრებული გადამმუშავებელი მრეწველობის, როგორც დამატებული ღირებულების ძირითადი შემქმნელის, გავლენა კოოპერატივის მეპაიეთა შემოსავლებზე და დასაბუთებულია კოოპერატივის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასა და გადამუშავებას შორის ორგანული ურთიერთკავშირის ეფექტიანობა. გაანალიზებულია ფინანსური რესურსების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემები და დასაბუთებულია კოოპორაციული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირების აუცილებლობა.

საკვანძო სიტყვები: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ანტიკრიზისული   ღონისძიებები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, სამეწარმეო გააქტიურება, გადამამუშავებელი მრეწველობა, კოოპორაციული აგროსაკრედიტო სისტემა,

  JEL Codes: L26, Q10, Q13, Q14

შესავალი

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამომდინარე, აუცილებელია ვუპასუხოთ გამოწვევებს საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით, რაც უნდა გახდეს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი. შესაბამისად, ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგის ისეთი ორგანიზაციული მოწყობის შესაბამისად, რომელიც თავსებადი იქნება გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან. ანუ   აუცილებელია ისეთი რადიკალური სისტემური ცვლილებები, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებზეა დაფუძნებული და რომელიც განაპირობებს სოფლად, განსაკუთრებით მთის დასახლებებში მოსახლეობის მასობრივ დასაქმებას, ადგილებზე ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარების საფუძვლების და გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული სამეწარმეო განვითარების გარემოს ფორმირებას.

დღეისათვის საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანია. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, საქართველოში მიწით  მოსარგებლეთა 75% ფლობს ერთ ჰა–ზე ნაკლებ მიწის ფართობს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია დანაწევრებული ნაკვეთების სახით – 1-დან 5 ჰა-მდე მიწის ფართობს ფლობს მიწით მოსარგებლეთა 23%.

საქართველოში გატარებული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პოლიტიკა არ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე, რაც გამოწვეულია განვითარების  ინკლუზიური ფორმების უგულვებელყოფით.  ინკლუზიური განვითარების სტაგნაცია, თავის მხრივ, გახდა საქართველოში სიღარიბის და სოციალური პოლარიზაციის მაღალი დონის განმაპირობებელი, რაც აისახება ჯინის (სოციალური უთანასწორობის) ინდექსში (0.40), რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც კი, ყველაზე მაღალია რუსეთის შემდეგ. ასეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემო განაპირობებს სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის მაღალ დონეს. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა, 2002 წელთან შედარებით, 34%-ით იყო შემცირებული. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კლების დონე კიდევ უფრო მაღალი იყო (დაახლობეით 60% – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და 54% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში). „იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა მეტ-ნაკლებად დადებითად აისახოს ადამიანების კეთილდღეობაზე, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკა გადავიდეს ინკლუზიური ზრდის მოდელზე, რომელიც მოითხოვს ადამიანების მეტ ჩართულობას წარმოებაში და რომელზე აქცენტიც სწორად იყო გაკეთებული დოკუმენტში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020“.  (პაპავა, 2018, 4).

დარგის აღნიშნული მეტად რთული, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა, შესაბამისი ეფექტიანი  მექანიზმების აქტიური ამოქმედების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ქმედუნარიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელია კატეგორიულად განისაზღვროს, რომ არსებულ ეტაპზე სოფლის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალურობის პრობლემას და სახელმწიფო პოლიტიკა უპირატესად უნდა ეყრდნობოდეს სწორედ  ამ მოცემულობას.

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კერძო სექტორის განვითარების გარეშე, შეუძლებელია. სწორედ კერძო სექტორის განვითარება უწყობს ხელს როგორც დასაქმების ასევე, დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას და ამ გზით სიღარიბის შემცირებას. ამ კონტექსტით უნდა იქნეს განხილული “სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული ზრდის” (ProPoor Growth) მიდგომა, რომელიც ბოლო ხანებში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მიდგომის თანახმად სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებულ ზრდას აქვს ორი გაგება – აბსოლუტური და ფარდობითი. პირველის თანახმად, ღარიბთა შემოსავლები უნდა იზრდებოდეს, მეორეს თანახმად კი, ღარიბთა შემოსავლები უნდა იზრდებოდეს უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალო შემოსავლები. ამგვარი ზრდა კი სწორედ კერძო სექტორის განვითარების ისეთი გზით მიიღწევა, სადაც სულ უფრო მეტ ღარიბს ეძლევა საშუალება დასაქმდეს და საკუთარი შრომით გაიუმჯებესოს თავისი და მისი ოჯახის პირობები“ (პაპავა, 2009, 21).

კოოპერაცია - სოფლად კრიზისების დაძლევის ეფექტიანი მექანიზმი

საზოგადოების ნორმალური განვითარებისათვის გადამწყვეტი როლი ეკისრება საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი დონის უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ამისთვის აუცილებელია ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, რათა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის ინკლუზიური ფორმების გამოყენებით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვანი მდგენელის -  კოოპერაციული სექტორის განვითარების აუცილებლობას.

სწორედ კოოპერაციულ პროექტებს გააჩნია სიცოცხლისუნარიანობის და მდგრადობის საფუძველი, რასაც  ეკონომიკურ თვითმმართველობასთან ერთად, წარმოების კონცენტრაციის მაღალი დონე განაპირობებს. თანამედროვე პირობებში მხოლოდ მასშტაბური წარმოებით (თვითღირებულების შემცირებით, ერთიან საწარმოო ციკლში დამატებული ღირებულების გენერირებით, ბაზრის სეგმენტებზე მუდმივი, ეფექტიანი და არა იმპულსური ოპერირებით) არის შესაძლებელი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გარკვეული ნაწილის აკუმულირება (დაგროვება) კვლავწარმოებაზე, რის გარეშე სამეურნეო სისტემის განვითარება და თანმდევი ეფექტების მიღწევა შეუძლებელია.  სწორედ ამიტომ, კოოპერაციულ პროექტებს გააჩნია რეალური სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ობიექტური საფუძვლები. ამ მოდელის უპირატესობაა მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების  კომპლექსური ხასიათი, რაც იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას. „კოოპერაციული პრინციპები არის სახელმძღვანელო მითითებები საქმიანობის წარმატებისთვის. ისინი ქმნიან ხიდს ფასეულობებსა და წევრების მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილებას შორის, რაც აძლიერებს განვითარების პროცესს.“ ([3], CHAMARU DE ALWIS, 2007, გვ. 22).

კოოპერაციული სექტორის განვითარების კოორდინირების და მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალსახად განისაზღვროს მთავარი: დასმული ამოცანის გადაწყვეტა არ შეიძლება ემპირიულად, პრობლემათა თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტების გათვალისწინების და სათანადო საფუძვლების მომზადების გარეშე, რაც დაკავშირებულია განვითარების ორგანიზაციულ-ეკონომიკური და ფინანსური მექანიზმების კონცეპტუალური საფუძვლების შექმნასთან, საფინანსო გარემოს თვისებრივ ცვლილებებთან, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან, შრომითი და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაციასა და სახელმწიფოს და კერძო სექტორის ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებასთან, რაც ყველაზე ეფექტიანად სამეწარმეო საქმიანობის კოოპერაციული სისტემის განვითარების აქტიური მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენ მიერ განხორციელებულია შემდეგი აქტივობები:

  • შემუშავებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფორმირების მეთოდური ინსტრუმენტები, საკუთრებითი ფორმების ინტეგრირების საფუძველზე;
  • შეფასებულია თანამედროვე კოოპერაციული სისტემების და ურთიერთობების განვითარების ტენდენციები, რისთვისაც შესწავლილი იქნა საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება, ამ პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის ფორმების და მეთოდების ანალიზით;
  • დასაბუთებულია კოოპერაციული სისტემის კონკურენტული უპირატესობა სხვა სამეწარმეო ფორმებთან მიმართებით, სამეურნეო სუბიექტების საკუთრებითი რესურსების გამსხვილების და ვერტიკალურად ინტეგრირებული კოოპერაციული სისტემის ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე;
  • შემუშავებულია კოოპერაციული სისტემის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის რეგულირების მოდელი და ფინანსური მექანიზმის მართვის სტრუქტურა;
  • სისტემატიზებულია სახელმწიფო ფინანსების მართვის პრობლემები და განხილულია საგადასახადო პოლიტიკის რაციონალიზაციის თავისებურებები.

   საქართველოსთვის, დღეისათვის არსებული პირობების ადეკვატურად, აუცილებელია იმ მდიდარი გამოცდილების გაზიარება, რომელიც კარგად არის აპრობირებული წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებში. ნიშანდობლივია, რომ ამ ქვეყნებმა მწვავე კრიზისების დაძლევის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ კოოპერაციული სისტემის განვითარება მიიჩნიეს. მაგალითად, „იაპონიის კოოპერაციულმა სისტემამ გამოავლინა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა. 1947 წელს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ კანონის მიღების შედეგად და იაპონიის იმპერატორის განკარგულებით, სოფლის მთელი მოსახლეობა ავტომატურად ჩაერთო კოოპერაციულ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც მთავრობამ მოახდინა ახალი აგრარული პოლიტიკის გატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე პერიოდში იაპონიის ფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში.“ (კოღუაშვილი, მამუკელაშვილი, 2019, 56).  უაღრესად მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ისრაელმა, სწორედ კოოპერაციული სისტემით შეძლო შეექმნა ცოდნის ეკონომიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემა. სწორედ კოოპერაციული სისტემით მიაღწია ჰოლანდიამ, გამხდარიყო მსოფლიოში ერთერთი ლიდერი რძის პროდუქტების ექსპორტით. საქართველოზე გაცილებით მწირი რესურსების მქონე სომხეთმა, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნით, მოახერხა ის, რომ ჩვენზე მაღალი აქვს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები (განსაკუთრებით ხორბლის წარმოებაში) და თავის სოფლის  მეურნეობის პროდუქციას - ხილი, ბოსტნეული და ყურძენიც კი, საქართველოს ბაზრებზეც ყიდის.

   ბოლო, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მომხდარმა ეკონომიკურმა პროცესებმა ნათლად გამოააშკარავა ის საკითხები, რომელიც უკავშირდება აგროსექტორის მიმართ არასწორ, ხშირ შემთხვევაში უკუშედეგების გამომწვევ პოლიტიკას. კერძოდ:

  • XX ს. 90-იანი წლებიდან ფაქტობრივად თვითდინებაზე იქნა მიშვებული აგრარული სექტორის განვითარება. სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებამ სტიქიური ხასიათი მიიღო.  ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებული იყო საფინანსო და ვაჭრობის სფეროებზე და მთლიანად ჩამოცილდა წარმოების ინდუსტრიულ განვითარებას და ტექნიკურ-ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას;
  • უგულვებელყოფილი იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციული მოწყობის მნიშვნელობა და ორგანიზაციული ფორმების დიფერენცირება რეგიონების მიხედვით;
  • არ ხდებოდა ინტეგრირებული სისტემების - ერთიანი საწარმოო ციკლის სტიმულირება. სახელმწიფო მხარდაჭერა ხორციელდებოდა უსისტემოდ, სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ სექტორზე ცალცალკე. გავრცელებული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებზე შუამავლების და შპს-ს ტიპის გადამამუშავებელი საწარმოების დისკრიმინაციული გავლენები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სიღრმისეულ გააზრებას და ახლებურ ხედვას საჭიროებს გადამმუშავებელი მრეწველობის, როგორც ძირითადი დამატებული ღირებულების  შემქმნელის მნიშვნელობა,  რადგან არსებითია, თუ ვისი შემოსავლების ზრდას ემსახურება პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული დამატებული ღირებულება და რა შედეგი მოაქვს ამ საკითხის მიმართ გაუაზრებელ პოლიტიკას ან საერთოდ პოლიტიკის არარსებობას. დღეს სოფლის მოსახლეობის მიერ წარმოებული პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვა ხდება იმ ფასებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს  ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი და რომელსაც მათ კარნახობს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული საშუამავლო ორგანიზაციები და    შპს-ს ტიპის გადამამუშავებელი საწარმოები. ცხადია, ასეთი მიდგომა საფუძველშივე ეწინააღმდეგება სოფლის მოსახლეობის ინტერესებს და მათთვის მხოლოდ უკუშედეგის მომტანია, რადგან ეკონომიკური პროცესი მიმართულია არა აგრომწარმოებლების ინტერესებზე, არმედ შუამავლების და გადამამუშავებელ საწარმოთა (ძირითადად შპს-ს ტიპის) მეპატრონეების გამდიდრებაზე. აგროწარმოების ყოველგვარი სიკეთე პრაქტიკულად დახურულია მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ხმარდება მხოლოდ მცირერიცხოვანი კონტიგენტის კიდევ უფრო გამდიდრებას, აგრომწარმოებლების ინტერესების დისკრიმინაციის ხარჯზე.

შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა სამეწარმეო ფორმების განვითარებას, რა თქმა უნდა, თავისი ადგილი გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ როცა არსებობს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების სხვა, უფრო ძლიერი ეკონომიკური და სოციალური მოტივები და მით უმეტეს პროგრამები, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების მრავალრიცხოვანი წევრების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი იგნორირება ან მოაზრება კერძო ბიზნეს-პროექტების პარიტეტულ რანგში, წარმოადგენს არამხოლოდ სერიოზულ მეთოდოლოგიურ, არამედ პოლიტიკურ შეცდომასაც.

გადამამუშავებელი მრეწველობა, როგორც ერთიან საწარმოო ციკლში დამატებითი ღირებულების გენერირების ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ვერტიკალურად ინტეგრირებულ კოოპერაციულ საწარმოში, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მოახდენენ საკუთარი პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შენახვის და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის ორგანიზებას და დამატებული ღირებულების გენერირებას, სადაც ეს ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და ისინი მიიღებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან. აქედან გამომდინარე, მოხდება მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი ზრდა, რაც თავის მხრივ, განაპირობებს უმნიშვნელოვანეს შედეგებს: მასშტაბური წარმოება, კვალიფიციური მენეჯმენტი, პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, სარეალიზაციო სეგმენტებზე წარმატებული ოპერირება, სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანა, სასოფლო-სამეურნეო დარგების ინტენსიური და ბალანსირებული განვითარება და სოფლად მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, სადაც ინვესტირების მოცულობა ერთ დასაქმებულ პირზე გაანგარიშებით გაცილებით ნაკლებია სხვა ტიპის  ბიზნესპროექტებში ერთ დასაქმებულ პირზე ინვესტირებული ფინანსური სახსრების მოცულობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდელი კოოპერაციის პროცესში ჩართულ მოსახლეობას  საშუალებას აძლევს არ დარჩეს მხოლოდ ნედლეულის მწარმოებლად სხვა სამეწარმეო სუბიექტებისთვის და პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის  ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნით, ანუ ვერტიკალური ინტეგრაციის ფორმის გამოყენებით, მიიღოს მაქსიმალური უკუგება საკუთარი სამეურნეო საქმიანობიდან.

 „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გააჩნია რიგი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები, რაც ძირითადად მათ შიდასაწარმოო ურთიერთობებში ვლინდება. კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები - წესების კრებულია, რომლითაც შესაძლებელია კოოპერატივმა შეინარჩუნოს ძირითადი არსი (ინდენტობა), რომელიც მას არსებითად განასხვავებს მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისგან (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა). კერძოდ, კოოპერატივისთვის დამახასიათებელ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მისი წევრების შრომითი რესურსების უკუგების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის (განსაკუთრებით წვრილი მიწათ-მოსარგებლებისთვის) და არა საპაიო ფონდში შეტანილი მატერიალური სახსრებით დივიდენდების მიღება.“ (კოღუაშვილი, მამუკელაშვილი, რამიშვილი,  2019, 71).

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური თვალსაზრისით, ინვესტირება კოოპერაციულ სექტორში გაცილებით უფრო ქმედითუნარიანია, ვიდრე ინვესტირება სხვა სამეწარმეო ფორმებში, რადგან მაგალითად შპს-ში სამეწარმეო საქმიანობას  ეწევა და იღებს მაქსიმალურ უკუგებას ერთი ან რამდენიმე პირი, როცა კოოპერატივის ფარგლებში იგივე მოცულობით  ინვესტირების შემთხვევაში, მაღალი უკუგების მიმღები შეიძლება გახდეს ასობით ადამიანი. ეს პოზიცია არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ეკონომიკურ პროექტებში სოციალური საკითხის წამოწევით რამდენადმე იზღუდებოდეს სამეურნეო სისტემის განვითარების წმინდა ეკონომიკური ასპექტი. პირიქით, სწორედ ასეთი ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედება იძლევა მატერიალური დოვლათის განაწილების ორი ძირითადი პრინციპის - ეკონომიკურისა და ეთიკურის, ოპტიმალური სინთეზის საშუალებას.

კოოპერაციულ ურთიერთობებზე ტრანსფორმაციის მნიშვნელობის არასათანადო შეფასება,       არასაკმარისი გაცნობიერება იმისა, რომ აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თავის შეკავება ამ კუთხით ადეკვატური ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარებისაგან, ქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისახება სოფლის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ღონისძიებების ეფექტიანობაზე, საინვესტიციო კაპიტალის ქმედურანობაზე, ასუსტებს საფინანსო რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოტენციურ შესაძლებლობებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის აქტივების ეფექტიან გამოყენებას და კაპიტალიზაციას.

მიმდინარე პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, სათემო კოოპერატივებს პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. მისი ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში, წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთი ტერიტორიული გავრცელების ნიშნით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო (სათემო) კოოპერატივები ქმნიან კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივი ჩართულობის პირობებს, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეკონომიკური ეფექტის გამოყენება და ამასთან ერთად - ადგილებზე მოსახლეობის რეალური სამეწარმეო შესაძლებლობების გამოკვეთა და კაპიტალიზაცია, რასაც ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სათემო ტრადიციები, მათ შორის საწარმოო ურთიერთობები, ოდითგანვე გავრცელებული იყო საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში.

კოოპორაციული  აგროსაკრედიტო  სისტემა

მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურებისა და განვითარების ერთერთ აუცილებელ პირობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ახლადშექმნილ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და გლეხობის აბსოლუტურ უმრავლესობას, კომერციული კრედიტის საგარანტიო უზრუნველყოფის დეფიციტის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, სამეწარმეო საქმიანობის მრავალმხრივი სპეციფიკის ცოდნის დაბალი დონით და მაღალ სამეწარმეო რისკებთან დაკავშირებული სხვა ფაქტორების გამო, პრაქტიკულად არ გააჩნიათ პერსპექტივა დააკმაყოფილონ კომერციული ბანკების მოთხოვნები. ამიტომ, მიმდინარე პერიოდში სოფლის მოსახლეობის კრედიტებით უზრუნველყოფისათვის კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

კოოპერაციული ორგანიზაციების მართვის ფინანსური მექანიზმი არსებითად განსხვავებულია სხვა სამეწარმეო ფორმების ფინანსური მექანიზმისგან. ეს განსხვავება ძირითადად ეხება აქტივების შემადგენლობას და სტრუქტურას, რადგან მისი ქონებრივი კომპლექსი დიდად არის დამოკიდებული არამატერიალურ აქტივებზე, რომელიც უპირატესად ორიენტირებულია შრომითი რესურსის კაპიტალიზაციის ფაქტორზე.  

კოოპორაციული  აგროსაკრედიტო  სისტემის დანიშნულებაა მისი წევრების  შრომითი და მატერიალური რესურსების  ეფექტიანობის ზრდა, რაც მიიღწევა დაკრედიტების შეღავათიანი და გამარტივებული პირობებით, მცირე საპროცენტო განაკვეთით და სოლიდარული პასუხისმგებლობით.  განვითარებული ეკონომიკის არაერთი ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ სისტემის ფორმირების პროცესში (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) წარმატების მიღწევა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. სახელმწიფო მხარდაჭერასა და რეგულირებაში ინკლუზიურ განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესული მიდგომების დანერგვა ქმნის ეკონომიკურ პირობებს იმ წინააღმდეგობათა გადალახვისათვის, რაც აფერხებს აგრარული სექტორის ტრანსფორმაციას საფინანსო ურთიერთობების გაფართოებულ სისტემებზე.

საქართველოში კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის შესაქმნელად გასატარებელია მასშტაბური ცენტრალიზებული ღონისძიებები, რაც უპირველეს ყოვლისა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის შექმნასთან არის დაკავშირებული, რადგან ასიათასობით მცირემიწიანი მეურნის სახელმწიფო მხარდაჭერა ინდივიდუალურად, დაკავშირებულია რთულ, პრაქტიკულად გადაუჭრელ ორგანიზაციულ საკითხებთან, დიდ საბიუჯეტო ხარჯებსა და მაღალ რისკებთან. ასეთ პირობებში, მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სახელმწიფო მხარდაჭერის ორგანიზებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

კოოპორაციული აგროსაკრედიტო სისტემა აგრარულ სექტორში ძირითადი ფონდების რეკაპიტალიზაციის მიზანმიმართული პოლიტიკის მექანიზმია, რომლის დანიშნულებაა მისი წევრების შრომითი და მატერიალური რესურსების ეფექტიანობის ზრდა. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის მთავარი კომპონენტი ძირითადად წარმოდგენილია კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის სახით, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ამ სისტემას საკრედიტო კავშირები ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკრედიტო განყოფილებები ქმნიან. კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს როგორც სესხის ინსტრუმენტებს, ასევე თავდებობის ფუნქციას. ასეთ სესხს გააჩნია კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო დაბალი საგარანტიო უზრუნველყოფის მოთხოვნილება და უფრო გრძელი დაფარვის ვადა, გადახდები კი, როგორც წესი, მიბმულია დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობასთან.

კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის ფორმირებაში გამოყენებულ უნდა იქნეს „ქვემოდან-ზემოთ“ კოოპერაციული მეთოდი, რითაც ის წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, დაამყარებს წონასწორობას ქვემოდან ინიცირებასა და ზემოდან კონტროლს შორის, კოოპერაციული საფუძვლებისა და მაღალპროფესიული საბანკო საქმის წარმოების თავიდანვე დანერგვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

კოოპორაციული  აგროსაკრედიტო  სისტემა  გამოირჩევა სპეციფიკური თავისებურებებით და მისი წარმატება განპირობებულია უშუალოდ ამ სისტემისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნებით, როგორიცაა:

  • ორი სფეროს: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციიის და საბანკო საქმის საუკეთესო პრაქტიკის ერთ სისტემაში გამოყენების შესაძლებლობა;
  • კრედიტების გაცემა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და აგრო-სამრეწველო დანიშნულებით;
  • დაბალი საპროცენტო განაკვეთი საგარანტიო უზრუნველყოფის გარეშე;
  • ორიენტირება საშუალო და გრძელვადიან კრედიტებზე;
  • მოგების რეინვესტირება ბანკის რეზერვებში, რაც პერმანენტულად ზრდის ბანკის კაპიტალს;
  • საკრედიტო მომსახურების ეტაპობრივი დივერსიფიცირება;
  • კრედიტების გაცემის გამარტივებული პროცედურები.

მიმდინარე პერიოდში მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომელიც დღეს საქართველოში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, მხოლოდ კოოპერაციული სისტემის დამკვიდრებით არის შესაძლებელი მათი სამეწარმეო განვითარება, სოფლად შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ფორმების დამკვიდრება, რასაც ავტომატურად მოსდევს სინერგიული ეფექტი - ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული თვითმმართველობის და   განათლების კომპონენტების ერთობლიობის საფუძველზე. სამეწარმეო საქმიანობის კოოპერაციული მოდელი, კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობათა წესები და მეპაიეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას და წარმოადგენს სამეწარმეო რისკების შემცირების განმსაზღვრელ ფაქტორს, რაც თავის მხრივ, განაპირობებს საბანკო კრედიტის გაიოლებული ფორმით გაცემის შესაძლებლობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეები კარგად იცნობენ ერთმანეთის საქმიანობას  და სოლიდარული პასუხისმგებლობის პრნციპიდან გამომდინარე, თავად ახდენენ ზეწოლას უპასუხისმგებლო მეპაიეებზე. ამგვარად, კოოპერაციული სისტემა ქმნის სოლიდარული პასუხისმგებლობის ძლიერ ფუნდამენტს, რაც განაპირობებს ვალდებულებების დაფარვის მაღალ მაჩვენებელს. „კოოპერაციული საბანკო სისტემის განვითარების ერთერთი მთავარი ფაქტორია ადგილობრივი პირობების და პოტენციური კლიენეტების კარგი ცოდნა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“ ( როზენქვისტი, 2016, 25).

ასეთი ფორმით შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში უშუალოდ ჩართული მოსახლეობის შეღავათიანი კრედიტებით უზრუნველყოფის კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემა, ერთი მხრივ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის და მეორე მხრივ, კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის მიერ, რადგან არსებულ პირობებში მხოლოდ მათი ორგანული ტანდემი განაპირობებს თითოეული მათგანის არსებობის მიზანშეწონილობას და წარმატებას. შესაბამისად, მათი არსებობა ცალცალკე, მოკლებულია ობიექტურ საფუძველს.

დასკვნა 

საქართველოს საწარმოო თავისებურებისა და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების ანალიზით დასაბუთებულია, რომ აუცილებელია ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება უშუალოდ პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების ინტერესებზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესწევთ უნარი უზრუნველყონ ცხოვრების მაღალი სტანდარტები, მოსახლეობის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლად მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურების, სწრაფი ეკონომიკური ზრდის, კრიზისების გადალახვის, სიღარიბის დაძლევის, მიგრაციის შეჩერების და ჯანსაღი საშუალო ფენის ფორმირების რთული პროცესის განხორციელებაში.

კოოპერაცია პრაქტიკულად წარმოადგენს არსებული არაეფექტიანი ეკონომიკური ფორმის შეცვლის მექანიზმს, დიამეტრალურად განსხვავებული ეფექტიანი ორგანიზაციული მოწყობით, ანუ რეფორმას, რომლის მიზანია მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება და ინკლუზიური ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარება. საკითხი ეხება აგრარულ სექტორში კომპლექსური ხასიათის მქონე ახალი პოლიტიკის გატარებას, რაც უზრუნველყოფს მისი ყველა ფუნქციის ბალანსს და იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, როგორც ორგანიზაციული ფორმის ინდენტობის განმსაზღვრელ მთავარ კომპონენტს, რადგან მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, მხოლოდ კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების წესების დანერგვით იქმნება სოფლად ჯანსაღი ეკონომიკური გარემო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უშუალოდ ჩართული მოსახლეობის სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანას და შრომის უკუგების მაღალ ხარისხს  განაპირობებს.

ქართული სოფლის მომავალი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად იქნება გაანალიზებული და შეფასებული ძირეული პრობლემები, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მისი განვითარების პროგრესული ხედვების ჩამოყალიბება და სათანადო პოლიტიკის შემუშავება. აუცილებელია, ადევატურად იყოს გააზრებული ქვეყნის განვითარებაზე კოოპერაციული სისტემის განსაკუთრებული გავლენა. აშკარაა, რომ მიმდინარე პერიოდში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტიანი მოდელების შექმნისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, აგრარულ სექტორში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს. აუცილებელია, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მსგავსად,  ცალსახად განისაზღვროს მთავარი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამიზნულია უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების და საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების სასიკეთოდ. არსებული რეალობის გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, უნდა იკისროს ამ უაღესად მნიშვნელოვანი პროცესის ძირითადი მაკოორდინირებელი, მაორგანიზებელი და ხელშემწყობი ფუნქცია. ხელისუფლებამ უნდა ირწმუნოს, რომ სოფლად დღეს არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება კოოპერაციული ორგანიზაციების მიერ (სასოფლო-სამეურნეო, მარკეტინგული და სამომხმარებლო კოოპერატივები, ასოციაციები, კლასტერები, საკრედიტო კავშირები, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემა) -  შესაძლებელია; რომ სწორედ კოოპერაციული სექტორი წარმოადგენს მის ძლიერ და სანდო პარტნიორს კრიზისების გადალახვის, ეკონომიკური  პრობლემების მოგვარების და საშუალო ფენის ფორმირების რთული პროცესების განხორციელებაში.

კოოპერაციულ ურთიერთობებზე ტრანსფორმაცია შეუქცევადი ობიექტური პროცესია, რომელიც ქმნის საფინანსო და სამრეწველო კაპიტალის გრძელვადიანი ინტეგრირების, ფინანსური მეთოდების და რესურსების ეკონომიკის რეალურ სექტორებზე ორიენტირების და ეროვნული სამეურნეო სისტემის მოდერნიზების შესაძლებლობას.

ლიტერატურა:

  • პაპავა ვლ. (2018).  “რატომ ვერ აღიქვამს დადებითად საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, https://www.gfsis.org/ge/blog/view/888, 30.11.2018.
  • პაპავა ვლ. (2009). სიღარიბის შემცირება კერძო სექტორის განვითარების გზით. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, შრომები 7, საგამომცემლო ფირმა „სიახლე“ 2009, გვ. 20 – 41.
  • CHAMARU DE ALWIS . (2007). The New Mechanism for the Performance Evaluation of Cooperatives, Advances in Finance and Accounting. April
  • კოღუაშვილი პ, მამუკელაშვილი დ. (2019).  სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების  გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, N 2. 
  • კოღუაშვილი პ., მამუკელაშვილი დ., რამიშვილი ბ. (2019). კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობები -- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი.  „ეკონომიკა და ბიზნესი“, N1, გვ. 70 – 81.
  • როზენქვისტი ბ. (2016). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პოტენციალის შეფასების ანგარიში, ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობის პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD), Europe Aid/136454/DH/SER/GE.  2016 წლის იანვარი.