English / ქართული /








Journal number 4 ∘ Paata KoguashviliNikoloz Chikhladze
The Establishment of Regulatory Agencies in the Agri-Food Sector is a State Necessity

The global food crisis significantly strengthens the motivation of a State to assist and regulate the agricultural sector with a view to applying leverage that is not provided for by self-regulated market mechanisms.

In the current context, the agri-food sector of Georgia requires state support, because it can take several decades to realize its full potential from its own resources.

Solving the food security problem would amount to the preservation of the country's political and economic independence. We still import more than 70% of foodstuffs needed by the population. If we are to achieve a positive trade balance by 2025, we must massively increase agricultural production with a view to reducing excessive spending of foreign currency on food imports.

In the current situation, it is necessary to develop conditions conducive to the development of the food sectors for a period of five years, both in economic-financial and organizational-legal terms, which should include tax, insurance and credit preferences. It is possible to pre-determine the guaranteed prices, provision with material and technical means and other conditions (installment purchase, etc.) on the basis of concluding the futures contracts with manufacturers.

The State should first be obliged to protect the interests of producers and consumers in the market and ensure a balance between supply and demand for products, by creating the structures characteristic of a market economy, such as regulatory (interfering) services, commodity exchanges, trade houses, wholesale markets, commercial centers, agencies, guarantee funds, industry associations, unions, counseling-training centers and so on, as well as by developing and implementing the effective tax, insurance, financial, monetary, and investment policies.

The agri-food crisis in Georgia and the constant increases in food prices create an urgent need for establishing the state regulatory (interfering) services and the adoption of relevant legislation.

KeywordsAgri-food sector, farmer, regulatory service, agri-food crisis.

JEL Codes: O13, Q13, Q16, Q18

References: 

  • Archvadze I., Koguashvili P. (2020). saarsebo minimumi saqartveloshi da misi optimaluri donis gansazgvris aucilebloba. [The Subsistence Minimum in Georgia and the Necessity for Determining Its Optimal Level.  “Econimics and Business”, №1.] in Georgian. 
  • https://drive.google.com/file/d/1DaMoBMpC4lqEC9dGrO87ERCpII4WXZuX/view   /Access 30.09.2020/ in Georgian.

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/297/sasursato-usafrtkhoeba /Access 30.09.2020/ in Georgian. 

  • Koguashvili P. (2014) sasursato ushishroeba: realoba da prognozebi. [Food Security: Reality and Forecasts. Tbilisi, „Kolori“.] in Georgian. 
  • Koguashvili P., Chikhladze N. (2017) sasoflo-sameurneo kooperativi – samecarmeo mobilizaciis efeqturi forma. [Agricultural cooperative - effective form of entrepreneurial mobilization biznes injineringi “Business Engineering”.] №3. In Georgian.
  • Koguashvili P., Chikhladze N. (2020). Innovative Approach to the Rural Development in Georgia. Bullеtin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 14, #1 : 160-164. http://science.org.ge/bnas/vol-14-1.html  /Access 30.09.2020/           
  • Koguashvili P., Ramishvili B. (2020). saqartveloshi xorcis moxmarebis optimaluri moculobisa da struqturis shefaseba [Assessment of the optimal quantity and structure of meat consumption in Georgia “Ekonomisti”N2.] in Georgian. http://ekonomisti.tsu.ge/doc/2%202020%20ekonomisti.pdf /Access 30.09.2020/
  • Papava V. (2015). sakartvelos ekonomika, repormebi da psevdorepormebi.  [Georgian Economy, Reforms and Pseudo-Reforms. Tbilisi, Publishing House “Intellecti”.] in Georgian.
  • Sakartvelos Statistikis Erovnuli Samsakhuri. [National Statistics Office of Georgia].
  • saqartvelos soflis meurneoba [Agriculture of Georgia]. Sakartvelos Statistikis Erovnuli Samsakhuri. [National Statistics Office of Georgia] https://www.geostat.ge/media/31931/soflis_meurneoba_2019.pdf /Access 30.09.2020/ in Georgian. 

მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნა აგროსასურსათო სექტორში სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა

გლობალური სასურსათო კრიზისი მნიშვნელოვნად აძლიერებს სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დახმარებისა და რეგულირების მოტივაციას, რათა ამოქმედდეს ის ბერკეტები, რომლებიც არაა უზრუნველყოფილი თვითრეგულირების საბაზრო მექანიზმებით. მხოლოდ მრავალი ფაქტორის ბალანსირებული მოქმედებით მიიღწევა აგროსასურსათო სექტორის ეფექტიანი მართვა, რაც საფუძველს უქმნის დაფინანსების ყველა სუბიექტის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების მაქსიმალურ და გარანტირებულ რეალიზაციას.

გლობალური სასურსათო კრიზისი მნიშვნელოვნად აძლიერებს სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დახმარებისა და რეგულირების მოტივაციას, რათა ამოქმედდეს ის ბერკეტები, რომლებიც არაა უზრუნველყოფილი თვითრეგულირების საბაზრო მექანიზმებით. მხოლოდ მრავალი ფაქტორის ბალანსირებული მოქმედებით მიიღწევა აგროსასურსათო სექტორის ეფექტიანი მართვა, რაც საფუძველს უქმნის დაფინანსების ყველა სუბიექტის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების მაქსიმალურ და გარანტირებულ რეალიზაციას.

საქართველოში შექმნილი აგროსასურსათო კრიზისი, სურსათზე ფასების პერმანენტული ზრდა დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფო მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღების აუცილებლობას.

ნაშრომში განხილულია სახელმწიფო მარეგულირებელი სამსახურების მოქმედების შესაძლებლობები აგროსასურსათო სექტორში და აღნიშნულია იმ ობიექტური ფაქტორების შესახებ, რომლებიც აუცილებელს ხდიან სახელმწიფოს ჩარევას ბაზრის რეგულირებაში. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ ასეთ სამსახურებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ უზრუნველყონ მწარმოებლების, გამსაღებლების, მომხმარებლების შეკრება და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე, ხელი შეუწყონ სასურსათო ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების სტაბილურობას. სტატიაში ასევე გამოკვეთილია ძირითადი საფრთხეები და  გლობალური გამოწვევები, რაც შესაძლოა წარმოიშვას ამ სფეროს მარეგულირებელი სამსახურების შექმნით. 

საკვანძო სიტყვები: მარეგულირებელი სამსახური, აგროსასურსათო სექტორი, სასურსათო კრიზისი, ფერმერი.

  JEL Codes: O13, Q13, Q16, Q18

შესავალი

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფუნქციონირების სამმა ათწლეულმა აჩვენა, რომ მხოლოდ ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ე.წ. კომერციალიზაცია ვერ გახდება სოფლის მეურნეობის დაჩქარებული განვითარების, სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მასობრივი უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის საშუალება.

უნდა აღინიშნოს იმ ობიექტური ფაქტორების შესახებ, რომლებიც აუცილებელს ხდიან სახელმწიფოს ჩარევას ბაზრის რეგულირებაში. კერძოდ, სურსათზე მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნა შედარებით დაბალელასტიკურია სურსათზე არსებულ ფასებთან მიმართებით. სურსათზე ფასების ზრდის მიუხედავად, მოსახლეობა მაინც სტაბილურად მოიხმარს მას, თუმცა მოიხმარს იმდენს, რისი შეძენის საშუალებაც აქვს (მაგ., ყველაზე იაფს და აუცილებელს – პურს). ამასთან, მოსახლეობას კიდევაც რომ გაეზარდოს ფულადი შემოსავლები ან სურსათზე ფასებიც დაეცეს, მოთხოვნა ადეკვატურად არ გაიზრდება რადგან, აქ გარდა ეკონომიკურისა, ფიზიოლოგიური ფაქტორებიც მოქმედებს და ახდენს მოხმარების ლიმიტირებას. ამის საწინააღმდეგოდ, ფასებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო სამრეწველო წარმოშობის პროდუქციაზე (საწვავი, კომბინირებული საკვები, სასუქი და ა.შ.) შედარებით მაღალი ელასტიკურობა ახასიათებს. ამ ვითარებაში ფასს, როგორც მოთხოვნა-მიწოდების რეგულატორს, არ შეუძლია თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულება. საჭიროა გარე ფაქტორი სახელმწიფოს სახით, რომელმაც უნდა გამორიცხოს ფასების რყევა და არ დაუშვას არც მომხმარებლის და არც მწარმოებლის ინტერესების შელახვა.

ჩამრევი სამსახურების სპეციფიკა აგროსასურსათო სექტორში

აგროსასურსათო სექტორის სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია საქართველოსათვის, სადაც მეტისმეტად ღია ბაზარმა, სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოებისა და სხვა მომსახურე დარგების მონოპოლიურმა მდგომარეობამ (განსაკუთრებით პურპროდუქტების სისტემაში, მეღვინეობაში, საკონსერვო მრეწველობაში, მინერალური სასუქების წარმოებაში და ა.შ.) და გადახდისუნარიანი მოთხოვნის დაცემამ არსებითად შეარყია აგროსასურსათო სექტორის ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ფონზე ეროვნული სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა განხილული უნდა იქნეს ეკონომიკური უშიშროების გადაწყვეტის საერთო მექანიზმებთან მჭიდრო კავშირით. (კოღუაშვილი 2014, 45).

პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა ირღვევა მრავალი ფაქტორის ზეგავლენით (მოსავლიანი ან პირიქით, მოუსავლიანი წლები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვ.), რის გამოც ფასები მკვეთრად იცვლება. ამ შემთხვევაში ფასი, როგორც წარმოების სტიმულატორი, ვეღარ ასრულებს დაკისრებულ როლს, რადგან პროდუქციის მწარმოებლები ორიენტაციას კარგავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი და იმავე პროდუქციის ფასები ხშირად და დიდი ამპლიტუდით იცვლება.

როგორ უნდა შენარჩუნდეს ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა, ანუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ბაზარზე სტაბილური ფასი, რომელიც მწარმოებელს უბიძგებს წარმოების გადიდებისაკენ და ამავე დროს დაიცავს მომხმარებლის ინტერესებსაც? სწორედ აქ უნდა შეასრულოს სახელმწიფომ მარეგულირებელი როლი და მიაღწიოს იმ ფუნქციების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტიანობას, ბაზრის მონაწილე ყველა სუბიექტის ინტერესების სამართლიან დაცვას და ქვეყანაში ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სტაბილურობას.

სახელმწიფო საბაზრო ურთიერთობებს არეგულირებს, პირველ ყოვლისა, საგადასახადო და საბაჟო მექანიზმებით. ის ზემოქმედებას ახდენს როგორც წარმოების განვითარებაზე, ასევე დასაქმებასა და ინფლაციაზე; ერთგვარად ავსებს საბაზრო მექანიზმის ხარვეზებს საქონელსა და მომსახურებაზე ფასწარმოქმნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საკითხში, რისთვისაც ახორციელებს წინასწარ შემუშავებულ და დეკლარირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას (პაპავა 2015, 34).

 ამ მიზნით სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კერძო და კოოპერაციულ საკუთრებაზე დაფუძნებული მეურნეობების განვითარებას და აგროსასურსათო სექტორში საქონელმწარმოებლების რეალურ დასაქმებას. კერძოდ, ის ახორციელებს და შეიმუშავებს სოფლად საბანკო სესხების გაცემა-დაფარვის, ურთიერთდახმარების სალაროების ჩამოყალიბების, აგროწარმოების სტიმულირების ხელშემწყობი საგადასახადო სისტემის პირობებსა და მექანიზმებს (კოღუაშვილი და ჩიხლაძე 2017, 72). ყოველივე ეს აგრარული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილებია, რომლის სრული რეალიზაციისათვის აუცილებელია:

-  მოწეული პროდუქციისათვის გლეხმა (ფერმერმა) მიიღოს ისეთი შემოსავალი, რაც უზრუნველყოფს მისი ოჯახის შენახვას, მისცემს მას პროდუქციის გაფართოებული წარმოების საშუალებას, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით;

-                 მოიხსნას/შემცირდეს პრობლემები კრედიტების ხელმისაწვდომობის, აგროტექსერვისის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (თესლის, მცენარეთა დაცვის, სასუქების, საწვავ-საცხები მასალების და სხვ.) უზრუნველყოფისა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის სფეროში.

ეს საკითხები ტიპიურია და მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის მათი გადაწყვეტა მინდობილი აქვს მარეგულირებელ სტრუქტურებს, ანუ ბაზარზე ჩამრევ სამსახურებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროების დაქვემდებარებაში იმყოფებიან (სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, საგარეო ვაჭრობის). ისინი ერთსა და იმავე დროს არიან როგორც ადმინისტრაციული (მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობაში), ასევე კომერციული ხასიათის დაწესებულებები. ჩამრევი სამსახურები ისე არიან ორგანიზებულნი, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მწარმოებლების, გამსაღებლების, მომხმარებლების შეკრებას და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე. ასეთი მარეგულირებელი სამსახურები არსებობს ერთმანეთისაგან ეკონომიკურად განსხვავებულ ქვეყნებში: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ალჟირი, ბრაზილია, პოლონეთი და ა.შ.

როგორია ამ სამსახურების მეშვეობით პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების რეგულირების მექანიზმი?

მარეგულირებელი სამსახურები უზრუნველყოფს სასურსათო ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების სტაბილურობას, რათა საბაზრო ფასები დროის ყველა მომენტში წონასწორობასთან ახლოს იყოს კინგის კანონის (Gregory King) თანახმად. მწარმოებლები, რომლებიც ბაზრიდან შორს არიან, ანუ ვერ ფლობენ ბაზრის მოთხოვნებს, კარგავენ ორიენტაციას და ფასის ფაქტორი აღარ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს ბაზარსა და წარმოებას შორის ტენდენციების განსაზღვრისათვის:

ა) როცა მიწოდება არასაკმარისია, მარეგულირებელ სამსახურს შეუძლია:

-            უზრუნველყოს ადგილობრივი წარმოების სტაბილურობა (მათ შორის ფინანსურად), იზრუნოს პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე;

-            განახორციელოს იმპორტი, აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეულწილად შეასრულოს მონოპოლისტის ფუნქციაც. ამ დროს ეფექტიანია პროდუქციის შესყიდვის საერთაშორისო ტენდერით სარგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვეყანას პროდუქციის დიდი პარტია ესაჭიროება;

ბ) როცა მიწოდება მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება:

-            შეზღუდოს ადგილობრივი წარმოება კვოტების დაწესების გზით, ამასთან არ უნდა დაუშვას ფასების შემცირება, რათა ინტერესი არ დაუკარგოს მწარმოებელს; შესაძლებელია შეიზღუდოს ზოგიერთი უხვმოსავლიანი კულტურის პროდუქციის წარმოება;

-            მიმოქცევიდან ამოიღოს ჭარბი პროდუქტი (დროებით). მიმართოს ის ექსპორტზე, შეინახოს საწყობში და უფრო გვიან (საჭირო მომენტში) გაიტანოს ბაზარზე;

-            გააკონტროლოს იმპორტი, რათა ბაზარზე ადგილი არ ჰქონდეს ფასების მნიშვნელოვან რყევას.

როგორც ვხედავთ, მარეგულირებელ სამსახურებს აქვთ იმის საშუალება, რომ საწყის ეტაპზე გააწონასწორონ მოთხოვნა-მიწოდება. ამასთან, ფასი უნდა დარჩეს ისეთ დონეზე, რომ აგრომწარმოებელმა მიიღოს, როგორც ცხოვრებისათვის, ასევე პროდუქციის კვლავწარმოებისათვის საჭირო აუცილებელი შემოსავალი, ხოლო მომხმარებელმა თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს ხელმისაწვდომი ფასებით. ამდენად, სახელმწიფო სასურსათო ბაზარზე ზომიერი ინტერვენციით ქმნის გარანტირებული ფასების სისტემას და საქონელმწარმოებლებს აძლევს სტიმულს წარმოების გაფართოებისათვის. ეს ფასები გარანტიაა მათთვის, ვისაც უნდა ამ სფეროში ჩადოს კაპიტალი, ცოდნა და ა.შ.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასები ასრულებს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტაციის ფუნქციას. ფასების ცვლილებაზე ოპერატიული და ეფექტიანი ზეგავლენა კი განსაკუთრებით საჭიროა მოკლევადიანი საქმიანობის პირობებში. მაგალითად, თუ ქვეყნის წინაშე დაისახა რძისა და რძის პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის ამოცანა (თუ მას ამ მიზნის მისაღწევად აქვს ყველა საშუალება), მარეგულირებელი სამსახურის ძირითადი ფუნქცია იქნება ისეთი თანმიმდევრული გეგმის შედგენა, რომელიც უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის საკვები კულტურების წარმოების გადიდებას და ფურების პროდუქტიულობის ზრდის ამოცანის გადაწყვეტას.

რა მოვლენები შეძლება განვითარდეს ამ შემთხვევაში?

-       გაიზრდება მწარმოებელთა დაინტერესება, რომ რძის წარმოების გადიდების მიზნით შექმნან კოოპერატიული გაერთიანებები;

-       შეიქმნება საჩვენებელი მეურნეობების ქსელი, რაც საშუალებას იძლევა, გამოინახოს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზები (მაგ., მერძეული ძროხების კვების ეფექტიანი მეთოდები);

-       გაიზრდება დაინტერესება მაღალპროდუქტიული ჯიშიანი ძროხების მოშენებაზე;

-       გაჩნდება ფინანსური დაინტერესება (დაბალი სარგებლის პროცენტიანი სესხების, თანამედროვე საწველი აპარატების შეძენისა და ნახირის სულადობის გასაზრდელად, სადგომების ასაშენებლად და სხვ.).

გარდა ამისა, მარეგულირებელი სამსახურები შეიძლება ჩაერთონ სხვა ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა:

-       პროდუქციის წარმოების ხარჯების შემცირება;

-       პროდუქციის მისადაგება ბაზრის მოთხოვნილებასთან;

-       მაღალხარისხოვანი პროდუქტების წარმოების განვითარება.

რატომაა აუცილებელი მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნა საქართველოში? – უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში არსებული უმწვავესი აგრარული კრიზისის, იმპორტზე დამოკიდებულების უკიდურესად მაღალი დონის, სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებისა და სურსათზე ფასების პერმანენტული ზრდის გამო. 

2018 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1358,8 მლნ აშშ დოლარის სასურსათო პროდუქცია, ხოლო ექსპორტმა 959,3 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიანად, 2010 წლის შემდეგ პერიოდში საქართველოში იმპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის  ჯამურმა ღირებულებამ  შესაბამისი პერიოდისა და პროფილის ექსპორტს 4.5 მლრდ  დოლარით გადააჭარბა (არჩვაძე, კოღუაშვილი 2020, 3). 2019 წელს სურსათის იმპორტმა 980,9 მლნ დოლარი (მთლიანი იმპორტის 10,6%), ხოლო ექსპორტმა 244,6  მლნ დოლარი შეადგინა (საქსტატი, 2020), იხ. ცხრილი:

სურსათის ზოგიერთი სახეობის იმპორტის დინამიკა 2017-2019 წლებში (ათასი აშშ დოლარი) (საქ.სოფლის მეურნეობა 2020)

 

რამდენადაც ჩამრევი სამსახურები ხელს უწყობს სასურსათო ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების სტაბილურობას, საქართველომ უნდა შექმნას ერთი ან რამდენიმე მარეგულირებელი სამსახური - მარცვლეულის (ხორბალი), მეცხოველეობის პროდუქციის (ხორცი და რძე) და სხვა პროდუქტების წარმოების სფეროში (რამიშვილი, კოღუაშვილი 2020, 3).

იმ ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ჩამრევი სამსახურები ჭარბწარმოების პირობებში მუშაობენ, საქართველოში მათ ფუნქციონირება საპირისპირო პირობებში მოუწევთ. ამიტომ ამოცანებიც განსხვავებული ექნებათ. კერძოდ, მათ უნდა განსაზღვრონ ქვეყანაში წარმოებული საქონლის მოსალოდნელი რესურსები დროის ამა თუ იმ პერიოდისათვის, შეაფასონ (შეისწავლონ) მოსახლეობის მოთხოვნილება ამა თუ იმ პროდუქტზე, ბალანსური გაანგარიშების საფუძველზე წინასწარ დაადგინონ იმპორტის მოცულობა, რომელიც საჭირო იქნება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების რაოდენობრივი თანაფარდობის შენარჩუნებისთვის. მარეგულირებელი სამსახურების ფუნქციონირებას მხოლოდ მაშინ მოაქვს სასურველი ეფექტი, თუ ის ხორციელდება სისტემურად და კომპლექსურად.

აგროსასურსათოსექტორის სახელმწიფომხარდაჭერის აუცილებლობა

თანამედროვე პირობებში საქართველოს აგროსასურსათო სექტორი საჭიროებს სახელმწიფო მხარდაჭერას, რადგან საკუთარი რესურსებით მისი პოტენციალის სრულად ამოქმედებას შეიძლება რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, მისი პოტენციალი არ შეესაბამება ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ დარგობრივ სტრუქტურას (აგრარულ-ინდუსტრიული) და ამდენად, ის არ შეიძლება მომავალში დღევანდელ დონეზე დარჩეს.

საქართველოს მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობაში მცირე სიდიდის ფერმათა სიჭარბე არ არის საგანგაშო, რადგან ჩვენში, ისევე როგორც ქვეყნების უმრავლესობაში, მათი ოპტიმალური სიდიდე ადგილობრივი (ჩვენ შემთხვევაში მრავალფეროვანი) ბიოგეოკლიმატური პირობებით, კულტურათა სიმრავლითა და მათი მოვლა-მოყვანის სპეციფიკურობითაა განპირობებული. თუმცა, ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მცირე ფერმერული მეურნეობების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე, რაც ვერ უზრუნველყოფს მათ განვითარებას.

მცირე აგრომეურნეობათა ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთი გზა არის მიწაზე მეურნეობრიობის კოოპერაციული ფორმის დაფუძნება და მათი გადამამუშავებელ საწარმოებთან ინტეგრაცია. მეურნეობრიობის კოოპერაციული ფორმა გარკვეულწილად ხსნის როგორც მიწის დამუშავების, ასევე წარმოებული პროდუქციის გადამუშავებისა და რეალიზაციის პრობლემებს, საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე აგროწარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი დონის მქონე სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმების შექმნას. თუ თვალს გადავავლებთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, დავინახავთ, რომ კოოპერაციული შრომის უკუგების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ინდივიდუალურის. განვითარების ეტაპების მიხედვით საწარმოო ურთიერთობების, ისევე როგორც საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტების ცვლილებები, სწორედ კოოპერაციული ინსტიტუტის დამკვიდრებასა და გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.

სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების ტოლფასია. როგორც დასავლეთის გამოცდილება გვიჩვენებს, საკუთარი წარმოების სასურსათო უზრუნველყოფა უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა, რასაც შეუძლია მულტიპლიკაციური ეფექტის მოცემა და გაძლიერებული მიგრაციის პროცესში მყოფი სოფლის გადარჩენა (Koguashvili, Chikhladze 2020, 162).ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი. თუ გვსურს 2025 წლისათვის მივაღწიოთ გაწონასწორებულ სავაჭრო ბალანსს, მნიშვნელოვნად უნდა გავადიდოთ სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რათა, შემცირდეს სურსათის იმპორტისათვის ვალუტის ზედმეტი ხარჯვა.

სურსათის ადგილობრივი რესურსების წარმოების გადიდება, ობიექტურად მოითხოვს სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ადგილი დაეთმობა სასურსათო ბალანსის ფორმირებისათვის საჭირო პროდუქტების წარმოებას. უნდა გვახსოვდეს 1990-ანი წლების აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების ვალუტის მოპოვების მცდარი სტრატეგია, როდესაც ყურადღების მიღმა დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აგრარული სექტორი. ვალუტის მოპოვება ქვეყნისათვის ე.წ. მეორადი ამოცანაა და ასეც უნდა იყოს. ქვეყნის ეკონომიკაც და მათ შორის სოფლის მეურნეობაც ისე უნდა წარიმართოს, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

როგორ უნდა დაინტერესდეს მწარმოებელი სწორედ იმ პროდუქტის წარმოებით, რომელიც განვითარების ამა თუ იმ სტადიაზე სჭირდება საზოგადოებას და რომელიც უფრო ხელსაყრელია ქვეყნისათვის და საბოლოო ანგარიშით, თვით მწარმოებლისთვისაც?

ამ პრობლემას ყველა ქვეყანაში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით წყვეტენ, თუმცა მიდგომა პრაქტიკულად ყველგან ერთნაირია. კერძოდ, ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში სახელმწიფო ატარებს მიზანმიმართულ პოლიტიკას ან მთელი აგრარული სექტორის, ან მისი ცალკეული დარგების მიმართ. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მხარდამჭერი პოლიტიკა ბევრ ქვეყანაში კანონის რანგშია აყვანილი და როგორც წესი, გამიზნულია ხანგრძლივი პერიოდისათვის. ჩვენში ასეთი პოლიტიკა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ჯერ არ არის შემუშავებული და, ბუნებრივია, არც ხორციელდება. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უკანასკნელ პერიოდში აგრარულ და სამრეწველო პროდუქციაზე ფასების ისეთი პარიტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც ამ უკანასკნელისათვის სასარგებლოა. არაფერს ვამბობთ სოფლად საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოუგვარებლობაზე, ჯიშიანი თესლითა და პირუტყვით უზრუნველყოფაზე და სხვა იმ საკითხებზე, რაც ნორმალურ პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა რეგულირდებოდეს.

შექმნილ სიტუაციაში, საჭიროა ხუთწლიანი პერიოდისათვის სასურსათო დარგების განვითარების ხელშემწყობი პირობების შემუშავება, როგორც ეკონომიკურ-ფინანსური, ასევე ორგანიზაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც უნდა მოიცავდეს საგადასახადო, სადაზღვევო და საკრედიტო სტიმულებს. შესაძლებელია პროდუქციის მწარმოებლებთან ფიუჩერსული კონტრაქტების გაფორმების საფუძველზე გარანტირებული ფასების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფისა და სხვა პირობების (განვადებით შეძენა და სხვ.) წინასწარ განსაზღვრა. ორგანიზაციული თვალსაზრისით მხედველობაში გვაქვს სრულფასოვანი საბითუმო ბაზრების ორგანიზება რაიონული ჭრილით და მსხვილ ქალაქებში, რომელსაც სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდების მაღალი კონცენტრაციის უზრუნველყოფა შეუძლია, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით – შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომხმარებლამდე მოძრაობის პროცესში ჩართულია პროდუქციის დამამზადებელი და შემფუთავ-დამხარისხებელი საწარმოები, მარცვლეულის ელევატორები, ხილ-ბოსტნეულის საცავები, გადამამუშავებელი ქარხნები და ფაბრიკები, საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელი, საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო კომპანიები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ჯიშიანი თესლის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მინერალური სასუქების მწარმოებელ, პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოთა ასოციაციები, კოოპერატივები, კორპორაციები და სხვ., რომელთა დამფუძნებლები, ძირითადად, თვით ფერმერები არიან. დღეს ბაზარზე გვაქვს კერძო სექტორს „ამოფარებული“ მონოპოლიური ფასები, რომელიც ერთსა და იმავე პროდუქციაზე, როგორც წესი, მხოლოდ იზრდება.

სახელმწიფომ ბაზარზე მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და პროდუქციაზე მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიაღწიოს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი სტრუქტურების შექმნით - მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურები, სასაქონლო ბირჟები, სავაჭრო სახლები, საბითუმო ბაზრები, კომერციული ცენტრები, სააგენტოები, საგარანტიო ფონდები, დარგობრივი ასოციაციები, კავშირები, საკონსულტაციო-სასწავლო ცენტრები და სხვ. ასევე, ეფექტური საგადასახადო, სადაზღვევო, საფინანსო, ფულად-საკრედიტო, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებითა და გატარებით.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მთავარი როლი უნდა მიენიჭოს აგრობიზნესის სტრატეგიულ დარგებში დაკრედიტების (გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი), პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის პროგრამების, მარეგულირებელი სტრუქტურების ფორმირების პროექტების დაფინანსების საკითხს. პრობლემათა გადაწყვეტა მთავრობის ნებაზე და აგრარული სექტორის დარგების განვითარების ყოველმხრივ შეჯერებული პროგრამების შემუშავება-რეალიზაციაზეა დამოკიდებული.

დასკვნა

 საქართველოში შექმნილი აგროსასურსათო კრიზისი, სურსათზე ფასების პერმანენტული ზრდა დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფო მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღების აუცილებლობას.

აგრარული სექტორის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრა გადაუდებლად მოითხოვს მეწარმეობის და მეცნიერების პარტნიორობას, სამეწარმეო საქმიანობისადმი მხარდაჭერას, შესატყვისი ეკონომიკური გარემოს შექმნას, დარგობრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მიმართულებათა გარდაქმნას.

პერსპექტივაში მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის ფორმირებისა და განვითარების მთავარი ბერკეტია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვა, რაც ეფექტიანად ჩართავს სამეურნეო ბრუნვაში მთელ არსებულ რესურსებს.

გვახსოვდეს: სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა!

ლიტერატურა:

  • Koguashvili P., Chikhladze N. (2020). Innovative Approach to the Rural Development in Georgia. Bullеtin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 14, #1 : 160-164. http://science.org.ge/bnas/vol-14-1.html  /ბოლო ნახვა 30 სექტემბერი, 2020/  
  • არჩვაძე ი., კოღუაშვილი პ. (2020). საარსებო მინიმუმი საქართველოში და მისი ოპტიმალური დონის განსაზღვრის აუცილებლობა. „ეკონომიკა და ბიზნესი“, №1. 
  • კოღუაშვილი პ. (2014.) სასურსათო უშიშროება: რეალობა და პროგნოზები. თბილისი: გამომცემლობა „კოლორი“.
  • კოღუაშვილი პ., რამიშვილი ბ. (2020). საქართველოში ხორცის მოხმარების ოპტიმალური მოცულობისა და სტრუქტურის შეფასება. „ეკონომისტი“, N2. http://ekonomisti.tsu.ge/doc/2%202020%20ekonomisti.pdf /ბოლო ნახვა 30 სექტემბერი, 2020/
  • კოღუაშვილი პ., ჩიხლაძე ნ. (2017). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი - სამეწარმეო მობილიზაციის ეფექტური ფორმა.  ბიზნეს ინჟინერინგი, №3, /ბოლო ნახვა 30 სექტემბერი, 2020/ https://drive.google.com/file/d/1DaMoBMpC4lqEC9dGrO87ERCpII4WXZuX/view  
  • პაპავა ვ. (2015). საქართველოსეკონომიკარეფორმებიდაფსევდორეფორმები. თბილისიგამომცემლობა „ინტელექტი“.
  • საქართველოს სოფლის მეურნეობა. საქსტატი, https://www.geostat.ge/media/31931/soflis_meurneoba_2019.pdf /ბოლო ნახვა 30 სექტემბერი, 2020/
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/297/sasursato-usafrtkhoeba /ბოლო ნახვა 30 სექტემბერი, 2020/