English / ქართული /








Journal number 4 ∘ Giorgi Malashkhia
The Law of Wealth Accumulation and Prosperity

The paper sets out a new, alternative concept of wealth creation and growth. The content and composition of wealth, which includes its non-economic (intangible) species, is presented in extended content. The concept of social energy - the potential for creating community wealth - has been introduced. Shown in the creation of wealth are completely and partially free social energy sources: natural resources - solar energy, climate, soil fertility, mineral wealth, flora, fauna, hydropower, etc., as well as anthropogenic - in the process of application, knowledge, experience, science and technology, innovative thought passed down from previous generations and newly acquired and the role in the production of wealth. Wealth growth has been proven to be the production of a product obtained as a surplus of profit or expenditure by combining the above-mentioned free resources with labor and means of production. It is substantiated that the increasing rate of activation of free social energy and the use of capital (long-term consumption) over several times the production time, as well as the excess of the productive forces of society, the rate of wealth growth exceeds the rate of its creation. This is reflected in the law of wealth growth. The distribution of wealth, the foundations of its fair and unjust distribution, and its impact on overall well-being are newly discussed. The conditions for the common welfare of the society are established. Explains when and why economic prosperity is moving away from increasing overall well-being. The importance of a culture of wealth consumption, rational and moderate use for the common good and economic growth is also highlighted. Particular attention is paid to the unfair distribution of wealth, excessive property inequality, and irrational use in the pursuit of prosperity. Losses of overall well-being due to the idle economy - the production, accumulation and consumption of products that do not bring real benefits are shown. . The existence of such a difference in the present conditions in the world is confirmed on the basis of factual materials. Overcoming it is presented as one of the challenges facing humanity.

Keywords: Wealth, social energy, free resources, free social energy, added product, the law of accumulation of wealth, prosperity, ineffective economy.

JEL Codes:D30, D31, D39

სიმდიდრის  დაგროვების  კანონი  და კეთილდღეობა

*იბეჭდება საკითხის განხილვის წესით.

“რა კარგი იქნებოდა, თუ ყველა სახელმწიფოში

იარსებებდა ჭეშმარიტი შეხედულება სიმდიდრეზე”

 პლატონი       

 ნაშრომში გადმოცემულია სიმდიდრის შექმნისა და ზრდის ახალი,  ალტერნატიული კონცეფცია; ნაჩვენებია სიმდიდრის შექმნაში სრულიად და ნაწილობრივ უსასყიდლო სოციალური ენერგიის წყაროთა -  ბუნებრივი  რესურსების - მზის ენერგიის, კლიმატის, მიწის ნაყოფიერების, წიაღისეული სიმდიდრის, ფლორის ფაუნის, ჰიდროენერგიის და სხვ., ასევე ანთროპოგენური - გამოყენების პროცესში უქრობადი, წინა თაობებისაგან გადმოცემული და ახლადმიღებული ცოდნის, გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის, ინოვაციური აზრის მონაწილეობა და როლი სიმდიდრის წარმოებაში. დამტკიცებულია სიმდიდრის ზრდა მოგების -  დანახარჯებზე  ნამეტის სახით მიღებული, ანუ  დამატებული პროდუქტის წარმოქმნა, სულ უფრო მეტი მასშტაბით აღნიშნული უსასყიდლო რესურსების  შრომასა და წარმოების საშუალებებთან შეერთებით. დასაბუთებულია, რომ უსასყიდლო სოციალური ენერგიის მზარდი მასშტაბით ამოქმედების და კაპიტალური (გრძელვადიანი  მოხმარების) დოვლათის  გამოყენების დროის  წარმოების  დროზე  რამდენჯერმე გადამეტებისას, ასევე საზოგადოების მწარმოებლურ ძალთა სამომხმარებლო ძალებზე ჭარბობის  წყალობით, სიმდიდრის ზრდის ტემპი  აღემატება   მისი  შექმნის ტემპს. ამაში გამოიხატება სიმდიდრის ზრდის კანონი. ნაჩვენებია  სიმდიდრის ზრდის მიმართ საერთო კეთილდღეობის ჩამორჩენა სიმდიდრის უსამართლო განაწილების, მოსახლეობის მეტისმეტი ქონებრივი უთანაბრობის,  მოხმარების  არარაციონალურობის, ასევე იმის გამო, რომ არსებობს უქმი ეკონომიკა, რომელსაც არ  მოაქვს  რეალური სარგებლობა.

საკვანძო სიტყვები:სიმდიდრე; სოციალური ენერგია; უსასყიდლო რესურსები;      უსასყიდლო სოციალური ენერგია; დამატებული პროდუქტი; სიმდიდრის დაგროვების კანონი; კეთილდღეობა;  უქმი ეკონომიკა.  

JEL Codes: D30, D31, D31

სიმდიდრე, როგორც  ფართო განსჯის  საგანი

სიმდიდრე უძველესი დროიდან იყო მეცნიერული  კვლევის საგანი. არსებობს  მრავალი კლასიკური წიგნი, მიძღვნილი სიმდიდრის შექმნის, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების ფუნდამენტური პრობლემებისადმი. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში  V-IVსს. ჩვენს ერამდე ქსენოფონტი ნაშრომებში - ,,საოჯახო მეურნეობა“ და ,,გადასახადების შესახებ“, ფაქტობრივად, იკვლევდა სიმდიდრის წარმოებისა და გადიდების, მწარმოებლურობის  ზრდის ფაქტორებს. ძველი რომაელი მოაზროვნეების  ნაშრომები, კერძოდ კატონის ,, მიწათმოქმედება “ და  ვარონის ,,სოფლის მეურნეობა“  მიძღვნილია სოფლის მეურნეობის პროდუქტების - მაშინდელი სიმდიდრის ძირითადი  ნაწილის  წარმოების ორგანიზაციისადმი. XVIII საუკუნეში გამოიცა ფრანგი ეკონომისტისა  და ფილოსოფოსის ა. ტიურგოს წიგნი  ,,განსჯა სიმდიდრის შექმნასა და განაწილებაზე“. სიმდიდრის სხვადასხვა ასპექტს ეხება დიდი ინგლისელი ეკონომისტისა და ფილოსოფოსის ადამ სმიტის (XVIII ს.) ნაშრომები: ,, გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ და  ,,ზნეობრივ გრძნობათა თეორია“. დიდი ეკონომისტი  დ. რიკარდო სხვადასხვა კუთხით განიხილავდა სიმდიდრის შექმნისა და განაწილების  საკითხებს. ეკონომიკური თეორიის კლასიკოსმა ჟ. ბ. სეიმ შეიმუშავა წარმოების ფაქტორებისა და დოვლათის განაწილების ორიგინალური თეორია. დიდმა თეორეტიკოსმა   დ. მილმა გააღრმავა სიმდიდრის შექმნისა და განაწილების ფაქტორების თეორია. სიმდიდრე, მისი ზრდის ფაქტორები, განაწილება და საზოგადოებისათვის გამოყენების შედეგები  სხვადასხვა ასპექტით გამოკვლეულია კ. მარქსის მრავალტომიან წიგნში ,,კაპიტალი“ და სხვა ნაშრომებში. XIX ს. ბოლოს ამერიკელმა ეკონომისტმა  ჯ. კლარკმა  სიმდიდრეს ორი ნაშრომი მიუძღვნა: ,,სიმდიდრის ფილოსოფია“ და ,,სიმდიდრის განაწილება“, რომლებშიც განხილულია სიმდიდრის შექმნისა და განაწილების საკვანძო საკითხები. XX საუკუნეში  სიმდიდრის გარშემო შექმნლ  ნაშრომებს შორის საგულისხმოა  ა. პიგუს  ,,სიმდიდრე და კეთილდღეობა“ და ა. შ. სხვადასხვა დროს სიმდიდრის  თემა დიდ ადგილს იჭერდა ფილოსოფიური, სოციოლოგიური თუ მხატვრული აზროვნების  სფეროში.  ჩვენს დროში სიმდიდრისადმი მიძღვნილია მეცნიერული, მეცნიერულ-პოპულარული, პუბლიცისტური, მხატვრული თხზულება. ამრიგად, სიმდიდრე მეცნიერების ერთ-ერთი საკვანძო თემაა, ეკონომიკურ მეცნიერებას კიდევაც თვლიან  სიმდიდრის შესახებ  მეცნიერებად .

საინტერესო და საყურადღებო აზრები მოიპოვება ხალხურ შემოქმედებაში სიმდიდრეზე, მის რაობაზე, მნიშვნელობაზე ადამიანებისათვის, მისდამი სწორი დამოკიდებულების, მისი ფლობის სხვა ასპექტებზე, რომელთა გათვალისწინება უდავოდ სასარგებლოა. 

აღნიშნულის მიუხედავად, სიმდიდრის თემა თეორიული ასპექტით, სრულიადაც არაა ამოწურული. დაზუსტებას, ახლებურ გაშუქებას საჭიროებს  მისი რიგი ასპექტი რაც შეეხება სიმდიდრის რაობას, წარმოებას, სტრუქტურას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. სიმდიდრის თეორიის გაღრმავებამ უნდა მოგვცეს უფრო სრული და ჭეშმარიტი  ცოდნა ამ  მეტად მნიშვნელოვან ფენომენზე.

ამჯერად შევეცდები  მოკლედ, გარკვეული შევსებით გადმოვცე სიმდიდრის გარშემო ჩემი ხანგრძლივი კვლევის  ცალკეული შედეგები, რაც  ასახულია ჩემს ადრინდელ შრომებში – ,,მეტაეკონომიკა - ეკონომკის ფილოსოფია“ (მალაშხია გ. 1995, 560), ,,მცირე ეკონომოლოგია. ეკონომკური თეორიის ახალი პარადიგმები“ (Малашхия Г. 2018, 241) და სხვა .

მოვლენების ღრმა წვდომისათვის ვცდილობ გავაფართოვო კვლევის  მეთოდოლოგია. ამ მიზნით, კლასიკურ მეთოდებთან ერთად ვიყენებ: ანთროპოცენტრულ მიდგომას - ეკონომიკურ და სოციალურ  მოვლენათა განხილვას,   ერთი მხრივ, ადამიანთა მოთხოვნილებებისა და ინტერესების, მეორე მხრივ, ადამიანთა შემოქმედებით-მწარმოებლური ძალის კუთხით; აქსიომეტრიულ ანალიზს - ცხოვრების ყოველგვარ მოვლენათა შეფასებას ადამიანურ ფასეულობათა - ზნეობის, სამართლიანობის, თავისუფლების, მშვენიერების, სიყვარულის და ა.შ. საბოლოოდ,  სიკეთისა და  ბოროტების თვალსაზრისით; ევდემონისტურ  ხედვას - სოციალურ-ეკონომიკურ პროცესთა  და მოვლენათა  აღქმას  ადამიანთა  ბედნიერების  თვალსაზრისით.

ჩემი შეხედულებების  ზუსტად გადმოცემისათვის  ვიყენებ  ცნებებს: სოციალური ენერგია, უსასყიდლო რესურსები,  დამატებული პროდუქტი, უქმი ეკონომიკა  და სხვ.             

სიმდიდრის რაობისა და შედგენილობის შესახებ

პირველ რიგში ვაზუსტებ სიმდიდრის რაობის განმარტებას, მისი შედგენილობისა და სტრუქტურის შესახებ წარმოდგენას, რაც არსებობს   მეცნიერებასა და პრაქტიკაში.

სიმდიდრეს ჩვეულებრივ განმარტავენ ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგალითად, ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა –,,თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ლექსიკონი“ იძლევა მის შემდეგ განმარტებას: ,,ყველაფერი, რასაც აქვს საბაზრო ღირებულება და შესაძლებელია გაიცვალოს ფულსა და დოვლათზე,  შეიძლება განხილულ იქნეს როგორც  სიმდიდრე. ის შეიცავს ფიზიკურ  დოვლათს, ანუ აქტივებს, ფინანსურ აქტივებს, ჩვევებს, უნარებს, ე.ი. ყველაფერს, რამაც შეიძლება მოიტანოს შემოსავალი. ყველა ეს ელემენტი განიხილება სიმდიდრედ, როცა ისინი შეიძლება გაიყიდოს ან შეძენილ იქნეს სასაქონლო ბაზრებზე. სიმდიდრე შეიძლება დაიყოს ორ ძირითად სახეობად: ნივთობრივი სიმდიდრე, რომელიც განსახიერებულია ფიზიკურ და ფინანსურ  აქტივებში და იწოდება კაპიტალად და -  არანივთობრივი სიმდიდრე, რასაც ადამიანკაპიტალს უწოდენენ. სიმდიდრის ყველა სახეობას გააჩნია  ძირითადი თვისება - მოაქვს  შემოსავალი, რომელიც  წარმოადგენს  სიმდიდრის უკუგებას.“ (Пеарце Д. 1997, 530).

ამ განსაზღვრებაში სრულადაა ჩამოყალიბებული სიმდიდრის შესახებ თანამედროვე წარმოდგენა,  რომლის მიხედვით  ის  განიხილება როგორც  ეკონომიკური, საბაზრო ობიექტი.

მიმაჩნია, რომ  სიმდიდრისადმი საჭიროა უფრო ფართო მიდგომა. კერძოდ,  სიმდიდრეში უნდა გვესმოსდეს  ყოველივე ის, რასაც ადამიანისათვის რეალური სარგებლობა აქვს,  ე.ი. ყოველგვარი სიკეთე, მიუხედავად მისი ფორმისა, მატერიალურია (ფიზიკურია) ის თუ არამატერიალური  (არაფიზიკური). ძირთადად ასეთად  განიხილება  სიმდიდრე  პრაქტიკაში. გარდა იმისა, რაც იგულისხმება სიმდიდრეში ზემოთ მოყვანილი განსაზღვრების მიხედვით, მას უნდა მივაკუთვნოთ არასაბაზრო ფასეულობებიც, რომელთაც  ადამიანებისათვის სარგებლობა მოაქვს.  კერძოდ, ასეთად  შეიძლება უწინარესად   ჩავთვალოს კლიმატური პირობები, დედამიწის კონკრეტული პუნქტის ადგილმდებარეობის ხელსაყრელობა ადამიანთა ცხოვრებისა და  საქმიანობისაათვის. სიმდიდრის არამატერიალურ სახეობებს უნდა მიეკუთვნოს სოციალური კავშირები, ე.წ. ,,სოციალური კაპიტალი“. ცხადია,  სოციალური კავშირები ადამიანებისათვის დიდი სარგებლობის მატარებელია, მის  გარეშე არავითარი საქმიანობა არ შეიძლება შედგეს.  ამგვარი კავშირების მნიშვნელობა იზრდება   თანამშრომლობის გაფართოების კვალობაზე  ცხოვრების ყველა სფეროში ქვეყნების შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით. საზოგადებრივ სიმდიდრეს უნდა მივაკუთვნოთ ასევე საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება, სამართლიანობა და ეკონომიკური, პოლიტიკური, პიროვნებათაშორის ურთიერთობების ეთიკურობა. არამატერიალური, უხილავი არასაბაზრო, ფულით განუსაზღვრელი ფასეულობები, რომლებიც სარგებლობის მატარებელია, არანაკლებ საჭიროა ადამიანებითვის, ვიდრე სიმდიდრის მატერიალური სახეები.

მაშასადამე, სიმდიდრეზე მსჯელობისას სიმდიდრის ჩვენ მიერ აქ  დასახელებული  სახეები არ უნდა იქნეს გამოტოვებული. ისინი შესაძლებლია უშუალოდ არ მიეკუთვნოს ეკონომიკურ ურთიერთობათა საგანს, მაგრამ  მცირე კავშირი როდი აქვთ ეკონომიკურ  მოვლენებსა და პროცესებთან, ურთიერთობებთან. მათი შედეგები ირიბ გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე, დოვლათზე უმთავრესად კი, პოზიტიური სოციალური სიკეთის მატარებლებია.

ცივილიზაციის პროგრესთან ერთად მათი მნიშვნელობა იზრდება. მაშასადამე, ეკონომიკურ მეცნიერებაში მათ უნდა დაეთმოს სათანადო ადგილი და ყურადღება.       ამათან ერთად, ისინი დეტალურად უნდა განიხილებოდეს  სოციალური ფილოსოფიის, სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის მიერ.                           

ცალკეული ქვეყნებისა და მსოფლიოს სიმდიდრის შესახებ საკმარისი არაა სტატისტიკური მონაცემები, რაც მოიცავს სიმდიდრის ფულად ერთეულებში შეფასებად ელემენტებს. მიგვაჩნია, რომ სიმდიდრეზე სრული წარმოდგენისათვის, უნდა მოხდეს   საზოგადოებრიდი სიმდიდრის  არამატერიალური და არაეკონომიკური ნაწილის  შეფასება.  შესაბამისი მეთოდიკის მეშვეობით შეიძლება მივიღოთ ამგვარ სიმდიდრეთა  შესახებ  მონაცემები თვისებრივი მახასიათებლების  სახით.  შესაძლებელია,  მაგალითად, გამოვიყენოთ ცხოვრების ხარისხის  ინდექსის მონაცემები  და   ა. შ.  ასევე   უნდა შევიმუშავოთ სხვა საზომები, მაგალითად, სოციალური კავშირებისათვის, სამრთლიანობისათვის,  ეთიკურობისათვის და სხვ. არსებული ინფორმაციის ბაზაზე გათვლილი  ამ მონაცებებით შევსების შემდეგ, შესაძლებელი იქნება  უფრო სრული წარმოდგენა ვიქონიოთ ქვეყნისა თუ მსოფლიოს  სიმდიდრისა და მისი ცვლილების შესახებ.

სიმდიდრის შექმნასა და ზრდაზე მსჯელობისას, უნდა  გავითვალისწინოთ მისი  მატერიალური და არამატერიალური (იდეალური)  შემადგენლების, მათი წარმოქმნისა და ზრდის, ასევე განაწილების, კეთილდღეობასთან დამოკიდებულების თავისებურებები. სტატიაში უმთავრესად განვიხილავ  სიმდიდრეს  ვიწრო გაგებით, როგორც ეკონომიკურ მეცნიერებაშია, ე.ი. რომელიც  ფასდება ფულად ერთეულებში, წარმოადგენს  საბაზრო  ურთიერთობის საგანს, რამდენადაც  სიმდიდრის ყველა სახეობის  კვლევისათვის  სათანადო  ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ამასთან, შესაძლო ფრგლებში ვეხები სიმდიდრის  არაეკონომიკურ სახეობებსაც.

სიმდიდრის შექმნისა და ზრდის    პროცესი

ვფიქრობთ, სიმდიდრის შექმნისა და  ზრდის  პროცესის ეკონომიკური შინაარსი ახლებურად უნდა იქნეს  გაგებული. საქმე ისაა, რომ არსებული თეორიები არაადეკვატურად და არასრულად ხსნის ამ პროცესს.  არ გაითვალისწინება  საწარმოო რესურსების ხასიათი წარმოშობისა და ეკონომიკური შინაარსის მიხედვით, მისი ასახვა  წარმოების საბოლოო შედეგებში, შექმნილი დოვლათის რაოდენობასა და მის ზრდაზე. კერძოდ, ახლებურ  გაშუქებას საჭიროებს სიმდიდრის შექმნასა და გადიდებაში უსასყიდლო რესურსების მონაწილეობა და როლი.

როგორც ცნობილია, მარტივ კვლავწარმოებას, ანუ წარმოების უცვლელი მასშტაბებით გამეორებას აზრი აქვს მის შედეგად მიღებული,  წარმოების რესურსებიდან განსხვავებული,  სრულიად ახალი პროდუქტების ადამიანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელობის გამო, რაც უამისოდ შეუძლებელია. ასეთი კვლავწარმოება საზოგადოების ინტერესებს არასრულად შეესაბამება, არ ხდება კეთილდღეობის გაუმჯობესება.  საზოგადოებისთვის კი აუცილებელია განვითარება, რისთვისაც  წარმოების შედეგები  მეტი უნდა იყოს გამოყენებულ  საშუალებებზე. აუცილებელია რესურსების არსებობა  და გამოყენება ასეთი ზრდისათვის, ისეთი რამ, რაც უზრუნველყოფს  წარმოების შედეგების  მეტობას დანახარჯენთან შედარებით. მაგრამ, როგორ შეიძლება ეს? ამაზე, ეკონომიკურ მეცნიერებაში, ჯერჯერობით, არაა  სათანადო პასუხი.

 მიგვაჩნია, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს    ე.წ. კონიუნქტურული თეორია, რომ საბაზრო წონასწორობის პირობებში არ წარმოიშვება არც მოგება, არც ზარალი, ე.ი. შემოსავლები უდრის  წარმოების დანახარჯებს. ასეთ პირობებში  არ არსებობს  დაზოგვისა და  დაგროვების წყარო, ეკონომიკა გაყინული ხდება.  ეს ნიშნავს, რომ წარმოების ეფექტიანობა არ იზრდება, ეკონომიური ზრდის წყარო არ არსებობს, ეკონომიკური საქმიანობის  შედეგი ნაკლებია.

დანახარჯებზე მეტი  პროდუქტის მიღების ნამდვილ წყაროს ვერ გვიჩვენებს თეორიები, რომლებიც ასეთად  მიიჩნევს კაპიტალს, ასევე  მეწარმეობრივ  უნარს  (ნიჭს). ეს თეორიები   მოგებას მიაწერს ერთ ფაქტორს, მაშინ როცა ერთი ფაქტორი არაფერს არ ქმნის, წარმოების შედეგი წარმოიქმნება  ფაქტორთა ერთობლივი მოქმედებით. ამასთან, აღნიშნული   თეორიები არ იძლევა  დამაჯერებელ პასუხს, თუ როგორ ქმნის კაპიტალი და სამეწარმეო უნარი გაწეულ დანახარჯებზე მეტ შემოსავალს, საიდან და როგორ წარმოიშვება ის.

ა.  სმითის მიხედვით, მოგება  საქონლის დამატებული ღირებულების ნაწილია, რომელიც შექმნილია შრომით და რჩება შრომის ანაზღაურების (ხელფასის) გადახდის შემდეგ, მიითვისება კაპიტალისტის მიერ, უნაწილდება  შესაბამის შემთხვევებში რენტისა და სასესხო პროცენტის სახით მიწათმფლობელებსა და კრედიტის მიმწოდებლებს. (სმითი ა. 2007, 114-129 ].

ამრიგად, ა. სმითი  ცნობდა მოგების შრომით წარმომავლობას. გამოდის, რომ  წარმოების შედეგად არ წარმოიქმება მეტი ღირებულება (პროდუქტი), ვიდრე დახარჯულია სახსრები. მოგება შექმნილი ღირებულების გადანაწილების შედეგია და არა გადამეტება  დანახარჯებზე. მოგების შრომით წარმომავლობას იზიარებდა დიდი ეკონომისტი დ. რიკარდოც. აქაც მოგება ითვლება ერთი ფაქტორის  შრომის ნაყოფად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც ერთი ფაქტორი, როგორც აღინიშნა, არაფერს ქმნის, არც ღირებულებას.

კ. მარქსის ზედმეტი ღირებულების თეორია (მარქსი 1954, 227-384)  დახარჯულ სახსრებზე  მეტი შემოსავლის, მისი ტერმინოლოგიის მიხედვით,  ზედმეტი ღირებულების (პროდუქტის)  მიღებას ხსნის მუშაკთა აუნაზღაურებელი შრომის ნაყოფად, რასაც ითვისებს კაპიტალისტი. ასეთი მითვისება მუშაკთა ექსპლუატაციად განიხილება. ამრიგად, არსებითად დამატებული პროდუქტი - მოგება, მარქსის მიხედვით, ერთი ფაქტორით იქმნება, რაც, როგორც აღინიშნა, არ  ხდება. ამ შემთხვევაში შექმნილი ღირებულება უდრის დანახარჯებს, არ წარმოიქმნება  დამატებული პროდუქტი - ეკონომიკის ზრდისა და პროგრესის წყარო.  ეს კი  სინამდვილეში ასე არ არის.

ჯ. კლარკის  მიხდვით, ,,თავისუფალი კონკურენცია  მიისწრაფის მისცეს  შრომას ის, რაც შექმნილია შრომით,  კაპიტალის მესაკუთრეს -  ის, რაც კაპიტალით იქმნება, მეწარმეს - ის, რაც კოორდინირების ფუნქციითაა შექმნილი“ (Кларк Дж. 2000, 11). აქაც ვხედავთ, რომ მიღებული შემოსავალი ითვლება ცალკეული ფაქტორის შექმნილად, მაგრამ ეს შემოსავლები, როგორც ითქვა, სინამდვილეში არ შეიძლება მიივაწეროთ  ცალკეულ ფაქტორებს. არც ერთი განხილული თეორია ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ  წარმოების პროცესის შედეგად, როგორც წესი,  ვიღებთ მეტ პროდუქტს, ვიდრე გაწეული საერთო ხარჯებია.  მოგება, თითქოს, გადანაწილების  ხარჯზე წარმოიშობა, რაც   ვიღაცას ემატება, აკლდება სხვას ან ყველა იღებს იმდენს, რამდენიც შექმნა. საბოლოოდ  იგულისხმება, რომ მიღებული პროდუქტის ღირებულება უდრის რესურსების მთლიან დანახარჯებს, წარმოების ფაქტორთა სუბიექტების წვლილს. სიმდიდრის ზრდა –  განვითარების მთელი  აზრი კი  ისაა, რომ წარმოების შედეგი, როგორც წესი,  მეტია  გაწეულ დნახარჯებზე,  ე.ი ვიღებთ  წარმოების  ფაქტორებზე  დანახარჯებს  დამატებულ პროდუქტს, რომელიც არის დაზოგვისა და განვითარების წყარო.

ეკონომიკურ თეორიათა ამ მიმოხილვის შემდეგ ჩვენი დასკვნა ისაა, რომ წარმოების პროცესის შედეგად დანახარჯებზე მეტი  სიკეთის, პროდუქტის მიღების  უმნიშვნელოვანესი ფაქტი  ახლებურად უნდა აიხსნას. დანახარჯებზე მეტი  შედეგის (დოვლათის) მიღების ალტერნატიული კონცეფციის ჩამოყალიბებისას, რა თქმა უნდა, არ ვეხები წარმოების ტექნოლოგიურ ასპექტებს, ყურადღებას ვამახვილებ მხოლოდ პრობლემის ეკონომიკურ მხარეზე.  

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებული იქნება წარმოების ფაქტორები დაიყოს მათი წარმომავლობისა და  დანახარჯების წარმოქმნაში  როლის მიხედვით. ასე, რომ გვაქვს  სრულიად უდანახარჯო (უსასყიდლო), ნაწილობრივ  დანახარჯიანი (ანაზღაურებადი) და   მთლიანად ანაზღაურებადი  რესურსები. საზოგადოების საწარმოო, ე.ი. წარმოების პროცესში მონაწილე ძალების პოტენციალს განვიხილავთ სოციალურ ენერგიად. შესაბამისად გვაქვს სოციალური ენერგიის სრულიად უსასყიდლო, ნაწილობრივ ანაზღაურებადი და სრულად ანაზღაურებადი ნაწილები.  ამ საფუძელზე  ვცდილობთ  ავხსნათ  დახარჯულ სახსრებზე  მეტის სახით მიღებული  პროდუქტის წარმოშობა. საგულისხმოა, რომ  სიმდიდრის შექმნაში   მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  სოციალური ენერგიის უსასყილლო ნაწილს, ხოლო დანახარჯებზე მეტი  - დამატებული პროდუქტის წყარო კი    უსასყიდლო სოციალური ენერგიაა. მისი რესურსები შედგება სხვადასხვა   ელემენტებისაგან.

ეს, პირველ რიგში, ბუნებრივი რესურსებია, რის გარეშეც არ არსებობს არავითარი წარმოება. ის  უსასყიდლოა სრულად ან ნაწილობრივ  არავის მიერ არა შექმნილი, ბუნებამ ,,მოუმზადა“ ადამიანებს და ,,ჩუქნის“ მათ. მზის ენერგია, კლიმატური პირობები, მიწის ნაყოფირება სრულიად უსასყიდლოა. ჰიდრორესურსები, წიაღისეული,   ლანდშაფტის სილამაზე და  ა.შ.. ბუნების ,,საჩუქრებია“, მაგრამ მათი გამოყენებისათვის  აუცილებელია ადამიანთა შრომა და წარმოების საშუალებები, ე.ი. გარკვეული დანახარჯების გაწევა.

უსასყიდლო, აუნაღზღაურებადია   რიგი ანთროპოგენური  რესურსი, რაც სიმდიდრის შექმნაში მონაწილეობს. ის, ისევე როგორც ბუნებრივი რესურსები, მრავალგვარია. ასეთია, პირველ რიგში, ცოდნა, გამოცდილება, მეცნიერულ - ტექნიკური მიღწევები, შემოქმედებითი მოღვაწეობის ყოველგვარი პროდუქტი, რაც გადმოეცემა მოქმედ თაობას წინა თაობებისაგან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.  უსასყიდლოდ უნდა ჩაითვალოს წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული კაპიტალი. ეს ნიშნავს, რომ სიმდიდრის შექმნაში არაპირდაპირ (არაცხადად) მონაწილეობენ წინამორბედი თაობები აღნიშნული უსასყიდლოდ წყაროებით.  დანახარჯებზე მეტის, უსასყიდლო შედეგის მომცემ რესურსებად წარმოგვიდგება, აგრეთვე, ახალი ცოდნა, მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეები, რაც ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს ემსახურება. ის მიიღება განათლებაზე, კვლევებზე, საძიებო-გამომგონებლურ სამუშაოებზე და ა.შ. გარკვეული დანახარჯების ფასად, მაგრამ მათზე დანახარჯები  იძლევა  დიდად მეტ  შედეგს უსასყიდლო  ძალების გამოყენებით.

უსასყიდლოს მიეკუთვნება ასევე ადამიანთა ბუნებრივი ნიჭი, განსაკუთრებით   შემოქმედებითი უნარით უხვად დაჯილდოებულთა, გენიოსების უნარი, რომელთანაც დაკავშირებულია მნიშვნელოვანი, ზოგჯერ რევოლუციური მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები, პროგრესი ეკონომიკაში.  ყოველივე ეს ზრდის დამატებულ პროდუქტს და მთელ სიმდიდრეს.

კონკრეტულად როგორ წარმოიშობა დახარჯულზე მეტი  შედეგი  წარმოების პროცესში, ეს ყურადღების და პასუხის გარეშე რჩება. ყველა დაინტერესებულია  დამატებული პროდუქტის  მეტი სიდიდით და არა მისი წარმოქმნის მიზეზებით.

რესურსების ნაწილის უსასყიდლო ხასიათი შეიძლება ავხსნათ შემდეგნაირად. ბუნებასთან არ წარმოიშობა ეკონომიკური ურთიერთობა, ის  უშურველი და უანგაროა, არ მოითხოვს არავითარ საზღაურს ადამიანებისაგან მიწოდებული უზარნაზარი რაოდენობის რესურსებისათვის. ანთროპოგენური რესურსების უსასყიდლობა კი იმით გამოიხატება, რომ წინა თაობები, ბუნების მსგავსად, უანგარონი არიან.  ამ რესურსების   მოხმარება  დაკავშირებულია ბუნების  უსასყილდო  ძალების გამოყენებასთან.

ამასთან ერთად, ანთროპოგენური უსასყიდლო ძალები  ჩვეულებრივ  თავიდანვე  ატარებენ ინფორმაციულ ხასიათს, მრავალჯერ გამოიყენება მორალურად გაცვეთამდე, არ იხარჯება, არ ცვდება, ემსახურება წარმოების პროცესს ერთ დონეზე მწყობრიდან გამოსვლამდე. ცოდნის, მეცნიერულ - ტექნიკურ და ორგანიზაციულ სიახლეთა, ინფორმაციის მრავალჯერადი მოქმედება არ ზრდის მათზე დანახარჯებს, გარდა იმისა, რაც საჭიროა გამოყენებისათვის. შესაბამისად,  მათი მონაწილეობა დოვლათის შექმნაში  უსასყიდლოა.

უსასყიდლო ძალების მონაწილეობა სიმდიდრის შექმნაში ამითაც არ ამოიწურება.  არსებობს კიდევ  სოციალური ენერგიის სხვა უხილავი წყაროები. თუ დავაკვირდებით სიმდიდრის შექმნასა და ზრდას, დავინახავთ, რომ მასში მონაწილეობს ბუნებრივად მიმდინარე პროცესები, როგორიცაა: შრომის დანაწილება (სპეციალიზაცია), წარმოების კონცენტრაცია, კოოპერირება, კომბინირება,  თანამშრომლობა  და სხვა, რაც  ასევე ატარებს  უსასყიდლო ხასიათს. ამ შემთხვევბში პროცესები  წარმოადგენს  არა  ადამიანთა შეგნებული მოქმედების  შედეგს, არამედ ეკონომიკის ფუნქციონირების თანმდევს. ისინი, უშუალი დანახარჯების გარეშე, განაპირობებენ ეკონომკური შედეგების მიღებას - წარმოების, შრომისა და წარმოების საშუალებათა  მწარმოებლურობის, დამატებული პროდუქტის (მოგების) ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  სოციალური ენერგიის თვისებას, რაც გამოიხატება იმით, რომ  ის, ფიზიკური ენერგიისაგან განსხვავებით,  მუდმივი  კი არა,  ცვალებადია, უმთავრესად  იზრდება      არამატერიალური ხასიათის წყაროების - ცოდნის, მეცნიერული მიღწევების, გამოგონებათა, ყოველგვარი ნოვაციების,  ასევე  ბუნების ძალთა  ინტენსიური გამოყენების შედეგად.

 ამრიგად, აღნიშნულ  გარემოებათა გამო გვაქვს  უსასყიდლო სოციალური  ენერგია, რომელიც  იძლევა  დამატებულ - დანახარჯებზე მეტ    პროდუქტს.  სახელდობრ ამ სოციალურ ენერგიას უნდა მივაწეროთ  სიმდიდრის  ზრდა, რასაც ადგილი აქვს ცალკეულ საწარმოში, ქვეყანასა და მთელ მსოფლოში.

სრულიად და ნაწილობრივ უსასყილო რესურსების გამოყენებას აქვს საკვანძო მნიშვნელობა დოვლათის ზრდაში. რაც უფრო მეტად  გამოიყენება ასეთი რესურსები, მით   მეტია შრომისა და წარმოების საშუალებათა მწარმოებლურობა. ამაში გამოიხატება  წარმოების, ეკონომიკის პროგრესი.

სიმდიდრის შექმნისა და ზრდის ღრმა განხილვისას შეიძლება დავინახოთ მისი გადიდების კიდევ ერთი მომენტი. განვითარებულ საზოგადოებაში სიმდიდრის ზრდა უსწრებს მის შექმნას, მწარმოებლური ძალა აღემატება სამომხმარებლო ძალას,  გამოყენების ხანგრძლივობა  დიდად ჭარბობს წარმოების ხანგრძლივობას. ამის  შედეგად გროვდება სიმდიდრე. ამაში განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ  შექმნილ დოვლათში დიდი ადგილი აქვს კაპიტალურ, ხანგრძლივი მოხმარების  დოვლათს, რომელიც მოხმარების  აქტის დროს არ ქრება, განაგრძობს არსებობას. ის გარკვეული დროის მანძილზე, ხშირად დიდხანს  გამოიყენება (შენობა-ნაგებობები და სხვ.). რა თქმა უნდა,  კაპიტალური  პროდუქტების სამომხმარებლო პოტენციალი კლებულობს ცვეთის შესაბამისად, მაგრამ   მისი სარგებლობა  თითქმის უცვლელია. მაგალითად, გზა,  ლითონსაჭრელი დაზგა, კომპიუტერი, მტვერსასრუტი  და ა.შ. ხანგრძლივად გამოიყენება და დაახლოებით ერთ დონეზე ემსახურება მომხმარებელს ცვეთის მიუხედავად. ეს მომენტი შესამჩნევად ზემოქმედებს სიმდიდრის ზრდის გასწრებაზე მისი შექმნის მიმართ. გაფართოებული კვლავწარმოების პირობებში სიმდიდრეს ყოვეწლიურად ემატება   ახლადშექმნილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, ის მეტია მწყობრიდან გასული  სიმდიდრეზე, რადგან წარმოების მასშტაბი  ადრე ნაკლები იყო.   

ამავე დროს, სიმდიდრის მოხმარება ჩამორჩება წარმოებას,  კაპიტალური დოვლათის  იმ თვისების გამო, რომ ის უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე საჭიროა დრო მისი წარმოებისთვის. ამასთან მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ განვითარებული საზოგადოების მწარმოებლური ძალა მეტია სამომხმარებლო ძალაზე. აქედანაც გამომდინარეობს, რომ  სიმდიდრის ზრდის ტემპი მეტია შექმნის ტემპზე.        

საბოლოოდ,  ნათელია, რომ  საზოგადოება უფრო მეტად მდიდრდება,  ვიდრე იქმნება  სიმდიდრე, რაც სიმდიდრის დაგროვების კანონის არსის გამომხატველია.   ეს თვალნათლივ დასტურდება იმითაც, რომ მსოფლიოს სიმდიდრის მატებამ 2011- 2019 წლებში შეადგინა 56,3 % , მაშინ როცა მსოფლიოს მთლიანი პროდუქტი გაიზარდა 36,3 %-ით.[1]

ზემოთ აღნიშნული მომენტები სიმდიდრის  ზრდის გასწრების თაობაზე მის შექმნასთან შედარებით, ცხადია, მეტად მნიშვნელოვანია ცალკეული პირებისა და მთელი საზოგადოების კეთილდღეობის თვალსაზრისით.

დამატებული პროდუქტისა და სიმდიდრის განაწილება

რაც შეეხება დამატებული პროდუქტის განაწილებას, ზემოთ გადმოცემული  შეხედულების ლოგიკით,  არ შეესაბამება  სინამდვილეს  მარქსიზმის  მოძღვრება,  რომლის მიხედვით, კაპიტალისტები ითვისებენ  დაქირავებულ მუშათა შრომით შექმნილ  ე.წ. ზედმეტ  ღირებულებას (დამატებულ) პროდუქტს. ამას მარქსი  უწოდებს  მუშაკთა ექსპლუატაციას. მაგრამ დაქირავებული მუშაკები, როგორც წესი, იღებენ  ხელფასს,  რაც შეესაბამება  მათ  წვლილს  დოვლათის შექმნაში.   წარმოების საშუალებათა მფლობელები და ორგანიზაციული ფუნქციის შემსრულებლები კი, ეკონომიკური ძალაუფლების  საფუძველზე, ითვისებენ  მეტ ნაწილს, ვიდრე ეკუთვნით  დოვლათის შექმნაში მათი წვლილის მიხედვით, ე.ი. იმ ნაწილს, რომელიც ობიექტურად, როგორც საყოველთაო უსასყილო რესურსების  მონაწილეობის შედეგად  შექმნილი, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას. მაშასადამე,  იმთავითვე  ამ მიზეზით,  და  არა მარქსის განმარტების   მიხედვით,  დოვლათისა და დამატებული - დანახარებზე მეტი -  პროდუქტის განაწილება არის უსამართლო. 

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ კაპიტალისტების მიერ მითვისებული დამატებული პროდუქტის გამოყენება, რომლის უდიდესი ნაწილი უბრუნდება (ემსახურება) საზოგადოებას ინვესტიციების, ბიუჯეტში გადასახადების, ქველმოქმედების და სხვა სახით, ე.ი. ადგილი აქვს მის სოციალიზაციას. ამასთან, კაპიტალისტებს კიდევ რჩებათ მეტი, ვიდრე ეკუთვნით, რაც ხმარდება მათ ფუფუნებით მოხმარებას და სხვა სურვილებს. ამრიგად, საბოლოოდაც – დამატებული პროდუქტისა და სიმდიდრის  კაპიტალისტური განაწილება არის უსამართლო.     

უნდა ითქვას, რომ კაპიტალისტების როლი და ფუნქცია კ .მარქსის მიერ იგნორირებულია, რაც ეკონომიკურ სინამდვილეს ამახინჯებს. ისინი არ არიან პარაზიტები, არამედ უნდა მივაკუთვნოთ მშრომელებს. მათ შორის არიან დიდი ტალანტები, გენიოსებიც კი, რომლებიც  საზოგადოებრივ პროგრესს ემსახურებიან.

ყველაფერი ეს არ ნიშნავს, რომ  კაპიტალიზმის დროს ადგილი არა აქვს მუშაკთა   შრომის ექსპლოატაციას. ისინი ხშირად იღებენ ნაკლებს, ვიდრე ეკუთვნით შექმნილი   დოვლათის სამართლიანი განაწილების პირობებში.

კეთილდღეობის ჩამორჩენა   სიმდიდრის ზრდისაგან

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, განვიხილავთ სიმდიდრის ზრდისა და კეთილდღეობის ურთიერთკავშირის საკითხს. მიგვაჩნია, რომ სიმდიდრე, განსაკუთრებით ეკონომიკური, უნდა განვიხილოთ ორი კუთხით: სახეზე არსებული სიმდიდრე და  სასარგებლოდ გამოყენებული სიმდიდრე. ისინი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. პრაქტიკიდან ნათელია, რომ შექმნილი მატერიალური სიმდიდრის  არც თუ მცირე ნაწილი რჩება სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებელი სხვადასხვა მიზეზით. სხვანაირად რომ ვთქვათ,  ეკონომიკური დოვლათი  სრულად არ ტრანსფორმირდება სოციალურ სიკეთეში. ეს უწინარესად დაკავშირებულია სიმდიდრის არასამართლიან განაწილებასთან. ცალკეული ადამიანების ხელში  გროვდება უზარმაზარი სიმდიდრე, საქმე გვაქვს  ზღვარგადასულ ქონებრივ უთანასწორობასთან საზოგადოებაში, რომლის მდიდარი ნაწილის  მიერ დაგროვილი სიმდიდრის გონივრული და რაციონალური გამოყენება არ ხდება. ამის გამო დოვლათის ნაწილი საზოგადოებაში გამოუყენებელია ან არასრულადაა გამოყენებული. საქმე ისაა, რომ დოვლათის სამართლიანი განაწილებისას, მისი სასარგებლო პოტენციალის ,,წონა“- მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უნარი - მატულობს. სამართლიან განაწილებაში აქ ვგულისხმობთ საზოგადოების თითოეული წევრის მიერ იმის მიღებას, რასაც ის იმსახურებს პირადი შრომითი წვლილის მიხედვით დოვლათის შექმნაში ან შემოსავლის მიღებას ალტრუისტული პრინციპის  საფუძველზე, მათ მიერ, ვისაც სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლია  შრომითი საქმიანობა. სამართლიანი განაწილების დროს  საზოგადოებრივი სიმდიდრიდან მიიღება მეტი სარგებლობა, ვიდრე უსამართლო განაწილების პირობებში. უკანასკნელ შემთხვევაში, დოვლათის სარგებლობის პოტენციალის ნაწილი იკარგება, მისი ნაწილობრივ ან სრულიად გამოუყენებლობის, ცაკლეული ადამიანების მიერ ზედმეტი, სამომხმარებლო ძალაზე ჭარბი  დოვლათის დაგროვების გამო.

სიმდიდრის განაწილების უსამართლობის შედეგად არსებობს უკიდურესი უთანაბრობა. ასე, მაგალითად, 1980- 2016  წლებში ყველაზე მდიდარი მოსახლეობის შემოსავლების ზრდამ მსოფლიოში შედგინა  27 %, ხოლო ყველაზე  ღარიბებისამ -  13%.[2] ამრიგად, ეკონომიკური პროგრესი განსხვავებულ გავლენას ახდენს  მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილის კეთილდღეობაზე.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის   (ეთგო)  მონაცემებით, მდიდრებისა და  ღარიბების  კეთილდღეობის განსხვავება  იზრდება. ორგანიზაციაში შემავალ 34 ქვეყანაში ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 10% იღებს  თითქმის 10-ჯერ მეტ  შემოსავალს, ვიდრე ღარიბი 10%.[3]

უნდა აღინიშნოს სიმდიდრის სარგებლობის ზრდის  ისეთი  უსასყიდლო ფაქტორი, როგორიცაა   გონივრული და რაციონალური  მოხმარება. როცა ეს დაცულია, ადგილი არა აქვს დოვლათის ზედმეტად დაგროვებას და მოხმარებას, რასაც ამჟამად ხშირად ვხვდებით, განსაკუთრებით მათი მიერ, ვისაც  მაღალი შემოსავალი აქვს. ცნობილია, რომ  ხშირად მომხმარებლები

აგროვებენ ზედმეტ ნივთებს – შეძენის დროს არასწორი არჩევის, დაბალი სამომხმარებლო კულტურის, მოდის, სხვისი მიბაძვის, სახმარი ნივთების   თავმოყრის ჩვევის გამო, პრესტიჟისათვის და სხვ. უხმარი რჩება საგნები, რომელთაც იძენენ ზოგიერთები (ე.წ. შოპოჰოლიკები) შეძენისადმი თვითმიზნური მიდრეკილების  მიზეზით, იმის მიუხედავად, სჭირდებათ თუ არა ის. ყველაფერი ეს შეადგენს საოჯახო მეურნეობისათვის ზედმეტ - არასრულად ან სრულიად მოუხმარ პროდუქტებს.  ასე თუ ისე, შეძლებულ ნებისმიერ ოჯახში იპოვით ამგვარ საგნებს.მფლანგველური დამოკიდებულების, მოხმარების დაბალი კულტურის მიზეზით იყრება მოხმარების საგნების არც თუ ისე მცირე ნაწილი.

სპეციალისტები თვლიან, რომ გამოუყენებელი და არასრულად გამოყენებული დოვლათი  მთელი სამომხმარებლო დოვლათის ერთ მესამედს შეადგენს. სიმდიდრის ამ ნაწილის შექმნა და არსებობა სხვა არფერია, თუ არა უქმი ეკონომიკა. სიმდიდრის სარგებლობის პოტენციალის სრულად გამოყენება კი შეამცირებს დანაკარგებს და გაზრდის კეთილდღეობის ამაღლების შესაძლებლობას, რაც ეკონომიკური განვითარების დიდი ხარვეზია.

მსოფლიოში სიმდიდრის ზრდისაგან კეთილდღეობის ჩამორჩენის შესახებ  წარმოდგენას გვაძლევს  მთლიანი სამამული პროდუქტის (მსპ)  ზრდის  გამსწრები  მატება   ხელფასის  მატებასთან შედარებით, რაც ჩანს შემდეგი მონაცემებიდან (იხ.ცხრილი 1):                  მსპ    და ხელფასის  მატება  მსოფლიოში  (%)

ცხრილი 1

 

2008

2009 

2010  

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

მ სპ[4]          

3,1  

0,1    

5,1    

3,8      

3,1     

3,3     

3,3    

3,0      

3,1    

3,2     

ხელფასი[5] 

1,2     

1,6    

2.2    

1,0      

2.2     

2,0      

2,1    

1,8      

2,4     

1,8     

ხელფასის წილი მსპ-ში 1970 წლის 51%-იდან მსოფლიოში,  2013 წელს   შემცირდა 43%-მდე. ა შშ-ში ეს წილი შეადგენდა 1950 წელს 65,4%-ს, 2000 წელს - 63,3 %-ს, 2012 წელს - 58,7%-ს.[6]

შექმნილი დოვლათის სამართლიან განაწილებასა და ზომიერ, რაციონალურ გამოყენებაში არის საზოგადოების საერთო კეთილდღეობის ამაღლების ყურადსაღები რეზერვი. მეტად არსებითია დოვლათის განაწილება იყოს სამართლიანი, ყველა  მომხმარებელი კი - რაციონალური. მაგრამ ეს პირობები დარღვეულია. ამრიგად, ვხედავთ, რომ არსებობს სიმდიდრის რეალური სასარგებლო პოტენციალის წარმოების ზრდისაგან დამოუკიდებლად გადიდების ფაქტორები, რაც ყურადღებას იმსახურებს.

სიმდიდრეს თუ განვიხილავთ ფართო გაგებით, როგორც მსჯელობა იყო სტატიის  პირველ ნაწილში, ვნახავთ, რომ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ სიმდიდრეს შორის არაა სრული პირდაპირი დამოკიდებულება. ამას შეიძლება თვალი მივადევნოთ ქვეყნების მსპ–ს სულადობრივი სიდიდისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  შემუშავებული  და გათვლილი კეთილდღეობის ამსახველი ინდექსების, მათ შორის ბედნიერების საერთაშორისო ინდექსის ( ბსი)[7] და სოციალური პროგრესის ინდექსის (სპი)[8]  შედარებით (იხ. ცხრილი 2):

ცალკეული  ქვეყნების რეიტინგი მსპ-ს სულადობრივი სიდიდსა და  ბსი და სპი-ს  მიხედვით

ცხრილი 2

ქვეყნები

 მსპ   ერთ მცხოვრებზე[9]

ბსი[10]  

სპი[11]

 

ადგილი

ათასი დოლ.

ადგილი

ინდექსი

ადგილი

ინდექსი

ნორვეგია

6

72.1

2

7.59

6

90.03

შვეიცარია

9

61,6

5

7,49

5

90,1

აშშ

11

59,8

18

6,89

18

86,4

ნიდერლანდები

13

53,9

6

7,44

7

89,8

იაპონია

27

42,9

54

5,92

17

86,4

ესპანეთი

31

38,9

36

6,31

16

87,0

იტალია

32

38,2

47

6,00

24

82,6

ესტონეთი

42

31,7

63

5,74

23

83,0

რუსეთი

59

27,9

59

8,00

67

67,2

ინდოეთი

122

7,18

133

4,19

93

58,4

 

ამ შერჩევითი მონაცემების მიხედვით,  ცალკეულ ქვეყნებში უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფის მაჩვენებელია (მსპ),  ვიდრე ბსი: აშშ-ში, იაპონიაში, ესპანეთში, იტალიაში, ესტონეთში, ინდოეთში, ხოლო სპი უმჯობესია, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფის მაჩვენებელი – შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, იაპონიაში, ესტონეთში, ინდოეთში. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სხვა ქვეყნებში ანალოგიური სურათია, რაც მიუთითებს მატერიალურ პირობებზე კეთილდღეობის არასრული დამოკიდებულების და მასში არამატერიალური ელემენტების  მნიშვნელოვანი  როლის შესახებ .

ამიტომაც, მომავლისათვის ყურადღების საგანი უნდა იყოს ეკონომიკური  ზრდის ზღვარი, რის შესახებაც საკითხი ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა პერიოდში წამოჭრეს ,,რომის კლუბის“ წარმომადგენლებმა. უთუოდ არასწორია ყველა ქვეყანას  მიზნად ჰქონდეს  მუდმივი ეკონომიკური ზრდა,  განსაკუთრებით მაღალგანვითარებულებს.  ზრდის ტემპი უნდა განისაზღვროს აუცილებლობის მიხედვით და არ უნდა იყოს თვითმიზანი.

დასასრულ, ყურადღებას გავამახვილებ კეთილდღეობის ისეთ წყაროებზე, როგორიცაა უხილავი სოციალური  სიმდიდრე, რასაც არა აქვს მატერიალური და ფულადი განზომილება და რისი შედეგები შეიძლება გაიზომოს ან ნაწილობრივ აისახოს  შესაბამისი ხარისხობრივი ინდიკატორებით. მას, როგორც სიმდიდრის შემადგენელს, ეკონომიკურ მეცნიერებაში ნაკლები ყურადღება ექცევა, რაც გაუმართლებელია, რამეთუ მისი დონის გარეშე საერთო კეთიდღეობა არ შეიძლება მაღალი იყოს, განსხვავება მატერიალურ დონესა და საერთო კეთლდღეობას შორის კი გაიზრდება. ის, როგორც ცხოვრებისეული მოვლენების და ურთიერთობათა თანმდევი ფასეულობა, შეიძლება ორადი ხასიათისა იყოს - ეკონომიკური და სოციალური, ან მხოლოდ სოციალური შედეგების მომტანი.

სოციალური კავშირები ადამიანის ცხოვრების თანამგზავრია თავისი სხვადასხვა ფუნქციით. მათ გარეშე, თანამედროვე პირობებში, საქმიანობა შეუძლებელია ან  მისი ეკონომიკური და სოციალური სიკეთე დიდად მცირდება. წესრიგი როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ სიკეთეთა შექმნის საკვანძო ფაქტორია. მისი მნიშვნელობა დიდია ცალკეული ეკონომიკური ერთეულების, ასევე მთელი საზოგადოების მასშტაბით. წესრიგი ადიდებს საქმიანობის ეფექტიანობას ყველა სფეროში და აუმჯობესებს  ცხოვრების პირობებს, რის გარეშე ადგილი აქვს ქაოსს და დანაკარგებს. წესრიგის სასარგებლო შედეგები მთლიანობაში შეუძლებელია  გაიზომოს ზუსტ  ერთეულებში, მაგრამ შეიძლება შეფასდეს ხარისხობრივად.       

ისეთ უხილავ ეკონომიკურ სიკეთეებს, როგორიცაა: ეთიკურობა, სამართლიანობა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სხვა, პირდაპირი ეკონომიკური შედეგი არ გააჩნიათ, მაგრამ მათი როლი დიდია  ეკონომიკის ფუნქციონირებაში. მაშასადამე, ისინი შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკის ეფექტიანობის ფაქტორებად, მისი განვითარების რესურსებად. მათი ძირითადი შედეგები კი სოციალური სიკეთეა. არაეთიკური, უსამართლო, არათავისუფალი და ა.შ. საზოგადოება, კოლექტივი, პიროვნება არ შეიძლება ცივილიზებული და ჰუმანური, ადამიანთა იდეალის შესატყვისი, ბედნიერი იყოს. საბოლოოდ გვეყოლება საზოგადოება, რომელსაც აკლია კეთილდღეობისათვის აუცილებელი ელემენტები.

აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სიმდიდრის დასახელებული სახეობები  მონაწილეობს საზოგადოების განვითარების დონის ჩამოყალიბებაში, ადამიანთა ბედნიერი ცხოვრების პირობათა შექმნაში, მისი ცივილიზებულობის, ადამიანურობის,  ხარისხის გარანტიების შექმნაში. ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმდიდრის   ეკონომიკური სახეობები. საზოგადოება განვითარების მით უფრო მაღალ დონეზეა, რაც უფრო მეტად არსებობს ეს ფასეულობები და რეალიზდება ისინი ცხოვრებაში.  ამას, პირველ რიგში, უნდა აცნობიერებდნენ ქვეყნების ლიდერები, პოლიტიკოსები. მსოფლიოში მთლიანად ამ მხრივ გარკვეულ პროგრესს  ვხედავთ, მაგრამ რჩება  მრავალი პრობლემაც, რომელთა გადაჭრა დაბრკოლებებს ხვდება. პროგრესული კაცობრიობის ძალისხმევა   უთუოდ იქნება მიმართული მათი გადაჭრისაკენ, რაც აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.                             

დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ვასკვნით, რომ სიმდიდრის თეორია საჭიროებს  გაფართოებას  და ფუნდამენტურ დებულებათა გაახლებას. პირველ რიგში, ფართო გაგებით, სიმდიდრის შედგენილობაში უნდა გავითვალისწინოთ არაეკონომიკური, უხილავი ფასეულობები, რომელთაც ადამიანებისათვის,  საზოგადოებისათვის მოაქვს სარგებლობა. შემდეგ, სათანადოდ უნდა შეფასდეს  სიმდიდრის შექმნაში სრულიად და ნაწილობრივ უსასყიდლო, აუნაზღაურებადი  ბუნებრივი და ანტროპოგენური რესურსების როლი და ეკონომიკური შინაარსი, რაც ქმნის  უსასყიდლო სოციალურ ენერგიას - დანახარჯებზე დამატებული პროდუქტის წყაროს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ეს მიმატებული პროდუქტია სიმდიდრის ზრდისა და  დაგროვების წყარო.

განვითარებული საზოგადოების სიმდიდრე იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე  დოვლათის წარმოება კაპიტალური დოვლათის თვისების შედეგად, რაც გამოიხატება  იმაში, რომ  მისი სამსახურის დრო მრავალჯერ აღემატება წარმოების დროს. ამასთან, მისი არამატერიალური ნაწილი მოხმარებისას არ ქრება, მხოლოდ შეიძლება მორალურად გაცვდეს. ასევე, განვითარებული საზოგადოების მწარმოებლური ძალები აღემატება მის სამომხმარებლო ძალებს.

ახლანდელი ეკონომიკური სისტემის პირობებში შექმნილი დოვლათის განაწილება არასამართლიანია იმის გამო, რომ  ეკონომიკური ძალაუფლების - წარმოების საშუალებათა კერძო მფლობელებს და მმართველობითი ფუნქციის შემსრულებლებს  აქვთ შესაძლებლობა მიითვისონ მეტი, ვიდრე ეკუთვნით დოვლათის შექმნაში მათი წვლილის მიხედვით. სწორედ ამის შედეგად  წარმოიქმნება საზოგადოებაში უკიდურესი   ქონებრივი უთანაბრობა, რაც ამცირებს სიმდიდრის გამოყენებისა და სარგებლობის პოტენციალს.

დოვლათის მოხმარებაარარაციონალურობით, დაბალი კულტურით, მფლანგველობით ხასიათდება, მომხმარებლების  დიდი ნაწილში საჭირო ზომიერების  არ არსებობის გამო. საერთო კეთილდღეობა თანამედროვე პირობებში ჩამორჩება  სიმდიდრის ზრდას, სწორედ დოვლათის არასამართლიანი განაწილებისა და  არარაციონალური  მოხმარების  შედეგად.

ხალხებისა და მთელი კაცობრიობის წინაშე დგას გამოწვევა გადალახულ იქნეს  გარღვევა სიმდიდრის ზრდასა და კეთილდღეობის ამაღლებას შორის, რაც დაკავშირებული იქნება სიმდიდრის სამართლიან განაწილებასა და რაციონალურ,  ზომიერ და გონივრულ მოხმარებასთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მაღალ ეთიკურობასთან, ჰუმანურობასთან. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდისა და საერთო კეთილდღეობის ტემპების დაახლოებას და თანხვედრას.  

ლიტერატურა:

  • Малашхия Г.М. (2018).   Малая экономология.  Новые парадигмы экономической теории.   Palmarium Academic  Publishing. Саарбрюккен  (Германия), 241 cт.
  • Пеарце Д. ( гл. ред) (1997).  Словарь современной экономической  теории
  • перевод с англ.   ИНФА- М., 608 cт.
  • მალაშხია გ. (1995). მეტაეკონომიკა - ეკონომიკის ფილოსოფია.  ეკონომიკა, თბილისი,  560 გვ.
  • მარქსი კ. (1954). “კაპიტალი”, ტ. 1  საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი,    992 გვ.
  • სმითი ა. (2007). გამოკვლევა ხალხთა  სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ. ტ.1. ი.ჭავჭავაძის სახ.  სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 504 გვ.
  • Кларк Дж. (2000) Распределение  богатства.  Перевод с англ. Гелиос АРВ, М.,   368 cт.

References:

  • Clark J. (2000). Distribution of Wealth. Translation from English. Helios ARV, M., p. 368. (In Russian).
  • Malashkhia G. (1995) metaekonomika - ekonomikis pilosopia. [Metaeconomics - Philosophy of Economics. Economics, Tbilisi, pp. 560.]  in Georgian.
  • Malashkhia G.M. (2018) Small Economology. New Paradigms of Economic Theory. Palmarium Academic Publishing. Saarbrücken (Germany), pp. 241. in Russian.   
  • Marksi K.  (1954). “Kapitali”, tomi 1. [Marx K.“Capital.” vol. 1.  State Publishing House of the Georgian SSR, Tbilisi, pp. 992.] in Georgian.
  • Pearce D. (chief editor) (1997). Dictionary of Modern Economic Theory  (translation from English.) INFA-M., pp. 608. in Russian.
  • Smiti A. (2007) gamokvleva khalkhta simdidris bunebisa da mizezebis shesakheb. [Smith A. Exploration of the Nature and Causes of the Wealth of Peoples. Vol.1, I. Chavchavadze. State University. Tbilisi, pp. 504.]in Georgian.

[1]    გაანგარიშებულია   მონაცემების მიხედვით, რომლებიც აღებულია წყაროებიდან :ЭКОНС  25 октября 2019 ; Карманный  справочник  мировой статистики. ООН, Нью - Йорк , 2018  с.3. Всемирный банк . Анализ 30 января 2018.  Пресс- релиз. №: 2018/097/ENR

[2] Источник: CIA Workd  Factbook      World Inequality Lab Доклад о неравенстве в мире 2018

[4]  Источник: CIA Workd  Factbook  BBC  NEWS Русская  с служба, 15 мая 2015г

[5] МОТ. Доклад ,, Заработная плата в мире , с. 4.

1 Зарплаты в США.  Tadviser, 23. 09. 2019

[7] ბსი  ასახავს  ადამიანთა კეთილდღეობასა  და  გარემოს მდგომარეობას ქვეყანაში.  ინდექსის  გაანგარიშებისათვის   სამი მაჩვენებელი გამოიყენება:   ადამანთა ცხოვრებით სუბიექტური დაკმაყოფილება,  სიცოცხლის  მოსალოდნელი ხანგრძლოვობა და ე.წ. ეკოლოგიური   უსაფრთხოება.

[8]სპი 50 მაჩვენებელს ითვალისწინებს. ისინი სამ ჯგუფად  ერთიანდება: ადამიანთა ძირითადი  ცხოვრებისეული მოთხოვნილებების   დაკმაყოფილება; ადამიანის კეთილდღეობის საფუძვლები - საბაზო ცოდნისადმი და კომუნიკაციის საშუალებებისადმი მისაწვდომობა, ჯანდაცვის დონე,  ეკოლოგიური მდგრადობა; ადამიანის განვითარების შესაძლებლობები - პირადი და სამოქალაქო თავისუფლების  დონე, ადამიანის უფლებათა და შესაძლებლობათა  უზრუნვეყოფა    გადაწყვეტილებათა  მიღებისა  და   თავისი პოტენციალის რეალიზების  მხრივ.

[9] ru.wikipedia.org/wiki/Список_стран_по_ВВП_(ППС)_на_душу_населения

[10] https://gtmarket.ru/ratings/satisfaction-with-life-index/info

[11] https://gtmarket.ru/research/social-progress-index/info.