English / ქართული /








Journal number 3 ∘ Amiran Maglakelidze
Challenges and Perspectives of Digital Entrepreneurship in Georgia

Under the conditions of globalization, the rapid development of information technology has made it possible to carry out entrepreneurial activities in the virtual space. The widespread use of the Internet and the create of various digital platforms have laid the foundation for digital entrepreneurship as a modern form of entrepreneurial activity. To start a digital entrepreneurship, it is important to have continuous entrepreneurial and digital innovations, progressive vision of modern technological and electronic market conjuncture, creativity and the ability to predict future trends.

Georgia is still characterized by low levels of digital entrepreneurial activity. Nowadays, the main problems of digital entrepreneurship are that the country has no virtually planned digital entrepreneurial policies, the permanent implementation of which will make it possible to produce digital products using digital platforms in the digital ecosystem. With regard to the global pace and prospects for the development of digital entrepreneurship, funding for digital entrepreneurship initiatives in Georgia is miserably small. Digital entrepreneurship is an unorganized and development is mostly driven by individual initiatives.

For the irreversible development of a sustainable digital ecosystem and digital entrepreneurship in Georgia, it is necessary to: The relevant toolkit of economic policy should be selected based on the progressive vision of technological development and on the basis of adequate analysis of the prospects of the information society; It is necessary to create a strategy for the development of digital economy and digital entrepreneurship; expand the scale of financial support programs for digital entrepreneurship initiatives to make it possible to implement more technologically innovative ideas; creating / expanding a network of innovation centers and similar educational spaces, which should ensure the development of technical and entrepreneurial skills of the population in the field of innovation and technology.

Keywords: Digital entrepreneurship;digital economy;information technology, innovation, idea.

JEL Codes: L26, M13, O31, O57

References:

  • Bedianashvili G. (2018) kultura rogorts tsodnis ekonomikis pormirebis paktori paradigmuli tsvlilebebis sistemur-institutsiuri kontekstit. [Culture as a Factor of Knowledge Economics with Paradigmatic Changes in Systemic Institutional Context. Journal “Globalization and Business”, N6, P.58-66.] in Georgian.
  • Erkomaishvili G. (2019) tsipruli ekonomika - ekonomikuri zrdis inovatsiuri instrumenti. [Digital Economy – An Innovative Tool for Economic Growth. Journal “Economics and Business”, V.XI, N2, P.37-46.] in Georgian.
  • Maglakelidze A. (2019) erovnuli inovatsiuri sistemis pormirebisatvis sakartveloshi. [For the Purpose of Forming National Innovation System in Georgia. Journal “Economics and Business”, V.XI, N1, P.171-179.] in Georgian.
  • Maglakelidze A. (2019) mtsire da sashualo metsarmeobis ganvitareba da sashualo penis pormireba sakartveloshi. [Development of Small and Medium Entrepreneurship and Formation of a Middle Class in Georgia.  Journal “Globalization and Business”, N7, P.123-129.] in Georgian.
  • sakartvelos inovatsiebisa da teknologiebis saagento. [Georgia's Innovation and  Technology Agency. Individually requested statistical information, 16 March, 2020.] in Georgian
  • SHPS „startap sakartvelo“. [Startup Georgia Ltd. Individually requested statistical information, 11 March, 2020.] in Georgian.
  • European Commission (2015) Digital Entrepreneurship Scoreboard 2015. Brussels. https://ec.europa.eu/growth/content/digital-entrepreneurship-scoreboard-2015-0_en
  • Gassmann O., Schweitzer F. (2018) Entrepreneurial Innovation. In Handbuch Entrepreneurship, Hrsg. G. Faltin, 71-89. Springer Gabler, Wiesbaden.
  • Kollmann T. (2018) E-Entrepreneurship, Unternehmensgründung in der Net Economy. In Handbuch Entrepreneurship, Hrsg. G. Faltin, 181-199. Springer Gabler, Wiesbaden.
  • Kollmann T. (2019) E-Entrepreneurship, Grundlagen der Unternehmensgründung in der digitalen Wirtschaft. 7. Auflage, Springer Gabler, Wiesbaden.
  • Pioch S. (2019) Digital Entrepreneurship, ein Praxisleitfaden für die Entwicklung eines digitalen Produkts von der Idee bis zur Markteinführung. Springer Gabler, Wiesbaden.
  • Runge W. (2014) Technology Entrepreneurship, a Treatise on Entrepreneurs and Entrepreneurship for and in Technology Ventures. Volume 1, KIT Scientific Publishing, Karlsruhe.
  • Whittington D. (2018) Digital Innovation and Entrepreneurship. Cambridge University Press, Cambridge.
  • https://www.geostat.ge/ka/modules/categories/106/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-shinameurneobebshi /ბოლო ნახვა 24 თებერვალი, 2020/
  • https://www.geostat.ge/ka/modules/categories/104/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebi (last seen 15 .03. 2020)
  • https://gita.gov.ge/geo/static/127 (last seen 16.03. 2020)
  • https://gita.gov.ge/geo/static/135 (last seen 17 .03. 2020)
  • https://grants.gov.ge/ka (last seen 16.03. 2020)
  • http://startup.gov.ge/geo/program (last seen 17 .03. 2020)
  • https://www.bbvaresearch.com/en/publicaciones/digix-2019-tracking-digital-evolution/ (last seen 07. 03. 2020)
  • https://ec.europa.eu/eurostat/tgm/refreshTableAction.do?tab=table&plugin=1&pcode=tin00028&language=de  (last seen 24.02. 2020)
  • https://www.worldbank.org/en/publication/wdr2016/Digital-Adoption-Index (last seen 05.03. 2020)

ციფრული მეწარმეობის   გამოწვევები და პერსპექტივები  საქართველოში

გლობალიზაციის  პირობებში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა სამეწარმეო საქმიანობის ვირტუალურ სივრცეში განხორციელება. ინტერნეტის საყოველთაო გავრცელებამ და სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმების წარმოქმნამ საფუძველი ჩაუყარა ციფრული მეწარმეობის, როგორც სამეწარმეო საქმიანობის თანამედროვე ფორმის  ჩამოყალიბებას.

ნაშრომის მიზანია საქართველოში ციფრული მეწარმეობის  არსებული მდგომარეობის ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით გამოწვევებისა  და პერსპექტივების   შეფასება, ასევე, დაძლევის შესაბამისი გზების მოძიება და კონკურენტული ღონისძიებების ჩამოყალიბება.

საქართველო ჯერ კიდევ ციფრული სამეწარმეო აქტიურობის დაბალი დონით ხასიათდება. დღეისათვის ციფრული მეწარმეობის ძირითადი პრობლემაა, რომ ქვეყანას პრაქტიკულად არ გააჩნია გეგმაზომიერი ციფრული სამეწარმეო პოლიტიკა, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება ციფრული პროდუქტის წარმოება. მიზერულია თანამედროვე მსოფლიოს ციფრულ განვითარების ტემპსა და პერსპექტივებთან მიმართებაში, საქართველოში გაწეული ციფრული სამეწარმეო ინიციატივების მხარდამჭერი დაფინანსება. ციფრულ სამეწარმეო აქტიურობას არორგანიზებული სახე აქვს და განვითარება ცალკეული  ინიციატივების ხარჯზე მიმდინარეობს.

სტატიაში გადმოცემულია, მეწარმეობის თანამედროვე ფორმის  - ციფრული მეწარმეობის რაობა და მნიშვნელობა  ეკონომიკის განვითარებისათვის. გაანალიზებულია საქართველოში მიმდინარე პროცესები ციფრული მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მიმართულებით. წარმოჩენილია დღეს არსებული აქტუალური გამოწვევები და შემოთავაზებულია მათი ადეკვატური დაძლევის გზები.

საკვანძო სიტყვები: ციფრული მეწარმეობა, ციფრული ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინოვაცია, იდეა.

JEL Codes:L26, M13, O31, O57

ციფრული მეწარმეობა მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციით მოიცვას ბიზნესის ყველა სექტორი, ასევე შეიქმნას ახალი ციფრული კომპანიები ინოვაციური საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ისეთი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა: სოციალური ტექნოლოგიები, მობილური, დიდი ზომის მონაცემები (big data)  და ღრუბლოვანი (cloud) გადაწყვეტები. ციფრული მეწარმეობის სტრუქტურული მონახაზი, გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, მოიცავს ხუთ კომპონენტს: ციფრული ცოდნის ბაზა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ბაზარი; ციფრული ბიზნესგარემო; დაბეგვრა და ფინანსური გარემო; ციფრული უნარ-ჩვევები და ელექტრონული ლიდერობა (e-leadership); სამეწარმეო აზროვნება (European Commission 2015, 14-15).

ციფრული მეწარმეობა აღწერს პროცესს, რომელშიც მიმდინარეობს ინდივიდების სამეწარმეო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, შეფასება და წარმატებული გამოყენება, რა დროსაც ისინი ციფრულ პროდუქტს ავითარებენ, ან მსგავს პროდუქტებს ციფრული არხებით  რეალიზებენ (Pioch 2019, 3).

ცნებაში „ციფრული მეწარმეობა“ ასევე მოიაზრება ციფრული ეკონომიკის დამოუკიდებელი და ორიგინალური, სამართლებრივი ეკონომიკური სუბიექტის შექმნა (ელექტრონული სტარტაპი), რომლის ფარგლებშიც თავისუფალ დამფუძნებელებს, პროდუქციის ან/და მომსახურების, სპეციფიკური ონლაინ შეთავაზებით, უცხო (მრავალგვარი) მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურთ (Kollmann 2019, 19).

თანამედროვე ეკონომიკის მთავარი რესურსი ინფორმაცია და ცოდნაა. წარმოების პროცესი კი დაკავშირებულია მეცნიერებატევად ტექნოლოგიებთან. (ბედიანაშვილი, 2018)  ამასთანავე, ფორმირდება ინფორმაციული საზოგადოება, რომელიც ხასიათდება ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენებით და ამის თანმხლები გარდაქმნით: ინდუსტრიულიდან -  ცოდნის საზოგადოებისაკენ (Kollmann 2018, 183). შესაბამისად, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენდეს ინოვაციური საქმიანობის და უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა (მაღლაკელიძე, 2019ა).

მეწარმეობის დაწყება ციფრულ ეკონომიკაში

ციფრულ ეკონომიკაში მეწარმეობის დაწყების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციები ტელეკომუნიკაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მედია ტექნოლოგიების და გართობის სფეროებში. აღნიშნულ ინოვაციებს ჰქონდა და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ინფორმაციის, კომუნიკაციის და ტრანსაქციების დამუშავების შესაძლებლობებზე (Kollmann 2019, 5).

ტექნოლოგია, ხშირად,  გარკვეულ ტექნიკათა ერთობლიობაა, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნისაკენ (Runge, 2014). მუდმივი ინოვაციები ინფორმაციულ ტექნიკაში - კომპიუტერის სიმძლავრეზე, გაციფრულებაზე, ქსელში ჩართვასა და მონაცემთა რაოდენობაზე დაყრდნობით, რეალიზდება ისეთ ინოვაციურ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, როგორიცაა: ინტერნეტი, მობილური ტელეკომუნიკაცია და ინტერაქტიული ტელევიზია (Kollmann, 2019). საქმიანობის მოდელი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინტერაქტიულ პროცესს იყენებს, შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორც ელექტრონული ბიზნესი. სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები სამეწარმეო გარემოს შიგნით ყოველთვის ქმნის ინოვაციური ბიზნესმოდელის ფორმირების შესაძლებლობას. დამწყები საწარმოები უფრო ხშირად მიისწრაფიან საქმიანობის ისეთი მოდელის შემუშავებისკენ, რომელიც ეფუძნება ელექტრონულ ინფორმაციებს  და საკომუნიკაციო სისტემას (Kollmann, 2018).

ციფრულ ეკონომიკაში მეწარმეობის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია განუწყვეტელი სამეწარმეო ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიური და ელექტრონული საბაზრო კონიუნქტურის პროგრესული ხედვა, კრეატიულობა და სამომავლო ტენდენციების პროგნოზირების უნარი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეუქცევადი წარმატება. სამეწარმეო ინოვაციავითარდება სამი მთავარი ეტაპის გასწვრივ. პირველი – აღმოჩენის ეტაპი, რომელიც ფოკუსირდება სამეწარმეო გარემოში არსებული შესაძლებლობებისა და რისკების დაკვირვებასა და ისეთი იდეის აღმოჩენაზე, რომლისთვისაც ღირს სამეწარმეო საქმიანობა. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში მიმდინარე სწრაფი განვითარებით, ბოლო წლების განმავლობაში უფრო მრავალფეროვანია შესაძლებლობები, რომლებსაც კომპანიები იყენებენ, რათა აღმოაჩინონ ან ჩამოაყალიბონ ინოვაციური ბიზნესიდეები. მეორე – ინკუბაციის ეტაპი მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც აყალიბებს კონკრეტული გადაწყვეტილების კონცეპტს სამეწარმეო ინოვაციის იდეიდან. ის  მოიცავს სხვადასხვა ტექნიკური ვარიანტის დამუშავებას და სხვადასხვაგვარი ბიზნესმოდელის გამუდმებულ მოსინჯვას. მესამე – აქსელერაციის ეტაპია, რომლის ძირითადი ამოცანაა სამეწარმეო ინოვაციების გაძლიერება და ზრდის დაჩქარება. ამ ფაზაში სამეწარმეო ინოვაცია უნდა მომწიფდეს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს სავაჭრო ბრუნვის და საქმიანობის მსვლელობის სწორი პროგნოზირება. კონცენტრაცია ხორციელდება გაყიდვების მაქსიმიზაციაზე (Gassmann, Schweitzer 2018).

ციფრულ ეკონომიკაში, ყოველი საწარმოს დაფუძნებისას ბიზნესკონცეფციის ცენტრში დგას იდეა, რომელიც თავისი ევოლუციის გზაზე გაივლის განვითარების შემდეგ ფაზებს: უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რელევანტური იდეის პოვნა და წარმატების ალბათობის შემოწმება, რომელიც იდეის წარმოშობის ფაზასწარმოადგენს; მეორე, იდეის ფორმულირების ფაზაა,რომელშიც აღნიშნული იდეის რეალიზაციისთვის უნდა მომზადდეს მყარი საფუძველი და შედგეს მასთან დაკავშირებული ბიზნესგეგმა;  მესამე –  იდეის განხორციელების ფაზა,რომელშიც უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული ბიზნესგეგმის პრაქტიკული რეალიზაცია; მეოთხე – იდეის ინტენსიფიკაციის ფაზაა, რომელშიც, ბიზნესმოდელის განხორციელების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაცია და აქტიური განვითარება; დაბოლოს, იდეის გახანგრძლივების ფაზა, რომელშიც მოიაზრება იდეის ხანგრძლივად დამკვიდრება ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში, შეუქცევადი წარმოების უზრუნველყოფა (Kollmann 2019, 134). შესაბამისად, იდეა შესაძლოა დარჩეს მხოლოდ იდეად, სანამ მისი რეალიზება არ მოხდება პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებაში, რა დროსაც ის, ასევე, შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც ინოვაცია. შეთავაზება მხოლოდ მაშინ ითვლება ინოვაციად, როდესაც ის წარმატებით არის განხორციელებული და გამოიყენება რომელიმე საზოგადოების ანდა ბაზრის მიერ, რომლისთვისაც მოაქვს სარგებელი. ინოვატორისთვის წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვან ასპექტებს შემოქმედებითობა, წარმოსახვა, გამჭრიახობა, ინფორმირებულობა და ტესტირება შეადგენს (Whittington, 2018), რაც ასევე იდეა-ინოვაცია - წარმატების ჯაჭვის კონცეპტუალურ დეტერმინანტებსაც წარმოადგენს, რისკის გაცნობიერებასა და გაბედულებასთან ერთად (იხ. ნახაზი 1).   ამ საფუძველზე იქმნება ციფრული (ელექტრონული) ღირებულება.

იდეა-ინოვაცია-წარმატების ჯაჭვი ციფრულ მეწარმეობაში.

ნახაზი 1

 

ციფრულ ეკონომიკაში მეწარმეობის დაწყება, თავისი ენდოგენური არსით, ასოცირდება ელექტრონული დამატებითი ღირებულების შექმნასთან და მასზე დაფუძნებულ ბიზნესთან, რომელიც სამომავლო განვითარებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, ინოვაციური ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით (მაგ., ინტერნეტსტარტაპების ელექტრონული შესყიდვით სარგებლობა), არსებობს ეჭვი მომხმარებლების მზაობის თვალსაზრისით, რაც იწვევს მაღალ რისკს ციფრული (ინტერნეტ) ეკონომიკის განვითარებასთან და შესაბამისად, ამ სფეროში, ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნული რისკი იმით კომპენსირდება, რომ ჯერ ერთი, ციფრული ეკონომიკა და მისი ფუძემდებლური ტექნოლოგიები წარმოადგენს მთავარ განვითარებადსფეროს და, შესაბამისად, დაკავშირებულია მრავალ შესაძლებლობასთან (Kollmann, 2018), და მეორე, ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების ფართო გავრცელება და მათზე მოსახლეობის უმრავლესობის წვდომა, ონლაინ კომერციული პროცესის მოქნილობა და სისწრაფე, უბიძგებს ადამიანებს ციფრული სერვისებით სარგებლობისაკენ. მაგალითად, ევროკავშირში, მოსახლეობის 87% აქტიურად იყენებს ინტერნეტს, ისლანდიაში -99%, გერმანიაში - 93% (eurostat), ხოლო საქართველოში დაახლოებით - 70% (geostat.ge). გარდა ამისა, ციფრულ ეკონომიკაში დიდმნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, რომელთან გამკლავებაც ისეთივე საპასუხისმგებლოა, როგორც ტრადიციული მეწარმეობის დაცვა  სხვადასხვა ფიზიკური ვანდალიზმისგან.

ინფორმაციის ახალი განზომილების, როგორც კონკურენტული უპირატესობის დამოუკიდებელი წყაროს მეშვეობით ელექტრონული ღირებულება ციფრულ მონაცემთა ქსელში განხორციელებული ღონისძიებების (ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, შერჩევა, დაკავშირება და კლასიფიკაცია) საფუძველზე იქმნება. „ინტერნეტ ეკონომიკის საწარმოს მაგალითია autoscout24.de, მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის ინტერნეტ პლატფორმა. აქ ღირებულებას მომხმარებელთათვის არა მეორადი ავტომობილები, არამედ ამასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციების მიმოხილვის, შერჩევის და გადაცემის ფუნქცია, მისი დროითი და სივრცითი შეზღუდულობისგან თავისუფალი ხელმისაწვდომობა ქმნის. აღნიშნული „ელექტრონული პროდუქტის“ შექმნა შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით. იგივე ეხება amazon.com-ს, სადაც,  მაგალითად, არა „წიგნი“ ქმნის ღირებულებას, არამედ ინტერნეტში ელექტრონული შერჩევისა და შეკვეთის საშუალება. ზემოაღნიშნული დამოკიდებულება არ ეხება ისეთ შეთავაზებას, როგორიცაა, მაგალითად: seat.com (ავტომწარმოებელი კომპანიის ვებგვერდი). აქ, ღირებულება მომხმარებლისთვის რეალური პროდუქტის - „ავტომობილის“ მეშვეობით იქმნება და ონლაინ მაღაზია არის „მხოლოდ“ სადისტრიბუციო არხი. ეს საშუალება ამარტივებს შეკვეთის პროცესს, მაგრამ არ ქმნის დამოუკიდებელ ღირებულებას. ასე რომ, seat.com არ წარმოადგენს ინტერნეტ ეკონომიკის კომპანიას“ (Kollmann, 2018).

ციფრული მეწარმეობის განვითარება საქართველოში

ციფრული მეწარმეობა ფოკუსირდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე, კომერციული აქტიურობის განხორციელებაზე. ციფრული სამეწარმეო პლატფორმა იძლევა საშუალებას დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შემოქმედებითი იდეები გარდაქმნან სამეწარმეო საქმიანობად და მიიღონ სათანადო სარგებელი. მართალია, საქართველო არც ისე დიდი ხნის წინათ სოციალისტური სამყაროს ნაწილს წარმოადგენდა, რომლისთვისაც უცხო იყო კერძო სამეწარმეო აქტიურობა და, შესაბამისად, მოსახლეობა სამეწარმეო აზროვნებისა და ინიციატივის სიმწირით ხასიათდებოდა (რისი გავლენაც დღემდე იგრძნობა ქართულ სოციუმში). თუმცა, მიუხედავად ამისა, თანამედროვე გლობალური კონიუნქტურის გათვალისწინებით, აუცილებელია, ინდივიდების აზროვნების მეტამორფოზა სამეწარმეო, განსაკუთრებით ინოვაციური სამეწარმეო და ტექნოლოგიური მიმართულებით. რისკი, სიახლე და ცვლილებები არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ბუნდოვანება და პრობლემა, ის უნდა წარმოადგენდეს გამოწვევას და შესაძლებლობას პროგრესული, ტექნოლოგიატევადი იდეების განსახორციელებლად. ზემოაღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ საჭიროა სამეწარმეო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, განათლების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და სისტემატური რეალიზაცია დამწყები მეწარმეებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რაც უზრუნველყოფს ადეკვატური პროგრესული ცოდნის გადაცემას (მაღლაკელიძე, 2019ბ) და საზოგადოებაში რელევანტური სამეწარმეო და ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებას.

ქვეყანაში ციფრული მეწარმეობის განვითარების მთავარი ინდიკატორია ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების დონე. მსოფლიო ბანკის (World Bank) თანახმად, ციფრული ათვისების ინდექსი (DAI), რომელიც სამი კომპონენტის - ბიზნესის, მოსახლეობის და მთავრობის მიერ ციფრული ათვისების მიხედვით დგება, საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 2016 წელს, 0,598 ქულით - 69-ე პოზიციას იკავებდა. მეზობელთაგან ჩვენზე უკეთესი ციფრული მდგომარეობა ჰქონდა რუსეთს - 0,744 ქულა/28-ე პოზიცია, თურქეთს - 0,632/57 და სომხეთს - 0,621/60. პირველ ადგილზე სინგაპური იმყოფებოდა 0,870 ქულით (worldbank.org. იხ. დიაგრამა 1).

BBVA Research-ის ციფრული ინდექსის (DiGiX), რომელიც ზომავს გაციფრულების ხარისხს სამი კატეგორიის - მიწოდების პირობების, მოთხოვნის პირობების და ინსტიტუციური გარემოს მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო, მსოფლიოს 99 ქვეყანას შორის, 0,502 ქულით 57-ე ადგილზეა. მეზობლებიდან ჩვენზე უკეთესი ციფრული მდგომარეობა აქვს აზერბაიჯანს - 0,594 ქულა/38-ე ადგილი და რუსეთს - 0,548/46. პირველ ადგილს ლუქსემბურგი იკავებს 1,000 ქულით (bbvaresearch.com. იხ. დიაგრამა 2). ზემოაღნიშნული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველო ციფრული განვითარების საშუალო დონით პოზიციონირებს მსოფლიოში.

მსოფლიო ბანკის ციფრული ათვისების ინდექსი (DAI), 2016

დიაგრამა 1

 

BBVA Research-ის ციფრული ინდექსი -DiGiX, 2019

დიაგრამა 2

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტზე წვდომა ჰქონდა შინამეურნეობების 79,3%-ს, რომელთაგანაც 70,6%-მა გამოიყენა ბოლო სამი თვის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც; კომპიუტერით უზრუნველყოფილი იყო 62%; მობილური ტელეფონით - 84,8%; ინტერნეტით მოსარგებლეთა 96% აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, ხოლო საქონელი/მომსახურება შეიძინა მხოლოდ 20,8%-მა. 2018 წელს საწარმოების მხოლოდ 3,2%-მა მიიღო შეკვეთა ვებგვერდის მეშვეობით (geostat.ge). ბოლო ორი მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობაში და, შესაბამისად, საწარმოებში ელექტრონული კომერცია განვითარების დაბალ დონეზეა.

ქვეყანაში, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობის მხარდაჭერასა და შესაბამისი ეკოსისტემის ფორმირებას ახორციელებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ამისათვის, ის ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

  • მცირე გრანტების პროგრამა (5000 ლარის ფარგლებში), რომელიც მიმართულია სტარტაპების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობისაკენ. გრანტები გაიცემა სამი მიმართულებით: 1. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპების შექმნისა და განვითარებისათვის; 2. ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების მიზნით; 3. სამგზავრო გრანტი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. (gita.gov.ge) 2016-2019 წლებში, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, სულ დაფინანსდა 365 პროექტი, 1,3 მლნ. ლარის მოცულობით. (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინდივიდუალურად გამოთხოვილი ინფორმაცია)
  • თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლისმიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. დაფინანსება მიმდინარეობს ორი მიმართულებით: 1. თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, მაქსიმუმ 90%-იანი თანადაფინანსებით (მაქსიმუმ 100 000 ლარი); 2. თანადაფინანსების გრანტები ინოვაციების მიმართულებით  მინიმუმ 50%-იანი თანადაფინანსებით (მაქსიმუმ 650 000 ლარი). (grants.gov.ge) 2018-2019 წლებში, ორივე კომპონენტის ფარგლებში, სულ დაფინანსებულია 60 პროექტი, 8,1 მლნ ლარის მოცულობით. (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინდივიდუალურად გამოთხოვილი ინფორმაცია)
  • პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“მაღალტექნოლოგიური კომპონენტი, რომელიც მოიცავს იდეების დაფინანსებას ისეთ დარგებში როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი; კომპიუტერული მეცნიერება; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ტელეკომუნიკაცია და სხვა, სააგენტომ 2016 წელს განახორციელა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 20 გამარჯვებული პროექტი, ჯამურმა დაფინანსებამ შეადგინა 2 მლნ ლარი. (gita.gov.ge)

პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტი კი, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის, ან მომსახურების (ინოვაციური იდეა) დანერგვის ფინანსურ ხელშეწყობას, დღემდე ხორციელდება სს საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიის შპს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ. 2016-2019 წლებში, „სტარტაპ საქართველოს“ მიერ, ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში, განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 4,4 მლნ. ლარი (startup.gov.ge. შპს „სტარტაპ საქართველო“, ინდივიდუალურად გამოთხოვილი ინფორმაცია. იხ. დიაგრამა 3).

პროგრამა "სტარტაპ საქართველო", დაფინანსების მოცულობა 2016-2019

დიაგრამა 3

წყარო: შპს სტარტაპ საქართველო

საქართველოში, 2016 წლიდან მიმდინარე ძვრები ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარების მიმართულებით, პროგრესულად უნდა შეფასდეს, თუმცა, ამასთანავე, აუცილებელია ამ მაღალპერსპექტიული სფეროსადმი კომპლექსური მიდგომა. საჭიროა ციფრული სამეწარმეო კულტურის ამაღლება და მისი გადაქცევა სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად (ერქომაიშვილი, 2019).  დღეისათვის არ არსებობს ციფრული ეკონომიკის განვითარების და გაციფრულების მიზანმიმართული სტრატეგია. საქართველოს ეკონომიკაში პრაქტიკულად არ მოიძებნება ინდუსტრია 4.0-სთვის დამახასიათებელი ელემენტები, რომელიც კიბერფიზიკურ სისტემებს იყენებს „ჭკვიანი“ საწარმოების შესაქმნელად (Whittington, 2018). მიზერულია, თანამედროვე მსოფლიოს ციფრულ განვითარების ტემპსა და პერსპექტივებთან მიმართებით საქართველოში გაწეული ციფრული სამეწარმეო ინიციატივების მხარდამჭერი დაფინანსება. ციფრულ სამეწარმეო აქტიურობას არორგანიზებული სახე აქვს და განვითარება, დიდწილად, ცალკეული, პერსონალური ინიციატივების ხარჯზე მიმდინარეობს.

დასკვნა

საქართველოში ციფრული მეწარმეობის პრობლემატიკის გაანალიზებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანას პრაქტიკულად არ გააჩნია გეგმაზომიერი ციფრული სამეწარმეო პოლიტიკა, რომლის პერმანენტული რეალიზაციის შედეგად, ციფრულ ეკოსისტემაში, შესაძლებელი იქნება, ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით, ციფრული პროდუქტის წარმოება. ეჭვგარეშეა, რომ ციფრული მეწარმეობა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით, ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა ქმნიდეს.

მდგრადი ციფრული ეკოსისტემის და ციფრული მეწარმეობის შეუქცევადი განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელია:

  • ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისი ინსტრუმენტარიუმი შერჩეულ იქნეს ტექნოლოგიური განვითარების პროგრესული ხედვიდან გამომდინარე და ინფორმაციული საზოგადოების პერსპექტივების ადეკვატურად გაანალიზების საფუძველზე;
  • შეიქმნას ციფრული ეკონომიკის/მეწარმეობის განვითარების სტრატეგია;
  • გაფართოვდეს, ციფრული სამეწარმეო ინიციატივების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამების მასშტაბი, რათა მეტი ტექნოლოგიატევადი ინოვაციური იდეის განხორციელება გახდეს შესაძლებელი;
  •  ინოვაციების ცენტრების და მისი მსგავსი საგანმანათლებლო სივრცეების ქსელის შექმნა/გაფართოება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოსახლეობის ტექნიკური და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება.

ლიტერატურა:

  • ბედიანაშვილი, გ. (2018) კულტურა როგორც ცოდნის ეკონომიკის ფორმირების ფაქტორი პარადიგმული ცვლილებების სისტემურ-ინსტიტუციური კონტექსტით. ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“, N6, გვ.58-66.
  • ერქომაიშვილი, გ. (2019) ციფრული ეკონომიკა - ეკონომიკური ზრდის ინოვაციური ინსტრუმენტი. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, N2, გვ.37-46.
  • მაღლაკელიძე, ა. (2019) ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისათვის საქართველოში. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, N1, გვ.171-179.
  • მაღლაკელიძე, ა. (2019) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და საშუალო ფენის ფორმირება საქართველოში. ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“, N7, გვ.123-129.
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინდივიდუალურად გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია, 16 მარტი, 2020.
  • შპს „სტარტაპ საქართველო“, ინდივიდუალურად გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია, 11 მარტი, 2020.
  • European Commission (2015) Digital Entrepreneurship Scoreboard 2015. Brussels.
  • https://ec.europa.eu/growth/content/digital-entrepreneurship-scoreboard-2015-0_en
  • Gassmann O., Schweitzer F. (2018) Entrepreneurial Innovation. In Handbuch Entrepreneurship, Hrsg. G. Faltin, 71-89. Springer Gabler, Wiesbaden.
  • Kollmann T. (2018) E-Entrepreneurship, Unternehmensgründung in der Net Economy. In Handbuch Entrepreneurship, Hrsg. G. Faltin, 181-199. Springer Gabler, Wiesbaden.
  • Kollmann T. (2019) E-Entrepreneurship, Grundlagen der Unternehmensgründung in der digitalen Wirtschaft. 7. Auflage, Springer Gabler, Wiesbaden.
  • Pioch S. (2019) Digital Entrepreneurship, ein Praxisleitfaden für die Entwicklung eines digitalen Produkts von der Idee bis zur Markteinführung. Springer Gabler, Wiesbaden.
  • Runge W. (2014) Technology Entrepreneurship, a Treatise on Entrepreneurs and Entrepreneurship for and in Technology Ventures. Volume 1, KIT Scientific Publishing, Karlsruhe.
  • Whittington D. (2018) Digital Innovation and Entrepreneurship. Cambridge University Press, Cambridge.
  • https://www.geostat.ge/ka/modules/categories/106/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-shinameurneobebshi /ბოლო ნახვა 24 თებერვალი, 2020/
  • https://www.geostat.ge/ka/modules/categories/104/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebi /ბოლო ნახვა 15 მარტი, 2020/
  • https://gita.gov.ge/geo/static/127 /ბოლო ნახვა 16 მარტი, 2020/
  • https://gita.gov.ge/geo/static/135 /ბოლო ნახვა 17 მარტი, 2020/
  • https://grants.gov.ge/ka /ბოლო ნახვა 16 მარტი, 2020/
  • http://startup.gov.ge/geo/program /ბოლო ნახვა 17 მარტი, 2020/
  • https://www.bbvaresearch.com/en/publicaciones/digix-2019-tracking-digital-evolution/ /ბოლო ნახვა 07 მარტი, 2020/
  • https://ec.europa.eu/eurostat/tgm/refreshTableAction.do?tab=table&plugin=1&pcode=tin00028&language=de  /ბოლო ნახვა 24 თებერვალი, 2020/
  • https://www.worldbank.org/en/publication/wdr2016/Digital-Adoption-Index /ბოლო ნახვა 05 მარტი, 2020/