English / ქართული /








Journal number 3 ∘ Vladimer Basaria
Private Property Relations, Socio-Economic Order and Entrepreneurship

An important role in ensuring the well-being of the population is how the society has mastered the defining (basic) reasons for its economic activities - its own relations and the motivation of the activities caused by them - and how it uses them to achieve the desired result. The coexistence and ratio of two forms of property, private property and public property, has historically always conditioned the essence of the socio-economic order, the result of economic activity. At the same time, private property, the substance that determines motivation, has always been dominant. Therefore, understanding the motivation of private owners, the correct theoretical assessment of the pros and cons of this motivation and the impact on the well-being of their society and its practical application should become one of the main means of developing high-yield production in our country. In our reality, the solution to this problem is complicated by the fact that private property was restored in the country not through the acquisition of wealth, but through the privatization of public property by individuals using various illegal, criminal methods of ownership of the entire population. Added to this was the seizure of wealth by private owners by the criminal "elite" imprisoned in state structures in 2002-2012. It is clear that such a nature of the process would not have contributed to the stimulation of the motivation of private property relations, weakening its downside. This indicates that the Georgian government must grasp the importance and severity of the problem, consistently and simultaneously pursue a comprehensive policy of maximizing the pros and cons of the relationship between private owners.

Keywords: Private property relations, entrepreneurship, business, motivation, welfare, rivalry, socially oriented economic system.

JEL Codes: L20, L21, L26, L32, L33.

References:

  • Basaria V., Basaria R. (2017). „ekonomikis printsipebi“. sakartvelos akademiuri gamomtsemloba.  ["Principles of Economics". Georgian Academic Publishing House, Tbilisi pp.362).] In Georgian.
  • ekonomikuri leksikoni (2011). propesor a. silagadzis redaktorobit.  tsu-is gamomtsemloba, tbilisi. [Economic Dictionary. (2011). Under the leadership of Prof. A. Silagadze. TSU Publishing House, Tbilisi.] In Georgian.
  • tsagolovi g. (2016). „meshvide pormatsia“. interviu „ekonomika da biznesi“ N1,         [Tsagolov G. (2016). “The Seventh Formation.” Interview. "Economy and        Business" N1.pp.151-158.] In Georgian.
  • Biznes. Tolkovyy slovar. (1998) Angl. - russk. - M .: INFRA. [Business. Explanatory dictionary. English - Russian - M .: INFRA  pp. 760.] In Russian.
  • Macconnell, Campbell R., Bru, Stanley L. (1992). Economics - Principles, Problems and Politics in 2 vol. V II. – “Republic” pp.400.
  • Macmillan (1997). Glossariy sovremennykh ekonomicheskikh teoriy. [Dictionary Modern Economic Theory. - M .: INFRA – M, pp.608.] In Russian.
  • Tabakov S. (1997). Evolyutsiya otnosheniy sobstvennosti. «Ekonomist» №2. [ Evolution of Property Relations. M. “The Economist” N2.] In Russian.

კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობები,

სოციალურ-ეკონომიკური წესრიგი და მეწარმეობა

ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში სერიოზული (რევოლუციური) სოციალურ - პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს. ეს თვისებრივი გარდაქმნები, სოციალურ - პოლიტიკური ცვლილებების გატარებასთან ერთად, გულისხმობს, პირველ რიგში, მოსახლეობის მატერიალური  კეთილდღეობის ამაღლებას, ამისათვის კი - საჭირო სამეურნეო საქმიანობის მაღალი ხარისხის ეკონომიკურ თავისუფლებას, უპირველესად, კერძო საკუთრების ფლობა - განკარგვის უზრუნველყოფას.

ახალ სოციალურ - ეკონომიკურ წესრიგზე გადასვლისთვის საჭირო გარდამავალი პერიოდი, პრინციპში, თითქოს გავიარეთ, მაგრამ, ერთგვარი საერთო წინსვლის მიუხედავად, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით (კეთილდღეობის დონის მხრივ), სამწუხაროდ, ჯერჯერობით წარმატებაზე მსჯელობა არამართლზომიერია. ამის მიზეზთა შორის კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების (ასეთი ურთიერთობებით გამოწვეული მოტივაციის) არასათანადოდ გათავისება-გამოყენებაც შეიძლება დავასახელოთ. შესაბამისად, სტატიაში ყურადღება გამხვილებულია კერძოსაკუთრებითი ურთიერთობის არსსა და ორად ხასიათზე, საკუთრებით ურთიერთობათა გენეზისზე საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მეწარმეობის განვითარებისათვის აუცილებელ სოციალურ–ეკონომიკურ წესრიგზე და ა.შ. ასევე საკუთრების ახალი ფორმის სახეების და საკუთრებრივი ურთიერთობების საკითხი ისტორიულ ასპექტში, რაც აუცილებლობას წარმოადგენს საკუთრების არსის, საკუთრებრივი ურთიერთობების და ადამიანების ქცევის სწორად გაგებისათვის.

საკვანძო სიტყვები: საკუთრება, კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობები, მეწარმეობა, ბიზნესი, მოტივაცია, კეთილდღეობა, მეტოქეობა, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური სისტემა.

შესავალი

ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის იმას, თუ როგორ აქვს მას გათავისებული თავისი სამეურნეო საქმიანობის განმსაზღვრელი (საბაზისო) მიზეზები (საკუთრებრივი ურთიერთობები და მის მიერ გამოწვეული საქმიანობის მოტივაცია) და როგორ იყენებს მას სასურველი შედეგის - კეთილდღეობის ამაღლების მისაღწევად. კაცობრიობის ისტორიაში საკუთრების ორი ფორმის - კერძო საკუთრებისა და საზოგადოებრივი საკუთრების თანაარსებობა და თანაფარდობა ყოველთვის განაპირობებდა და ახლაც განაპირობებს სოციალურ - ეკონომიკური წესრიგის არსს, ეკონომიკური საქმიანობის რეზულტატს. ამასთან, კერძო საკუთრება, როგორც ადამიანების მეწარმეობრივი თუ მთლიანად მეურნეობრივი საქმიანობის მოტივაციის განმსაზღვრელი სუბსტანცია, ყოველთვის დომინანტურ პოზიციაშია. სწორედ ამ ურთიერთობებში გარკვევა, მათი საუკეთესო შეხამება და შესაძლებლობების გამოყენება უნდა გახდეს ჩვენ ქვეყანაში სოციალური ორიენტაციის და დოვლათ - სიკეთის ზრდის თვალსაზრისით, მაღალშედეგიანი წარმოების წესის წარმატებით დამკვიდრება - განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. ამიტომ მეტად სასარგებლო და აუცილებელია ამ მიმართულებით ქვეყანაში კვლევების გააქტიურება.

საკუთრებრივი ურთიერთობების განვითარების ისტორიული ასპექტი

ყოველი სოციალურ-ეკონომიკური წესრიგი (საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია) მნიშვნელოვანწილად მისთვის დამახასიათებელი საკუთრების ფორმებით განსხვავდება. მწარმოებლური ძალების განვითარების ამა თუ იმ დონეს შეესაბამება სათანადო ეკონომიკური ურთიერთობები; ამ ურთიერთობებში კი არსებითი  და გადამწყვეტი საკუთრებრივი ურთიერთობებია. საზოგადოების ისტორიული განვითარების პროცესში საკუთრებრივი ურთიერთობები, თავისი სტრუქტურითა და ხასიათით იცვლებოდა მრავალრიცხოვანი ფაქტორის ზეგავლენით, იქნებოდა ეს დოვლათის შექმნა - კვლავწარმოება, მიტაცებები ომების ან სხვა იძულებითი ზომების საშუალებით, პოლიტიკური რევოლუციები, საკანონმდებლო აქტები თუ სხვა მისთ. ამ ცვლილებების შედეგად საკუთრება იღებდა ახალ ფორმას, რაც წარმოების საზოგადოებრივ წესს განაპირობებდა (შეესაბამებოდა), ახალი ურთიერთობების განმტკიცება კი სათანადო საკანონმდებლო აქტებით ხდებოდა.

განვიხილოთ ამ ფორმის, სახეებისა და საერთოდ საკუთრებრივი ურთიერთობების საკითხი ისტორიულ ასპექტში, რაც აუცილებელია საკუთრების არსის, საკუთრებრივი ურთიერთობების და ადამიანების ქცევის სწორად გაგებისათვის.

კაცობრიობის წინაკაპიტალისტური განვითარების პერიოდში გაბატონებული დარგი იყო სოფლის მეურნეობა, ხოლო წარმოების ძირითადი ფაქტორი - მიწა იყო. ამიტომ განმსაზღვრელი როლიც მიწის საკუთრებას ეკუთვნოდა. თავიდან მიწაზე საკუთრებას თემური ხასიათი ჰქონდა: ცალკეულ ადამიანს, როგორც ინდივიდუუმს, შეეძლო მხოლოდ ესარგებლა მიწით (საკუთრების ობიექტით), მაგრამ ის, როგორც წესი, მიწის მესაკუთრე არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან შრომის დაბალი მწარმოებლურობის გამო, დამოუკიდებლად ვერ ირჩენდა თავს. ამიტომ, საკუთრების პირველი სუბიექტი თემი (ტომი) იყო.

მწარმოებლური ძალების განვითარების, შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავების, შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედეგად მიმდინარეობდა თემების დაშლა და კერძო მესაკუთრეების გამოყოფა. ამასთან, კერძო საკუთრებამ თავიდან მონათმფლობელური კერძო საკუთრების სახე მიიღო ძირითადად, როდესაც საკუთრების ობიექტი, ჩვეულებრივ საგნობრივ სიკეთესთან ერთად, თვით საზოგადოების გარკვეული ნაწილიც გახდა (მონები). კერძო საკუთრების ეს ფორმა დაფუძნებული იყო მონის შრომის ექსპლუატაციაზე და ეყრდნობოდა მონათა შრომის შედეგის მონათმფლობელის მიერ მითვისებას. მონას კი არავითარი საკუთრება არ გააჩნდა; მისი შრომის შედეგი არ იყო პირდაპირ დაკავშირებული მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონესთან, ამიტომ ძალზე დაბალმწარმოებლური იყო.

მიუხედავად თავიდან ასეთი ნეგატიური (დღევანდელი პოზიციიდან ყოვლად მიუღებელი) ხასიათისა, მთლიანობაში, კერძო საკუთრების წარმოქმნა იმთავითვე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც გამოიწვია, საქმიანობაში ფართოდ ჩართო და განავითარა ადამიანის შემოქმედებითი, მეწარმეობრივი და საერთოდ შრომითი შესაძლებლობები (მოტივაცია), განამტკიცა მისი სტატუსი ბუნებაში და ის დღევანდელ ცივილიზაციამდე მიიყვანა.

შუა საუკუნეებში გაბატონებული ხასიათი მიიღო ფეოდალურმა კერძო საკუთრებამ, რომლის საფუძველს ფეოდალის მიწაზე საკუთრება და პირადად არათავისუფალ, დამოკიდებულ გლეხთა ექსპლუატაცია წარმოადგენდა. ამასთან, მონისაგან განსხვავებით, ყმა (ფეოდალურად დამოკიდებული გლეხი) უკვე საკუთრებრივი ურთიერთობების ფაქტობრივი მონაწილე (სუბიექტი) იყო, ვინაიდან მას მიწის მცირე ნაკვეთი და მის დასამუშავებლად საჭირო წარმოების საშუალებები გააჩნდა (მართალია, მიწა ფეოდალის საკუთრება იყო, ხოლო თავად ყმა – გლეხი – მნიშვნელოვანწილად ფეოდალური საკუთრების ობიექტი). თავისი შრომის შედეგის დიდ ნაწილს ყმა გლეხი იძულებითი წესით განასხვისებდა მიწის მესაკუთრის სასარგებლოდ - სამუშაოს შესრულების ან ნატურალური რენტის სახით. მიწის ფეოდალური საკუთრება იყო პიროვნული, პირადი დამოკიდებულების იერარქიული კავშირებით შეზღუდულ - შემოფარგლური საკუთრება. მიუხედავად ამისა, ყმა - გლეხის შრომა, მონის შრომასთან შედარებით, უფრო მწარმოებლური იყო.

ფეოდალური საკუთრების წიაღშივე წარმოიშვა ურთიერთობები, რაც არ იყო დაკავშირებული მწარმოებლის მიწისადმი მიმაგრებასთან. თავისუფალ გლეხთა წვრილ კერძო საკუთრებასთან ერთად, აქ არსებობდა მიწის საკუთრებისაგან გამოყოფილ, ფეოდალური დამოკიდებულებისაგან თვისუფალ ქალაქელ ხელოსანთა საკუთრება, რომლებიც (ხელოსნები) აწარმოებდნენ გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებული და ეს უკანასკნელნი რეგლამენტაციას უწევდა მათ საქმიანობას, ისინი პირადად დამოუკიდებელნი იყვნენ და გამოდიოდნენ როგორც წარმოების საშუალებებისა და პროდუქციის შედარებით განცალკევებული მესაკუთრეები. ხელოსანთა კერძო საკუთრება მთლიანად უკავშირდება სასაქონლო წარმოებას და გაცვლას, ამიტომ მისი სუბიექტები საქონელმწარმოებლებად გვევლინება, ამ საქმიანობის შედეგად მათ ნაწილს ერთგვარი დანაზოგი უჩნდება - კაპიტალისტური ურთიერთობების დამყარებისთვის აუცილებელი დაგროვება.

სასაქონლო ურთიერთობების განვითარების კვალობაზე გარკვეული დანაზოგები დაუგროვდათ ფეოდალებსაც, რისი გამოყენება შეიძლებოდა წარმოების სხვა საწყისებზე ორგანიზებისათვის.

მწარმოებლური ძალების, სასაქონლო წარმოების განვითარების და კაპიტალის პირველადი დაგროვების შედეგად, რასაც მესაკუთრე ფეოდალების (მომავალი კაპიტალისტების) მხრიდან მეტად ხისტი და სასტიკი ძალდატანება ახლდა თან, წარმოიშვა კაპიტალისტური კერძო საკუთრება. ასეთი საკუთრებისათვის იმთავითვე დამახასიათებელი იყო უშუალო მწარმოებელთა დიდი ნაწილის შრომის მატერიალური პირობებისაგან, როგორც საკუთრების ობიექტისაგან, სრული გათიშვა (გამოყოფა) - სოფლის მშრომელი მოსახლეობის საკუთრების ექსპროპრიაცია. ამის შედეგად შეიქმნა გლეხებისაგან გამოთავისუფლებულ მიწაზე მსხვილი კერძო საკუთრება და გაჩნდა პიროვნულად თავისუფალი, ეკონომიკური რესურსების (გარდა შრომისა) არმქონე ადამიანების მასა. ე.ი. საკუთრება გათავისუფლდა პიროვნული დამოკიდებულებისაგან, შეიქმნა, ასე ვთქვათ, „სუფთა“ კერძო საკუთრება.

როგორც ვხედავთ, კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების ზემოგანხილული განვითარების პროცესში მისი არსი მთლიანობაში იცვლებოდა ისე, რომ სულ უფრო იკვეცებოდა უარყოფითი გამოვლინება (ნეგატიური მხარე) და ძალებს იკრებდა შემოქმედებითი, მეწარმეობრივი ასპექტები (ორადი ხასიათის დადებითი მხარე). შეიძლება ითქვას, რომ კაპიტალისტური წარმოების წესის დამკვიდრება იყო კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ზოგადსაკაცობრიო სამართლიანობის დამკვიდრების (ამ ურთიერთობების „გაკეთილშობილების“) თავისებური მწვერვალი, როდესაც მნიშვნელოვნად ლოკალიზებული იყო ამ მოვლენის უარყოფითი გამოვლინება და ფართოდ, თითქმის შეუზღუდავად გაიშალა დადებითი მხარე.

მაგრამ ეს ურთიერთობები კვლავინდებურად შინაგანად ორადი ხასიათის მატარებლად დარჩა, როგორც ობიექტური ხასიათის მოვლენა. უფრო მეტიც, სწორედ კაპიტალისტური სოციალურ - ეკონომიკური წესრიგის უკვე ფართოდ დამყარების შემდეგ მოხდა კერძოსაკუთრებრივი მოტივაციის ნეგატიური მხარის მოქმედების გაფურჩქვნა - აღმავლობის პერიოდი, რომელიც რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა. რიგმა ევროპის ქვეყანამ და აშშ–მა, მათი საზოგადოების შეძლებულმა, უფრო მეტად გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა ნაწილმა აფრიკის, აზიის, თვით ამერიკის კონტინენტის დაბალგანვითარებული ქვეყნების თითქმის მთლიანი მოსახლეობა მონებად აქციეს და პირუტყვის მსგავსად უბრალო ყიდვა - გაყიდვის ობიექტი გახადეს. ეს მოვლენა, ეს შემზარავი ფაქტი - საქციელი ისტორიული კანონზომიერება კი არა, არამედ ცივილიზებული განვითარებიდან გადახვევა და საერთო-საკაცობრიო დანაშაული იყო. ამ რასისტული, დაკანონებული და ფაქტობრივად მენტალურად გათვისებული საყოველთაო ბოროტების გამოძახილი დღესაც ვლინდება სხვადასხვა ქვეყანაში და, ბუნებრივ, სამართლიან მოთხოვნებთან ერთად, ზოგჯერ აბსურდულ, უაზრო მასობრივ ქცევა - მოქმედებაში და ულტიმატუმებში (თავისებურ „შავ რასიზმში“) გადაიზრდება. ასე მოხდა 2020 წლის ივნისში, როდესაც ამერიკელმა პოლიციელმა დამნაშავის დაკავებისას ძალაუფლებას გადააჭარბა და შავკანიანი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს, რასაც არნახული უმართავი პროტესტი მოჰყვა როგორც აშშ-ში (ქვეყანა თითქმის ორად გაიყო), ისე ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ამ პროცესმა, კანონმორჩილ მოქალაქეებთან ერთად, ათიათასობით კრიმინალი თუ რადიკალური შეხედულების მქონე პირი მოიცვა, რომლებიც მიჰყვნენ ყველაფრის დარბევა-დაყაჩაღებას, სამართალდამცავების დაცინვა-გამასხარავებას; ბრბოს მოთხოვნები გასცდა ყოველგვარ ლოგიკას; მასობრივი ხასიათი მიიღო კაცობრიობის ცივილიზებულ განვითარებაში შესამჩნევი წვლილის შემტანი ისტორიული პიროვნებების (ა. ლინკოლნის, ჯ. ვაშინგტონის, უ. ჩერჩილის და სხვების) ძეგლების ხელყოფა - შეურაცხყოფა, ქრისტეფრე კოლუმბის ძეგლებსაც კი შესწვდნენ გაუგებარი არგუმენტაციით.

ზემოაღწერილ, თითქოსდა უფრო პოლიტიკურ მოვლენაზე ყურადღების გამახვილებით ხაზს იმას ვუსვამთ, რომ საზოგადოების კომფორტული, სტაბილური მიმდინარე და მომავალი ცხოვრების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საზოგადოება კარგად ერკვეოდეს საკუთრებრივი ურთიერთობების (განვითარების განმაპირობებელი ამ საბაზისო ფენომენის) არსში; გათავისებული ჰქონდეს, რომ: ერთნაირად აუცილებელია კერძოსაკუთრებრივი მოტივაციის (მოვლენის) როგორც დადებითი, სასიკეთო მხარის ხელშეწყობა, ისე მისი მეორე (უარყოფითი) ნაწილის გამოვლინების შემზღუდველი ღონისძიებების გატარება; და რომ მხოლოდ ასეთ მიდგომაზე დაფუძნებულ სოციალურ - ეკონომიკურ წესრიგს ხელეწიფება მოსახლეობისთვის კეთილდღეობისა და სამართლიანობის მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფა.

კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობები როგორც საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლების საშუალება

წარმოშობის ადრეულ საფეხურზე ადამიანი ყოველგვარი შეგნებული შეცვლა-გადაკეთების გარეშე მოიხმარდა იმას, რაც მზამზარეულად ხვდებოდა ბუნებისაგან; ამ პირობებში რესურსების შეზღუდულობა-საკმარისობა არ წარმოადგენდა მისთვის განსაკუთრებულ პრობლემას. დროთა განმავლობაში კი, ადამიანთა ერთობლიობის გონივრული და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების შედეგად, სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა: გარემოს მიერ ბოძებული ზოგიერთი სიკეთე ადამიანმა მეტი დოვლათის შექმნის რესურსად და მეტის მოხმარების მომცემ საშუალებად აქცია. ამან კი გააჩინა მასში ნივთ - საგნების დაუფლების ინტერესი, ანუ გაუღვივა მას კერძომესაკუთრეობრივი იმპულსი. დადგა არსებობისათვის საჭირო დოვლათ-სიკეთის საზოგადოების წევრების მიერ გამოყენება-დაუფლების პრობლემა, ადამიანთა ერთობის ერთი ნაწილის მიერ რესურსების (და მათი გამოყენების შედეგის) მნიშვნელოვანი წილის დაუფლების სურვილი. გასაგებია, რომ ერთობის მეორე ნაწილს ამ შემთხვევაში ნაკლები ერგებოდა. ეს კი კერძო საკუთრების ნიშნებია. რესურსების მფლობელს, რომელიც ხედავს, რომ მათი გამოყენებით მეტის შექმნა შეიძლება, წარმოების ორგანიზაციის მოტივაცია უჩნდება. ამას კი შესაბამისი ძალისხმევა-შრომა და უნარის გამოყენება სჭირდება. ამასთან, ნებისმიერი ადამიანისთვის იმთავითვე ცხადი ხდება, რომ მეტი სიკეთის დაუფლება სხვანაირადაც (ასე ვთქვათ, ნაკლები ჯაფით) შეიძლება ან სხვა პიროვნებისაგან დოვლათის ძალდატანებით თუ სხვა ხერხების გამოყენებით მითვისებას, კერძომესაკუთრეობრივ მოტივაციას ჩანასახიდან ორადი ხასიათი აქვს: წარმოების ორგანიზაციით მეტი დოვლათ-სიკეთის შექმნა-მონაგრება და უკვე არსებულის (შექმნილის) თავის სასარგებლოდ და სხვების საზიანოდ გადანაწილება.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტიდან იწყება კაცობრიობის არსებობის თვისებრივად ახალი ეპოქა, როდესაც ადამიანების ცხოვრებისეული ინტერესები მძაფრად უკავშირდება დოვლათის ქონა-არქონას, საკუთრების პრობლემას; ეს ადამიანის, როგორც შეგნებული ცოცხალი არსების, ფუნქციონირების ფუნდამენტური მოვლენაა: მისი ხასიათის თვისებრივი ცვლილება, როგორც წესი, თვით საზოგადოებრივი ყოფის შეცვლას, სოციალურ - ეკონომიკური წყობილების (წესრიგის) ჩამოყალიბება - გარდაქმნას განაპირობებს.

საკუთრებრივ ურთიერთობებზე საგნობრივი საუბარი მიზანშეწონილი იქნება თვით საკუთრების განმარტებით დავიწყოთ. საკუთრება არის „საგნების, მატერიალური და სულიერი ფასეულობების გარკვეული პირების კუთვნილება, ასეთი კუთვნილების იურიდიული უფლება და ეკონომიკური ურთიერთობები ადამიანებს შორის საკუთრების ობიექტების კუთვნილების, გაყოფის და გადანაწილების საბაბი“ [სილაგაძე ა. 2011, 472].

საკუთრების სუბიექტებს შორის საკუთრების ობიექტების განაწილება არსებულ სოციალურ - ეკონომიკურ წესრიგზეა დამოკიდებული. ამასთან, საკუთრების ამა თუ იმ ფორმით არსებობის თვისუფლება ადამიანების (ინდივიდების), მთელი საზოგადოების მეწარმეობრივი მოტივაციის ინტენსივობას განაპირობებს. ნებისმიერ ფორმაციაში კვლავწარმოებას უპირველესად ადამიანის შინაგანი გენეტიკური მისწრაფებები განსაზღვრავს (იარსებოს, გვაროვნობა გააგრძელოს); გაფართოებული კვლავწარმოების მიზეზად კი, პირველ რიგში, თავად საკუთრებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მეწარმეობრივი (და მთლიანად შრომითი) მოტივაცია გვევლინება.

საკუთრება, კერძო საკუთრებრივი მოტივაცია ადამიანებს შორის ურთიერთობებს და მათი ქცევის პრინციპებს გამოხატავს უპირველესად საკუთრების ობიექტის (ნივთების, დოვლათის, ქონების, კაპიტალის) დასაკუთრების და გამოყენების გამო. მაგრამ საკუთრება და მისი მონაგრება მეწარმეობრივი საქმიანობის გარეშე არ არსებობს (მსჯელობაა საბოლოო ანგარიშით, და არა კონკრეტულ შემთხვევებსა და ფაქტებზე). მესაკუთრეს თანდაყოლილი სურვილი და იმანენტური მისწრაფება აქვს გაზარდოს თავისი საკუთრება, მისი საგნობრივი მოცულობა, თანაც ეს სურვილი გააჩნია ყველა ცალკეულ მესაკუთრეს და, მაშასადამე, მთელ საზოგადოებას. მესაკუთრე ხედავს, რომ, თუ მისი საკუთრება წარმოებაში (მეწარმეობაში) არაა ჩართული, ის არა მარტო არ იზრდება, არამედ უცვლელიც არ რჩება და, როგორც წესი, კლებულობს.

საკუთრების მეწარმეობრივ საქმიანობაში ჩართვა შეიძლება სხვადასხვანაირად: 1) როცა მესაკუთრე თავად ახდენს წარმოების ორგანიზებას, თვითონ ეწევა მეწარმეობრივ საქმიანობას და, შესაბამისად, თვითონვე ითვისებს შექმნილი ფასეულობის მისთვის კუთვნილ ნაწილს; 2) როდესაც მესაკუთრე თავისი საკუთრების ობიექტს (კაპიტალს) ფულის სახით სხვაზე გაასესხებს, ე.ი. სხვას დაუთმობს გამოსაყენებლად გარკვეული დროით და გარკვეული საზღაურის გადახდევინებით; 3) როდესაც მესაკუთრე მისი საკუთრების მეწარმეობრივ გამოყენებას ძირითადად მაღალი ანაზღაურებით მოზიდულ (დაქირავებულ) პროფესიონალ მმართველებს (მენეჯერებს) ანდობს, თვითონ კი საკუთრების ტიტულს (აქციებს) ფლობს და მასზე შემოსავალს (დივიდენდს) იღებს.

ამ სამივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ბიზნესის გამართვისა და მისი შედეგების განაწილების ეკონომიკურ ურთიერთობებთან, რაც ძირითადად საკუთრებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ყალიბდება: ეს არის ურთიერთობები მესაკუთრესა და დაქირავებულ მუშაკებს შორის, კაპიტალის მესაკუთრესა და მენეჯერს შორის, კაპიტალის მესაკუთრესა და მეწარმეს (ფირმის მესაკუთრეს) შორის, მეწარმესა და მის მიერ დაქირავებულ სამუშაო ძალას შორის, მესაკუთრესა და მთელ დანარჩენ საზოგადოებას შორის. მაგრამ ეს ურთიერთობები, ჩვეულებრივად, როგორც ცნების განმარტებიდან ჩანს, იურიდიულ სამოსელში გვევლინება, როგორც საკუთრების (მესაკუთრის) უფლებები.

საკუთრების უფლება არის ცალკეული პირის, ჯგუფის ან სახელმწიფოს ნება-სურვილის შესაბამისად მის საკუთრებაში არსებული წარმოების საშუალებებით თუ სხვა ქონებით სარგებლობის იურიდიულად (კანონით) უზრუნველყოფილი უფლება, რომელიც „მოიცავს ფლობის უფლებას, განსაკუთრებული სარგებლობის უფლებას, განადგურების და სხვა უფლებებს“ [Толковый словарь. 1998,  469].

საკუთრების უფლებების კანონმდებლობით მოწესრიგებას და სახელმწიფოებრივ დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი წყალობით საზოგადოებაში ყალიბდება მესაკუთრეთა, აგრეთვე მესაკუთრეთა და საკუთრების არმქონეთა თანასაქმიანობის და თანაარსებობის პირობები, თავისებური საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სხვა „თამაშის წესები“. საკუთრების უფლებებში უპირველესად იგულისხმება მესაკუთრის მიერ თავისი რესურსების გამოყენების და ამ გამოყენების დროს წარმოქმნილი ხარჯების და სარგებლის განაწილების უფლებამოსილება. მაშასადამე, სწორედ იურიდიული ნორმატიული აქტები არეგულირებს საკუთრების ფლობას, გამოყენებას და განკარგვას.

ისტორიულად ცნობილია საკუთრების ორი ტიპი: კერძო და საზოგადოებრივი: კერძო საკუთრება არის „კერძო პირთა და ფირმების უფლება შეიძინონ, ფლობდნენ, აკონტროლებდნენ, გამოიყენონ, გაყიდონ და უანდერძონ მიწა, კაპიტალი და სხვ. აქტივები“ [Макконел, Кемпбелл, Брю, Стэнли. (1992).  დოვლათის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება იურიდიულად გაფორმებულია ამ სუბიექტებზე და მისი მოხმარება თუ მეწარმეობრივ საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ ამ კერძო მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე და მისი სურვილით ხდება.

საზოგადოებრივია (მ.შ. სახელმწიფო) საკუთრება, რომლის ფლობაზე, გამოყენებასა და განკარგვაზე თანაბარი უფლება აქვს მთელი საზოგადოების ყველა წევრს. საკუთრების ამ სახის ფართო განხილვა-ანალიზისას სტატიაში მხოლოდ იმას გავუსვამთ ხაზს, რომ სახელმწიფო საკუთრების არსებობა დაკავშირებულია ადამიანთა ერთობის (სახელმწიფოს) ფუნქციონირების ხარჯების დაფარვისა და საზოგადოებრივი სიკეთის შემქნის აუცილებლობასთან (თავდაცვა, გარემოს დაცვა და სხვა მისთ.), აგრეთვე, თვით კერძო, საკუთრებრივი მოტივაციის არსთან (მისი დადებითი მხარის უზრუნველყოფასა და ნეგატიურის მოთოკვა-ლიკვიდაციასთან).

კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების ორადი

(ნეგატიური და პოზიტიური) ხასიათი

ყოველივე აღნიშნული გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების (მოტივაციის) ჩამოყალიბებით (გაჩენა-გათავისებით) კაცობრიობამ თავისი პერმანენტული განვითარების, თავისი ცხოვრების დონის საუკუნიდან საუკუნემდე ამაღლება-გაუმჯობესების შეუცვლელი საშუალება მიიღო. მაგრამ სწორი ვიქნებით, თუ ამ მოვლენის შეფასებისას მხოლოდ ასეთი კატეგორიული აღფრთოვანებით შემოვიფარგლებით? – ალბათ, არა, და სწორედ ამ პოზიციის დასაბუთებას შევეცდებით ქვემოთ.

საქმე ისაა, რომ კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების (მოტივაციის) სიკეთესა და უკეთურებაზე ერთმანეთისაგან განცალკევებით, მსჯელობა გაუმართლებელი, არამართლზომიერია. ეს ობიექტური, ცოცხალი ადამიანის (პიროვნების) არსებობის განმაპირობებელი ფსიქოლოგიური განწყობაა, რომლის განხორციელება - დაკმაყოფილებამ შეიძლება მოუტანოს:

  • ერთ შემთხვევაში, როგორც ამ ადამიანს, ისე დანარჩენ საზოგადოებას სიკეთე, დოვლათი, ბედნიერება (ეს ამ მოტივაციის დადებითი მხარეა);
  • მეორე შემთხვევაში - სიკეთე (დოვლათი) ამ ადამიანს და უკეთურება (დოვლათის შემცირება) როგორც ურთიერთობების სხვა სუბიექტებს კონკრეტულად, ისე მთელ საზოგადოებას (ეს ამ მოტივაციის ნეგატიური, საზოგადოებისთვის მიუღებელი მხარეა).

ეს თვისება, ანუ ორადი ხასიათი, პერმანენტულად, განუწყვეტლივ (ნებისმიერი სოციალურ - ეკონომიკური წესრიგის პირობებში) ახასიათებს კერძოსაკუთრებრივ ურთიერთობა - მოტივაციას მისი ორი მხარის სიმწვავისა და გამოვლინების განსხვავებული თანაფარდობით. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ უარყოფითი შედეგი შეიძლება საზოგადოებრივ საკუთრებასაც მოჰყვეს, როდესაც მისი უშუალო განმკარგველი, საკუთარი შესაძლებლობების შესახებ გადაჭარბებულად თავდაჯერებული სახელმწიფო საჭიროზე მეტად ჩაერევა კერძოსაკუთრებრივ საქმიანობაში და დაასუსტებს მისი მოტივაციის დადებით გამოვლინებას (მეწარმეობრივ მუხტს).

კერძოსაკუთრებრივი მოტივაციის დაკმაყოფილების ჟინს შინაგანი გაძლიერებული სიხარბე და გაუმაძღრობა ახასიათებს. ამ ჟინის მატარებელ სუბიექტთა დიდ ნაწილს (თუ ყველას არა) არამარტო კონკრეტული სიკეთის დაუფლების სურვილი ასულდგმულებს, არამედ მათთვის ეს განწყობა სულ უფრო მეტის დაუფლების უწყვეტ პროცესად გადაიქცევა. მაქსიმ გორკი იხსენებდა, თუ როგორ ვერ გაუგეს ერთმანეთს ამ თემაზე გამართული საუბრისას მან და ერთ-ერთმა ამერიკელმა მილიარდერმა: მწერალს უკვირდა, თუ რატომ იხარჯებოდა ასე შეუსვენებლად ისედაც მდიდარი ბიზნესმენი მოგების კიდევ უფრო გაზრდისათვის; კომერსანტი კი გაკვირვებას ვერ მალავდა, რომ მის ადამიანთმცოდნე ვიზავის ასეთი უბრალო ჭეშმარიტება არ ესმოდა.

დოვლათ-სიკეთის პერმანენტულად გაზრდა-გამრავლების მოტივაცია აგულიანებს მესაკუთრეს ამ ჟინის დაკმაყოფილებისათვის გადაუხვიოს არსებულ წესებს, გამოიყენოს აკრძალული, კანონსაწინააღმდეგო ხერხები და საშუალებები. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ, ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, მდიდრები შედარებით უფრო იშვიათად და ნაკლებად აგებენ პასუხს ჩადენილი დარღვევა-დანაშაულისათვის (ასეთი სამწუხარო რეალობაა ფაქტობრივად ყველგან).

სადაო არ უნდა იყოს ისიც, რომ კერძოსაკუთრებრივი მოტივაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოების მიერ დოვლათით დაკმაყოფილებისას ზომიერების გათვალისწინების აუცილებლობას, რაც რესურსების შეზღუდულობასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო აუცილებელი კაცობრიობისათვის და რაც განსაკუთრებით საჭირბოროტო გახდა ბოლო საუკუნეებში.

კერძოსაკუთრებრივი მოტივაციის ჟინი-წადილის დაკმაყოფილება საზოგადოების ფუნქციონირების რეალობაში სხვადსხვა სახით, ფორმით და მასშტაბებით წარმოჩინდება. ამის პირდაპირი გამოვლინებაა თითქმის ყველა საზოგადოებაში, ყველა ქვეყანაში არსებული ბრაკონიერობა - ბუნების სიკეთეთა მოხმარებისას (ექსპლუატაციისას - ნადირობა, ტყის ჭრა, თევზაობა და სხვ.) მათი მომავალი თაობებისათვის შესანარჩუნებლად საჭირო წესების უგულებელყოფა და ეკოლოგიის განადგურება (ამის მაგალითია მსოფლიო ოკეანეში გარემოსადმი უგუნური დამოკიდებულების შედეგად გაცამტვერებულ-გაჩაჩანაგებული, ოდესღაც ფლორისა და ფაუნის საოცარი მრავალფეროვნებით გამორჩეული კუნძულები).

კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების (მოტივაციის) ორადი ხასიათის დასაბუთება, მისი უარყოფითი მხარისათვის ხაზგასმა, ვფიქრობთ, გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ამ მოვლენის, თუ ფენომენის (კერძო საკუთრების) შეფასებაში არც უპირობო, რაღაც რწმენისებური ქება-დითირამბები და გაფეტიშება იქნება სწორი (რაც, არც თუ ისე იშვიათად გვხვდება) და არც გაუმართლებელი, აკვიატებული გაკიცხვა (არც ეს გვაკლია). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამ სმითის მიერ კერძო კაპიტალის „ცუდი ჩვევების“ თაობაზე შეგონებების იგნორირებას მაინც ნუ მოვახდენთ [1, გვ. 150].

საკუთრებრივი ურთიერთობების განვითარების ისტორიული ასპექტები

ყოველი სოციალურ-ეკონომიკური წესრიგი (საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია) მნიშვნელოვანწილად მისთვის დამახასიათებელი საკუთრების ფორმებით განსხვავდება. მწარმოებლური ძალების განვითარების ამა თუ იმ დონეს შეესაბამება სათანადო ეკონომიკური ურთიერთობები; ამ ურთიერთობებში კი არსებითი  და გადამწყვეტი საკუთრებრივი ურთიერთობებია. საზოგადოების ისტორიული განვითარების პროცესში საკუთრებრივი ურთიერთობები, თავისი სტრუქტურითა და ხასიათით იცვლებოდა მრავალრიცხოვანი ფაქტორის ზეგავლენით, იქნებოდა ეს დოვლათის შექმნა - კვლავწარმოება, მიტაცებები ომების ან სხვა იძულებითი ზომების საშუალებით, პოლიტიკური რევოლუციები, საკანონმდებლო აქტები თუ სხვა მისთ. ამ ცვლილებების შედეგად საკუთრება იღებდა ახალ ფორმას, რაც წარმოების საზოგადოებრივ წესს განაპირობებდა (შეესაბამებოდა), ახალი ურთიერთობების განმტკიცება კი სათანადო საკანონმდებლო აქტებით ხდებოდა.

განვიხილოთ ამ ფორმების, სახეებისა და საერთოდ საკუთრებრივი ურთიერთობების საკითხი ისტორიული ასპექტთი, რაც აუცილებელია საკუთრების არსის, საკუთრებრივი ურთიერთობების და ადამიანების ქცევის სწორად გაგებისათვის.

კაცობრიობის წინაკაპიტალისტური განვითარების პერიოდში გაბატონებული დარგი იყო სოფლის მეურნეობა, ხოლო წარმოების ძირითადი ფაქტორი - მიწა იყო. ამიტომ განმსაზღვრელი როლიც მიწის საკუთრებას ეკუთვნოდა. თავიდან მიწაზე საკუთრებას თემური ხასიათი ჰქონდა: ცალკეულ ადამიანს, როგორც ინდივიდუუმს, შეეძლო მხოლოდ ესარგებლა მიწით (საკუთრების ობიექტით), მაგრამ ის, როგორც წესი, მიწის მესაკუთრე არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან შრომის დაბალი მწარმოებლურობის გამო, დამოუკიდებლად ვერ ირჩენდა თავს. ამიტომ, საკუთრების პირველი სუბიექტი თემი (ტომი) იყო.

მწარმოებლური ძალების განვითარების, შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავების, შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედეგად მიმდინარეობდა თემების დაშლა და კერძო მესაკუთრეების გამოყოფა. ამასთან, კერძო საკუთრებამ თავიდან მონათმფლობელური კერძო საკუთრების სახე მიიღო ძირითადად, როდესაც საკუთრების ობიექტი, ჩვეულებრივ საგნობრივ სიკეთესთან ერთად, თვით საზოგადოების გარკვეული ნაწილიც გახდა (მონები). კერძო საკუთრების ეს ფორმა დაფუძნებული იყო მონის შრომის ექსპლუატაციაზე და ეყრდნობოდა მონათა შრომის შედეგის მონათმფლობელის მიერ მითვისებას. მონას კი არავითარი საკუთრება არ გააჩნდა; მისი შრომის შედეგი არ იყო პირდაპირ დაკავშირებული მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონესთან, ამიტომ ძალზე დაბალმწარმოებლური იყო.

მიუხედავად თავიდან ასეთი ნეგატიური (დღევანდელი პოზიციიდან ყოვლად მიუღებელი) ხასიათისა, მთლიანობაში, კერძო საკუთრების წარმოქმნა იმთავითვე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც გამოიწვია, საქმიანობაში ფართოდ ჩართო და განავითარა ადამიანის შემოქმედებითი, მეწარმეობრივი და საერთოდ შრომითი შესაძლებლობები (მოტივაცია), განამტკიცა მისი სტატუსი ბუნებაში და ის დღევანდელ ცივილიზაციამდე მიიყვანა.

შუა საუკუნეებში გაბატონებული ხასიათი მიიღო ფეოდალურმა კერძო საკუთრებამ, რომლის საფუძველს ფეოდალის მიწაზე საკუთრება და პირადად არათავისუფალ, დამოკიდებულ გლეხთა ექსპლუატაცია წარმოადგენდა. ამასთან, მონისაგან განსხვავებით, ყმა (ფეოდალურად დამოკიდებული გლეხი) უკვე საკუთრებრივი ურთიერთობების ფაქტობრივი მონაწილე (სუბიექტი) იყო, ვინაიდან მას მიწის მცირე ნაკვეთი და მის დასამუშავებლად საჭირო წარმოების საშუალებები გააჩნდა (მართალია, მიწა ფეოდალის საკუთრება იყო, ხოლო თავად ყმა – გლეხი – მნიშვნელოვანწილად ფეოდალური საკუთრების ობიექტი). თავისი შრომის შედეგის დიდ ნაწილს ყმა გლეხი იძულებითი წესით განასხვისებდა მიწის მესაკუთრის სასარგებლოდ - სამუშაოს შესრულების ან ნატურალური რენტის სახით. მიწის ფეოდალური საკუთრება იყო პიროვნული, პირადი დამოკიდებულების იერარქიული კავშირებით შეზღუდულ - შემოფარგლური საკუთრება. მიუხედავად ამისა, ყმა - გლეხის შრომა, მონის შრომასთან შედარებით, უფრო მწარმოებლური იყო.

ფეოდალური საკუთრების წიაღშივე წარმოიშვა ურთიერთობები, რაც არ იყო დაკავშირებული მწარმოებლის მიწისადმი მიმაგრებასთან. თავისუფალ გლეხთა წვრილ კერძო საკუთრებასთან ერთად, აქ არსებობდა მიწის საკუთრებისაგან გამოყოფილ, ფეოდალური დამოკიდებულებისაგან თვისუფალ ქალაქელ ხელოსანთა საკუთრება, რომლებიც (ხელოსნები) აწარმოებდნენ გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებული და ეს უკანასკნელნი რეგლამენტაციას უწევდა მათ საქმიანობას, ისინი პირადად დამოუკიდებელნი იყვნენ და გამოდიოდნენ როგორც წარმოების საშუალებებისა და პროდუქციის შედარებით განცალკევებული მესაკუთრეები. ხელოსანთა კერძო საკუთრება მთლიანად უკავშირდება სასაქონლო წარმოებას და გაცვლას, ამიტომ მისი სუბიექტები საქონელმწარმოებლებად გვევლინება, ამ საქმიანობის შედეგად მათ ნაწილს ერთგვარი დანაზოგი უჩნდება - კაპიტალისტური ურთიერთობების დამყარებისთვის აუცილებელი დაგროვება.

სასაქონლო ურთიერთობების განვითარების კვალობაზე გარკვეული დანაზოგები დაუგროვდათ ფეოდალებსაც, რისი გამოყენება შეიძლებოდა წარმოების სხვა საწყისებზე ორგანიზებისათვის.

მწარმოებლური ძალების, სასაქონლო წარმოების განვითარების და კაპიტალის პირველადი დაგროვების შედეგად, რასაც მესაკუთრე ფეოდალების (მომავალი კაპიტალისტების) მხრიდან მეტად ხისტი და სასტიკი ძალდატანება ახლდა თან, წარმოიშვა კაპიტალისტური კერძო საკუთრება. ასეთი საკუთრებისათვის იმთავითვე დამახასიათებელი იყო უშუალო მწარმოებელთა დიდი ნაწილის შრომის მატერიალური პირობებისაგან, როგორც საკუთრების ობიექტისაგან, სრული გათიშვა (გამოყოფა) - სოფლის მშრომელი მოსახლეობის საკუთრების ექსპროპრიაცია. ამის შედეგად შეიქმნა გლეხებისაგან გამოთავისუფლებულ მიწაზე მსხვილი კერძო საკუთრება და გაჩნდა პიროვნულად თავისუფალი, ეკონომიკური რესურსების (გარდა შრომისა) არმქონე ადამიანების მასა. ე.ი. საკუთრება გათავისუფლდა პიროვნული დამოკიდებულებისაგან, შეიქმნა, ასე ვთქვათ, „სუფთა“ კერძო საკუთრება.

როგორც ვხედავთ, კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების ზემოგანხილული განვითარების პროცესში მისი არსი მთლიანობაში იცვლებოდა ისე, რომ სულ უფრო იკვეცებოდა უარყოფითი გამოვლინება (ნეგატიური მხარე) და ძალებს იკრებდა შემოქმედებითი, მეწარმეობრივი ასპექტები (ორადი ხასიათის დადებითი მხარე). შეიძლება ითქვას, რომ კაპიტალისტური წარმოების წესის დამკვიდრება იყო კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ზოგადსაკაცობრიო სამართლიანობის დამკვიდრების (ამ ურთიერთობების „გაკეთილშობილების“) თავისებური მწვერვალი, როდესაც მნიშვნელოვნად ლოკალიზებული იყო ამ მოვლენის უარყოფითი გამოვლინება და ფართოდ, თითქმის შეუზღუდავად გაიშალა დადებითი მხარე.

მაგრამ ეს ურთიერთობები კვლავინდებურად შინაგანად ორადი ხასიათის მატარებლად დარჩა, როგორც ობიექტური ხასიათის მოვლენა. უფრო მეტიც, სწორედ კაპიტალისტური სოციალურ - ეკონომიკური წესრიგის უკვე ფართოდ დამყარების შემდეგ მოხდა კერძოსაკუთრებრივი მოტივაციის ნეგატიური მხარის მოქმედების გაფურჩქვნა - აღმავლობის პერიოდი, რომელიც რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა. რიგმა ევროპის ქვეყანამ და აშშ–მა, მათი საზოგადოების შეძლებულმა, უფრო მეტად გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა ნაწილმა აფრიკის, აზიის, თვით ამერიკის კონტინენტის დაბალგანვითარებული ქვეყნების თითქმის მთლიანი მოსახლეობა მონებად აქციეს და პირუტყვის მსგავსად უბრალო ყიდვა - გაყიდვის ობიექტი გახადეს. ეს მოვლენა, ეს შემზარავი ფაქტი - საქციელი ისტორიული კანონზომიერება კი არა, არამედ ცივილიზებული განვითარებიდან გადახვევა და საერთო-საკაცობრიო დანაშაული იყო. ამ რასისტული, დაკანონებული და ფაქტობრივად მენტალურად გათვისებული საყოველთაო ბოროტების გამოძახილი დღესაც ვლინდება სხვადასხვა ქვეყანაში და, ბუნებრივ, სამართლიან მოთხოვნებთან ერთად, ზოგჯერ აბსურდულ, უაზრო მასობრივ ქცევა - მოქმედებაში და ულტიმატუმებში (თავისებურ „შავ რასიზმში“) გადაიზრდება. ასე მოხდა 2020 წლის ივნისში, როდესაც ამერიკელმა პოლიციელმა დამნაშავის დაკავებისას ძალაუფლებას გადააჭარბა და შავკანიანი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს, რასაც არნახული უმართავი პროტესტი მოჰყვა როგორც აშშ-ში (ქვეყანა თითქმის ორად გაიყო), ისე ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ამ პროცესმა, კანონმორჩილ მოქალაქეებთან ერთად, ათიათასობით კრიმინალი თუ რადიკალური შეხედულების მქონე პირი მოიცვა, რომლებიც მიჰყვნენ ყველაფრის დარბევა-დაყაჩაღებას, სამართალდამცავების დაცინვა-გამასხარავებას; ბრბოს მოთხოვნები გასცდა ყოველგვარ ლოგიკას; მასობრივი ხასიათი მიიღო კაცობრიობის ცივილიზებულ განვითარებაში შესამჩნევი წვლილის შემტანი ისტორიული პიროვნებების (ა. ლინკოლნის, ჯ. ვაშინგტონის, უ. ჩერჩილის და სხვების) ძეგლების ხელყოფა - შეურაცხყოფა, ქრისტეფრე კოლუმბის ძეგლებსაც კი შესწვდნენ გაუგებარი არგუმენტაციით.

ზემოაღწერილ, თითქოსდა უფრო პოლიტიკურ მოვლენაზე ყურადღების გამახვილებით ხაზს იმას ვუსვამთ, რომ საზოგადოების კომფორტული, სტაბილური მიმდინარე და მომავალი ცხოვრების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საზოგადოება კარგად ერკვეოდეს საკუთრებრივი ურთიერთობების (განვითარების განმაპირობებელი ამ საბაზისო ფენომენის) არსში; გათავისებული ჰქონდეს, რომ: ერთნაირად აუცილებელია კერძოსაკუთრებრივი მოტივაციის (მოვლენის) როგორც დადებითი, სასიკეთო მხარის ხელშეწყობა, ისე მისი მეორე (უარყოფითი) ნაწილის გამოვლინების შემზღუდველი ღონისძიებების გატარება; და რომ მხოლოდ ასეთ მიდგომაზე დაფუძნებულ სოციალურ - ეკონომიკურ წესრიგს ხელეწიფება მოსახლეობისთვის კეთილდღეობისა და სამართლიანობის მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფა.

სააქციო საზოგადოება, როგორც კერძო საკუთრების

კოლექტიურ საკუთრებად გარდაქმნის შედეგი

საკუთრებრივი ურთიერთობების განვითარების შეფასებისას ზემოთ ხაზი გავუსვით იმას, რომ, თუ კერძო საკუთრების ადრინდელი ფორმების პირობებში არ იყო უზრუნველყოფილი საზოგადოებრივ წარმოებაში მონაწილე ორივე მხარის (მესაკუთრის და უშუალო მწარმოებლის - მონის, გლეხის, მუშის) პიროვნული თავისუფლება, ეს კერძოკაპიტალისტური ურთიერთობების არსში ძევს: სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის ორგანიზაცია წარმოების ორივე ფაქტორის (შრომა და კაპიტალი) მესაკუთრე - მფლობელთა თავისუფალი მოლაპარაკების და პირობების ურთიერთშეთანხმების შედეგად ხდება თავისუფალ, კონკურენციულ ბაზარზე. აქ კი აღვნიშნავთ იმას, რომ, ჯერ ერთი, „თავისუფალი ბაზრის“ კონცეფცია მხოლოდ თეორიული დაშვებაა, ტენდენციაა, მეორე, არც ეს ურთიერთობებია რეალურად (აბსოლუტურად) თავისუფალი, განსაკუთრებით კაპიტალიზმის განვითარების ადრინდელ პერიოდში. ამ და სხვა მიზეზების გათვლისწინებით (ბასარია ვ. ბასარია რ. 2017,234) შეიძლება ვთქვათ: ბაზრის კონიუნქტურა, თითქმის ყოველთვის კაპიტალისტისთვის უფრო მისაღები და სასარგებლოა, ვიდრე დაქირავებული მუშაკისთვის. ამასთან, ისიც ცხადია, რომ კერძოკაპიტალისტური საკუთრებრივი ურთიერთობები, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი მოვლენა, მარადიულად გაშეშებულ-გაქვავებული კი არ არის; დროთა განმავლობაში იცვლება და ამას საზოგადოების (სახელმწიფოთა) შეგნებული ქცევა - ზემოქმედება განაპირობებს („საკუთრების დიფუზია“).

საკუთრების დიფუზია - სახეცვლილების შედეგად მეწარმეობრივი რეზულტატის განაწილებაში საგრძნობი ცვლილებები მოხდა (მათი აღმნიშვნელი ტერმინიც კი შემოვიდა თეორიაში „წილობრივი ეკონომიკის“ სახელწოდებით). კაპიტალიზმის განვითარებაში ეს ცვლილებები ძირითადად xx საუკუნის ბოლოდან დაიწყო. (ცაგოლოვი გ. 2016, 151-158)  და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იმდენად სოლიდური ხასიათი მიიღო, რომ ეკონომიკის ახალი მოდელის, ახალი ფორმაციის (სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის) ჩამოყალიბებაზე სერიოზული დისკუსია დაიწყო. თანაც, ეს შეცვლა რევოლუციური წესით კი არ მომხდარა, არამედ –ევოლუციური გზით. სიახლეები შეეხო კვლავწარმოების სტრუქტურის თითოეულ შემადგენელ რგოლს - წარმოებას, განაწილებას, გაცვლას და მოხმარებას. ამასთან, ეს ცვლილებები ხდებოდა, როგორც სტიქიურად (თავისუფალი ბაზრის თვითსრულყოფა), ისე შეგნებულად (სახელმწიფოს, პროფკავშირების, მთელი საზოგადოების მცდელობა – გაეკეთილშობინათ სისტემა სამართლიანობის საწყისებზე). ამ პროცესის მსვლელობაზე უეჭველად მოქმედებდა ჯერ საბჭოთა კავშირში და შემდგომ მთელ სოციალისტურ სისტემაში განხორციელებული სოციალურ - ეკონომიკური ღონისძიებები[1].

თვისებრივად შეიცვალა კაპიტალისტური საკუთრების არსი სააქციო საზოგადოებაში, რომელშიც (გარდა იმისა, რომ ის თავისთავად მნიშვნელოვანწილად ჯგუფური საკუთრება იყო და არა კერძო - ინდივიდუალური), აქ მართვა - განკარგვას სულ უფრო მეტად მესაკუთრეები კი არ უზრუნველყოფენ, არამედ დაქირავებული პროფესიონალი მენეჯერები; მიმდინარეობს და სულ უფრო ღრმავდება კაპიტალ - ფუნქციის კაპიტალ - საუთრებისაგან განცალკევება; მმართველობითი (მენეჯერული) შრომის კაპიტალ-საკუთრებისაგან გამოყოფა სულ უფრო მეტად ამცირებს და ასუსტებს კერძოსაკუთრებრივ უფლებებს და გაფანტავს კერძო საკუთრების ძალას (ის მესაკუთრეთა კოლექტიურ ძალად გარდაიქმნება); ამავდროულად ფართოვდება და გარკვეულწილად გადამწყვეტი ხდება მმართველთა ფენის, მენეჯერების როლი (როგორც ამბობენ ხოლმე, ადგილი აქვს მმართველობით რევოლუციას).

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კაპიტალისტურმა კერძო საკუთრებამ, როგორც ინდივიდუალურმა საკუთრებამ, გარკვეულწილად დაკარგა ეკონომიკური ურთიერთობების ერთადერთი განმაპირობებლის პირვანდელი როლი (ამის ნაწილი მან, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ - სახელმწიფო საკუთრებას „დაუთმო“) და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალა მოქმედების ხასიათი. დღეს თვისუფალი მეწარმეობის პრინციპზე ორგანიზებული წარმოებისათვის მნიშვნელოვანწილად დამახასიათებელია, კერძო საკუთრებასთან ერთად, ჯგუფური (კორპორაციული) და სახელმწიფო საკუთრება. მოსაზრება, რომელიც საბჭოურ პოლიტეკონომიაში იყო გაბატონებული, და რომლის მიხედვით საზოგადოებრივ საკუთრებას მხოლოდ სოციალისტურ ბანაკში არსებულ სახელმწიფო და კოლექტიურ საკუთრებას უწოდებდნენ, ვფიქრობ, არასწორია. საზოგადოებრივია მნიშვნელოვანწილად ჯგუფური აქციონერული საკუთრებაც; სააქციო კაპიტალიც საპაიო საწყისებზე დამყარებული საზოგადოებრივი, ასოცირებული კაპიტალია. ეს საკუთრების კოლექტიური, კორპორაციული და ინდივიდუალური საკუთრების შერწყმის თავისებური წარმონაქმნია და არა სუფთა სახის კერძო საკუთრება.

საბაზრო ეკონომიკის ბევრ ქვეყანაში ამჟამად დამკვიდრებულია საკუთრების პლურალიზმი, საზოგადოების წევრების სურვილის შესაბამისად არსებობს და წამყვანი ადგილი კვლავ უკავია ერთგვარად სახეშეცვლილ საკუთრებას სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური იდეოლოგიის მატარებელ სახელმწიფოთა მიერ მისთვის უარყოფითი მხარის მოქმედების მნიშვნელოვნად შეკვეცა - შერბილებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილია ეკონომიკური დემოკრატია, ეკონომიკური თვისუფლება, რომელიც განაპირობებს (როგორც ბაზისური მოვლენა) პოლიტიკურ დემოკრატიას, პოლიტიკურ თავისუფლებას. ე.ი. ადამიანი, ინდივიდი თვისუფალია თავის არჩევანში, თუ როგორ, რა ფორმით მოჰკიდებს ის ხელს ბიზნესს (მეწარმეობრივ საქმიანობას) - დამოუკიდებლად, როგორც კერძო (ინდივიდუალური) მეწარმე, თუ სხვა მესაკუთრესთან გააერთიანებს ან გაასესხებს თავის კაპიტალს, რა აწყობს მას, წარმოების ორგანიზაციის როგორი ფორმა იქნება მისთვის უფრო სარგებლიანი, უფრო მოგებიანი; ის თავისუფალია ამავდროულად თავისი შემოსავლის (მოგების) გამოყენებაში. პირველ რიგში, მესაკუთრეთა ეს მოტივაცია - სურვილები (პლუს ამას ხელისუფლების ზეგავლენა, გამომდინარე საერთო სახელმწიფო ამოცანებიდან, სახალხო მეურნეობის მთლიანად განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სპეციფიკიდან) განაპირობებს იმას, რომ დღეს, ფაქტობრივად, ყველგან გავრცელებულია (განზოგადებულად) საკუთრების შემდეგი ფორმები: ინდივიდუალური კერძო საკუთრება; კოლექტიური (კოოპერაციული) საკუთრება; სახელმწიფოს საკუთრება და შერეული საკუთრება.

რეალურ ცხოვრებაში (სხვადასხვა დარგში, სახელმწიფოში, რეგიონში) გვხვდება საკუთრების ამ ფორმების განსხვავებული სახეობები, საკუთრების ამ განზოგადებული ფორმების სხვადასხვანაირი ტიპები. გარდა ამისა, არსებობს საკუთრების უფლებების რანჟირებაც: შეიძლება, მაგალითად, საკუთრების უმაღლესი უფლება (განკარგვა) ჰქონდეს ერთ მესაკუთრეს, გამოყენებისა და ფლობის უფლება კი მეორეს (ე.წ. „ტრასტი“). საერთოდ, საკუთრებრივ ურთიერთობებს წარმოების დღევანდელი ორგანიზაციის რეალობაში მეტად რთული ხასიათი აქვს, რაც პირველ რიგში, სააქციო საზოგადოების და მის მსგავს საწყისებზე მოქმედ სხვა სამეურნეო სუბიექტებს ახასიათებს. სააქციო საზოგადოების რეალური კაპიტალი, მთლიანობაში, მნიშვნელოვანწილად ფუნქციონირებს როგორც კორპორაციული კაპიტალი; მისი საქმიანობის შედეგის სოლიდურ ნაწილს სააქციო საზოგადოებაში მომუშავე წევრები და დაქირავებული მუშაკები ეუფლებიან და გამოიყენებენ (განაგებენ). ამავდროულად თითოეული აქციონერი (მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა უშუალოდ საზოგადოებაში) საზოგადოების საქმიანობის შედეგებიდან იღებს შემოსავალს დივიდენდების სახით, გამომდინარე მის საკუთრებაში არსებული აქციების მოცულობიდან (ე.ი. მისი ინდივიდუალულრი კაპიტალის სიდიდიდან). მაშასადამე, აქციონერული საკუთრება კერძო ინდივიდუალური საკუთრების კოლექტიურ (საზოგადოებრივ) საკუთრებად თვისებური გარდაქმნა - გარდასახვის შედეგია.

კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების გაკეთილშობილების საზოგადოებრივი ამოცანის მნიშვნელობა

საკუთრების ფლობა, მისი განკარგვის უფლება, როგორც უკვე აღინიშნა, განაწყობს მესაკუთრეს მისი შენარჩუნება - გაზრდისაკენ. ეს მოტივაცია, როგორც კერძო საკუთრების ორადი ხასიათის დადებითი მხარე, ახასიათებს ნებისმიერ კერძო მესაკუთრეს და, თუ კერძო საკუთრების ნეგატიური ნაწილი აღმოფხვრილ-მინიმიზებული იქნება სახელმწიფოს მიერ, მეწარმეობრივი საქმიანობა წარმატებული, მეტი დოვლათ-სიკეთის, ხალხის კეთილდღეობის ამაღლების რეალური საფუძველი - გარანტია იქნება. საკუთრების კვლავწარმოებაში ჩართვა კი ნიშნავს, რომ მესაკუთრე ერთვება კონკურენციულ ბრძოლაში, ვინაიდან სასაქონლო ურთიერთობების პირობებში სამეურნეო საქმიანობა იმანენტურად მეტოქეობრივია, აუცილებლად შეჯიბრებას გულისხმობს. მაშასადამე, მეწარმეობრივ საქმიანობას რომ ჰკიდებს ხელს, მესაკუთრემ (თუ ის უშუალოდ წარმართავს წარმოებას) ან მის მიერ დაქირავებულმა მმართველმა (მენეჯერმა) უნდა გამოიჩინონ სათანადო მონდომება, ნიჭი, საზრიანობა, ცოდნა და უნარი, რათა ამ პაექრობაში დადებითი შედეგი მიიღონ. ასეა ეს ყოველთვის, ასეთ პირობებშია წარმოებაში ჩართული კაპიტალის უკლებლივ ყველა მესაკუთრე და მმართველი. მაშასადამე, უბიძგებს რა ყველა მონაწილეს სარგებლიანი საქმიანობა - შრომისაკენ, კერძო საკუთრება (კაპიტალი) მთლიანობაში წარმოჩინდება სიახლის მაძიებელ მწარმოებლურ ძალად.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს არა აქვს ბიზნესმენის (მეწარმეობრივი) ტალანტი. საქმის ორგანიზაცია და გაძღოლა, კომერციული საქმიანობის უნარი ისეთივე თანდაყოლილი ნიჭია, როგორც, მაგალითად, მუსიკოსის, მხატვრის ან სხვა დარგის ხელოვანისა. ნიჭიერი, უნარიანი ბიზნესმენები, შეიძლება ითქვას, ხალხის, ქვეყნის „ოქროს ფონდია“. ამიტომ საზოგადოება, სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს საიმისოდ, რომ ადამიანებში მეწარმეობრივი სული - მუხტი კი არ ჩაქრეს, არამედ მაქსიმალურად გამჟღავნდეს, განვითრდეს და გაიშალოს. ასე რომ საზოგადოების ზრუნვა - მეცადინეობა – გააკეთილშობილოს კერძოსაკუთრებრივი საქმიანობა, უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალპროფესიულ და ზნეობრივ (მიუკერძოებელ) დონეზე დაანგარიშებულ - გათვლილი და გააზრებული. ეს ძნელია, მაგრამ აუცილებელი მაღალი საზოგადოებრივი და საკაცობრიობო მიზნების მისაღწევად.

ბიზნესმენობა არის ცდები, მოიგონო და გააკეთო რაიმე ახალი ან გააუმჯობესო უკვე არსებული; მეწარმეობა რეალობად აქცევს მრავალ საინტერესო იდეას; თავისუფალ მეწარმეობაში სრულად და სასარგებლოდ გამოიყენება ადამიანის ბუნებრივი პატივმოყვარეობა, მისი სწრაფვა თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრებისაკენ. ვინაიდან კომერციის ძირითადი მოტივი მეწარმის საკუთარი მატერიალური და მორალური მდგომარეობის განმტკიცებაა, ბიზნესმენი იძულებულია განუწყვეტლივ იფიქროს და იმოქმედოს, ეძებოს და იპოვოს ახალი გზები და გადაწყვეტილებები. მეწარმეობა არ ეგუება უძრაობას, უმოქმედობას და მოდუნებას. ასეთ განწყობას მთელ ეკონომიკაში განუწყვეტლივ უნდა უწყობდეს ხელს სახელმწიფო მთელი თავისი შესაძლებლობებით იმისათვის, რომ ბიზნესი, მეწარმეობრივი საქმიანობა მაქსიმალულრად სასარგებლო გახდეს როგორც თავად მეწარმისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.

დასკვნა

მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში მეტად მნიშვნელოვანია კერძოსაკუთრებრივ ურთიერთობებში, კერძო მესაკუთრეთა მოტივაციაში გარკვევა, ამ მოტივაციის დადებითი და უარყოფითი მხარეებისა და მათი საზოგადოების კეთილდღეობაზე გავლენის სწორი თეორიული შეფასება და პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენება, რაც საქართველოში მაღალშედეგიანი წარმოების წესის წარმატებით დამკვიდრება - განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების უდავო წინაპირობაა. ჩვენს რეალობაში ამ ამოცანის გადაწყვეტა იმითაც არის გართულებული, რომ ქვეყანაში კერძო მესაკუთრეობის აღდგენა - ჩამოყალიბება მოხდა არა სიკეთის (საკუთრების) კანონიერად მონაგრების გზით, არამედ ძირითადად არსებული საზოგადოებრივი საკუთრების პრივატიზაციისას ცალკეული პირების მიერ მთელი მოსახლეობის კუთვნილების სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო, კრიმინალური მეთოდების გამოყენებით. ამას დაემატა 2002-2012 წლებში სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურებში მოკალათებული კრიმინალური „ელიტის“ მიერ კერძო მესაკუთრეთათვის დოვლათის მასობრივი ძალდატანებითი წართმევა. გასაგებია, რომ პროცესის ასეთი ხასიათი ვერ შეუწყობდა ხელს კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობების მოტივაციის „გაკეთილშობილებას“, მისი უარყოფითი მხარის შეკვეცა - შესუსტებას. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაისიგრძეგანოს პრობლემის მნიშვნელობა და სიმწვავე, თანმიმდევრულად და ერთდროულად გაატაროს კერძოსაკუთრებრივი ურთიერთობის (მოტივაციის) როგორც დადებითი მხარის მხარდაჭერის, ისე ნეგატიური გამოვლინების მაქსიმალურად შეზღუდვის მაღალპროფესიულ დონეზე შემუშავებული კომპლექსური პოლიტიკა.

ლიტერატურა:

  • ბასარია ვ. ბასარია რ. (2017). „ეკონომიკის პრინციპები“. საქართველოს აკადემიური გამომცემლობა, თბილისი, გვ.362).
  • ეკონომიკური ლექსიკონი (2011). პროფესორ ა. სილაგაძის რედაქტორობით. თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი.
  • ცაგოლოვი გ. (2016).  „მეშვიდე ფორმაცია“. ინტერვიუ  „ეკონომიკა და ბიზნესი“ N1, გვ. 151-158.
  • Бизнес. Толковый словарь. (1998) Англ. - русск. - М.: ИНФРА ст.760.
  • Макконел, Кемпбелл Р., Брю, Стэнли Л. (1992).  Экономикс – Принципы, проблемы и политика в 2 т. Т. II. – “Республика” ст. 400.
  • Макмиллан (1997). Словарь современной экономической теории. - М.: ИНФРА – М, ст.608).
  • Табаков С. (1997). Эволюция отношений собственности. Ж. “Экономист” N2.

[1] ცნობილია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ფ. რუზველტი შეაგულიანებდა ბიზნესს სოციალური ღონისძიებების გასატარებლად საჭირო უფრო მაღალი გადასახადების გადახდის აუცილებლობაზე: „...ამაზე თუ არ წახვალთ, შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ“.