English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნაირა ღვედაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისა და მართვის სრულყოფისათვის

სტატიაში ინოვაციების დანერგვასა და მართვის პრინციპებზე, ჯანდაცვის სფეროში ამჟამად არსებულ ინოვაციურ პროცესებზე ცალკეულ მკვლევართა შეხედულებების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, ჩამოყალიბებულია ავტორისეული ზოგიერთი მოსაზრება ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისა და მართვის სრულყოფის შესახებ. თანამედროვე ეტაპზე ინოვაციები, როგორც ზოგადად ყველა ორგანიზაციის, ასევე ჯანდაცვის დაწესებულებების წარმატებული ფუნქციონირების ფაქტორია: ინოვაციები ქმნის სამუშაო ადგილებს, ამაღლებს სამედიცინო მომსახურების დონეს და უზრუნველყოფს დარგის მდგრად განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციები ჯანდაცვაში, მომსახურების ხარისხი, ინოვაციური მენეჯერები, ევროკავშირის გამოცდილება.

ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება და მისი ინტენსიური გზით განვითარება ობიექტური აუცილებლობით მოითხოვს ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში ინოვაციების დანერგვას და ეფექტიან მართვას. დღეისათვის სწორედ მენეჯმენტია, უპირველეს ყოვლისა, მუდმივ ინოვაციებზე დაფუძვნებული მართვა. მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, ცხადია, ინოვაციებია, როგორც მუდმივი განახლების და სრულყოფის პროცესი ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში. უკანასკნელ წლებში სამამულო სერვისმა აითვისა მომსახურების მრავალი სახესხვაობა (კონსალტინგი, ინჟინირინგი, ლიზინგი, სათამაშო და შოუ ბიზნესი და სხვა), რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ ცნობდა. ეროვნული მეურნეობის ყველა დარგში ინოვაციების დანერგვის აუცილებლობას კონკურენტული ბრძოლა და ბაზრის რიგი სხვა მოთხოვნა იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ პირობებში ინოვაციები წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციების გადარჩენისა და წარმატებული ფუნქციონირების მთავარ საშუალებას. ცხადია, ინოვაციები უნდა დაინერგოს ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად, მაგრამ მენეჯერმა წინასწარ უნდა განჭვრიტოს მისი აუცილებლობა და მიზანშეწონილობა. კერძოდ, საქონლისა და მომსახურების იმ სახეობების გამოვლენა, რაც უზრუნველყოფს ბაზრის სასურველ წილს; ასევე, იმ საქონლისა და მომსახურების განსაზღვრა, რომლებიც ცვლის მოძველებულ, არამოთხოვნად საქონელსა და მომსახურებას და სხვ. საქმე ისაა, რომ ინოვაცია ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის დოვლათს, ამაღლებს ცხოვრების დონეს. ვრცელდება რა ფართოდ ეკონომიკასა და საზოგადოებაში, ინოვაცია ქმნის წინაპირობას როგორც არსებული ცოდნის და ტექნოლოგიების სა- ყოველთაოდ გავრცელების, ასევე ახლის გენერირებისათვის[1, გვ. 73].

საქართველოში ინოვაციების სწრაფი დანერგვა თანამედროვე ეტაპზე მეტად აქტუალურია. მის სწორ მართვაზე კი დიდადაა დამოკიდებული ეკონომიკის სტაბილური განვითარება, ეროვნული მეურნეობის ყველა დარგის და კერძოდ მომსახურების სფეროს განვითარება, რადგან დღეს წინა პლანზე წამოიწია მომსახურებამ, ანუ სერვისმა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ცოდნით და ინფორმაციით. ერთიც და მეორეც, როგორც ცნობილია, ინტელექტუალური კაპიტალია [2, გვ. 58]. სწორედ ინოვაციების დანერგვა ნებისმიერ დარგსა და კერძოდ ჯანდაცვაში, უზრუნველყოფს დარგის აღმავალ განვითარებას, მის თვისებრივ გარდაქმნას. სამეცნიერო ტექნიკურ სფეროში მიმდინარე ტენდენციები უდიდეს  გავლენას ახდენს მარკეტინგზე. მათ შორისაა: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარება, განუსაზღვრელ შესაძლებლობათა წარმოშობა (მზის ენერგიის პრაქტიკული გამოყენება, ადამიანთა დაავადებებთან ბრძოლის ქიმიური საშუალებები, ფილტვისა და ღვიძლის დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებები, კიბოს სამკურნალო საშუალებები), ასიგნების ზრდა სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოებზე, ამა თუ იმ საქონლის, თუნდაც მცირეოდენი სრულყოფისადმი ყურადღება, სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და სხვ.

პროგრესული ცვლილებები მოსახლეობის ჯანდაცვის დარგში შეამზადა მეცნიერებისა და ტექნიკის თვალსაჩინო მიღწევებმა, როგორიცაა აღმოჩენები და მისი პრაქტიკული გამოყენება ბაქტერიოლოგიასა და პარაზიტოლოგიაში, ადამიანის ორგანიზმის მიკროსკოპულ ანატომიასა და ფიზიოლოგიაში, იმუნოლოგიასა და ენდოკრინოლოგიაში, რენტგენოლოგიასა და რადიოლოგიაში. ამ მიღწევებმა, რაც დაკავშირებულია მეცნიერების ისეთ კორიფეთა სახელებთან, როგორებიც იყვნენ ლუი პასტერი და რობერტ კოხი, პიერ კიური, მარია სკლადოვსკაია-კიური და ვილჰელმ რენტგენი, ილია მეჩნიკოვი და სხვები, საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო მეცნიერებისა და მოსახლეობის ჯანდაცვის თანამედროვე წარმატებებს.

სიახლეების დანერგვის ტემპები არ ნელდება. ყოველდღიურად, შეიძლება ითქვას, ყოველ წუთს, ცხოვრებისეულ პრაქტიკაში ჩნდება ესა თუ ის ტექნიკური სიახლე. უახლესი მოდიფიკაციის პერსონალურმა კოპიუტერებმა ოფისებსა და დაწესებულებებს სრულიად შეუცვალა იერსახე. თანამედროვე სამედიცინო ტექნიკამ და უახლესმა ტექნოლოგიურმა პროცესებმა რადიკალურად გარდაქმნა ჯანდაცვის სფერო და სტრუქტურა.

ჯანდაცვის დარგში ინოვაციის მიღწევები განსაკუთრებით ნათლად ვლინდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლის საქმეში. ამ დაავადებასთან ბრძოლა, როგორც სოციალური პრობლემა, დიდი ეკონომიკური პოტენციალის მომცემია ქვეყნისათვის. სწორედ ნოვაციის საფუძველზე დღეს უკვე შესწავლილი და გამოვლენილია გულ-სისხლძარღვთა განვითარების ზოგიერთი კანონზომიერება. უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა სპეციალურმა ლაბორატორიების ეფექტიანმა ფუნქციონირებამ მკვეთრად შეამცირა გულ-სისხლძარღვით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა.

ასევე, დიდი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს ადამიანის ქსოვილებისა და ორგანოების გადანერგვისას მათი შეთავსებადობის შესასწავლად. ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში პერსპექტიულად ითვლება ძვლების საჭრელად და შესადუღებლად ულტრაბგერის გამოყენება. ეს მეთოდი გამოიყენება გულის, უროლოგიური, გინეკოლოგიური მკურნალობისათვის.

რაც შეეხება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა კიბოს პოპულაციური რეგისტრი. რეგისტრის 6 თვის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა მკვეთრი სხვაობა წინა წლების მონაცემებთან შედარებით: აგრეგირებული სტატისტიკით 2014 წელს საქართველოში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მოსახლეობის 100000 სულზე, რეგისტრის შეფასებითი მონაცემებით 2015 წელს ეს მაჩვენებელი 287 გახდა [3, 22გვ].

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში 2011 წლიდან კიბოს სკრინინგ-პროგრამები მოქმედებს, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ჯანდაცვაში. პროგრამა მოიცავს: ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისათვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ქალებისათვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის კაცებისათვის და კოლორექტული კიბოს სკრინინგს 50-70 წლის მოსახლეობისთვის.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ახლადგამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების მთლიან რაოდენობაში გაიზარდა I და II სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების წილი და შესაბამისად შემციდრა III და IV სტადიაზე გამოვლენილის წილი. სტატისტიკური მონაცემებით, ყველა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის მოსახლეობის საერთო ავადობის სტრუქტურაში, ავთვისებიან სიმსივნეებს მეორე ადგილი უკავია. სხვადასხვა პროგრამის რეალიზაციის მიუხედავად, ამჟამად საქართველოშიც ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ საკმაოდ იმატა, რაც განპირობებულია ამ პათოლოგიის მნიშვნელოვანი მატებით, ეკოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესებით, კვების არასწორი ჩვევებით, თამბაქოს წევით და ალკოჰოლის ჭარბად მიღებით, მოსახლეობაში ბევრი მავნე ჩვევის ფართო გავრცელებით, რისკის ჯგუფის პირთა და ავადმყოფთა აღრიცხვის გაუარესებით და რიგი სხვა ფაქტორის ზეგავლენით.

ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მკურნალობის პროგრესი მიღწეული იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით, ჯანდაცვაში მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვით და რეალიზაციით, იმ ინოვაციების დანერგვით, რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია დანერგილი. რადგან ინოვაციების ტემპების დაჩქარება ეკონომიკური რეფორმის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველოში მეცნიერების და ტექნიკის განვითარება მოწინავე მსოფლიო მეცნიერულ-ტექნიკურ დონეს თანდათან უახლოვდება, თუმცა, უფრო მეტი მიღწევებია საჭირო. ამასთან, აუცილებელია, შემუშავდეს ინოვაციების მართვის ახალი, უფრო ეფექტიანი და პროგრესული ფორმები და მეთოდები.

ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დაჩქარების საფუძველია სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი თავისი ადეკვატური ბაზით. მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში იგულისხმება როგორც ახალი ტექნიკის დანერგვისა და პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები, ასევე ჯანდაცვის მართვისა და მკურნალობის ღონისძიებათა რაციონალური ორგანიზაციის საკითხების გდაწყვეტის დონე, მეცნიერული და ტექნიკური სიახლეების შესაბამისი ახალი სახეობის მასალებისა და ენერგიის ინტენსიურად გამოყენებისათვის. ამასთან, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემაში ფართოდ გამოვიყენოთ საზღვარგარეთის ქვეყნების მიღწევები ტექნიკის სფეროში, ასევე მართვის ის მეთოდები, რომელიც უფრო ეფექტიანი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

ინოვაციების მართვის მექანიზმის გარდაქმნამ უნდა მოგვცეს მეცნიერების დაფინანსების ისეთი სისტემა, რომლის საფუძველი იქნება პრიორიტეტების შერჩევა, რასაც ბოლო პერიოდამდე ფორმალური ხასიათი ჰქონდა. საზღვარგარეთ პრიორიტეტული მიმართულებების შეფასება ხდება სპეციალური ორგანიზაციების მიერ, რომლებიც, რა თქმა უნდა, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, მათ აფინანსებს მსხვილი კორპორაციები, ე.ი. პრიორიტეტების რეალიზაციასა და შეფასებას განსაზღვრავს საბაზრო ურთიერთობა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, თანამედროვე მსოფლიო განვითარებული ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, რომ ინოვაციების განვითარების მაღალი ტემპები და ინოვაციების ეფექტიანი მართვა შესაძლებელია სრულყოფილი საბაზრო მექანიზმის მეშვეობით, რაც ეკონომიკური სტრუქტურების გარდაქმნისას, ჯანდაცვაშიც ახალ, სტრატეგიულ ხასიათს იძენს.

ყოველივე ეს და სხვა ბევრი რამ გვასტიმულირებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სიახლეების დანერგვის პროცესს ჯანდაცვის სისტემაში, რომლის ბევრ ქვედანაყოფსა თუ სტრუქტურაში მენეჯერები სპეციალურად არიან დაკავებული ინოვაციის დანერგვით. ინოვაციების ეფექტიანი დანერგვა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს გაზარდოს მომსახურების ეფექტიანობა, გააუმჯობესოს ხარისხი, აიმაღლოს იმიჯი, და საბოლოო ანგარიშით, სტაბილური გახადოს თავისი მდგომარეობა ბაზარზე.

ინოვაციური პროცესი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყვეტენ თვით ინოვაციური ტიპის მენეჯერები მის დანერგვას და რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში დაამუშავებენ მას, მოიცავს საწარმოო, ორგანიზაციულ-ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მმართველობით საქმიანობას. ინოვაციური ტიპის მენეჯერები მუდმივად ახლის ძიების პროცესში იმყოფებიან, ამუშავებენ საინოვაციო პროგრამებს და ა. შ., რათა მიაღწიონ ჯანდაცვის მრავალფეროვანი ობიექტების მართვის სრულყოფას. რა თქმა უნდა, ამ საქმეში მენეჯერების, მარკეტინგის დარგის სპეციალისტების გარდა, სიახლეების დანერგვის პროცესში პირდაპირ მონაწილეობას იღებენ რიგითი თანამშრომლები, ორგანიზაციის მთელი ადამიანური რესურსები, რომლებიც ინფორმირებულები არიან სიახლის დანერგვასთან დაკავშირებით მოსალოდნელ სიკეთეებზე. ამ შემთხვევაში ნოვაციის დანერგვის პროცესი ვერტიკალურია(ზემოდან ქვემოთ). თუ ნოვაცია ინერგება წარმატებით, მაშინ ინოვაცია იძენს ფართოდ გავრცელების შესაძლებლობას: სიახლეების დანერგვის წარმატება საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სტრუქტურულ ერთეულებს გაზარდოს მომსახურების მოცულობა, აამაღლოს მომსაურების ხარისხი და საერთოდ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წარმოებისთვის ჯანსაღი სამუშაო.

ამასთან, ინოვაციის შემუშავებისა და დანერგვისათვის შეიძლება შეიქმნას სპეციალური გაერთიანება, რომლის შემადგენლობაშიც ჩართული იქნება მსხვილი საავადმყოფოები, კლინიკები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები, რომელთა გაერთიანების მიზანია კონკრეტული ინოვაციების დანერგვა ახალი მოწყობილობით, ტექნოლოგიით, ცვლილებებისათვის მომზადებული ადამიანური რესურსით მათ უზრუნველყოფასთან ერთად.

არსებითი ცვლილებების განხორციელება ყოველთვის ესაჭიროება ერთ ან მეტ ორგანიზაციულ კომპონენტს: სტრუქტურას, ტექნოლოგიას, ადამიანურ რესურსებს და ა. შ. მით უმეტეს, რომ ცვლილებებს ან ინოვაციებს თითქმის ყოველთვის მოჰყვება ორგანიზაციული განვითარება[4, გვ. 193].

სწორედ, ყველა სიკეთესთან ერთად, ინოვაციური მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა ნიჭიერი, ნოვატორული საქმიანობისადმი მიდრეკილი სპეციალისტების შერჩევა და მოზიდვა. სიახლეთა დანერგვის პროცესის ეფექტიანობა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თითოეული მომუშავის აქტიურობაზე, მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე, საქმიანობისადმი შემოქმედებით მიდგომაზე, ინიციატივის გამოვლენის, თვითკონტროლის უნარზე, საწარმოს მართვაში პერსონალის ჩართვის ხარისხის ამაღლებაზე [5, გვ.103].

სამედიცინო მომსახურებაზე დღევანდელი გაზრდილი მოთხოვნების შესაბამისად, ჯანდაცვის განვითარება სიახლეთა მიღწევის მაღალ დონეს უნდა დაეფუძნოს.

საქართველოში ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო უცხოური სიახლეების მოზიდვას, არამედ, საკუთარი ტექნოლოგიური ბაზის განვითარებას. აუცილებელია ამ სფეროში საგარეო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების და ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლის ფართოდ გაშლა. მოწინავე ტექნოლოგიების მოზიდვა აამაღლებს სამედიცინო მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ როგორც მოსახლეობის მოთხოვნილება, ასევე მაღალკვალიფიციური მომსახურება გავუწიოთ საზღვარგარეთელ პაციენტებს, რაც ვალუტის შემოსავლის გადიდების საშუალებაა, რასაც დარგის შემდგომი სრულყოფა განვითარებისათვის გამოვიყენებთ.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად სამედიცინო დარგის ჯერ კიდევ სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა, საქართველოს გააჩნია მძლავრი საკადრო პოტენციალი (მეცნიერები, ექიმები), რამდენიმე ძლიერი სამკურნალო ცენტრი, რომლებსაც ზოგიერთი მიმართულებით დიდი გამოცდილება და მსოფლიო აღიარებაც აქვთ. დღეს კი მსოფლიო ბაზარზე სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებული საქონელია. ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანია, ასევე, საქართველოს ბუნებრივი პირობები და ადგილობრივი რესურსები. სათანადო ეკოლოგიური პირობების დაცვით ქვეყანას შეუძლია დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გადიდება.

საქართველო მდიდარია სამკურნალწამლო მცენარეებით, შეიძლება ასევე ცხოველური წარმოშობის შხამებისა და სამკურნალო პრეპარატების წარმოება. ბუნებრივი ნედლეულის გატანა კი არ არის მომგებიანი, არამედ საჭიროა მზა საექსპორტო პროდუქციის შექმნა. აქაც აუცილებელია უცხოელი პარტნიორების გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. ამ მიზნით კი დიდი მნიშვნელობა აქვს ფარმაცევტული მრეწველობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს, ურთიერთშეთანხმებებს, მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურის შესწავლას და სხვ.

* * *

დასასრულ, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის დარგში ნოვაციის დაჩქარებისა და შემდგომი სრულყოფისათვის, აუცილებელია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შემდგომი განვითარება, რისთვისაც მიზანშეწონილია გააქტიურდეს ადეკვატური საგარეო-ეკონომიკური პროგრამების შემუშავება და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდა, საზღვარგარეთიდან ეკონომიკური დახმარების მოზიდვისა და მისი რაციონალურად გამოყენების ღონისძებები. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საერთაშორისო სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას, უცხოური კაპიტალის მოზიდვის სტიმულირებას.

საინოვაციო საქმიანობის აქტივიზაციის ზრდას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ევროკავშირი, რომლის საინოვაციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: ერთიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავება, მოწყობილობათა დაჩქარებული ამორტიზაციის პოლიტიკის გატარება, მცირე მეცნიერებატევადი ბიზნესის წახალისება, უახლესი ტექნოლოგიების დარგში ინოვაციების წასახალისებლად ორგანიზაცია-დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსება, საუნივერსიტეტო მეცნიერებისა და მეცნიერებატევადი პროდუქციის მწარმოებელი ფირმების თანამშრომლობის სტიმულირება და რიგი სხვა ღონისძიების განხორციელება.

ლიტერატურა:

1. ა. სამადაშვილი. სამეწარმეო და ტექნოლოგიურ ინოვაციათა მენეჯმენტი, თბ., 2009 წ.

2. ნ. ღვედაშვილი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სერვისის სფეროში. ჟ. ბიზნეს-ინჟინერინგი, სტუ, 2014წ. №3.

3. გლობალური ავადობის ტვირთვის კვლევა (Global Burden of Dicease study-GBD) საქართველოში. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2015წ.

4. ო. გერზმავა, ო. ვასაძე, დ. ვესტი. ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2001წ.

5. ო. ფაჩულია. ინოვაციათა მენეჯმენტის სრულყოფის საკითხები, თბ., 2012წ.