English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ მურთაზ მაღრაძე
პროფესორი დემურ სიჭინავა – 70

 პროფესორი   დემურ შალვას ძე სიჭინავა  დაიბადა 1947 წლის 12 დეკემბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში, პედაგოგის ოჯახში. მამა, შალვა სიჭინავა – ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი იყო, დედა, ეთერ საჯაია – დიასახლისი. მათ სამშობლოს აღუზარდეს  სამი ვაჟი, დემური, მილორდი და ალექსანდრე, ეკონომიკურ  მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები.

დემურ სიჭინავამ დაამთავრა ლესიჭინის პირველი საშუალო სკოლა  1966 წელს. იგი აქტიურ  ფიზიკურ  შრომას ეწეოდა საშუალო სკოლის  მაღალ კლასებში სწავლისას  და მის შემდგომაც.

დემურ სიჭინავამ 1967-1969 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური ქალაქ  ვორონეჟში.

1969 წელს ჩაირიცხა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ  ფაკულტეტზე ეკონომიკური  ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების ორგანიზაციის  სპეციალობაზე,  რომელიც დაამთავრა 1974 წელს.

1972–1974  წლებში მუშაობდა განათლების მუშაკთა  რესპუბლიკურ   სახლში საერთაშორისო  ენა „ესპერანტოს“ მასწავლებლად.

1974-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს  მშენებლობის სამინისტროს  საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში ინჟინერ-პროგრამისტად.

1975-1986 წლებში მუშაობდა თსუ-ის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის ეკონომიკური   ინფორმატიკის კათედრაზე  ასისტენტად. ამავე წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ  საქმიანობაში.  კერძოდ,  1976-1978 წლებში მონაწილეობდა თსუ-ის სტუდენტურ  მესამე შრომით სემესტრებში  (ქ. როსლავისა და ქ. სმოლენსკის ოლქებში), როგორც  რაზმის ხელმძღვანელი. მან ასახელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  რაც გამოიხატა  იმით, რომ მისი ხელმძღვანელობით სტუდენტურმა რაზმებმა გაიმარჯვეს საკავშირო  შეჯიბრებებში, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია როგორც  საკავშირო, ასევე საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის  სიგელებით. აღსანიშნავია ისიც,  რომ გარდა მესამე შრომით სემესტრში აქტიური  მონაწილეობისა, მან ქალაქ  როსლავისა და სმოლენსკის მოსახლეობას, საკუთარი პროექტით,  საჩუქრად აუშენა ორიგინალური ფერადი მუსიკალური შადრევნები. მან, აღნიშნული შადრევნების აშენებისას, გამოიყენა მის მიერ შემუშავებული „ავტომატურად რეგულირებადი სარქველის" კონსტრუქცია,  რომელზეც ყოფილი საბჭოთა  კავშირის  გამოგონებებისა  და აღმოჩენების  საქმეთა  კომიტეტმა, 1981 წელს, გასცა საავტორო  უფლება №929943.  ნიშანდობლივია ისიც,  რომ ქალაქ  სმოლენსკში აშენებულ ფერად მუსიკალურ  შადრევანს აქვს თსუ-ის გერბის ფორმა.

1987 წელს დემურ სიჭინავა ეკონომიკურ  მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით იცავს  დისერტაციას მრავალარხიანი და მრავალფაზინი სისტემების იმიტაციურ  მოდელირების პრობლემებზე.

1975 წლიდან დღემდე თსუ-ში  იგი აქტიურად  ეწევა  სამეცნიერო - პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც გაიარა ყველა სამეცნიერო-პედაგოგიური  თანამდებობა – დაწყებული ასისტენტიდან, დამთავრებული პროფესორით.   გამოქვეყნებული  აქვს 60-ზე  მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია, 10 სახელმძღვანელო, ორი გამოგონება  და შვიდი პატენტი.

პროფესორი   დემურ სიჭინავა  თავისი მოწოდებით არის  ნოვატორი  – 2005 წელს მისი ხელმძღვანელობითა და ავტორობით  თსუ-ის ეკონომიკისა   და ბიზნესის ფაკულტეტზე  წარმოდგენილი და დანერგილი იქნა სასწავლო  დისციპლინების შესწავლისა და ტესტური  გამოცდების  კომპიუტერულად  ჩატარების  პროგრამები TRENINGATOR-ი და TEGAPRO (თანაავტორი  მისივე შვილი ზვიად სიჭინავა).

2005 წლიდან დღემდე, პროფესორი  დ. სიჭინავა  ეკონომიკისა   და ბიზნესის ფაკულტეტის  ბაკალავრიატისა   და მაგისტრატურის   შუალედური, ფინალური და დამატებითი ტესტური   გამოცდების   კომპიუტერული   წესით  ჩატარებაზე   პასუხისმგებელი პირი  და კოორდინატორია.  გამოცდები  ტარდება ზემოთ აღნიშნული პროგრამა TEGAPRO-ს სხვადასხვა ვერსიით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რამაც  ათეულობით ათასი ლარის ეკონომია  მისცა  ფაკულტეტს  და შესაბამისად, უნივერსიტეტს.

პროფესორ  დ. სიჭინავას აქტიური  ხელმძღვანელობით, ეკონომიკასა  და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების  კათედრასთან შეიქმნა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია, სადაც წარმატებით სრულდება სამეცნიერო კვლევები.

პროფესორი  დ. სიჭინავა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ჟურნალ  „ეკონომიკა და ბიზნესის" სარედაქციო  კოლეგიის  წევრია.  იგი არის არა ერთი სახელმძღვანელოს, სამეცნიერო შრომების კრებულის რედკოლეგიის წევრი, მეცნიერ-რედაქტორი და რეცენზენტი. პროფესორი დ. სიჭინავა როგორც  ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალპროფესიული სპეციალისტი  არა ერთხელ იყო მიწვეული სადოქტორო დისერტაციების  შემფასებლად და სადისერტაციო   საბჭოს  კომისიის  წევრად სხვადასხვა უნივერსიტეტში.   მისი ხელმძღვანელობით  შესრულდა  და სრულდება  რამდენიმე სადოქტორო  დისერტაცია და სამაგისტრო ნაშრომები.

პროფესორი   დ.  სიჭინავა  2013 წლიდან  დღემდე  წარმატებით   ხელმძღვანელობს  "ეკონომიკასა   და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების"   კათედრას. მისი ლექციები  გამოირჩევა  მეცნიერული  სიღრმით და იმავდროულად სისადავით, სტუდენტებისთვის მასალების გასაგები ფორმით მიწოდებით.

პროფესორი დ. სიჭინავა არის თსუ-ის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სადოქტორო,  სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების – „ინფორმაციული ტექნოლოგიების  მენეჯმენტის მოდულების" ხელმძღვანელი.

პროფესორ  დემურ სიჭინვას  მონაწილეობა აქვს მიღებული  მრავალი  საუნივერსიტეტო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში.

2015 წელს, პროფესორ  დემურ სიჭინვას უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველი საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია  – „თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები  ეკონომიკური  გლობალიზაციის პირობებში",  რომელიც მიძღვნა ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების  კათედრის 50 წლის იუბილეს.

პროფესორ დ. სიჭინავას, როგორც  კათედრის გამგეს, ჰარმონიული მგობრული ურთიერთობა  აქვს  კოლეგებსა  და სტუდენტებთან. იგი მომთხოვნია, როგორც საკუთარი  თავის, ასევე კოლეგებისა  და სტუდენტების მიმართ.

პროფესორი დ. სიჭინავა, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობისა, ეწევა ნაყოფიერ საზოგადოებრივ  საქმიანობას.  კერძოდ,  ის არის სიჭინავების საგვარეულო კავშირის  წინამძღოლი და ჩხოროწყუს  რაიონის სოფელ ლესიჭინეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი  და წარმმართველი.

პროფესორ   დ. სიჭინავას  ჰყავს ბრწყინვალე  ოჯახი.  მეუღლე  ნანა  ბეჭვაია, მათ სამშობლოს აღუზარდეს  ოთხი ყველასთვის მისაბაძი, ერთიმეორეზე  უკეთესი შვილი, რომლებმაც  განათლება მიიღეს თსუ-ში და წარმატებით  საქმიანობენ  სხვადასხვა სფეროში,  როგორც  საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.  პროფესორი დ. სიჭინავა  მდიდარია შვილიშვილებითაც.  მას ჯერჯერობით ჰყავს ხუთი შვილიშვილი.

პროფესორ  დემურ სიჭინავა დღესაც გამოირჩევა ნოვატორული აქტიურობით, მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დასანერგად შემუშავებული აქვს  რამდენიმე ინოვაცია.