English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ მერაბ ჯიქია
რელევანტური და ალტერნატიული დანახარჯების განსაზღვრა გადაწყვეტილების მიღებისას

ალტერნატიულ პროექტებს   (ქმედებებს) შორის არჩევანის გასაკეთებლად, მენეჯერული გადაწყვეტილება საჭიროებს  ინფორმაციას  იმ დანახარ- ჯების შესახებ, რომლებიც  დამოკიდებულია მიღებულ არჩევანზე.

სტატიაში, პროდუქციის  თვითღირებულების ცალკეული  მუხლის შესაბამისად სქემატურადაა  წარმოდგენილი რელევანტური  მასალების, შრომითი და ზედნადები ხარჯების  განსაზღვრის   გადაწყვეტილებათა  ხეები. თითოეული ხის მიხედვით განხილულია კონკრეტული   მაგალითები. მოცემულია ზოგადი მეთოდიკა ალტერნატიული პროექტების  შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას თუ როგორ   უნდა განისაზღვროს  რელევანტური  და ალტერნატიული დანახარჯები.

საკვანძო სიტყვები: რელევანტური  დანახარჯი; ირელევანტური  დანახარჯი;  ალტერნატიული დანახარჯი; შეუქცევადი  დანახარჯი; არაფულადი დანახარჯი;  ფულადი ნაკადები; გარდაუვალი დანახარჯი; გადაწყვეტილებათა ხე.

 გადაწყვეტილების  მიღებისას  ითვალისწინებენ  მხოლოდ იმ დანახარჯებსა  და შემოსავლებს,  რომელთა  სიდიდეც მისაღებ  გადაწყვეტილებაზეა  დამოკიდებული. ასეთ დანახარჯებსა  და შემოსავლებს  რელევანტური  ეწოდება.  გადაწყვეტილების მიღების პროცესი  გულისხმობს არჩევანს ორ ან მეტ ალტერნატივას შორის. ზოგადად, ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც  მაქსიმალურს გახდის მესაკუთრეთა  შემოსავლებს. ასე, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება ხდება რელევანტური  დანახარჯებისა და ამონაგების საფუძველზე.

დანახარჯი  და შემოსავლები,  რომელთა  სიდიდეც  დამოკიდებული  არ არის მისაღებ  გადაწყვეტილებაზე,  ითვლება ირელევანტურად  და არ გაითვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას. ამიტომ, რელევანტური  ფინანსური დანახარჯი, რომელიც გაანალიზდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ნაღდი ფულის მომავალი ნამეტია, რომლის სიდიდეც დამოკიდებულია განსახილველ ალტერნატივაზე. მაშასადამე, მხედველობაში მისაღებია  ნაღდი ფულის მხოლოდ ნამეტი (დამატებითი) ნაკადები, ხოლო ის, რომელიც  უცვლელი რჩება ნებისმიერი ალტერნატივისას, არ არის რელევანტური. განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც  საჭიროა  არჩევანის გაკეთება რკინიგზით მგზავრობისათვის  ერთი თვის სამგზავრო  ბილეთის შეძენასა და იმავე მიზნებისათვის განვადებით შეძენილი პირადი ავტომანქანის  გამოყენებას შორის. ასეთ პირობებში,  სატრანსპორტო   საშუალებაზე გადასახადის გადახდასთან, მის  დაზღვევასთან  დაკავშირებული  ყოველთვიური  დანახარჯი  უცვლელი  რჩება იმის მიუხედავად, გავემგზავრებით   ავტომანქანით  თუ რკინიგზით,  მაგრამ  დანახარჯი  ბენზინზე რელევანტურია,  ვინაიდან იგი იცვლება  იმასთან დაკავშირებით, თუ ტრანსპორტის  რომელი სახეობა იქნება გამოყენებული.

რელევანტურ  დანახარჯებსა და ამონაგებს შემდეგი ნიშნები ახასიათებს:

  • ისინი  მომავლის დანახარჯები და ამონაგებია,  ვინაიდან შეუძლებელია იმის შეცვლა, რაც წარსულში მოხდა, ამიტომ,  რელევანტური  დანახარჯები და ამონაგები უნდა იყოს მომავლის დანახარჯები  და ამონაგები.
  • ისინი  ფულადი სახსრების ნაკადებია, ე.ი. მომავლის დანახარჯები და ამონაგები უნდა იყოს ფულადი სახსრების ნაკადები, რაც წარმოიქმნება უშუალოდ გა- დაწყვეტილების მიღების  შედეგად; რელევანტურ  დანახარჯებში არ შედის  ისეთი ელემენტები, რომლებიც  არ მოიცავს  ფულადი სახსრების  ნაკადებს  (მაგალითად, ცვეთა და პირობითი დანახარჯები).
  • ისინი  ზრდადი დანახარჯები  და ამონაგებია,  რელევანტური  დანახარჯები – ზრდადი დანახარჯებია  და წარმოადგენს  იმ დანახარჯებისა  და ამონაგების  ნაზარდს, რომლებიც წარმოიქმნება, როგორც  რელევანტური  გადაწყვეტილების მიღების უშუალო შედეგი [1].

გადაწყვეტილების მიღებისათვის რელევანტური  დანახარჯის განსაზღვრისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ზოგიერთი  დანახარჯი რელევანტური იქნება ერთ შემთხვევაში, მაგრამ ირელევანტური – სხვა შემთხვევაში. მაშასადამე, დანახარჯის რელევანტურობის  განსაზღვრა  დამოკიდებულია ვითარებაზე:  ერთ სიტუაციაში  დანახარჯი რელევანტურია,  მეორეში კი, იგივე დანახარჯი ირელევანტურია.  ამიტომ, შეუძლებელია წარმოდგენილ იქნეს  დანახარჯთა ნუსხა, რომელიც  რელევანტური იქნება ყველა კონკრეტული  შემთხვევისათვის. ყოველ სიტუაციაში  საჭიროა  დავიცვათ პრინციპი  – რელევანტური დანახარჯი – მომავლის დანახარჯია,  რომელიც იცვლება  შერჩეული ვარიანტის მიხედვით [4].

დანახარჯის რელევანტურობის  განსაზღვრისას  საჭიროა   გავარკვიოთ,   თუ როგორ მოქმედებს ის გადაწყვეტილების მიღებაზე. მენეჯერმა უნდა იცოდეს ყველა გარემოება,  რომელშიც მიიღება გადაწყვეტილება, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილების ყველა სავარაუდო შედეგი. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს იგი რელევანტური ფინანსური ინფორმაციის შერჩევას კომპანიის  ხელმძღვანელობისადმი წარსადგენად.

დანახარჯებს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას რელევანტური არ არის, არარელევანტურ (ირელევანტურ) დანახარჯებს უწოდებენ და მოიცავს:  შეუქცევად  დანახარჯებს,  არაფულად დანახარჯებს,  საერთო  მუდმივ ზედნადებ ხარჯებს და აქტივის  წმინდა საბალანსო ღირებულებებს.

შეუქცევადი  დანახარჯები  წარსული პერიოდის დანახარჯებია, მაგალითად, სამეცნიერო-კვლევითი  დანახარჯები ან ბაზრის გამოკვლევის ხარჯები.

გარდაუვალი დანახარჯები მომავლის დანახარჯებია, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი  გადაწყვეტილებაც  არ უნდა იქნეს მიღებული.

არაფულადია დანახარჯები, რომელიც არ ითვალისწინებს  ფულადი სახსრების მოძრაობას,  მაგალითად, ცვეთა  და პირობითი დანახარჯები. პირობითი ისეთი დანახარჯია, რომელიც  არ იწვევს  ფულადი სახსრების  გასვლას  ორგანიზაციიდან არც ახლა და არც მომავალში. მაგალითად, ზოგჯერ  სათავო ოფისმა შეიძლება თავის ფილიალებს დაარიცხოს  „პირობითი"  საიჯარო  ქირა. ეს დანახარჯი  მხოლოდ ორგანიზაციის  ანგარიშებში გამოჩნდება, მაგრამ არ გამოიწვევს „რეალურ" ფულად დანახარჯებს.

საერთო  მუდმივი ზედნადები ხარჯები, ჩვეულებრივ, არ არის გადაწყვეტილებების მიღების მიმართ რელევანტური,  თუმცა,  ზოგიერთი  მუდმივი ზედნადები ხარჯი შეიძლება იყოს რელევანტური.

აქტივის  წმინდა საბალანსო ღირებულება არ არის რელევანტური დანახარჯი, ვინაიდან ცვეთის  მსგავსად, ისიც სააღრიცხვო  პოლიტიკით განისაზღვრება და არა მომავალი ფულადი სახსრების  ნაკადებით.

სიტუაცია 1

კომპანიამ  უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქციის  საწარმოებლად A პროექტი  გამოიყენოს თუ В:

ერთეულის ცვლადი  რელევანტური ხარჯები დანახარჯები ($)

                                                       A              В                   A              В

პირდაპირი მასალის ხარჯი               600         600                  –               –

პირდაპირი შრომითი ხარჯი             800         750                  800          750

ცვლადი საწარმოო  ზედნადები

ხარჯი                                           140        150                   140           150

მთლიანი მუდმივი დანახარჯები        2000      2000                  –                –

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჯამი                                             3540    3500                 940            900

აღნიშნულ სიტუაციაში რელევანტური დანახარჯია პირდაპირი შრომითი ხარჯი და ცვლადი საწარმოო  ზედნადები ხარჯი.  რელევანტური  დანახარჯი В პროექტზე უფრო ნაკლებია, ვიდრე A პროექტზე. ამდენად, ორი ალტერნატიული  პროექტიდან ის პროექტია  მისაღები, რომლის რელევანტური დანახარჯებიც ნაკლებია.

ახლა ცალცალკე   განვიხილოთ რელევანტური მასალების, შრომისა და ზედნადები დანახარჯები. პროდუქციის  თვითღირებულების  შემადგენელი თითოეული ელემენტისათვის რელევანტური  დანახარჯების განსაზღვრა  შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილებათა  ხის მეშვეობით ( იხ. სქემა 1):

მასალების რელევანტური დანახარჯების განსაზღვრის გადაწყვეტილებათა ხე

სქემა 1

სიტუაცია 2

ფირმა „ალფას" საწყობში  აქვს P სახის მასალა 75 კგ., რომელიც შეძენილი აქვს ხუთი წლის წინ, 1 კგ. 30 ლარად. იგი წარმოებაში  უკვე აღარ გამოიყენება, მაგრამ შეიძლება გაიყიდოს 1 კგ. 20 ლარად.  ფირმა „ალფა"  ამჟამად ადგენს ერთ-ერთი შეკვეთის ფასს, რომელშიც გამოყენებული იქნება P სახის მასალა 60 კგ-ს ოდენობით. საჭიროა განისაზღვროს P მასალის რელევანტური დანახარჯი, რომელიც  გა- სათვალისწინებელია კონტრაქტით.

ამოხსნამასალა არის მარაგში? – დიახ;

შეიცვლება ის? – არა (უკვე  ეს მასალა აღარ გამოიყენება); იგი გამოიყენება სხვა მიზნებისთვის? – არა; წმინდა სარეალიზაციო ღირებულება 1200 ლარი (60 x 20).

სიტუაცია 3

ფირმა „ალფა" ამჟამად იხილავს შეკვეთას,  რომელიც  საჭიროებს  2000 კგ. P სახის მასალას. არსებობს ორი შესაძლო სიტუაცია:

) P სახის მასალას რეგულარულად  გამოიყენებენ  ფირმაში სხვადასხვა პროდუქციის  დასამზადებლად. არსებული მარაგი შეადგენს 20.000 კგ–ს, რომელიც შეძენილია 1კგ. 15 ლარად, მასალის ჩანაცვლების  ფასი მიმდინარე პერიოდში  არის 20 ლარი 1კგ–ზე. მასალა იმყოფება მარაგში  და ფირმა მას რეგულარულად  იყენებს. ამგვარად, მისი ჩანაცვლება  მოხდება მიმდინარე პერიოდის ჩასანაცვლებელი  ფასით. მასალის 1 კგ–ს  რელევანტური  დანახარჯი არის 20 ლარი, ხოლო სულ მასალის რელევანტური  დანახარჯია 40 000 ლარი (20 x 2000).

) ფირმას აქვს 2000 კგ. მარაგი,  რომელიც  ნაყიდია ორი წლის წინ, ერთი კგ. 12 ლარად, მაგრამ იგი უკვე აღარ გამოიყენება ფირმის არც ერთი სახის პროდუქ- ციის  დასამზადებლად. მასალის მიმდინარე საბაზრო  ფასი არის  15 ლარი, მაგრამ ფირმას შეუძლია მისი გაყიდვა 1 კგ. 10 ლარად.

მასალის გამოყენების გარდა, მეორე საუკეთესო  ალტერნატივაა მისი გაყიდვა 10 ლარად. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში რელევანტური დანახარჯი არის „გაწირული~ სარგებელი",  ე.ი. მარაგში არსებული მასალის წმინდა სარეალიზაციო ღირებულება. მასალის რელევანტური  დანახარჯია 20000 ლარი (2000 x 10).

ანალოგიურ პრობლემასთან გვაქვს  საქმე  რელევანტური შრომითი დანახარჯების  განსაზღვრისას.  ამ შემთხვევაში ისმის შემდეგი მთავარი კითხვა:  არსებობს თუ არა თავისუფალი, სარეზერვო   სიმძლავრე  და მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია რელევანტური   დანახარჯის  დასადგენად შემდეგი გადაწყვეტილების  ხის გამოყენება (იხ. სქემა 2).

რელევანტური შრომითი დანახარჯების განსაზღვრის გადაწყვეტილებათა ხე

სქემა 2

სიტუაცია 4

კონტრაქტისათვის საჭიროა 300 სთ. არაკვალიფიციური  შრომა. ფირმას მოცემულ მომენტში არ გააჩნია ჭარბი (ნამეტი) სამუშაო ძალა, მაგრამ შესაძლებელია დამატებითი დროებითი პერსონალის დაქირავება 1 საათში 12 ლარად. არაკვალიფიციური   სამუშაო  ძალის რელევანტური  დანახარჯი კონტრაქტისათვის არის 3600 ლარი (300 x 12).

სიტუაცია 5

კონტრაქტისათვის საჭიროა 400 სთ. ნახევრადკვალიფიციური შრომა. ამ მომენტისათვის  დაახლოებით 600 სთ–ის სარეზერვო  სიმძლავრე არსებობს. პროფკავშირებთან   დადებული შეთანხმების  თანახმად, ისინი  არ იყვნენ  სამსახურიდან დათხოვნილნი. მუშებს საათში 8 ლარს უხდიან. ნახევრადკვალიფიციური  სამუშაო ძალის რელევანტური დანახარჯი კონტრაქტისათვის არის ნული.

იმ შემთხვევაში,  თუ საწარმოს  არ გააჩნია ნახევრადკვალიფიციური  სამუშაო ძალის რეზერვი  და ამასთან ახლის დაქირავება  შეუძლებელია, იგი იძულებული გახდება მუშები სხვა სამუშაოდან გადმოიყვანოს.  თუ მოცემული  სამუშაო  ძალა ერთ საათში 4 ლარის ზღვრულ  მოგებას  იძლევა, მაშინ კონტრაქტით გასათვალისწინებელი ხარჯი იქნება 1600 ლარი (400 x 4), რომელიც ალტერნატიული ხარჯია[2].

მასალებისა და შრომის  რელევანტური  ხარჯების  გარდა  მენეჯერებს  ასევე მოეთხოვებათ რელევანტური  ზედნადები ხარჯების  განსაზღვრა  (იხ. სქემა 3):

სქემა 3:

მუდმივი ზედნადები ხარჯების   მიკუთვნების   განაკვეთი   რელევანტური   არ არის გადაწყვეტილებისათვის, ვინაიდან მუდმივი ზედნადები ხარჯების  მიკუთვნება არ არის ფულადი სახსრების ნაკადი და არ წარმოადგენს  ფულის რეალურ ხარჯს. მართალია,  მუდმივი ზედნადები ხარჯები,  ფაქტობრივად,  გამოშვებული  პროდუქციის რაოდენობას მიეკუთვნება, როგორც ცვლადი ხარჯი, მაგრამ, თვის ბოლოს ის კორექტირდება  მიკუთვნების სხვაობით[3].

ცვლადი  ზედნადები ხარჯები  კი იცვლება  გამოშვებული პროდუქციის  რაოდენობის შესაბამისად და მაშასადამე, რელევანტური  დანახარჯია,  ვინაიდან ასეთი ხარჯები  ფულადი სახსრების  რეალური  ხარჯვაა.

 სიტუაცია 6

ფირმა „ალფა"  ზედნადები ხარჯების მიკუთვნებას ახორციელებს  მანქანადსაათების საფუძველზე. მიმდინარე პერიოდში დაგეგმილია ზედნადები ხარჯების  მიკუთვნების განაკვეთი 20 ლარი სთ–ზე,  საიდანაც 7 ლარი არის ცვლადი ზედნადები ხარჯი, ხოლო 13 ლარი მუდმივი ზედნადები ხარჯი. ფირმა იხილავს, დადოს თუ არა მომავალ წელს ერთერთი კონტრაქტი.  თუ კონტრაქტს   დადებს, მათი საპროგნოზო შეფასების თანახმად, მუდმივი დანახარჯები კონტრაქტის ვადის განმავლობაში 3200 ლარით გაიზრდება. საჭიროა განისაზღვროს   ამ  კონტრაქტისათვის   რელევანტური  ზედნადები ხარჯები.

ამოხსნა:

) ზედნადები ხარჯებიდან ერთი საათის ცვლადი დანახარჯი რელევანტურია, რადგან ამ დანახარჯის თავიდან აცილება  შესაძლებელია, თუ კონტრაქტი არ დაიდება. მაშასადამე, რელევანტური  ცვლადი ზედნადები ხარჯები  შეადგენს 7 ლარს ერთ მანქანადსაათზე;

) ერთი საათის მუდმივი დანახარჯი არის მიკუთვნების  განაკვეთი,  რომელიც არარელევანტური   დანახარჯია.  ფაქტობრივი  მუდმივი დანახარჯი არ გაიზრდება საათში 13 ლარით ყველა წარმოებული  ელემენტისთვის, 3200 ლარით გაიზრდება მთლიანად ფაქტობრივი მუდმივი დანახარჯები.  მაშასადამე, რელევანტური  მუდმივი ზედნადები ხარჯები  არის 3200 ლარი.

გადაწყვეტილების მიღების დროს აგრეთვე  განიხილავენ ალტერნატიულ დანახარჯებს.  ალტერნატიული  დანახარჯი სარგებლის  (შემოსავლის)  ის ოდენობაა, რომელიც „გაწირულ" (დაკარგულ)  იქნა ალტერნატიული ქმედების შედეგად[5].

  • თუ პროექტში  გამოსაყენებელი რესურსი (მაგალითად, სამუშაო ძალა, მასალები, მანქანადდანადგარები) საკმარისი  არ არის,  მაშინ განხილულ უნდა იქნეს მოგება ან ზღვრული მოგება, რომლის მიღებაც  შესაძლებელია ამ რესურსების  ალტერნატიული გამოყენებიდან;
  • მაგალითად, კვალიფიციური   სამუშაო  ძალა,  რომელიც   საჭიროა   ახალი პროექტისათვის,   შეიძლება გადმოყვანილ იქნეს  ჩვეულებრივი საწარმოო  პროცესიდან. პერსონალის  გადმოყვანა გამოიწვევს  ზღვრული  მოგების  დანაკარგს,  რაც აშკარად რელევანტურია პროექტის  შეფასებისათვის;
  • არ შეიძლება  ერთი  ქვედანაყოფის  ან განყოფილების  ფულადი სახსრების ნაკადების განხილვა იზოლირებულად. ის ყოველთვის გავლენას ახდენს მთელი ორგანიზაციის ფულად ნაკადებზე, რაც გათვალისწინებული  უნდა იქნეს.

სიტუაცია 7

ფირმა „ალფა" იყენებს კვალიფიციურ  სამუშაო ძალას, რომლის ღირებულება 1 საათში 8 ლარია  და 1 საათში იღებს 3 ლარის ზღვრულ  მოგებას.  ახლა განიხილება პროექტი,  რომელიც საჭიროებს 5000 სთ-ის კვალიფიციურ შრომას. საჭიროა განისაზღვროს  ალტერნატიული ხარჯი ორი სხვადასხვა სიტუაციის  პირობებში:

) არსებობს  სამუშაო ძალის დეფიციტი, ამიტომ კვალიფიციური  მუშაკი გადმოყვანილი უნდა იქნეს სხვა სამუშაოდან;

) კომპანიაში  არსებობს  სამუშაო ძალის სიჭარბე,  რომელთაც  ჩვეულებრივ უხდიან ხელფასს, რაც საკმარისია  ახალი პროექტის შესასრულებლად.

ამოხსნა:

პირველ  შემთხვევაში,  ვინაიდან სამუშაო  ძალა სხვა  სამუშაოდან  უნდა იქნეს გადმოყვანილი, დაიკარგება  ზღვრული მოგება ერთ საათში 3 ლარი. ამდენად, ალტერნატიული დანახარჯი იქნება 15000 ლარი (5000 x 3), (ანუ ხელიდან გაშვებული სარგებელი), რაც პროექტის  შეფასების დროს გაითვალისწინება, ხოლო რელევანტური დანახარჯი სულ იქნება 55000 ლარი {(8 X 5000) + (5000 X 3)}.

მეორე  შემთხვევაში, თუ კომპანიაში  არის  ჭარბი  სამუშაო ძალა, რომელსაც ხელფასს მაინც უხდიან, მათზე დამოუკიდებელი მოცდენის გამო,  ახალ პროექტში მათი დასაქმების  შემთხვევაში დამატებით  დანაკარგს   ადგილი არ ექნება  და ალტერნატიული  დანახარჯი ნულის ტოლია.

ამრიგად, რელევანტური  და ალტერნატიული  ხარჯები  იმავდროულად გასათვალისწინებული ხარჯებია  ალტერნატიული პროექტების  შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს, ორი ალტერნატიული პროექტიდან  ის პროექტია  მისაღები, რომლის რელევანტური  და ალტერნატიული დანახარჯების ჯამი ნაკლებია.

ლიტერატურა:

 1.       მმართველობითი აღრიცხვა,  ACCA, წიგნი F2, სახელმძღვანელო, საერთაშორისო პრაქტიკა, თარგმანი ინგლისურიდან, თბ., 2008, გვ.189-204.

2.        მმართველობითი აღრიცხვა,  ACCA, წიგნი F2, პრაქტიკული სავარჯიშოები, თარგმანი ინგლისურიდან, თბ., 2011, გვ. 43, 107.

3.     ი. ჭილაძე, წარმოების დანახარჯების აღრიცხვის  სისტემები, თბ., 2009, გვ. 58-69.

4.     პ. მიქაძე, მმართველობითი აღრიცხვა,თბ., 2009, გვ. 281-291.

5.      А. И. Нечтаило И. А. Нечтаило, Комплексный економический анализ хозяйственной деятельности, Ростов-на-Дону, 2014 ст. 285-291.