English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ანა ჩაგელიშვილი
ბაზრის კვლევის თავისებურებები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში (საქართველოს მაგალითზე)

ახელმწიფო შესყიდვების რაციონალურად  განხორციელება  მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ბაზრის სრულფასოვნად წარმართულ კვლევაზე. ეს პროცესი  კი დღესდღეობით მრავალი ნაკლოვანებით ხა- სიათდება. ნაშრომის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესის   საწყისი ეტაპის – მიწოდების ბაზრის კვლევისთვის რეკომენდებული მეთოდოლოგი- ის განხილვა, ასევე, მოსაზრებების  გამოთქმა  და რეკომენდაციების  შემუშავება შესყიდვების სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე.

ნაშრომში ბაზრის კვლევის  მეთოდოლოგიად შემოთავაზებულია უცხოური ქვეყნების  სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში აპრობირებული  მეთოდი – მ. პორტერის კონკურენციის  5 ძალის მოდელი [6, გვ: 7] და PESTEL ანალიზი [7, გვ: 25]. ნაშრომში ასევე გამოთქმულია მოსაზრებები მიწოდების ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების  შესახებ.

შედეგები და რეკომენდაციები  შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების   მიერ.  ნაშრომი  ასევე  მნიშვნელოვანია კერძო სექტორში   ფუნქციონირებადი  ბიზნეს-სუბიექტებისთვის,   მათ  ეძლევათ შესაძლებლობა კვლევის  შედეგის გათვალისწინებით გააანალიზონ და სწორად დაგეგმონ სახელმწიფო ორგანოებთან  სამომავლო ურთიერთობები.

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო  შესყიდვები;  მიწოდების  ბაზრის კვლევა; კონკურენციის 5 ძალის მოდელი; PESTEL ანალიზი.

სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი  რეგულირება საქართველოში

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის  მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის რესურსის არსებობა  ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად.  კერძო  სექტორთან  შედარებით,  საჯარო   დაწესებულებები  მეტი  ფორმალობების,  წესებისა  და პროცედუ- რების  დაცვით  შეიძენენ საქონელს,  მომსახურებასა  და სამუშაოს,  რაც სახელმწი- ფო შესყიდვების სახელით არის ცნობილი. შესყიდვის პროცესის  საწყისი ეტაპია ამა თუ იმ საქონლის/მომსახურების  ბაზრის კვლევა,  რომლის შედეგად განისაზღვრება არაერთი  მნიშვნელოვანი საკითხი.  შესყიდვების რაციონალურად  განხორციელებისთვის კი ბაზრის მოკვლევის პროცესის  დახვეწა აუცილებელია, რასაც  ადასტურებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის  -"მმართველობა განვითარებისათვის"  ფარგლებში დელოიტ ქონსალთინგის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევაც,  სადაც გამოკითხული კომპანიების დიდი ნაწილი მიიჩნევს,  რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის უკეთ  ფუნქციონირებისთვის   ძალიან მნიშვნელოვანია ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის  მოკვლევის  პროცესის   დახვეწა [1, გვ:32]. მიწოდების  ბაზრის  სწორად  წარმართული  კვლევა   მნიშვნელოვანწილად განაპირობებს  შესყიდვის პროცედურების  წარმატებით დასრულებასა და შესყიდვის შემდგომ  ეტაპზე სირთულეების  შემცირებას.   საქართველოში   სახელმწიფო შესყიდვების  სისტემა  დეცენტრალიზებულია   და შესყიდვების  განხორციელებაზე უფლებამოსილია კონკრეტული  ორგანიზაცია.  აღნიშნული სფერო რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს  კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით,  რომელთა ძირითად მიზნებს შორისაა  ბაზრებზე  ჯანსაღი კონკურენციის განვითარება  და შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული  მიდგომისა და თანასწორი  მოპყრობის  უზრუნველყოფა  [2, მუხლი: 2, ქვეპ: ბ, გ].

სახელმწიფო შესყიდვების პროცესს კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,  რომლის უმთავრესი მი- ზანია სახელმწიფო შესყიდვების პროცესების გამჭვირვალობის  უზრუნველყოფა და მიმწოდებელთათვის ჯანსაღი კონკურენციის  პირობების შექმნა [3, მუხლი: 2]. 2010 წელს  სააგენტოს   მიერ  შეიქმნა  და დაინერგა  სახელმწიფო შესყიდვების  ერთიანი, ღია ელექტრონული  სისტემა (www.procurement.gov.ge). იგი არის პლატფორმა, რომელიც  შემსყიდველი ორგანიზაციებისა   და მიმწოდებლების ერთმანეთთან და- კავშირების  გარდა, იძლევა საშუალებას, ელექტრონულად წარიმართოს სახელმწიფო  შესყიდვებთან დაკავშირებული  პროცედურები,   გასაჯაროვდეს  შემსყიდველი ორგანიზაციების  წლიური გეგმები,  სატენდერო განცხადებები და დოკუმენტაციები, მიმწოდებელთა სატენდერო წინადადებები, სატენდერო კომისიის  სხდომის ოქმები, ხელშეკრულებები  და ა.შ.

 ბაზრის კვლევა როგორც სახელმწიფო შესყიდვის პროცესის საფუძველი

 სახელმწიფო შესყიდვა მოიცავს  თანმიმდევრულ ეტაპებს,  რომელთაგან საწყის ფაზას წარმოადგენს შესყიდვების მოსამზადებელი ეტაპი.  მასში იგულისხმება შესყიდვების წლიური გეგმის  შემუშავებასთან  დაკავშირებული  ქმედებები  და ყოველი ცალკეული  შესყიდვის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.  კონკრეტული შესყიდვის დაგეგმვისას განისაზღვრება  შესაძენი საქონლისა თუ მომსახურების მახასიათებლები, შესყიდვის პროცედურები  და ვადები. შესყიდვის ინდივიდუალური დაგეგმვა მიწოდების შესაბამისი ბაზრის კვლევით  იწყება. სხვადასხვა მიზეზის გამო, შემსყიდველი ორგანიზაციების  მიერ მიწოდების ბაზრის კვლევისას შესაძლოა არაერთი შეცდომა იქნეს დაშვებული: ბაზრის კვლევა წარიმართოს კვლევის მეთოდოლოგიის,  გეგმის  და მიზნის განუსაზღვრელად;  ბაზარი  მოკვლეულ  იქნეს  მხოლოდ შესყიდვის ობიექტის  სავარაუდო  ღირებულების  და,დგენისთვის; კვლევისას არ იქნეს შერჩეული მიზნობრივი მიმწოდებლები და ა.შ. ფასების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ბაზრის კვლევის შედეგად შესაძლოა:

  • დადგინდეს  ბაზარზე   არსებულ  მიმწოდებელთა  შესაძლებლობები  და მა- ხასიათებლები, რაც შემდგომ  მიმწოდებლის  მიმართ  წაყენებულ  მოთხოვნებსა  და ვალდებულებებში აისახება;
  • დადგინდეს შესყიდვის ობიექტის  შემცვლელი საქონელი  თუ მომსახურება, რამაც  შესაძლოა შესყიდვასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაამარტივოს;
  • გამოვლენილ იქნეს ის გზები, რომელთა საშუალებითაც მოხდება პოტენცი- ური მიმწოდებლების ბაზის გაფართოება (მაგ: შესაბამისი სპეციფიკაციების შემუ- შავება)  და ა.შ.

მონიტორინგისა  და ანალიზის საფუძელზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  მიერ გამოვლინდა შესყიდვების პროცესში   არსებული ნაკლოვანებები  და შემუშავდა რეკომენდაციები   მიწოდების ბაზრის  კვლევასთან  დაკავშირებით.  აღნიშნულ დოკუმენტში  მიწოდების ბაზრის არასათანადოდ გამოკვლევის  შედეგებად დასახელებულია პრეტენდენტის მიერ სპეციფიკაციებით ჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტის შემოთავაზების შეუძლებლობა; არასაკმარისი ინფორმაცია წინადადების შემუშავებისა  და სატენდერო  წინადადების ფასის დაანგარიშებისათვის;   უჩვეულო მოთხოვნები; მიწოდებასთან/შესრულებასთან დაკავშირებული არაადეკვატურად მოკლე  ვადების დადგენა; ტენდერის მიმდინარეობის არაგონივრულად  მოკლე  ხან- გრძლივობა;  არაადეკვატურად   დაბალი ფასების განსაზღვრა;   ფასების დინამიკის გაუთვალისწინებლობა;  ტიპური  საწარმოს  ზომისა  და საწარმოების  ზოგადი  შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა;  მიმწოდებლების სპეციალიზების  სფეროს გაუთვალისწინებლობა;   სეზონური   ფაქტორების   გაუთვალისწინებლობა  [4,  გვ:1,2]. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  ანალიზის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციას   – სპეციფიკაციების  განსაზღვრისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ  უნდა გაითვალისწინოს ბაზარზე არსებული შემცვლელი პროდუქტი და სპეციფიკაციებით  არ უნდა შეზღუდოს  ის ალტერნატივა,  რომელიც აკმაყოფილებს  შემსყიდველი ორგანიზაციის   საჭიროებას   [4, გვ: 9], ნაწილობრივ ვერ დავეთანხმები. ხშირად აუცილებელია  შემსყიდველმა ორგანიზაციამ  შეიძინოს კონკრეტული  სახის ჩანაცვლებადი პროდუქტი,  ისეთი მიზეზები გამო, როგორიცაა უკვე  შესყიდული ტექნიკური მომსახურება ერთი ტიპის საქონელზე,  მხოლოდ ერთი სახის პროდუქტთან  თავსებადი კონკრეტული  სახის მაკომპლექტებელი  პროდუქტი და ა.შ. დოკუმენტში  გამოთქმულია  ასევე შემდეგი მოსაზრება:  „მიწოდების მცირე ვადების დაწესება განაპირობებს  სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ დიდი რესურ- სის  მქონე  მიმწოდებლების მონაწილეობას.  საუკეთესო   პრაქტიკას წარმოადგენს მიწოდების ვადის შერჩევა ტიპური  მიმწოდებლის ზოგადი შესაძლებლობების გათ- ვალისწინებით~  [4, გვ: 9]. მოცემულ დებულებაში უპირატესობა  ენიჭება მიმწოდებელი ორგანიზაციების  ინტერესებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებთან შედარებით. ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ პროდუქტის   ოპერატიულად  მიწოდება ორგანიზაციისთვის  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, რისი შესრულებაც  ბაზარზე არსებული მიმწოდებლების უმრავლესობას  არ შეუძლია. კონკრეტულ  ტენდერშიც სწორედ ის პრეტენდენტი  იმარჯვებს,  რომელიც  ყველაზე დაბალი შემოთავასებული ფასის საფუძველზე, სრულად შეძლებს სატენდერო დოკუმენტაციით  განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. სააგენტოს  მიერ ასევე  რეკომენდირებუ- ლია შემსყიდველი ორგანიზაციების   მიერ სავარაუდო  ღირებულების  დადგენისას იმ დროისათვის მოქმედი ფასების გათვალისწინება  და ინფორმირებულობა  ბაზრის ტენდენციების შესახებ, შემდგომში ოპტიმალური სატენდერო პირობების  შემუშავებისთვის [4, გვ: 9]. მოცემულ რეკომენდაციას  სრულად ვეთანხმები, რადგან ხშირად შემსყიდველი ორგანიზაციები ითვალისწინებენ მსგავსი შესყიდვის გამოცდილებას, რომელიც  რამდენიმე თვის ან სულაც  1 წლის წინ განახორციელეს.   მაგალითად, თანამედროვე, ცვალებად გარემოში, როდესაც ვალუტების კურსი  მაღალი რყევით ხასიათდება, რაც შემდგომ საქონლისა თუ მომსახურების ღირებულების  ცვლილე- ბასაც  იწვევს, რიგ შემთხვევაში, ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით არარეა- ლურია წინა გამოცდილებაზე  დაყრდნობით დადგენილი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.

 კონკურენციის 5 ძალის მოდელი და PESTEL ანალიზი როგორც ბაზრის კვლევის მეთოდი

 ბაზრის ინტენსიური გამოკვლევა  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია  პირველად იძენს საქონელსა თუ მომსახურებას და არა- ერთ სირთულესთან  თუ დიდ ხანახარჯებთან არის დაკავშირებული. როდესაც ორგანიზაცია  პერიოდულად შეისყიდის ობიექტს,  მეტ ინფორმაციას  ფლობს მასზე და ბაზრის  კვლევა,  ზოგიერთ  შემთხვევაში, შესაძლოა ჩაანაცვლოს  პირადი, თუ სხვა შემსყიდველის გამოცდილების  გათვალისწინებამ. ბაზრის კვლევის  მასშტაბი დამოკიდებულია შესყიდვის ობიექტის  მოცულობაზე,  მის სირთულესა და მნიშვნელობაზე. ყოველი ბაზარი სპეციფიკურია  და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს კვლევისას, თუმცა,  ზოგადი მიდგომით შესაძლოა გამოიყოს  ბაზრის კვლევის  ძირითადი და საერთო  მიმართულებები. ირლანდიის რესპუბლიკის  სახელმწიფო შესყიდვების ოფისი მიწოდების ბაზრის  ანალიზის სახელმძღვანელოში ბაზრის  კვლევის  მიმართულებებად მ. პორტერის „კონკურენციის 5 ძალის მოდელს" იყენებს [6, გვ: 7], ხოლო ზოგიერთი  ქვეყნის სახელმძღვანელოში დამატებით, მე-6  მიმართულება არის გამოკვეთილი, რომელიც აერთიანებს მიწოდების ბაზარზე ზემოქმედ ისეთ გარემო ფაქტორებს,  როგორიცაა:  საკანონმდებლო, პოლიტიკური,  კულტურული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები. [ 7, გვ. 25]

ზემოაღნიშნულის  მიხედვით, ბაზრის კვლევის  პირველ მიმართულებად ამ კონკრეტული ბაზრის სტრუქტურის  შესწავლა სახელდება, რომელიც  მოიცავს  არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის  განსაზღვრას,  მათ შორის:  ბაზარზე  მიმწოდებელთა რიცხვის,  მათი შესაძლებლობებისა  და გეოგრაფიული  განაწილების დადგენას; საბაზრო კონცენტაციისა  და კონკრეტული  ლიდერებისა თუ მიმდევრების განსაზღვრას;  ბაზარზე  შესვლისა და გასვლის ბარიერების გამოვლენას; ვერტიკალური  ან ჰორიზონტალური ინტეგრაციის მოსალოდნელი შემთხვევისა და ბოლო  პერიოდში გაერთიანებული მიმწოდებლების განსაზღვრას;  საქონლისა თუ მომსახურების დიფერენციაციის  დონის გაგებას [6, გვ: 8-10].

კვლევის მეორე მიმართულება მოიცავს  კონკურენციის საკითხების განსაზღვრას, კერძოდ:  ბაზრის  მონაწილეთა კონკურენციის   ფაქტორის  (ფასი, ხარისხი, თანმხლები  მომსახურება   და  ა.შ.) გამოვლენას;  ბაზრის  ტენდენციების  გაგებას; პროდუქტისა  თუ მომსახურების სასიცოცხლო  ციკლის  ეტაპის განსაზღვრას [6, გვ:10-11].

მესამე მიმართულება ფასეულობათა   ჯაჭვის არაერთ  საკითხს  აერთიანებს, მათ შორის,  რომელი  მიმწოდებლები შეადგენენ  ფასეულობათა  ჯაჭვს, როგორია მათი წვლილი საბოლოო  პროდუქტში  და ტრანსპორტირების რა მეთოდები გამოიყენება ჯაჭვში [6, გვ: 11-12].

მეოთხე მიმართულებაა ურთიერთშემცვლელი პროდუქტის  არსებობა, რომლითაც შესაძლოა შემსყიდველის მოთხოვნის დაკმაყოფილება [6, გვ: 12-13].

მეხუთე მიმართულებაა შემსყიდველი ორგანიზაციის, როგორც მომხმარებლის მნიშვნელობა, სადაც იგულისხმება  მისი, როგორც მომხმარებლის  საბაზრო წილი, შემსყიდველი ორგანიზაციის  საქმიანობის მასშტაბი და მიმზიდველობა მიმწოდებლებისთვის, მიღებული პროდუქტის  დროული ანაზღაურება, რეპუტაცია  და სხვა [6, გვ: 13-14].

მიწოდების ბაზრის  მე-6 მიმართულების კვლევისთვის  ხელსაყრელ ინსტრუმენტს წარმოადგენს PESTEL ანალიზი, რომელიც  მოიაზრებს პოლიტიკური,  ეკონომიკური,  სოციო-კულტურული,  ტექნოლოგიური,  გარემოს  და სამართლებრივი ფაქტორების  ანალიზს [7, გვ: 25].

განხილული მეთოდოლოგია ასევე რეკომენდებულია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  მიერ შესყიდვის წინამოსამზადებელი ეტაპის  წარმართვისთვის [5, გვ:12-13].

ინფორმაციის მოძიება მიწოდების ბაზრის კვლევის პროცესში

მხოლოდ ბაზრის  კვლევის  მეთოდის ცოდნა  არ არის საკმარისი  შესყიდვის რაციონალურად განხორციელებისთვის. არანაკლებ ღირებულია ინფორმაციის მოძიების წყაროების  არსებობა  და მათი ცოდნა შესაბამისი მონაცემების  შეგროვე- ბისთვის. მიწოდების ბაზრის  შესახებ ინფორმაციის  მიღება  სხვადასხვა წყაროდან არის შესაძლებელი,  რომელთაგან  მნიშვნელოვანია ცალკეული   მიმწოდებლების, არასამთავრობო (ბიზნეს-ასოციაციები,  გაერთიანებები და ა.შ.) თუ სამთავრობო

 

 

 

უწყებების ვებ-გვერდები (სტატისტიკის  სამსახურები; ცალკეული სამინისტროები; უნივერსიტეტების  კვლევები  და გამოცემები;   და ა.შ.); ელექტრონული მონაცემთა ბაზები, მედია წყაროები  და სხვ. ბაზრის კვლევისათვის  შესაძლებელია გათვალის- წინებულ იქნეს  სხვადასხვა შესყიდვის შედეგად სახელმწიფო შესყიდვების სააგენ- ტოს  ერთიან ელექტრონულ  სისტემაში განთავსებული ინფორმაცია  და შესყიდვის ობიექტებისა  და მიმწოდებლების ელექტრონული  კატალოგი   (www.emarket.spa. ge), რომელიც 2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  შესყიდვების წი- ნამოსამზადებელი სამუშაოების უკეთ  წარმართვისა და ბაზრის კვლევის  პროცესის ხელშეწყობის მიზნით შექმნა. იგი მოიცავს  ინფორმაციას კლასიფიკატორის  კოდის (CPV კოდი),  საქონლის მოდელის, სპეციფიკაციების,  საბითუმო ფასების, მწარმო- ებლების,  საგარანტიო   ვადისა და მიწოდების ადგილის შესახებ.  უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული კატალოგი  მხოლოდ საჯარო  სექტორის  ინტერესებს არ ემსა- ხურება. იგი ბიზნესსექტორის  წარმომადგენლებს სახელმწიფო უწყებებთან აქტიუ- რი კომუნიკაციის, კომპანიის  ცნობადობის გაზრდისა და პროდუქციის  რეალიზების შესაძლებლობას უქმნის.  გარკვეული   სახის ინფორმაციის  მიღება  შესაძლებელია როგორც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებთან,   ასევე,  მიმწოდებლებთან უშუალო ურთიერთობითაც.

 დასკვნები  და რეკომენდაციები

 ამგვარად,  ბაზრის  კვლევა,  რომელიც  სახელმწიფო შესყიდვის წინამოსამზადებელი ეტაპის  ერთ-ერთ  ძირეულ საკითხს განეკუთვნება,  შესყიდვის წარმატებით განხორციელების  მნიშვნელოვან წინაპირობას  წარმოადგენს. ხშირად, რესურსების დროულად შეძენა თუ სხვა გავლენისმომხდენი ფაქტორები  საშუალებას არ იძლევა ბაზარი სრულყოფილად მოიკვლიოს  შემსყიდველმა. ამ ეტაპზე  დაშვებული შეცდომების მნიშვნელობა კი გაცილებით  დიდია შესყიდვის პროცედურების დაწყების შემდგომ. ბაზრის სრულფასოვნად მოკვლევისთვის არაერთი ქვეყნის მიერ აპრობირებულ მიდგომას წარმოადგენს მაიკლ პორტერის  ზემოთ განხილული „კონკურენციის 5 ძალის მოდელი" [6, გვ: 7], რომელთან ერთადაც მე-6 ფაქტორად PESTEL ანალიზი გამოიყენება  [7, გვ: 25]. ეს მოდელი ემყარება  გაფართოებულ  ანალიზს, სადაც კონკურენტებად მხოლოდ მიმწოდებლები არ აღიქმებიან,  დარგის შეფასების ტრადიციული  მეთოდების დროს კი ძირითადად აანალიზებენ უშუალო  კონკურენციას.  ამგვარი სრულყოფილი მიდგომის გამოყენება მიწოდების ბაზრის კვლევისას, მისი სწორად წარმართვის  შემთხვევაში, მნიშვნელოვანწილად გაზრდის შემსყიდველისთვის ღირებული  ინფორმაციის  ხარისხსა და მოცულობას.

შესაბამისი ბაზრის მოკვლევის შემდგომ მნიშვნელოვანია შეჯამდეს მიღებული დიდი მოცულობის  ინფორმაცია და გამოიყოს საკვანძო  საკითხები შესყიდვის პროცედურების წარმატებით წარმართვისთვის. კვლევის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია  შესყიდვის პროცესში უნდა ტრანსფორმირდეს ისეთი ფორმით, რომ ესა თუ ის შესყიდვა პოტენციური  პრეტენდენტებისთვის მიმზიდველი გახდეს.

ლიტერატურა:

1.   დელოიტ ქონსალთინგი,  2016 წელი, „კომპანიების  გამოკითხვა  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ".

2.   საქართველოს  კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", 2017 წელი.

3.   საქართველოს  მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  რეორგანიზაციისა და საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე", 2014 წელი.

4.   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,  „10 რეკომენდაცია  მიწოდების ბაზრის კვლევისათვის", 2017 წელი.

5.   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,  უთარიღო,  „მეთოდური მითითებები შესყიდვის წინამოსამზადებელი ეტაპისათვის".

6.   Guidance Note of Office of Government Procurement of Irish Republic,  უთარიღო, „Market Supply Analysis".

7.   Office of the Chief Advisor – Procurement, „Procurement guide Supply market analy- sis~, 2017 წელი.