English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ბესიკ ბოლქვაძე
სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები: პრაგმატულ-კონცეპტუალური მიდგომები

განვითარების   თანამედროვე   ეტაპზე ქვეყნის   ეკონომიკური    ზრდის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან დეტერმინანტად კერძო სექტორის მიერ განხორცი- ელებული ინვესტიციები  და თანამდევი ეკონომიკური ეფექტები განიხილება, თავის მხრივ კი საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობა დიდწილად სახელ- მწიფოს მიერ ინვესტორებისაკენ   გადადგმული შემხვედრი ნაბიჯების შედე- გიანობაზე, საინვესტიციო  ციკლის  სრულყოფასა და საინვესტიციო  პროცე- სების ტრენდების ადეკვატურ  შეფასებაზეა დამოკიდებული.

წინამდებარე სტატიაში  ქვეყნის  საინვესტიციო  პოლიტიკის  ძირითადი მიმართულებები, განხილვასა და საინვესტიციო  ციკლის  განხორციელების გაუმჯობესების აუცილებლობასთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია, სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებების ჭრილით, პრე-საინვესტიციო  და პოსტ-საინვესტიციო   აქტიურობის  ზრდის აუცილებლობაზე, საინვესტიციო  და საპრივატიზებო  პოლიტიკის  ურთიერთკავშირსა  და მაკროსაინვესტიციო  მარკეტინგული ინსტრუმენტების კომპლექსური  გამოყენების უზრუნველყოფაზე. ნაშრომში ხსენებული პრობლემატური  საკითხები დამუშავებულია კონცეპტუალურად  და შემოტავაზებულია მათი პრაგმატული გამოყენების რეკომენდაციები.

საკვანძო  სიტყვები: პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკა; პოსტ-საინვესტიციო  აქტიურობა;  საინვესტიციო  ციკლი;  პრივატიზების პროცესი; საინვესტიციო მარკეტინგი.

პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკის პრიმატი

 საინვესტიციო  პოლიტიკა  ქვეყნის ეკონომიკური  პოლიტიკის  ერთ-ერთ  საყ- რდენი ღერძი და ეკონომიკური  ზრდის ცენტრალური  ელემენტია [2, გვ. 157] ,ისევე როგორც მაკრო და მიკროეკონომიკური  პროცესების,  შესაბამისად,  მაკრო და მიკროფინანსური ნაკადების ცირკულირების  წარმმართველ ძალა. ეკონომიკის მაკროდონეზე კერძო  სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობა ვლინდება ძირითადად მაკროეკონომიკური  წონასწორობის მიღწევის, დამატებული ღირებულების  ფორმირების,  სამუშაო  ადგილების შექმნის,  ეროვნული  ვალუტის განმტკიცების,    დამატებითი საბიუჯეტო-საშემოსავლო   ნაკადების  გენერირების, საექსპორტო შესაძლებლობების  ზრდის და სხვა მიმართულებებით, ხოლო მიკრო- დონეზე წარმოშობილი საინვესტიციო  ეფექტებიდან აღსანიშნავია კომპანიათა ტექნოლოგიური  განახლების პროცესი, სამომხმარებლო ბაზრის გაჯერება,  მომიჯნავე სექტორებისა  და ქვესექტორების  განვითარება, პროდუქციის  ხარისხის ამაღლება, კონკურენციის ზრდა, სარეინვესტიციო  აქტიურობის  ხელშეწყობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საინვესტიცო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება  ძირითადად ეყრდნობა  შემდეგ საკანონმდებლო აქტებს  – სპეციალურ კანონებს: „საინვესტიციო  საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების  შესახებ“, „ინვესტიციების  სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, საინვესტიციო ფონდების შესახებ“,„სს საპარტნიორო ფონდის შესახებ“,  სახელმწიფო ქონების  მართვისა და განკარგვის ნაწილში – „ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს,  საგადასახადო რეგულირების ნაწილში – საქართველოს  საგადასახადო კოდექსს  და ასევე, სხვა კანონებსა  და კანონქვემდებარე ნომატიულ აქტებს.  აღნიშნული კონტექსტით მნიშვნელოვანად მიგვაჩნია,  თანამედროვე საინვესტიციო   გამოწვევების  და არსებული  გამოცდილების საფუძველზე, შემუშავებულ იქნეს ერთიანი საინვესტიციო ჩარჩო-კანონი,  რომელიც გააერთიანებს და სრულყოფს საინვესტიციო  პროცესების   მარეგულირებელ ნორმებს,  მოძველებული  და პრაქტიკაში   გამოუყენებელი ნორმების (მაგალითად, განსაკუთრებული ინვესტიციის სტატუსის, ინვესტიციის ჩამორთმევის, საინვესტიციო ცენტრის  და სხვა) ანულირების ან შეცვლის  და ინვესტორთათვის  უფრო ქმედითი დაცვის გარანტიების ამოქმედების გზით.

სახელმწიფო ხელისუფლების ყველა  დონეზე,  რაციონალური   საინვესტიციო პოლიტიკის  გატარების თვალსაზრისით, უნდა შეიქმნას ისეთი გააზრებული  და ქმედითი მექანიზმი, რომელიც კონკრეტული  ინვესტორების, კონკრეტული  საინვესტიციო პროექტების   და სახელმწიფო ქონების  პრივატიზების  ფორმების სპეციფიკის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ტრანსპარენტულს,   გაზომვადს და ეფექტიანს გახდის მთელ საინვესტიციო პროცესს.  ტრანსპარენტობაში  ვგულისხმობთ სრული საინვესტიციო ციკლის  პროცედურულ  გამჭვირვალობას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების  ყველა ფაზაზე,  გაზომვადობა  უნდა მოიცავდეს  საინვესტიციო პროექტების   თანამდევი რისკებისა  და მისაღები ეფექტების  კომპლექსურ   შეფასებას, ხოლო ეფექტიანობა – საინვესტიციო პროცესის  საბოლოო შედეგიანობას. ამავე დროს, სახელმწიფო საინვესტიციო  პოლიტიკასა  და შესაბამის სტრატეგიაზე დიდადაა  არის დამოკიდებული საპრივატიზაციო   პოლიტიკის  სწორად გატარება, ბიუჯეტის კაპიტალური  შემოსავლების რაციონალური პროგნოზირება  და, მთლიანობაში, საინვესტიციო გარემოს რისკების მინიმიზება.

ხაზი უნდა გაესვას  იმ გარემოებას,  რომ ინვესტიციების  სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის  გატარება  უნდა უზრუნველყოფდეს საინვესტიციო  პროცესის ყველა დაინტერესებული მხარის – სახელმწიფოს, ინვესტორების,  საზოგადოების – ინტერესთა მაქსიმალურად შესაძლო დაბალანსებას: 1. ინვესტიციებიდან სახელმწიფოსთვის მისაღებ სოციალურ-ეკონომიკურ  ეფექტებსა და სოციალურ-ეკონომიკურ  უსაფრთხოებას შორის (რადგანაც  ინვესტიციების განხორციელება  ხშირ შემთხვევაში პირდაპირ  გადაკვეთაშია  ეროვნული,  კულტურული,   ეკოლოგიური, სოციალური  და სხვა უსაფრთხოების საკითხებთან);  

2. ინვესტირების მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებს შორის;  

3. ადგილობრივ და უცხოურ  საინვესტიციო ნაკადებს შორის;

4. საინვესტიციო სექტორებსა  და ქვესექტორებს  შორის;

5. პირდაპირ და არაპირდაპირ  საინვესტიციო  ეფექტებს შორის.

საინვესტიციო  პოლიტიკის  ეფექტიანობა, ზოგადად, იმითაც შეიძლება შევაფასოთ, თუ რა მიდგომები აქვს ასეთი პოლიტიკის  გამტარებელ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს  პოტენციური  ინვესტორებისა და შესაბამისი საინვესტიციო ნაკადებისადმი. აღნიშნული თვალსაზრისით,  შეიძლება გამოვიყენოთ  ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილი ე.წ. „ex ante’’ და „ex post’’ მიდგომები [1, გვ. 184]. კერძოდ, ინვესტორთა  დაინტერესებასა  და მოთხოვნაზე  და ინიცირებულ  საინვესტიციო პროცესებზე სახელმწიფოს რეაგირება  ინვესტორთა  ქცევის  ერთ-ერთ  დეტერმინანტად შეიძლება იქნეს განხილული. აღნიშნული ასევე გამომდინარეობს  იქედან, თუ რამდენად მომზადებული და გათვითცნობიერებულია პოტენციური  ინვესტორი თუ ინვესტორთა  ჯგუფი. მომზადებული შეიძლება ვუწოდოთ ინვესტორს, რომელსაც აქვს რეალურად  განხორციელებადი  საინვესტიციო   პროექტი, მკაფიო  საინვესტიციო  კონცეფცია,   კარგად  იცნობს  ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას,  იცის კანონმდებლობის ნიუანსები,  ფლობს გარკვეულ   ინფორმაციას  საპრივატიზაციო ობიექტების  შესახებ და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საინვესტიციო  პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე  პრაქტიკულად  იყენებს „ex post’’ მიდგომას, რაც ნიშნავს იმას, რომ საინვესტიციო პროცესის  ინიციატორად ძირითადად გამოდიან პოტენციური ინვესტორები  და სახელმწიფო მხოლოდ „შემხვედრი ნაბიჯებისკკ გადადგმით ახდენს საინვესტიციო  ციკლის  შემდგომ გააქტიურებას.  აღნიშნული მიდგომის გამოყენება  მართებულად შეიძლება ჩაითვალოს  მხოლოდ იმ შემთხვევაში,  როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ ე.წ. გათვითცნობიერებული  ინვესტორები. იმ პირობებში  კი, როდესაც  საპირისპირო  შემთხვევასთან გვაქვს  საქმე,  სახელმწიფომ, საინვესტიციო  მარკეტინგის  ინსტრუმენტების ფართო გამოყენების პარალელურად, უნდა უზრუნველყოს  მმართველობის ყველა დონეზე საკუთარი  საინვესტიციო წინადადებების დამუშავება და შეთავაზება  ინვესტორებისადმი,  რაც გულისხმობს საპრივატიზაციო  და იჯარით გასაცემი  ობიექტების  სრულ სისტემატიზაციას და მათ „საინვესტიციო  შეფუთვასაც,   საინვესტიციო  აქტივების  რუკის  შექმნას და მუდმივ განახლებას, დარგობრივი  კვლევების  საფუძველზე სექტორული  და ქვესექტორული  საინვესტიციო  მიმზიდველობის შეფასებას, სტრატეგიული  ობიექტების (მსხვილი საინვესტიციო  მიწის ნაკვეთების)  წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას და დიზაინის შექმნას,  რაც ხელს შეუწყობს  რეაქტიულიდან (ex post) პროაქტიულ (ex ante) საინვესტიციო  მიდგომაზე გადასვლას და რელევანტური  საპრივატიზაციო პოლიტიკის პირობებში საინვესტიციო აქტიურობის ამაღლებას.

შევნიშნავთ,  რომ რეალურ  ეკონომიკურ   ცხოვრებაში  როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ  ინვესტორთა  ძირითადი პირველადი საბაზისო ინტერესი (თუ არ ჩავთვლით საინვესტიციო  გარემოს)  ძირითადად ფოკუსირებულია  უძრავი ქონების მიღებაა  და შემდგომ გამოყენებაზე,  ხოლო ამ თვალსაზრისით  სახელმწიფო საინვესტიციო  პოლიტიკა  რანჟირდება შესაბამისი ქონების საკუთრების  დონეების მიხედვით (სახელმწიფო ქონება, ავტონომიური რესპუბლიკების ქონება, თვითმმართველი ერთეულების ქონება).  საინვესტიციო  გადაწყვეტილებებიც სწორედ აღნიშნული დისკრეციული  უფლებამოსილების მიდგომებით მიიღება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მმართველობით და, შესაბამისად, საკუთრებით  დონეებს შორის ქონების გადაცემის ცალკეულ  შემთხვევას.

 საინვესტიციო პოლიტიკის  სრულყოფის ტრენდები

 საინვესტიციო   პოლიტიკის   მდგრადი იმპლემენტაცია,  ეფექტიან  საპრივატიზებო  პოლიტიკასთან   ერთად,  ჩვენი აზრით,  ასევე  უნდა აერთიანებდეს ისეთი საინვესტიციო   საკითხების  აქტუალიზებას  და შესაბამისი ბერკეტების   ამოქმედებას, როგორიცაა:  საინვესტიციო ნაკადების სწორი პროგნოზირება, საინვესტიციო მარკეტინგის  ინსტრუმენტების კომპლექსური  გამოყენება, საინვესტიციო  ციკლის ეფექტიანი მართვა, პოსტსაინვესტიციო  აქტიურობის ამაღლება, საინვესტიციო პოტენციალის  კვლევა  და საინვესტიციო  ინდიკატორების კომპლექსური  ანალიზი, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მაკროსაინვესტიციო  რისკების მინიმიზებას  და საინვესტიციო  ნაკადების ზრდის სტიმულირებას.

საინვესტიციო  პოლიტიკის  ერთ-ერთ  მნიშვნელოვანი და აქტუალური  პრობლემად ინვესტიციებისა  და შესაბამისი კაპიტალური  საბიუჯეტო  ნაკადების დროული და ადეკვატური  პროგნოზირებაა.  საინვესტიციო  ნაკადების პროგნოზირების თვალსაზრისით,  მიზანშეწონილად  მიგვაჩნია  სახელმწიფო,  რეგიონულ   და ადგი- ლობრივ  დონეებზე  შემდეგი ფაქტორების   მხედველობაში მიღება  და გათვალისწინება:

1. მოქმედი საინვესტიციო პროექტები,  რომლებიც გაგრძელდება საპროგნოზო პერიოდში;

2. საინვესტიციო პროექტები,  რომელთა დაწყებაც სახელშეკრუ- ლებო პირობებით  უკვე არის  გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდისათვის;  

3. საინვესტიციო პროექტები,  რომლებიც გადის დამუშავება-შეფასების  პროცესს  და რომელთა გარკვეული ნაწილიც იქცევა  განხორციელებად ინვესტიციებად;

4. ჯერ კიდევ  მოლოდინისა და საინვესტიციო „ზონდირების"  პროცესში  მყოფი პროექტები, რომლებიც გააქტიურდება  საპროგნოზო  პერიოდის განმავლობაში. ასეთი სისტემური  მიდგომის გამოყენებისას,  ასევე  გასათვალისწინებელია:  ა) საპრივატიზაციო პროგრამები; ბ) ახალი საინვესტიციო პროექტები;  გ) ერთობლივ საწარმოთა ინვესტიციები; დ) უპი-ს ტიპის საინვესტიციო ნაკადები.

პროაქტიული  საინვესტიციო პოლიტიკის  განხორციელებისთვის შესაბამისი პოლიტიკის  გამტარებლები მმართველობის ყველაზე დონეზე უნდა ფლობდნენ სათანადო საინვესტიციო  მარკეტინგულ  ინსტრუმენტებს  და შესაბამისი დაფინანსების საშუალებებს, საინვესტიციო  ღონისძიებების წინასწარ კარგად  გაწერილ გეგმა-გრაფიკებს.  ამასთან, მსგავსი საინვესტიციო  აქტივობის  დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში,  ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, პრინციპულ  მნიშვნელობა აქვს  შესაბამის სახელმწიფო უწყებებს (პროფილურ  სამინისტროებს, სააგენტოებს, ფონდებს, სავაჭრო-სამრეწველო  პალატებს  და ა.შ) შორის მჭიდრო ურთიერთკოორდინაციას.  აღნიშნულთან ერთად, ასევე  არანაკლებ  მნიშვნელობას იძენს, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო სამსახურებს, სააგენტოებსა  და დეპარტამენტებს  შორის საინვესტიციო პოლიტიკის ცალკეული საკითხების შესაბამის უფლებამოსილებათა დუბლირების მოწესრიგების  პრობლემაც.

საინვესტიციო  მარკეტინგის   ინსტრუმენტარიუმი  უნდა გამომდინარეობდეს და ეყრდნობოდეს მმართველობის ყველა დონეზე შემუშავებულ საინვესტიციო სტრატეგიას, ასევე უკვე არსებულ საინვესტიციო გამოცდილებას და საინვესტიციო ნაკადების გლობალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ტრენდებს. იგი უნდა იყოს ამავე დროს კომპლექსური   და მოქნილი სისტემა, რომელიც  დაექვემდებარება საინვესტიციო  მარკეტინგული ინსტრუმენტების პერმანენტულ გაუმჯობესებას.  ასეთი საინვესტიციო ღონისძიებების ნაკრები კი უნდა მოიცავდეს:  სრულყოფილი საინვესტიციო  საპრომოუშენო  პაკეტის  მომზადებას და სისტემატურ განახლებას; საინვესტიციო  ვებგვერდების მუდმივ დახვეწას და რეკლამირებას;  შიდა და გარე  საინვესტიციო  ფორუმების, კონფერენციების  და გამოფენების ორგანიზებას და მოწყობას; საინვესტიციო  ხასიათის შეხვედრების სხვადასხვა ფორმატის (G2B, G2G, B2B) გა- მოყენებას, ერთი მხრივ, საინვესტიციო  პოტენციალის  წარმოსაჩენად, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნეს-სუბიექტებს შორის ეკონომიკური  კავშირების დასამყარებლად; უცხოური  საინვესტიციო  ფონდების/კომპანიების ერთიანი ბაზის ფორმირებას  და მათთან აქტიურ კომუნიკაციას; მიზნობრივი საინვესტიციო ბაზრების  წინასწარი ანალიზის საფუძველზე და უცხოეთში  არსებული ეროვნული სახელმწიფო წარმომადგენლობების ჩართულობის გამოყენებით, საინვესტიციო ტურების  დაგეგმვას და ორგანიზებას; ე.წ. „დიასპორული" ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო  ღონისძიებების წინა პლანზე წამოწევას  და მიზანმიმართულ განხორციელებას.

ნიშანდობლივია, რომ საინვესტიციო  პოლიტიკის  ეფექტიანობა  მნიშვნელოვნად განისაზღვრება   იმით, თუ  რამდენად თანმიმდევრულად და სრულყოფილად ხორციელდება  თითოეულ საინვესტიციო  წინადადებასთან დაკავშირებული  საინვესტიციო ციკლი [3, გვ. 34], რაზეც  პრინციპულად  არის დამოკიდებული პოტენციური  ინვესტორის  რეალურ  ინვესტორად, ხოლო დაგეგმილი ინვესტიციის,  განხორციელებად  ინვესტიციად  გადაქცევის   შესაძლებლობა,  რადგან  იგი მოიცავს ყველა ფაზას ინვესტიციის  მოზიდვიდან მის განხორციელებამდე.  აღნიშნული კონტექსტით  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს,  ერთი მხრივ, პოტენციური დაინტერესებული  ინვესტორების  სრულყოფილ საინფორმაციო  უზრუნველყოფას ყველა საინვესტიციო  ნიუანსთან დაკავშირებით,  ხოლო მეორე  მხრივ, მოსალოდნელი საინვესტიციო ეფექტების (ზოგადეკონომიკური,  ფისკალური, დასაქმებითი, კროსსექტორული და სხვა) ინტეგრალურ  გათვალისწინებას და საინვესტიციო  პროექტების  მდგრადობის საიმედო შეფასებას,  რაც ხელს შეუწყობს  არა „ცხელი ფულის",  არამედ სტრატეგიულად გააზრებული საინვესტიციო ნაკადების გადაადგილებას და განხორციელებას  ეკონომიკაში.

საინვესტიციო აქტიურობის ზრდისკენ მიზანმიმართული სახელმწიფო ქმედებები უნდა ითვალიწინებდეს არა მარტო  შიდა და გარე პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას  ქვეყნის  და მისი ცალკეული  რეგიონების  საინვესტიციო  პოტენციალით, არამედ პოსტ-საინვესტიციო  (სარეინვესტიციო)  კომპონენტის  განვითარებას უკვე  არსებულ  ინვესტორებთან  მუდმივი და სისტემატური კომუნიკაციისა  და დია- ლოგის გზით, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული აქტივების  საინვესტიციო  „დატვირთვა",  ხოლო მოქმედ ინვესტორებს მოახდინონ თავიანთი საქმიანობის  გაფართოება  და/ან დივერსიფიკაცია.

ქმედითი საინვესტიციო  პოლიტიკის  გასატარებლად წონადი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს საინვესტიციო  დანიშნულების ხარისხიანი კვლევების  ჩატარებამ  როგორც  შიდა, ასევე აუტსორსინგული რესურსების გამოყენებით, რაც დაუკავშირდება ქვეყნის  და მისი ცალკეული  რეგიონის  საინვესტიციო  პოტენციალის  ანალიზს, ეკონომიკის ცალკეული სექტორის და ქვესექტორების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებას, ინვესტიციების დარგთაშორის მულტიპლიკაციურ  ეფექტებს,  პოსტ-პრივატიზაციულ   და პოსტ-საინვესტიციო   შეფასებებს, საინვესტიციო  ნაკადების ტრენდებს და ა.შ., რაც დაეხმარება საინვესტიციო  პოლიტიკის  გამტარებლებს იმაში, რომ  ერთი მხრივ, საინვესტიციო  სექტორები  გახადონ დივერსიფიცირებული, ხოლო მეორე მხრივ, მოახდინონ საპრივატიზებო  და იჯარით გასაცემი  ობიექტების საინვესტიციო  პორტფელებად ფორმირება, რაც დაეხმარება პოტენციურ   და არსებულ ინვესტორებს რაციონალური საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც,  რომ ინვესტიციების  და შესაბამისი ნაკადების სტრუქტურის  და დინამიკის შეფასება უნდა ხორციელდებოდეს  არა მხოლოდ პირდაპირ უცხოურ  ინვესტიციებთან (FDI) მიმართებით, არამედ ასევე  მნიშვნელოვან ინდიკატორად  უნდა განიხილებოდეს ისეთი სტატისტიკური მდგენელი, როგორიცაა  ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, რაც ადგილობრივი და უცხოური  საინვესტიციო ნაკადების ტრენდული ცვლილებების ანალიტიკურ  ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც  მაკროეკონომიკური,  ასევე ბიზნესსექტორის შეფასების ჭრილით.

როგორც ცნობილია,  ინვესტორთა  მხრიდან საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს  ინვესტიციის განხორციელებისათვის საჭირო  ინფრასტრუქტურა  და მისი გამართულობის დონე წარმოადგენს, საინვესტიციო ინფრასტუქტურის მზაობას კი ძირითადად საინჟინრო-საკომუნიკაციო  ქსელების მოწესრიგებულობა  განსაზღვრავს.  აღნიშნული თვალსაზრისით კი ქვეყნის ძირითადი საინვესტიციო სივრცისთვის დამახასიათებელია უპირატესად ე.წ. Brown-field ტიპის ინვესტიციები, განსხვავებით Green-field ტიპის ინვესტიციებისაგან.  აქედან  გამომდინარე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ცალკეულ   სტრატეგიულ პროექტებსა  და ტერიტორიებთან  მიმართებით გამოიყენოს სახელმწიფო- კერძო პარტნიორობის (PPP) [1, გვ. 134, 217, 320] საინვესტიციო  მოდელი (PPI) და სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის  წარმოდგენისას განსაზღვრულ არეალებში, ასეთი ტერიტორიების  ეკონომიკური  გააქტიურების  მიზნით, თვითონვე მოახდინოს მათი საბაზისო  ინფრასტრუქტურული   ელემენტებით უზრუნველყოფა, ინვესტორის მიერ განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობით.

დაბოლოს, მიგვაჩნია, რომ სპეციფიკურ  მიდგომას საჭიროებს  საინვესტიციო პოლიტიკის  გატარების  საკითხი თავისუფალ ეკონომიკურ  და ტურისტულ ზონებთან მიმართებით იქედან გამომდინარე, რომ  მათი მარგი  ქმედების კოეფიციენტი, დატვირთულობის  თვალსაზრისით,  მათი დაფუძნების პერიოდიდანვე აწყდება გარკვეულ  პრობლემებს.  სწორედ  ხსენებული პრობლემების  იდენტიფიცირება  და შედეგად შესაბამისი ღონისძიებების  გატარება  უნდა მოხდეს პირველ  რიგში  სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან ერთად, უნდა გააქტიურდეს  ევროკავშირთან  ღრმა  და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის  შესახებ შეთანხმების (DCFTA) გამოყენების პოტენციალი,  არამხოლოდ ევროპული  საინვესტიციო  ნაკადების მოზიდვის ხელშეწყობის კუთხით,  რომლებიც  დაინტერესებული იქნებიან საქართველოში წარმოებული პროდუქციის  ევროკავშირის  ბაზარზე რეალიზებით (მ.შ. „დიაგონალური კუმულაციის" პროცესის დაჩქარებით), რაც კომპლექსური  და გრძელვადიანი პროცესია და ხელს შეუწყობს  უპირატესად  ეფექტიანობის  მაძიებელი უცხოური  ინვესტიციების  გააქტიურებას.   აღნიშნულის პარალელურად, სახელმწიფომ უნდა შექმნას გარკვეული  წამახალისებელი საფინანსო-ეკონომიკური  მექანიზმები მაღალი,  უნიკალური  და პროგრესული,   ასევე  რესურსდამზოგი  ტექნოლოგიების ტრანსფერის,  დანერგვისა და ხელშეწყობის მიმართულებით [4, გვ. 27,33-34]. ასევე, პრინციპულად  მნიშვნელოვანია კაპიტალის  ბაზრის ინფრასტრუქტურის  და შესაბამისი ინსტრუმენტების  განვითარების  დაჩქარების  უზრუნველყოფა,  ისევე როგორც ინვესტიციების  დაცვისა  და წახალისების შესახებ ორმხრივი  შეთანხმებების პარტნიორი  ქვეყნების წრის გაფართოება, რაც კიდევ  უფრო  მიმზიდველს გახდის არსებულ საინვესტიციო გარემოს და გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო აქტიურობას.

* * *

 დასასრულ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვეყნის გარდამავალი ეკონომიკის მიმდინარე ეტაპზე  მაკრო  და მიკრო საინვესტიციო ეფექტების გენერირებისათვის, უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან როგორც საინვესტიციო პოლიტიკის პროაქტივიზაცია,  ასევე პოსტ-საინვესტიციო აქტიურობის  ზრდა, საპრივატიზაციო  პოლიტიკასთან მჭიდრო ურთიერთკავშირისა და ქმედითი საინვესტიციო  მარკეტინგული  ინსტრუმენტების  ინტენსიური გამოყენების გზით

ლიტერატურა:

 1.   Tanzi V. Government versus Markets (The Changing Economic Role of the State). New York, "Cambridge University Press’’, 2011, 231 p.

2.   კლუმპი რ. ეკონომიკური  პოლიტიკა:  მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები (თარგმანი  გერმანულიდან).  თბ.,  „ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“,  2015, 423 გვ.

3.   ვაშაკიძე ზ., ქობელაშვილი გ. საინვესტიციო პოლიტიკის ზოგიერთი თეორიული და პრაქტიკული  საკითხები. თბ., „ევროპული უნივერსიტეტი“, 2009, 147 გვ.

4.   ავტორთა  კოლექტივი.   ბიზნესის ტექნოლოგიური  გარემო  საქართველოში  და ექსპორტის კონკურენტუნარიანობა. „ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“,  2016, 206 გვ.