English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ შოთა შაბურიშვილი
დამატებული ღირებულების გლობალური ჯაჭვის ფენომენი თანამედროვე საერთაშორისო ბიზნესში

სტატიაში  განხილულია დამატებული  ღირებულების (დღ) გლობალური ჯაჭვის მიმართ ჩამოყალიბებული  ძირითადი  თეორიული  მიდგომები და გაანალიზებულია   მისი როლი თანამედროვე საერთაშორისო ბიზნესში.  მზარდი პოლიტიკური  და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო, დღ-ის გლობალური ჯაჭვის ფენომენი  მრავალი  ქვეყნისა  და საერთაშორისო ორგანიზაციის   ინტერესის  სფეროში მოექცა. შესაბამისად სტატიაში   გაანალიზებულია  დღ-ის გლობალური ჯაჭვის კოორდინაციის მექანიზმები, სტრუქტურა, ცალკეული რგოლის მნიშვნელობა  და იმ შესაძლო პოზიციების  ეფექტიანობა, რომლებსაც კომპანიები  იკავებენ.  შესწავლილია საქარველოს აგრობიზნესის  დღ-ის გლობალურ ჯაჭვში მონაწილეობის სპეციფიკა.  გამოვლენილია დღ-ის  გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის მონაწილეობის უპირატესობები   და ნაკლოვანებები. ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები  უნდა გაატაროს სახელმწიფომ დღ-ის  გლობალურ  ჯაჭვში ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად.

საკვანძო სიტყვები: დამატებული   ღირებულების   გლობალური  ჯაჭვი; წარმოების ფრაგმენტაცია;  ვერტიკალური   ინტეგრაცია;  აუთსორსინგი; „მომღიმარი" მრუდი.

 კვლევის  აქტუალურობა  და მიზანი. 2017 წლის 19 აპრილს საერთაშორისო ეკონომიკისა   და ბიზნესის მკვლევარებმა  საკუთარი  სპეციალობის  200 წლის  იუბილე აღნიშნეს  [1, გვ. 5]. სწორედ  ამ დღეს,  ლონდონში, გამოიცა   დევიდ რიკარდოს ნაშრომი – „პოლიტიკური  ეკონომიისა და დაბეგვრის პრინციპები".  მის მეშვიდე თავში, რომელიც  საერთაშორისო  ვაჭრობას  ეძღვნება, ავტორმა  ჩამოაყალიბა საერთაშორისო  ვაჭრობის  ფუნდამენტური – „შეფარდებითი უპირატესობი" თეორია.  მიუხედავად იმისა, რომ  აღნიშნული თეორია  თავის მნიშვნელობას დღესაც ინარჩუნებს, საერთაშორისო  ვაჭრობის  ხასიათი უკანასკნელი  ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად  შეიცვალა.  ერთი მხრივ, ინფორმაციულ  და საკომუნიკაციო სფეროში მომხდარმა რევოლუციურმა  ცვლილებებმა, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონული ინტეგრაციული  პროცესების  გააქტიურებამ  ხელი შეუწყო წარმოების პროცესის   საერთაშორისო   ფრაგმენტაციას,   რადგან  ხელსაყრელი გახდა  წარმოების პროცესის  გლობალური მასშტაბით ორგანიზება.

თანამედროვე საერთაშორისო ბიზნესში ერთი ქვეყნის ან კომპანიის ფარგლებში წარმოებული პროდუქტების  წილი სწრაფად მცირდება.  გაეროს  ვაჭრობისა  და განვითარების კონფერენციის  მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო  ვაჭრობის 60% შუალედური პროდუქტებით  ვაჭრობაზე  მოდის, რომელიც წარმოების პროცესის  სხვადასხვა სტადიაზე გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო ვაჭრობის  80% სწორედ დამატებული ღირებულების გლობალური ჯაჭვებითაა  ორგანიზებული [2, გვ.10]. უკვე წარსულს ბარდება ტრადიციული აღნიშვნა ეტიკეტზე   „დამზადებულია კონკრეტულ ქვეყანაში", რადგან თანამედროვე საერთაშორისო  ბიზნესში პროდუქტების უმრავლესობა  „დამზადებულია მსოფლიოში".  ამ პროცესის განვითარებას ხელს უწყობს  შემდეგი გარემოებები:

1. საწარმოო პროცესის  დანაწევრება მრავალ ქვეყანას შორის. დღ-ის გლობალური ჯაჭვები  ერთმანეთს უკავშირებენ გეოგრაფიულად დაშორებული წარმოების პროცესის სტადიებს;

2. ქვეყნები  და კომპანიები  უპირატესად  სპეციალიზდებიან  ბიზნესის ცალკეულ მიზანსა და ფუნქციაზე.  თუმცა ბევრი სპეციალისტი  დღესაც მიიჩნევს, რომ საქონელი და მომსახურება  არსებითად კონკრეტულ  ქვეყანაში იწარმოება და კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას,  სინამდვილეში საქონლისა და მომსახურების  სულ უფრო  მზარდი ნაწილი გლობალურ  ხასიათს ატარებს  და ქვეყნებს შორის კონკურენცია  მიმდინარეობს დღ-ის გლობალურ ჯაჭვებში  ხელსაყრელი პოზიციის მოსაპოვებლად;

3. გლობალური ქსელური ორგანიზაციული სტრუქტურების  განვითარება, რამაც თანამდროვე საერთაშორისო ბიზნესში შესაძლებელი გახადა დღ-ის გლობალური ჯაჭვის სტრუქტურაში შემავალი,  იურიდიულად დამოუკიდებელი  სუბიექტების კოორდინირება  და კონტროლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული  კვლევის  მიზანია დღ-ის გლობალური ჯაჭვის  განვითარების საკვანძო  ტენდენციების ანალიზი და იმ ფაქტორების  გამოკვეთა,  რომელბიც წარმოების გლობალურ ფრაგმენტაციაში ქვეყნის მონაწილეობის ეფექტიანობის ზრდას უზრუნველყოფს.

დამატებული ღირებულების გლობალური ჯაჭვის  კვლევის თეორიული-მეთოდოლოგიური საფუძვლები

 დღ-ის გლობალური ჯაჭვის კონცეფციის პოლიტიკური და ეკონომიკური  მნიშვნელობის ზრდამ, ამ საკითხით,  თანამედროვე მკვლევარების,  სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. „საწარმოო ჯაჭვის"  ცნება პირველად გამოყენებულ იქნა 1977 წელს,  ტ. ჰოპკინსის   და ი. ვალერშტეინის  სტატიაში  – „თანამედროვე  მსოფლიო სისტემის  განვითარების  კანონზომიერებები".   მასში ავტორები  მოიაზრებდნენ იმ პროცესების  ერთობლიობას, რომელიც დღ-ის ფორმირებას პროდუქტის  წარმოების ყველა ეტაპზე  უზრუნელყოფს [3, გვ. 128]. 1990 წლებში ჰარვარდის  ბიზნეს სკოლის  პროფესორმა მაიკ  პორტერმა  კონკურენტული  უპირატესობის  თეორიის ფარგლებში განსაკუთრებული  ყურადღება დაუთმო დღ-ის ჯაჭვის კონცეფციას [4, გვ. 78]. მისი მიდგომა ახლოს იყო „ღირებულების ნაკადის" (value stream) კონცეფციასთან, რომელიც მენეჯმენტის ამერიკელმა სპეციალისტებმა – ჯეიმს ვომაკმა  და დენიელ ჯონსონმა  განავითარეს  [5, გვ. 402].

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის  ბრიუს  კოტუგის   განმარტებით დღ-ის ჯაჭვი  წარმოადგენს პროცესს,  რომლის  დროსაც  ადგილი აქვს ტექნოლოგიების,  წარმოების  ფაქტორების  (კაპიტალი,   შრომა)  და პირველადი რესურსების გარდაქმნას ბაზარზე  გასაყიდად განკუთვნილ მზა პროდუქციად.  კომპანიამ  შეიძლება დაიკავოს მხოლოდ ერთი რგოლი ამ პროცესში  ან განახორციელოს ვერტიკალური ინტეგრაცია [6]. შესაბამისად, დღ-ის ჯაჭვის კონცეფციით დაინტერესებული მკვლევარები  ცდილობდნენ აეხსნათ რა ფაქტორები  განაპირობებს  კოპანიების  არჩევანს წარმოების ვერტიკალურ  ინტეგრაციასა  და აუთსორსინგს შორის.წარმოების  ფრაგმენტაციისაკენ   მისწრაფებას ინგლისელი ეკონომისტი  ედიტ პენროუზი  ნაწილობრივ ხსნის კომპანიის  ისეთი გარე კონტრაქტორების არსებობით, რომლებსაც  სპეციფიკური   რესურსები  და განსაკუთრებული  საკვანძო  კომპტენციები  გააჩნიათ [7, გვ. 466]. ეს შეხედულება ტრანსაქციული ხარჯების პრობლემების შესწავლით  დაინტერესებულმა  ეკონომისტებმა   განავითარეს.   მათი  აზრით, კომპანიებს  აუთსორსინგისაკენ  მისწრაფება გაუჩნდებათ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რესურსი  იშვიათად სჭირდებათ.  ბუნებრივია ასეთ დროს მათ არ უღირთ თავად აწარმოონ  და ურჩევნიათ  სხვისგან  შეიძინონ [8, გვ. 198]. თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხშირად განსახორციელებელი ოპერაცია  მხოლოდ ვერტიკალური ინტეგრაციის პირობებში წარიმართება. ქსელური ეკონომიკის მკლევართა  ნაშრომების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კომპანიების  არჩევანზე, განახორციელონ  წარმოების ვერტიკალური  ინტეგრაცია  ან აუთსორსინგი, მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:  ნდობა, რეპუტაცია,   ურთიერთდამოკიდებულება, ტრანსაქციების სიხშირე, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს  დაძლიონ ვერტიკალური  ინტეგრაციისაკენ მისწრაფებები და შექმნან მსხვილი საწარმოო  ქსელები გლობალურ დონეზე [9, გვ. 316 ].

მიუხედავად იმისა, რომ  წარმოების  ფრაგმენტაციის  თავისებურებები  მეცნიერებს  საფუძვლიანად აქვთ  შესწავლილი, ამ პროცესის  საერთაშორისო ასპექტები შედარებით ახალია. ამასთან, თანამედროვე საერთაშორისო   ბიზნესში წარმოების პროცესის ფრაგმენტაციის  პარალელურად, სულ უფრო მეტად შეინიშნება საერთაშორისო ვაჭრობის ინტეგრაციის პროცესი.  შესაბამისად იზრდება დღ-ის გლობალური ქსელების მნიშვნელობა.

დღ-ის გლობალური ჯაჭვის კონცეფციაში  მკვლევარები განსაკუთრებულ ადგილს მართვისა და კონტროლის პრობლემას უთმობენ. კერძოდ, იმას თუ რამდენად უზრუნველყოფს მართვისა და კონტროლის  სხვადასხვა ფორმა დღ-ის გლობალურ ჯაჭვში კომპანიის უკეთესი პოზიციის დაკავებას. მიმდინარე ეტაპზე  შეიძლება ორი ძირითადი მიმართულება გამოვყოთ  – ინტერნაციონალიზმი  და ინდუსტრიალიზმი. ინტერნაციონალიზმის  მიმდევრები დღ-ის გლობალურ  ჯაჭვებს  და მასთან დაკავ- შირებულ ეკონომიკურ  პროცესებს  მაკრო  დონეზე აანალიზებენ, ინდუსტრიალიზმის მიმდევრები კი მიკრო  დონის ანალიზს ანიჭებენ უპირატესობას.  ამასთან, ასეთი დაყოფა პირობითია,  რადგან აღნიშნული მიდგომები, უმეტეს შემთხვევაში, ავსებს ერთმანეთს. ასევე ვხვდებით ამ ორი  განსხვავებული სკოლის  წარმომედგენლების ერთობლივ პუბლიკაციებსაც.

ყველაზე სისტემატიზებული  სახით დღ-ის  გლობალური  ჯაჭვის  კონცეფცია წარმოდგენილია რ. კაპლინსკის  და გ. ჯერეფის ნაშრომებში, რომლებიც ყურადღებას დღ-ის გლობალური ჯაჭვში კონტროლისა და მართვის პროცესებზე  ამახვილებენ. გ. ჯერეფი დღ-ის გლობალური ჯაჭვების  მართვის ტიპების ყველაზე ფართოდ გავრცელებულ  მიდგომებს გვთავაზობს  [10, გვ. 87]. ის გამოყოფს  ხუთ საკვანძო ტიპს:

1. საბაზრო (Markets) ჯაჭვები, რაც სავაჭრო  პარტნიორებს  დაბალი დანახარჯებით იზიდავს;

2. მოდულარული (Modular) ჯაჭვები, რომლებშიც, როგორც  წესი, პროდუქ- ციას  მიმწოდებლები აწარმოებენ დამკვეთების მეტნაკლებად დეტალური სპეციფიკაციების მიხედვით;

3. რაციონალური (Rational)  ჯაჭვები,  სადაც შეიმჩნევა კომპლექსური  ურთირთობები  გამყიდველებსა და მყიდველებს შორის,  რაც ზრდის ურთიერთდამოკი- დებულებას და ქმნის სინერგიული ეფექტის მიღების შესაძლებლობას;

4. დამოკიდებული (Captive)  ჯაჭვები,  სადაც მცირე  და საშუალო ზომის მიმწოდებელი კომპანიები  მსხვილი მყიდველების მიერ კონტროლდებიან;

5. იერარქიული (Hierarchy) ჯაჭვები,  სადაც მართვა და კონტროლი  უზრუნ- ველყოფილია დღ-ის გლობალურ  ჯაჭვში  შემავალი კომპანიების  ვერტიკალური  ინ- ტეგრაციით.

გ.ჯერეფის კონცეფციის  განვითარების  შედეგად, რ. კაპლინსკიმ შემოგვთავაზა დღ-ის გლობალური ჯაჭვის მართვის სამი საკვანძო ტიპი [11, გვ.98]:

1. „საკანონმდებლო მართვა", რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ჯაჭვში მონაწილეებისათვის ძირითადი წესებისა და პირობების  განსაზღვრასთან;

2. „მაკონტროლებელი  მართვა~, რომელიც  ითვალისწინებს გლობალური ჯაჭვის რგოლების სისტემატურ კონტროლს;

3.   „აღმასრულებელი მართვა", რომელიც  დაკავშირებულია ჯაჭვის  მონაწილეების მხარდაჭერასთან, რათა მათ დაიცვან საერთო წესები.

თანამედროვე ეტაპზე  აღნიშნული ნაშრომების  მიმართ ინტერესი  იზრდება, რაც დაკავშირებულია დღ-ის გლობალური ჯაჭვების  მაღალ ევრისტიკულ  ღირებულებასთან, ის სცდება  ვიწრო  საწარმოო  ან დარგის ანალიზის ჩარჩოებს,  მისი მეშვეობით  შეიძლება  აიხსნას  ქვეყნის  შიგნით  და ქვეყნებს  შორის  შემოსავლების განაწილებაზე  მოქმედი  ძირითადი ფაქტორები.   დღ-ის  გლობალური  ჯაჭვი   ერთდროულად თვალსაჩინო  მოდელია ისეთი ამორფული მოვლენის ანალიზისათვის, როგორიცაა  „გლობალიზაცია" და დამატებით პოლიტიკური ინსტრუმენტია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის. გლობალური ჯაჭვების  საკვანძო  მოთამაშეებად გვევლინებიან არა ქვეყნები, არამედ ცალკეული  კომპანიები,  რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ეროვნულობა არ გააჩნიათ.

ისეთი ავტორიტეტული  საერთაშორისო  ორგანიზაციები,  როგორიცაა   ეკონომიკური  თანამშრომლობისა და განვითარების  ორგანიზაცია   (OECD), გაეროს კონფერენცია  ვაჭრობასა  და განვითარებაზე (UNCTAD), ვაჭრობის  მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), აქტიურად  იყენებენ დღ-ის გლობალური ჯაჭვის  კონცეფციას ეკონომიკური   განვითარების ხელშეწყობის გზების გამოსავლენად. ისინი აღიარებენ, რომ გლობალურ ჯაჭვებში  მონაწილეობა განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს უნიკალურ  შესაძლებლობებს, რათა  საერთაშორისო  ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს  შექმნისა და პირდაპირი  უცხოური  ინვესტიციების  მიზიდვის გზით დააჩქარონ ეკონომიკური  განვითარება. OECD-ამ  და WTO-მ  შეიმუშავეს თანამედროვე საერთაშორისო ინიციატივა ვაჭრობა  დღ-ით (Trade in Value-Added (TiVA)) – მეთოდოლოგია,  რომელიც  საშუალებას იძლევა ახლებურად შევხედოთ თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობას,  პროდუქტების ექსპორტისა  და იმპორტის ნაკადების ანალიზიდან გადავერთოთ  დღ-ის გლობალური  ჯაჭვების  უფრო კომპლექსურ ანალიზზე [12].

დღ-ის გლობალური ჯაჭვის  ფენომენთან დაკავშირებულ პროცესებზე   სტატისტიკა  არაზუსტ  ინფორმაციას იძლევა, რადგან საერთო მაჩვენებლებში შუალედური პროდუქტების  მთლიანი ფასებია აღრიცხული  და არა ის დღ, რომელიც  წარმოების ცალკეულ  სტადიაზე იყო შექმნილი. აღნიშნულის გამო,  სათანადოდ არაა შეფასებული დღ-ის გლობალური ჯაჭვის  მონაწილეების წვლილი, განსაკუთრებით ეს პირველადი ნედლეულის მწარმოებლებს  შეეხება.  ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩინეთიდან აშშ-ში iPhone-ის ექსპორტი. თუ გამოვიყენებთ საერთაშორისო  ვაჭრობის სტატისტიკის  ტრადიციულ მეთოდოლოგიას, აღმოჩდება, რომ აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი ამ პოზიციაში  2 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაგრამ დამატებული ღირებულების აღრიცხვაზე  დაფუძნებული მიდგომით, სურათი  არსებითად შეიცვლება. ჩინეთის წილი აშშ-ს სავაჭრო  დეფიციტში მინიმუმამდე შემცირდება,  რადგან დღ-ის ძირითადი ნაწილი იქმნება იმ ქვეყნებში,  სადაც  iPhone-ის  საკვანძო მაღალტექ- ნოლოგიური კომპონენტები იწარმოება – იაპონია, სამხრეთ კორეა,  გერმანია. თუმცა, ფორმალურად აშშ-ში პროდუქტის ექსპორტირებას ჩინეთი ახორციელებს  [13].

OECD და  WTO ამ  ხარვეზის  აღმოსაფხვრელად  „დანახარჯები-გამოშვება" ცხრილებს  და მის მოდიფიკაციებს იყენებს [14], რაც  საშუალებას იძლევა განისაზღვროს ეროვნული და უცხოური  დღ-ის წილი ქვეყნის ექსპორტში,  ასევე გაანალიზდეს თითოეული ქვეყნის წვლილი დღ-ის გლობალურ  ჯაჭვში.

დღ-ის გლობალური ჯაჭვის  ანალიზის ინსტრუმენტებია:

1. ვერტიკალური  სპეციალიზაციის  მაჩვენებელი (VS), რომელიც გვიჩვენებს იმპორტირებული  პროდუქტების  წილს ექსპორტში;   VS-ის მაღალი  მაჩვენებელი მიუთითებს დღ-ის გლობალურ ჯაჭვში  ქვეყნის დაღმავალ კავშირებზე  (backward linkages in GVCs), ეს ნიშნავს რომ  ქვეყანა  უპირატესად  დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის  ესპორტს  მიმართავს, რასაც  ძირითადად იმპორტირებული ნედლეულით ახორციელებს.

2. ვერტიკალური  სპეციალიზაციის   მაჩვენებელი 1  (VS1), გვიჩვენებს  სხვა ქვეყნების მიერ ექსპორტირებულ  საქონელში მოცემული ქვეყნის ექსპორტირებული შუალედური პროდუქტების  წილს. VS1-ის  მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს დღ-ის გლობალურ ჯაჭვში აღმავალი კავშირების არსებობაზე (forward linkages in GVCs), როდესაც   ქვეყნის  კომპანიები   ნედლეულის, მასალებისა  და მაკომპლექტებლების მიმწოდებლებად  გვევლინებიან.   თუ  VS1  მეტია  VS-ზე ქვეყანა  ბუნებრივი  რე- სურსების ან მაკომპლექტებლებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ექსპორტიორია. VS მეტობა VS1-ზე კი მიუთითებს, რომ ქვეყანა სპეციალიზდება მზა პროდუქციის ექსპორტსა  და ნედლეულის იმპორტზე [15, გვ. 52].

3. მანძილის ინდექსი გვიჩვენებ სწარმოების სტადიების (რგოლების) რაოდენობას დღ-ის  გლობალურ   ჯაჭვში. დარგობრივ   ჭრილში,   თუ  განვიხილავთ  მანძილის ყველაზე მაღალი ინდექსით, გამოირჩევა საავტომობილო, ელექტროტექნიკის, მსუბუქი მრეწველობის,  მეტალურგიისა  და   სატელეკომუნიკაციო   ტექნიკის მწარმოებელი  დარგები.  მომსახურების  სექტორს   და მომპოვებელ  მრეწველობას გაცილების  მოკლე დამატებული ღირებულების გლობალური ჯაჭვები  გააჩნია.

დამატებული ღირებულების გლობალური ჯაჭვის  სტრუქტურა დღ-ის ჯაჭვი თანამედროვე საერთაშორისო ბიზნესში დამოუკიდებლად მოქმე- დი სისტემაა, რომელსაც გააჩნია საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა,  კოორდინაციის მექანიზმი,  ტექნოლოგიები,   ინფორმაციის  არხები,  საქმიანობის  სფერო და რესურსები.  ის მოიცავს  შემდეგ რგოლებს:  კვლევა  და განვითარება,  ბუნებრივი რესურსების  მოპოვება  და დამუშავება, ნახევარფაბრიკატების  და საბოლოო  პროდუქტების წარმოება,  დასაწყობება, პროდუქტის  განაწილება, კლიენტების მომსახურება. დღ-ის ჯაჭვი  შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ  კომპანიაში, ან სხვადასხვა კომპანიებს  შორის  იყოს  დანაწილებული. ასევე,  ჯაჭვის  რგოლები  შეიძლება განთავსებული იყოს ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, მოიცავდეს ცალკეულ  რეგიონს ან გააჩნდეს გლობალური  ხასიათი ( იხ. სურათი 1).

სურათ 1-ზე  სქემატურადაა ნაჩვენები საქონლის წარმოების სხვადასხვა ეტა- პი. სამეცნიერო კვლევებისა და საცდელ-საკონსტრუქტორო  სამუშაოების ეტაპზე იქმნება არამატერიალური აქტივი, რომელიც გამოიყენება პროდუქტის წარმოების შემდგომ სტადიებზე. დღ-ის გლობალური ჯაჭვის  ეფექტიანი ფუნქციონირება  ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული ხარისხის კონტროლის,  მარკეტინგის,  ლოგისტიკის და ფინანსური მომსახურების ფუნქციების  შესრულებასთან [16, გვ 123].

დღ-ის  გლობალურ  ჯაჭვვში  კომპანია  შეიძლება სხვადასხვა პოზიციას   იკა- ვებდეს:

1.  იმპორტირებული მაკომპლექტებლების აწყობა;

2.  ნაკეთობების  წარმოება  სხვა კომპანიებისთვის,  რომლებიც  მას საკუთარ წარმოებაში  გამოიყენებენ (Original equipment  manufacturing (OEM)). ამასთან, დამკვეთი კომპანია  გვევლინება „დამატებული ღირებულების  გამყიდველად~ (Value added reseller (VAR)). დღ-ში გაითვალისწინება უშუალოდ დამკვეთის მიერ გაწეული დანახარჯები – აწყობაზე, მარკეტინგსა  და ლოგისტიკაზე;

3.  ნაკეთობების  წარმოება  განსაზღვრული  სპეციფიკაციით   სხვა კომპანიი- სათვის, რომელიც  მათ საკუთარი  სავაჭრო  ნიშნით გაყიდის (Contract manufactur- ing);

4.  ნაკეთობების  დამოუკიდებელი წარმოება  სხვა კომპანიებისთვის,  რომლე- ბიც  მათ საკუთარი  ნიშნით გაყიდიან (Original design manufacturing (ODM));

5.  ნაკეთობების   წარმოება  და  გაყიდვა  საკუთარი   მარკით  (Original  brand manufacturing (OBM))[14, გვ. 53]. მაგალითად, ტაივანური კომპანია  hTC-იმ  მობი- ლური ტელეფონების ბაზარზე საქმიანობა OEM პოზიციაზე დაიწყო, თანდათან ის ODM სტრატეგიაზე  გადაერთო და თავის პროდუქტებს  ფიჭვური კავშირგაბმულო- ბის კომპანიებს სთავაზობდა. 2006 წლიდან კომპანია OBM სტრატეგიას მისდევს და შეძლო საკუთარი სავაჭრო  მარკის განვითარება. 

დღ-ის გლობალურ ჯაჭვში  პოზიციის  ცვლილება გარდაუვალი პროცესი  როდია. კომპანიის  პოზიციის  გაუმჯობესება  ან გაუარესება,  ასევე მისი თანამშრომლების შრომის  პირობები  და ხელფასი დამოკიდებულია  უამრავ  სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორზე  (სახელწიფოებრივი რეგულირება,  კონკურენცია,   სამუშაო ძალის კვალიფიკაცია  და ა.შ.) და კომერციულ  სტიმულებზე (წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯები, პროდუქციის  ხარისხი და მოცულობა,  ტექნოლოგიები,  ადგილმდებარეობა, ლიდერი კომპანიის სპეციფიკა,  საბოლოო პროდუქტზე  მოთხოვნა და სხვა) [18, გვ. 39].

დღ-ის გლობალურ  ჯაჭვში  სხვადასხვა რგოლისა  და ფუნქციის  მნიშვნელობის ანალიზისათვის გამოიყენება ეგრეთწოდებული „მომღიმარი მრუდი" (Smile/Smiling Curve), რომელიც შემოთავაზებულ იქნა კომპანია Acer-ის დამფუძნებლის სტენ შის მიერ. მრუდზე კლასიკური  საწარმოო პროცესისათვის დამახასიათებელი სტადიები მიმდევრობითაა განთავსებული,  ხოლო  თითოეულ ეტაპზე  გამომუშავებული  დღ მრუდს „მომღიმარ"  ფორმას აძლევს (სურ.  2.). კერძოდ,  მრუდი გვიჩვენებს,  რომ თანამედროვე საერთაშორისო   ბიზნესში ყველაზე  მაღალი დამატებული ღირებულებით გამოირჩევა  გლობალური ჯაჭვის  საწყისი (კვლევა  და განვითარება)  და საბოლოო რგოლები  (კლიენტების  მომსახურება),  ხოლო ყველაზე დაბალი დამატებული ღირებულება  უშუალოდ მზა პროდუქციის წარმოების ეტაპს ახასიათებს.

მიუხედავად იმისა, რომ  მოცემულმა  მრუდი ფართოდ გავრცელდა  სამეცნიერო ლიტერატურაში,  მკვლევარები  ხშირად მის პირობით  ხასიათზე მიუთითებენ. საქმე ისაა, რომ მრუდი არ იძლევა ინფორმაციას საბოლოო პროდუქტის  ფასში დღ- ის ჯაჭვის  კონკრეტული   რგოლების ზუსტი წილის შესახებ, რაც ბუნებრივია გან- სხვავებულია ეკონომიკის  სხვადასხვა დარგის მიხედვით.

ქვეყნები  და კომპანიები   შეიძლება განთავსდნენ დღ-ის  გლობალური  ჯაჭვის საწყის,  შუალედურ ან საბოლოო  სტადიებზე  თავისი სპეციალიზაციის   შესაბამისად, მათი პოზიცია  დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.  ერთნი მოიპოვებენ ბუნებრივ რესურსებს,  აწარმოებენ ნედლეულს ან ინტელექტუალურ აქტივებს, მეორენი აწარმოებენ მაკომპლექტებლებს,  კომპონენტებსა  და კვანძებს,  სხვები კი სპეციალიზდებიან აწყობაზე,  დისტრიბუციაზე,  ბრენდინგსა და კლიენტების მომსახურებაზე [20, გვ. 29]. ამასთან, გლობალურ ჯაჭვებში დღ არათანაბრად ნაწილდება რგოლებს შორგლობალური წარმოების პროცესის  მაღალი დღ-ის მქონე სტადიები ძირითა- დად განვითარებულ ქვეყნებშია კონცენტრირებული.  დასავლეთ ევროპის  ქვეყნებ- ში, აშშ-სა და იაპონიაში თანამედროვე ეტაპზე  თვალსაჩინოა საწარმოო  კომპლექ- სების უპირატესად  არასაწარმოო  ელემენტების განვითარება,  მაგალითად, აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში   შეინიშნება მანქანებისა  და მოწყობილობების  წარმოების შემცირების ტენდენცია. ამგვარად, თანამედროვე ეტაპზე  ქვეყნების კლასიფიკაცი- ის ტრადიციულ მიდგომებს – განვითარებულ  ინდუსტრიულ ქვეყნებსა  და განვითა- რებად აგრარულ  ქვეყნებს,  ცვლის  ახალი მიდგომები – განვითარებული პოსტინ- დუსტრიული ქვეყნები  და განვითარებადი  ინდუსტრიული ქვეყნები.  თანამედროვე ეტაპზე, სამართლიანია,  მსჯელობა  განვითარებული  ქვეყნების  „ინდუსტრიულ~, დანამატ ქვეყნებზე.  ამის თვალსაჩინო მაგალითია მექსიკური  და ჩინური ფაბრიკა- ქარხნები,  რომლებიც  მაღალგანვითარებული ქვეყნების მოთხოვნილებების დაკმა- ყოფილებას ემსახურებიან.

ბოლო ათწლეულებში   დასავლეთ   ევროპის ქვეყნები   ექსპორტის სწრაფი ზრდით გამოირჩეოდნენ, ამასთან, მათი წილი სამრეწველო პროდუქციის  წარმოე- ბაში ეცემოდა [21, გვ. 222]. ამ სიტუაციის  ანალიზისას, გერმანელმა ეკონომისტმა ხანს ვერნერმა შემოიტანა „ბაზრული ეკონომიკის" ცნება, ეკონომიკა, რომელიც სპე- ციალიზდება პროდუქციის  შეფუთვასა და გაყიდვაზე, ანუ დღ-ის გლობალური ჯაჭ- ვის ბოლო სტადიებზე. „ბაზრული ეკონომიკის"  თვალსაჩინო მაგალითია გერმანია, რომელიც  წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთ  ძირითად „ფაბრიკად"  გვევლინებოდა, თანამედროვე ეტაპზე  კი პოზიციებს  ვაჭრობაში იმყარებს [22, გვ. 93]. ელექტროტექნიკის  წარმოება თითქმის მთლიანად აზიაში იქნა გადატანილი,  ის ავტომობილებიც კი, რომელთა აწყობა  კვლავ  გერმანიაში ხდება, მთლიანად აღმოსავლეთ  ევროპაში დამზადებულ მაკომპლექტებლებს  ეფუძნება. ანალოგიური სიტუაციაა  დასავ- ლეთი ევროპის სხვა ქვეყნებშიც.  უცხოური  ნახევარფაბრიკატების წილი, რომელიც შიდა დამუშაბევისთვის არის  განკუთვნილი,  დასავლეთ ევროპის  ყველა ქვეყანაში გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ „ბაზრული ეკონომიკ"  საერთო ევროპული ფენომენია.

საქართველო აგრობიზნესის  დამატებული ღირებულების გლობალურ ჯაჭვში

 

დღ-ის გლობალური ჯაჭვები აგრობიზნესში სულ უფრო ხშირად, საკვები პრო- დუქტების  მწარმოებელი კომპანიების  ან მსხვილი სუპერმარკეტების  ქსელების გას- წვრივ ყალიბდება. მაგალითად, სუპერმარკეტები მუშაობენ, როგორც  ექსპორტიო- რებთან, ასევე იმპორტიორებთან  და ცდილობენ გააკონტროლონ  პროდუქტის წარ- მოების  ყველა  ეტაპი  (სოფლისმეურნეობის  კულტურების   მოვლისა და მოსავლის აღების  ჩათვლით). პრაქტიკულად,   ყველა ქვეყანის  მოსახლეობამ შეიცვალა  მოხ- მარების კულტურა, რაც საკვები  პროდუქტების  ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი მაღალი სტანდარტების დაწესებით გამოიხატება  [23, გვ. 95]. ამასთან, პირდაპირი უცხოური  ინვესტიციები და საერთაშორისო ვაჭრობის  ლიბერალიზაცია კომპანიე- ბისათვის საკუთარი  მომარაგების ჯაჭვების  რეორგანზაციის   ახალ შესაძლებლო- ბებს ქმნის. სულ უფრო მეტი კომპანია  მიმართავს საკვები  პროდუქტების  გლობა- ლურ წარმოებას და საკუთარ  ჯაჭვში  აერთიანებს მცირე  და საშუალო საწარმოებს განვითარებული  და განვითარებადი  ქვეყნებიდან.

Ferrero ჯგუფი,  რომელიც  მსოფლიოში სიდიდით მესამე შოკოლადის  საკონ- დიტრო მწარმოებელია, სწრაფად ვითარდება განვითარებადი ქვეყნების ახალი ბაზრების ათვისების ხარჯზე. Ferrero-ს ისტორია 1946 წლიდან, იტალიის პატარა ქალაქ  ალბაში იწყება. მისი ძირითადი ბრენდებია: Nutella; Kinder; Ferrero Rocher; Raffaello; Golden Gallery; Tik-Tak.

Ferrero ჯგუფი წარმოადგენს დღ-ის გლობალური ჯაჭვის  თვალსაჩინო მაგა- ლითს აგრობიზნესში. თანამედროვე ეტაპზე Ferrero ჯგუფი მოიცავს 86 ქალიშვილ კომპანიას, 22 ქარხანას  და 9 სასოფლო-სამეურნეო საწარმოს – ჩილეში, არგენტი- ნაში, ბულგარეთში, საქართველოში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, თურქეთში, იტალიასა და სერბეთში.  ჯგუფის წლიური გაყიდვები 10 მლრდ ევროს  აღემატება და 53 ქვეყანაში დასაქმებული ჰყავს 34 ათასი ადამიანი. მისი პროდუქცია პირდა- პირ ან ავტორიზებული  საცალო  მოვაჭრეების  მეშვეობით მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება [24].

Ferrero ჯგუფის  სტრატეგიის   განუყოფელი  ნაწილია  ხარისხის,  ინოვაციის, გამჭვირვალე კომუნიკაციის,  ადგილობრივი თემების მხარდაჭერის,  ახალგაზრდე- ბის აქტიური  ცხოვრების,  მდგრადი სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობისა  და გარე- მოს დაცვის კომბინაცია.

Ferrero ჯგუფმა 2007 წლის მარტში საქართველოში  დააფუძნა Agri Georgia, (Ferrero ჯგუფი  მისი სრული  წილის მფლობელია),  შავი  ზღვის  სანაპიროზე   მას ეკუთვნის 4200 ჰა-მდე სავარგული,  რომელიც  თხილის მოშენებისთვის, ასევე; სა- ნერგე  მეურნეობისა  და სატეხ-საშრობი   საწარმოებისთვის   გამოიყენება.  Ferrero ჯგუფი  უკვე 10 წელია  წარმოდგენილია  საქართველოში   და ერთ-ერთი   ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა თხილის ადგილობრივ ბაზარზე  [25].

2015 წლის დასაწყისში, Ferrero ჯგუფმა შექმნა Ferrero Hazelnut კომპანია (HCO) [26], რომელშიც  გააერთიანა  თხილის წარმოებასთან  დაკავშირებული  საქმიანობები.

HCO ორიენტირებულია  თხილის მიწოდების გლობალური ჯაჭვის  ინტეგრაცი- აზე, რაც გულისხმობს:

  •  მიწების შესყიდვას, ფერმერული მეურნეობების  განვითარებასა  და თხილის ნარგავების გაშენებას;
  •  აგრონომიულ კვლევებს,  ინოვაციების  დანერგვას, ახალი ნერგების გამოყვანას;
  • თხილის დამუშავებასა და ხარისხის გაუმჯობესებას;
  •  გლობალურ ვაჭრობას:  HCO თხილის ძირითადი მიმწოდებელია, არა მხო- ლოდ Ferrero ჯგუფისათვის, არამედ სხვა მწარმოებლებისთვისაც (იხ. ცხრილი).

ამრიგად, HCO პირველი კომპანიაა,  რომელიც  თხილის ბიზნესში ინტეგრირებულ დღ-ის გლობალურ  ჯაჭვს  ფლობს. ის მართავს თხილის დამუშავების პროცესს მისი „ნერგების  გამოყვანიდან – მომხმარებლის სუფრამდე". დღ-ის წილის თვალსაზრისით, საქართველოს პოზიცია ხელსაყრელად შეიძლება შეფასდეს, რადგან საწარმოო ჯაჭვის  საწყისი რგოლია ათვისებული. ეს პოზიცია  აღმავალი კავშირებით ხასიათდება,  რაც შემდგომში მისი გაუმჯობესებისა   და მომხმარებელთან ახლოს მდებარე რგოლების განვითარების პერსპექტივას ქმნის.

დამატებული ღირებულების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის მონაწილეობის უპირატესობები  და ნაკლოვანებები

განხორციელებული  ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ  დღ-ის ჯაჭვში ქვეყნის მონაწილეობის უპირატესობები  და ნაკლოვანებები. უპირატესობებია:

-   გასაღების ბაზრების გაფართოება, გლობალურ მიწოდების ჯაჭვში ინტეგრაციით;

-   ტექნოლოგიების  მოდერნიზაცია და ადამიან-კაპიტალის  პროფესიონალიზ- მის ამაღლება;

-   პროდუქციის  ხარისხის ამაღლება;

-   ეკონომიკური   ზრდის ტემპების დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

-   ეკონომიკისა  და საგარეო ვაჭრობის სტრუქტურის  გაუმჯობესება;

-   პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა;

-   საგადასახადო შემოსავლების ზრდა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღ-ის გლობალურ ჯაჭვში  დაწინაურება თავისთავად  დიდი სტიმულია ქვეყანაში ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესების,  განათლების ხარისხის, სამეცნიერო  კვლევებში  ინვესტიციების  ზრდისა და ბიზნესის გარე- მოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.

თუმცა,  აღნიშნული უპირატესობებთან  ერთად არის  ნაკლოვანებებიც,   რაც შეიძლება დღ-ის გლობალურ ჯაჭვებში  ქვეყნის ინტეგრაციას  ახლდეს. კერძოდ,  ექსპორტში  ეროვნული დღ-ის წილის შეკვეცა, რაც ნეგატიურად  აისახება საგარეო ვაჭრობის   ბალანსზე.  ის  ადგილობრივი კომპანიები,   რომლებიც  საერთაშორისო აუთსორსინგს  მიმართავენ, ამცირებენ  მოთხოვნას სამუშაო ძალაზე, რამაც  შესაძლებელია უმუშევრობის  დონე გაზარდოს.

სხვა ნაკლოვენებებს  შეიძლება მივაკუთვნოთ  ერთი მიმწოდებლის ან მომხმარებლის ხაფანგში მოხვედრის რისკი,  ასევე დღ-ის გლობალური ჯაჭვის  კოორდინატორების  (უმეტეს შემთხვევაში მსხვილი ტრანსნაციონალური  კომპანიები  არიან) ზეწოლის საფრთხე, რაც შეიძლება ეკოლოგიური  მდგომარეობის გაუარესებასა  და სოციალურ-პოლიტიკური რისკების ზრდით გამოიხატოს.  არსებითი რისკია  ეროვნული კომპანიების   დაბალტექნოლოგიურ   სტადიებზე  „გაჭედვის"   საფრთხე,  რომელსაც მცირე დღ ახასიათებს.

შესაძლო პრობლემების მოკლე ჩამონათვალიც კი საკმარისია  იმის დასანახად, რომ დღ-ის გლობალურ ჯაჭვში  ხელსაყრელი პოზიციის  დასაკავებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხელისუფლების მიერ სწორად გატარებულ  ეკონომიკურ  და სამრეწველო პოლიტიკას.  პირველხარისხოვან მიმართულებებს შორის, რომელთაც სახელმწიფომ უნდა მიაქციოს  ყურადღება,  შემდეგია:

-   დღ-ის  გლობალური  ჯაჭვების   სპეციფიკის   გათვალისწინება  ეროვნული ეკონომიკის  განვითარების სტრატეგიაში;

-   დღ-ის გლობალური ჯაჭვების  ხელშეწყობა ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს ფორმირებით;

-  ადგილობრივი კომპანიების  ხელშეწყობა, რათა მათ დღ-ის გლობალურ ჯაჭვებში   საწყის,  მაღალტექნოლოგიურ   და საბოლოო  მომხმარებელთან ახლოს მდებარე რგოლებში დაიკავონ პოზიციები;

-   ადგილობრივი კომპანიების საკვანძო კომპეტენციების  განვითარების ხელშეწყობა;

-   სპეციალიზებული  მაღალკვალიფიციური  სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობის გაზრდა;

-   მკაფიო ეკოლოგიური, სოციალური და ინსტიტუციური  მოთხოვნების ჩამოყალიბება, რათა  ქვეყანაში  უცხოელი  ინვესტორებისათვის  შეიქმნას გამჭვირვალე და პროგნოზირებადი  პირობები.

დასკვნა

წარმოების გლობალური ფრაგმენტაციის პროცესი  არსებითად ცვლის საერ- თაშორისო  ბიზნესისა და ვაჭრობის  ფილოსოფიას, ასევე მნიშველოვანი კორექტი- ვები  შეაქვს  საერთაშორისო  ვაჭრობის   აღრიცხვისა  და რეგულირების  არსებულ მიდგომებში. ცალკეული  ქვეყნების  გამოცდილება  და ამ მიმართულებით განხორ- ციელებული  კვლევების  შედეგები გვიჩვენებს,  რომ დღ-ის  გლობალურ  ჯაჭვებში მონაწილეობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნებისა და კომპანიების  ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა ასევე სახეზეა არსებითი რისკებიც. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა  და ინტეგრაციული პროცესების  განვითარების კვალობაზე, დღ-ის გლობალური ჯაჭვების როლი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

დღ-ის გლობალურ ჯაჭვებში აქტიურად არიან ჩართული როგორც  განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნები, მათი ეკონომიკური  მდგომარეობიდან და ტექნოლოგიური   დონიდან გამომდინარე. თუმცა  ამ ქვეყნების მონაწილეობის ხარისხი, პოზიცია   და შესაბამისად მიღებული სარგებელი,  განსხვავებულია.  წარმოების გლობალური ფრაგმენტაციის პროცესის  ანალიზი საშუალებას გვაძლევს გა- მოვკვეთოთ  ის ფაქტორები,  რომლებიც  დამატებული ღირებულების გლობალურ ჯაჭვებში   ქყვეყნის  მონაწილეობის  ეფექტიანობის  ამაღლებას  უზრუნველყოფს. ქვეყნები ცდილობენ ფოკუსირება  მოახდინონ დღ-ის გლობალური ჯაჭვის  საწყის, მაღალტექნოლოგიურ და საბოლოო  მომხმარებელთან ახლოს მდებარე რგოლებზე. საქართველოსთვის, ისევე როგორც  სხვა გარდამავალი ეკონომიკის  ქვეყნებისათვის, აქტუალური ამოცანაა დღ-ის გლობალურ ჯაჭვებში დაკავებული პოზიციების შეფასება,  იმ შესაძლებლობებისა  და საფრთხეების  ანალიზი, რაც წარმოების გლობალურ ფრაგმენტაციის პროცესებში  ქვეყნის მონაწილეობის ზრდას ან შემცირებას შეიძლება მოჰყვეს.

ლიტერატურა:

1. Global Value Chain Development Report 2017, Measuring and Analyzing the Impact of GVCs on Economic, Internatonal Bank for Reconstructon and Development/The World Bank, Washington, 2017.

2. UNKDAT, Global Value Chains: Investment and Trade for Development,World Investment Report, New-York and Geneva, 2013.

3.  Hopkins T., Wallerstein I., Paterns of Development of the Modern World-System

4.  Porter M. E. Compettive Advantage of Nations, NY. Free Press, 1990.

5.  Womack J.P., Jons D.T., Lean Thinking: Banish Waste and Create Wealth in Your Corporaton, NY. 2003.

6.  Designing Global Strategies: Comparative and Compettive Value-Added Chains, https://sloanreview.mit.edu/artcle/designing-global-strategies-comparative-and-compettive-valueadded-chains/ (12.12.2017)

7. Penrose E.,The Theory of the Growth of the Firm. Oxford University Press, 2009.

8. Langlois R. N., Firms, Markets and Economic Change: A Dynamic Theory of Business

Institutions, 2002.

9. Thompson G.,Markets, Hierarchies and Networks: The Coordination of Social Life.

SAGE, 1991.

10. Gereffi G.,The governance of global value chains. Review of International Political

Economy. vol. 12, N1, 2005. pp. 78–104.

11. Kaplinsky R.,Spreading the Gains from Globalization:What Can Be Learned from Value-Chain Analysis?. Problems of Economic Transition. vol. 47. Spreading the Gains from Globalization. N2. 2004. pp. 74–115.

12. OECD-WTO:  Statistics on  Trade  in  Value  Added.  Paris:  Organisation for  Economic

Co-operation and Development, 2013.

13. Draper P. Look at the world through the value chain, http://ecpol.ru/2012-04-05-1-3-42-46/2012-04-05-13-4305/484-vzglyad-na-mir-cherez-tsepochki-dobavlennoj- stoimosƟ.html (27.12.2017).

14.World Input-Output Database – 2014. http://www.wiod.org/new–site/home.htm. (29.12.2017).

15. Пономаренко А. Н., Новая статистика движения добавленной стоимости в международной торговле , Экон. журн. ВШЭ. № 1., 2014. С. 43-79.

16. Meskhia I., Shaburishvili S., Basics of research of the technological environment of business, Scientific Journal of the University of Natural Sciences and Humanities. Series: Administration and Management. N107 Siedlce 2015. p.117-125.

17. Global value chains: challenges, opportuniƟes and implicaƟons for policy OECD, WTO and World Bank Group / World Bank. Washington, 2012.

18.    Fernandez-Stark, K.Global Value Chain Analysis, Center on Globalizaotin, Governance and Competitiveness. Durham: Duke University, 2011. 32-40 p.

19.    The ShiŌing Geography of Global Value Chains: Implications for Developing Countries and Trade Policy. World Economic Forum, 2012.

20.    Interconnected  Economies:  Benefiting from  Global Value  Chains (Preliminary  version), Paris: Organisation for Economic Co-operation and Development, 2013. http://www.oecd-ilibrary.org /science-and-technology/interconnected-econo- mies–9789264189560-en (1.01.2018)

21.    Леденева М. В. Международное разделение труда в постиндустриальную эпоху: основные тенденции, Вестник Волгоградского государственного университета. Сер. 3: Экономика. Экология. № 2. 2011. С. 217—225.

22.    Interconnected economies: benefiting from global value chains: Synthesis Report / OECD, 2013. URL:hƩp://www.oecd.org/sƟ/ind/interconnected-economies-GVCs-syn- thesis.pdf. (01.01.2018).

23.    Shaburishvili S., Chania M., Global InnovaƟon Trends and Georgia, European Journal of

Economics and Business Studies, Vol 8 No1: EJES May-August 2017, p. 94-99.

24.    www.ferrero.com

25.    http://presa.ge/new/?m=bp&AID=56685

26.    www.hazelnutcompany.ferrero.com