English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ რევაზ ლორთქიფანიძე
კონკურენციის თეორიის ზოგიერთი პრობლებისა და მისი სრულყოფის მექანიზმის შესახებ

 კონკურენცია რომ ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ფაქტორია, ამაზე უკვე არავინ კამათობს – ისინიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ უტოპიურ კომუნისტურ  წყობას უჭერენ  მხარს და ხელოვნურ შეჯიბრობითობას  მაინც უშვებენ ეკონომიკის  მაორგანიზებელი სტიმულირებისათვის. მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის   ფენომენს იკვლევს  ცნობილ  მეცნიერთა საკმაოდ  დიდი რაოდენობა  და, ბუნებრივია,  მისი ცალკეული   ასპექტებიც დეტალურადაა  შესწავლილი მსოფლიოში, თუმცა,  ჩვენი ხედვით, არის  ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი  – კონკურენტთა  რაოდენობის განმსაზღვრელობა  სრულყოფილი (წმინდა) კონკურენციის  გაგებისათვის, რაც, ვფიქრობთ, აუცილებელ კორექტივებს  საჭიროებს.

საკვანძო სიტყვები:  კონკურენცია;  მონოპოლია; ეფექტიანობა;  რეგულირების პრიორიტეტები;  ეკონომიკური მექანიზმი.

ჩემი თეორიული განზოგადებები კონკურენციის   შესახებ [1;  2],  მნიშვნელოვანწილად მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც  ფიქრობს  ეფექტიანი მსხვილი ბიზნესების გაუაზრებელი მასობრივი დანაწევრების საკითხზე. ჩვენი აზრით, პრობლემა  ბიზნესის ზომაში კი არ არის,  არამედ კეთილსინდისიერებასა  და ეკონომიკურ ეფექტიანობაში.

ჩემი მიზანი  არ არის  ადამ სმითის კრიტიკა – საყოველთაო  აღიარებით,  ის გენიალური მოაზროვნე იყო, თუმცა, ვფიქრობთ, აუცილებელია, სმითის ეპოქიდან დაწყებული [3; 4], ჰერფინდალ-ჰირშმანის თანამედროვე ინდექსსა [5] და საბოლოოდ „სრულყოფილი კონკურენციის“   გაგებაში  დამკვიდრებულ მთავარ (პირველ) მოთხოვნაში „A large number of buyers and sellers“ (მყიდველებისა  და გამყიდველების დიდი რაოდენობა) [6] კორექტივების  შეტანა, ანუ, ჩვენი აზრით, არაგავლე- ნიან კონკურენტთა  ხელოვნურად  გაზრდილი  დიდი რაოდენობა  კი არ განაპირო- ბებს სრულყოფილ კონკურენციას, არამად, კონკურენტთა  ბუნებრივი რაოდენობა. კვლევამ  აჩვენა,  რომ  დღემდის დამკვიდრებული შეხედულებით, შეიძლება არამიზანშეწონილად  დავანაწევროთ   ეფექტიანი  ადგილობრივი  მსხვილი ბიზნესები  ან ხელი შევუშალოთ ბიზნესების წესიერი გზით საჭირო  გაერთიანების მცდელობას, დავარღვიოთ  მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია,  უკეთესი  პირობები  შევუქმნათ არაკეთილსინდისიერ საგარეო  ფარულ შეთანხმებებს და ა.შ.

კონკურენციის შეფასების კლასიკური და თანამედროვე მეთოდების შესახებ

სრულყოფილი კონკურენტული  გარემოს  არსებობა  განსაკუთრებით  აქტუალურია, როგორც  თანამედროვე ადამიანთა ცხოვრების  პირობების  გაუმჯობესებისა და სასიცოცხლო  მნიშვნელობის მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებისათვის [7], ასევე, უშუალოდ საქართველოში  დაწყებული ეკონომიკური   რეფორმის [8] წარმატებით განვითარებისათვისაც.  ამდენად, კონკურენციისა  და ეფექტიანი რეგულირების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტს,  კონკურენტული  გარემოს  საერთაშორისო გამოცდილების პრობლემატური  საკითხები სულ უფრო მეტად მაფიქრებს.

თანამედროვე პრაქტიკაში   კონკურენციის   აქტუალურ  საკითხებს იკვლევენ ქართველი ეკონომისტები ნ. ხადური [9], ს. ფეტელავა [9; 10], შ. გოგიაშვილი [10] და ა.შ., თუმცა,  დღეისათვის, განსაკუთრებით  მწვავედ იკვეთება  პრობლემა,  რომ „საქართველოში,  ისევე  როგორც პოსტსოციალისტური   ქვეყნების  უმეტესობაში, საბაზრო  ეკონომიკაზე   გარდამავალი პერიოდი დიდი სირთულეებით და წინააღმდეგობებით  ხასიათდებოდა“  [9, გვ. 311] და კონკურენციის   ორგანოების ხელთ არსებული მონაცემები არასაკმარისია  [10, გვ. 46] სათანადო ქმედითი დასკვნების გასაკეთებლად.

ამასთანავე, დავამატებდი – თუ ადრე უტოპიურ  კომუნიზმს ვაშენებდით, ახლა არამართებულად ვართ  ორიენტირებული  კლასიკოსების   დროებიდან შემოტანილ და თანამედროვე ჰერფინდალ-ჰირშმანის მეთოდით გავრცელებულ  რაოდენობრივ კრიტერიუმზე  [5]. ჩვენ უნდა გვინდოდეს  მაქსიმალურად  სრულყოფილი  (წმინდა) კონკურენცია,  მაგრამ ეს რაოდენობაზე რაციონალური  ზღვარის  დაწესებას საჭიროებს – ჩვენ არ გვჭირდება „ჭიანჭველების“ ქაოტური  უსასრულობის კონკურენცია ეკონომიკაში.  ჩვენ გვჭირდება  კეთილსინდისიერი კონკურენტების ბუნებრივი კონკურენცია,  სადაც კონკურენციის  ყველა მონაწილე (არამხოლოდ მცირე,  არამედ დიდი) აკეთებს თავის საჭირო (ეფექტიან, პრაქტიკულ)  საქმეს. ბაზრის მონაწილეების ძალზე დიდმა რაოდენობამ,  ჩემი აზრით,  შეიძლება გამოიწვიოს  „მოკლე ჩართვა“ და ეკონომიკის  დამანგრეველი „გადახურება“,  შესაბამისად, ჰიპერინფლაციური  სიჭარბე  და განმეორებადი და გაჭიანურებული  უმძიმესი კრიზისული  დეპრესიები [1, გვ. 8].

დიდი დეპრესიის  ეპოქიდან  (XX საუკუნის 30-იანი  წლები), განსაკუთრებით გამწვავდა დებატები ადამ სმითის კონკურენციის ე.წ. „უხილავი ხელის“ მომხრე ნეოკლასიკოსებსა  და რეგულირების მომხრე კეინზიანელებს შორის. ზოგი საერთოდ სათუოს ხდის „უხილავი ხელის“ მოქმედებას,  ახალი ნეოკლასიკური  სინთეზი კი ერთგვარი შემრიგებლის როლში მოგვევლინა [1, გვ. 3].

კონკურენციის შეფასების ჩვენეული პრიორიტეტებია:  1) ეფექტიანობა (ოპტიმალური  დონის გაანგარიშება  გრაფიკული  მეთოდის გამოყენებით  [1, გვ. 103] და მნიშვნელოვანი  სტრუქტურული  ძვრების ეფექტიანობის შეფასება ევროკავშირის  ფორმულის  ჩემი განვითარების  დახმარებით [1, გვ. 104]); 2) კონკურენციის ძალის რაოდენობრივი  დონე (ჩემ მიერ შემოთავაზებული  ინდექსების გამოყენებით [1, გვ. 43]); 3) ხარისხი (ინტეგრალური კოეფიციენტის  დახმარებით [1, გვ. 12]).

მარეგულირებელ  მექანიზმსაც   თანამედროვეობისათვის  უმწვავესად  საჭირო მიმართულებების სამება ადევს საფუძვლად: 1) კვალიფიციური საერთაშორისო ანტიმონოპოლიური ორგანოს  შექმნის აუცილებლობა,  მათ შორის სხვადასხვა რეაქციული  რეჟიმით მოსახლეობის მასობრივი გაღატაკების   შემთხვევების მინი-მიზების მიზნით; 2) მაკროეკონომიკურ დონეზე, მომხმარებელთა დაცვის  მიზნით, ადგილობრივი  ბუნებრივი  მონოპოლიების  რეგულირება  (შესაძლოდ მინიმალური სახელმწიფო დანაკარგებით);  3) მხარდაჭერა და, ზოგიერთ  შემთხვევაში, უშუალო მონაწილეობა  კერძო ბიზნესის მიკროეკონომიკურ   მენეჯმენტში, დაზარალებულ მეწარმეთა გადაუდებელი დაცვისა და კრიზისული  რეგიონების სწრაფი ზრდის უზრუნველსაყოფად.

კონკურენციის ობიექტური კანონზომიერება მაქსიმალურ ეფექტიანობას მხოლოდ ეკონომიკის  შესაძლოდ ბუნებრივი ფუნქციონირებისას  ავლენს, ანუ – ფარული შეთანხმებებისა და არაკეთილსინდისიერი  მონოპოლიების  მინიმალური დონის შემთხვევაში [1, გვ. 20]. მაგრამ, მაკროეკონომიკის  და თვით  მსოფლიო  დონეზეც კი, კონკურენციის ფაქტობრივი ძალა მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკურენციის მიზანშეწონილი (ოპტიმალური,  მაქსიმალურად ეფექტიანი)  დონისაგან, რაც სხვადასხვა საერთაშორისო  ბაზარზე მუდმივი ერთობლივი (საერთაშორისო) დაკვირვებების საჭიროებას  განაპირობებს.

ჯანსაღი კონკურენცია სიღარიბის დასაძლევად

როგორც ეკონომისტი,  საზოგადოების წინაშე თავს მოვალედ ვთვლიდი კონცეპტუალურად  დასაბუთებული აზრი  გამომეთქვა,   თუ  როგორ უნდა  დაძლიოს გონიერმა  ადამიანმა სიღარიბის  ჯერ კიდევ  ძალზე მაღალი – 80%-იანი  დონე [1, გვ. 3] სულ უფრო მდიდარ მსოფლიოში, როგორი  გამდიდრებაა ადამიანისთვის მორალურად გამართლებული (ეფექტიანი)  და, შესაბამისად, როგორი  კონკურენცია ეფუძნება ჭეშმარიტი  სულიერების საწყისებს.

როგორც  ცნობილია, ეკონომიკური კონკურენციის  ძალის ჩვენეული განსაზღვრება,  ფიზიკაში  დენის ძალის განსაზღვრის  (I=U/R) ბუნებრივი  მსგავსებით  განზოგადდა [1, გვ. 6]. ასეთი სახით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ  კონკურენციის ძალა და ოპტიმალური  – კონკურენციის ყველაზე ეფექტიანი  დონე ეკონომიკურად მდიდარი და ღარიბი ქვეყნებისათვის, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ  კლასტერებსა და აგრარულ  ბაზრებზე,  მთასა და დაბლობში, შემცირებული  ფასების დემპინგური თაღლითობისა თუ ფასების შემდგომი მონოპოლიური ნამატის შემთხვევებში. აღნიშნულ საქმეში, ცალკეულ  ქვეყნებს დამოუკიდებლად არ ძალუძთ დაძლიონ ფარული საერთაშორისო  მონოპოლიების  მზაკვრობებით  გამოწვეული  სიღარიბე  და აუცილებელი  ხდება პროგრესული  ძალების უფრო  მჭიდრო  საერთაშორისო  კონსოლიდაცია.

მიგვაჩნია,  რომ კონკურენციის ძალასა  და  ბაზრის   უმსხვილესი  მიმწოდებლის ზომას შორის უკუპროპორციული  დამოკიდებულების გრაფიკის  [1, გვ. 103] გადაკვეთაზე  საწარმოს ზომასა და ეფექტიანობას  შორის დამოკიდებულების გრაფიკთან, მიიღება კონკურენციის  ძალის ოპტიმალური  დონე ყოველი კონკრეტული სინამდვილისთვის. აღნიშნული გარკვეულწილად   სრულყოფილი  თეორიული  მიდგომიდან გამომდინარე, თანამედროვე პირობების  გათვალისწინებით, განისაზღვრა კონკურენტული  გარემოს სრულყოფის (გონივრულად რეგულირების) მექანიზმიც, რომელიც დაკონკრეტებულია  წარმოდგენილი სტატიის დასკვნაში ასახული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების  სახით.

სრულყოფის  მექანიზმი  და სახელმწიფო, როგორც სამართლიანი პარტნიორი

თანამედროვე პირობებში,  ჯერ კიდევ მრავლადაა შემთხვევა, როცა მართვის საკითხებში გაურკვევლობა  და მოძველებული თეორიული  ხედვების განუვითარებლობა იწვევს ცხოვრების  დონის გაჭიანურებულ  ჩამორჩენებსა და, ჩვენი კონკრეტიკის – საქართველოს  შემთხვევაში, უნიკალური  ბუნებრივი პირობების  სოფლებისა და მთის ადრე დასახლებული მასივების დაცარიელებას.

მორფოლოგიური მრავალფაქტორული  განზოგადებებისა და დელფის მეთოდით შეფასებების გამოყენებით,  გამოვლინდა [1, გვ. 15], რომ საქართველოს მაღალ მთაში (ზღვის  დონიდან 1000 მეტრზე  მეტი) მინიმუმ 4-ჯერ  მცირე  უნდა იყოს ბიზნეს-ობიექტის კონცენტრაცია,  ვიდრე დაბლობში (ზღვის  დონიდან 500 მეტრამდე), ხოლო დაახლოებით 2,7-ჯერ  ნაკლები, ვიდრე შუა მთაში (500-დან  1000 მეტრამდე). აღნიშნული გაანგარიშებების საფუძველზე, ვასკვნით,  რომ დაბლობში კონცენტრირებულ  ბიზნესში შეიძლება დელეგირებულ იქნეს მაღალი და შუა მთის ბიზნესის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა  – უშუალოდ მენეჯერული  ოფისების მოწყობა ბიზნეს-გეგმების,  ფინანსური ანალიზისა და მარკეტინგული კვლევის წარმოებისათვის, ასევე, ტექნიკით  უზრუნველყოფის კოოპერირებით.

დელეგირება  შეიძლება განხორციელდეს  არამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, არამედ, სულ უფრო მეცნიერებატევად აგროსამრეწველო  და ჯანდაცვის ბიზნესშიც. სამწუხაროდ, მაღალი მთის მრავალ მცირედდასახლებულ სოფელში საავადმყოფოების კი არა, მცირე  ამბულატორიების მოწყობაც  კი ვერ ხერხდება. ამას ემატება გარემოება,  რომ მცირემიწიანი მეურნეობები, უნიკალური ქართული  ბუნების მიუხედავად, ვერაფრით ვერ  უწევენ  კონკურენციას  ტექნიკურად კარგად აღჭურვილ უცხოურ კომპანიებს.

შედეგად ასეთ მაღლივ სოფლებში ღრმადმოხუცი  მოსახლეობა თუ შემორჩა (ისიც აქა-იქ) და სასწრაფო ღონისძიებებია გასატარებელი  საგანგაშო  ეკონომიკური და დემოგრაფიული  დეპრესიიდან  გამოსასვლელად.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ქსელური დელეგირების მენეჯმენტი, საჭირო კონკურენტული  კოოპერირებით,  მოკლე პერიოდში შეცვლის მდგომარეობას. ასეთი მენეჯმენტის სამაგალითო ელემენტარული სქემა შეიძლება გულისხმობდეს:

1) ყოველ  მაღალმთიან სოფელში მინიმუმ 2-კაციანი  ამბულატორიული პუნქტების მოწყობას, რაც დახმარებას გაუწევს მოსახლეობას (მ.შ. ახალგაზრდა ოჯახებს)  სამედიცინო  ჩარევის  აუცილებლობის  (მ.შ. მშობიარობის)  დროს.  პირველ ეტაპზე,  ასეთი პუნქტები,   თავისუფალ დროს შეიძლება დაკავდეს  ადგილობრივი ნედლეულით უნიკალური სამკურნალწამლო პრეპარატების  დამზადებაზეც;

2) ასეთი პუნქტების მენეჯერული ფუნქციები (მ.შ. ტექნიკით – ვერტმფრენებითა თუ სხვა აუცილებელი  საშუალებებით უზრუნველყოფა)  დელეგირებული უნდა იყოს კომპანიის  სათავო ოფისზე თბილისსა თუ რეგიონულ ცენტრებში;

3) ასეთი კოოპერირება  შექმნის  რეალური  ბიზნესის საფუძველს და არსებითად გაზრდის  ბიზნესის  ეფექტიანობას   ქვეყანაში,  დააბრუნებს  ახალგაზრდობას მთაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში;

4) სახელმწიფო ჩართულობა ამ სქემაში უნდა მოვიაზროთ  მინიმალური – სიმბოლური (ამასთანავე, აუცილებელი) ხარჯებით, რაც შეიძლება გამოიხატოს  ამბულატორიული პუნქტების  მოწყობაში,  სახელმწიფო საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთების  (ხშირ  შემთხვევაში არასათანადოდ ათვისებული შენობა-ნაგებობების ფართებით) გადაცემასა და მცირე  ტექნიკური  პარკების  აღჭურვაში.  აღნიშნულის აუცილებლობა,  გვალვებისა  და გახშირებული ხანძრების პერიოდში,  რთულად მისასვლელი ჩვენი მაღალი მთიანეთისათვის მწვავედ საჭირო  ვერტმფრენების ნაკლებობამაც დაადასტურა.

მენეჯმენტის კონკურენტუნარიანობის  შეფასების სამაგალითო მაჩვენებლად შეიძლება გამოვიყენოთ  წმინდა მოგების ფარდობა მენეჯერული პერსონალის  რაოდენობასთან, საზოგადოებრივი სექტორის  ჩართულობა შესაძლებელია შევაფასოთ ბიზნესის მხარდასაჭერად დახარჯული სახსრების ხვედრითი წონით, ხოლო საერთაშორისო ბაზრის კონკურენტულობის  დონე – ბაზარზე  მსხვილი კომპანიების  (რომლებიც კონკრეტული ბაზრის მეხუთედზე მეტს აკონტროლებს)  რაოდენობით.

ჩვენი აზრით,  შემოთავაზებული ქსელური  დელეგირების მენეჯმენტის მთავარ პრიორიტეტებად განისაზღვრა: 1) ბაზრის კონკურენტულობის სისტემატური (ყოველდღიური)  ანალიზი,  მ.შ. მთავარი  მიმწოდებლებისა  და არარეალიზებული პროდუქციის დონის ჩვენ მიერ შემოთავაზებული მაჩვენებლებით; 2) გამომდინარე, ბიზნესის  წარმატებისათვის   აუცილებელი  ახალი მოქმედებების  შესახებ  ორიგინალური (და არა ბრმად კოპირებული)  გადაწყვეტილებების შემუშავება, გამოცდილი მენეჯერების – მინიმუმ 3-5 კაციანი საბჭოს კომპრომისული დასკვნის საფუძველზე;

3) უარი გამოუყენებელ ტექნიკას  – მხოლოდ კონკრეტულ მოთხოვნებთან ადეკვატური საჭირო მოწყობილობა; 4) მხოლოდ უნარჩენო ტექნოლოგია.

ბუნებრივია,  არაკეთილსინდისიერი  მონოპოლიებისა  და მონოპოლიური  ფასების  წინააღმდეგ  მხოლოდ ადმინისტრაციული   მეთოდებით  ვერ გავილაშქრებთ – საჭიროა კონკურენტულ მაღლატექნოლოგიურ გარემოში ეკონომიკის ფუნქცი- ონირების ხანგრძლივი გამოცდილება,  თუმცა,  გონივრულმა რეგულაციებმაც   არ უნდა დააყოვნოს.

მაგალითისათვის, ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯანდაცვაში კარგა ხანია ფეხმოკიდებული მონოპოლიური  ფასების მოთოკვისათვის,  განსაკუთრებით აქტუალურია  შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურის  ამოქმედება, რომელიც იმუშავებს სამედიცინო მომსახურების ფასებსა და ცხოვრების  დონეს შორის არსებული ძალზე მნიშვნელოვანი დისპროპორციის   დარეგულირების საკითხებზე და გადახედავს მენეჯერული  ხარჯების  „გაბერვის“   კონკრეტულ  შემთხვევებსა და მომსახურების ტარიფების შეუსაბამობებს ფარული შეთანხმებების გამო.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ, რატომღაც, ჯერ კიდევ სუსტად განვითარებულ  ქვეყნებში  ფესვი გაიდგა  ბუნებრივი  მონოპოლიების  მარეგულირებელი კომისიების  პრივილეგირებულ  მდგომარეობაში ჩაყენების ტრადიციამ.  საკითხის მნიშვნელობა არ ნიშნავს დაუმსახურებელი პრივილეგიების  საჭიროების  ძალზე ცუდ მაგალითს. საშუალო  ხელფასი ასეთ  კომისიურ  სტრუქტურებში   არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს  საშუალო სახელმწიფო  დონეს. სახელმწიფომ „სასათბურე“  პირობები  უნდა შეუქმნას  არაკეთილსინდისიერი  კონკურენციისაგან დაზარალებულ მეწარმეებსა და რეგიონებს  და არა თანამდებობის პირებს.  „სასათბურე“  პირობების  გარეშე,  აღნიშნული დაზარალებულები ვერ შეძლებენ ადგილობრივი ბაზრის ისევ გამოცოცხლებას,   ხოლო „სასათბურე“  პირობები  სახელმწიფო მოხელეებს კეთილსინდისიერი კონკურენციის  წესების დარღვევისკენ უბიძგებს.

მწვავედ საჭირო  ცვლილებები კონკურენციის  თეორიაში, ბუნებრივია, რეგულირების თანამედროვე მექანიზმს  განაპირობებს.   სახელმწიფო, როგორც სამართლიანი პარტნიორი, გლობალური კონტაქტების  ზრდასთან ერთად, აუცილებლად უნდა ახერხებდეს ფარული შეთანხმებებით გამოწვეული  ბაზრის  დეფორმაციების კვალიფიციურ  შეფასებას და, აუცილებლობის  შემთხვევაში, აქტიურად  (და არა ფორმალურად, დაახლოებით 50%-იანი  თანამონაწილეობის ფარგლებში) უნდა ერთვებოდეს კერძო  მეწარმეობაში, მათ შორის: 1) წილობრივი პარტნიორობის  გზებით; 2) მეცნიერულ-ტექნიკურ უზრუნველყოფის მხარდამჭერი სუბსიდირებით; 3) უპროცენტო   კრედიტებით მონოპოლიებისგან დაზარალებულ მეწარმეთათვის; 4) განსაკუთრებით კრიზისული რეგიონების (როგორც  განაპირა, მ.შ. მაღალმთიანი, აგრეთვე საკვანძო)  განვითარების პროგრამებში  თანამონაწილეობითა და ე.წ. „სასათბურე“  ზონალური გარემოს  ინფრასტრუქტურული  უზრუნველყოფით; 5) როგორც მიუკერძოებელი  მშობელი, უნდა ზრუნავდეს არამხოლოდ კრიზისულ  ობიექტებზე, არამედ წარმატებულებზეც (პოტენციურ  ექსპორტიორებზე),  რომლებსაც არაკეთილსინდისიერი „საერთაშორისო“  კონკურენცია შეიძლება ელოდებოდეს.

სახელმწიფო მონოპოლიების  რეაქციული   რეპრესიებისა   და კერძო საკუთრების იგნორირების „საბჭოთა“  გამოცდილების შემდეგ, განსაკუთრებით  უნდა გამოირიცხოს  ამგვარი  სახელმწიფო მონოპოლიის  განმეორებითი  ჰიპერტროფიის შესაძლებლობა, მაგრამ არ დავინახოთ მზრუნველი  და კერძო სექტორის მხარდამჭერი  ეკონომიკურად  განვითარებული სახელმწიფოს როლის შესაძლოდ არსებითი ზრდის ტენდენცია – არაშორსმხედველურია.

მაგალითად, დაზარალებულ  მაღალმთიან რეგიონებს  დამოუკიდებლად არ ძალუძთ დაძლიონ უმწვავესი  ეკონომიკური   და დემოგრაფიული გამოწვევები,  ხოლო სახელმწიფო, თავის მხრივ, არ უნდა ელოდეს, როგორ  ქრება  ქვეყნის ესა თუ ის რესურსული პოტენციალი.  ზოგს მიაჩნია, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს  საბაზრო პროცესებში, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოსაც  უნდა ჰქონდეს თავისი უფლებები და ეს უფლებებიც  გასათვალისწინებელია.

სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის  მართვა და კერძო  ბიზნესის მენეჯმენტი სხვადასხვა ცნებებია,  მაგრამ მენეჯმენტის მომავალი – წარმატებულ სახელმწიფო მართვასთან გონივრულ კომბინირებაშია.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კომბინირებულ-ქსელურის  მსგავსი რეგულაციის შედეგები განსაკუთრებით   შთამბეჭდავია  დაწყებულ საგადახადო დათბობასა  და ტექნოლოგიური  კლასტერის  სუბსიდირებაში (სილიკონის ველი, აშშ), ევროკავშირის ეკონომიკურად  განვითარებული ქვეყნების  სოციალურ  ბაზარზე  (გერმანია, შვედეთი, ბენელუქსის  ქვეყნები),  ე.წ. გეგმური  ბაზრის  მექანიზმების ეფექტიანი რეალიზებისას (იაპონია),  თავისუფალ რეგიონულ ზონებში (ჩინეთი), „მეცნიერების ქალაქების“   მაგალითზე (აკადემ-ქალაქი  და მსხვილი სახელმწიფო უნივერსიტეტების გამოცდილება, რუსეთი), დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვა  და ა.შ.

ბაზრის კონკურენტულობის   სახელმწიფო მონიტორინგის მნიშვნელოვან პარამეტრად შეიძლება გამოგვადგეს  მენეჯერული ხარჯების ხვედრითი წონაც  მთლიანად ხარჯებში,  იმდენად, რამდენადაც,  მონოპოლიურობისკენ   მიდრეკილების დროს, ჩვენი დაკვირვებით, სწორედ აღნიშნული ტრანზაქციული ხარჯები იზრდება განსაკუთრებით სწრაფად.

ეკონომიკაში  მნიშვნელოვანია გადასახადების ან სხვა ეკონომიკური მექანიზმების მიკროსკოპული   ცვლილებაც  კი. მაგალითად,  ჩემმა გაანგარიშებებმა   მოულოდნელად აჩვენა,  რომ, ექსპორტზე   გადასახადის, ერთი შეხედვით, პოზიტიურ ნულოვან განაკვეთს  შეიძლება ჰქონდეს  უარყოფითი შედეგები, განსაკუთრებით  იმ ქვეყნებში, სადაც განუვითარებელია წარმოების მეცნიერებატევადი დარგები და დომინირებს ნედლეულის ექსპორტი.

კონკურენცია მოქმედებს არა მხოლოდ მეწარმეებს შორის, არამედ ეკონომიკის დარგებსა და რეგიონებს  შორისაც.   ჩემმა კვლევებმა  აჩვენა, რომ  ეკონომიკის რეგიონული სტრუქტურა  უფრო მკაცრი  კრიტერიუმია ეკონომიკის  განვითარებულობის შესაფასებლად, ვიდრე დარგობრივი.  ქვეყანას,  რომელსაც  განვითარებული დარგობრივი სტრუქტურა  აქვს, შეიძლება ჩამორჩენილი რეგიონები ჰქონდეს.  მაგრამ, თუ რეგიონული სტრუქტურაა  განვითარებული, დარგობრივი სტრუქტურაც შესაძლოდ განვითარებული იქნება.  ამ  მიზეზით, კონკურენციის   მაჩვენებლების ობიექტური  სახელმწიფო მონიტორინგი, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული სპეციფიკის შესაძლოდ სრული გათვალისწინებით წარმოებდეს.

დასკვნები  და რეკომენდაციები

ბაზრის კონკურენტულობის   შეფასება არ უნდა წარმოებდეს  მხოლოდ პროდუქციისა   და  მომსახურების  მიმწოდებელთა რაოდენობის  კრიტერიუმით.   ჩვენი აზრით, ყოველ კონკრეტულ  რეალობაში, აუცილებელია კონკურენციის სარეკომენდაციო – რაციონალური  (ეფექტიანი)  დონის განსაზღვრა.  შესაბამისად, მიზანშეწონილია სახელმწიფომ არაკეთილსინდისიერი მონოპოლიებისაგან  დაზარალებულ მეწარმეებს ხელი შეუწყოს არგუმენტირებული რეგულირების პრიორიტეტების  შესაბამისად, რაც უნდა განიხილებოდეს,  როგორც კეთილსინდისიერი კონკურენციის დაცვის (სრულყოფის) ეკონომიკური  მექანიზმი.

ჩატარებული  კვლევის  სიახლისშემცველი მთავარი შედეგებიდან, ვფიქრობთ, უპრიანია აღინიშნოს, რომ კონკურენტულობის  თვალსაზრისით, მკვეთრად დიფერ- ნეცირებულია   დარგობრივი   და  შიგადარგობივი   ბაზრები,   მ.შ. განსაკუთრებულ დაკვირვებას  საჭიროებს  ბუნებრივი მონოპოლიების საკითხი და შესაძლო დეფორმაციები დროის ფაქტორის  ცვლილებების გათვალისწინებით. მწირი სტატისტიკური ბაზისა და ექსპერტული  შეფასებების პირობებშიც  კი გამოვლინდა:

- დიდი ბუნებრივი განსხვავებები ჯანდაცვის, სამშენებლო კომპლექსის, მრეწველობისა  და სოფლის მეურნეობის  ქვედარგებში  კონკურენციის  ძალის რაციონალურ ინტერვალებს შორის (დასკვნა აქაც სახეზეა – ჩვენ დიდი რაოდენობის კონკურენტების ქაოტური  ბაზრის „აშენება“ კი არ გვჭირდება,  არამედ ბუნებრივი – რაციონალური კონკურენციის  ინტერვალის დაცვა);

- ბიზნეს-ალიანსების რაოდენობის გარკვეული  კანონზომიერება  ეფექტიანობასთან მიმართებით;

-  პროგნოზული   ექსტრაპოლირების   მეთოდის გამოყენების  აუცილებლობა ბაზრის კონკურენტულობის დონის მრავალფაქტორული  ანალიზის პროცესში;

- საგადასახადო ტვირთის რეალურად დიფერენცირებული განსაზღვრა  (არა „პოპულისტური“ ან დიდად განსხვავებულებზე მიმსგავსებული, არამედ, კონკურენტუნარიანი რესურსული პოტენციალისა და განვითარების  დონიდან გამომდინარე);

-ადგილობრივი  რეგიონთაშორისი   სასაქონლო  და საფონდო ბირჟების ინსტიტუციონალური  გარემოს  დეფიციტი, ადგილობრივი პირდაპირი  და ირიბი საინვესტიციო  ბაზრების სტიმულირების გადაუდებელი საჭიროება;

- რეგიონების  მიხედვით ლორენცის  მრუდსა და ჯინის კოეფიციენტზე დაკვირვების აუცილებლობა;

- „პიგუს ეფექტის“  მსგავსი სასიკეთო საგადასახადო „ინტერვენციების“  დეფიციტი  და, საჭიროების  შემთხვევაში, სუბსიდიები პოტენციურ უნიკალურ ბიზნესებს, მ.შ. განსაკუთრებით  ჯანდაცვის  კონკურენტუნარიან  ქვედარგებში,  მინერალური წყლების, ვაზის, ციტრუსის, ჩაის, ზღვის პროდუქტებზე,  პერსპექტივაში  – ენერგოდამზოგავ პროგრესულ ტექნოლოგიებზე.

ლიტერატურა:

1.   რევაზ ლორთქიფანიძე, კონკურენციის თეორიის „სენსაციური“  ფარული ხარვეზები და გადაუდებელი რეგულაციები.  – თბილისი, საქართველოს  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  ციფრული  ფონდი „ივერიელი“,  2018, 143 გვ. ISBN978-9941-27-694-1 (PDF), http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/247873

2.    https//en.wikipedia.org/wiki/Revaz–Lordkipanidze

3. Smith A. An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of NaƟons. (1 ed.). Lon- don: W. Strahan. Retrieved 2012-12-07.

4. What is the invisible hand? Definiton and meaning.

5.http://marketbusinessnews.com/financial-glossary/invisible-hand-definiƟon-meaning/?sa=X&sqi=2&ved=0ahUKEwjOya2N-MLYAhUGAZoKHddcD–oQ–B0IHDAA

6. Herfindahl-Hirschman   Index.   –   https://www.jusƟce.gov/atr/herfindahl-hirschman- index

7.    Perfect competton. – hƩps://en.wikipedia.org/wiki/Perfect–competton

8.         Trump and Putin Keep Calling Each Other for Praise, Discuss North Korea and Terror- ism. http://www.newsweek.com/trump-puƟn-friendly-phone-calls-praise-750853

9.    https://en.wikipedia.org/wiki/Bidzina–Ivanishvili

10. ხადური ნ. ფეტელავა ს. ეკონომიკური კონკურენციის  პოლიტიკის იმპლემენტაცია საქართველოში. – თბილისი, პირველი  საერთაშორისო  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  „კონკურენცის   პოლიტიკა:  თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“, 2017, გვ. 311-319.

11. ფეტელავა  ს. გოგიაშვილი  შ. ეკონომიკური  კონკურენცია (ბაზრის  კონკურენციულობის ანალიზის მეთოდური საკითხები). – თბილისი, ლოი, 2012, 416 გვ.