English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიორგი შუბლაძე
ერთხელ კიდევ ეკონომიკური თეორიის თანამედროვე დეფინიციის საკითხისთვის

გლობალიზაციამ XXI საუკუნეში კაცობრიობის  წინაშე დააყენა ეკონომიკური  პრობლემების  ახლებურად გაანალიზებისა და გადაწყვეტის  საკითხი. ეს მოითხოვს  ეკონომიკაში   მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ჯეროვან მეცნიერულ ანალიზსა და განზოგადოებას  გლობალიზაციის ყველა ასპექტის  გათვალისწინებით. ამ მხრივ უპირველეს ყოვლისა, გადამწყვეტი როლი აკისრია ეკონომიკურ  თეორიას, რომელიც როგორც მეცნიერება  ჩამოყალიბებას იწყებს  XVI საუკუნიდან   და  დაახლოებით  XX საუკუნის  დასასრულამდე ცნობილი იყო პოლიტიკური ეკონომიის სახელწოდებით. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა ერთადერთ ეკონომიკურ მეცნიერებას.

გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკური  თეორიის არსისა და როლის სწორი გარკვევისათვის,  ჩვენი აზრით, აუცილებელია პირველ რიგში ეკონომიკური თეორიის მართებული მეცნიერული დეფინიცია.

საკვანძო  სიტყვები:  ეკონომიკა; საბაზრო ეკონომიკა; თეორიული ეკონომიკა; ეკონომიკური  თეორია; პოლიტიკური ეკონომიია; ზოგადი ეკონომიკური თეორია.

საქმე  ის  არის, რომ ამ  საკითხთან  დაკავშირებით  არ არის მიღწეული  ბოლო დრომდე ერთიანი შეხედულება ეკონომიკურ   ლიტერატურაში.  ჯერ ერთი,  XX საუკუნის  90-იან  წლებამდე ჩვენთან ეკონომიკური   აზრის  უკანასკნელ  მიღწევად მიჩნეული   იყო მარქსიზმ-ლენინიზმი,  რომლის  მიხედვით პოლიტიკური   ეკონომია (მისი ერთ-ერთი  შემადგენელი ნაწილი) წარმოადგენდა პარტიულ,  კლასობრივ მეცნიერებას.   ამასთანავე,  დასავლეთელი ეკონომისტების   (პირველ  რიგში,  ამერიკელების)   შეხედულებას აღიარებდნენ  როგორც ბურჟუაზიულ  თეორიას,  რომელიც  ეწეოდა  იქ არსებული ეკონომიკური   სისტემის აპოლოგეტიკას.   პოლიტიკური ეკონომიის   მეტისმეტი  იდეოლოგიზაცია   ყოფილ  საბჭოთა   კავშირში,   მათ შორის,  საქართველოს  რესპუბლიკაში,  იწვევდა თეორიის მოწყვეტას პრაქტიკული ეკონომიკური   პრობლემებისაგან  და წარმოშობდა არსებული სისტემის  (ე. წ. განვითარებული  სოციალიზმის)  იდეალიზაციას.

მეორე,   როდესაც   საბჭოთა   კავშირის   დაშლის შემდეგ  საქართველოში   დაიწყო გადასვლა   საბაზრო ეკონომიკაზე   (რიგი ავტორის აზრით –  ბაზარზე, ხოლო   მათ  შორის ზოგიერთების   აზრით  –  კაპიტალიზმზეც   კი)  [1,  გვ. 101, 2,  გვ. 14, 16 და  სხვ.]. მეცნიერ-ეკონომისტთა   დიდი ნაწილი (განსაკუთრებით ახალგაზრდა  თაობა)   აუცილებლად მიიჩნევს  უარი ეთქვას   ე.  წ.  მარქსისტულ პოლიტიკურ  ეკონომიას  და მის ნაცვლად აღიარებულ  იქნეს  „ეკონომიკსი“,   რაც ადრე   განიხილებოდა   როგორც ბურჟუაზიული  ეკონომიკური   მეცნიერების  სახელწოდება. ბევრ  უმაღლეს სასწავლებელში შემოღებული  იქნა  სასწავლო  კურსი   „ეკონომიკსი“,   პოლიტიკური  ეკონომიის  (ეკონომიკური   თეორიის)  ნაცვლად, ხოლო  ზოგიერთ  შემთხვევაში კითხულობენ  ლექციებს   პარალელურად    ორივე დისციპლინაში.  „ეკონომიკსის“    სახელწოდებით გამოიცემა   ლიტერატურა (ძირითადად თარგმნილი), აგრეთვე,  განმარტებითი  ლექსიკონებიც   კი.

მესამე, ეკონომიკური   თეორია არ აღმოჩნდა  მოწოდების  სიმაღლეზე  გარდამავალი ეკონომიკის   ისეთი  პრობლემების  პროგნოზირებისა   და  გადაწყვეტის საქმეში, როგორიცაა  პრივატიზაციის  ეფექტიანობა, ეკონომიკისა  და ბიზნესის კრიმინალიზაციის  უზარმაზარი  მასშტაბები და სხვ. მაგალითად,  ეკონომიკური თეორიის  თანახმად, პრივატიზაციას   უნდა გამოეწვია  ეკონომიკისა   და ბიზნესის ეფექტიანობის სწრაფი ამაღლება, რაც საქართველოსათვის  აღმოჩნდა არასწორი. ეკონომიკური   თეორიის ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთი  მიზეზია მისი მეტისმეტი მათემატიზაცია.  ნობელის პრემიის  ლაურეატი  მორის  ალე (საფრანგეთი)  XX საუკუნის  90-იან  წლებში წერდა,  რომ  ბოლო 40 წლის განმავლობაში  ეკონომიკური მეცნიერება  (თეორია)  ვითარდებოდა მცდარი  მიმართულებით: ცხოვრებისაგან მოწყვეტილი  მათემატიკური  მოდელები, რაც წარმოადგენს   არსებითად   დიდ ნაბიჯს  უკან; კლასიკური   მიმართულებიდან გადახვევა  და ეკონომიკური  თეორიის „ბიფურკაცია”   კლასიკურ  პოლიტიკურ  ეკონომიად და „ეკონომიკსად“   [4, გვ. 5]. ჩვენი  მიზანია  ვაჩვენოთ  ტერმინის  და  მით  უფრო  „ეკონომიკსის“    კურსის  შემოტანის  გაუმართლებლობა   ჩვენი საზოგადოების   ყოველდღიურ  ცხოვრებაში. ამასთან  დაკავშირებით  მართებულია  გაკეთდეს  ერთგვარი   ისტორიული  ექსკურსი  ეკონომიკური  თეორიის წარმოშობისა და განვითარების მიმართულებით. კერძოდ, იმ ეტაპების აღნიშვნით, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური თეორიის  განსაზღვრასთან  (დეფინიციასთან).

ეკონომიკური   თეორია  ერთ-ერთი  უძველესი მეცნიერებაა  და მისი მნიშვნელობა წარმოშობის   მომენტიდან  განისაზღვრებოდა   სამეურნეო   (ეკონომიკური) საქმიანობაში   ადამიანთა  ქცევის მოტივების  კანონზომიერებათა   დადგენით. მისი წარმოშობა    დაკავშირებულია    დიდი  ბერძენი   მოაზროვნეების    ქსენოფონტისა და არისტოტელეს  სახელებთან. მაშინ მეცნიერულ  ბრუნვაში შემოღებული  იქნა ტერმინი „ეკონომია“.  ეს სიტყვა  გამოხატავდა საოჯახო  მეურნეობის  გაძღოლის მნიშვნელობას.   შემდგომში  ცნება „ეკონომია“   გახდა  სხვადასხვა  რესურსის   დანახარჯების  შემცირების,   მომჭირნე   (დამზოგველი)  გამოყენების  გამოხატულება და მის ნაცვლად მეცნიერების  აღნიშვნისთვის დაიწყეს ტერმინ  „ეკონომიკის“  გამოყენება.

მოცემულ  ეტაპზე ტერმინი  „ეკონომიკა~    (ბერძნულად „ეკონომიკოს“,    ინ- გლისურად  „ეკონომიკსი“)    ძირითადად გამოიყენება: 

1.  როგორც მეურნეობის სინონიმი (მსოფლიო მეურნეობა, ანუ მსოფლიო ეკონომიკა);   ცალკეული  ქვეყნების, დარგების (სფეროების),  საწარმოთა  ეკონომიკა და  

2.  ეკონომიკური  მეცნიერების,  ეკონომიკური   თეორიის აღნიშვნისათვის.

ცნობილია,  რომ ეკონომიკური   თეორიის  როგორც სამეურნეო   საქმიანობის არსის, მიზნებისა  და  ამოცანების   შესახებ  სისტემატიზებული   ცოდნის   (მეცნიერების) ჩამოყალიბება   იწყება XVI საუკუნდიან.   ეს  იყო მანუფაქტურის   აღმოცენების,  შრომის საზოგადოებრივი  დანაწილების გაღრმავების,  საშინაო და საგარეო ვაჭრობის   განვითარების,   ფულადი მიმოქცევის   ინტენსიფიკაციის,   ე. ი. მერკანტილიზმის  – ეკონომიკური   თეორიის  განვითარებაში პირველი  სკოლის პერიოდი.  ანტუან  მონკრეტიენი,  როგორც მერკანტილიზმის  წარმომადგენელი, ისტორიაში   შევიდა  იმით,  რომ მეცნიერულ  ბრუნვაში  შემოიღო  ტერმინი  „პოლიტიკური  ეკონომია“ (1615 წელს გამოვიდა მისი წიგნი „პოლიტიკური   ეკონომიის ტრაქტატები“).    ამ  დროიდან ეკონომიკური   თეორია   ვითარდებოდა როგორც პოლიტიკური  ეკონომია.  ამ ტერმინით გაიგებოდა ქვეყნებში მეუნეობრიობის კანონების  სისტემა.

ეკონომიკურმა   თეორიამ  შემდგომი განვითარება  ჰპოვა უ. პეტის, ა, სმითის, დ. რიკარდოს,   კ. მარქსის, ჯ. კეინზის  და სხვთა ნაშრომებში.  ა. სმითი  ეკონომიკური აზრის  ისტორიაში  ცნობილია  როგორც კლასიკური  პოლიტიკური  ეკონომიის ფუძემდებელი.  მისმა  მთავარმა   ნაშრომმა   – „გამოკვლევა   ხალხთა  სიმდიდრის ბუნებისა   და  მიზეზების   შესახებ“  (1776  წ.) საფუძველი  ჩაუყარა   თანამედროვე ეკონომიკურ   თეორიას.  განსაკუთრებით  აღსანიშნავია კ.  მარქსის  ფუნდამენტური ნაშრომი „კაპიტალი“,   რომელშიც  კაპიტალიზმის  შესახებ მარქსისეული დასკვნებისა და კანონების  დიდი უმრავლესობა  სამართლიანია.

რაც შეეხება ლენინურ ეკონომიკურ   თეორიას იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის  უმაღლესი და უკანასკნელი  სტადიის შესახებ, აგრეთვე სოციალისტური  რევოლუციის,   როგორც მარქსისტული  თეორიის  შემოქმედებითი  განვითარების  ნიმუშის შესახებ,  იგი საეჭვოდ  იყო  მიჩნეული ჯერ კიდევ  ჩვენი სტუდენტობის  წლებში  მარტივი   მიზეზის  გამო. მარქსისტული    იდეების  შუქზე არ შეიძლება მტკიცება   იმისა, რომ  მეფის რუსეთში 1917 წ. მრეწველობის,  სოფლის მეურნეობის   და  მთლიანად ეკონომიკის    განვითარების   დონის  მაჩვენებლების მიხედვით  შექმნილი   იყო პირობები  სოციალისტური  საზოგადოების  მშენებლობისათვის.  დღეს უკვე საყოველთაოდ  ცნობილია,   როგორი შედეგით  დასრულდა სოციალიზმისა  და კომუნიზმის მშენებლობა ყოფილ საბჭოთა  რუსეთსა და მთლიანად  ყოფილ  სსრ კავშირში.

მსოფლიო ეკონომიკურ   ლიტერატურის  გაცნობით  ვლინდება ეკონომიკური თეორიის  (პოლიტიკური   ეკონომიის)  სხვადასხვაგვარი გაგება.  ასე, მაგალითად, მერკანტილისტების  – პოლიტიკური  ეკონომიის  პირველი სკოლის  წარმომადგენლების მეცნიერული  კვლევის  საგანი  იყო სიმდიდრე, რომლის  წყაროდ  აღიარებდნენ ვაჭრობას   (უპირატესად  საგარეო  ვაჭრობას).

ფიზიოკრატები   პოლიტიკური   ეკონომიის   საგნად  მიიჩნევდნენ ეროვნულ სიმდიდრეს,  რომელიც    იქმნებოდა   წარმოების   სფეროში   (და   არა მიმოქცევის სფეროში).  ასეთი  დასკვნა  წარმოადგენდა  ეკონომიკური    თეორიის  (მეცნიერების) დიდ მიღწევას,   თუმცა,   ისინი  სიმდიდრის წყაროდ  მიიჩნევდნენ მხოლოდ  სოფლის მეურნეობას,რაც  იყო არამართლზომიერი.

ინგლისური კლასიკური  პოლიტიკური  ეკონომიის სკოლის შემქმნელებმა გააფართოვეს  ეკონომიკური   თეორიის  საგანი,  შეიტანეს  რა მასში  მატერიალური წარმოების   ყველა  დარგი  (მრეწველობა,   სოფლის  მეურნეობა,   მშენებლობა  და სხვ.), აგრეთვე,  განაწილების პირობების  გამოკვლევები.

ანალოგიურ  აზრს გამოთქვამენ   ცალკეული   თანამედროვე  ეკონომისტები, როდესაც  განიხილავენ ეკონომიკურ   თეორიას როგორც მეცნიერებას  ეროვნული სიმდიდრის წარმოების,   განაწილების  და  მოხმარების  შესახებ  (ამასთანავე  უნდა აღინიშნოს,  რომ იცვლებოდა   ეროვნული  სიმდიდრის შინაარსი  და  ცნება).

თანამედროვე ეკონომიკურ    ლიტერატურაში  ხშირად ეკონომიკური   თეორიის საგნად გაიგება  შეზღუდული  რესურსების  პრობლემების  შესწავლა.  მაგალითად, პ. სამუელსონი ეკონომიკური  თეორიის ხუთი გავრცელებული  განსაზღვრიდან (დეფინიციიდან) უპირატესობას  ანიჭებს  შემდეგს: „ეკონომიკური   თეორია  არის მეცნიერება   ადამიანის მიერ  იშვიათი  ან  შეზღუდული  წარმოებრივი   რესურსების (მიწა,  შრომა, საწარმოო    დანიშნულების  საქონელი,   მაგალითად,  მანქანები   და ტექნიკური   ცოდნა)  გამოყენების  შესახებ  სხვადასხვა საქონლის  (მარცვლეული, საქონლის  ხორცი,  პალტო  და სხვ.) წარმოებისა  და საზოგადოების  წევრებს  შორის მათი  განაწილებისათვის  მოხმარების  მიზნითო  [5, გვ. 6-7].

ამრიგად, ეკონომიკური  თეორიის წარმოშობის კვალობაზე საერთოდ გა- მოიყენებოდა შემდეგი ტერმინები: „ეკონომია“,  „ეკონომიკა“,   „პოლიტიკური ეკონომია“,  „თეორიული ეკონომიკა“  და  „ზოგადი  ეკონომიკური   თეორია“.  ტერ- მინების  ევოლუცია   გამოწვეული   იყო ისტორიული   მიზეზებით,   მაგრამ   ყველა ჩამოთვლილი ტერმინი,  პირველის  გამოკლებით,   არსებითად  წარმოადგენდა  ერთი  და  იგივე განვითარებადი  მეცნიერების   სახელწოდებას,  რომელიც   იკვლევს მეურნეობრიობის ეკონომიკურ   კანონზომიერებებს,  ეკონომიკურ   მოვლენებსა და პროცესებს   მათს ურთიერთკავშირსა  და ურთიერთდამოკიდებულებაში. იცვლება კონცეფციები,   მიდგომები, კეთდება  აქცენტები   ეკონომიკური   სისტემის  ამა თუ  იმ  მხარეზე,  მაგრამ  მეცნიერება  რჩება  ცალკეული   ადამიანების, ადამიანთა ჯგუფებისა  და მთლიანად საზოგადოების  ეკონომიკური   ცხოვრების   შესახებ მეცნიერებად.

ეკონომიკური    თეორია   (პოლიტეკონომია)    არის  მეცნიერება    შეზღუდული  რესურსების    ეფექტიანი   გამოყენების   შესახებ   ადამიანთა  (საზოგადოებრივი) მოთხოვნილებების  დაკმაყოფილების   მიზნით.  თუ  მხედველობაში  მივიღებთ იმას, რომ მსოფლიოს  თანამედროვე  ეკონომისტების    უმრავლესობა   აღიარებს ეკონომიკურ  თეორიას უნივერსალურ მეცნიერებად რესურსების რაციონალურად გამოყენებისა   და  ადამიანის  ეკონომიკური    ქცევის  შესახებ,   ინგლისურენოვან

ლიტერატურაში   გამოყენებული   ტერმინის   - „ეკონომიკსის“  დანერგვა  ქართულ ლიტერატურაში მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ამასთან, არაინგლისუ- რენოვან  ქვეყნებში  (გერმანია,საფრანგეთი,  თურქეთი  და სხვ.)  ტერმინი  „ეკონო- მიკსი“ არ გამოიყენება.

ქართულ   ეკონომიკურ    ლიტერატურაში   ტერმინ   „ეკონომიკსის“   დანერგვა

გამოწვეული  იყო შემდეგი  გარემოებებით:

1. ზოგიერთი    რუსული   გამომცემლობა    ინგლისური   ენიდან   თარგმნისას ტერმინ „ეკონომიკსს“  ტოვებდა უცვლელად და ამიტომ ის გადავიდა ქართულ  გამოცემებშიც.

2. ზოგიერთი  ქართველი  სწავლული ეკონომისტი   თვლის,  რომ „ეკონომიკსი“ განსხვავდება  პოლიტიკური    ეკონომიისაგან   იმით,  რომ პირველი   ტერმინი აღნიშნავს  შეზღუდული რესურსების  გამოყენების,  ხოლო  მეორე  – წარმოებითი ურთიერთობების  კვლევას.

3. ეკონომისტების   ნაწილი  „ეკონომიკსის“   ცნებაში   გულისხმობს  საბაზრო ეკონომიკის  თეორიას.

ხაზგასმით  უნდა  აღინიშნოს,   რომ ცნობილი  ამერიკელი  პროფესორი,   ნო-ბელის  პრემიის  ლაურეატი  პ. სამუელსონი  წერს: „ეკონომიკური თეორია,  ანუ პოლიტიკური ეკონომია, როგორც მას  ჩვეულებრივად უწოდებენ (ხაზგასმა ჩვენია  – გ. შ.), მჭიდრო  კავშირშია  სხვა მნიშვნელოვან საუნაივერსიტეტო   საგნებთან  და  ანთროპოლოგია   –  ყველა  ეს სოციალური  მეცნიერებანი,  რომელთა შესწავლის საგანი ნაწილობრივ ემთხვევა ეკონომიკური   თეორიის საგანს~ [5, გვ.8]. საინტერესოა  აღინიშნოს ისიც, რომ ა. მარშალის  (რომელმაც   პირველად  დაიწყო „ეკონომიკსის“  კურსის  წაკითხვა  კემბრიჯის  უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიის  კურსის  ნაცვლად) წიგნი „ეკონომიკსის  პრინციპები“ (1890 წ.) გადაითარგმნა  ინგლისურიდან რუსულ  ენაზე  და გამოიცა   1983 წ. მოსკოვში  სახელწოდებით  – „პოლიტიკური  ეკონომიის  პრინციპები“,  ხოლო ხელმეორედ გამოიცა1993 წ. სახელწოდებით  – „ეკონომიკური   თეორიის პრინციპები“.  ერთი საუკუნის შემდეგ  ზუსტად  ასეთი  სახელწოდებით გამოიცა   გ. მენქიუს  წიგნი,  რომელიც  ქართულ  ენაზე  ითარგმნა  სახელწოდებით  – „ეკონომიკის  პრინციპები“.

მაშასადამე, ტერმინებს:  „პოლიტიკური   ეკონომია“,   „ეკონომიკსი“  (ეკონომიკის  ინგლისურ-ამერიკული     სახელწოდება)    და   „ეკონომიკური თეორია“ („ზოგადი  ეკონომიკური   თეორია“)  აქვს ერთნაირი  აზრობრივი  დატვირთვა.  ეს დასტურდება რუსი  ავტორების  მიერაც  ცნობილ  წიგნებში:  „Общая экономическая теория (политэкономия)~. Учебник под общей редакцией акад. В. М. Видяпина, акад. Г. П. Журавлевой. М., 1995; Камаев М. В. иколл. авторов. Учебник по основам  Экономической теории (экономика. М.,  1995.  პირველ  წიგნში,  როგორც ეკონომიკური თეორიის სინონიმი, ფრჩხილებში ნაჩვენებია პოლიტიკური ეკონომია, ხოლო მეორე წიგნში – ეკონომიკა   („ეკონომიკსის“  მნიშვნელობით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  უმაღლეს სასწავლებლებში პარალელურად

„ეკონომიკური  თეორიის“ (პოლიტეკონომიის)   კურსის  და  „ეკონომიკსის“   წაკითხვა არამართლზომიერია.

 სამწუხაროდ, ახალი საქართველოს  ენციკლოპედიაში  [3, გვ. 611]  დაბეჭდილია ვრცელი  ტერმინ-სტატია   „ეკონომიქსი“   (კ-ს ნაცვლად  ქ),   როგორც მეცნიერება საბაზრო ეკონომიკის თეორიისა    და   პრაქტიკის სინთეზის   შესახებ,   სადაც აღნიშნულია,  რომ იგი ეკონომიკური   კვლევის  შედარებით  ახალი  სფეროა  და განსაკუთრებული  ეკონომიკური   დისციპლინის სახით ფართოდ გავრცელდა  XX საუკუნის II ნახევრიდან. სინამდვილეში, როგორც აღინიშნა, პირველად ა. მარშალმა დაიწყო  „ეკონომიკსის“   კურსის  წაკითხვა კემბრიჯის უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიის კურსის ნაცვლად და გამოსცა  წიგნი „ეკონომიკის  პრინციპები“  (1890 წ.). ამრიგად, ეკონომიკური  დისციპლინა იწოდება    „ეკონომიკსად“ და არა, „ეკონომიკის პრინციპებად“, როგორც იწოდებოდა წიგნი. გ. მენქიუმ გამოსცა წიგნი ერთი საუკუნის შემდეგ  იმავე  სახელწოდებით    – „ეკონომიკის   პრინციპები“   და ბოლო  დრომდე უნივერსიტეტებში  ისწავლებოდა ეკონომიკური   დისციპლინა ამ  სახელწოდებით, რაც ალოგიკურია. ეკონომიკური თეორიის დაყოფა კლასიკურ პოლიტიკურ ეკონომიად და   „ეკონომიკსად“   მოგვაგონებს  ახლო წარსულს, როდესაც  სოციალიზმის პოლიტიკური  ეკონომიკა  გამოაცალკევეს  საერთო პოლიტიკური  ეკონომიკიდან. მიგვაჩნია   აგრეთვე უსაფუძვლოდ    მიკროეკონომიკური,  მაკროეკონომიკური თეორიების (როგორც დამოუკიდებელ  მეცნიერებად),   და  სახელმწიფო  (საზოგადოებრივი) სექტორის ეკონომიკის როგორც ეკონომიკური  თეორიის განშტოებად გამოყოფა.   საქმე ისაა, რომ ეკონომიკური  თეორია (პოლიტიკური  ეკონომიკა) ერთიანი უნივერსალური მეცნიერებაა,  რომელიც შეისწავლის ეკონომიკურ მოვლენებს, პროცესებს,  კანონებს (პრინციპებს), მიკრო-,  მეზო-,  მაკროეკონომიკის   და მსოფლიო ეკონომიკის   (მეურნეობის)  თეორიულ პრობლემებს,  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ეკონომიკაში  არსებობს  საბაზრო (კერძო),  სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი სექტორები  (შერეული ეკონომიკა). მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა (იგულისხმება  წმინდა სახით)  არ არსებობს არცერთ  ქვეყანაში და არც იარსებებს მომავალში.  ამასთან კავშირში რეზონულია  (მართებულია)  ცნობილი  ამერიკელი პროფესორის ჯ.  გელბრეითის გამონათქვამი:  „ეკონომიკსი,    რჩება რა საბაზრო მიკრო-  და  მაკროანალიზის   ვიწრო ფარგლებში,   წყვეტს  არსებობას  როგორც მეცნიერება  და გადაიქცევა  კონსერვატიულად  გამოყენებულ სისტემად,  რომელიც აცხადებს პრეტენზიას,   იწოდებოდეს მეცნიერებად“ [6, გვ. 63].

საკუთარი  პოზიცია ამ  საკითხზე   ჩვენ  გამოვთქვით   ჯერ კიდევ გასული საუკუნის   90-იან  წლებში საქართველოს  ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და    შესაბამისი    ორგანიზაციებისადმი     მიმართებით.        ქვეყნის პარლამენტის საპროცედურო   საკითხთა  კომიტეტის  სახელმწიფოების ქვეკომიტეტი   დადებითად გამოეხმაურა  ამ მიმართვას.   საქართველოს  ტელევიზიის   პირველმა   არხმა გააუქმა გადაცემა სახელწოდებით „ეკონომიკსი“, მოწესრიგდა  „ეკონომიკური  თეორიის“ კურსის  წაკითხვა  სახელმწიფო სასწავლო  დაწესებულებებში.  არ უნდა გამოიყენებოდეს ქართულად ტერმინი  „ეკონომიქსი“.    მათემატიკა   და  ლოგისტიკა   ინგლისურად არის  „მათემატიკს“ და „ლოგისტიკს“,   მაგრამ  საქართველოში  არავის მოსვლია  აზრად  მათი  ხმარება  ინგლისური  დაბოლოებებით.

ჩვენი   აზრით, აგრეთვე მართებული   არ  არის „ეკონომიკური   თეორიის“ ტერმინის  ნაცვლად  „თეორიული  ეკონომიკის“   ხმარება  „თეორიული  მექანიკის“, „თეორიული   ფიზიკის“  და  ა. შ. ანალოგიურად,  რაც ეკონომიკის   მიმართ, რომელიც საზოგადოების  ყოველდღიურ  სამეურნეო  საქმიანობას   წარმოადგენს,  მიუღებელია. არ არის  საჭირო  სხვადასხვა ტერმინის (მაგალითად, გ. მენქიუს წიგნის „ეკონომიკის  პრინციპების“)  შემოღება ეკონომიკური  თეორიის აღნიშვნისათვის და მის  ინტერპრეტაციაში   აზრთა  სხვაობის  აღძვრა,   აქვე, ისიც უნდა ითქვას,  რომ საზღვარგარეთ ეკონომიკის  პრინციპებში  მოიაზრება ეკონომიკური  კანონები, ხოლო ლათინურად პრინციპები   ნიშნავს საფუძვლებს (რომელთა  გამოტანა  კურსის დასახელებაში  არ არის აუცილებელი).

რაც შეეხება პოლიტიკურ   ეკონომიას,  მას ვერავინ  უარყოფს  როგორც მეცნიერებას. პოლიტიკური  ეკონომიის  კურსი  იკითხება ევროპისა  და დსთ-ს ქვეყნების ბევრ  უნივერსიტეტსა  და კოლეჯში.  მაგრამ,  მარქსისტულ-ლენინურმა  ინტერპრეტაციამ   გარკვეულწილად  მას შეულახა სახელი (მოახდინა მისი კომპრომენტი- რება). ამიტომ,  ბოლო  დროს  იყენებენ ტერმინს-ზოგადი  ეკონომიკური   თეორია, ანუ  მარტივად  – „ეკონომიკური  თეორია“.

უფრო  მიზანშეწონილად მიგვაჩნია „ზოგადი  ეკონომიკური  თეორიის“ ტერმინის  გამოყენება,  რომელიც  ყველა  ეკონომიკური   დისციპლინისა და მიმართულების  თეორიულ-მეთოდოლოგიური   საფუძველია,  ვინაიდან ბევრ მათგანს  გააჩნია თავისი  თეორიები,  ზოგადი  თეორიებიც   კი (მაგალითად, სტატისტიკის   ზოგადი თეორია).

ამრიგად, ზოგადი  ეკონომიკური   თეორია  ეკონომიკურ   მეცნიერებათა  მთელი კომპლექსის   თეორიულ-მეთოდოლოგიური  საფუძველია. ესენია:  დარგობრივი (მრეწველობის,   სოფლის მეურნეობის,  ვაჭრობის   და ა. შ. ეკონომიკა),  ფუნქციური (ფინანსები,  კრედიტი,   მარკეტინგი,   მენეჯმენტი  და სხვ.) და  დარგთაშორისი (დემოგრაფია,  სტატისტიკა,   ეკონომიკური   გეოგრაფია  და სხვ.) მეცნიერებანი.

დასკვნის  სახით აღვნიშნავთ,  რომ ზოგადი ეკონომიკური  თეორია უძველესი უნივერსალური  ერთიანი  მეცნიერებაა,   რომელიც  მუდმივად განიცდის  ევოლუციას, ახალი ეკონომიკური   მოვლენებისა და კონცეფციების   შესაბამისად, მემკვიდრეობითობის  პრინციპის   და არა ძველი ეკონომიკური   თეორიის  ახლით შეცვლის საფუძველზე. გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო იზრდება ეკონომიკური თეორიის   როლი   და  მნიშვნელობა,   ვინაიდან  არ არსებობს  რაიმე  ეკონომიკური პრობლემა  (მიკრო, მაკრო, მეზო,  მეგა),  რომელიც  არ იყოს მისი  გამოკვლევისა და  შესწავლის  ობიექტი.   ამიტომ  ზოგადი  ეკონომიკური    თეორია  (როგორც ადრე პოლიტიკური  ეკონომია)  უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტების ყველა არაეკონომიკურ   სპეციალობაზეც.   თუ  „თეორია“,  „თეორიული“ უარყოფით ემოციებს  იწვევს არაეკონომიკურ   სპეციალობებზე,  შეიძლება გამოვიყენოთ „ზოგადი ეკონომიკა“.

ლიტერატურა:

1. ბასილია  თ., სილაგაძე  ა., ჩიკვაიძე  თ. პოსტსოციალისტური  ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა  XXI საუკუნის  მიჯნაზე, თბ., 2001.

2. კაკულია  რ.   საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის    თეორიისა და  პრაქტიკის

პრობლემები,  თბ., 2003.

3. ენციკლოპედია  „საქართველო“,  2012,  ტ. 2.

4. Данько Т. П. Управление маркетингом (методологический аспект). М., 1997.

5. Самуэльсон П. Экономика, т. 1. М., 1992.

6.  Calbraith J. K. Economics. Peace and Langhter. 1971.