English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
უნივერსიტეტს ულოცავენ

სრულიად საქართველოს  ვულოცავთ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დაარსებიდან  100 წლისთავის  საიუბილეო  თარიღს.

საქართველოს   მართლმადიდებელი სამოციქულო    ეკლესიის   ავტოკეფალიის აღდგენა,  ქვეყნის  დამოუკიდებლობის  მოპოვება  და უნივერსიტეტის  დაარსება თითქმის ერთ პერიოდში მოხდა. ეს მოვლენები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღებია,  რაც, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი. მაგრამ ამ ფაქტებით მოგვრილი საყოველთაო სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალევე ათეისტური  რეჟიმი მძიმედ დააწვა ქვეყანასაც  და ეკლესიასაც.

ამ ურთულეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  შეასრულა.  იგი იქცა როგორც მეცნიერულ  კვლევათა  გამორჩეულ ცენტრად,  ასევე ცოდნის,  სულიერების,  ზნეობის მაგალითის მიმცემად მთელი ერისთვის.

ეს იყო  ამ პერიოდში  ერთადერთი  ადგილი, სადაც,  დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, ღვიოდა და ვითარდებოდა ეროვნული სულისკვეთება,  აზროვნების ის წესი, რამაც საქართველო ღირსეულად გამოატარა დროის ქარცეცხლში.

უნივერსიტეტის  მესამე სართულზე,  გუმბათქვეშ,  ტაძარი  ფუნქციონირებდა; მართალია,  შემდეგ  იგი ბიბლიოთეკად  გადაკეთდა,  მაგრამ  მისი მადლი დღემდე მოყვება ამ კედლებს. ამიტომაც,  ათეისტური რეჟიმის მძვინვარების ჟამსაც,  პედაგოგთა  შორის  ყოველთვის იყვნენ ისეთნი, რომელნიც  ღვთის რწმენას,  პირდაპირ თუ ირიბად, უნერგავდნენ ახალგაზრდებს.

შედეგი კი ამისა იყო ის, რომ დროის უკუღმართობით  ფეხმოკიდებულ კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაპირისპირება,  პირველ რიგში, ამ წიაღიდან ხდებოდა, რასაც  დედაეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა.

წარსულს რომ თვალს ვავლებთ, შეიძლება თამამად ვთქვათ,  რომ ეს იყო საერთო თავდადებისა და თავდაუზოგავი მოღვაწეობის  100 წელი. აქ მომუშავე პროფესორ-მასწავლებელთა  ვალდებულება არც დღეს არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს  ხვალინდელი დღე ამ სივრცეში აღზრდილ ახალგაზრდებზე კვლავაც დიდად იქნება  დამოკიდებული.

უნივერსიტეტის  საიუბილეო თარიღს კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი – უნივერსიტეტის რექტორს,  აკადემიური საბჭოს წევრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რექტორატს,  ყველა თანამშრომელს,  სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

თქვენ  ხართ  დღევანდელი დღე სახელოვანი  ისტორიისა,  თქვენ  ხართ  დიდი ივანე ჯავახიშვილის, კონსტანტინე  აფხაზის, გრიგოლ  გველესიანის, წმ. ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი  ახვლედიანის, შალვა ნუცუბიძის,  დიმიტრი უზნაძის,  გრიგოლ წერეთლის, პავლე ინგოროყვას,  სიმონ ყაუხჩიშვილის, აკაკი შანიძის, ანდრია რაზმაძის, იოსებ ყიფშიძის, კორნელი კეკელიძიის,  პეტრე  მელიქიშვილის, სიმონ ჯანაშიას, არნოლდ ჩიქობავას  და სხვა სახელოვან და დიდებულ მეცნიერთა  მემკვიდრენი და გზის გამგრძელებელნი.

რაოდენ დიდია ეს მისია და რაოდენ საპასუხისმგებლო!

შევთხოვთ ღმერთს, ჩვენ ყველას მოგვმადლოს გული გონიერი, რათა ღვთისა და ქვეყნის  სადიდებლად იყოს ცხოვრებაც და საქმენიც  ჩვენნი.

 ილია II

სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

※ ※ ※

მეცნიერება   და  განათლება  – თავისთავად უდიდესი ფასეულობები, ამავდროულად, სხვა სიკეთეთა  – თავისუფლების, კეთილდღეობის,  განვითარების აუცილებელ წინაპირობებს  წარმოადგენენ. ეს კარგად  ისმოდათ ივანე ჯავახიშვილს, პეტრე  მელიქიშვილს, კონსტანტინე  აფხაზს, ექვთიმე თაყაიშვილს, დიმიტრი უზნა- ძეს, ჩვენი ქვეყნის  სხვა უდიდეს შვილებს, რომლებმაც  უნივერსიტეტის  დაარსება ცხოვრების   უმთავრეს  მიზნად დაისახეს. ამ მიზნის ხორცშესხმით  უნივერსიტეტი იქცა მეცნიერების,  კულტურისა  და აზროვნების  უმნიშვნელოვანეს კერად,  საზოგადოებრივი ცხოვრების  ძლიერ ბურჯად, რომელიც  ერთნაირად ძვირფასია ყველა ქართველისათვის.

ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას, ყველაფერი ეროვნულის  – კულტურის,   ტრადიციების  ხანგრძლივი დევნის შემდეგ,  ავტოკეფალიის მოპოვებასთან  ერთად, უნივერსიტეტის  დაფუძნება იქცა გადამწყვეტ ნაბიჯად თავისუფლების გზაზე,  რომელიც  1918 წელს საქართველოს  დამოუკიდებლობის დეკლარაციით  დაგვირგვინდა. ეს ისტორიული  მოვლენები  სამი დედაბოძია, რომელთაც ჩვენი დამოუკიდებლობა,  თავისუფლებისა და განვითარებისაკენ  სწრაფვა დაეფუძნა.

დღესაც,  უძველესი და თვითმყოფადი კულტურის   მქონე  საქართველოს  უკეთეს მომავალზე ფიქრისას  ბუნებრივად წარმოვიდგენთ უნივერსიტეტს,  როგორც ხვალინდელი დღის ერთ-ერთ  მთავარ სამჭედლოს.

წელს პირველი ქართული  უნივერსიტეტის  დაარსებიდან 100 წლისთავს ვზეიმობთ. ჩვენთან ერთად საუკუნოვან  იუბილეს, იუნესკოს  ეგიდით, საერთაშორისო თანამეგობრობაც აღნიშნავს.

საზეიმო წუთებში, დამაარსებლებთან ერთად, მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ყველას, ვინც საკუთარი  ცხოვრება  დედაუნივერსიტეტს მიუძღვნა. მადლობას გიხდით პროფესორებსა  და მეცნიერებს,  ვინც  დღეს გადასცემთ ფასდაუდებელ ცოდნასა   და  გამოცდილებას   ქვეყნის  ხვალინდელი დღის  მშენებლებს – ახალგაზრდობას, სტუდენტებს, ვინც აუდიტორიებსა თუ ლაბორატორიებში, ბიბლიოთეკებსა თუ სამეცნიერო ცენტრებში ცოდნის დაუფლებით არამხოლოდ საკუთარ  ღირსეულ ცხოვრებას,  არამედ ახალ - განათლებულ და თავისუფალ ადამიანთა საქართველოს  ქმნით. მადლობა ყველა თანამშრომელს, ვინც ამაყად და დაუღალავად ემსახურებით უნივერსიტეტის  განვითარებას.

როგორც განათლების მინისტრი, გპირდებით თანადგომას თქვენს ძალისხმევაში, რადგან მჯერა,  რომ იგი ახალი სამეცნიერო  და შემოქმედებითი სიმაღლეების ათვისებისა და ქვეყნის განვითარების  საწინდარია.

თქვენთან ერთად, მთელ ჩვენ საზოგადოებას  ვულოცავ  იუბილეს და შემდგომ წინსვლას ვუსურვებ პირველ ქართულ უნივერსიტეტს.

მილ ჩხენკელi

 საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრი

※ ※ ※

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ვულოცავ  არამხოლოდ უნივერსიტეტელებს, არამედ სრულიად საქართველოს!

უნივერსიტეტის დაარსება არ გახლავთ ლოკალური  მნიშვნელობის მოვლენა, რასაც  ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი 100-წლოვანი  იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება.  ამდენად, ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენს იუბილეს საერთაშორისო მასშტაბით დამსახურებულად ვიზეიმებთ. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ საზეიმო განწყობას და ამ კონტაქტებს,  რათა გაღრმავდეს ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ყველას,  ვინც  მონაწილეობა მიიღო თსუ-ს იუბილეს  ღირსეულად  აღნიშვნაში,  უნივერსიტეტისადმი  მხარდაჭერაში,  რაც გამოიხატება  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული  პროექტების   დაფინანსებაში – იგეგმება უნივერსიტეტის მეორე  კორპუსის   რეაბილიტაცია,  უკვე გადმოგვეცა საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისზე, უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის  აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის  საკოლექციო  მონეტა გამოუშვა, ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნივერსიტეტს გადმოსცა თბილისის პათანატომიის  ცენტრი,   სადაც  ჩვენი სამედიცინო  ფაკულტეტის  სტუდენტებს პრაქტიკული  მეცადინეობები უტარდებათ. ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე, კონკურსი  გამოაცხადა თსუ-ს საიუბილეო სა ფოსტო  მარკის  ესკიზზე,  უახლოეს მომავალში გადაიჭრება  მასშტაბური საერთო 

საცხოვრებლის  აშენების საკითხი  – საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა  ინტერესთა  გამოხატვა  მასშტაბური  საერთო  საცხოვრებლის  მშენებლობაზე.  ეს პროექტი საბოლოოდ  გადაწყვეტს  სტუდენტთათვის საერთო  საცხოვრებლის  პრობლემას  არამხოლოდ თსუ-სათვის,  არამედ სხვა უნივერსიტეტებისთვისაც.

ჩვენ ვამაყობთ,  რომ საქართველოში  პირველი უნივერსიტეტი  დღესაც  ლიდერია და რეგიონში პირველი ადგილი უკავია  კვლევების,  იმპაქტფაქტორიან  გამოცემებში პუბლიკაციების მიხედვით და მსოფლიოს  საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის.

უპირველეს   ყოვლისა,  სტუდენტებს,  პროფესორ-მასწავლებლებს,   მეცნიერ-თანამშრომლებს და უნივერსიტეტის ყველა თაობის კურსდამთავრებულს  (ჩვენ ხომ 300000-ზე მეტნი ვართ)  ვულოცავ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  100 წლის იუბილეს!

ორგი შარვაშიძე

თსუ-ის რექტორი