English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ასწლეულის მძიმე გაკვეთილები

დედაუნივერსიტეტი XXსაუკუნის   ისეთივე  პირმშოა,   როგორიც სვეტიცხოველი  XI   საუკუნისა   და გელათი  XII საუკუნისა.  ჩვენი უნივერსიტეტი  სახეა ეპოქისა, როგორც ყველა  ეროვნული  ძეგლი...  მასაც   არაერთი  ძნელბედობის ჟამი ჰქონია...  ამ მცირე  წერილში ორ უმთავრეს  პერიოდზე  მინდა შევაჩერო  ყურადღება;  ორივე  შემთხვევაში დედაუნივერისტეტის ეროვნულობა,  ქართული საქმის თავკაცობა იყო მიზეზი მოძალადეთა მტრული დამოკიდებულებისა...  და ყოველივე ეს სამომავლო გაკვეთილად რომ გამოგვადგეს,  ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ  ... უფრო კონკრეტულად:

ივანე ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა თავიდან „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ჩაიფიქრეს;  1917  წლის  22  ივნისს  ივანე  ჯავახიშვილის  წინადადებით სიტყვა „თავისუფალი“ შეცვალეს  სიტყვით  „ქართული“.   ამით მოხდა ხაზგასმა  მომავალი უნივერსიტეტის მიზნებზე, ინტერესებზე, სულიკვეთებაზე. აღნიშნა კიდეც ქართული უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა,  საქვეყნოდ ცნობილმა ქიმიკოსმა პეტრე მელიქიშვილმა თავის სეფესიტყვაში 26 იანვარს: ჩვენი უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანი ქართული საქმის მსახურება იქნებაო!...

სწორედ  ამ ქართულობამ,  ეროვნულობამ  განაწყო  მტრულად რუსეთის იმპერია  ქართული  უნივერსიტეტის  იდეისადმი და ამიტომაც  ეწინააღმდეგებოდნენ გააფთრებით მის დაარსებას.

სწორედ  ეროვნულობა  და ქართულობა   იყო ის  მიზეზი  რის გამოც ბოლშევიკური  ხელისუფელბა მტრად მოეკიდა  ახლად გახსნილ უნივერსტეტის...   პირველი მკვეთრი  დაპირისპირება  1926 წელს  მოხდა: ივანე  ჯავახიშვილი  გადააყენეს რექტორობიდან   და დანიშნეს ბოლშევიკი  თედო ღლონტი.  მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი წერდა : „1921 წელს თედო ღლონტი  სტუდენტად არ მიიღეს, რადგან სწავლის სტაჟი არ ჰქონდა. დღეს კი, 22/V1 რექტორად აირჩიეს"... უნივერსიტეტის სახელწოდებიდან  გაქრა „ქართული"... 

საბედნიეროდ, ისე მკვიდრი იყო ეროვნული უნივერსიტეტის  საფუძველი, რომ საჭირო  გახდა „სხვა ღონისძიებანიც"  და დაიწყო დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი:  1930 წელს დაიხურა უნივერსიტეტი  (ინსტიტუტებად დაიშალა); ივანე ჯავახიშვილსა და მის თანამებრძოლებს სამსჯავრო  მოუწყვეს. ამჯერად რექტორი  კარლო  ორაგველიძე ერთგულად ასრულებს ხელისუფლების დავალებას... თავგამოდებით აქტიურობენ  „წითელი პროფესორები",  ახალგაზრდა ბოლშევიკები   (სტუდენტები,  ასპირანტები)...   უმძიმესი რეპრესიების   ხანაა...დაბეზღებები, დაჭერები, დახვრეტები, უნივერსიტეტიდან გაყრა...

ისტორიას განმეორება სცოდნია...

 მაინც  გადარჩა უნივერსიტეტი; გაუძლო ამ ძნელბედობას: აღდგა მკვდრეთით...  ნელ-ნელა მოიკრიბა  ძალა...მძლავრობს  მკვიდრი  საფუძველი: ისევ ეროვნული სულისკვეთებით,  ინტერესებითა  და მიზნებით გაგრძელდა საუნივერსიტეტო ცხოვრება...

კომუნისტურმა ხელისუფლებამ თითქოს  დაგმო 20-30-იანი  წლების რეპრესიები, მაგრამ, როგორც  ჩანს, ფორმალურად: პეტრე  მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სურათების გვერდით დაჰკიდეს თედო ღლონტის,  კარლო  ორაგველიძის, მალაქია ტოროშელიძისა და სხვათა სურათები...  ეს, ფაქტობრივად,  შეხსენება-გაფრთხილება იყო: ისინი სახელმწიფოს დავალებას ასრულებდნენო...  სახელმწიფო კი იგივე იყო...

50-იანი  წლებიდან თბილისის უნივერსიტეტმა  მოიდგა წელი და იქცა ქართულ საზოგადოებაზე  ზემოქმედების ერთ-ერთ  უმთავრეს ძალად, ყოველივე ქართულის თავკაცად,   ეროვნული  მოძრაობის  მედროშედ...გავიხსენოთ 1956 წლის  მარტის მოვლენები; 1978 წლის აპრილი; გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის აღმავლობა...

ყოველივე ამან მძიმე საფიქრალი  გაუჩინა ხელისუფლების სათავეში მოსვლის ჟინით შეპყრობილ  ახალ თაობას...და  90-იანი  წლების მეორე  ნახევრიდან დაიწყეს ფიქრი, როგორ ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება და აეღოთ საზოგადოების  მართვის სადავეები...წარმატებულად აითვისეს ბოლშევიკების  გამოცდილება  (ამიტომ ნეობოლშევიკებიც უწოდეს მათ)...2003  წელს ხელისუფლებაში მოსული „ნაცმოძრაობის" შეტევა  დედაუნივერსიტეტის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური,  უფრო დამანგრეველი,  უფრო „შედეგიანი"  იყო, ვიდრე ნამდვილი ბოლშევიკებისა... მოჩვენებითი რეფორმა  თითქოს  მთელ საუნივერსიტეტო სივრცეს  შეეხო, მაგრამ საგანგებოდ გაიწირა   ივანე  ჯავახიშვილის  უნივერსიტეტი...   ერთი  კონკრეტული    მაგალითი: თუ  სხვა უნივერსიტეტებში   „ოპტიმიზაციის   მიზნით"  პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა 3-4 %-ით,  დედაუნივერსიტეტიდან დაითხოვეს 81 %... ზეიმობს უკანონობა,  უსამართლობა, ჩატარდა „პოლიტიზებული" კონკურსები (2006,2009,2012 წლებში)... პროცესებს  განათლების მინისტრის კახა ლომაიას და მაშინდელი რექტორის  მეშვეობით მართავენ „რეფორმატორები"...  „ხულიგან" პრoფესორებს  ასამართლებენ...და  შეძლო ხელისუფლებამ მართვის  სადავეების ხელში აღება...ისევ   გაჩნდნენ „ვარდისფერი პროფესორები",  „ნეოკომკავშირლები"  და „დამშვიდდა" უნივერსიტეტი.

საუკუნოვანი  ქართული უნივერსიტეტის ისტორიაში ეს ორი უმძიმესი პერიოდი არ უნდა დავივიწყოთ; უნდა მოხდეს ამ პროცესების  სამართლებრივი და მორალური შეფასება; თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი აღარ  განმეორდეს... რათა ივანე ჯავახიშვილისა  და მისი ერთგული  თანამებრძოლების  დაფუძნებული და ნალოლიავები ქართული უნივერსიტეტი  ისევ ეროვნული სულისკვეთებითა  და ინტერესებით ემსახუროს ქართულ საქმეს.

დღევანდელი რექტორატის პოზიცია

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტისადმი"  მიცემულ ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტში ჩასატარებელი მომავალი კონკურსების  თემასაც შეეხო: „კონკურსანტებს  შორის შეირჩევა ღირსეული და ვაკანსიებს დაიკავებენ პროფესიონალები. ჩვენ წლების წინ ბევრი კარგი სპეციალისტი  დავკარგეთ  და დღეს ისინი კონკურენტ  უნივერსიტეტებში მუშაობენ, თუმცა აქვთ სურვილი – დაბრუნდნენ. როცა  ისინი დაინახავენ, რომ კონკურსი გამჭვირვალე და ობიექტურია,  შემოიტანენ საბუთებს ამ კონკურსში.  მთავარია მთელმა საზოგადოებამ  ირწმუნოს, და ეს რწმენა უნდა იყოს რეალობაზე  დაფუძნებული, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კონკურსები  ტარდება ობიექტურად, ისე, როგორც ეს შეესაბამება და ეკადრება  ჩვენს უნივერსიტეტს".

ამ ინტერვიუს  მიცემისას  ბატონი მიხეილ ჩხენკელი დედაუნივერსიტეტის პრორექტორი  იყო. ესაა აღიარება  იმისა, რაც მოხდა უახლოეს  წარსულში  და გაჩნდა სურვილი მდგომარეობის გამოსწორებისა...და  ეს სამართლიანობის იმედსაც იძლევა... პირველი  ასწლეულის ძნელბედობანი გაკვეთილი  უნდა იყოს მეორე  ასწლეულისთვის!... ბედნიერი იყოს მეორე ასწლეული დედაუნივერსიტეტისათვის!..

 ორგი გოგოლაშვილი

პროფესორი